მთავარი,სიახლეები

აგვისტოს ომის ვეტერანი ისევ ნაგავსაყარზე ცხოვრობს

10.02.2022 • 4231
აგვისტოს ომის ვეტერანი ისევ ნაგავსაყარზე ცხოვრობს

„ჩემი ქმარი ისევ ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს და მუშაობს. სამი შვილი გვყავს, მე და ბავშვები ნაქირავებში ვართ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იამზე ბერიძემ, აგვისტოს ომის ვეტერანის ცოლმა.

აგვისტოს ომის მონაწილის, ჯემალ ბერიძის შესახებ ბათუმელები 2021 წლის ივლისში წერდა.

კაპრალი ჯემალ ბერიძე საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. ომის დღეებიდან მალევე, 2008 წლის 25 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი ავტომანქანებით კოჯრიდან სენაკის სამხედრო ბაზისკენ მიდიოდა. ერთ-ერთი სამხედრო ავტომობილი ქუთაისთან ავარიაში მოხვდა. მანქანაში რვა სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავარიის შედეგად 1 ჯარისკაცი გარდაიცვალა, 7-მა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. მძიმედ დაშავდა მანქანაში მყოფი კაპრალი ჯემალ ბერიძე.

ავარიის დეტალები გენინსპექციამ შეისწავლა, რომელმაც დაადგინა, რომ „კაპრალ ჯემალ ბერიძის მიერ მიღებული ტრავმა მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მძიმე ხარისხს“.

მოკვლევის შედეგად კი დაადგინა, რომ ჯემალ ბერიძე ავარიაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხვდა. ამის გამო მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები. ჯემალ ბერიძემ, ისევე როგორც სხვა დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთჯერადი კომპენსაცია მიიღეს 7000-7000 ლარის ოდენობით.

კაპრალის ბრძოლაც სწორედ აქედან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ის ჰოსპიტლიდან გამოწერეს, ჯარში სამსახური ვეღარ გააგრძელა, რადგან მძიმე ტრავმები ჰქონდა მიღებული და აღარ იყო ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის. ჯემალ ბერიძემ სამხედრო პენსიის დანიშვნა მოითხოვა.

14 წელია არაერთი გამოკვლევის, წერილის, მიმართვის შემდეგ, მან სამხედრო პენსიის დანიშვნას ვერ მიაღწია. ახლა სამართლებრივ დავას სასამართლოში იწყებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს – მისცენ კუთვნილი პენსია.

2021 წლამდე ჯემალ ბერიძე სახელმწიფოსგან მხოლოდ 22 ლარს იღებდა, ვეტერანის პენსიას. 2022 წელს ვეტერანებს პენსია გაეზარდათ და ამიერიდან ჯემალი 100 ლარს მიიღებს.

ამ წლების განმავლობაში ჯემალ ბერიძე თავის გადასარჩენად და ოჯახის გამოსაკვებად უამრავ სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. მისი თქმით, ტრავმების გამო არ შეეძლო მშენებლობაზე დასაქმება ან სხვა მძიმე ფიზიკური შრომის გაწევა. ასე იპოვა გზა ბათუმის ნაგავსაყარისკენ, სადაც კონსერვის ქილებს, მინას, მუყაოს აგროვებს. თავს და ოჯახს ასე არჩენს.

ჯემალ ბერიძე წარმოშობით ქობულეთიდანაა. სოფელ აჭყვისთავში მას საკუთრებაში კერძო სახლი აქვს, რომელიც, მისივე თქმით, მეწყრულ ზონაშია. როცა სახლში ცხოვრება საშიში და შეუძლებელი გახდა, ჯემალმა ცოლ-შვილი ბათუმში წაიყვანა. ჯემალის თქმით, თავდაპირველად ყველანი ნაგავსაყარზე აშენებულ ქოხში ცხოვრობდნენ. შემდეგ ცოლ-შვილს ბათუმში ბინა უქირავა, ბავშვებს სკოლაში რომ ევლოთ, თვითონ კი ნაგავსაყარზე დარჩა საცხოვრებლად და სამუშაოდ.

რა შეიცვალა აგვისტოს ომის ვეტერანის ცხოვრებაში სტატიის გამოქვეყნების შემდეგ

„ბათუმელების“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას არაერთი ადამიანი სწერდა. მათ აინტერესებდათ ჯარისკაცის და მისი ოჯახის ბედი.  მოქალაქეები აგვისტოს ომის ვეტერანს ფულადი თანხით დაეხმარნენ.  ჯემალ ბერიძეს დახმარება გაუწია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომაც.

„1000 ლარი მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლითაც დაგროვილი ბინის ქირა დავფარეთ,“ – გვითხრა იამზე ბერიძემ, ჯემალ ბერიძის მეუღლემ.

ოჯახი ჩაერთო სოციალური დახმარების სისტემაში. მიმდინარე წლის იანვრის თვეში მათ დახმარება პირველად მიიღეს. ამას გარდა, ოჯახს ეხმარებიან მოქალაქეებიც.

„თქვენს სიუჟეტს ხალხი ისევ ნახულობს და მცირე თანხებს რიცხავს პერიოდულად. ხანდახან აგროვდება ხოლმე თანხა – 100-150 ლარი და ბავშვებს ვახმარ იმ თანხას.

ბათუმის მერიაში გვქონდა განაცხადი ქირის თაობაზე. სანამ ჩვენი სახლი გაკეთდება, მანამდე იქნებ ქირა დაგვიფინანსო-მეთქი, მაგრამ უარი გვითხრეს. არ ხართ ბათუმში ჩაწერილიო, ქობულეთს უნდა მიმართოთო. მოვაგროვე საბუთები და განაცხადი შევიტანეთ ქობულეთში. ველოდებით პასუხს. ჩვენი სახლის რეაბილიტაცია ისევ ისეა, არც დაწყებულა ჯერ მუშაობა. საერთოდ არაფერი, მიგდებულად, უპატრონოდაა ისევ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იამზე ბერიძემ.

რას ამბობს ქობულეთის მერია

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქობულეთის მერიას. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სწავლობენ ჯემალ ბერიძის განცხადებას.

„უახლოეს პერიოდში დაინიშნება შესაბამისი კომისიის სხდომა, სადაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული დაკმაყოფილდება თუ არა ოჯახი ქირით გაყვანაზე. სახლის გამაგრებას რაც შეეხება, თანხა ერთხელ მიღებული აქვს ოჯახს. მაგრამ თუ ხელახლა დაწერს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას, ისევ კომისია განიხილავს და შესაბამისი პროცედურების მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“ – ამბობენ პრესსამსახურში.

რას ამბობს თავდაცვის სამინისტრო

აპირებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო რაიმე ფორმით მხარი დაუჭიროს აგვისტოს ომის მონაწილე ჯარისკაცს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ თავდაცვის სამინისტროს მიმართა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჯარისკაცს „დაზიანებები მიღებული აქვს არასამუშაო დღეებში“.

„ჯემალ ბერიძე 2008 წლის სექტემბერშია დათხოვნილი. თვითონ დაზიანებები მიღებული აქვს, როგორც მონაცემებში ვნახეთ, არასამუშაო დღეებში. რის შედეგადაც უწყების იმ დროინდელი ხელმძღვანელობისგან გაეწია კომპენსაციის სახით 7-ათასლარიანი დახმარება და იმის შემდეგ გათავისუფლებული იქნა თავდაცვის ძალების შემადგენლობიდან.

ასევე ქობულეთში აქვს საცხოვრებელი სახლი, რისი რეაბილიტაციისთვის, როგორც გვაქვს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტსაც აქვს გარკვეული თანხა გამოყოფილი, თუმცა არამიზნობრივად აქვს დახარჯული. ზოგადად, როგორც ვეტერანს, ამ დროისთვის 100 ლარიანი ყოველთვიური დახმარება ერიცხება.

დამატებით კიდევ რა შეუძლია უწყებას რომ გააკეთოს, შესაბამისი სამსახური არის ჩართული ამ პროცესში და გამოინახება ყველა საჭირო შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანის სათანადო დახმარება მოხდეს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: