შაკიკი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მძიმე, ინტენსიური თავის ტკივილით ხასიათდება. ადამიანების უმრავლესობა უმეტესად თვითმკურნალობას ეწევა, რაც არა თუ არაეფექტური, არამედ საზიანოც კია. თავის ტკივილი, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ მძიმე ნევროლოგიურ დარღვევებზე მიუთითებდეს, ამიტომაც აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან, რომელიც დიაგნოზს სვამს, პაციენტის მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პაციენტმა ყურადღება მიაქციოს თავის ტკივილების სიხშირესა და გამომწვევ ფაქტორებს, სწორედ ასეთი დღიურის წარმოებაში დაგეხმარებათ Migraine Buddy.
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ჩაინიშნოთ თავის ტკივილის ეპიზოდის დაწყების და დასრულების დრო, ტკივილის სიმძლავრე, მონიშნოთ, რა ადგილას ლოკალიზდება ტკივილი, რა მედიკამენტის რა დოზა მიიღეთ. გეკითხებათ გრაფიკულად გამოსახული 20-ზე მეტი სიმპტომიდან რომელი აღგენიშნებათ, გთავაზობთ 30-ზე მეტ სავარაუდო მიზეზს, რამაც შესაძლოა გამოიწვია ეპიზოდის პროვოცირება და ა.შ.
აქვე აღმოაჩენთ, რომ ხასიათის სწრაფი ცვლილებები და ტკბილეულის ძლიერი სურვილი შესაძლოა შაკიკის ეპიზოდს მოასწავებდეს, ისევე როგორც მაღალი ტენიანობა.
• CLUE – რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ინგლისურენოვანი აპლიკაციაა, რომელიც გარდა მენსტრუალურ ციკლზე გრძელვადიანი დაკვირვებისა, შეგახსენებთ პრემენსტრუალური სინდრომის, უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების თარიღებს და მოგინიშნავთ ფერტილობის პერიოდსაც.
დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტ მონაცემს შეიყვანთ აპლიკაციაში, მით უფრო ზუსტი ხდება მისი შეტყობინებები და თქვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმოხილვის ანგარიშიც.
სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან განსხვავებით, რომლებიც გადატვირთულია ვარდისფერი ყვავილებითა და ჩუქურთმებით, CLUE-ს ძალიან კომფორტული ინტერფეისი აქვს, მარტივად გასაგები გრაფიკული ნიშნებითა და ადვილად აღსაქმელი განყოფილებებით, სადაც შეგიძლიათ ისეთი კონკრეტული დეტალების შეყვანა, როგორიცაა სისხლდენის ინტენსივობა, ტკივილის ლოკაცია, ემოციური ცვლილებები, ძილის ხანგრძლივობა, წონასთან, მადასთან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ცვლილებები, კანისა და თმის მდგომარეობა, მენტალური მდგომარეობა. ასევე შეგიძლიათ მოინიშნოთ ჰორმონალური მედიკამენტების მიღების დროები.
აპლიკაცია პერიოდულად გთავაზობთ სანდო მეცნიერულ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებულ ფაქტებსა და სტატიებს, რომლებიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობას უკავშირდება.
აპლიკაციას აქვს ორსულობის რეჟიმიც.
• MediSafe მედიკამენტების მიღების შემახსენებელი მარტივი აპლიკაციაა. მიუთითებთ წამლების მიღების დროს და მიიღებთ შემახსენებელ შეტყობინებებს აპლიკაციისგან. ასევე შეგიძლიათ მოინიშნოთ წამლის მიღება, როგორია მისი გვერდითი ეფექტები და სხვა. Medisafe-ზე შესაძლებელია რამდენიმე პროფილის დამატება. ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციით შეგიძლიათ მართოთ/აკონტროლოთ არა მხოლოდ თქვენი, არამედ კიდევ რამდენიმე ადამიანის წამლის მიღების განრიგი.
აპლიკაციას ასევე შეუძლია რეცეპტების მეთვალყურეობა და მარაგების შევსების შეხსენება. აპლიკაციას აქვს Medfriend [„მედმეგობრის“] ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი აპლიკაციის სინქრონიზაცია მოხდეს სხვა ადამიანის აპლიკაციასთან. ამ დროს თუ თქვენ გამოგრჩებათ წამლის მიღება (და არ უპასუხებთ რამდენიმე შეხსენებას) აპლიკაცია თქვენს თანხმობას ვერ დაინახავს, შეხსენებებს თქვენი „მედმეგობარიც“ მიიღებს.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია 15-ზე მეტ ენაზე.