ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მგზავრობის 70 თეთრამდე გაზრდისთვის ბათუმში 6 შპს დავაჯარიმეთ – მუნიციპალური ინსპექცია

07.01.2022 • 10048
მგზავრობის 70 თეთრამდე გაზრდისთვის ბათუმში 6 შპს დავაჯარიმეთ – მუნიციპალური ინსპექცია

მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის ბათუმში 2022 წელს ის 6 კომპანია დააჯარიმეს, რომლებსაც ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვს.

„ექვსივე შპს დავაჯარიმეთ 100-100 ლარით. გაფრთხილებულებიც არიან და თუ გააგრძელებენ მგზავრებისთვის 70 თეთრის გადახდევინებას, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – გვითხრეს დღეს ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში.

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებს. ზოგ მიკროავტობუსში კი გამოკრულია განცხადება, რომ მგზავრობა ქალაქის ფარგლებში 70 თეთრი ღირს. ასეთი განცხადებები მიკროავტობუსებში 2021 წლის დეკემბერში გამოაკრეს.

მაშინ ბათუმელებს რამდენიმე კომპანიაში უთხრეს, რომ რამდენიმე მძღოლი დააჯარიმეს და არა შპს: „კომპანიას ვერ დაგვაჯარიმებენ, რადგან იმ განცხადებაზე ჩვენი ბეჭედი არ არის, ეს არ არის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება“.

მუნიციპალურ ინსპექციაში კი აცხადებენ, რომ აჯარიმებენ შპს-ს და არა მძღოლს.

მუნიციპალურ ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფს ქალაქის საკრებულო განსაზღვრავს, მაგრამ ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულო ვერ იკრიბება. საკრებულომ ვერც ახალი თავმჯდომარე აირჩია.

საკრებულო რომც შეიკრიბოს, მგზავრობის ტარიფის ცვლილების შესაბამისი პროექტით მას მერიამ უნდა მიმართოს.

მერიის სატრანსპორტო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიებმა, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან სამარშრუტო მიკროავტობუსებით, მგზავრობის ტარიფის 80 თეთრამდე გაზრდის მოთხოვნით 2021 წლის დეკემბერში მიმართეს.

„განცხადება ჩვენთან დეკემბერში შემოვიდა, თუმცა მერიაში ამ საკითხის განხილვა და შესაბამის პროექტზე მუშაობა არ დაწყებულა. ტარიფის ცვლილებას შესაბამისი გათვლები და კალკულაცია სჭირდება. კომპანიებმა თავიანთი კალკულაცია კი წარმოადგინეს, მაგრამ საკითხი მერიამ უნდა შეისწავლოს. ეს, ალბათ, 10 იანვრიდან დაიწყება. მანამდე უქმე დღეებია“, – გვითხრეს ქალაქის მერიაში.

—-

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში გამარჯვებული შპს-ებია [სამარშრუტო ხაზების მიხედვით]:

  • „ჯორჯიანტრანსი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 24, 25, 44, 45, 46.
  • „ავტოტრანსი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 32, 52.
  • „მწვანე შუქი“ – სამარშრუტო ხაზები: NN 28, 29.
  • „ავტომობილისტი 42“ – სამარშრუტო ხაზი: N 42.
  • „ხელვაჩაურის ტრანსპორტი“ – სამარშრუტო ხაზი: N 30.
  • „აჭარტრანსრეგულირება“ – სამარშრუტო ხაზები: NN 20, 21, 31, 33, 34, 36, 39, 40, 49, 56.

„რაც შეეხება N47 სამარშრუტო ხაზს – მიკროავტობუსები ამ ხაზზე არ მოძრაობენ, ვინაიდან კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო“ – გვითხრეს მერიაში.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/382707/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: