მთავარი,სიახლეები

ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლო დატოვა

10.02.2022 • 1389
ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლო დატოვა

17 წლის  ბელარუსი  მოთხილამურე, დარია დოლიდოვიჩი ოჯახთან ერთად სამშობლოდან წავიდა, მას შემდეგ, რაც პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა აუკრძალეს – წერს „როიტერსი“. 

ოჯახი მიიჩნევს, რომ აკრძალვის მიზეზი,  შესაძლოა, ბელარუსის პრეზიდენტის – ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი არჩევის წინააღმდეგ 2020 წელს გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა იყოს:

„დარიას ჩამოერთვა კონკურსებში მონაწილეობის უფლება და მე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ მან კარიერა ბელარუსში განაგრძოს. ჩვენ შეიძლება დაგვადანაშაულონ დემონსტრაციის გამართვაში და ოპოზიციური ლოზუნგების ძახილში, შემდეგ კი უბრალოდ დაგვაპატიმრონ..

სამი თვის წინ  ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საბოლოოდ დავტოვებდი ჩემს ქვეყანას“ – ამბობს სპორტსმენის მამა.

გასულ თვეში დარიამ განაცხადა, რომ ბელარუსის სათხილამურო კავშირმა გააუქმა მისი ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც საჭიროა სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. ამ გადაწყვეტილების მიზეზი FIS-ს არ განუმარტავს. 

დარია დოლიდოვიჩი და მისი ოჯახი ახლა პოლონეთში იმყოფებიან, სადაც მას ვარჯიშის გაგრძელების იმედი აქვს.

სპორტსმენს საშუალო სკოლა წელს უნდა დაემთავრებინა, თუმცა ჯერ უცნობია როგორ გააგრძელებს სწავლას სხვა ქვეყანაში:

„მე ვგეგმავდი სკოლის დამთავრებას ბელარუსში, მაგრამ ჩემმა მშობლებმა თქვეს, რომ აქ საცხოვრებლად გადმოვედით. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ. რამდენიმე თვით [ბელარუსში] დარჩენა და სკოლის დამთავრება უფრო ადვილი იქნებოდა“ – ამბობს მოთხილამურე.

დოლიდოვიჩის თქმით, მას სურს გააგრძელოს თხილამურებით სრიალი, რომ ოლიმპიური ოცნება აიხდინოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: