მთავარი,სიახლეები

„ქვიშა-ხრეშს საქვირითე ადგილებშიც კი მოიპოვებენ“ – როგორ ნადგურდება მდინარეები და თევზები

10.02.2022 • 3336
„ქვიშა-ხრეშს საქვირითე ადგილებშიც კი მოიპოვებენ“ – როგორ ნადგურდება მდინარეები და თევზები

საქართველოს დიდსა თუ პატარა მდინარეების აუზში ქვიშა-ხრეშის, ეგრეთ წოდებული ინერტული მასალების მოპოვება გახშირდა. ეს პროცესი ხშირად უკონტროლო და დაურეგულირებელია.

მდინარეების პირდაპირ ცოცხალი კალაპოტიდან ინერტული მასალების მოპოვება მავნედ ზემოქმედებს მდინარის ეკოსისტემაზე. გავლენა იმდენად დიდია, რომ ხშირად დაღრმავებული ფსკერის აღდგენას მდინარე ვეღარ ახერხებს პირვანდელი სახით.

როგორ ზიანდება მდინარის ეკოსისტემა ქვიშა-ხრეშის მოპოვებით, რამდენად სთხოვს სახელმწიფო, გარემოს დაცვის სააგენტო ინერტული მასალების მომპოვებლებს ელემენტარული გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას? რამდენად შესაძლებელია ზიანის გამოსწორება იმ შემთხვევაში, თუ ქვიშა-ხრეშის მოპოვება უახლოეს მომავალში დარეგულირდება საქართველოს მდინარეებში. ამ და სხვა კითხვებით იქთიოლოგ არჩილ გუჩმანიძეს მივმართეთ:

  • ქვიშა-ხრეშის მოპოვების უკონტროლო ინდუსტრია

საერთაშორისო გამოცდილებით ვიცით, რომ ქვიშა-ხრეშის უკონტროლო და დაურეგულირებელი მოპოვება მდინარეებში გამანადგურებლად მოქმედებს, ამავე მდინარეების ეკოსისტემაზე. მასშტაბები არის ძალიან ნეგატიური და დიდი.

საქართველოში მდინარის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვება უკონტროლო ინდუსტრიად იქცა. თუ განვითარებულ ქვეყნებში კარიერებიდან იღებენ ამ მასალას, საქართველოში პირდაპირ მდინარის ცოცხალ კვეთში მოიპოვებენ.

მსოფლიო პრაქტიკით მაღალი ბიოკონსერვაციული ღირებულების მდინარეებში ასეთი რამ არ ხდება, გამორიცხულია მდინარის ცოცხალ კვეთში ვინმეს ინერტული მასალის მოპოვების ნებართვა მისცენ. სამწუხაროდ, საქართველოს მდინარეები კლასიფიცირებულიც კი არ არის.

საქართველოს მდინარეების აუზები ჯერ არავის შეუფასებია და, შესაბამისად, მდინარეებთან დაკავშირებული არანაირი ნორმატიული ბაზა არ გვაქვს.

მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, იქთიოლოგებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვიშა-ხრეშის მოპოვების მავნებლობა და აღმაშფოთებელია, რომ სატოფო (საქვირითე) ადგილებზე ხდება მასალების მოპოვება.

  • სახეობები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ მდინარეებში ქვიშა-ხრეშის მოპოვებით

მდინარე რიონი მსოფლიოს იმ ხუთ მდინარეში შედის, სადაც ზუთხისებრი თევზები ბუნებრივად ქვირითობენ, ანუ სახეობის აღწარმოება ბუნებრივად მიმდინარეობს რიონში. სწორედ ამ ნიშნით მთელი მსოფლიოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდინარეა. ასეთ მდინარეშიც კი, ზუთხისებრთა საქვირითე არეალში მოიპოვებენ ქვიშა-ხრეშს, პირდაპირ მდინარის ცოცხალ კვეთში.

მდინარეში მხოლოდ თევზი არ ბინადრობს, ზიანი სხვა სახეობებსაც ადგებათ. ოთხ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ მდინარის მობინადრეები

  • პირველი ეს არის თევზები;
  • შემდეგ მოდის მიკროუხერხემლოები და მაკროუხერხემლოები: ჭიები, მოლუსკები, კიბოსნაირები, მწერები და ა.შ. მდინარეში ბევრი მწერია. მწერების ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი სახეობა მეტამორფოზს, ლავრობის პერიოდს მდინარეში გადის, მდინარეებს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა მწერებისთვის. მწერები კი თავის მხრივ დიდ როლს თამაშობენ ხმელეთის ეკოსისტემების ფუნქციონირებაში. ამ თვალსაზრისითაც აქვთ მდინარეებს უდიდესი მნიშვნელობა;
  • მდინარის ცოცხალ კვეთში ვხვდებით მცენარეებსა და წყალმცენარეებს. წყალმცენარეები აქ პერიფიტონის სახითაა წარმოდგენილი, მდინარის სანაპიროზე გამწვანებული ქვები თუ გინახავთ, სწორედ ესაა პერიფიტონი და მდინარის ორგანიზმებისა და ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი მიკროჰაბიტატია;
  • მდინარეში ბინადრობენ ასევე ასოცირებული ფაუნის წარმომადგენლები, ესენია: ქვეწარმავლები, ამფიბიები და ძუძუმწოვრებიც, მაგალითად საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული წავი, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და წითელ ნუსხაშია შეტანილი.

მარტივად რომ ვთქვათ, მდინარე არ არის მხოლოდ თევზი და ეს არის ორგანიზმების ძალიან რთული კომპლექსი.

ქვიშა-ხრეშს მოპოვებისას პირდაპირ ნადგურდება მდინარის ყველა ორგანიზმი. განსაკუთრებით ის ორგანიზმები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ: პერიფიტონი, მაკრო და მიკროუხერხემლოები. ნადგურდება თევზების ქვირითი, ლავრები. ექსკავატორის კალაპოტში მუშაობით პირდაპირ ირღვევა და ნადგურდება ჰაბიტატების მთელი ჯაჭვი.

  • როგორ მოქმედებს ინერტული მასალების უკონტროლოდ მოპოვება მდინარეზე

მდინარის კალაპოტში მასალების მოპოვებისას გარემოპირობები იცვლება არამხოლოდ ამოღების ადგილას, არამედ მდინარის ძალიან დიდ მონაკვეთზე დინების მიმართულებით. ექსკავატორი სადღაც თხრის და აღრმავებს ფსკერს, სადღაც პირიქით: ახვავებს მასალებს. შესაბამისად, მონაკვეთში დინება ზოგან ნელდება, სადღაც კი პირიქით, ჩქარდება.

სადღაც წარეცხვა იზრდება, სადღაც კი მცირდება ამ პროცესის გამო. გადაადგილდება მყარი ნატანები მდინარეში, იცვლება გრუნტების გრანულომეტრია და მდინარის მთლიანი სტრუქტურა.

მდინარეზე მავნე ზემოქმედება ინერტული მასალების ამოღების ადგილიდან მინიმუმ 500 მეტრზე ვრცელდება, ეს იმ შემთხვევაში სულ პატარა ექსკავატორმა ერთ პატარა ადგილზე რომ თხაროს ფსკერი.

ზოგადად კი, 500 მეტრი გავლენის მინიმალური დიაპაზონია, საშუალოდ 10 კილომეტრზე ზიანდება მდინარე ინერტული მასალების მოპოვებისას. წარმოიდგინეთ პატარა საქართველოს პატარა მდინარეები და ისიც თუ რა მალე შეიძლება დაზიანდეს ყველა მდინარე. შეხედეთ აჭარისწყალზე რამხელა კარიერებია, ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეული კილომეტრის ზიანიც კი ადგება მდინარეს.

  • როგორ მოქმედებს ტექნიკური ხმაური და ქვიშისგან მღვრიე წყალი თევზებზე

მდინარე ბუნებრივადაც იმღვრევა ძლიერი წვიმებისას, მაგრამ ბუნებრივი სიმღვრივე გლუვი, „დამუშავებული“ ნაწილაკებისგან შედგება, ტექნიკური სამუშაოებისგან წარმოქმნილი სიმღვრივის ნაწილაკები კი ბასრი და წახნაგებიანია.

ბუნებრივი და ხელოვნური სიმღვრივის ეს სხვაობა კარგად ჩანს მიკროსკოპშიც. ხელოვნური სიმღვრივის ნაწილაკების ბასრი წახნაგები აზიანებს თევზის ლაყუჩებს, სასუნთქ სისტემას და თვალებს, მხედველობას – თევზი უბრალოდ კვდება.

მავნე ზემოქმედება აქვს ხმაურს, რასაც ტრაქტორების, ექსკავატორების მუშაობა და ფსკერის თხრა იწვევს. ვიცით, რომ ხმაური ჰაერთან შედარებით, წყალში ოთხ-ნახევარჯერ, ხუთჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. თევზი განსაკუთრებით მგრძნობიარეა არაბუნებრივი ხმების მიმართ და ძლიერი, ტექნიკური ხმაურისას დანასუქობის, ასევე საქვირითე ტერიტორიებსაც კი ტოვებს.

ქვირითობის პერიოდიც რომ ჰქონდეს თევზს, მაინც განერიდება ხმაურიან ადგილებს.

ადრე როცა ზუთხისებრი თევზები მიგრირებდნენ მდინარე ვოლგაში, ურალსა თუ სხვა მდინარეებში, ქვირითობის პერიოდში ეკლესიებს ზარების რეკვა ეკრძალებოდათ თევზის ტოფობისთვის ხელი რომ არ შეეშალათ.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ქვიშა-ხრეშის მდინარის ცოცხალ კალაპოტში მოპოვებას ძალიან ერიდებიან. წარმოუდგენელია ევროპაში ე.წ. „დრაბილკა“, ანუ საფქვავი მდინარის პირას დაადგმევინონ ვინმეს.

სადაც ოდნავ მაინც ფიქრობენ გარემოსდაცვით საკითხებზე, იქ ამას არავინ დაუშვებს – არც სახელმწიფო და არც საზოგადოება.

ინერტული მასალის მსხვრევის, მტვრევის დროს დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საშინელი ხმა აქვს და გაუვალი მტვერი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მტვრის შესუნთქვა ადამიანისთვის.

ქარს და წვიმას ჩააქვს მდინარეში სამსხვრევებში დამუშავებული მასალის მტვერი, ისევ და ისევ ხელოვნური ნამტვრევები ხვდება დინებაში, მერე გადადის ზღვაში და ზიანდებიან თევზები.

ცუდი ის არის, რომ საქართველოში მდინარეები შესწავლილი და კლასიფიცირებული არ გვაქვს.

დიდი მდინარეც კი არ გვაქვს საქართველოში. რიონიც რომ ავიღოთ, საქართველოს ყველაზე დიდი მდინარე 330 კილომეტრია და საერთაშორისო კლასიფიკატორით პატარა მდინარედ ითვლება.

ჭოროხის სულ 21 კილომეტრია საქართველოს ფარგლებში. კინტრიშის თუ გურიის მდინარეებზე, ენგურზე, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში… ყველგან მოიპოვებენ ინერტულ მასალებს უკონტროლოდ, ველური წესით.

დიდი მასშტაბები მიიღო ამ უკანონობამ.

საქართველოში ქვიშა-ხრეშის მომპოვებელთა ლიცენზიები რომ გამოითხოვოთ, ნახავთ, რომ სახელმწიფო მათ არანაირ გარემოსდაცვით ვალდებულებას არ აკისრებს.

  • აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკა

თანამედროვე მსოფლიო გარემოსდაცვით პრინციპებს იცავს, ბუნებით რომ სარგებლობ ეს პასუხისმგებლობაა და სანაცვლოდ შენც უნდა გააკეთო რაღაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

შორს ნუ წავალთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები ვნახოთ რა დამოკიდებულება აქვთ მდინარეებთან: პირველ რიგში მდინარეების აუზებს აფასებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ განისაზღვრება მდინარებში საქვირითე და დანასუქობის მოედნები, გამოზამთრების ღრმულები და მიგრაციული დერეფნები, ტრანსლოკაციების დერეფნები.

გამოიყოფა თევზების ნორმალური არსებობისთვის მნიშვნელოვანი ადგილები, ანუ მდინარეში განსაზღვრულია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მაღალი მნიშვნელობის მქონე უბნები და შორიახლოსაც კი იზღუდება სხვადასხვა საქმიანობა. ცხადია, გამორიცხულია ასეთ ადგილებში ინერტული მასალების მოპოვება.

ჩვენთან მდინარები არ არის შეფასებული. ისიც კი არ ვიცით, ინერტული მასალების მოპოვების ნებართვას რომ გავცემთ, საქვირითე ადგილია თევზებისთვის ეს, იქნებ მიგრაციული დერეფანია, იქნებ იზამთრებს იქ თევზი… ყველაფერი უნდა მოხდეს შეფასების საფუძველზე.

ცხადია, არსებობს მდინარესთან ინერტული მასალების მოპოვების მაგალითები უცხოეთში, მაგრამ მდინარის ცოცხალ კვეთში ამას არავინ დაუშვებს, უიშვიათესი შემთხვევაა.

ქვიშა-ხრეშს ევროპაში კარიერული წესით მოიპოვებენ. ჩვენთან ასე მოპოვებული ცოტა უფრო ძვირია და აძვირებს სამშენებლო მასალებს. ამიტომ იაფად რომ მოიპოვონ და დიდი მოგება დარჩეთ, სწირავენ ბუნებას, მდინარეს, თევზებს, ჰაერს და ეკოსისტემას, მდიდრდებიან გარემოს ხარჯზე.

ეს ველური და მტაცებლური დამოკიდებულება აუცილებლად შემოგვიბრუნდება ცუდად დღეს თუ არა ხვალ მაინც.

მინიმუმ ის ხომ მაინც შეგვიძლია ქვის სამტვრევები მოვაშოროთ მდინარეს და დავავალდებულოთ ინვესტორი, სამტვრევსა და მდინარეს შორის ტრანშეა, არხი მოაწყოს. იქ დაგროვდება მტვერი, ნამსხვრევი და არ მოხვდება მდინარეში. მეპატრონე კი ამოიღებს ამ ქვიშას და ჩვეულებრივად გაყიდის, მაგრამ ვერც თავად ხვდებიან ამას და არც სახელმწიფო ავალდებულებს არაფერს.

  • შეუძლია თუ არა მდინარეს თვითაღდგენა

ზიანის მასშტაბზეა დამოკიდებული აღდგება თუ არა მდინარე. თუ ჭრილობა ღრმაა, თვითაღდგენა გამორიცხულია. თუ ამოღება შეწყდება მდინარის ეკოსისტემაზე მავნე ზემოქმედება შეჩერდება მდგომარეობა აღარ გაუარესდება.

მაგრამ თუ საქვირითეები და მნიშვნელოვანი ადგილები გადათხრილია, ვეღარასდროს აღდგება ისე, რომ ამ ადგილებში კვლავ ინტენსიური ქვირითობა და დანასუქობა დაიწყონ თევზებმა. თევზების გადათხრილი სამიგრაციო დერეფანი რომ თავიდან ჩამოყალიბდეს, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება და საერთოდაც რამდენადაა შესაძლებელი საეჭვოა. თუმცა საქართველოში ბევრი მდინარეა, სადაც ფსკერი ძალიან ღრმად არაა ამოთხრილი და ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ მდინარეები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: