მთავარი,სიახლეები

„აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში

10.02.2022 • 1887
„აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში

ბათუმში, ფიროსმანის №1-ში მდებარე შენობა ავარიულია, აქ მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ სახლში ცხოვრება უსაფრთხო არ არის. 

2 თებერვალს ამ მისამართზე, ნატალია კახიძის საცხოვრებელ ბინაში, ჭერიდან ბეტონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა. 

აქ გვითხრეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახლში სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, მსგავსი რამ ხდება. შენობა ფიროსმანის პირველ ნომერში ორსართულიანია და სამი სადარბაზო აქვს. შენობაში 300-მდე კვ.მ ფართობი სახელმწიფო საკუთრებაშია. 

ნატალია კახიძის ბინის ოთახებში, კედლებზე, ღრმა ბზარები შეინიშნება.  

„ყველაფერი საშიშია აქ, სახურავი, კედლები… ყოველ გაწვიმებაზე წყალი ჩამოგვდის, სხვენში ჭურჭელი დგას, რომ წყალი ჭურჭელში დაგროვდეს და ჭერიდან არ გვაწვიმდეს.

შედარებით  უფრო მეტად ჩემი ბინაა დანგრეული, ზოგს რემონტიც კი აქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ხომ არ შველის. აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – ამბობს ნატალია კახიძე. 

ჭერიდან ჩამოცვენილი ნანგრევები ნატალია კახიძის ბინაში

ფისოსმანის #1

აღნიშნულ კორპუსში  ბინის კიდევ ერთი მეპატრონე, მირანდა გვიანიძე კორპუსში მორიელებისა და ქვეწარმავლების სიმრავლეზე საუბრობს, მისი თქმით მუდმივად დაძაბულია და ეშინია  ბავშვებს არ უკბინოს რამემ. იგი 15 წელია, რაც ამ შენობაში ცხოვრობს.

„ახალი წლის დღეებში სადარბაზოში იმდენად დიდი ზომის ბათქაში ჩამოვარდა, რომელიმე ჩვენგანს რომ დაგვცემოდა, ადგილზე მოგვკლავდა. სადარბაზოში რომ ვარ,  სულ ზემოთ ვიყურები, რამე არ დაეცეთ ბავშვებს“ – გვიამბობს მირანდა გვიანიძე.

ფიროსმანის #1

ფიროსმანის #1-ში მდებარე სახლი ავარიულია. ამას მოწმობს სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2021 წლის დეკემბრით თარიღდება.

„ფიროსმანის #1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. დაზიანებათა ხარისხისა და მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა არარენტაბელურია და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“ – წერია დასკვნაში.

აქვე ვკითხულობთ იმასაც, რომ შენობაში, გარეგნული დათვალიერების შედეგად, „მზიდი კედლების ბეტონი განშრევებულია,  ეროზირებულია და ნესტიანი გარემოს ზემოქმედების შედეგად გამოფიტულია… სართულშუა გადახურვის მზიდი ლითონის კოჭები ძლიერ კოროზირებულია, რის გამოც მათი სიმტკიცე მნიშვნელოვნად შემცირებულია… შენობაზე განხორციელებული მიშენება და დაშენება შესრულებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით და ძალიან უხარისხოდ, რის გამოც ისინი ძალიან დეფორმირებულია“.

ფიროსმანის #1

ფიროსმანის #1

ფიროსმანის #1

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კვლევა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სააგენტოს დაკვეთით ჩაატარა. მერიას, თავის მხრივ, ფიროსმანის #1-ში მცხოვრებმა ოჯახებმა, მათი საცხოვრებელი კორპუსის მდგომარეობის შესწავლის თაობაზე განაცხადით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე,  8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ მიმართეს. 

ნატალია კახიძემ გვითხრა, რომ პირადად მან მერიისგან სხვა ადგილას გადაყვანის შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა, იგი მიიჩნევს, ეს საკმარისი არ არის.

„მოვიდნენ და მითხრეს, რახან  თქვენს ბინაში ჩამოვარდა ბათქაში და გეშინიათ, ქირით გაგიშვებთო. მარტო მე რატომ? შუა სადარბაზოშიც ჩამოვარდა, მთელი შენობა ავარიულია.

მე მინდა, რომ სამივე სადარბაზოში მცხოვრებ ოჯახებს მოგვაქციონ ყურადღება. მერიას ხომ აქვს საბინაო ფონდი, გადაგვიყვანონ პირდაპირ საცხოვრებლად უსაფრთხო ბინებში. ეს არ არის დიდი კორპუსი, 10 ოჯახი ვცხოვრობთ სულ. 

ჩვენი მოთხოვნაა მერიამ  სწრაფად მოახდინოს რეაგირება და არ შემოდონ ექსპერტიზის დასკვნა თაროზე ისე, რომ კიდევ ერთი წელი დასჭირდეთ ჩვენი საქმის განხილვის დასაწყებად”, – ამბობს ნატალია კახიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა სახლის ამხანაგობის თავმჯდომარეს, ვარდო ბერიძესაც.  მისი თქმით, მერიას სახურავის შეკეთების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს კორპუსში მცხოვრებმა ოჯახებმა, მაგრამ ამაოდ. 

„ეს სახლი ავარიულია, მაგრამ მარტივად ვერ გავალთ აქედან, სადმე ახლომახლო შენობაში უნდა გადაგვიყვანონ. არჩევნების წინა დღეს იყო მერი მოსული, ვისაუბრეთ, დაგვპირდა, რომ ამ საკითხს საერთო შეხვედრაზე განვიხილავდით  და გადავჭრიდით.  ეს შეხვედრა ჯერ არ დაგეგმილა, ავარიული შენობების სიაში ჩვენი კორპუსი 85-ე  ადგილზეა“ – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე. 

მან გვითხრა ისიც, რომ ადრე მოლაპარაკება ჰქონდათ მენაშენესთან, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

რა გეგმები აქვს ბათუმის მერიას აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით?

„აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობისთვის მერიის მხრიდან შეთავაზებული იქნა ქირით გაყვანა ალტერნატიულ ფართობებში, რაზეც უარი განაცხადეს.

საკითხი გათვალისწინებულია ავარიული სახლების პროგრამაში, რისთვისაც საერთო ჯამში 80 მილიონი ლარი დაიხარჯება“ – წერილობით გვიპასუხეს მერიაში.

8 თებერვალს ბათუმის მერიამ ახალი პროგრამა – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ დააანონსა და განაცხადა, რომ 2025 წლამდე ბათუმში 3000 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხო საცხოვრისით.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, არის თუ არა ამ პროგრამაში გათვალისწინებული ფიროსმანის #1-ში მცხოვრები მოსახლეობის დაკმაყოფილება, როდის და რა პირობებით? არის თუ არა მზად ბათუმის მერია შენობიდან ყველა ოჯახის გასაყვანად? – მერიაში გვითხრეს, რომ ამ კითხვებზე პასუხი საჯარო წესით უნდა გამოვითხოვოთ. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: