მთავარი,სიახლეები

პოლიციამ ამოიღო 80 შეკვრა კოკაინი, დაკავებულია 4 პირი – შსს

10.02.2022 • 1140
პოლიციამ ამოიღო 80 შეკვრა კოკაინი, დაკავებულია 4 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბრაზილიის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ფ.ს. თბილისში დააკავეს. აღნიშნული პირის დაკავება განხორციელდა გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამის წევრების თანამშრომლობით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ს.-ს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” სხეულით შემოჰქონდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” – წერს შსს.

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული ვ.ტ., 1988 წელს დაბადებული ა.ნ. და 1996 წელს დაბადებული ე.დ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ.

„პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 250 გრამამდე „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ფული ამოიღო. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკი“ – წერს შსს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

______________

ფოტოზე: კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: