მთავარი,სიახლეები

„მინდა ჩემს შვილიშვილებს უთხრან, ეს ბაბუაშენმა გააკეთაო“ – ხის ოსტატი ხულოდან

09.02.2022 • 2447
„მინდა ჩემს შვილიშვილებს უთხრან, ეს ბაბუაშენმა გააკეთაო“ – ხის ოსტატი ხულოდან

ჟორა კოჩალიძე 72 წლის დურგალია, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთიდან. ჟორას ხისგან ნივთების დამზადება მეტწილად ბაბუისგან უსწავლია, თუმცა ის ყველაფერს ხელით აკეთებდა, ჟორამ კი ხის საჩარხი დაზგები ააწყო.

დურგლის თქმით, თავიდან ფიქრობდა, რომ ხის დამუშავების სწავლა აუცილებელი იყო მისთვის, რათა მისი წინაპრების საქმიანობა გაეგრძელებინა, მაგრამ როცა ხესთან შეხება ყოველდღიურად დაიწყო და შეუყვარდა, მიხვდა, რომ ხეზე მუშაობა ამ საქმის მიმართ გაჩენილი უდიდესი სიყვარულის გამო უნდოდა.

როცა ცოლი მოიყვანა და შვილები გაუჩნდა, სხვადასხვა საქმეს მოჰკიდა ხელი, რათა ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. ბოლოს მაინც ხეზე მუშაობას დაუბრუნდა და დღემდე ხის ერთგული რჩება. ხის ოსტატს განსაკუთრებით უყვარს წიფლის, ნაძვის, კაკლისა და წაბლის ხეები.

„სკოლაში ჭადრაკს ვსწავლობდით. ჭადრაკის გაკვეთილი მე და ჩემს კლასელებსაც განსაკუთრებით გვაინტერესებდა და გვიყვარდა. სახლში არ გვქონდა ჭადრაკი, მე და ჩემს ძმას კი ძალიან გვინდოდა ჭადრაკი სახლშიც გვეთამაშა, უკეთ რომ გვესწავლა. დიდხანს ვფიქრობდით რა გვექნა. ბოლოს გადავწყვიტე ჭადრაკის ფიგურები ხისგან დამემზადებინა. ეს პატარა გადაწყვეტილება არ იყო მაშინ ჩემთვის, ხეს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი კარგად – მასალას, რომელზეც მუშაობ, უნდა გრძნობდე.

ხის პატარა ჩარხზე გამოვჩარხე ჭადრაკის ქვები, მხოლოდ ცხენის გაკეთება გამიჭირდა, ფიგურა საბოლოოდ ხელით დავამუშავე, დაფა დავხაზეთ და კარგადაც ვისწავლეთ თამაში. ჭადრაკის ოლიმპიადებზეც კი დავიწყეთ სიარული.

დურგალი ჟორა 72 წლისაა. მას მუშაობა არც ერთი დღით არ შეუწყვეტია

იცით  რა ეტაპზე ვარ ახლა? მივხვდი, რომ  წისქვილის გაკეთებაც აუცილებლად უნდა მომესწრო. წისქვილს ბაბუაჩემის მამა აკეთებდა, ბოლო პერიოდია მხოლოდ წისქვილზე ვმუშაობ, დიდი ყურადღებით ვეკიდები წისქვილის ქვის თლას, რომელსაც რამდენიმე დღეში დავასრულებ და ჩემს გაკეთებულ წისქვილზე სიმინდის დაფქვაც შესაძლებელი იქნება.

შეიძლება ჩემმა შვილიშვილებმა წისქვილი არც ამუშაონ, მაგრამ უნდა ჰქონდეთ, წისქვილში დაფქული მჭადის ფქვილი სხვანაირად გემრიელია. ამ წისქვილს ისე დავდგამ, რომ მეზობლებმაც თავისუფლად გამოიყენონ, როცა დასჭირდებათ“, – ამბობს ჟორა.

სკოლის ასაკში ჟორა ხის თხილამურებს აკეთებდა თანატოლებისთვის, რადგან ეს იყო ბავშვების ერთადერთი გასართობი გრძელ და თოვლიან ზამთარში. მერე  შვილებისთვის დაიწყო თხილამურების კეთება.

„ახლა, როცა მეგობრებს ვხვდები, იმ დროს ვიხსენებთ, როცა ხე ფასობდა. ახლა ხის თლა, მისთვის ფორმის მიცემა, აღარ აინტერესებთ, მოვლენ – „ეს გამიკეთე“, „ის გამიკეთე“ და დამთავრდა. ყველას ვეუბნები, მოდით, ისწავლეთ, მე ხომ ყოველთვის არ ვიქნები, დავბერდი, მაგრამ არა, არ ინტერესდებიან.

დღევანდელი ახალგაზრდები მხოლოდ მობილურში იხედებიან“, – ამბობს ხის ოსტატი.

დურგლის თქმით, შეუძლებელია მისი გაკეთებული ნივთების რაოდენობის დათვლა. ამბობს, რომ თუ ხის ნივთები კარგი პატრონის ხელშია და არ სველდება, რამდენიმე საუკუნეს შეიძლება გაუძლოს.

სწორედ ამიტომ, ნივთებს, რომლებსაც ხისგან აკეთებს, საკუთარ ინიციალებს აწერს. უნდა წლების შემდეგ მისი სახელი და გვარი ამოიკითხონ და დაინტერესდნენ, თუ ვინ იყო ოსტატი ჟორა.

ჟორა კოჩალიძე თავის საამქროში

„მინდა ჩემს შვილიშვილებს ვინმემ უთხრას – ეს ნივთი თურმე ბაბუაშენს გაუკეთებია, ის ნივთი ბაბუაშენს გამოუჩარხიაო. ამ ქვეყანაზე სხვა რა უნდა დატოვო ან გააკეთო?!“, – ამბობს ის.

ჟორა საყვარელი საქმის კეთებით მეუღლის გულის მოგებასაც ახერხებდა – ცოლს იმ ნივთებს უმზადებდა, რომელსაც მოისურვებდა ხოლმე. თანდათან ავეჯის კეთებაზეც გადავიდა, დროთა განმავლობაში კი ისე დახელოვნდა, ბევრმა თანასოფლელმა ქალიშვილის მზითვისთვის ავეჯის კეთებაც კი მას მიანდო.

ხესთან ურთიერთობაზე შეყვარებული ჟორაც აკეთებდა კარადებს, საწოლებს, ტუმბოებს, კარებს, ფანჯრებს და სხვა ნივთებს.

ჟორა გვიყვება, რომ ახალგაზრდობაში სახელოსნოში შედარებით ხშირად მუშაობდა და  ყველაზე მეტად აკვნების გაკეთება უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ აკვნის დამზადებას ყველა რთულ და საპასუხისმგებლო საქმედ მიიჩნევს.

„აკვნები შვილიშვილებისთვის და მეზობლის შვილებისთვის დიდი მონდომებით გამოვჩარხე.  ბევრმა ჩემი დამზადებული ხის აკვნიდან აიდგა ფეხი.

ხანდახან, რომ მივდივარ მეზობლებთან სტუმრად და ჩემ გაკეთებულ ნივთებს ვხედავ, მათ შორის აკვნებსაც, მიკვირს, ამდენი როგორ გავაკეთე-მეთქი. ძალიან მიხარია, რომ დღემდე აქვთ ოჯახებს ჩემი გაკეთებული ნივთები სახლში, უვლიან, იმის მიუხედავად, რომ ძველად გაკეთებული ხის ნივთები მოდიდანაა გადავარდნილი“, – ამბობს ჟორა კოჩალიძე

დურგალი ამბობს, რომ ხეზე მუშაობა მისთვის შემოსავლის წყარო არასდროს ყოფილა, რასაც აკეთებს მხოლოდ იმ მოტივით, რომ უყვარს ხე და ხისთვის ფორმის მიცემის პროცესში ფიქრობს და იხსენებს ახალგაზრდობას. მეზობლები, როცა რაიმე ნივთის გაკეთებას ან შეკეთებას სთხოვენ, პატივისცემის ნიშნად ხანდახან ფულსაც ჩუქნიან ხოლმე, მაგრამ ამბობს, რომ თავად არასდროს მიუნიჭებია მისი ამა თუ იმ ნივთისთვის კონკრეტული ღირებულება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: