მთავარი,სიახლეები

შვილი რატომ არ გყავს? ამდენი რატომ გყავს? – კიდევ რა პრეტენზიები აქვთ ქალებთან

11.02.2022 • 1765
შვილი რატომ არ გყავს? ამდენი რატომ გყავს? – კიდევ რა პრეტენზიები აქვთ ქალებთან

ავტორი: ესმა გუმბერიძე

„ქალები საქართველოდან“ – ამ პროექტის ძველ ისტორიებს ვკითხულობ. თან ბრაილითაა – მეთქი, შრიფტი სულ არ დამავიწყდეს. პროექტი – „ქალები საქართველოდან“ დაიწყო 2016 წელს. მისი მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ქალების გაცნობა საზოგადოებისთვის.

ეს ქალები სხვადასხვანაერები არიან საცხოვრებელი რეგიონის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, საქმიანობის სფეროს, გამოცდილების, ოჯახური მდგომარეობის, განათლების, სოციალური მდგომარეობისა და სხვა უამრავი ნიშნით. ზოგი ემიგრაციაში წასულა სამუშაოდ, ზოგი დევნილია, ზოგიც – ყოფილი პატიმარი ან მოხუცებულთა თავშესაფრის მცხოვრები.

ისტორიები პირველ პირშია გადმოცემული რესპონდენტ ქალებთან ინტერვიუების გადამუშავების შედეგად.

ისტორიები ქვეყნდებოდა ფეისბუკ გვერდზე, ვებსაიტზე, ასევე გამოიცა წიგნი, სადაც თავმოყრილია ზოგიერთი ისტორია. ისტორიებს ურთავდნენ ფოტოებსაც. ზოგი ანონიმურიცაა. შეიქმნა მცირე დოკუმენტური ფილმიც, სადაც ზოგიერთი ქალის ისტორია შემოკლებითაა გადმოცემული. ამ სტატიაში მოკლედ გაგიზიარებთ ჩემს ზოგად დაკვირვებას და შთაბეჭდილებებს ამ ათეულობით ქალის ისტორიის წაკითხვის შემდეგ.

ერთ-ერთი რესპონდენტის ერთი ფრაზა მომეწონა – მან ქალებთან მიმართებაში თქვა, მაგრამ ეს შშმ პირების მდგომარეობასაც მშვენივრად ასახავს, რატომ უნდა იყო მაინც და მაინც კოსმონავტი, მანქანის ტარების უფლება რომ მოგცენ? საუბარია იმაზე, რომ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, საზოგადოებამ რომ მიიღოს, უწევთ დანარჩენებზე ბევრად კვალიფიციურები, მონდომებულები, განათლებულები, შრომისმოყვარეები იყვნენ, საზოგადოებაში თავი რომ დაიმკვიდრონ, ერთი ბეწო ავტორიტეტი მაინც რომ მოიპოვონ.

სიღარიბე ლაიტმოტივად გასდევს ქართველი ქალების დიდი უმრავლესობის ცხოვრებას.

ასაკში შესული ყველა რესპონდენტი თავს მარტოდ გრძნობს, სევდიანია. არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახი ჰყავს თუ მოხუცებულთა თავშესაფარშია. ასაკოვან ქალთან ბედნიერი ინტერვიუ არ წამიკითხავს.

ქალები მუდმივად იდანაშაულებენ თავს და, შედეგად, გრძნობენ თავის მართლების საჭიროებას: ზოგი განქორწინების, ზოგი – სიბერეში ჰობი რომ აქვს და ხელობას ეწევა, ზოგი კარიერის გამო ბავშვებს რომ ვერ აქცევს საკმარის ყურადღებას, ზოგიც იმიტომ, რომ ბიჭი შვილი არ გაუჩნდა.

რთულ დროს კაცები ქალებს ხშირად ტოვებენ, იცილებენ პასუხისმგებლობას თავიდან ზოგი დაორსულების შემდეგ, ზოგი – შშმ პირი რომ გახდება ან შშმ ბავშვი რომ უჩნდება წყვილს, ზოგი ქალის დაპატიმრების გამო, ზოგი მშობლიური კუთხიდან დევნილობის წლებში.

სხვათა შორის, თურმე ციხეში მყოფი მშობლებისადმი დამოკიდებულებაც განსხვავებული ყოფილა: თუ მამაა პატიმარი, დედას დაჰყავს შვილი მასთან შეხვედრებზე, ცდილობს, არ დაავიწყოს, ხოლო ქალ პატიმრებთან შვილების მიყვანის ერიდებათ. თურმე „ქალის პატიმრობა ოჯახის სირცხვილი უფრო მეტადაა, ვიდრე კაცის“.

ქალებს ძალიან ხშირად უშლიან ხელს სასურველი პროფესიის არჩევასა და განათლების მიღებაში, მაგალითად, თუ პროფესია „კაცურად“ ითვლება – თუნდაც რეჟისორობა, ოპერატორობა, ინჟინრობა.

ქალები ხშირად ვერც ხვდებიან, რომ მათი უფლებები ირღვევა, მათზე ძალადობენ. მაგალითად, ერთი ქალი წერს, რომ პრობლემა არ შეჰქმნია ქალობის გამო, ვთქვათ, სამხედრო აკადემიაში სწავლისას და იქვე ჰყვება, როგორ დასცინოდნენ კურსელი ბიჭები, როდესაც სწავლებებზე ბრძანებებს გასცემდა.

მუდმივად პრეტენზია აქვს საზოგადოებას ქალისადმი: შვილი რატომ არ გყავს? ამდენი რატომ  გყავს, ბიჭის გამო ხომ არ აჩენ? სწავლა რად გინდა, მაინც გათხოვდები და წყალში ჩაგეყრება? ხომ უკვე ისწავლე, სამსახურიც გაქვს და რატომ არ თხოვდები? რატომ არ მუშაობ, „ძველმოდური უსაქმური“ ხარ? რატომ მუშაობ, სახლიდან რატომ გადიხარ? რატომ ხარ ზედმეტად თამამი ან, პირიქით, თუ გინდოდა, ვინ გიშლიდა? წარმატებაზე ჰყვები – აჭარბებ, ყველაფერი „კარგად“ ვერ იქნებოდა. წარუმატებლობაზე ჰყვება – ისევ აჭარბებ, თავს გვაცოდებ. რაღაც გამოგივა – კაცების დამსახურებაა, ხელი არ შეუშალეს, არ აუკრძალეს. არ გამოუვიდა – თვითონაა დამნაშავე.

მთიანი სოფლები იცლება. ერთი მხრივ, მცირეკონტიგენტიანობის გამო ხურავენ იქ სკოლებს. მეორე მხრივ, სკოლები რომ აღარაა, ოჯახებს სკოლების სიახლოვეს უწევთ მთიდან ჩასვლა.

ყველა სფერო ითხოვს სახელმწიფოს ყურადღებას: მარტოხელა დედების საკითხი, შშმ პირთა ინკლუზია, ქალთა სპორტი, ხელოვნება, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, სოფლების გაუდაბურება, ქვეყნის დაცლა…

____

ავტორის შესახებ: იურისტი ესმა გუმბერიძე მუშაობს შშმ პირების უფლებების გაუმჯობესებაზე, არის საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: