მთავარი,სიახლეები

ვინ დახვრიტეს და ვინ დახვრიტა – ბათუმში სტალინური რეპრესიების ახალი სამარხი გაიხსნა

04.02.2022 • 7347
ვინ დახვრიტეს და ვინ დახვრიტა – ბათუმში სტალინური რეპრესიების ახალი სამარხი გაიხსნა

ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი იპოვეს.

სამარხში 29 ნეშტი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1938 წლის 15 მარტით დათარიღებული ოქმია. ოქმში 29 ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც ამ დღეს აჭარაში დახვრიტეს.

„თუ ეს 15 მარტის სამარხია, ოქმში წერია, რომ ღამის ოთხ საათზე აღსრულდა განაჩენი,“ – გამოთქვა ვარაუდი ანტონ ვაჭარაძემ, ის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმოადგენს და საბჭოთა რეპრესიების პერიოდს იკვლევს.

ოქმში, რომლის მოპოვებაც IDFI-მა შეძლო, 29 დახვრეტილიდან ერთი ქალია, 1908 წელს დაბადებული მირა პოპოვა-მანჯგალაძე. თუ ახლახან ნაპოვნ სამარხში ქალი აღმოჩნდება, მაშინ უფრო დასაბუთდება ვარაუდი, რომ სამარხი 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილებს ეკუთვნით.

„დიდი ტერორის დროს, წინასწარ, ტრაქტორით ამოთხრილ ორმოსთან აყენებდნენ ადამიანებს, სათითაოდ ხვრეტდნენ, ყრიდნენ ამ ორმოში და შემდეგ ტრაქტორით აყრიდნენ მიწას. კირსაც აყრიდნენ, რომ გახრწნა დაეჩქარებინათ. ადგილს პირობითად აღნიშნავდნენ. მაგალითად, თბილისიდან 18 კილომეტრში, ან ბათუმის შემოგარენში. თუმცა ეს დოკუმენტაცია, ყველაფერი დახვრეტის შესახებ  ინახებოდა, გარდა ზუსტი ადგილისა.

დოკუმენტებში მოცემულია როდის აღასრულეს, ვინ იყო აღმსრულებელი და რამდენი ადამიანი დახვრიტეს.

1938 წლის 15 მარტს დახვრეტილთა სია

ჩვენს წინაშე რომ ნამდვილად დიდი ტერორის დროს რეპრესირებულთა სამარხებია, რამდენიმე რამ გვაძლევს ამის თქმის საშუალებას. პირველ რიგში ნეშტებზე არსებული დაზიანებები – თავის ქალაზე უკან წვრილ კალიბრიანი იარაღით მიყენებული ჭრილობა, ხოლო ბევრ მათგანს ზურგს უკან აქვს შეკრული ხელები. მეორე, ფორმა, თუ როგორ არის ეს სამარხი შევსებული [ნეშტები ერთმანეთზე არის დაყრილი]. გარდა ამისა, სამარხში აღმოჩენილია ხურდა ფული, კაპიკები, მონეტები, რომლებიც თარიღდება 1930, 1932-35 წლებით. ყველაზე გვიანდელი მონეტა 1936 წლისაა.

ზოგადად, სხვა ათობით და ასობით სამარხი, რაც აღმოჩენილია პოსტსაბჭოთა სივრცეში, იქ, სადაც მიმდინარეობდა მასობრივი დახვრეტები, გამოიყურება ზუსტად ასე. შესაბამისად, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს რეპრესირებულთა სამარხია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანტონ ვაჭარაძემ.

რეპრესირებულთა ნეშტები ახლადაღმოჩენილი სამარხიდან

წითელი ტერორი მოიცავს 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს, როდესაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი, დააპატიმრეს და სამართლიანი სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა – დახვრეტა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივზე დაყრდნობით შეაგროვა 1937-38 წლებში აჭარაში დახვრეტილ პირთა მონაცემები. ამ სიის მიხედვით, აჭარაში დიდი ტერორის დროს 1050 ადამიანი დახვრიტეს.

1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხი
04.02.2022

რეპრესირებულთა სამარხების აღმოსაჩენად თავდაპირველი სამუშაოები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ჩაატარა. ახლა მიმდინარე სამუშაოებსაც ეპარქია მეთვალყურეობს.

„2016 წელს მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სამარხების ძებნა. იღუმენია სიდონია, დედა დინარა და მე – სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ვეძებდით. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ერთმა პიროვნებამ, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს, მიგვანიშნა ამ ტერიტორიაზე და ასე ვიპოვეთ პირველი სამარხი. შემდეგ კიდევ სამი სამარხი ვიპოვეთ. ერთმანეთთან ახლოს იყო ოთხივე,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“ ეთერ მახარაძე. ის ეპარქიის მიერ შექმნილი რეპრესირებულთა სამარხების მაძიებელთა ჯგუფის წევრია.

რეპრესირებულთა სამარხების პოვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2019 წლის 5 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

როგორც „ბათუმელებისთვისაა“ ცნობილი პირველ ოთხ სამარხზე ეპარქიასთან არსებულმა ჯგუფმა იმუშავა, მეხუთე სამარხი  ამერიკელი სპეციალისტების ჩართულობით გახსნეს, ხოლო მეექვსე სამარხის პოლონეთის მეხსიერების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების ჩართულობით გაიხსნა.

რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენაზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და პოლონეთის მეხსიერების ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლები ერთად მუშაობდნენ

წინა ხუთ სამარხში ნაპოვნი ნეშტები ამჟამად მონასტერში ინახება. ფერიის მონასტერში განთავსდება მეექვსე სამარხში ნაპოვნი 29 ადამიანის ნეშტიც.

„ფერიაში, ეპარქიის მონასტერში იქნება ეს ნეშტები დასვენებული. სპეციალურ ყუთებში, ქაღალდის სათავსოებში იქნება მოთავსებული.

ამ ადამიანების სქესის და დაახლოებითი ასაკის გარკვევა შედარებით ადვილია, პირველადი ანთროპოლოგიური კვლევაც არის საკმარისი. ამის შემდგომ უკვე ავიღებთ დნმ-ს. წინათ აღმოჩენილი სხვა ნეშტებიდანაც არის ეს დნმ ბაზა. სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ აიღო. თუ ოდესმე მოხდება ისე, რომ შევადგინოთ ცოცხალი შთამომავლების ბაზაც, ამის შედარება სამომავლოდ შესაძლებელი იქნება.

ვფიქრობ, ნელ-ნელა უკვე დაკრძალვაზეც უნდა იფიქროს საზოგადოებამ. 2017 წლიდან დაწყებული ნეშტები ჯერ კიდევ დაუმარხავია და საფიქრალია ამაზე,“ – ამბობს ანტონ ვაჭარაძე. ის თავის მოსაზრებას გვიზიარებს, თუ სად და როგორ შეიძლება დაიკრძალონ რეპრესირებულები.

„როგორც ვთქვი, შემდგომი ეტაპი ამ სამუშაოების არის უფრო კომპლექსური ანთროპოლოგიური კვლევა, დნმ-ის აღება და აუცილებელია დაკრძალვა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შარშან მოვიწვიეთ დიდი კონფერენცია და ვიკითხეთ, თუ სად და როგორ უნდა დაკრძალონ ეს ადამიანები? – ამ ადგილას, რომელიც მათთვის იქცა ტრაგიკულ და უდიდესი ტკივილის ადგილად, თუ სადმე სხვაგან.

ყველა შემთხვევაში გვითხრეს, რომ აუცილებლად ისევ იქ უნდა დაიკრძალონ, სათითაოდ. ვფიქრობ, კარგი იქნება სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა – მას შემდეგ, რაც დასრულდება აღმოჩენითი სამუშაოები, აუცილებელია, რომ ამ წლის გაზაფხულიდან ვიფიქროთ დაკრძალვაზე.

ამასთან, ეს ტერიტორია თავდაცვის სამინისტრომ უნდა გადაეცეს ქალაქს ან ეპარქიას, რომ მოეწყოს ეს სამარხი.

როგორც წესი, შემდეგ ასეთ ადგილებზე ეწყობა ლამაზი პარკი, მუზეუმი, მემორიალი.

არის უამრავი მასალა, მათი სახელები, ნივთები, ფოტოები, რომელთაც აქ განათავსებენ და ძალიან კარგი იქნება, თუ ბათუმს და აჭარას შეემატება კიდევ ერთი საგანმანათლებლო მნიშვნელობის ადგილი. მით უმეტეს, უამრავი ისეთი ტურისტი ჩამოდის პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელსაც აქვს ინფორმაცია დიდი ტერორის შესახებ“, – ამბობს ანტონ ვაჭარაძე.

რეპრესირებულთა სამარხები

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ აჭარაში დახვრეტილებს შორის 300-ზე მეტი უცხოელი იყო.

„ბათუმი ინტერნაციონალური ქალაქი იყო, პროცენტული განაწილება რომ ავიღოთ, 1050 ადამიანიდან ზუსტად 30-30 %-ია ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ მუსლიმური სახელი, მამის სახელი და ქართული გვარი, 30 %-ია იმ ადამიანების ოდენობა, რომლებიც დოკუმენტებით დასტურდება, რომ არიან გურიიდან, სავარაუდოდ ისინი ბათუმში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. რაც შეეხება უცხოელებს, დადასტურებულად ვიცით, რომ 28 ეთნიკურად პოლონელია დახვრეტილი. ასევე არიან რუსები, ებრაელები, გერმანელები, ბერძნები, სომხები და სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. სწორედ ამიტომ, ეს ადგილი შესაძლოა რაღაც ინტერნაციონალური მეგობრობის, საერთო ტკივილის ადგილადაც მოვიაზროთ, რომელმაც გააერთიანა ყველა მრწამსის, რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენელი.

ეს არის საქართველოში აღმოჩენილი პირველი რეპრესირებულთა სამარხი და ვფიქრობ, რომ აუცილებელია აქ მოეწყოს ასეთი სივრცე“.

ამავე თემაზე:

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: