მთავარი,სიახლეები

რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები

20.12.2021
რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები

„ძალიან ძვირი და შრომატევადია“ – ამ არგუმენტით მერია ქვაფენილს ბათუმის ქუჩებში ასფალტის საფარით ცვლის. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ამ სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ეს არ არის სერიოზული ხარჯი ამ ფართობისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი ბერიძე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი. ის განმარტავს, რომ ქვაფენილს გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე აყრიან, ასევე ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე – გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით.

„გარდა ამისა, მოწესრიგდება ტროტუარები, ის არ დავიწროვდება, გამოიცვლება ბოძწკინტები და შეკეთდება ველობილიკები და სანიაღვრე არხები,“ – ამბობს აკაკი ბერიძე.

მას ასევე ვკითხეთ, რატომ არ მიიჩნია  საჭიროდ მერიამ ამ საკითხში საზოგადოების ჩართვა, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა. აკაკი ბერიძეს შევახსენეთ, რომ, მაგალითად, ბათუმის მერიამ გამოკითხვა ჩაატარა სოციალური ქსელით, როცა ქალაქში ახალი ავტობუსები შემოჰქონდათ.

„ავტობუსები გასაგებია… ქვაფენილები ეს არ იყო მხოლოდ ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები ადამიანების მოთხოვნა. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, ზოგადად ქალაქში მუდმივად ფიქსირდებოდა ეს მოთხოვნა, რადგან ზიანდებოდა მანქანები. იყო შემთხვევა, როცა მოქალაქეც დაზიანდა.

გარდა ამისა, რთული იყო ქვაფენილის მოვლა-შენახვა. ყოველი გაწვიმების შემდეგ ქვაფენილებიდან მასა ჩაირეცხებოდა სანიაღვრე არხებში, შემდეგ კი, სატუმბ სადგურებსაც ჭედავდა. ეს ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა. ახლა მოვლა-შენახვის კუთხითაც გამარტივდება პროცესი,“ – ამბობს აკაკი ბერიძე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი.

რატომ მიანიჭა უპირატესობა მერიამ ქვაფენილის შეცვლის მოთხოვნას, როცა ბათუმში გაცილებით მწვავე პრობლემებია, მაგალითად, ქალაქის ნაწილს არ აქვს საკანალიზაციო სისტემა, ან საკმარისი საბავშვო ბაღები?

„სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაწყებულია… რაც შეეხება კანალიზაციის სისტემას, ეს კეთდება KFW-ის ფარგლებში და მიღწეულია შეთანხმება, როგორც ვიცი. ჩვენ შემოერთებულ ტერიტორიებზეც ვაწყობთ ქუჩებს, სტადიონებს, სკვერებს…“ – გვიპასუხა აკაკი ბერიძემ.

ბათუმში ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლის სამუშაოები სრულად 2023 წელს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: