საქართველოში 60 ათასამდე მოქმედი მასწავლებელია. აქედან უმრავლესობამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, ზოგიერთი წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ფლობს, მცირე რაოდენობა კი მენტორი მასწავლებელი გახდა. იცვლება თუ არა სკოლებში სწავლის ხარისხი მასწავლებლის სტატუსის ზრდის პარალელურად? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №15 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე საუბრობს.
- ქალბატონო ნინო, როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის სტატუსის ზრდა აისახა სწავლა-სწავლების ხარისხზე თუ ვერა?
მოდი ასე ვთქვათ, რა განაპირობებს მასწავლებლის სტატუსის ზრდას? – პირველი ის, რომ მასწავლებელი თავის საგნობრივ კომპეტენციას ადასტურებს საგნობრივი გამოცდით და შემდეგ ამაზეა მიბმული მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც პედაგოგმა უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ აიმაღლოს ან შეინარჩუნოს სტატუსი.
შესაბამისად, ყველაზე მეტად სწავლის ხარისხზე და შედეგებზე ზუსტად ეს აქტივობები აისახება. ამ აქტივობებით მიღებული შედეგებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს ეხება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას.
თუ მასწავლებელი სკოლის ხარისხის ჯგუფის მიერ ობიექტურად არის შეფასებული, გამოდის, რომ მასწავლებელი მართლა მუშაობს და ყველა აქტივობას ატარებს. თუმცა, სამწუხაროდ, იყო ისეთი შემთხვევებიც (და ეს სამინისტრომაც აღიარა), როცა მასწავლებელი ფურცელზე უფრო მეტს წერდა, ვიდრე ამას პრაქტიკაში აკეთებდა.
ვფიქრობ, რომ თავის დროზე ამ გამოცდებმა დიდი როლი შეასრულა, რადგან მასწავლებელი წახალისდა, სისტემაში მოაქცია თუნდაც მის მიერ განხორციელებული აქტივობები, რაღაც უფრო დაალაგა, დავარცხნა მასწავლებლის საქმიანობა, ძალიან ამაღლდა თანამშრომლობითი კულტურა, იხვეწებოდა გაკვეთილებიც, ბევრი ისეთი რამ კეთდებოდა, რაც მანამდე შესაძლოა აზრადაც არ მოსდიოდა მასწავლებელს, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი შესუსტდა.
- როდის დაკარგა აქტუალობა ამ ყველაფერმა და რატომ?
ალბათ უფრო მაშინ, როცა კრედიტების შეგროვება დაიწყო. 1 კრედიტი, 2 კრედიტი, 7 კრედიტი… ვიღაცას მოტივაცია დაეკარგა, რადგან ფიქრობდა, რომ 10-კრედიტიანს 1-კრედიტიანები არ უნდა გატოლებოდა.
თავიდან ეს კრედიტები მასწავლებლის შეფასების ერთგვარი ინდიკატორი იყო. ამით მასწავლებლის სამოდელო გაკვეთილები ფასდებოდა, თუმცა ეს არ განსაზღვრავდა მასწავლებლის მთლიან საქმიანობას, უბრალოდ მასწავლებლის საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილის დემონსტრირება იყო.
- მასწავლებელმა, რომელიც გამოცდაზე ვერ ადასტურებს კომპეტენციას ანუ ბარიერს ვერ ძლევს, როგორ ფიქრობთ, იცის თავისი საგანი?
ბევრი მიფიქრია მეც ამაზე. კარგი მასწავლებელი რას ნიშნავს? – ალბათ იმას, ვინც ბავშვებს უყვართ, სასწავლო თემშიც მოსწონთ და ვის კლასშიც სწავლა-სწავლების ხარისხი არის მაღალი, შედეგიანი.
შესაძლოა ვიღაც ტკბილად მოუბარი ენითაც გადიოდეს ფონს ადვილად, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზეა ეს უნარი მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ პედაგოგს კომპეტენცია არ აქვს, ეს დიდი პრობლემაა.
მეორე ამბავია უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაც, რადგან ისიც ხომ აძლევს გარკვეულ კვალიფიკაციას მასწავლებელს.
ასევე ხშირია გარკვეული ქილიკი გამოცდილი მასწავლებლების მიმართ – რატომ უჭირთ მათ კომპეტენციის დადასტურებაო. ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ეს კომპიუტერულ უნარებს უკავშირდება. რაღაც უნარები შესუსტებულია ასაკში, თუნდაც სწრაფად გააზრების უნარი და ასე შემდეგ, მეტია ემოციაც, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა მართლა ვერ ადასტურებენ კომპეტენციას.
მხოლოდ გამოცდა რომ იყოს კომპეტენციის დადასტურების კრიტერიუმი, ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ გამოცდას ახლავს ძალიან ბევრი აქტივობა, რომლებიც კავშირშია მასწავლებლის პროფესიული ხარისხის ზრდასთან და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან.
არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი აპროტესტებს რაღაც საკითხებს. მაგალითად, ამბობს ასეთ რამეს – რაში მჭირდება მე ზოგადი განათლების კანონის ცოდნა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას? შეიძლება გაკვეთილის ახსნის დროს არ გჭირდებოდეს კანონი, მაგრამ მასწავლებელმა მისი უფლებები ხომ უნდა იცოდეს.
- კიდევ რას აპროტესტებენ მასწავლებლები, რა მიაჩნიათ ზედმეტად?
მდგრადი განვითარების მიმართულებები, მაგალითად, მეწარმეობასთან, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული აქტივობები. ფიქრობენ, რომ ეს არ არის მათი საქმე. ვფიქრობ, ეს საკითხები ჯერ კიდევ არ არის კარგად ახსნილი მათთვის, თუ რატომ არის საჭირო ამ სფეროების შემოტანა სკოლაში.
ჩემი სკოლის მაგალითზე თუ ვიტყვი, ყველა სიახლეს ვაწვდი პედაგოგებს. დღეს სოციალური ქსელები და ბევრი სხვა პლატფორმაც გვაძლევს საშუალებას, რომ ბევრი სიახლე გავუზიაროთ ერთმანეთს. თვითონ მასწავლებელი რამდენად ინტერესდება ამით, ეს ცალკე ამბავია.
- რატომ არ ინტერესდება?
დაბალია მოტივაცია. ბოლო ორი წელი პანდემიის გამო მართლა რთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ამას ოჯახური პრობლემებიც ემატება. მასწავლებელი მარტო სკოლით ხომ ვერ ცხოვრობს, ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
- სკოლის მიღმა ცხოვრებაზეც მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, ბევრი მასწავლებელი რეპეტიტორობით არის დაკავებული. როგორ ფიქრობთ, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის მოსწავლეს რეპეტიტორი უნდა სჭირდებოდეს?
გაიზარდა უფროსი მასწავლებლების რაოდენობა, წამყვანის და მენტორის – ნაკლები ტემპით იზრდება. უფროსებმაც სხვადასხვა ფორმით მიიღეს ეს სტატუსები და ამიტომ ასე უცებ ვერ აისახება ეს ყველაფერი სწავლების ხარისხზე.
მეორე მხრივ, რეპეტიტორებზე მოთხოვნა მარტო მასწავლებლების პასუხისმგებლობა არ არის, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულების ამბავიცაა. სანამ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გაიზრდება და სანამ მშობელი და მოსწავლე არ მოსთხოვს მასწავლებელს „მასწავლე“, „მომეცი ცოდნა“, სხვანაირად არ შესუსტდება ეს ინსტიტუტი.
ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. ჩემი აზრით, კარგი მოსწავლე იყო სკოლაში, თუმცა როგორც ყველა ბავშვს ახასიათებს, ბოლომდე მაინც არ იხარჯებოდა. ამიტომ ემზადებიან დამატებით. გამოცდებს ჩემი შვილიც თავისუფლად ჩააბარებდა სკოლაში მიღებული ცოდნით, მაგრამ როცა მაღალი გრანტი გინდა მიიღო, მაინც ემზადები.
- სკოლაში მიღებული ცოდნითაც ხომ უნდა შეძლოს გრანტის მოპოვება?
კი უნდა შეძლოს, მაგრამ ბავშვებშიც დაბალია მოტივაცია. არასათანადო მომზადება, არასათანადო ან არასწორი ჩართულობა მშობლების მხრიდან.
არასწორია, როცა მშობელს იბარებ და ეუბნები, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება და სთავაზობ, იქნებ ერთად შევძლოთ დახმარება. მშობელი ამბობს, რომ „მოვამზადებ“. მშობელი კი არ თანამშრომლობს მასწავლებელთან, არამედ გამოსავალს ხედავს რეპეტიტორში. მასწავლებლის მიმართ ნაკლები პრეტენზია აქვს.
- რატომ აქვს ნაკლები პრეტენზია, საჯარო სკოლები ხომ მოქალაქეების ანუ ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, არ აქვთ მშობლებს იმის განცდა, რომ თავადვე აფინანსებენ მათი შვილების განათლებას და მეტი უნდა მოითხოვონ?
არა, არ აქვთ ეს განცდა. ამაზე ვსაუბრობ ზუსტად, რომ მოქალაქეობრივი ცნობიერება დაბალია. ზუსტადაც უნდა მოსთხოვონ სკოლას და მადლობაც უნდა გადაუხადონ მასწავლებელს, როცა ხედავენ, რომ სწორად მუშაობს.
- მოსწავლეებს დაბალი მოტივაცია აქვთო – ამბობთ, რატომ, როგორ ფიქრობთ?
შეიძლება გაკვეთილის ფორმატი იყოს მათთვის უინტერესო, თუნდაც მერხების განლაგება იყოს უინტერესო მათთვის, შეიძლება მიწოდების ფორმა ან თემატიკა იყოს უინტერესო.
- მასწავლებელს ამის შეცვლა არ შეუძლია კლასში?
ერთია ის, რომ ჩვენ ვამზადებთ მასწავლებლებს, ვასწავლით მეთოდიკას, ვაწვდით ლიტერატურას, მაგრამ პრაქტიკაში რამდენად იყენებს ამას მასწავლებელი სწორად, ამაზეა დამოკიდებული.
- თქვენც ასწავლით ბავშვებს, რას ანიჭებთ უპირატესობას გაკვეთილზე?
ყველაზე მეტად რასაც ვცდილობ, ეს განწყობის შექმნაა. მე არასდროს ვეუბნები მოსწავლეებს, რომ მათემატიკა ძალიან რთული საგანია. მე ვეუბნები, რომ ძალიან ხალისიანი საგანია. ბავშვებიც მპასუხობენ, რომ ეს იციან და ამით ხალისობენ კიდეც. მასწავლებლის შინაგანი დამოკიდებულება საგნის, გაკვეთილის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია.
რატომ უჭირთ განწყობის შექმნა ხშირად მასწავლებლებს – ამას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის სოციალური პრობლემა, რომელიც ზემოთაც ვახსენე, ზოგს შესაძლოა საკმარისი რესურსი არ ჰქონდეს, ტექნოლოგიებზე არ მიუწვდებოდეს ხელი და ასე შემდეგ.
დაწყებით საფეხურზე შესაძლოა უფრო ადვილი იყოს განწყობის შექმნა, შესაძლოა ფერადი ცარცი შეიტანო გაკვეთილზე და ამანაც გაახალისოს ბავშვი, მაგრამ მაღალ საფეხურზე ეს მარტივი არ არის.
- განათლების მიზანი, როგორც ვამბობთ ხოლმე, კრიტიკულად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდაა, დღეს ახერხებს თუ ვერა ამას სკოლა?
ნაწილობრივ. ვერც იმას ვიტყვით, რომ არ ინდომებენ მასწავლებლები, მაგრამ ფაქტია, რომ ის შედეგი არ არის, რაც გვინდა.
პროფესიული ზრდა მუდმივი პროცესია და ის კავშირში უნდა იყოს სწავლების ხარისხთან. გარდა ამისა, მასწავლებელი არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გადამწვარი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მუშაობდეს ორ სკოლაში, რაც დღეს ძალიან ხშირია. ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად მასწავლებელი ოჯახის მარჩენალია და ხელფასი არ ჰყოფნის. ამიტომ სჭირდებათ ორ სკოლაში მუშაობა.
- გამოდის, ისევ სოციალურ მდგომარეობასთან მიდის ყველაფერი?
მასწავლებელი არ არის მარტო გაკვეთილზე დაკავებული, გაკვეთილის მიღმა უწევს უამრავი ნაშრომის გასწორება, გაკვეთილის, რესურსის მომზადება, ბევრი სხვა რამის კეთება. ამ სიტუაციას, რა თქმა უნდა, მარტო ხელფასის ზრდა ვერ გამოასწორებს, რადგან ბევრია ისეთი მასწავლებელიც, რომელიც ნაკლებ თანხაზეც კარგად მუშაობს.
კავშირი, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ – „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“, – ეს რგოლები უნდა ამუშავდეს სხვანაირად.
მარტო მასწავლებელი ვერ დადებს სწავლის მაღალ შედეგს. აუცილებლად სჭირდება მშობლის მხარდაჭერა. ოჯახის, სკოლის და საზოგადოების ერთნაირი ხედვა, ერთნაირი დამოკიდებულებაა საჭირო ამისთვის. მარტო ერთი მხარე ვერაფერს გამოასწორებს.