აჭარაში კორონავირუსის 1654 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 1654 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი. დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 მოქალაქე.

კოვიდკლინიკებში მოთავსებული 759 ინფიცირებული, კოვიდსასტუმროში – 481, ხოლო სახლში მკურნალობას გადის 9 874 პაციენტი.

დღეს, 11 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 55 ადამიანი.

შვილი რატომ არ გყავს? ამდენი რატომ გყავს? – კიდევ რა პრეტენზიები აქვთ ქალებთან

ავტორი: ესმა გუმბერიძე

„ქალები საქართველოდან“ – ამ პროექტის ძველ ისტორიებს ვკითხულობ. თან ბრაილითაა – მეთქი, შრიფტი სულ არ დამავიწყდეს. პროექტი – „ქალები საქართველოდან“ დაიწყო 2016 წელს. მისი მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ქალების გაცნობა საზოგადოებისთვის.

ეს ქალები სხვადასხვანაერები არიან საცხოვრებელი რეგიონის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, საქმიანობის სფეროს, გამოცდილების, ოჯახური მდგომარეობის, განათლების, სოციალური მდგომარეობისა და სხვა უამრავი ნიშნით. ზოგი ემიგრაციაში წასულა სამუშაოდ, ზოგი დევნილია, ზოგიც – ყოფილი პატიმარი ან მოხუცებულთა თავშესაფრის მცხოვრები.

ისტორიები პირველ პირშია გადმოცემული რესპონდენტ ქალებთან ინტერვიუების გადამუშავების შედეგად.

ისტორიები ქვეყნდებოდა ფეისბუკ გვერდზე, ვებსაიტზე, ასევე გამოიცა წიგნი, სადაც თავმოყრილია ზოგიერთი ისტორია. ისტორიებს ურთავდნენ ფოტოებსაც. ზოგი ანონიმურიცაა. შეიქმნა მცირე დოკუმენტური ფილმიც, სადაც ზოგიერთი ქალის ისტორია შემოკლებითაა გადმოცემული. ამ სტატიაში მოკლედ გაგიზიარებთ ჩემს ზოგად დაკვირვებას და შთაბეჭდილებებს ამ ათეულობით ქალის ისტორიის წაკითხვის შემდეგ.

ერთ-ერთი რესპონდენტის ერთი ფრაზა მომეწონა – მან ქალებთან მიმართებაში თქვა, მაგრამ ეს შშმ პირების მდგომარეობასაც მშვენივრად ასახავს, რატომ უნდა იყო მაინც და მაინც კოსმონავტი, მანქანის ტარების უფლება რომ მოგცენ? საუბარია იმაზე, რომ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, საზოგადოებამ რომ მიიღოს, უწევთ დანარჩენებზე ბევრად კვალიფიციურები, მონდომებულები, განათლებულები, შრომისმოყვარეები იყვნენ, საზოგადოებაში თავი რომ დაიმკვიდრონ, ერთი ბეწო ავტორიტეტი მაინც რომ მოიპოვონ.

სიღარიბე ლაიტმოტივად გასდევს ქართველი ქალების დიდი უმრავლესობის ცხოვრებას.

ასაკში შესული ყველა რესპონდენტი თავს მარტოდ გრძნობს, სევდიანია. არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახი ჰყავს თუ მოხუცებულთა თავშესაფარშია. ასაკოვან ქალთან ბედნიერი ინტერვიუ არ წამიკითხავს.

ქალები მუდმივად იდანაშაულებენ თავს და, შედეგად, გრძნობენ თავის მართლების საჭიროებას: ზოგი განქორწინების, ზოგი – სიბერეში ჰობი რომ აქვს და ხელობას ეწევა, ზოგი კარიერის გამო ბავშვებს რომ ვერ აქცევს საკმარის ყურადღებას, ზოგიც იმიტომ, რომ ბიჭი შვილი არ გაუჩნდა.

რთულ დროს კაცები ქალებს ხშირად ტოვებენ, იცილებენ პასუხისმგებლობას თავიდან ზოგი დაორსულების შემდეგ, ზოგი – შშმ პირი რომ გახდება ან შშმ ბავშვი რომ უჩნდება წყვილს, ზოგი ქალის დაპატიმრების გამო, ზოგი მშობლიური კუთხიდან დევნილობის წლებში.

სხვათა შორის, თურმე ციხეში მყოფი მშობლებისადმი დამოკიდებულებაც განსხვავებული ყოფილა: თუ მამაა პატიმარი, დედას დაჰყავს შვილი მასთან შეხვედრებზე, ცდილობს, არ დაავიწყოს, ხოლო ქალ პატიმრებთან შვილების მიყვანის ერიდებათ. თურმე „ქალის პატიმრობა ოჯახის სირცხვილი უფრო მეტადაა, ვიდრე კაცის“.

ქალებს ძალიან ხშირად უშლიან ხელს სასურველი პროფესიის არჩევასა და განათლების მიღებაში, მაგალითად, თუ პროფესია „კაცურად“ ითვლება – თუნდაც რეჟისორობა, ოპერატორობა, ინჟინრობა.

ქალები ხშირად ვერც ხვდებიან, რომ მათი უფლებები ირღვევა, მათზე ძალადობენ. მაგალითად, ერთი ქალი წერს, რომ პრობლემა არ შეჰქმნია ქალობის გამო, ვთქვათ, სამხედრო აკადემიაში სწავლისას და იქვე ჰყვება, როგორ დასცინოდნენ კურსელი ბიჭები, როდესაც სწავლებებზე ბრძანებებს გასცემდა.

მუდმივად პრეტენზია აქვს საზოგადოებას ქალისადმი: შვილი რატომ არ გყავს? ამდენი რატომ  გყავს, ბიჭის გამო ხომ არ აჩენ? სწავლა რად გინდა, მაინც გათხოვდები და წყალში ჩაგეყრება? ხომ უკვე ისწავლე, სამსახურიც გაქვს და რატომ არ თხოვდები? რატომ არ მუშაობ, „ძველმოდური უსაქმური“ ხარ? რატომ მუშაობ, სახლიდან რატომ გადიხარ? რატომ ხარ ზედმეტად თამამი ან, პირიქით, თუ გინდოდა, ვინ გიშლიდა? წარმატებაზე ჰყვები – აჭარბებ, ყველაფერი „კარგად“ ვერ იქნებოდა. წარუმატებლობაზე ჰყვება – ისევ აჭარბებ, თავს გვაცოდებ. რაღაც გამოგივა – კაცების დამსახურებაა, ხელი არ შეუშალეს, არ აუკრძალეს. არ გამოუვიდა – თვითონაა დამნაშავე.

მთიანი სოფლები იცლება. ერთი მხრივ, მცირეკონტიგენტიანობის გამო ხურავენ იქ სკოლებს. მეორე მხრივ, სკოლები რომ აღარაა, ოჯახებს სკოლების სიახლოვეს უწევთ მთიდან ჩასვლა.

ყველა სფერო ითხოვს სახელმწიფოს ყურადღებას: მარტოხელა დედების საკითხი, შშმ პირთა ინკლუზია, ქალთა სპორტი, ხელოვნება, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, სოფლების გაუდაბურება, ქვეყნის დაცლა…

____

ავტორის შესახებ: იურისტი ესმა გუმბერიძე მუშაობს შშმ პირების უფლებების გაუმჯობესებაზე, არის საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

___

რა არის დისკოზი და როგორია მისი სიმპტომები – ექიმის რჩევები

ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, იგივე დისკოზი, ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და ამ დაავადების მე-4 სტადიას წარმოადგენს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეიროქირურგი ნუგზარ გურგენიძე ამბობს, რომ ხერხემლის ამ პათოლოგიით მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მიმართვიანობა ძირითადად დაავადების ბოლო სტადიებზე, უკვე გართულებულ ფაზაში ხდება, რაც ართულებს მკურნალობის პროცესს.

  • ბატონო ნუგზარ, რას ნიშნავს დისკოზი?

ეს არის ოსტეოქონდროზის დროს, ხერხემლის მალთაშუა დისკოში მიმდინარე დისტროფიულ-დეგენერაციული პროცესი. ამ დროს ხდება მალთაშუა დისკის გადაგვარება.

ხერხემლის ოსტეოქონდროზს აქვს რამდენიმე სტადია. პირველ სტადიაში პაციენტს გადატვირთვების ფონზე აღენიშნება ტკივილი კისრის ან წელის არეში, რომელიც პერიოდულად ვითარდება და ადვილად გადადის მარტივი მკურნალობით. 

მეორე სტადიაში უკვე საჭიროა ექიმის ჩარევა, რაც ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას, რადგან ტკივილის ინტენსივობა ამ სტადიაზე მატულობს და უფრო ხანგრძლივია. 

რაც შეეხება დისკის თიაქარს, იგივე დისკოზს, ის ყალიბდება ოსტეოქონდროზის მესამე სტადიაში, როცა მალებს შუა განლაგებული დისკი არის დაზიანებული.

დისკს აქვს ხრტილოვანი სტრუქტურა და ასრულებს ე.წ. ამორტიზატორის როლს. დისკს გააჩნია ფიბროზული რკალი, რომლის შიგნითაც მოთავსებულია პულპოზური ბირთვი. ამ ბირთვის სტრუქტურა ძალიან რბილია, შესაბამისად, დიდი დატვირთვისა და ზეწოლისას ის ბრტყელდება და ბოლოს სკდება, არღვევს დისკის რკალს, მისი შიგთავსი კი გამოდის ხერხემლის არხში. 

ყველაზე ხშირად ეს ხდება წელისა და კისრის მალების დონეზე. ამ შემთხვევაში ხშირად საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.

  • რა იწვევს დისკოზს?

არაადეკვატური ფიზიკური დატვირთვა ხერხემლის სვეტზე – მძიმე ფიზიკური შრომა, ზედმეტი წონის აწევა, გადატანა და ა.შ.

ხშირად უვითარდებათ ძალოსან სპორტსმენებსაც.

ასევე, ჭარბი წონა, რომელიც არის ზედმეტი ტვირთი ხერხემლისთვის; გაციება – როცა ხშირად უცივდებათ დატვირთვის დროს გახურებული წელის არე, რადგან ამ დროს იწყება კუნთების დაჭიმვა; ხერხემლის არასტაბილურობა – ეს ძირითადად ახალგაზრდებში, ბავშვებში ხდება მიზეზი, როცა ხერხემალი არ არის ჯერ კიდევ გამაგრებული და ამ პერიოდში არასწორად ვსხედვართ, ვდგებით, ფიზიკურ დატვირთვებს ვასრულებთ; ბრტყელტერფიანობა – რადგან ასეთ დროს ადამიანი გადაადგილდება არასწორად და ხერხემალზე დატვირთვა მატულობს.

როგორც ყველა სხვა დაავადება ჩვენს რეალობაში, დისკოზიც ახალგაზრდავდება, 14-16 წლის ბავშვზეც გამიკეთებია ეს ოპერაცია, თუმცა ძირითადად 35-40 წლიდან იწყება შემთხვევები.

  • რას ნიშნავს როცა ამბობენ – “ნერვი მოიყოლა”?

რამდენიმე ნევრალური ფესვისგან კეთდება ერთი დიდი ნერვი. მედიცინაში კი ვამბობთ ფესვს, მაგრამ რეალურად ნერვია ზურგის ტვინიდან გამოსული. მაგალითად, ხერხემლიდან წელის არეში წამოსული რამდენიმე ფესვი ქმნის ერთ ნერვს.

თუ ნერვზე ზეწოლა ხდება კისრის არეში, იქ უფრო რთულია სიტუაცია, ზურგის ტვინზეა ზეწოლა და ამავდროულად – ფესვებზე, ამიტომ შეიძლება ჩამოყალიბდეს ზურგის ტვინის ნეიროპათია კისრის დონეზე, რაც თუ თავის დროზე არ იქნა ადეკვატურად ნამკურნალევი, ძალიან სერიოზულ უნარშეზღუდულობას იწვევს.

რაც შეეხება წელის არეს. აქ, ბოლოში, ზურგის ტვინი არ არის, არის მხოლოდ ფესვები. ამიტომაც ამ ნაწილში ზეწოლა აფუჭებს რომელიმე ფესვს და მის [ფესვის] შესაბამის კიდურში ხდება კუნთების ატროფია, მოძრაობების შეზღუდვა, ტერფი ჩამოკიდულია და აქაც, დროული და ადეკვატური ჩარევის გარეშე, არის რისკი მძიმე უნარშეზღუდულობის. 

  • სიმპტომები როგორია?

ეს დამოკიდებულია იმაზე თუ, რა დონეზე ვითარდება თვითონ დისკოზი.

კისრის მალების დონეზე ეს იწყება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ხშირად არის დისკომფორტი გულის არეში, ახასიათებს დაბუჟებები ზედა კიდურებში, შემდეგ კიდურებში ქვეითდება ძალა და უკვე ძალიან შორს მიდის პროცესი.

წელის მალების დონეზე ახასიათებს ტკივილი წელის არეში, დასაწყისში ტკივილი შეტევითი ხასიათისაა, შემდეგ ეს ტკივილები გადადის, რომელიმე ქვედა კიდურში ან ორივეში. იწყება ფეხებში დაბუჟება, ფეხის კუნთების დასუსტება და თუ ძალიან შორს წავიდა პროცესი, ყალიბდება შარდის ბუშტის მოქმედების პათოლოგიებიც.

ამიტომ ტკივილების დროს, პაციენტმა დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ წელიდან ტკივილი გადადის კიდურებში – უნდა მიმართონ ნევროლოგს ან ნეიროქირურგს.

  • მკურნალობის მეთოდები რას მოიცავს?

როცა არ არის თიაქარი, ანუ დისკის რკალი არ არის დაზიანებული, მაგრამ ხდება მალთაშორისი დისკის გადაადგილება ხერხემლის არხში, რაც ძალიან ნაკლებად აღიზიანებს ნერვს – ჩვენ ვნიშნავთ ფიზიოთერაპიას, მედიკამენტოზურ მკურნალობას (არასტეროიდული და სტეროიდული ჰორმონებით), ბალნეოლოგიურ მკურნალობას.

ახლახან დავიწყეთ დაზიანებული ნერვის ბლოკადის მეთოდი, რომელიც ძალიან ეფექტურია.

ისეთ შემთხვევებში, როცა მედიკამენტოზური, ფიზიოლოგიური, ბალნეოლოგიური მკურნალობითა და ბლოკადებით არ გვაქვს შედეგი, ვაკეთებთ უსისხლო ოპერაციებს. ეს არის ლაზერული ქირურგია, რადიოტალღებით აბლაცია კეთდება და მესამე მეთოდია ოზონის შეყვანა დისკში, რაც აღადგენს დისკს.

მაგრამ თუ მოხდა უკვე თიაქრის ისეთი გამოვარდნა ხერხემლის არხში, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით მკურნალობას არ ექვემდებარება, მაშინ ვაკეთებთ ოპერაციულ ჩარევას.

დღეს ტარდება მიკროქირურგიული ოპერაცია – მიკროდისკექტომია. თუ შორს წასული პროცესი არ არის და პაციენტმა დიდი დრო არ დაკარგა, მეორე დღეს უკვე ფეხზე დგება და მესამე დღეს მიდის სახლში. რეაბილიტაციის პერიოდი თვე-ნახევარი – სამი თვე გრძელდება, გააჩნია ნერვის დაზიანების ხარისხს.

  • როგორია ხერხემლის დაავადებების პროფილაქტიკა?

საუკეთესო პროფილაქტიკაა ცურვა და ხერხემლის გაჭიმვისთვის ე.წ. ტურნიკზე ჩამოკიდება. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან გამოვრიცხოთ არაადეკვატური ზეწოლა ხერხემალზე, გავაკონტროლოთ წონა, დავსხდეთ და ვიაროთ სწორად, წელში გამართული.

„აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში

ბათუმში, ფიროსმანის №1-ში მდებარე შენობა ავარიულია, აქ მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ სახლში ცხოვრება უსაფრთხო არ არის. 

2 თებერვალს ამ მისამართზე, ნატალია კახიძის საცხოვრებელ ბინაში, ჭერიდან ბეტონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა. 

აქ გვითხრეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახლში სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, მსგავსი რამ ხდება. შენობა ფიროსმანის პირველ ნომერში ორსართულიანია და სამი სადარბაზო აქვს. შენობაში 300-მდე კვ.მ ფართობი სახელმწიფო საკუთრებაშია. 

ნატალია კახიძის ბინის ოთახებში, კედლებზე, ღრმა ბზარები შეინიშნება.  

„ყველაფერი საშიშია აქ, სახურავი, კედლები… ყოველ გაწვიმებაზე წყალი ჩამოგვდის, სხვენში ჭურჭელი დგას, რომ წყალი ჭურჭელში დაგროვდეს და ჭერიდან არ გვაწვიმდეს.

შედარებით  უფრო მეტად ჩემი ბინაა დანგრეული, ზოგს რემონტიც კი აქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ხომ არ შველის. აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – ამბობს ნატალია კახიძე. 

ჭერიდან ჩამოცვენილი ნანგრევები ნატალია კახიძის ბინაში
ფისოსმანის #1

აღნიშნულ კორპუსში  ბინის კიდევ ერთი მეპატრონე, მირანდა გვიანიძე კორპუსში მორიელებისა და ქვეწარმავლების სიმრავლეზე საუბრობს, მისი თქმით მუდმივად დაძაბულია და ეშინია  ბავშვებს არ უკბინოს რამემ. იგი 15 წელია, რაც ამ შენობაში ცხოვრობს.

„ახალი წლის დღეებში სადარბაზოში იმდენად დიდი ზომის ბათქაში ჩამოვარდა, რომელიმე ჩვენგანს რომ დაგვცემოდა, ადგილზე მოგვკლავდა. სადარბაზოში რომ ვარ,  სულ ზემოთ ვიყურები, რამე არ დაეცეთ ბავშვებს“ – გვიამბობს მირანდა გვიანიძე.

ფიროსმანის #1

ფიროსმანის #1-ში მდებარე სახლი ავარიულია. ამას მოწმობს სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2021 წლის დეკემბრით თარიღდება.

„ფიროსმანის #1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. დაზიანებათა ხარისხისა და მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა არარენტაბელურია და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“ – წერია დასკვნაში.

აქვე ვკითხულობთ იმასაც, რომ შენობაში, გარეგნული დათვალიერების შედეგად, „მზიდი კედლების ბეტონი განშრევებულია,  ეროზირებულია და ნესტიანი გარემოს ზემოქმედების შედეგად გამოფიტულია… სართულშუა გადახურვის მზიდი ლითონის კოჭები ძლიერ კოროზირებულია, რის გამოც მათი სიმტკიცე მნიშვნელოვნად შემცირებულია… შენობაზე განხორციელებული მიშენება და დაშენება შესრულებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით და ძალიან უხარისხოდ, რის გამოც ისინი ძალიან დეფორმირებულია“.

ფიროსმანის #1
ფიროსმანის #1
ფიროსმანის #1

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კვლევა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სააგენტოს დაკვეთით ჩაატარა. მერიას, თავის მხრივ, ფიროსმანის #1-ში მცხოვრებმა ოჯახებმა, მათი საცხოვრებელი კორპუსის მდგომარეობის შესწავლის თაობაზე განაცხადით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე,  8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ მიმართეს. 

ნატალია კახიძემ გვითხრა, რომ პირადად მან მერიისგან სხვა ადგილას გადაყვანის შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა, იგი მიიჩნევს, ეს საკმარისი არ არის.

„მოვიდნენ და მითხრეს, რახან  თქვენს ბინაში ჩამოვარდა ბათქაში და გეშინიათ, ქირით გაგიშვებთო. მარტო მე რატომ? შუა სადარბაზოშიც ჩამოვარდა, მთელი შენობა ავარიულია.

მე მინდა, რომ სამივე სადარბაზოში მცხოვრებ ოჯახებს მოგვაქციონ ყურადღება. მერიას ხომ აქვს საბინაო ფონდი, გადაგვიყვანონ პირდაპირ საცხოვრებლად უსაფრთხო ბინებში. ეს არ არის დიდი კორპუსი, 10 ოჯახი ვცხოვრობთ სულ. 

ჩვენი მოთხოვნაა მერიამ  სწრაფად მოახდინოს რეაგირება და არ შემოდონ ექსპერტიზის დასკვნა თაროზე ისე, რომ კიდევ ერთი წელი დასჭირდეთ ჩვენი საქმის განხილვის დასაწყებად”, – ამბობს ნატალია კახიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა სახლის ამხანაგობის თავმჯდომარეს, ვარდო ბერიძესაც.  მისი თქმით, მერიას სახურავის შეკეთების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს კორპუსში მცხოვრებმა ოჯახებმა, მაგრამ ამაოდ. 

„ეს სახლი ავარიულია, მაგრამ მარტივად ვერ გავალთ აქედან, სადმე ახლომახლო შენობაში უნდა გადაგვიყვანონ. არჩევნების წინა დღეს იყო მერი მოსული, ვისაუბრეთ, დაგვპირდა, რომ ამ საკითხს საერთო შეხვედრაზე განვიხილავდით  და გადავჭრიდით.  ეს შეხვედრა ჯერ არ დაგეგმილა, ავარიული შენობების სიაში ჩვენი კორპუსი 85-ე  ადგილზეა“ – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე. 

მან გვითხრა ისიც, რომ ადრე მოლაპარაკება ჰქონდათ მენაშენესთან, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

რა გეგმები აქვს ბათუმის მერიას აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით?

„აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობისთვის მერიის მხრიდან შეთავაზებული იქნა ქირით გაყვანა ალტერნატიულ ფართობებში, რაზეც უარი განაცხადეს.

საკითხი გათვალისწინებულია ავარიული სახლების პროგრამაში, რისთვისაც საერთო ჯამში 80 მილიონი ლარი დაიხარჯება“ – წერილობით გვიპასუხეს მერიაში.

8 თებერვალს ბათუმის მერიამ ახალი პროგრამა – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ დააანონსა და განაცხადა, რომ 2025 წლამდე ბათუმში 3000 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხო საცხოვრისით.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, არის თუ არა ამ პროგრამაში გათვალისწინებული ფიროსმანის #1-ში მცხოვრები მოსახლეობის დაკმაყოფილება, როდის და რა პირობებით? არის თუ არა მზად ბათუმის მერია შენობიდან ყველა ოჯახის გასაყვანად? – მერიაში გვითხრეს, რომ ამ კითხვებზე პასუხი საჯარო წესით უნდა გამოვითხოვოთ. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

სეირნობა ფარავნის გაყინულ ტბაზე I ფოტო

ჯავახეთს დამახასიათებელი მკაცრი ზამთრის გამო საქართველოს ციმბირსაც უწოდებენ. ტემპერატურა წელიწადის ყველაზე ცივ დროს აქ -7, 10, 150C -მდეც კი ეცემა. საზღვრისპირა სოფელ კარწახში უკიდურესად მინიმალური -400C ტემპერატურაც დაფიქსირებულა.

ასეთი ზამთრის პირობებში ჯავახეთის ტბები გაზაფხულამდე იყინება. გაყინული ტბების ზედაპირზე ხშირად სრიალებენ ბავშვები, ყინულზე ჩვეულებრივად მიდი-მოდიან ზრდასრულები.

ჯავახეთში ჩასვლა ახლა რომ მოინდომოთ, შეიძლება ვერც ჩააღწიოთ, რადგან ფარავნის უღელტეხილი ზამთრობით ძირითადად იკეტება.

ფარავნის გაყინული ტბა/ანჟელა ბაბაჯანიანის ფოტო

არქეოლოგი ნინო პატარიძე, რომელიც ზაფხულობით ხშირად სტუმრობს ფარავნის ტბას, გვეუბნება, რომ მისი და მისი მეგობრების მცდელობა, ძველით ახალი წელი ეგზოტიკურ გარემოში გაეტარებინათ, რთულად წარიმართა:

„არქეოლოგიური ბაზა გვაქვს ფარავნის სიახლოვეს. ზამთრობით ფარავნის უღელტეხილი იკეტება და ახალციხით უნდა წახვიდე. ერთხელ ვცადეთ ჩასვლა ზამთარში თბილისიდან დელიკათი, ძველით ახალ წელს ჯავახეთში რომ შევხვედროდით და თოვლში ჩავრჩით, ტრაქტორმა მიგვიბა და არქეოლოგიურ ბაზამდე ასე მიგვიყვანა, სამი დღე დავრჩით იქ და მერე მთავარ გზამდეც ტრაქტორმა ატარა ჩვენი მანქანა“, – ამბობს ნინო.

ნინო პატარიძე მეგობრებთან ერთად, ჯავახეთში

ცოლ-ქმარი ანატოლი ჩივჩიანი და ანჟელა ბაბაჯანიანი ტბა ფარავნისპირა სოფელ ხულგუმოში (ტამბოვკა) ცხოვრობს.

ზამთრის ცივ დღეებში, როცა სადმე წასვლა უნდებათ გამოჰყავთ თოვლმავალი და გაყინულ ტბაზე სეირნობენ. ზამთრის ჯავახეთში სხვაგან ვერსად წახვალთ.

ცოლ-ქმარი ანატოლი ჩივჩიანი და ანჟელა ბაბაჯანიანი ფარავნის გაყინული ტბაზე სეირნობს. ისინი ტბისპირა სოფელ ხულგუმოში ცხოვრობენ

თოვლმავალი ჯავახეთის სოფლებში უკვე ბევრ ოჯახს ჰყავს. სოფელ ხულგუმოს ერთი დიდი თოვლმავალიც ჰყავს განსაკუთრებულად დიდი თოვლი თუ მოვა.

ფარავანი ზღვის დონიდან 2073 მეტრზეა, ეს ყველაზე დიდი ტბაა საქართველოში 37,5 კმ 2 ფართობით.

ამ ფოტოებზე თეთრად დაფარული ვრცელი ველი სინამდვილეში ტბის გაყინული ზედაპირია. ასე იქნება გაზაფხულამდე.

ტბაში რამდენიმე ადგილას წყალი შადრევანივით ამოდის. ზამთრობით ეს შადრევნები იყინება და აისბერგებს ემსგავსება.

ფარავნის ტბიდან წყალი რამდენიმე ადგილას შადრევანივით ამოდის. ზამთრობით შადრევნები იყინება და აისბერგებს ემსგავსება/ანჟელა ბაბაჯანიანის ფოტო
ფარავანი ყველაზე დიდი ტბაა საქართველოში, თოვლით დაფარული ვრცელი ველი სინამდვილეში ტბის გაყინული ზედაპირია/ანჟელა ბაბაჯანიანის ფოტო
ფარავნის გაყინული ტბა ზამთარში/ანჟელა ბაბაჯანიანის ფოტო
ჯავახეთი, სოფელი ხულგუმო/ანჟელა ბაბაჯანიანის ფოტო

________________

ფოტოები ჯავახეთიდან მოგვაწოდა ანატოლი ჩივჩიანმა და ანჟელა ბაბაჯანიანმა.

მთავარ ფოტოზე: თოვლმავალი გაყინულ ფარავნის ტბაზე

რა უთხრა კაცმა მოსამართლეს, რომელსაც 12 წლის შვილი კორპუსის ჩამონგრევის გამო დაეღუპა

“მანამდე მტვრევისგან საშინელი ხმაური ისმოდა კორპუსში… პირველი სართულიდან მოდიოდა ეს ხმები დაახლოებით 10 დღე, ჩვენ მესამე სართულზე ვცხოვრობდით,” – ხმადაბლა დაიწყო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზოს ჩამონგრევის ამბის გახსენება გია შომახიამ. მან დღეს, 10 თებერვალს, სასამართლოს ჩვენება მისცა. გია შომახიამ 8 ოქტომბრის ტრაგედიის დროს 12 წლის დათა და ცოლი დაკარგა.

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში დაღუპული მოსწავლის ნახატი სკოლის კედელზე გადაიტანეს

„იმ დღის მერე იქ აღარ მივსულვარ, ვეღარ ვეკარები იმ ადგილს,“ – დასძინა დაზარალებულად ცნობილმა კაცმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე“ მოწმეების მოსმენა დღევანდელ პროცესზე დაიწყო. 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსში სადარბაზოს ნგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი.

ამ საქმეში 3 ბრალდებულია: მამა-შვილი სურმანიძეები, რომლებიც ამ სადარბაზოს პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდნენ და ბინის მფლობელი – ზაურ ბუდაგოვი. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მამა-შვილ სურმანიძეებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით. ზაურ ბუდაგოვს კი, 5 წლამდე პატიმრობა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სადარბაზოს ჩამოშლა პირველ სართულზე მზიდი კედლების გამოღებამ გამოიწვია. „სადარბაზოს ნაწილის ჩამონგრევა გამოწვეულია არასათანადოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებით. კერძოდ მზიდი კედლის დემონტაჟით პირველ სართულზე,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში.

„ისეთი ხმაური იყო, ბავშვებს ვეღარ ვამეცადინებდით, ტელევიზორსაც ვერ ვუყურებდით,“ – განაგრძო თხრობა გია შომახიამ და ბრალდებულებს გახედა. – „ცოლი მეუბნებოდა, იქნებ დაელაპარაკოო, მაგრამ ვამბობდი ახალი მეზობელია, მოვითმინოთ-მეთქი… არ ჩავსულვარ სამწუხაროდ, მათთვის მე არაფერი მითქვამს…

იმ დილით არ იყო ხმაური, არც არაფერი შემიმჩნევია ბინისთვის, არც ბზარი მინახავს, არც ბათქაში ჩამოცვენილა სადმე, გავედი ბინიდან, 11 საათი იქნებოდა. უფროსი შვილი – ნიკა სკოლაში იყო, ის არ იყო დისტანციურ სწავლაზე.

პარკთან მეგობარს შევხვდი, ველაპარაკებოდი, როცა უცებ მტვერი წამოვიდა საშინელი, გამოვიქეცი მეც, კორპუსს როცა მოვუახლოვდი, მოვრბოდი და მახსოვრობა დავკარგე უკვე… როცა მეხსიერება დამიბრუნდა, იქ, ნანგრევებთან, უკვე მაშველები მუშაობდნენ,“ – თხრობა გაუძნელდა მოწმეს.

გია შომახიას პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ ჰკითხა, რა სახის რემონტი ჰქონდა ჩატარებული ბინაში მას, ან მის მეზობლებს.

„გაღებვა, შპალერი გააკრეს ასევე, აბაზანა-ტუალეტის მოწესრიგება და რაღაც ასეთი, მეტი არაფერი… 1978 თუ 1979 წელს გაკეთდა ეს ბინა და მერე რემონტი არ ჩატარებულა,“ – აღნიშნა გია შომახიამ.

პროკურორები – ალექსანდრე ძირკვაძე და ნიკა მენთეშაშვილი

მოწმემ სასამართლო პროცესზე  გაიხსენა ისიც, რომ მზიდი კედელი მის საცხოვრებელ ბინაშიც იყო და წლების წინ ხელოსანმა მასზე ხელის ხლება არ ურჩია.

„კარადა უნდა მოგვეწყო და ეს მზიდი კედელია, ვერ შევეხებითო, არც შევხებივარ,“ – დასძინა გია შომახიამ.

„როცა აღნიშნეთ, რომ ხმაური ამოდიოდაო, ეზოშიც გესმოდათ ეს ხმა?“ – ჰკითხა დაზარალებულს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

„კი, ყველგან ისმოდა იქ,“ – მიმართა ადვოკატებს გია შომახიამ.

ადვოკატებმა კითხვები დასვეს ექვსსართულიან კორპუსზე მეშვიდე სართულის დაშენების, ასევე კორპუსს გარე ფასადზე ლიფტის მიშენების კუთხითაც. დაზარალებულების პოზიციით, დაშენება, ან ლიფტის მონტაჟი, რაც წლების წინ გააკეთეს, სადარბაზოს ვერ ჩამოანგრევდა.

„სხვა რემონტების დროს, რაც ამ კორპუსში იყო, ხმაური არ გესმოდათ?“ – მიმართა გია შომახიას ადვოკატს მზია დიასამიძემ. ის ბრალდებული მამა-შვილის ინტერესებს იცავს.

„მესმოდა, მაგრამ ასეთი საშინელი ხმა არ ყოფილა,“ – მოწმემ ბრალდებულებს გახედა და პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეს, ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვს მიმართა:

„ეს მოვიდა და დაიწყო ნგრევა, ეს მუშებიც დაღუპა…“ – ემოცია აღარ დამალა მოწმემ.

„მე საყრდენზე შეხებული არ ვარ, არ შევხებივარ,“ – უცებ წამოდგა ფეხზე გისოსებიანი ადგილიდან და მოსამართლეს ხმამაღლა მიმართა ბრალდებულმა ხუსეინ სურმანიძემ. ის მშენებლობაზე, სადაც სადარბაზო ჩამოინგრა, მუშად მუშაობდა.

„დაჯექი, ხუსეინ, სხვა დროს,“ – ბრალდებული გააჩუმა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

ხუსეინ სურმანიძის ჯანმრთელობის გამო დღეს სასამართლო პროცესი ზუსტად 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მდივანმა პროცესის მონაწილეებს აცნობა, რომ ბრალდებული სასამართლოში გადმოყვანილია, მაგრამ მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა და პროცესი დროულად ვერ დაიწყო.

45-წუთიანი დაგვიანების შემდეგ სასამართლო პროცესი ისე დაიწყო, რომ ბრალდებულ ხუსეინ სურმანიძისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ. ეს მოსამართლემაც აღნიშნა და ბრალდებულს მიმართა, რომ როცა სასწრაფო სამედიცინო სამსახური სასამართლოსთან მივიდოდა, ბრალდებულს დარბაზიდან გაიყვანდნენ.

ხუსეინ სურმანიძე დარბაზიდან პროცესის დაწყებიდან 35 წუთის შემდეგ გაიყვანეს. ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის ცენტრშია, ვაჟა-ფშაველას და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში.

„რა იქნება სამართლიანი სასჯელი, თქვენი აზრით?“ – ესეც ჰკითხა პროკურორმა დაზარალებულ კაცს.

„დამაქცია, არაფერს ვითხოვ, დამნაშავედ იქნას ცნობილი… რა აზრი აქვს ჩემთვის,“ – დაასრულა გია შომახიამ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – დღევანდელ პროცესზე პირველად მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ფოტოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადაიღებდა და ჩვენ მხოლოდ პროცესზე დასწრების უფლება მოგვეცემოდა. „ბათუმელები“ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ამ პირობით დაუშვა.

მოსამართლეს სასამართლო პროცესზე, ასევე თავად სასამართლოს არ განუმარტავს, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ, როცა იგივე მოსამართლეს, ან ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს არასდროს შეუზღუდავთ „ბათუმელებისთვის“ სასამართლო სხდომაზე ფოტოს გადაღება.

ადვოკატები რამინ პაპიძე და მზია დიასამიძე, პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე

____

წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება

„მთავრობიდან რომ ცხოვრობდეს ვინმე აქ, ასე არ იქნება“ – დაზიანებული გზა ყოროლისთავში

„მერიიდან ან მთავრობიდან რომ ცხოვრობდეს ვინმე ამ სოფელში, მათი ოჯახი რომ დადიოდეს ამ გზაზე,  ერთი წუთით არ დატოვებდნენ ამას ასე. მაგრამ ასე არაა და სოფლის მიმართ არავინ ყურადღებას არ იჩენს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი დიასამიძემ, სოფელ ყოროლისთავის მცხოვრებმა.

სოფელი ყოროლისთავი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი ბათუმიდან დაახლოებით 13 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში გზა მეწყრული პროცესების განვითარების გამო დაზიანდა. ყოროლისთავის მცხოვრებლები გზის სასწრაფოდ გაკეთებას ითხოვენ, რადგან ეს ცენტრალური გზაა და სოფელს ქალაქთან აკავშირებს.

სოფელ ყოროლისთავის ცენტრალური გზა, რომლის შეკეთებასაც მოსახლეობა ითხოვს

„ყოველდღიურად ემატება დაზიანება გზას. აქ დადიან სკოლის მოსწავლეები, ბაღის აღსაზრდელები, სოფლის მთავარი გზა და საშიშია მასზე გავლა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი დიასამიძე.

მისი თქმით, გზა სოფელში 2021 წლის ნოემბერში დაზიანდა და მას შემდეგ ითხოვენ შეკეთებას.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას. მერის პრესსამსახურის ცნობით „გზის სამუშაოები ეკუთვნის საგზაო დეპარტამენტს, რომელიც ინფორმირებულია“.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნული საკითხზე შემოსული განცხადებების გაცნობის შემდგომ ხდება შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა,  რათა დროულად მოხდეს შესაბამისი რეაგირება და აღნიშნული საკითხების მოგვარება,“ – განაცხადეს მერიაში.

შტორმისგან დაზიანებული ახალი ბულვარიდან LIBERTE გაიტანეს

ბათუმში, შტორმისგან დაზიანებული ახალი ბულვარიდან გელა წულაძის სკულპტურა, LIBERTE გაიტანეს.

ბათუმის ბულვარში განმარტავენ, რომ სკულპტურის გატანის მიზეზი დაზიანებული სანაპიროა.

„ავტორიც ესწრებოდა მოხსნის პროცესს. გადავიტანეთ უსაფრთხო, ავტორთან შეთანხმებულ ადგილას.

როგორც კი პრომენადი გაკეთდება და საშტორმო ვითარება აღარ იქნება, სკულპტურა დაუბრუნდება ადგილს. ეს საფრთხის შემცველი ადგილი იყო, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული“ – ამბობენ ბათუმის ბულვარში.

შტორმისგან დაზიანებული ახალი ბულვარი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
შტორმისგან დაზიანებული ახალი ბულვარი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
შტორმისგან დაზიანებული ახალი ბულვარი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

5 თებერვალს, ბათუმში შტორმმა კიდევ ერთხელ დააზიანა ახალი ბულვარის სანაპიროს ნაწილი, წაიღო სკამები, ქვა-ღორღით გაივსო ბულვარის სავალი ნაწილი.

ამავე თემაზე: 

„თუ არ ვიმოქმედებთ, საზღვაო აკადემიამდე ისევ ამოვა ზღვა“ – ინტერვიუ ექსპერტთან

 

კოვიდის დროს კარანტინის ვადა შემცირდა – ნახეთ, რამდენი დღით და ვისთვის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა:

  • სამედიცინო დაწესებულებები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • საქართველოს პროკურატურის სისტემა;
  • ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი.

იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.

ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ.

ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით. სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება.

იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ექიმი.

კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც.

ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში. იგივე ვრცელდება, ბუსტერ დოზის არმქონე პირებისთვის, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი.

ასევე, კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება პირებზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60 დღიანი პერიოდი.

კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:

  • ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ პირებს;
  • სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში;
  • ასევე პირებს, კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში.

იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.

აგვისტოს ომის ვეტერანი ისევ ნაგავსაყარზე ცხოვრობს

„ჩემი ქმარი ისევ ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს და მუშაობს. სამი შვილი გვყავს, მე და ბავშვები ნაქირავებში ვართ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იამზე ბერიძემ, აგვისტოს ომის ვეტერანის ცოლმა.

აგვისტოს ომის მონაწილის, ჯემალ ბერიძის შესახებ ბათუმელები 2021 წლის ივლისში წერდა.

კაპრალი ჯემალ ბერიძე საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. ომის დღეებიდან მალევე, 2008 წლის 25 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი ავტომანქანებით კოჯრიდან სენაკის სამხედრო ბაზისკენ მიდიოდა. ერთ-ერთი სამხედრო ავტომობილი ქუთაისთან ავარიაში მოხვდა. მანქანაში რვა სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავარიის შედეგად 1 ჯარისკაცი გარდაიცვალა, 7-მა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. მძიმედ დაშავდა მანქანაში მყოფი კაპრალი ჯემალ ბერიძე.

ავარიის დეტალები გენინსპექციამ შეისწავლა, რომელმაც დაადგინა, რომ „კაპრალ ჯემალ ბერიძის მიერ მიღებული ტრავმა მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მძიმე ხარისხს“.

მოკვლევის შედეგად კი დაადგინა, რომ ჯემალ ბერიძე ავარიაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხვდა. ამის გამო მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები. ჯემალ ბერიძემ, ისევე როგორც სხვა დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთჯერადი კომპენსაცია მიიღეს 7000-7000 ლარის ოდენობით.

კაპრალის ბრძოლაც სწორედ აქედან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ის ჰოსპიტლიდან გამოწერეს, ჯარში სამსახური ვეღარ გააგრძელა, რადგან მძიმე ტრავმები ჰქონდა მიღებული და აღარ იყო ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის. ჯემალ ბერიძემ სამხედრო პენსიის დანიშვნა მოითხოვა.

14 წელია არაერთი გამოკვლევის, წერილის, მიმართვის შემდეგ, მან სამხედრო პენსიის დანიშვნას ვერ მიაღწია. ახლა სამართლებრივ დავას სასამართლოში იწყებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს – მისცენ კუთვნილი პენსია.

2021 წლამდე ჯემალ ბერიძე სახელმწიფოსგან მხოლოდ 22 ლარს იღებდა, ვეტერანის პენსიას. 2022 წელს ვეტერანებს პენსია გაეზარდათ და ამიერიდან ჯემალი 100 ლარს მიიღებს.

ამ წლების განმავლობაში ჯემალ ბერიძე თავის გადასარჩენად და ოჯახის გამოსაკვებად უამრავ სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. მისი თქმით, ტრავმების გამო არ შეეძლო მშენებლობაზე დასაქმება ან სხვა მძიმე ფიზიკური შრომის გაწევა. ასე იპოვა გზა ბათუმის ნაგავსაყარისკენ, სადაც კონსერვის ქილებს, მინას, მუყაოს აგროვებს. თავს და ოჯახს ასე არჩენს.

ჯემალ ბერიძე წარმოშობით ქობულეთიდანაა. სოფელ აჭყვისთავში მას საკუთრებაში კერძო სახლი აქვს, რომელიც, მისივე თქმით, მეწყრულ ზონაშია. როცა სახლში ცხოვრება საშიში და შეუძლებელი გახდა, ჯემალმა ცოლ-შვილი ბათუმში წაიყვანა. ჯემალის თქმით, თავდაპირველად ყველანი ნაგავსაყარზე აშენებულ ქოხში ცხოვრობდნენ. შემდეგ ცოლ-შვილს ბათუმში ბინა უქირავა, ბავშვებს სკოლაში რომ ევლოთ, თვითონ კი ნაგავსაყარზე დარჩა საცხოვრებლად და სამუშაოდ.

რა შეიცვალა აგვისტოს ომის ვეტერანის ცხოვრებაში სტატიის გამოქვეყნების შემდეგ

„ბათუმელების“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას არაერთი ადამიანი სწერდა. მათ აინტერესებდათ ჯარისკაცის და მისი ოჯახის ბედი.  მოქალაქეები აგვისტოს ომის ვეტერანს ფულადი თანხით დაეხმარნენ.  ჯემალ ბერიძეს დახმარება გაუწია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომაც.

„1000 ლარი მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლითაც დაგროვილი ბინის ქირა დავფარეთ,“ – გვითხრა იამზე ბერიძემ, ჯემალ ბერიძის მეუღლემ.

ოჯახი ჩაერთო სოციალური დახმარების სისტემაში. მიმდინარე წლის იანვრის თვეში მათ დახმარება პირველად მიიღეს. ამას გარდა, ოჯახს ეხმარებიან მოქალაქეებიც.

„თქვენს სიუჟეტს ხალხი ისევ ნახულობს და მცირე თანხებს რიცხავს პერიოდულად. ხანდახან აგროვდება ხოლმე თანხა – 100-150 ლარი და ბავშვებს ვახმარ იმ თანხას.

ბათუმის მერიაში გვქონდა განაცხადი ქირის თაობაზე. სანამ ჩვენი სახლი გაკეთდება, მანამდე იქნებ ქირა დაგვიფინანსო-მეთქი, მაგრამ უარი გვითხრეს. არ ხართ ბათუმში ჩაწერილიო, ქობულეთს უნდა მიმართოთო. მოვაგროვე საბუთები და განაცხადი შევიტანეთ ქობულეთში. ველოდებით პასუხს. ჩვენი სახლის რეაბილიტაცია ისევ ისეა, არც დაწყებულა ჯერ მუშაობა. საერთოდ არაფერი, მიგდებულად, უპატრონოდაა ისევ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იამზე ბერიძემ.

რას ამბობს ქობულეთის მერია

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქობულეთის მერიას. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სწავლობენ ჯემალ ბერიძის განცხადებას.

„უახლოეს პერიოდში დაინიშნება შესაბამისი კომისიის სხდომა, სადაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული დაკმაყოფილდება თუ არა ოჯახი ქირით გაყვანაზე. სახლის გამაგრებას რაც შეეხება, თანხა ერთხელ მიღებული აქვს ოჯახს. მაგრამ თუ ხელახლა დაწერს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას, ისევ კომისია განიხილავს და შესაბამისი პროცედურების მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“ – ამბობენ პრესსამსახურში.

რას ამბობს თავდაცვის სამინისტრო

აპირებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო რაიმე ფორმით მხარი დაუჭიროს აგვისტოს ომის მონაწილე ჯარისკაცს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ თავდაცვის სამინისტროს მიმართა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჯარისკაცს „დაზიანებები მიღებული აქვს არასამუშაო დღეებში“.

„ჯემალ ბერიძე 2008 წლის სექტემბერშია დათხოვნილი. თვითონ დაზიანებები მიღებული აქვს, როგორც მონაცემებში ვნახეთ, არასამუშაო დღეებში. რის შედეგადაც უწყების იმ დროინდელი ხელმძღვანელობისგან გაეწია კომპენსაციის სახით 7-ათასლარიანი დახმარება და იმის შემდეგ გათავისუფლებული იქნა თავდაცვის ძალების შემადგენლობიდან.

ასევე ქობულეთში აქვს საცხოვრებელი სახლი, რისი რეაბილიტაციისთვის, როგორც გვაქვს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტსაც აქვს გარკვეული თანხა გამოყოფილი, თუმცა არამიზნობრივად აქვს დახარჯული. ზოგადად, როგორც ვეტერანს, ამ დროისთვის 100 ლარიანი ყოველთვიური დახმარება ერიცხება.

დამატებით კიდევ რა შეუძლია უწყებას რომ გააკეთოს, შესაბამისი სამსახური არის ჩართული ამ პროცესში და გამოინახება ყველა საჭირო შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანის სათანადო დახმარება მოხდეს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

ჩვენი მისამართია ნაგავსაყარი

ქობულეთში 6 ჰექტარ მიწას და სათბურებს აჭარის მთავრობა 2.27 მილიონად ყიდის – აუქციონი

ქობულეთში, სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა პირობებით აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა.

ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 2 270 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 45 000 ლარი. 567 500 ლარი კი საგარანტიო თანხაა.

სასათბურე მეურნეობის მრავალწლიანი იჯარით გაცემა აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი, ერთ ლოტად, პირობებით იყიდება შემდეგი ქონება:

  • ჯამში 62 220 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
  • სათბურები, საერთო ფართობით 22 768,56 კვადრატული მეტრი

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2022 წლის პირველ მარტს დასრულდება.

რაც შეეხება აუქციონის პირობას:

  • ქონების მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, აამოქმედოს არსებული სათბურები და აგროპარკი, ამასთან, აგროპარკის არსებული ინფრასტრუქტურა შეინარჩუნოს 2023 წლის დეკემბრამდე. ამ პერიოდში დასაქმებულთა არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • მყიდველი ასევე ვალდებულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე 20 წლის ვადით შეინარჩუნოს დასაქმებულთა თანაფარდობა და სასოფლო-სამეურნეო პროფილი. მას უფლება ექნება, აუქციონზე შეძენილ მიწის ნაკვეთზე განათავსოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის [გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა და ა.შ] საჭირო სხვა ნაგებობებიც.
  • მყიდველმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს:

  • უცხოელი [ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი];
  • იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.

[toggle title=”აუქციონის პირობის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]

პირობა:

ა. აუქციონში მონაწილეობის “ბე“ განისაზღვროს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საპრივატიზებო საფასურში;

ბ. საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ:

  • ბ.ა. 2022 წლის 1 დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
  • ბ.ბ. 2023 წლის 1 დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

გ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საბოლოო საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;

დ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე არსებული სათბურების, თავისი სასაწყობე მეურნეობით (აგროპარკი) ამოქმედება და აგროპარკის არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება არანაკლებ საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე, სადაც დასაქმებულთა, არანაკლებ 80% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

ე. საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე დასაქმებულთა თანაფარდობის და სასოფლო-სამეურნეო პროფილის შენარჩუნება არანაკლებ 20 წლის ვადით, ასევე დასაშვებია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო (გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა და ა.შ) ნაგებობების განთავსება.

ვ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

ზ. პროფილის ვადით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ პერიოდულად ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება /გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა (რომლითაც უნდა დასტურდებოდეს ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება), ხოლო დადასტურებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გამყიდველისათვის წარდგენა.

შენიშვნა:

1. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.

2. აუქციონში გამარჯვებული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, იურიდიული პირის წესდება და სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან), რომლითაც უნდა დგინდებოდეს დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი – ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ის შესახებ. ამასთან, აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას ან/და თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს აუქციონის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ქონების პრივატიზებისას მყიდველი (მესაკუთრე) უფლებამოსილია ცალმხრივად ვადამდე შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება მეიჯარისადმი ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ 2 თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ამასთან, მეიჯარე ვალდებულია გამოათავისუფლოს ქონება მესაკუთრის წერილობით მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში.

საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ქონება ითვლება პრივატიზებულად  ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

[/toggle]

სასათბურე მეურნეობის 2046 წლამდე სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონი ბოლოს „აგროსერვისცენტრს“ ჰქონდა გამოცხადებული. აუქციონის საწყისი ფასი 188 240 ლარით, ხოლო წლიური საწყისი სარგებლობის საფასური 141 180 ლარით იყო განსაზღვრული.

ეს აუქციონი 2021 წლის 25 იანვარს უნდა დასრულებულიყო მაგრამ „აგროსერვისცენტრმა“ იგი შეწყვიტა.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს

რეგულირების სააგენტომ სამი თურქული წარმოების სამკურნალო მალამოს გაყიდვა შეაჩერა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დროებით შეაჩერა ქვეყანაში თიოკოლხიკოზიდის შემცველი და მისი კომბინირებული ადგილობრივი გამოყენების ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია.

საუბარია გარეგანი გამოყენების შემდეგ მალამოებზე – Tioflex-ზე, MUSCOMED CREAM-სა და Tiyokas Gel-ზე, რომელთა ძირითადი  დანიშნულებაც ფარმაკოლოგიურად კუნთოვანი რელაქსაციაა, ზომიერად ხსნის ან ამცირებს მტკივნეულ კუნთოვან სპაზმს, დაჭიმულობას.

მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია, რომლის  მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტომ კლინიკური შეფასების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 2021 წლის 12 და 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება თიოკოლხიკოზიდის შემცველი და მისი კომბინირებული ადგილობრივი გამოყენების პროდუქტების ბაზრიდან გამოთხოვის თაობაზე.

ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ფარმაკოკინეტიკური კვლევის შედეგებმა არ დაადასტურა თიოკოლხიკოზიდის კლინიკური გამოყენების ჩვენება. ეს კვლევა ტარდება იმის დასადგენად, თუ როგორ უმკლავდება ორგანიზმი კონკრეტულ ნივთიერებას.

ზემოთ ჩამოთვლილი მალამოების ფარმაკოლოგიურ მოქმედებაში ვკითხულობთ:„თიოკოლხიკოზიდი პრაქტიკულად არ აღწევს სისტემურ სისხლის ნაკადში და მისი დაახლოებით 70% ლოკალიზდება პრეპარატის დატანების ადგილას”;  “თიოკოლხიკოზიდი: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული კვლევისას, რეკომენდებული დოზით საცხის ან გელის გამოყენების შემდეგ თიოკოლხიკოზიდის რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით, პლაზმური კონცენტრაცია ზღვრული ნორმის ქვემოთ არის (LOQ) (3 ნგ/მლ).”

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მწარმოებელი ქვეყნის მიერ შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე, საქართველოში შეჩერდა თიოკოლხიკოზიდის შემცველი და მისი კომბინირებული ადგილობრივი გამოყენების ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია: Tioflex®,0,25% 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1 (სარეგისტრაციო ნომერი რ-029497); MUSCOMED CREAM, 0,25% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1 (სარეგისტრაციო ნომერი რ-021731) და Tiyokas Gel, (12,5მგ + 2,5მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1 (სარეგისტრაციო ნომერი რ-032862).

ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს დაევალათ, მოახდინონ მათი რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან გამოთხოვა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარდგენა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

რეგისტრაცია შეჩერებული და ბაზრიდან გამოთხოვილი ფარმაცევტული პროდუქტების შემდგომი განკარგვის შესახებ, სააგენტო იმსჯელებს საკითხზე თურქეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნების საფუძველზე.

ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლო დატოვა

17 წლის  ბელარუსი  მოთხილამურე, დარია დოლიდოვიჩი ოჯახთან ერთად სამშობლოდან წავიდა, მას შემდეგ, რაც პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა აუკრძალეს – წერს „როიტერსი“. 

ოჯახი მიიჩნევს, რომ აკრძალვის მიზეზი,  შესაძლოა, ბელარუსის პრეზიდენტის – ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი არჩევის წინააღმდეგ 2020 წელს გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა იყოს:

„დარიას ჩამოერთვა კონკურსებში მონაწილეობის უფლება და მე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ მან კარიერა ბელარუსში განაგრძოს. ჩვენ შეიძლება დაგვადანაშაულონ დემონსტრაციის გამართვაში და ოპოზიციური ლოზუნგების ძახილში, შემდეგ კი უბრალოდ დაგვაპატიმრონ..

სამი თვის წინ  ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საბოლოოდ დავტოვებდი ჩემს ქვეყანას“ – ამბობს სპორტსმენის მამა.

გასულ თვეში დარიამ განაცხადა, რომ ბელარუსის სათხილამურო კავშირმა გააუქმა მისი ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც საჭიროა სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. ამ გადაწყვეტილების მიზეზი FIS-ს არ განუმარტავს. 

დარია დოლიდოვიჩი და მისი ოჯახი ახლა პოლონეთში იმყოფებიან, სადაც მას ვარჯიშის გაგრძელების იმედი აქვს.

სპორტსმენს საშუალო სკოლა წელს უნდა დაემთავრებინა, თუმცა ჯერ უცნობია როგორ გააგრძელებს სწავლას სხვა ქვეყანაში:

„მე ვგეგმავდი სკოლის დამთავრებას ბელარუსში, მაგრამ ჩემმა მშობლებმა თქვეს, რომ აქ საცხოვრებლად გადმოვედით. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ. რამდენიმე თვით [ბელარუსში] დარჩენა და სკოლის დამთავრება უფრო ადვილი იქნებოდა“ – ამბობს მოთხილამურე.

დოლიდოვიჩის თქმით, მას სურს გააგრძელოს თხილამურებით სრიალი, რომ ოლიმპიური ოცნება აიხდინოს.

 

აჭარაში კოვიდის 1876 ახალი შემთხვევაა | 10 თებერვალი

10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1876 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში რეგიონში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 758 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკაში, 465 პირი კი – კოვიდსასტუმროში.

დღეს, 10 თებერვალს, საქართველოში კოვიდის  22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პოლიციამ ამოიღო 80 შეკვრა კოკაინი, დაკავებულია 4 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბრაზილიის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ფ.ს. თბილისში დააკავეს. აღნიშნული პირის დაკავება განხორციელდა გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამის წევრების თანამშრომლობით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ს.-ს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” სხეულით შემოჰქონდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” – წერს შსს.

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული ვ.ტ., 1988 წელს დაბადებული ა.ნ. და 1996 წელს დაბადებული ე.დ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ.

„პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 250 გრამამდე „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ფული ამოიღო. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკი“ – წერს შსს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

______________

ფოტოზე: კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან

ისწავლე, დასაქმდი, მიიღე 25% და 50%-იანი დაფინანსება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონალურ სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტის –  „ახალი შესაძლებლობებისთვის,“ განხორცილებას.

პროექტი ორიენტირებულია უნივერსიტეტის სტუდენტებზე და სწავლის პარალელურად მათ შესაძლებლობას აძლევს დასაქმდნენ პარტნიორ კომპანიაში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

ისწავლე, დასაქმდი, მიიღე დაფინანსება – ერთობლივი პროექტის მთავარი დაპირებაა. უერთიერთშეთანხმების საფუძველზე კი უშუალოდ დასაქმების პროცესი ორ შეთავაზებას მოიცავს:

დასაქმებას დეილის ფრონტ ოფისში მოლარესა და კონსულტანტის პოზიციებზე. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში: 

*სტუდენტი, რომელიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 6 თვის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 25%-იან დაფინანსებას.

*სტუდენტი, რომლიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 1 წლის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 50%-იან დაფინანსებას.

*დაინტერესებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სურვილის შემთხვევაში გაიარონ სტაჟირება ფილიალის ადმინისტრატორისა და მენეჯერის პოზიციებზე.

სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით დეილის ბექ ოფისში სხვადასხვა დეპარტამენტში; არსებული თანამშრომლების მხრიდან ცოდნის გაზიარებას, მენტორობას; საერთაშორისოდ აკრედიტირებული კურსების დაფინანსებას;

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ ერთობლივი პროექტი ორიენტირებულია სტუდენტებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა.

გაიაქტიურე სილქფესტით სასურველი ინტერნეტ მოცულობა და სასაუბრო წუთები შეუზღუდავად

10 თებერვალს სილქფესტი ინტერნეტ, სასაუბრო და შერეულ პირობებს 4 პაკეტად თავაზობს მობილური ქსელის მომხმარებლებს. 

მსურველს შეუძლია კომბინაციით *202#  მთელი თვით გაიაქტიუროს : 

  • 7 GB ინტერნეტი 7 ლარად
  • 700 წუთი სასაუბრო დრო 9 ლარად
  • 3 GB + 500 წუთი სასაუბრო დრო  10 ლარად
  • 30 GB ინტერნეტი  15 ლარად

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

სილქფესტის აქციები განკუთვნილია, სილქნეტის ქსელში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და საუკეთესო შეთავაზებაა მომხმარებლისთვის, მინიმალურ ფასად მაქსიმალურად მეტი სერვისი მიიღოს.

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

კოვიდის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა

10 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 68 392 ტესტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 32,82 პროცენტი.

კორონავირუსის გამო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 6 085 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 858 პირი.

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მიეცა

სახელმწიფის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, „ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე  რეგისტრირებულ  კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ  დღგ-ს ზედმეტობას,  32 796  ლარის ოდენობით.

გამოძიების პროცესში სრულადაა ანაზღაურებული ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი“-ამბობს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით

„ქვიშა-ხრეშს საქვირითე ადგილებშიც კი მოიპოვებენ“ – როგორ ნადგურდება მდინარეები და თევზები

საქართველოს დიდსა თუ პატარა მდინარეების აუზში ქვიშა-ხრეშის, ეგრეთ წოდებული ინერტული მასალების მოპოვება გახშირდა. ეს პროცესი ხშირად უკონტროლო და დაურეგულირებელია.

მდინარეების პირდაპირ ცოცხალი კალაპოტიდან ინერტული მასალების მოპოვება მავნედ ზემოქმედებს მდინარის ეკოსისტემაზე. გავლენა იმდენად დიდია, რომ ხშირად დაღრმავებული ფსკერის აღდგენას მდინარე ვეღარ ახერხებს პირვანდელი სახით.

როგორ ზიანდება მდინარის ეკოსისტემა ქვიშა-ხრეშის მოპოვებით, რამდენად სთხოვს სახელმწიფო, გარემოს დაცვის სააგენტო ინერტული მასალების მომპოვებლებს ელემენტარული გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას? რამდენად შესაძლებელია ზიანის გამოსწორება იმ შემთხვევაში, თუ ქვიშა-ხრეშის მოპოვება უახლოეს მომავალში დარეგულირდება საქართველოს მდინარეებში. ამ და სხვა კითხვებით იქთიოლოგ არჩილ გუჩმანიძეს მივმართეთ:

  • ქვიშა-ხრეშის მოპოვების უკონტროლო ინდუსტრია

საერთაშორისო გამოცდილებით ვიცით, რომ ქვიშა-ხრეშის უკონტროლო და დაურეგულირებელი მოპოვება მდინარეებში გამანადგურებლად მოქმედებს, ამავე მდინარეების ეკოსისტემაზე. მასშტაბები არის ძალიან ნეგატიური და დიდი.

საქართველოში მდინარის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვება უკონტროლო ინდუსტრიად იქცა. თუ განვითარებულ ქვეყნებში კარიერებიდან იღებენ ამ მასალას, საქართველოში პირდაპირ მდინარის ცოცხალ კვეთში მოიპოვებენ.

მსოფლიო პრაქტიკით მაღალი ბიოკონსერვაციული ღირებულების მდინარეებში ასეთი რამ არ ხდება, გამორიცხულია მდინარის ცოცხალ კვეთში ვინმეს ინერტული მასალის მოპოვების ნებართვა მისცენ. სამწუხაროდ, საქართველოს მდინარეები კლასიფიცირებულიც კი არ არის.

საქართველოს მდინარეების აუზები ჯერ არავის შეუფასებია და, შესაბამისად, მდინარეებთან დაკავშირებული არანაირი ნორმატიული ბაზა არ გვაქვს.

მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, იქთიოლოგებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვიშა-ხრეშის მოპოვების მავნებლობა და აღმაშფოთებელია, რომ სატოფო (საქვირითე) ადგილებზე ხდება მასალების მოპოვება.

  • სახეობები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ მდინარეებში ქვიშა-ხრეშის მოპოვებით

მდინარე რიონი მსოფლიოს იმ ხუთ მდინარეში შედის, სადაც ზუთხისებრი თევზები ბუნებრივად ქვირითობენ, ანუ სახეობის აღწარმოება ბუნებრივად მიმდინარეობს რიონში. სწორედ ამ ნიშნით მთელი მსოფლიოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდინარეა. ასეთ მდინარეშიც კი, ზუთხისებრთა საქვირითე არეალში მოიპოვებენ ქვიშა-ხრეშს, პირდაპირ მდინარის ცოცხალ კვეთში.

მდინარეში მხოლოდ თევზი არ ბინადრობს, ზიანი სხვა სახეობებსაც ადგებათ. ოთხ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ მდინარის მობინადრეები

  • პირველი ეს არის თევზები;
  • შემდეგ მოდის მიკროუხერხემლოები და მაკროუხერხემლოები: ჭიები, მოლუსკები, კიბოსნაირები, მწერები და ა.შ. მდინარეში ბევრი მწერია. მწერების ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი სახეობა მეტამორფოზს, ლავრობის პერიოდს მდინარეში გადის, მდინარეებს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა მწერებისთვის. მწერები კი თავის მხრივ დიდ როლს თამაშობენ ხმელეთის ეკოსისტემების ფუნქციონირებაში. ამ თვალსაზრისითაც აქვთ მდინარეებს უდიდესი მნიშვნელობა;
  • მდინარის ცოცხალ კვეთში ვხვდებით მცენარეებსა და წყალმცენარეებს. წყალმცენარეები აქ პერიფიტონის სახითაა წარმოდგენილი, მდინარის სანაპიროზე გამწვანებული ქვები თუ გინახავთ, სწორედ ესაა პერიფიტონი და მდინარის ორგანიზმებისა და ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი მიკროჰაბიტატია;
  • მდინარეში ბინადრობენ ასევე ასოცირებული ფაუნის წარმომადგენლები, ესენია: ქვეწარმავლები, ამფიბიები და ძუძუმწოვრებიც, მაგალითად საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული წავი, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და წითელ ნუსხაშია შეტანილი.

მარტივად რომ ვთქვათ, მდინარე არ არის მხოლოდ თევზი და ეს არის ორგანიზმების ძალიან რთული კომპლექსი.

ქვიშა-ხრეშს მოპოვებისას პირდაპირ ნადგურდება მდინარის ყველა ორგანიზმი. განსაკუთრებით ის ორგანიზმები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ: პერიფიტონი, მაკრო და მიკროუხერხემლოები. ნადგურდება თევზების ქვირითი, ლავრები. ექსკავატორის კალაპოტში მუშაობით პირდაპირ ირღვევა და ნადგურდება ჰაბიტატების მთელი ჯაჭვი.

  • როგორ მოქმედებს ინერტული მასალების უკონტროლოდ მოპოვება მდინარეზე

მდინარის კალაპოტში მასალების მოპოვებისას გარემოპირობები იცვლება არამხოლოდ ამოღების ადგილას, არამედ მდინარის ძალიან დიდ მონაკვეთზე დინების მიმართულებით. ექსკავატორი სადღაც თხრის და აღრმავებს ფსკერს, სადღაც პირიქით: ახვავებს მასალებს. შესაბამისად, მონაკვეთში დინება ზოგან ნელდება, სადღაც კი პირიქით, ჩქარდება.

სადღაც წარეცხვა იზრდება, სადღაც კი მცირდება ამ პროცესის გამო. გადაადგილდება მყარი ნატანები მდინარეში, იცვლება გრუნტების გრანულომეტრია და მდინარის მთლიანი სტრუქტურა.

მდინარეზე მავნე ზემოქმედება ინერტული მასალების ამოღების ადგილიდან მინიმუმ 500 მეტრზე ვრცელდება, ეს იმ შემთხვევაში სულ პატარა ექსკავატორმა ერთ პატარა ადგილზე რომ თხაროს ფსკერი.

ზოგადად კი, 500 მეტრი გავლენის მინიმალური დიაპაზონია, საშუალოდ 10 კილომეტრზე ზიანდება მდინარე ინერტული მასალების მოპოვებისას. წარმოიდგინეთ პატარა საქართველოს პატარა მდინარეები და ისიც თუ რა მალე შეიძლება დაზიანდეს ყველა მდინარე. შეხედეთ აჭარისწყალზე რამხელა კარიერებია, ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეული კილომეტრის ზიანიც კი ადგება მდინარეს.

  • როგორ მოქმედებს ტექნიკური ხმაური და ქვიშისგან მღვრიე წყალი თევზებზე

მდინარე ბუნებრივადაც იმღვრევა ძლიერი წვიმებისას, მაგრამ ბუნებრივი სიმღვრივე გლუვი, „დამუშავებული“ ნაწილაკებისგან შედგება, ტექნიკური სამუშაოებისგან წარმოქმნილი სიმღვრივის ნაწილაკები კი ბასრი და წახნაგებიანია.

ბუნებრივი და ხელოვნური სიმღვრივის ეს სხვაობა კარგად ჩანს მიკროსკოპშიც. ხელოვნური სიმღვრივის ნაწილაკების ბასრი წახნაგები აზიანებს თევზის ლაყუჩებს, სასუნთქ სისტემას და თვალებს, მხედველობას – თევზი უბრალოდ კვდება.

მავნე ზემოქმედება აქვს ხმაურს, რასაც ტრაქტორების, ექსკავატორების მუშაობა და ფსკერის თხრა იწვევს. ვიცით, რომ ხმაური ჰაერთან შედარებით, წყალში ოთხ-ნახევარჯერ, ხუთჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. თევზი განსაკუთრებით მგრძნობიარეა არაბუნებრივი ხმების მიმართ და ძლიერი, ტექნიკური ხმაურისას დანასუქობის, ასევე საქვირითე ტერიტორიებსაც კი ტოვებს.

ქვირითობის პერიოდიც რომ ჰქონდეს თევზს, მაინც განერიდება ხმაურიან ადგილებს.

ადრე როცა ზუთხისებრი თევზები მიგრირებდნენ მდინარე ვოლგაში, ურალსა თუ სხვა მდინარეებში, ქვირითობის პერიოდში ეკლესიებს ზარების რეკვა ეკრძალებოდათ თევზის ტოფობისთვის ხელი რომ არ შეეშალათ.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ქვიშა-ხრეშის მდინარის ცოცხალ კალაპოტში მოპოვებას ძალიან ერიდებიან. წარმოუდგენელია ევროპაში ე.წ. „დრაბილკა“, ანუ საფქვავი მდინარის პირას დაადგმევინონ ვინმეს.

სადაც ოდნავ მაინც ფიქრობენ გარემოსდაცვით საკითხებზე, იქ ამას არავინ დაუშვებს – არც სახელმწიფო და არც საზოგადოება.

ინერტული მასალის მსხვრევის, მტვრევის დროს დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საშინელი ხმა აქვს და გაუვალი მტვერი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მტვრის შესუნთქვა ადამიანისთვის.

ქარს და წვიმას ჩააქვს მდინარეში სამსხვრევებში დამუშავებული მასალის მტვერი, ისევ და ისევ ხელოვნური ნამტვრევები ხვდება დინებაში, მერე გადადის ზღვაში და ზიანდებიან თევზები.

ცუდი ის არის, რომ საქართველოში მდინარეები შესწავლილი და კლასიფიცირებული არ გვაქვს.

დიდი მდინარეც კი არ გვაქვს საქართველოში. რიონიც რომ ავიღოთ, საქართველოს ყველაზე დიდი მდინარე 330 კილომეტრია და საერთაშორისო კლასიფიკატორით პატარა მდინარედ ითვლება.

ჭოროხის სულ 21 კილომეტრია საქართველოს ფარგლებში. კინტრიშის თუ გურიის მდინარეებზე, ენგურზე, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში… ყველგან მოიპოვებენ ინერტულ მასალებს უკონტროლოდ, ველური წესით.

დიდი მასშტაბები მიიღო ამ უკანონობამ.

საქართველოში ქვიშა-ხრეშის მომპოვებელთა ლიცენზიები რომ გამოითხოვოთ, ნახავთ, რომ სახელმწიფო მათ არანაირ გარემოსდაცვით ვალდებულებას არ აკისრებს.

  • აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკა

თანამედროვე მსოფლიო გარემოსდაცვით პრინციპებს იცავს, ბუნებით რომ სარგებლობ ეს პასუხისმგებლობაა და სანაცვლოდ შენც უნდა გააკეთო რაღაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

შორს ნუ წავალთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები ვნახოთ რა დამოკიდებულება აქვთ მდინარეებთან: პირველ რიგში მდინარეების აუზებს აფასებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ განისაზღვრება მდინარებში საქვირითე და დანასუქობის მოედნები, გამოზამთრების ღრმულები და მიგრაციული დერეფნები, ტრანსლოკაციების დერეფნები.

გამოიყოფა თევზების ნორმალური არსებობისთვის მნიშვნელოვანი ადგილები, ანუ მდინარეში განსაზღვრულია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მაღალი მნიშვნელობის მქონე უბნები და შორიახლოსაც კი იზღუდება სხვადასხვა საქმიანობა. ცხადია, გამორიცხულია ასეთ ადგილებში ინერტული მასალების მოპოვება.

ჩვენთან მდინარები არ არის შეფასებული. ისიც კი არ ვიცით, ინერტული მასალების მოპოვების ნებართვას რომ გავცემთ, საქვირითე ადგილია თევზებისთვის ეს, იქნებ მიგრაციული დერეფანია, იქნებ იზამთრებს იქ თევზი… ყველაფერი უნდა მოხდეს შეფასების საფუძველზე.

ცხადია, არსებობს მდინარესთან ინერტული მასალების მოპოვების მაგალითები უცხოეთში, მაგრამ მდინარის ცოცხალ კვეთში ამას არავინ დაუშვებს, უიშვიათესი შემთხვევაა.

ქვიშა-ხრეშს ევროპაში კარიერული წესით მოიპოვებენ. ჩვენთან ასე მოპოვებული ცოტა უფრო ძვირია და აძვირებს სამშენებლო მასალებს. ამიტომ იაფად რომ მოიპოვონ და დიდი მოგება დარჩეთ, სწირავენ ბუნებას, მდინარეს, თევზებს, ჰაერს და ეკოსისტემას, მდიდრდებიან გარემოს ხარჯზე.

ეს ველური და მტაცებლური დამოკიდებულება აუცილებლად შემოგვიბრუნდება ცუდად დღეს თუ არა ხვალ მაინც.

მინიმუმ ის ხომ მაინც შეგვიძლია ქვის სამტვრევები მოვაშოროთ მდინარეს და დავავალდებულოთ ინვესტორი, სამტვრევსა და მდინარეს შორის ტრანშეა, არხი მოაწყოს. იქ დაგროვდება მტვერი, ნამსხვრევი და არ მოხვდება მდინარეში. მეპატრონე კი ამოიღებს ამ ქვიშას და ჩვეულებრივად გაყიდის, მაგრამ ვერც თავად ხვდებიან ამას და არც სახელმწიფო ავალდებულებს არაფერს.

  • შეუძლია თუ არა მდინარეს თვითაღდგენა

ზიანის მასშტაბზეა დამოკიდებული აღდგება თუ არა მდინარე. თუ ჭრილობა ღრმაა, თვითაღდგენა გამორიცხულია. თუ ამოღება შეწყდება მდინარის ეკოსისტემაზე მავნე ზემოქმედება შეჩერდება მდგომარეობა აღარ გაუარესდება.

მაგრამ თუ საქვირითეები და მნიშვნელოვანი ადგილები გადათხრილია, ვეღარასდროს აღდგება ისე, რომ ამ ადგილებში კვლავ ინტენსიური ქვირითობა და დანასუქობა დაიწყონ თევზებმა. თევზების გადათხრილი სამიგრაციო დერეფანი რომ თავიდან ჩამოყალიბდეს, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება და საერთოდაც რამდენადაა შესაძლებელი საეჭვოა. თუმცა საქართველოში ბევრი მდინარეა, სადაც ფსკერი ძალიან ღრმად არაა ამოთხრილი და ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ მდინარეები.

ონური, ტაოელი ქართველი – „საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას გული მიჩქარდება“

ონურ სარიკაია თურქეთში მცხოვრები ქართველია ტაოდან, ართვინის სოფელ ქობაქიდან. 29 წლის ონური ჯერ კიდევ ლიცეუმის მოსწავლე იყო, როცა პირველად ნახა საქართველო. ქართულად ძალიან კარგად საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ტაოელ ქართველებს ენა ნელ-ნელა ავიწყდებათ და ტაოს დიალექტსაც მალე გაქრობა ელის.

„ტაოში ჯერ ცოცხალია ქართული ენა – ტაოს დიალექტი და ხალხი ერთმანეთს ქართულად ესაუბრება, მაგრამ სოფლიდან ახალგაზრდები ნელ-ნელა მიდიან იქ, სადაც ქართულად საუბარი არ უწევთ და ენაც ავიწყდებათ. ბებია-ბაბუებივით კარგად ვერ საუბრობენ, თუმცა ცოტათი ყველა ტაოელს ესმის ენა.

ტაოს ქართული ალბათ მოკვდება, რადგან ყოველი მომდევნო თაობა ნაკლებად საუბრობს ქართულად, მე გამონაკლისი ვარ. შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ საკმაოდ კარგად ვსაუბრობ“, – ამბობს ონურ სარიკაია.

ონური

ონური ხელოვნების ისტორიკოსია, ახლა ქალაქ იალოვაში ცხოვრობს, 6 წელია, რაც ბიზანტიური პერიოდის ერთ-ერთ არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს.

იგი ანსამბლ ,,ქაფდაღის“ წევრია და ქართულ ხალხურ სიმღერებს პროფესიონალურად ასრულებს.

„ქართული სიმღერა ტაოში ვისწავლე ბებია-ბაბუისგან, თუმცა სტამბოლში რომ წავედი, თურქეთში ქართული ფოლკლორის დიდი პროფესიონალი, იბერია ოზქან მელაშვილი გავიცანი და პროფესიონალურად მან მასწავლა მრავალხმიანი, პოლიფონიური ქართული სიმღერა.

მერე ანსამბლ „ქავთასში“ შევედი და დღემდე ვმღერი. 2011 წლიდან დავიწყე ქართული ხალხური სიმღერების პროფესიონალურად სწავლა. მარტივი არ ყოფილა, მაგრამ როგორღაც ვისწავლე ქართული ხალხური სიმღერა.

ჩემი წინაპრები ტაოელები არიან. 500 წლის წინ მოექცა ეს ტერიტორია თურქეთის შემადგენლობაში, ეს დიდი დროა. ქართულის ტაოს დიალექტი სულ მესმოდა ბებო-ბაბუებისგან და მეც ვლაპარაკობდი, მაგრამ ქართული სალიტერატურო ენა 14 წლისამ გავიგონე პირველად, როცა მეცნიერები და ტურისტები ჩამოდიოდნენ ტაოში.

ენის სწავლაში ძალიან დამეხმარა ტარიელ ფუტკარაძე და როზეტა გუჯეჯიანი, ორივე ტაოში გავიცანი და ამის შემდეგ გამოჩნდა სურვილი მესწავლა კარგად მშობლიური ენა, ფოლკლორი, სიმღერა…“ – გვითხრა ონურმა.

ონურ სარიკაიას ფოლკლორული ანსამბლი

იგი ამბობს, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს და წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის რამდენიმე დღით, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა.

„რამდენჯერაც არ უნდა ჩამოვიდე საქართველოში, ძალიან ვღელავ და გული მიჩქარდება.

პირველად 2009 წელს ვნახე საქართველო. ბავშვობაშივე მეუბნებოდნენ ტაოში, რომ ეს იყო ქვეყანა საოცარი ფოლკლორით და აუცილებლად უნდა მენახა.

პირველი ჩამოსვლისას დაგეგმილი მქონდა, რომ სადმე ქართული ხალხური სიმღერის კონცერტს უნდა დავსწრებოდი აუცილებლად და ძეგლები უნდა მენახა: სიონი, სამება და ა.შ. ხელოვნების ისტორია ადრეული წლებიდანვე მაინტერესებდა.

ონურ სარიკაია ტაოში, ოთხთას მონასტრის ნაშთებთან

რთული იყო ქართულის სწავლა, მაგრამ პრაქტიკა დამეხმარა, საქართველოდან ჩამოსულ ტურისტებთან და მეცნიერებთან კონტაქტით ვისწავლე. თან ვიცოდი, ტაოს დიალექტი საფუძველი უკვე მქონდა. ეს განსხვავებული დიალექტია, მას დავაშენე ჩემი ცოდნა და შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ ვსაუბრობ.

ახლა სამაგისტრო თემაზე ვმუშაობ, ქართული ხელოვნება მაინტერესებს და ჩემი თემაც ტაო-კლარჯეთის ხელნაწერებზეა.

ბებია და ბაბუა ძალიან კარგი მოქართულეები იყვნენ, მაგრამ როცა ეს თაობა წავა ენა ნელ-ნელა დაიკარგება. ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა, უკეთ ვისწავლე“, – გვითხრა ონურმა.

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

„ჩვენი კორპუსის მთლიანი ეზოს ქვემოთ შამბოა მოწყობილი. სამწუხაროდ, კანალიზაციის სისტემა ისევ არ გვაქვს,“ – ამბობს ბათუმში, ანგისის დასახლებაში მცხოვრები ბეგლარ შალიკაშვილი და მესამე სართულის აივნიდან მრავალსართულიანი კორპუსის ეზოსკენ გვახედებს. „ეზო მოპირკეთებულია, ქვემოდან კი კანალიზაცია ადგილზე რჩება“, – გვიხსნის ბეგლარი.

ეს კორპუსი არაა ერთადერთი ანგისის და ადლიის დასახლებაში, წლების წინ ბათუმს შეერთებულ ტერიტორიაზე – ახალი ბულვარიდან ფაქტობრივად ორი ფეხის ნაბიჯზე, სადაც ასეულობით ოჯახი მრავალსართულიან კორპუსებში კანალიზაციის სისტემის გარეშე ცხოვრობს. აქ ნებისმიერი გეტყვით, რომ დაპირების აღარ სჯერათ, რადგან წლებია ატყუებენ.

არც ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს აქვს კონკრეტული პასუხი, როდის იქნება საკანალიზაციო სისტემა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. ეს ის უბნებია, სადაც წინა არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა, მაგრამ 2 აპრილს ისევ არჩევნებზე მიდიან, რადგან არჩეული წევრი – ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

ამ დასახლებაში ჯერ კიდევ შეგიძლიათ ნახოთ ორსართულიანი ბათუმი, თუკი მდინარე მეჯინისწყალს გამოუყვებით ქალაქისკენ, მარტივად საგრძნობია, როგორ იკარგება ახალ ბულვართან მიახლოებისთანავე მწვანე ეზოები, მანდარინისა და ლიმონის ბაღები, მყუდრო აივნები და პატარა ქუჩები. აქ უკვე ორსართულიანი სახლები კორპუსებმა ჩაანაცვლა.

ბეგლარ შალიკაშვილი
მარჯვენა კორპუსში უკვე 3 წელია ცხოვრობენ ოჯახები. გვერდით და ირგვლივ სხვა კორპუსები შენდება
ამ კორპუსის კანალიზაცია ეზოს ქვეშ მოწყობილი ე.წ. შამბოში რჩება. კანალიზაციის სხვა სისტემა ამ დასახლებაში ჯერ კიდევ არ არსებობს.

ბეგლარ შალიკაშვილი ადლიის სკოლასთან მისვლამდე იმ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს, რომელიც ამ დასახლებაში პირველად აშენდა.

„ვიდრე ვიყიდდი აქ ბინას, ვიცოდი, რომ მოეწყობოდა შამბო. მერე ცენტრალურზე დაერთდებაო, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. როდის შეასრულებენ დაპირებას, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ეს უკვე პოლიტიკაა,“ – გვიყვება ბეგლარ შალიკაშვილი. მისი თქმით, კორპუსში საგრძნობი არაა შამბოში დარჩენილი კანალიზაციის სუნი, თუმცა ვინც იცის, რომ კანალიზაცია იქ დგას და არსად წასულა, ეს უსიამოვნო შეგრძნებაა.

ადამიანებმა ასევე არ იციან, რამდენად უსაფრთხოა და რამდენად ბინძურდება ჰაერი იმის გამო, რომ კანალიზაცია ადგილზე რჩება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დასახლებაში არც სასმელი წყლის სისტემაა – საკანალიზაციო ჭების და შამბოების გვერდით არის საქაჩი სისტემა და ჭა, საიდანაც მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება.

„სულ 96 ოჯახია, მაგრამ ნახევარი ჯერ არ ცხოვრობს, ზოგი გაქირავებულია… არ ვიცი, როგორ აისახება ეს ჰაერის ხარისხზე. ფაქტია, რომ არ არის კარგი, მაგრამ დეტალები არ ვიცი… მე უკვე 3 წელია აქ ვცხოვრობ, ამ პერიოდში „შამბოს“ გაწმენდა არ დასჭირვებია“, – გვითხრა ბეგლარ შალიკაშვილმა და აივნიდან მანდარინის ბაღებისკენაც როცა გადაგვახედა, დანანებით დასძინა, ეს მწვანე ხედი, სამწუხაროდ, მალე აღარ მექნებაო – ბულვარის მიმართულებით ერთდროულად რამდენიმე ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

დაახლოებით იგივე გვითხრეს ამ კორპუსის  სხვა მცხოვრებლებმაც, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ კანალიზაციის სისტემის არარსებობის შესახებ არც კი იცის, რადგან ბინა იქირავეს და ამ საკითხით არ დაინტერესებულან.

ეს 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია კანალიზაციის სისტემის გარეშე. ფანჯრიდან ჩანს, რამდენი ახალი კორპუსი შენდება ირგვლივ
ცხადად ჩანს, ახალ მშენებლობებზე ანგისის დასახლებაში არც უსაფრთხოების ნორმებს იცავენ – მშენებლებს შესაბამისად არ აცვიათ, მშენებარე სართულზე არც უსაფრთხოების ღობეა მოწყობილი.

„მე პიონერი ვიყავი, ვინც ამ დასახლებაში ეს კორპუსი ააშენა და შამბოც სპეციალისტების ჩართულობით მოვაწყვეთ. ეს იყო 2018 წელს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „იუ თუს“ მესაკუთრე იუსუფ თურმანიძე. მას ასევე ვკითხეთ, არსებობს თუ არა რაიმე სახის დასკვნა, რაც დაადასტურებს იმას, რომ ამ ფორმით შამბოს მოწყობა არის უსაფრთხო და ეს არ აისახება ნეგატიურად ადამიანების ჯანმრთელობაზე.

„ასეთი დასკვნა არ მაქვს, მაგრამ ვიდრე კორპუსის აშენებას დავიწყებდი, სპეციალისტებს მოვამზადებინე საპროექტო ნახაზში შამბოც. შამბოს აქვს რამდენიმე კამერა, ერთი კამერიდან გადადის ფეკალური მასა მეორეში და ასე შემდეგ, სულ 4 – 5 კამერაა. ფაქტია, რომ სუნი გარეთ არ გამოდის… წყლის ჭა მეორე მხარესაა. ამის დასკვნა მაქვს, რომ წყლის ხარისხი კარგია და ამას კავშირი არ აქვს შამბოსთან,“ – გვითხრა იუსუფ თურმანიძემ.

ამ დასახლებაში კვადრატული მეტრი ბინა, ახალ საცხოვრებელ კორპუსში, საშუალოდ, 450 – 500 ამერიკულ დოლარად იყიდება.

ბიზნესმენი იუსუფ თურმანიძე კი განმარტავს, რომ მეორე ობიექტზე აღარ აქვს გათვალისწინებული შამბოს მოწყობა.

„იქ აღარ მომიწყვია შამბო, არც სხვებს აქვთ. ვინც ახლა აშენებს, იმედი გვაქვს, რომ გაკეთდება დასრულებამდე და დავაერთებთ ცენტრალურ სისტემას,“ – დასძინა იუსუფ თურმანიძემ.

„დაერთებულია უკვე მდინარეს, ნახეთ, მზეა და რამდენი მილია მიერთებული მეჯინისწყალს,“ – გვითხრა რამდენიმე მოქალაქემ ანგისის დასახლებაში, ვისაც ვინაობის გამხელა არ სურთ. მათ გვითხრეს, რომ ამ დრომდე მშენებლობის ახალ პოლიგონზე შემორჩენილი კერძო სახლების სარფიანად გაყიდვა სურთ და „პრობლემები არ უნდათ“.

ანგისელების თქმით, მდინარე მეჯინისწყალთან ახლოს მდებარე მშენებარე კორპუსებს ე.წ. შამბოები არ აქვთ და ახლაც მშენებლობაზე გამოყენებული წყლები პირდაპირ უერთდება ბათუმის ახალ ბულვართან რამდენიმე მეტრით დაშორებულ მდინარე მეჯინისწყალს.

მდინარე მეჯინისწყალი, ანგისის დასახლება

მაგალითად, კომპანია „GVG“ ერთ-ერთია, რომელიც მდინარისპირას მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერებმა კომენტარზე უარი გვითხრეს. თუმცა გასაუბრების დროს აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში კანალიზაციის ცენტრალური სისტემის მოწყობას ელიან, ვიდრე მშენებლობა დასრულდება.

„65 წელია აქ ვარ და კანალიზაცია არ გვქონია არასდროს, მარა მახსოვს, მაგ მდინარე მეჯინისწყალში ბაღანა რომ ვიყავი, ვბანაობდით, ვინ იკადრებდა კანალიზაციის მიერთებას, ახლა ყველაფერია დაერთებული,“ – გვიყვება დავით არძენაძე. ის გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე კერძო, ორსართულიან სახლში ცხოვრობს.

დავით არძენაძე

დავით არძენაძის თქმით, ქალაქს მიერთების შემდეგ ამ ადამიანებისთვის ცხოვრება გაუმჯობესების ნაცვლად დამძიმდა, რადგან ინფრასტრუქტურას არავინ მიხედა, რამდენიმე მესაკუთრემ კი, კორპუსი ააშენა და სანიაღვრესთან ერთად კანალიზაციის მილიც პირდაპირ მდინარეს მიუერთა.

„ბოლოს რომ გამოვიძახეთ მანქანა, 120 ლარი გამოგვართვა,“ – გვიხსნის ანგისის დასახლების კიდევ ერთი მცხოვრები თენგიზ ევგენიძე რამდენად ხშირად უწევთ საკანალიზაციო ჭების დასუფთავება, – „ერთ კერძო სახლს სჭირდება ერთი მანქანა და ამხელა კორპუსი რომ ამოქაჩავო, ერთი მანქანა არაფრით არ გეყოფა, არ ვიცი, რას შვრებიან…,“ – ამბობს ის.

„ვინ რას ამოწმებს საერთოდ?“ – კითხულობს დავით არძენაძე და კატეგორიულად ითხოვს იქვე ახლოს მდებარე, მდინარე ჭოროხის პრობლემის შესახებაც დავწეროთ:

„ნაგავსაყრელი და სუნი ერთია. მეორეა ის, რომ ჭოროხის შესართავთან, მაქ სათევზაოდ დავდივარ მე, ასამდე დიდ საბურავს წვავენ ყოველდღე და ნამწვი ედება ყველაფერს, ჯართის ბიზნესიაო, ასე მითხრეს, ერთხელაც არ მინახავს იქ მე ეკოლოგიის მანქანა.

ამ კანალიზაციასაც ყველა მთავრობა გვპირდება, ახლა პანდემიააო და მთლად გაჩერდნენ, რა ვიცი,“ – ხელი ჩაიქნია დავით არძენაძემ და გზა განაგრძო.

ანგისის დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს ვკითხეთ, მათი აზრით, რამდენად სწორად ნაწილდება პრიორიტეტები, როცა, მაგალითად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში 8 მილიონი იხარჯება ქვაფენილების აყრისა და ასფალტის ხელახლა დაგებისთვის, როცა მათ დასახლებაში კანალიზაციის სისტემაც კი არ აქვთ?

„სასმელი წყალი ძლივს შემოვიდა, მაგრამ მხოლოდ ამ ქუჩაზეა,“ – ამბობს თენგიზ ევგენიძე და ხელით გვანიშნებს, რამდენიმე მეტრში რომ ყვითლად შეღებილი სახლი ჩანს, იმის იქით აღარც სასმელი წყალიაო.

„მინდა დავიჯერო მერიის, მაგრამ რამდენად დამაჯერებელია, ვერ გეტყვით. ძალიან ცუდ დღეში ვართ,“ – გვითხრა თენგიზ ევგენიძემ.

თენგიზ ევგენიძე

„ამდენი კორპუსი რადგან შენდება, ახლა იმედია მაინც გააკეთებენ კანალიზაციას,“ – დაპირების შესრულების მოლოდინი ამ არგუმენტით აქვს, მაგალითად, დავით ბერიძეს. მისი აზრით, არასწორია, როცა მერია ახლა ქვაფენილს ასფალტით ანაცვლებს.

„ერთსა და იმავე ადგილზე არ უნდა იხარჯებოდეს ამდენი ფული. ერთხელ უნდა გააკეთო და ხარისხიანად. ხალხს უნდა მისცე იმის საშუალება, რომ აგირჩიონ,“ – დასძინა დავით ბერიძემ.

ქუჩა ანგისის დასახლებაში
კიდევ ერთი კორპუსი, სადაც კანალიზაციის ბედი გაურკვეველია
მწვანე ეზოებს კორპუსები ანაცვლებს
ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენებდა ადლიის სკოლის გვერდითაც, არც აქ არის კანალიზაციის სისტემა

მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსების გარდა, რამდენიმე 4 და 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში უკვე ცხოვრობენ ოჯახები. აქაც საკანალიზაციო თხრილებია მოწყობილი, რაც მოსახლეობის თქმით, პერიოდულად იტუმბება.

ამ საცხოვრებელ კორპუსში ყველა ოჯახი ცხოვრობს. აქაც საკანალიზაციო ჭაა მოწყობილი, როგორც, მაგალითად, კერძო სახლებში

კიდევ ერთი კორპუსის ბოლო სართულიდან ვუყურებთ ანგისის და ადლიის დასახლებას. ღიად მხოლოდ მთების ხედია დარჩენილი, თუმცა ორი ახალი საცხოვრებელი კორპუსი აქეთაც შენდება.

მთის ხედი ანგისის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან
ახალი საცხოვრებელი კორპუსები ანგისის და ადლიის დასახლებაში

არათუ ადლისა და ანგისაში, პირდაპირ პლაჟზე აშენებულ ამ კომპანიაშიც ვერ გვითხრეს, როდის ექნებათ კანალიზაციის სისტემა საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ბინები უკვე იყიდება. კომენტარზე უარი გვითხრეს, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ სამი დიდი კორპუსის გვერდით მოაწყვეს ე.წ. შამბო და კანალიზაციის სისტემა არც აქ აქვთ.

კანალიზაციის სისტემა არც ამ კორპუსებშია, რომლებიც პლაჟზე ააშენეს, აეროპორტთან ახლოს

ვინ მიიღებს წელს „ოსკარს“ – ნომინანტების სია

2022 წლის „ოსკარის“ ნომინანტების ვინაობა უკვე ცნობილია.

რეჟისორ ჯეინ კემპიონის ვესტერნი ბენედიქტ კამბერბეჩის მონაწილეობით – „ძაღლის ძალა” [The Power of the Dog] წლევანდელი ოსკარის დაფაზე 12 ნომინაციით ლიდერობს.

ფავორიტებში შემდეგია დენის ვილნევის ფილმი „დიუნი” [Dune], რომელიც 10 ნომინაციაშია წარდგენილი, შემდეგ მოდის კენეტ ბრანას „ბელფასტი“ [Belfast] და სტივენ სპილბერგის „ვესთსაიდური ამბავი“ [West Side Story], რომლებიც შვიდ-შვიდ ნომინაციაში არიან წარდგენილი.

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 27 მარტს გაიმართება.

გთავაზობთ ძირითადი ჯილდოების ნომინანტების სიას:

საუკეთესო ფილმი
  • „ბელფასტი“
  • CODA [სმენადაქვეითებული მშობლების შვილი]
  • „არ აიხედო“
  • „მართე ჩემი მანქანა“
  • დიუნი“
  • „მეფე რიჩარდი“
  • „ძირტკბილას პიცა“
  • „კოშმარების ხეივანი“
  • „ძაღლის ძალა“
  • „ვესთსაიდური ამბავი“
საუკეთესო მსახიობი კაცი
  • ხავიერ ბარდემი, “იყო რიკარდო”
  • ბენედიქტ კამბერბეტჩი, “ძაღლის ძალა”
  • ენდრიუ გარფილდი, “ტიკ, ტიკ… ბუმ!”
  • უილ სმიტი, “მეფე რიჩარდი”
  • დენზელ ვაშინგტონი, “მაკბეტის ტრაგედია”
საუკეთესო მსახიობი ქალი
  • ჯესიკა ჩესტეინი, “ტემი ფეის თვალები”
  • ოლივია კოლმანი, “დაკარგული ქალიშვილი”
  • პენელოპე კრუსი, “პარალელური დედები”
  • ნიკოლ კიდმანი, “იყო რიკარდო”
  • კრისტენ სტიუარტი, “სპენსერი”
საუკეთესო რეჟისორი
  • რიუსუკე ჰამაგუჩი, “მართე ჩემი მანქანა”
  • კენეტ ბრანა, “ბელფასტი”
  • პოლ თომას ანდერსონი, “ძირტკბილას პიცა”
  • ჯეინ კემპიონი, “ძაღლის ძალა”
  • სტივენ სპილბერგი, “ვესთსაიდური ამბავი”
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
  • „ენკანტო“
  • „გაქცევა“
  • „ლუკა“
  • „მიტჩელები რობოტების წინააღმდეგ“
  • „რაია და უკანასკნელი დრაკონი“
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
  • „დიუნი“
  • „თავისუფალი კაცი“
  • „სიკვდილის დრო არ არის“
  • „შანგ-ჩი და ათი ბეჭდის ლეგენდა“
  • „სპაიდერმენი – სახლისკენ გზა არ არის“
ნომინანტების სრულ სია იხილეთ ბმულზე.

„მინდა ჩემს შვილიშვილებს უთხრან, ეს ბაბუაშენმა გააკეთაო“ – ხის ოსტატი ხულოდან

ჟორა კოჩალიძე 72 წლის დურგალია, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთიდან. ჟორას ხისგან ნივთების დამზადება მეტწილად ბაბუისგან უსწავლია, თუმცა ის ყველაფერს ხელით აკეთებდა, ჟორამ კი ხის საჩარხი დაზგები ააწყო.

დურგლის თქმით, თავიდან ფიქრობდა, რომ ხის დამუშავების სწავლა აუცილებელი იყო მისთვის, რათა მისი წინაპრების საქმიანობა გაეგრძელებინა, მაგრამ როცა ხესთან შეხება ყოველდღიურად დაიწყო და შეუყვარდა, მიხვდა, რომ ხეზე მუშაობა ამ საქმის მიმართ გაჩენილი უდიდესი სიყვარულის გამო უნდოდა.

როცა ცოლი მოიყვანა და შვილები გაუჩნდა, სხვადასხვა საქმეს მოჰკიდა ხელი, რათა ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. ბოლოს მაინც ხეზე მუშაობას დაუბრუნდა და დღემდე ხის ერთგული რჩება. ხის ოსტატს განსაკუთრებით უყვარს წიფლის, ნაძვის, კაკლისა და წაბლის ხეები.

„სკოლაში ჭადრაკს ვსწავლობდით. ჭადრაკის გაკვეთილი მე და ჩემს კლასელებსაც განსაკუთრებით გვაინტერესებდა და გვიყვარდა. სახლში არ გვქონდა ჭადრაკი, მე და ჩემს ძმას კი ძალიან გვინდოდა ჭადრაკი სახლშიც გვეთამაშა, უკეთ რომ გვესწავლა. დიდხანს ვფიქრობდით რა გვექნა. ბოლოს გადავწყვიტე ჭადრაკის ფიგურები ხისგან დამემზადებინა. ეს პატარა გადაწყვეტილება არ იყო მაშინ ჩემთვის, ხეს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი კარგად – მასალას, რომელზეც მუშაობ, უნდა გრძნობდე.

ხის პატარა ჩარხზე გამოვჩარხე ჭადრაკის ქვები, მხოლოდ ცხენის გაკეთება გამიჭირდა, ფიგურა საბოლოოდ ხელით დავამუშავე, დაფა დავხაზეთ და კარგადაც ვისწავლეთ თამაში. ჭადრაკის ოლიმპიადებზეც კი დავიწყეთ სიარული.

დურგალი ჟორა 72 წლისაა. მას მუშაობა არც ერთი დღით არ შეუწყვეტია

იცით  რა ეტაპზე ვარ ახლა? მივხვდი, რომ  წისქვილის გაკეთებაც აუცილებლად უნდა მომესწრო. წისქვილს ბაბუაჩემის მამა აკეთებდა, ბოლო პერიოდია მხოლოდ წისქვილზე ვმუშაობ, დიდი ყურადღებით ვეკიდები წისქვილის ქვის თლას, რომელსაც რამდენიმე დღეში დავასრულებ და ჩემს გაკეთებულ წისქვილზე სიმინდის დაფქვაც შესაძლებელი იქნება.

შეიძლება ჩემმა შვილიშვილებმა წისქვილი არც ამუშაონ, მაგრამ უნდა ჰქონდეთ, წისქვილში დაფქული მჭადის ფქვილი სხვანაირად გემრიელია. ამ წისქვილს ისე დავდგამ, რომ მეზობლებმაც თავისუფლად გამოიყენონ, როცა დასჭირდებათ“, – ამბობს ჟორა.

სკოლის ასაკში ჟორა ხის თხილამურებს აკეთებდა თანატოლებისთვის, რადგან ეს იყო ბავშვების ერთადერთი გასართობი გრძელ და თოვლიან ზამთარში. მერე  შვილებისთვის დაიწყო თხილამურების კეთება.

„ახლა, როცა მეგობრებს ვხვდები, იმ დროს ვიხსენებთ, როცა ხე ფასობდა. ახლა ხის თლა, მისთვის ფორმის მიცემა, აღარ აინტერესებთ, მოვლენ – „ეს გამიკეთე“, „ის გამიკეთე“ და დამთავრდა. ყველას ვეუბნები, მოდით, ისწავლეთ, მე ხომ ყოველთვის არ ვიქნები, დავბერდი, მაგრამ არა, არ ინტერესდებიან.

დღევანდელი ახალგაზრდები მხოლოდ მობილურში იხედებიან“, – ამბობს ხის ოსტატი.

დურგლის თქმით, შეუძლებელია მისი გაკეთებული ნივთების რაოდენობის დათვლა. ამბობს, რომ თუ ხის ნივთები კარგი პატრონის ხელშია და არ სველდება, რამდენიმე საუკუნეს შეიძლება გაუძლოს.

სწორედ ამიტომ, ნივთებს, რომლებსაც ხისგან აკეთებს, საკუთარ ინიციალებს აწერს. უნდა წლების შემდეგ მისი სახელი და გვარი ამოიკითხონ და დაინტერესდნენ, თუ ვინ იყო ოსტატი ჟორა.

ჟორა კოჩალიძე თავის საამქროში

„მინდა ჩემს შვილიშვილებს ვინმემ უთხრას – ეს ნივთი თურმე ბაბუაშენს გაუკეთებია, ის ნივთი ბაბუაშენს გამოუჩარხიაო. ამ ქვეყანაზე სხვა რა უნდა დატოვო ან გააკეთო?!“, – ამბობს ის.

ჟორა საყვარელი საქმის კეთებით მეუღლის გულის მოგებასაც ახერხებდა – ცოლს იმ ნივთებს უმზადებდა, რომელსაც მოისურვებდა ხოლმე. თანდათან ავეჯის კეთებაზეც გადავიდა, დროთა განმავლობაში კი ისე დახელოვნდა, ბევრმა თანასოფლელმა ქალიშვილის მზითვისთვის ავეჯის კეთებაც კი მას მიანდო.

ხესთან ურთიერთობაზე შეყვარებული ჟორაც აკეთებდა კარადებს, საწოლებს, ტუმბოებს, კარებს, ფანჯრებს და სხვა ნივთებს.

ჟორა გვიყვება, რომ ახალგაზრდობაში სახელოსნოში შედარებით ხშირად მუშაობდა და  ყველაზე მეტად აკვნების გაკეთება უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ აკვნის დამზადებას ყველა რთულ და საპასუხისმგებლო საქმედ მიიჩნევს.

„აკვნები შვილიშვილებისთვის და მეზობლის შვილებისთვის დიდი მონდომებით გამოვჩარხე.  ბევრმა ჩემი დამზადებული ხის აკვნიდან აიდგა ფეხი.

ხანდახან, რომ მივდივარ მეზობლებთან სტუმრად და ჩემ გაკეთებულ ნივთებს ვხედავ, მათ შორის აკვნებსაც, მიკვირს, ამდენი როგორ გავაკეთე-მეთქი. ძალიან მიხარია, რომ დღემდე აქვთ ოჯახებს ჩემი გაკეთებული ნივთები სახლში, უვლიან, იმის მიუხედავად, რომ ძველად გაკეთებული ხის ნივთები მოდიდანაა გადავარდნილი“, – ამბობს ჟორა კოჩალიძე

დურგალი ამბობს, რომ ხეზე მუშაობა მისთვის შემოსავლის წყარო არასდროს ყოფილა, რასაც აკეთებს მხოლოდ იმ მოტივით, რომ უყვარს ხე და ხისთვის ფორმის მიცემის პროცესში ფიქრობს და იხსენებს ახალგაზრდობას. მეზობლები, როცა რაიმე ნივთის გაკეთებას ან შეკეთებას სთხოვენ, პატივისცემის ნიშნად ხანდახან ფულსაც ჩუქნიან ხოლმე, მაგრამ ამბობს, რომ თავად არასდროს მიუნიჭებია მისი ამა თუ იმ ნივთისთვის კონკრეტული ღირებულება.

„ოცნების“ დემონტაჟი შეიძლება დაიწყოს ბათუმიდან – არმაზ ახლედიანი 2 აპრილის არჩევნებზე

2 აპრილს, ზუსტად 51 დღეში, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ხელახალი არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც არჩეული დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტის წევრს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

  • ბატონო არმაზ, 2 აპრილის არჩევნები ბათუმის საკრებულოში ფაქტობრივად გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. „ოცნებამმაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს, დაასახელა რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თქვენი აზრით, მმართველმა პარტიამ ის რატომ აარჩია

„ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ბათუმში. დარწმუნებული ვარ, კანდიდატურა შეარჩიეს იმ ნიშნით, რომ მას ჰქონდეს შანსი გამარჯვების. მე არ ვიცნობ რამაზ ჯინჭარაძეს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ „ოცნება“ არ მოერიდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, უფრო მეტიც, ის ახლა არაფერს არ მოერიდება, რადგან კარგად ხვდება რა შეიძლება დაკარგოს.

  • რა შანსი აქვს ოპოზიციას ამ ოლქის მოსაგებად? ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას კანდიდატმა ამ ოლქში 1400-ზე მეტი ხმა მიიღო.

ოპოზიციას, რა თქმა უნდა, აქვს შანსი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბათუმელების იმ ნაწილმა, რომლებიც ამ ოლქში ცხოვრობენ, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გვინდა თუ არა ბათუმში ერთპარტიული მმართველობა, აჯობებდა თუ არა ბათუმისთვის კოალიციური მმართველობა. ეს არის უმთავრესი კითხვა.

შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, ამის გააზრებით უნდა გააკეთოს ყველა ამომრჩეველმა არჩევანი. ყველამ, ვინც აქამდე არჩევანი ვერ გააკეთა, ვერ ჩამოყალიბდა, ვინც ორჭოფობდა.

ვფიქრობ, არა კონკრეტულ პარტიულ ორგანიზაციას, არამედ მრავალპარტიულ კოალიციურ მმართველობას უნდა დაუჭირონ მხარი ბათუმში. ეს იქნებოდა შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი ქალაქისთვის და არა მხოლოდ ბათუმისთვის.

  • პირველადი ინფორმაციით, ოპოზიციის კანდიდატი შესაძლოა იყოს ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე. ამასთან, ენმ-ის განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მაპროვოცირებელი მიზეზი გახდა ის ზეწოლა, რომელსაც ხელისუფლება მასზე ახდენდა. ის, რომ საკრებულოს გარდაცვლილი წევრის შვილი შეიძლება გახდეს კანდიდატი, რამდენად იმუშავებს ოპოზიციის სასარგებლოდ

ნუგზარ ფუტკარაძის ბურუსით მოცული გარდაცვალება კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ უსამართლო სახელმწიფოში სიმართლის მიღწევა ძალიან რთულია. თითქმის შეუძლებელია, მაგრამ საერთო მონდომებით, საზოგადოების საერთო მტკიცე ნებით, ეს მაინც შესაძლებელია. შეიძლება უფრო გვიან, მაგრამ შედეგი დგება. რა თქმა უნდა, პიროვნულ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში, როგორც ჩვენია.

ვერაფერს გეტყვით მისი შვილის თაობაზე, არ ვიცნობ, მით უფრო, არც არის ეს ამბავი დადასტურებული, მაგრამ კვლავ გავიმეორებ იმას, რისიც მე მწამს, ვინც არ უნდა იყოს ოპოზიციის კანდიდატი და დარწმუნებული ვარ ოპოზიცია დიდი პასუხისმგებლობით შეარჩევს შესაბამის კანდიდატურას:

ჩვენ, მოქალაქეებმა, ვისაც ხმის უფლება გვექნება ამ არჩევნების დროს, უნდა გავიაზროთ, რომ არა უბრალოდ ერთი ოლქის მაჟორიტარს ვირჩევთ ბათუმის საკრებულოში, არამედ ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს ბათუმის მომავალს; იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ კოალიციური მმართველობის შედეგად ბათუმში დასრულდეს კორუფციული გარიგებები, ერთპარტიული მმართველობა, რომელიც შედეგად გვაძლევს ბიზნესგარიგებებს, ბათუმში, ბათუმელების ინტერესების გაუთვალისწინებლობას, დამახინჯებულ ბულვარს, დამახინჯებულ და განადგურებულ ქალაქის ისტორიულ ნაწილს და ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქალაქი გამოვიდეს აი, ამ ჩაკეტილი წრიდან, სადაც იმყოფება მრავალი ათწლეულია.

ამის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს ოპოზიციამ კანდიდატი და სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა დაირაზმოს საზოგადოება მის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, ასეც მოხდება.

  • როგორ საარჩევნო გარემოს ელოდებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ოლქი არის გადამწყვეტი, როგორც „ოცნებისთვის“, ისე ოპოზიციისთვის?

სამწუხაროდ, მე არ გამოვრიცხავ „ოცნების“ მხრიდან ისეთი მიუღებელი, უკანონო მეთოდების გამოყენებას, რაც შესაძლოა მას არც კი გამოუყენებია აქამდე. სწორედ იმიტომ, რომ ბათუმის საკრებულოს დაკარგვა „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მწარე ახალი რეალობა იქნება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ – კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება და ოპოზიციონერები ვიყოთ უიმედოდ. პირიქით, უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი – მონდომებით, მტკიცე ძალისხმევით, შესაძლებელია ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და იმის ჩვენება, რომ „ოცნების“ დემონტაჟი შესაძლებელია დაიწყოს რეგიონებიდან.

ბათუმი ამ მხრივ შეიძლება აღმოჩნდეს საუკეთესო დასაწყისი საერთო ეროვნული მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყებად, რომელიც შედეგად მოგვიტანს სამართლებრივ სახელმწიფოს. მე არ მგონია ვინმეს მოეჩვენოს ეს შეფასება გადაჭარბებულად. ერთი არჩევნების შედეგად ამხელა პროცესი შეიძლება დაიწყოს რეგიონსა და ქვეყანაში.

სწორედ ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ მე ამ საარჩევნო პროცესს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ ბათუმის მოსაგებად, ბათუმში სამართლიანობის დამკვიდრების ნანატრი პროცესის დასაწყებად. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კოალიციური მმართველობით. ასე რომ „ოცნების“ ხრიკებს ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ ჩვენი სიმტკიცე და სიმართლე. ასეთ შემთხვევაში გამარჯვება ახლოს იქნება.

პირდაპირ გეტყვით – უნდა ველოდოთ ყველაფერს. „ოცნება“ იკადრებს უკადრებელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავყაროთ ფარ-ხმალი.

უნდა შევძლოთ და ამ წარმოუდგენელი წნეხის, უსამართლობის, ადმინისტრაციული და ფულადი რესურსის უპრეცედენტო გამოყენების ფონზე, მაინც შევძლოთ გამარჯვება. ამ გამარჯვებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ბათუმის მომავალი. აი, ეს დევს სასწორზე. შესაბამისად, ამის გაცნობიერებით და ამ პასუხისმგებლობით ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია ყველა პროგრესული ძალის გაერთიანება.

დარწმუნებული ვარ, ადამიანები არ შეშინდებიან და არ დაუთმობენ „ოცნებას“, ანუ არ დაუთმობენ კორუფციის შემდგომ აყვავებას ბათუმში, არ დაუთმობენ ვიწრო პარტიული ინტერესების გამარჯვებას ჩვენს ქალაქში. იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორზე, ვფიქრობ, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ბათუმის მომავალი, გადავდებთ ყველაფერს გვერდზე და შევძლებთ უპრეცედენტო მობილიზებას ამ გამარჯვების მისაღწევად.

  • პირადად თქვენ რას ელით, ვისი კანდიდატი მოიგებს 2 აპრილს არჩევნებს ბათუმში?

უპირველესად იმას გეტყვით, რომ ბათუმში კოალიციურმა მმართველობამ გაიმარჯვა. უბრალოდ, უსამართლო, ძალადობრივი სისტემის გამო ჩვენ კვლავ გვიწევს ახლა არჩევანის გაკეთება. კვლავ გვიწევს იმის დადასტურება, რაც ერთხელ უკვე დადასტურდა.

რა ვუყოთ, ამ მწარე რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით, მეტი სიმტკიცით, მეტი სიმართლით დავუპირისპირდეთ ამ მახინჯ სისტემას. ვფიქრობ, პასუხისმგებლობიან, ბათუმის ნორმალურ მომავალზე გულშემატკივარ მოქალაქეს არავითარი სხვა გზა, სხვა არჩევანი არ გააჩნია.

მახოს ისტორიული ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მახოს ერთ-ერთი ხიდის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. როგორც სააგენტოში გვეუბნებიან, ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, თუმცა რენდრის მიხედვით, რეაბილიტირებული ხიდი ძველისგან არსებითად განსხვავებული იქნება.

მახოს ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ. რენდერი

როგორც სააგენტოში გვითხრეს, ადრე არსებული ხიდისგან თითქმის არაფერია შემორჩენილი, „ქვის ბურჯიც წყალს წაუღია და ზემოდან არსებული კედლებიც ჩამოშლილია. ხიდი, ფაქტობრივად, თავიდან კეთდება“ – ამბობენ სააგენტოში.

სატენდერო თანხა 67 ათასი ლარია.

მახოს ხიდი დღეს, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება.

დოკუმენტაციის თანახმად, იგეგმება ხიდის საყრდენი კედლის გადაწყობა კირდუღაბის ახალ ხსნარზე [სისქე – 80 სმ], დაზიანებული- დაკარგული წყობის აღდგენა ქვით, ლითონის მოაჯირების დამაგრება და სხვა სამუშაოები.

სატენდერო განაცხადის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა პირმა, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე უნდა დაასრულოს. პირობების დარღვევის შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების 0.1 პროცენტის ოდენობით.

________________________

მთავარი ფოტო: მახოს ხიდის ამჟამინდელი მდგომარეობა და რეაბილიტირებული ხიდი რენდერის მიხედვით.

ბერლინის კინოფესტივალზე ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმს აჩვენებენ

წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში 3 ქართულ მხატვრულ ფილმს აჩვენებენ.

ევროპულ კინობაზარზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრი წარადგენს:

  • „სამურაი დასვენების ჟამს“ – რეჟისორი ლევან თუთბერიძე (საქართველო) 13 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 3;
  • „მშვენიერი ელენე“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი) 14 თებერვალი, 15:00 საათი, Virtual Cinema 23;
  • „ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ – რეჟისორი ზაზა ხალვაში (საქართველო, ლიეტუვა) 15 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 6.

„ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პანდემიის გამო ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. 10-17 თებერვალს გაიმართება ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა – European Film Market, ხოლო 10-20 თებერვალს ბერლინის კინოთეატრებში შედგება ფესტივალის ყველა ტრადიციული სექციის, მათ შორის საერთაშორისო კონკურსის, პანორამის, ფორუმის, რეტროსპექტივის ფილმების ჩვენება.

ასევე, წელს, ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციაში სახელწოდებით – „წიგნები ბერლინალეზე“, რომელიც სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების სამომავლო ეკრანიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, 10 წიგნს შორის წარმოდგენილი იქნება ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი „უკმარი სინათლე“.

___________________

ფოტოზე: ზაზა ხალვაში ფილმზე მუშაობისას. კადრი ეროვნული კინოცენტრის ვიდეომასალიდან.

ომიკრონით დაღუპულთა რიცხვი იზრდება, ჩვენ ჯერ კიდევ შუა პანდემიაში ვართ – ჯანმო

ომიკრონის გამო პანდემიის მრუდზე წინა პიკის შემთხვევები თითქმის ბრტყელი ჩანს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ შუა პანდემიაში ვიმყოფებით – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი მარია ვან კერჰოვი. ამის შესახებ მან ჯანმოს ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელია დაღუპულთა რიცხვი, რომელიც ზედიზედ მეხუთე კვირაა იზრდება და ის ფაქტი, რომ ჩვენ ვხედავთ სიკვდილიანობის ზრდას, როდესაც გვაქვს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები, როდესაც ვაქცინების 10 მილიარდზე მეტი დოზა იქნა გაკეთებული დღემდე, გვაქვს დიაგნოსტიკის მეთოდები, რომელიც მუშაობს, შეგვიძლია პაციენტებს აღმოვუჩინოთ კლინიკური დახმარება და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ეს ტრაგედიაზე მეტია“ – ამბობს ის.

ნახევარი მილიონი ადამიანის შესახებ ვიცით, რომ გარდაიცვალნენ ომიკრონით. თუმცა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შესაძლოა კოვიდისგან დაიღუპნენ, გაცილებით მაღალია, რადგან ჩვენ არ გვაქვს ადეკვატური ანგარიშგების სისტემები მთელ მსოფლიოში“.

„გასაოცარია ინფიცირების ახალი შემთხვევების მზარდი რაოდენობა და ის მკვეთრი პიკის შემთხვევები, რასაც ვხედავთ. ჩვენ ფაქტობრივად მოგვიწია ეპიდემიის იმ მრუდის თავიდან დახაზვა, რომელსაც აქამდე ვიყენებდით, რადგან ომიკრონის ფონზე წინა პიკის შემთხვევების მრუდები თითქმის ბრტყელი ჩანს” – თქვა მარია ვან კერჰოვმა. მისივე განმარტებით, ახალი შემთხვევების რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია და ვინაიდან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დამდგარა ომიკრონის პიკი, შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, სად ვიმყოფებით პროცესში – ჩვენ ჯერ კიდევ შუა პანდემიაში ვართ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყოველდღე ვუახლოვდებით მის დასასრულს, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მივალთ იქ“ – აღნიშნა მან.

ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის განმარტებით, ამ მომენტისთვის მსოფლიოში დომინანტურია ომიკრონის ვარიანტი, რომელიც ჯანმოს მიერ აღიარებული უკვე მეხუთე მაღალი რისკის ვარიანტია.

„მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ვირუსი კვლავ აგრძელებს განვითარებას. არსებობს ომიკრონის ოთხი ქვეშტამი, რომლებსაც თვალყურს ვადევნებთ და ვხედავთ მის მუდმივ განვითარებას მიმდინარე დროში… მაგალითად, უკვე ვიცით, რომ ომიკრონი უფრო გადამდებია და მეტი უნარი აქვს იმუნიტეტისგან თავის არიდების, ვიდრე სხვა მაღალი რისკის შტამებს.  ასევე ვიცით, რომ ომიკრონის ვარიანტი B2 უფრო ადვილად გადამდებია, ვიდრე B1“ – ამბობს მარია ვან კერჰოვი.

მისი თქმით, აუცილებელია გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებლები, განსაკუთრებით რისკჯგუფის მოსახლეობაში:

„ყველა გადადებას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ უნდა შევამციროთ გადადების შემთხვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ არა მარტო ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებს, ასევე ვიხილავთ უფრო მეტ ადამიანს პოსტკოვიდური გართულებებით და მეტ შესაძლებლობებს კოვიდის ახალი ვარიანტების გაჩენისთვის. ასე, რომ ძალიან საშიშ სიტუაციაში ვართ ეს სამი წელია”.

ჯანმოს მიზანია 2022 წლის ივნისისთვის მსოფლიოში ვაქცინაციის მოცვამ შეადგინოს 70%.

ვინ შეიძლება იყოს მაძიებელი მასწავლებელი – ცვლილება კანონში

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა, რის მიხედვითაც ოფიციალურად განიმარტა, თუ ვინ შეიძლება იყოს მასწავლებლობის მაძიებელი.

მაძიებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი, ასევე, სახელოვნებო და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მინიმუმ ორი წელია მუშაობს.

ამასთან, მაძიებელი მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

მსგავსი ცვლილება, რომელიც მაძიებელი მასწავლებლის სტატუსს უკავშირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც შევიდა, რომლის მიხედვით, „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო პროფესიული განათლების მქონე პირს“.

აღნიშნულ ცვლილებამდე მაძიებელი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება არ შეეძლოთ, მაგალითად, პირებს, ვისაც პროფესიული სახელოვნებო განათლება ჰქონდათ.

ცვლილებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.

ვინ მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ხულოში

ხულოს  მერიაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის 25 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თენგიზ ტუნაძის ინფორმაციით, მათი წლიური ბიუჯეტი 22 ათასი ლარია და ის მხოლოდ ხელფასების დაფინანსებას მოიცავს.

„ბათუმელებმა“ განყოფილების მენეჯერს, თენგიზ ტუნაძეს ჰკითხა, სულ რამდენი შემთხვევა შეისწავლეს და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში.

მენეჯერის თქმით, გახსნიდან დღემდე განყოფილებას არც ერთი შეტყობინება არ მიუღია: „საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ ვიცი. განყოფილება ერთი წელია რაც მუშაობს, აქამდე მხოლოდ ბუკლეტების დარიგებით და ამ გზით ცნობიერების დონის ამაღლებით შემოვიფარგლებოდით. პრობლემა გვქონდა სოციალური მუშაკის გადამზადების.

ჩვენმა სოციალურმა მუშაკმა გადამზადება დეკემბერში დაასრულა, მანამდე არ გვქონდა უფლება სამუშაოდ გავსულიყავით. ალბათ ეს იყო შემაფერხებელი, რის გამოც ვერ ვაკეთებდით  საქმეს, რადგან სერტიფიცირებული სოციალური  მუშაკის გარეშე ჩვენი საქმე ნულს უდრის.

თვითმმართველობების ბაზაზე ბავშვზე ზრუნვის განყოფილების შექმნას ბავშვთა დაცვის კოდექსი ითვალისწინებს. ბავშვთა კოდექსის მიხედვით, 2020 წლის პირველი სექტემბრისთვის უნდა შექმნილიყო ბავშვზე ზრუნვის განყოფილება, მაგრამ ეს მაშინ ვერ მოხერხდა. ამ  მიმართულებით მუშაობა დაევალა ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. 25 დეკემბერს ეს სამსახური სრულად გადაკეთდა “ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდამჭერის განყოფილებად“.

თენგიზ ტუნაძის თქმით, ჯერჯერობით განყოფილებას სამი თანამშრომელი ჰყავს – ხელმძღვანელი, სოციალური მუშაკი და ინსპექტორი.

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მენეჯერის ხელფასი 1320 ლარია, ინსპექტორის – 990 ლარი, ხოლო სოციალური მუშაკის  – 605 ლარი.

ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, განყოფილებაში ვაკანსია უნდა გამოცხადდეს ფსიქოლოგისა და ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

თენგიზ ტუნაძის თქმით, რადგან სააგენტოს უკვე ჰყავს კვალიფიციური სოციალური მუშაკი, გეგმავენ აქტიურად შეუდგნენ მუშაობას, გავიდნენ სხვადასხვა თემსა და სოფელში, დაგეგმონ შეხვედრები სკოლებში და გააცნონ ხულოს მერიაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შესახებ.

ამ განყოფილების უკვე სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი, ასლან მგელაძეც ფიქრობს, რომ ახლა უკვე მეტი ბერკეტი აქვთ მოვალეობის შესასრულებლად.

„გადამზადება წინა წელს გავიარე და დავიწყე მუშაობა. სერტიფიკატი ჯერ არ მაქვს, ველოდები, ამ დღეებში უნდა იყოს, აქამდე მასწავლებელთა სახლიდან მქონდა მოწმობა, რომ ნამდვილად გავიარე კურსი და მაქვს უფლება სოციალურ მუშაკად ვიმუშაო.

ზოგადად, განყოფილება ახლა შეიქმნა, ძალიან ახალია და ძიების პროცესში ვართ. წელს აქტიურად ვაპირებთ მუშაობის დაწყებას“.

___

მთავარი ფოტო: თენგიზ ტუნაძე

დაიწყო ორგანიზაციების შერჩევა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამისთვის

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მიმღები ორგანიზაციების შერჩევა დაიწყო.

პროექტი იწვევს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადგილობრივ ორგანიზაციებს (არასამთავრობო, საჯარო, ბიზნესი) არასამთავრობო სექტორთან (LINKS ცენტრი) თანამშრომლობით ხელი შეუწყოს რეგიონში უმუშევრობის შემცირებას და ახალგაზრდების საჭირო პრაქტიკული უნარებით აღჭურვას.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში,  ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ შემდგომ პროფესიულ განვითარებას.

[checklist]

  • პროგრამის განხორციელების პერიოდი: მარტი 2022 – ივნისი 2023
  • თითოეული სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვიდან 11 თვემდე

[/checklist]

დაინტერესებულ ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა:

  • პროექტში ჩართულობის გზით გაზარდოს თავისი ცნობადობა რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით;
  • ჩამოაყალიბოს და გააძლიეროს პარტნიორული ურთიერთობები არასამთავრობო და საჯარო სექტორთან და  პროფესიულ სასწავლებლებთან;
  • მონაწილეობა მიიღოს პროექტის ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმებსა და სხვა აქტივობებში;
  • მიიღოს მონაწილეობა სტაჟიორის შერჩევის პროცესში;
  • გაუწიოს მენტორობა სტაჟიორს;
  • LINKS ცენტრთან თანამშრომლობით განიხილოს სტაჟიორი შემდგომი დასაქმების კანდიდატად.

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:

  • შევსებული ანკეტის ფორმა [იხილეთ ამ ბმულზე];
  • ცნობა, რომ ორგანიზაციას არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და არ მიმდინარეობს ორგანიზაციის ლიკვიდაცია.

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ijhbatumi2001@gmail.com არაუგვიანეს 2022 წლის 22 თებერვლის 18:00 საათისა.

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ „ორგანიზაციების შერჩევა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამისთვის”.

საკონტაქტო პირი:  ასლან ჭანიძე. მობ.: 593 30 71 55

პროგრამის შესახებ

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF), საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და პროექტის რეგიონული ცენტრების მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

პროგრამის მიზანი: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ახალგაზრდებს მისცეს ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა, რაც მათ  პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

თითოეულ რეგიონში სტაჟირებას გაივლის 15 ახალგაზრდა, რომელთაც პროექტის ფარგლებში წარმატებით გავლილი აქვთ ინგლისური ენის 6-თვიანი სასერტიფიკაციო კურსები, კომპიუტერული უნარების სასერტიფიკაციო პროგრამა, კარიერული კონსულტაცია, სამუშაოსთვის მზაობის კურსი და სამოქალაქო განათლების კურსი.

პროექტი სტაჟიორისთვის უზრუნველყოფს ყოველთვიურ დარიცხულ ანაზღაურებას (გადასახადების ჩათვლით) არაუმეტეს 162.00 (ას სამოცდაორი) ევროს ეკვივალენტისა ლარში, რომელსაც რეგიონული LINKS ცენტრი უხდის სტაჟიორს.


შერჩევას უზრუნველყოფს პროექტის რეგიონული LINKS ცენტრი პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია რეგიონული LINKS ცენტრი და შესაძლოა, რომ არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

თუ ბავშვი პირით სუნთქავს – რა უნდა ვიცოდეთ ადენოიდებზე

ადენოიდები, ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილი, გლანდებთან ერთად ლიმფური სისტემის ნაწილია, რომელსაც ბარიერული ფუნქცია აკისრია, ანუ სუნთქვისა და ყლაპვის დროს ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიებისა და ვირუსების ერთგვარ ხაფანგს წარმოადგენს. თუმცა ადენოიდები შესაძლოა თავად გახდნენ ინფექციის წყარო და იმდენად მოიმატონ ზომაში, რომ შეაფერხონ სუნთქვის პროცესი, რაც თავის მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა გართულებებს იწვევს.

ბავშვის ორგანიზმი ზრდასთან ერთად მიკრობებთან ბრძოლის სხვა მექანიზმებს გამოიმუშავებს, ადენოიდები კი, დაახლოებით 13 წლის ასაკიდან, ნელ-ნელა მოცულობაში შემცირებას იწყებს და თანდათანობით შემაერთებელი ქსოვილით ნაცვლდება.

როდის არის ადენოიდები საშიში და რატომ – ამ თემაზე ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე საუბრობს.

  • ბატონო ბეხრი, რა დროს არის ადენოიდები საშიში?

ადენოიდები 13 წლიდან ნელ-ნელა პატარავდება ზომაში და ზრდასრულობისას საერთოდ ქრება, თუმცა ის ყველა ბავშვს არ აწუხებს.

ადენოიდები ისეთ ადგილასაა ცხვირ-ხახაში, რომ შესაძლოა გადიდებისას ბავშვს სუნთქვაში ხელი შეუშალოს. ის აწვება ევსტაქის მილს, რომლის გამოც შუა ყურსა და ცხვირს შორის აერაცია აღარ არის, ხდება სითხის დაგროვება შუა ყურში და აქედან იწყება სმენის პრობლემები. ეს ასევე აფუჭებს ბავშვის თანკბილვას. შესაძლოა, მუდმივად პირით სუნთქვის გამო ფორმა შეიცვალოს პირის ღრუმ და ზედა ყბა გამოიწიოს წინ, რის გამოც ბავშვს უკვე სჭირდება ორთოდონტთან მკურნალობაც.

სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა ეს იწვევს ისეთ დაავადებებს როგორიცაა: ყურის ანთება, ექსუდატიური ოტიტები და სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია სმენის დაქვეითებასთან. შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები, ბრონქიტები, რაც ჩვენს რეგიონში ძალიან ხშირია.

ხანდახან ასთმურ მოვლენებთანაც შესაძლოა ჰქონდეს კავშირი, როცა ადენოიდები დიდი ხნის განმავლობაში უშლიან ბავშვს სუნთქვაში ხელს.

  • როგორ ამოვიცნოთ?

პირველი და მთავარი ნიშანი არის პირით სუნთქვა, დააკვირდით ბავშვს, თუ იგი უმეტესად სუნთქავს პირით, დღისითაც და ღამითაც, საჭიროა დროულად მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.

სუნთქვის გაძნელების მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმის შედეგად გამრუდებული ძგიდე, ალერგიული სურდოები, რაც ჩვენს რეგიონში ასევე ძალიან ხშირია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაკვირვება და დროულად კონსულტაცია ექიმთან.

გადიდებული ადენოიდების სხვა სიმპტომები Mayoclinic-ის მიხედვით:
  • ხვრინვა და ობსტრუქციული ძილის აპნოე (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება 10 წამზე მეტი ხნით);
  • ხმაურიანი სუნთქვა;
  • ხშირი ან ქრონიკული ყურის ინფექციები;
  • ხშირი ან ქრონიკული სინუსური ინფექციები;
  • ცუდი სუნი პირის ღრუდან. 
  • მკურნალობა როგორია?

ექიმთან გამოკვლევისას ხდება ადენოიდების ხარისხის დადგენა. თუ მათი ზომა ისეთია, რომ მთლიანად ფარავს ცხვირ-ხახას და საქმე გვაქვს მძიმე გართულებებთან, ასეთ შემთხვევაში ლოდინს აზრი არ აქვს, გასაკეთებელია ადენოიდექტომია, ადენოიდების ქირურგიული ამოკვეთა, თან რაც უფრო მალე – მით უკეთესი, რადგან ეს ბავშვისთვის დიდი შვებაა.

თუმცა ოპერაციული ჩარევა ყოველთვის არ არის საჭირო და მაგალითად, პირველი ხარისხის გადიდების დროს საკმარისია კონსერვატიული მკურნალობა.

ბავშვი რომ დღისითაც და ღამითაც პირით სუნთქავს, იზრდება რისკი გაციების, შუა ყურის ანთებების და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების, ამიტომაც ასეთი ბავშვებინ ხშირად ავადობენ.

ოპერაციები დღეს უკვე ნარკოზით კეთდება, უწინ არ იყო ამის საშუალება. ბავშვი ვერაფერს გრძნობს პროცედურისას, იღვიძებს და ორ საათში მშობელს მიჰყავს სახლში.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ეს ეხება მხოლოდ ადენოიდებს და არ ეხება გლანდების ოპერაციას, რადგან გლანდებისგან განსხვავებით ადენოიდები ერთგვარად რუდიმენტია ანუ ორგანო, რომელსაც ორგანიზმის ისტორიული განვითარების პროცესში დაკარგული აქვს პირვანდელი მნიშვნელობა.

კონკურსი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის

ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს შიდა კონკურსს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ხელშეწყობისათვის.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების  უზრუნველყოფა, ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით.

მიზანი: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ახალგაზრდებს მისცეს ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა, რაც მათ  პროფესიულ  განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

მონაწილეობის პირობები: სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ LINKS პროექტის ბენეფიციარებს, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი და წარმატებით მონაწილეობდნენ პროექტის ორ ან მეტ აქტივობაში (ინგლისური ენის კურსები, კომპიუტერული უნარების გაძლიერების პროგრამა, კარიერული კონსულტაცია, სამუშაოსთვის მზაობის კურსი, სამოქალაქო განათლების კურსი).

უპირატესობა მიენიჭებათ ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებულ, სოციალურად დაუცველ, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, ანაზღაურებადი სამუშაო გამოცდილებისა და განათლების არმქონე და სხვა მოწყვლად პირებს.

თითოეულ რეგიონში სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება სულ მცირე 15 ახალგაზრდას.

[checklist]

  • პროგრამის განხორციელების პერიოდი: მარტი 2022 – ივნისი 2023
  • თითოეული სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვიდან 11 თვემდე

[/checklist]

პროგრამაში მონაწილის ყოველთვიური დარიცხული ანაზღაურება (გადასახადების ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 162.00 (ას სამოცდაორ) ევროს ეკვივალენტს ლარში.

კონკურსში გამარჯვებულს შემდეგი ამოცანები ექნება განსახორციელებელი:

  • ყურადღებით გაეცნოს, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ჯეროვნად შეასრულოს მოვალეობები;
  • პერიოდულად წარმოადგინოს პროგრამითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმები და ანგარიშები რეგიონული LINKS ცენტრის დახმარებით.

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შევსებული ანკეტის ფორმა [იხილეთ ამ ბმულზე].

კონკურსის ფარგლებში დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ijhbatumi2001@gmail.com არაუგვიანეს 2022 წლის 22 თებერვლის 18:00 საათისა.

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ „კონკურსი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ხელშეწყობისათვის”.

საკონტაქტო პირი: სალომე ფუტკარაძე, მობ.: 591 95 03 95; ქეთი ადეიშვილი, მობ.: 592 59 24 24


კონკურსი ცხადდება პროექტის რეგიონული LINKS ცენტრის მიერ პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. კონკურსის ჩატარებაზე, საკონკურსო ტექსტის შინაარსსა და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია რეგიონული LINKS ცენტრი და შესაძლოა, რომ არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

 

თურნავა წავიდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ეკონომიკის მინისტრი გახდა

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი დატოვა. ამის შესახებ დღეს, 9 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრი ამჟამინდელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება.

„ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და მან ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა ამ სფეროში. მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. მას ასევე შეუნარჩუნდება ვიცე-პრემიერის პოსტიც“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ნათია თურნავას, მან ჟურნალისტებთან არ დააზუსტა, თუ სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა თურნავამ დასძინა, რომ ის სფეროს გამოცვლას აპირებს. „მაქვს სურვილი შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები, ვიხილვათ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, გავანდობ საზოგადოებას“-განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამ პოსტზე ღარიბაშვილმა ოთარ შამუგია წარადგინა. ღარიბაშვილის თქმით, შამუგია სოხუმიდანაა და ის ამ პოსტზე დანიშვნამდე დავითაშვილის მოადგილე იყო.

„ოთარი არის სოხუმიდან, დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, შემდეგ კი თავისი კეთილსინდისიერი შრომით მიაღწია მინისტრობას. 16 წელი იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა ეკონომიკის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ უახლოეს მომავალში“- განაცხადა ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.

მასწავლებელი ორ სკოლაში არ უნდა მუშაობდეს – ინტერვიუ სკოლის დირექტორთან

საქართველოში 60 ათასამდე მოქმედი მასწავლებელია. აქედან უმრავლესობამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, ზოგიერთი წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ფლობს, მცირე რაოდენობა კი მენტორი მასწავლებელი გახდა. იცვლება თუ არა სკოლებში სწავლის ხარისხი მასწავლებლის სტატუსის ზრდის პარალელურად? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №15 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე საუბრობს.

  • ქალბატონო ნინო, როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის სტატუსის ზრდა აისახა სწავლა-სწავლების ხარისხზე თუ ვერა?

მოდი ასე ვთქვათ, რა განაპირობებს მასწავლებლის სტატუსის ზრდას? – პირველი ის, რომ მასწავლებელი თავის საგნობრივ კომპეტენციას ადასტურებს საგნობრივი გამოცდით და შემდეგ ამაზეა მიბმული მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც პედაგოგმა უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ აიმაღლოს ან შეინარჩუნოს სტატუსი.

შესაბამისად, ყველაზე მეტად სწავლის ხარისხზე და შედეგებზე ზუსტად ეს აქტივობები აისახება. ამ აქტივობებით მიღებული შედეგებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს ეხება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას.

თუ მასწავლებელი სკოლის ხარისხის ჯგუფის მიერ ობიექტურად არის შეფასებული, გამოდის, რომ მასწავლებელი მართლა მუშაობს და ყველა აქტივობას ატარებს. თუმცა, სამწუხაროდ, იყო ისეთი შემთხვევებიც (და ეს სამინისტრომაც აღიარა), როცა მასწავლებელი ფურცელზე უფრო მეტს წერდა, ვიდრე ამას პრაქტიკაში აკეთებდა.

ვფიქრობ, რომ თავის დროზე ამ გამოცდებმა დიდი როლი შეასრულა, რადგან მასწავლებელი წახალისდა, სისტემაში მოაქცია თუნდაც მის მიერ განხორციელებული აქტივობები, რაღაც უფრო დაალაგა, დავარცხნა მასწავლებლის საქმიანობა, ძალიან ამაღლდა თანამშრომლობითი კულტურა, იხვეწებოდა გაკვეთილებიც, ბევრი ისეთი რამ კეთდებოდა, რაც მანამდე შესაძლოა აზრადაც არ მოსდიოდა მასწავლებელს, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი შესუსტდა.

  • როდის დაკარგა აქტუალობა ამ ყველაფერმა და რატომ?

ალბათ უფრო მაშინ, როცა კრედიტების შეგროვება დაიწყო. 1 კრედიტი, 2 კრედიტი, 7 კრედიტი… ვიღაცას მოტივაცია დაეკარგა, რადგან ფიქრობდა, რომ 10-კრედიტიანს 1-კრედიტიანები არ უნდა გატოლებოდა.

თავიდან ეს კრედიტები მასწავლებლის შეფასების ერთგვარი ინდიკატორი იყო. ამით მასწავლებლის სამოდელო გაკვეთილები ფასდებოდა, თუმცა ეს არ განსაზღვრავდა მასწავლებლის მთლიან საქმიანობას, უბრალოდ მასწავლებლის საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილის დემონსტრირება იყო.

  • მასწავლებელმა, რომელიც გამოცდაზე ვერ ადასტურებს კომპეტენციას ანუ ბარიერს ვერ ძლევს, როგორ ფიქრობთ, იცის თავისი საგანი?

ბევრი მიფიქრია მეც ამაზე. კარგი მასწავლებელი რას ნიშნავს? – ალბათ იმას, ვინც ბავშვებს უყვართ, სასწავლო თემშიც მოსწონთ და ვის კლასშიც სწავლა-სწავლების ხარისხი არის მაღალი, შედეგიანი.

შესაძლოა ვიღაც ტკბილად მოუბარი ენითაც გადიოდეს ფონს ადვილად, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზეა ეს უნარი მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ პედაგოგს კომპეტენცია არ აქვს, ეს დიდი პრობლემაა.

მეორე ამბავია უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაც, რადგან ისიც ხომ აძლევს გარკვეულ კვალიფიკაციას მასწავლებელს.

ასევე ხშირია გარკვეული ქილიკი გამოცდილი მასწავლებლების მიმართ – რატომ უჭირთ მათ კომპეტენციის დადასტურებაო. ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ეს კომპიუტერულ უნარებს უკავშირდება. რაღაც უნარები შესუსტებულია ასაკში, თუნდაც სწრაფად გააზრების უნარი და ასე შემდეგ, მეტია ემოციაც, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა მართლა ვერ ადასტურებენ კომპეტენციას.

მხოლოდ გამოცდა რომ იყოს კომპეტენციის დადასტურების კრიტერიუმი, ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ გამოცდას ახლავს ძალიან ბევრი აქტივობა, რომლებიც კავშირშია მასწავლებლის პროფესიული ხარისხის ზრდასთან და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან.

არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი აპროტესტებს რაღაც საკითხებს. მაგალითად, ამბობს ასეთ რამეს – რაში მჭირდება მე ზოგადი განათლების კანონის ცოდნა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას? შეიძლება გაკვეთილის ახსნის დროს არ გჭირდებოდეს კანონი, მაგრამ მასწავლებელმა მისი უფლებები ხომ უნდა იცოდეს.

  • კიდევ რას აპროტესტებენ მასწავლებლები, რა მიაჩნიათ ზედმეტად? 

მდგრადი განვითარების მიმართულებები, მაგალითად, მეწარმეობასთან, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული აქტივობები. ფიქრობენ, რომ ეს არ არის მათი საქმე. ვფიქრობ, ეს საკითხები ჯერ კიდევ არ არის კარგად ახსნილი მათთვის, თუ რატომ არის საჭირო ამ სფეროების შემოტანა სკოლაში.

ჩემი სკოლის მაგალითზე თუ ვიტყვი, ყველა სიახლეს ვაწვდი პედაგოგებს. დღეს სოციალური ქსელები და ბევრი სხვა პლატფორმაც გვაძლევს საშუალებას, რომ ბევრი სიახლე გავუზიაროთ ერთმანეთს. თვითონ მასწავლებელი რამდენად ინტერესდება ამით, ეს ცალკე ამბავია.

  • რატომ არ ინტერესდება?

დაბალია მოტივაცია. ბოლო ორი წელი პანდემიის გამო მართლა რთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ამას ოჯახური პრობლემებიც ემატება. მასწავლებელი მარტო სკოლით ხომ ვერ ცხოვრობს, ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

  • სკოლის მიღმა ცხოვრებაზეც მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, ბევრი მასწავლებელი რეპეტიტორობით არის დაკავებული. როგორ ფიქრობთ, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის მოსწავლეს რეპეტიტორი უნდა სჭირდებოდეს?

გაიზარდა უფროსი მასწავლებლების რაოდენობა, წამყვანის და მენტორის – ნაკლები ტემპით იზრდება. უფროსებმაც სხვადასხვა ფორმით მიიღეს ეს სტატუსები და ამიტომ ასე უცებ ვერ აისახება ეს ყველაფერი სწავლების ხარისხზე.

მეორე მხრივ, რეპეტიტორებზე მოთხოვნა მარტო მასწავლებლების პასუხისმგებლობა არ არის, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულების ამბავიცაა. სანამ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გაიზრდება და სანამ მშობელი და მოსწავლე არ მოსთხოვს მასწავლებელს „მასწავლე“, „მომეცი ცოდნა“, სხვანაირად არ შესუსტდება ეს ინსტიტუტი.

ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. ჩემი აზრით, კარგი მოსწავლე იყო სკოლაში, თუმცა როგორც ყველა ბავშვს ახასიათებს, ბოლომდე მაინც არ იხარჯებოდა. ამიტომ ემზადებიან დამატებით. გამოცდებს ჩემი შვილიც თავისუფლად ჩააბარებდა სკოლაში მიღებული ცოდნით, მაგრამ როცა მაღალი გრანტი გინდა მიიღო, მაინც ემზადები.

  • სკოლაში მიღებული ცოდნითაც ხომ უნდა შეძლოს გრანტის მოპოვება?

კი უნდა შეძლოს, მაგრამ ბავშვებშიც დაბალია მოტივაცია. არასათანადო მომზადება, არასათანადო ან არასწორი ჩართულობა მშობლების მხრიდან.

არასწორია, როცა მშობელს იბარებ და ეუბნები, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება და სთავაზობ, იქნებ ერთად შევძლოთ დახმარება. მშობელი ამბობს, რომ „მოვამზადებ“. მშობელი კი არ თანამშრომლობს მასწავლებელთან, არამედ გამოსავალს ხედავს რეპეტიტორში. მასწავლებლის მიმართ ნაკლები პრეტენზია აქვს.

  • რატომ აქვს ნაკლები პრეტენზია, საჯარო სკოლები ხომ მოქალაქეების ანუ ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, არ აქვთ მშობლებს იმის განცდა, რომ თავადვე აფინანსებენ მათი შვილების განათლებას და მეტი უნდა მოითხოვონ?

არა, არ აქვთ ეს განცდა. ამაზე ვსაუბრობ ზუსტად, რომ მოქალაქეობრივი ცნობიერება დაბალია. ზუსტადაც უნდა მოსთხოვონ სკოლას და მადლობაც უნდა გადაუხადონ მასწავლებელს, როცა ხედავენ, რომ სწორად მუშაობს.

  • მოსწავლეებს დაბალი მოტივაცია აქვთო – ამბობთ, რატომ, როგორ ფიქრობთ?

შეიძლება გაკვეთილის ფორმატი იყოს მათთვის უინტერესო, თუნდაც მერხების განლაგება იყოს უინტერესო მათთვის, შეიძლება მიწოდების ფორმა ან თემატიკა იყოს უინტერესო.

  • მასწავლებელს ამის შეცვლა არ შეუძლია კლასში?

ერთია ის, რომ ჩვენ ვამზადებთ მასწავლებლებს, ვასწავლით მეთოდიკას, ვაწვდით ლიტერატურას, მაგრამ პრაქტიკაში რამდენად იყენებს ამას მასწავლებელი სწორად, ამაზეა დამოკიდებული.

  • თქვენც ასწავლით ბავშვებს, რას ანიჭებთ უპირატესობას გაკვეთილზე? 

ყველაზე მეტად რასაც ვცდილობ, ეს განწყობის შექმნაა. მე არასდროს ვეუბნები მოსწავლეებს, რომ მათემატიკა ძალიან რთული საგანია. მე ვეუბნები, რომ ძალიან ხალისიანი საგანია. ბავშვებიც მპასუხობენ, რომ ეს იციან და ამით ხალისობენ კიდეც. მასწავლებლის შინაგანი დამოკიდებულება საგნის, გაკვეთილის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ უჭირთ განწყობის შექმნა ხშირად მასწავლებლებს – ამას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის სოციალური პრობლემა, რომელიც ზემოთაც ვახსენე, ზოგს შესაძლოა საკმარისი რესურსი არ ჰქონდეს, ტექნოლოგიებზე არ მიუწვდებოდეს ხელი და ასე შემდეგ.

დაწყებით საფეხურზე შესაძლოა უფრო ადვილი იყოს განწყობის შექმნა, შესაძლოა ფერადი ცარცი შეიტანო გაკვეთილზე და ამანაც გაახალისოს ბავშვი, მაგრამ მაღალ საფეხურზე ეს მარტივი არ არის.

  • განათლების მიზანი, როგორც ვამბობთ ხოლმე, კრიტიკულად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდაა, დღეს ახერხებს თუ ვერა ამას სკოლა?

ნაწილობრივ. ვერც იმას ვიტყვით, რომ არ ინდომებენ მასწავლებლები, მაგრამ ფაქტია, რომ ის შედეგი არ არის, რაც გვინდა.

პროფესიული ზრდა მუდმივი პროცესია და ის კავშირში უნდა იყოს სწავლების ხარისხთან. გარდა ამისა, მასწავლებელი არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გადამწვარი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მუშაობდეს ორ სკოლაში, რაც დღეს ძალიან ხშირია. ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად მასწავლებელი ოჯახის მარჩენალია და ხელფასი არ ჰყოფნის. ამიტომ სჭირდებათ ორ სკოლაში მუშაობა.

  • გამოდის, ისევ სოციალურ მდგომარეობასთან მიდის ყველაფერი?

მასწავლებელი არ არის მარტო გაკვეთილზე დაკავებული, გაკვეთილის მიღმა უწევს უამრავი ნაშრომის გასწორება, გაკვეთილის, რესურსის მომზადება, ბევრი სხვა რამის კეთება. ამ სიტუაციას, რა თქმა უნდა, მარტო ხელფასის ზრდა ვერ გამოასწორებს, რადგან ბევრია ისეთი მასწავლებელიც, რომელიც ნაკლებ თანხაზეც კარგად მუშაობს.

კავშირი, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ – „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“, – ეს რგოლები უნდა ამუშავდეს სხვანაირად.

მარტო მასწავლებელი ვერ დადებს სწავლის მაღალ შედეგს. აუცილებლად სჭირდება მშობლის მხარდაჭერა. ოჯახის, სკოლის და საზოგადოების ერთნაირი ხედვა, ერთნაირი დამოკიდებულებაა საჭირო ამისთვის. მარტო ერთი მხარე ვერაფერს გამოასწორებს.

სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის დროშა გამოფინა და ჰიმნი იმღერა

დღეს, 9 თებერვალს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა.

სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშის გამოფენა ითხოვა. დროშის გამოფენის პარალელურად გაისმა უკრაინის ჰიმნიც, რასაც სააკაშვილიც აჰყვა. ჰიმნის გაჟღერების დროს სასამართლო დარბაზში მყოფი ზოგიერთი პირი ფეხზე წამოდგა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მთავრობა „პუტინის ბოსტანში გადასვა“.

„როცა პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა ჩამოვიდა და ღარიბაშვილთან მოითხოვა შეხვედრა, ივანიშვილმა ღარიბაშვილი კოვიდით „დააავადა“, რომ მას არ შეხვედროდა. შემდეგ მოადგილეების დონეზეც კი ყველას კოვიდი დაემართა. ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში.

პრობლემა იმაშია, რომ ახლა ხდება ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ მიდის აქტიური ბორდერიზაცია და 200 კილომეტრის მიტაცება რუსეთის მიერ“- განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა მიმდინარეობს.

Exit mobile version