ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ფასი და უმოქმედო საკრებულო

06.02.2022
70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ფასი და უმოქმედო საკრებულო

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებში მგზავრებს 50-ის ნაცვლად ისევ 70 თეთრს ახდევინებენ. ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის მიმდინარე წლის იანვარში ნებართვის მფლობელი კომპანიები მთლიანობაში 46-ჯერ დააჯარიმეს.

„მარშუტკით მგზავრობისას თუ 50 თეთრი მაქვს, ვიხდი და ხშირად მძღოლები არაფერს ამბობენ, მაგრამ თუ მაგალითად ერთლარიანი ან სხვა თანხა მივაწოდე, 70 თეთრს მახდევინებენ. რამდენჯერმე ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ახლა არაფერს ვეუბნები მძღოლს. ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ, ვისაც ეხება ეს საკითხი“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებს თვითმმართველობა გასცემს და თავად ადგენს მგზავრობის ფასსაც. შესაბამისად, თვითნებურად გაზრდილი ტარიფის საკითხიც ქალაქის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც „თვითნებურად“ არ იკრიბება. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც კი არ ჰყავს.

ბათუმში 2022 წლის 2 აპრილს საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ადლიის საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე იყო. იგი 2021 წლის ნოემბერში, ახალი საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა.

მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ბათუმის საკრებულოში გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.

35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში ამჟამად „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო 1 წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.

კომპანიებმა, რომლებიც სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან, მგზავრობის ტარიფის 80 თეთრამდე გაზრდის მოთხოვნით ბათუმის მერიას 2021 წლის დეკემბერში მიმართეს.

ტარიფის გადასახედად საკრებულო უნდა შეიკრიბოს – გვეუბნებიან მერიაში, თუმცა, აქ ისიც ვერ გავარკვიეთ, ამ დრომდე განიხილეს თუ არა კომპანიების მოთხოვნა ან თუ მუშაობს მერია შესაბამის პროექტზე, რომელიც წესით საკრებულოს უნდა წარუდგინოს.

„სანებართვო პირობების დარღვევის [მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდის] ფაქტზე მიმდინარე წელს 46 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში 31 იანვარს.

46-დან 36 ოქმი ინსპექციას წელს, 14 იანვრამდე ჰქონდა შედგენილი. ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/384453/

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: