მთავარი,სიახლეები

ვინ მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ხულოში

09.02.2022 • 2168
ვინ მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ხულოში

ხულოს  მერიაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის 25 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თენგიზ ტუნაძის ინფორმაციით, მათი წლიური ბიუჯეტი 22 ათასი ლარია და ის მხოლოდ ხელფასების დაფინანსებას მოიცავს.

„ბათუმელებმა“ განყოფილების მენეჯერს, თენგიზ ტუნაძეს ჰკითხა, სულ რამდენი შემთხვევა შეისწავლეს და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში.

მენეჯერის თქმით, გახსნიდან დღემდე განყოფილებას არც ერთი შეტყობინება არ მიუღია: „საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ ვიცი. განყოფილება ერთი წელია რაც მუშაობს, აქამდე მხოლოდ ბუკლეტების დარიგებით და ამ გზით ცნობიერების დონის ამაღლებით შემოვიფარგლებოდით. პრობლემა გვქონდა სოციალური მუშაკის გადამზადების.

ჩვენმა სოციალურმა მუშაკმა გადამზადება დეკემბერში დაასრულა, მანამდე არ გვქონდა უფლება სამუშაოდ გავსულიყავით. ალბათ ეს იყო შემაფერხებელი, რის გამოც ვერ ვაკეთებდით  საქმეს, რადგან სერტიფიცირებული სოციალური  მუშაკის გარეშე ჩვენი საქმე ნულს უდრის.

თვითმმართველობების ბაზაზე ბავშვზე ზრუნვის განყოფილების შექმნას ბავშვთა დაცვის კოდექსი ითვალისწინებს. ბავშვთა კოდექსის მიხედვით, 2020 წლის პირველი სექტემბრისთვის უნდა შექმნილიყო ბავშვზე ზრუნვის განყოფილება, მაგრამ ეს მაშინ ვერ მოხერხდა. ამ  მიმართულებით მუშაობა დაევალა ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. 25 დეკემბერს ეს სამსახური სრულად გადაკეთდა “ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდამჭერის განყოფილებად“.

თენგიზ ტუნაძის თქმით, ჯერჯერობით განყოფილებას სამი თანამშრომელი ჰყავს – ხელმძღვანელი, სოციალური მუშაკი და ინსპექტორი.

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მენეჯერის ხელფასი 1320 ლარია, ინსპექტორის – 990 ლარი, ხოლო სოციალური მუშაკის  – 605 ლარი.

ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, განყოფილებაში ვაკანსია უნდა გამოცხადდეს ფსიქოლოგისა და ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

თენგიზ ტუნაძის თქმით, რადგან სააგენტოს უკვე ჰყავს კვალიფიციური სოციალური მუშაკი, გეგმავენ აქტიურად შეუდგნენ მუშაობას, გავიდნენ სხვადასხვა თემსა და სოფელში, დაგეგმონ შეხვედრები სკოლებში და გააცნონ ხულოს მერიაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შესახებ.

ამ განყოფილების უკვე სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი, ასლან მგელაძეც ფიქრობს, რომ ახლა უკვე მეტი ბერკეტი აქვთ მოვალეობის შესასრულებლად.

„გადამზადება წინა წელს გავიარე და დავიწყე მუშაობა. სერტიფიკატი ჯერ არ მაქვს, ველოდები, ამ დღეებში უნდა იყოს, აქამდე მასწავლებელთა სახლიდან მქონდა მოწმობა, რომ ნამდვილად გავიარე კურსი და მაქვს უფლება სოციალურ მუშაკად ვიმუშაო.

ზოგადად, განყოფილება ახლა შეიქმნა, ძალიან ახალია და ძიების პროცესში ვართ. წელს აქტიურად ვაპირებთ მუშაობის დაწყებას“.

___

მთავარი ფოტო: თენგიზ ტუნაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: