მთავარი,სიახლეები

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში დაღუპული მოსწავლის ნახატი სკოლის კედელზე გადაიტანეს

30.11.2021 • 6552
ბათუმში კორპუსის ნანგრევებში დაღუპული მოსწავლის ნახატი სკოლის კედელზე გადაიტანეს

8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს დაღუპული 12 წლის დათა შომახიას ნახატი ბათუმის №3 საჯარო სკოლის ფოიეში, ერთ-ერთ ცენტრალურ კედელზე გადაიტანეს.

ნახატზე დედა-შვილია ასახული, რომლებიც ხელჩაკიდებული მიაბიჯებენ, წინ კი მხოლოდ სივრცე მოსჩანს. დათა დედასთან ერთად დაიღუპა 8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად.

დათა შომახია ბათუმის №3 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში სწავლობდა. როგორც სკოლის დირექტორმა იანა ჩადუნელმა „ბათუმელებს“ უთხრა,  ეს დათას ერთ-ერთი ბოლო ნახატი იყო.

„თითქოს ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო ამ ტრაგიკული ამბის“ – გვითხრა დირექტორმა.

დათას ნახატის კედელზე გადატანის იდეა სკოლის დირექტორს ეკუთვნის.

დათა შომახიას ნახატი

„დათა ჩვენთან სწავლობდა და გვინდოდა რაღაც ისეთი გაგვეკეთებინა, რაც ჩვენს მეხსიერებაში დატოვებდა მას მუდამ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთ დიდ კედელზე მისი ბოლო ნახატი გადაგვეტანა. კედელი მხატვარმა ტარიელ ტაბაღუამ მოხატა,“ – ამბობს იანა ჩადუნელი.

მან გვითხრა, რომ დათას ძალიან უყვარდა ხატვა და მისი ნახატებიც ისეთივე ფერადი იყო, როგორც მისი სამყარო. „ამიტომ დავარქვით ამ კედელსაც „დათას ფერადი სამყარო“ – გვეუბნება დირექტორი.

„შეიძლება მოვიდეს ვინმე სტუმარი, დაინტერესდეს ამ ისტორიით, ამიტომ დათას ისტორია ამ კედელზეც დარჩება. ის ყოველთვის ფერად სამყაროში ცხოვრობდა, სულ ანთებული ჰქონდა თვალები. ვინც ამ ნახატს ნახავს, გაიგებს, რომ ჩვენს სკოლაში სწავლობდა ასეთი ფერადი და ნათელი თვალების ბავშვი“ – ამბობს იანა ჩადუნელი.

დირექტორის თქმით, იგეგმება წიგნის გამოცემაც, სადაც დათას ნახატების გარდა წიგნში შევა მისი წერილები და მოგონებები. „ვფიქრობ, საინტერესო გამოგვივა“- ამბობს იანა ჩადუნელი.

8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. ნანგრევებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი.

________________________

მთავარი ფოტო: დათა შომახიას ნახატი ბათუმის №3 სკოლის კედელზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: