მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ომიკრონით დაღუპულთა რიცხვი იზრდება, ჩვენ ჯერ კიდევ შუა პანდემიაში ვართ – ჯანმო

09.02.2022
ომიკრონით დაღუპულთა რიცხვი იზრდება, ჩვენ ჯერ კიდევ შუა პანდემიაში ვართ – ჯანმო

ომიკრონის გამო პანდემიის მრუდზე წინა პიკის შემთხვევები თითქმის ბრტყელი ჩანს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ შუა პანდემიაში ვიმყოფებით – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი მარია ვან კერჰოვი. ამის შესახებ მან ჯანმოს ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელია დაღუპულთა რიცხვი, რომელიც ზედიზედ მეხუთე კვირაა იზრდება და ის ფაქტი, რომ ჩვენ ვხედავთ სიკვდილიანობის ზრდას, როდესაც გვაქვს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები, როდესაც ვაქცინების 10 მილიარდზე მეტი დოზა იქნა გაკეთებული დღემდე, გვაქვს დიაგნოსტიკის მეთოდები, რომელიც მუშაობს, შეგვიძლია პაციენტებს აღმოვუჩინოთ კლინიკური დახმარება და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ეს ტრაგედიაზე მეტია“ – ამბობს ის.

ნახევარი მილიონი ადამიანის შესახებ ვიცით, რომ გარდაიცვალნენ ომიკრონით. თუმცა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შესაძლოა კოვიდისგან დაიღუპნენ, გაცილებით მაღალია, რადგან ჩვენ არ გვაქვს ადეკვატური ანგარიშგების სისტემები მთელ მსოფლიოში“.

„გასაოცარია ინფიცირების ახალი შემთხვევების მზარდი რაოდენობა და ის მკვეთრი პიკის შემთხვევები, რასაც ვხედავთ. ჩვენ ფაქტობრივად მოგვიწია ეპიდემიის იმ მრუდის თავიდან დახაზვა, რომელსაც აქამდე ვიყენებდით, რადგან ომიკრონის ფონზე წინა პიკის შემთხვევების მრუდები თითქმის ბრტყელი ჩანს” – თქვა მარია ვან კერჰოვმა. მისივე განმარტებით, ახალი შემთხვევების რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია და ვინაიდან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დამდგარა ომიკრონის პიკი, შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, სად ვიმყოფებით პროცესში – ჩვენ ჯერ კიდევ შუა პანდემიაში ვართ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყოველდღე ვუახლოვდებით მის დასასრულს, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მივალთ იქ“ – აღნიშნა მან.

ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის განმარტებით, ამ მომენტისთვის მსოფლიოში დომინანტურია ომიკრონის ვარიანტი, რომელიც ჯანმოს მიერ აღიარებული უკვე მეხუთე მაღალი რისკის ვარიანტია.

„მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ვირუსი კვლავ აგრძელებს განვითარებას. არსებობს ომიკრონის ოთხი ქვეშტამი, რომლებსაც თვალყურს ვადევნებთ და ვხედავთ მის მუდმივ განვითარებას მიმდინარე დროში… მაგალითად, უკვე ვიცით, რომ ომიკრონი უფრო გადამდებია და მეტი უნარი აქვს იმუნიტეტისგან თავის არიდების, ვიდრე სხვა მაღალი რისკის შტამებს.  ასევე ვიცით, რომ ომიკრონის ვარიანტი B2 უფრო ადვილად გადამდებია, ვიდრე B1“ – ამბობს მარია ვან კერჰოვი.

მისი თქმით, აუცილებელია გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებლები, განსაკუთრებით რისკჯგუფის მოსახლეობაში:

„ყველა გადადებას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ უნდა შევამციროთ გადადების შემთხვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ არა მარტო ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებს, ასევე ვიხილავთ უფრო მეტ ადამიანს პოსტკოვიდური გართულებებით და მეტ შესაძლებლობებს კოვიდის ახალი ვარიანტების გაჩენისთვის. ასე, რომ ძალიან საშიშ სიტუაციაში ვართ ეს სამი წელია”.

ჯანმოს მიზანია 2022 წლის ივნისისთვის მსოფლიოში ვაქცინაციის მოცვამ შეადგინოს 70%.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: