ამერიკელები უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ გერმანიაში – პენტაგონი

აშშ-ის სამხედრო სპეციალისტებმა გერმანიაში დაიწყეს უკრაინელი ჯარისკაცების სწავლება თავდაცვის იმ სისტემების სამართავად, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში – განაცხადა 29 აპრილს პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.

აშშ-ის არმია სწავლებას გერმანიასთან კოორდინაციით ახორციელებს.

უკრაინელი სამხედროები „ჰაუბიცა M-777-ის“ გამოყენებას სწავლობენ. პენტაგონის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვს არტილერიის ოპერირებისთვის საჭირო გამოცდილება და ამჟამად უნდა გაეცნონ ამერიკული სისტემის თავისებურებებს.

შეერთებული შტატები არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამზადებს უკრაინელ სამხედროებს. 28 აპრილს კანადის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კანადელი სპეციალისტები ევროპაში „ჰაუბიცა“ M-777-ის გამოყენებას ასწავლიან უკრაინელ სამხედროებს.

„ეს სწავლებები წარმოადგენს პირდაპირ მხარდაჭერას აშშ-ის ბოლოდროინდელ უსაფრთხოების პაკეტების ფარგლებში, რომელიც შემუშავებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას ბრძოლების მოგებაში დღეს და ძალის მოკრეფაში ხვალ“, – განაცხადა კირბიმ.

_______________

ფოტოზე: ჰაუბიცა M-777, ვიკიპედია

სპერმოგრამა – მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებელი პირველი აუცილებელი კვლევა

სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი) ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა. მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად პირველი აუცილებელი ეტაპია სპერმის ანალიზის გაკეთება. წყვილის უნაყოფობა 40-50 %-ში განპირობებულია მამაკაცის ფაქტორით.

როდის უნდა გაკეთდეს სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი)?

სპერმის ანალიზი კეთდება, რომლებსაც 1 წლის განმავლობაში 35 წლამდე პარტნიორთან რეგულარული და დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აქვთ, თუმცა ორსულობა არ დგება. თუ მათი პარტნიორი 35 წელს გადაცილებულია, ანალიზის ჩატარება 6-თვიანი უშედეგო სქესობრივი კონტაქტის შემდეგაა მიზანშეწონილი.

საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?

სპერმოგრამის ჩატარებამდე მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან 1-3 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. თავშეკავების პერიოდში მას არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი. თუ რაიმე მედიკამენტს იღებს, ამის შესახებ მან მკურნალ ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოს.

რას განსაზღვრავს სპერმოგრამა (სპემრის ანალიზი)?

სპერმოგრამა განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრით, თითოეული პარამეტრის ნორმა დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ.

ეს პარამეტრებია:

ეაკულატის მოცულობა

ეაკულატი სპერმალური სითხეა და ორსულობის მისაღებად, მასში კაცის სასქესო უჯრედები — სპერმატოზოიდები უნდა იყოს. ეაკულატის მოცულობის ნორმალური მაჩვენებელი ≥1,5 მილილიტრია.

სპერმის აგლუტინაცია

ეაკულატში სპერმატოზოიდები თავისუფლად უნდა მოძრაობდნენ, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთმანეთთან დიდი რაოდენობით სპერმატოზოიდებია შეწებებული. ამ პროცესს სპერმის აგლუტინაცია ეწოდება. საქმე იმაშია, რომ შეწებებული სპერმატოზოიდები კვერცხუჯრედამდე მისვლასა და მის განაყოფიერებას ვერ ახერხებენ, ამიტომ სპერმის აგლუტინაცია მამაკაცის უშვილობის გამომწვევი შეიძლება იყოს.

სპერმის სიბლანტე

რაც უფრო ბლანტია სპერმალური სითხე, სპერმატოზოიდებს მით უფრო უჭირთ მოძრაობა. ახლად აღებული ეაკულატი საკმაოდ ბლანტია. მისი გათხელება (გაჯირჯვება) დაახლოებით 30-60 წუთში უნდა მოხდეს. თუ ეაკულატი ბლანტი დარჩა, სპერმატოზოიდებს  გადაადგილება გაუჭირდებათ და მათი მოძრაობა შენელებული იქნება.

სპერმატოზოიდების კონცენტრაცია

ამ კომპონენტით ისაზღვრება 1 მილილიტრ ეაკულატში სპერმატოზოიდების რაოდენობა. ნორმალური მაჩვენებელი 1 მილილიტრ ეაკულატში არის ≥ 15 მილიონი სპერმატოზოიდი.

სპერმატოზოიდების მოძრაობა

სპერმოგრამა ეაკულატში არსებული მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობას ადგენს. ამ შემთხვევაში მოძრავი სპერმატოზოიდების ნორმალურ მაჩვენებლად საერთო რაოდენობის 40% და მეტია მიჩნეული.

სპერმატოზოიდების კონცენტრაცია მთელს ეაკულატში

სპერმოგრამის დროს ასევე ისაზღვრება სპერმატოზოიდების რაოდენობა მთელს ეაკულატში. ამისათვის საჭიროა ეაკულატის მოცულობა გამრავლდეს 1 მილილიტრ ეაკულატში არსებული სპერმატოზოიდების კონცენტრაციაზე. მისი ნორმა არის – ≥ 39 მილიონი სპერმატოზოიდი.

აქტიური მოძრაობა

ეს კონკრეტული პარამეტრი იმ სპერმატოზოიდების რაოდენობას საზღვრავს, რომლებიც წინ, პროგრესულად მოძრაობენ. მათი ნორმალური მაჩვენებელი კი ≥32%-ია.

მორფოლოგია

სპერმატოზოიდების სტრუქტურული აგებულებისა და მათი მორფოლოგიის დასადგენად, რეპროარტში კრუგერის მეთოდს ვიყენებთ. იგი ნორმალური (უდეფექტო) სპერმატოზოიდების რაოდენობას განსაზღვრავს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ განაყოფიერებისთვის მათ თავის, ყელისა თუ კუდის პათოლოგია არ ჰქონდეთ. ამ კომპონენტის ნორმალური მაჩვენებელი ≥4%-ია (ითვლება ყოველ 100 ცალ სპერმატოზოიდში).

ერითროციტები და ლეიკოციტები ეაკულატში

ლეიკოციტოზი სპერმაში, იგივე პიოსპერმია, შეიძლება, სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული და მიმდინარე ანთებით პროცესს მიანიშნებდეს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს განაყოფიერებას.

ერითროციტების არსებობას ეაკულატში, ასევე სხვადასხვა ფაქტორი იწვევს. მაგალითად, ანთებითი პროცესი, ტრავმა და სხვა. ერითროციტების სიჭარბე მიანიშნებს სისხლის არსებობას ეაკულატში. ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ მამაკაცმა უროლოგს მიმართოს, რადგან ეს მდგომარეობა შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა დაავადებებით, მაგალითად: თირკმლის დაავადებებით, პროსტატის პრობლემებით, და/ან ონკოლოგიური დაავადებით.

როგორც ერითროციტის, ისე ლეიკოციტის დადგენილ ნორმას ეაკულატში 0-2 (ცალი) მხ/არე წარმოადგენს.

ეაკულატის PH

PH ნორმალური მაჩვენებელი 7.2-7.8-ია. შესაძლოა, მისი მატება ინფექციას მიანიშნებდეს, კლება კი ასოცირებული იყოს სპერმსავალი გზების ბლოკირებასთან და უნაყოფობას იწვევდეს.

როგორ ხდება სპერმოგრამის (სპერმის ანალიზი) ჩაბარება ბათუმის რეპროარტში?

ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტის ბათუმის ფილიალში სპერმის ჩაბარება მასტურბაციის გზით, სპეციალური სტერილური კონტეინერით ხდება. ანალიზი შესაძლოა ჩაბარდეს კლინიკაში არსებულ სპეციალურ ოთახში. სურვილის შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია მასალა რეპროარტში თავად მიიტანოს, აღებიდან არაუმეტეს 30 წუთში.

ბათუმის რეპროარტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში სპერმოგრამის ჩატარება მამაკაცებს მათი ნაყოფიერების შესახებ უზუსტეს სურათს აძლევს.

ჩაეწერე ანალიზზე https://bit.ly/37uHQzG

მისამართი: ვ. გორგასლის ქ. 159 N.

ტელ: +995 595 441 144

80 წლის უკრაინელმა ქალმა პატრიოტული ტატუირება გაიკეთა

უკრაინული გამოცემის,  „უნიანის“ ცნობით, 80 წლის უკრაინელმა ქალმა, რომელიც ამჟამად ომის გამო ლტოლვილად იქცა, პატრიოტული ტატუირება გაიკეთა.

ვინიცელმა ქალის ფეხზე ახლა უკრაინის გერბი და პურის თავთავებია გამოსახული. ტატუირება მას პოლონეთში შვილიშვილმა გაუკეთა, რომელთანაც ახლა ქალი ცხოვრობს.

„უკრაინისთვის გავიკეთე ტატუ. ჩემმა შვილიშვილმა გამიკეთა. ძალიან მიყვარს უკრაინა და მშვიდობა მინდა”, – ამბობს ქალი.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი ორ თვეზე მეტი ხანია გრძელდება.

ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის დაკავება და ხელისუფლების შეცვლა, რის გამოც ომში თავდაპირველი სტრატეგია შეცვალა და ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში შეტევის ახალი ფაზა წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციას.

___________

ფოტო: unian

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 23 200 ადამიანი
  • ტანკი – 1008 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 445 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 436 ერთეული
  • MLRS – 151 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 77 ერთეული
  • თვითმფრინავი – 190 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 701 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 232
  • სპეციალური აღჭურვილობა – 32
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 142 თვითმფრინავი
  • 112 ვერტმფრენი
  • 658 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 279 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 656 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 307 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 189 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 492 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადის მეთაურმა სერჰიი ვოლინსკიმ (ვოლინა) თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დახმარების თხოვნით მიმართა. ის ერდოღანს სთხოვს, თურქეთმა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოს ალყაში მყოფი მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების აზოვსტალის ტერიტორიიდან გაყვანა.

უკრაინის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა რუსეთის მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი 243 დანაშაული აღრიცხა:

ამავე თემაზე:

ჯარისკაცები არა, რუსეთიდან ჩვენთან დაქირავებული მკვლელები მოვიდნენ – ხარკოველი ქალი

უკრაინაში ჟურნალისტების წინააღმდეგ 243 დანაშაული აღრიცხეს

უკრაინის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა რუსეთის მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი 243 დანაშაული აღრიცხა.

კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს დანაშაულები, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 27 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის 16 რეგიონში დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი თავდასხმა ჟურნალისტებზე კიევში და კიევის რეგიონში მოხდა, მათ შორის, ჟურნალისტების მკვლელობა, გაუჩინარება, დაჭრა, გატაცება, დამიზნებით სროლა და მუქარა, სატელევიზიო ანძებზე თავდასხმა და კიბერდანაშაულები.

კომიტეტის განცხადებით, დანაშაულების დიდი რაოდენობა აღრიცხეს ასევე ზაპოროჟიეში და ხერსონის რეგიონში. რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ ქალაქებში იტაცებენ, ესვრიან და ემუქრებიან ჟურნალისტებს. დაფიქსირდა კიბერდანაშაულები, რედაქციების დახურვისა და უკრაინული სამაუწყებლო არხების გათიშვის ფაქტები.

ომის დაწყების შემდეგ, 7 ჟურნალისტი მოკლეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 15 – დაკარგულია, 14 ჟურნალისტი დაიღუპა ბრძოლაში ან რუსეთის თავდასხმის დროს, როდესაც ისინი არ ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას, 9 – დაიჭრა, ხოლო 8 ჟურნალისტი დააკავეს და გაიტაცეს.

კომიტეტის საიტზე აღნიშნულია სატელევიზიო ანძებზე საარტილერიო თუ საჰაერო თავდასხმის 11 შემთხვევა.

_________________

ფოტო: ArmiaInform.com.ua

ბათუმის მერიამ გენგეგმის პირველი ეტაპი ჩაიბარა – რა წერია დოკუმენტში

ბათუმის მერიამ გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის პირველი ნაწილი ჩაიბარა. როგორც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში განგვიმარტეს, განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  საბაზისო მონაცემები შეაგროვა. „ასევე დასრულდა ინდიკატორების სისტემის სამუშაო ვერსიის შემუშავება. წარმოდგენილია განაშენიანების დეტალური გეგმის კვლევები – შენობების მდგომარეობა კვარტლების მიხედვით და ასე შემდეგ“, – მოგვწერეს მერიიდან.

დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. მერიაში გვითხრეს, რომ ის საკმაო მოცულობისაა, გარდა ამისა „სპეციალურ პროგრამაშია აწყობილი“.

ჩაბარებული დოკუმენტის შინაარსზე მეტი ინფორმაციის მისაღებად კომპანიის წარმომადგენელს მივმართეთ. „ბათუმელების“ კითხვებს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ტექნიკური კოორდინატორი, სოფო თოდუა პასუხობს.

  • ქალბატონო სოფო, მარტივად რომ აგვიხსნათ, რა წერია უკვე ჩაბარებულ დოკუმენტში, რა ინფორმაციას მოიცავს ის შინაარსობრივად?

გენგეგმა არის სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ქალაქი როგორ უნდა განვითარდეს. შესაბამისად, სანამ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ არსებული მდგომარეობით რა ხდება ქალაქში. რა ტენდენციებია, რა საფრთხეები არსებობს, ეს მოიცავს სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებას და არამხოლოდ არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებით მონაცემებს, არამედ გარემოსდაცვითი კუთხით რა მდგომარეობაა, კულტურულ მემკვიდრეობაში რა მდგომარეობაა, საინჟინრო მიმართულებით და ასე შემდეგ…

ყველა დარგობრივი მიმართულება, რომლებიც ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და მის განვითარებასთან მოიაზრება, ასევე, განაპირობებს ცხოვრების ხარისხს – ამ ყველაფრის კვლევა ჩატარდა დეტალურად. კვლევაზე მუშაობდნენ დარგობრივი სპეციალისტები, თითოეულ მიმართულებაზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობდა და შეგროვდა ინფორმაცია, რომელიც გავაანალიზეთ. ეს დოკუმენტი საჯარო იქნება. ის 940 გვერდია და ამას ემატება 140 რუკა, რომლებიც შემუშავებულია.

  • კვლევის ფარგლებში ქალაქისთვის ყველაზე მწვავედ რა საკითხები გამოიკვეთა?

ძალიან ბევრი საკითხია, თუმცა განსაკუთრებით მწვავე, რაც ბათუმისთვის მტკივნეულია და რაზეც მერიაც მუშაობს, ეს არის ავარიული და დეგრადირებული ინფრასტრუქტურა. არამარტო ქალაქის ცენტრში, არამედ გარეუბნებშიც საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა. შემდეგია ქაოსური განაშენიანება – ის, რომ ახლა უსისტემოდ ხდება ქალაქის განაშენიანება, ის, რომ ეს პროცესი ადგილობრივ ბაზარზე არ არის მორგებული და ქალაქის რესურსს გარკვეულწილად ჭამს.

გარემოსდაცვითი მიმართულებით არის ბევრი პრობლემა, მათ შორის შეუსაბამო ნაგავსაყრელი – პროექტი უკვე კეთდება, რომ ის დაიხუროს და სხვაგან გადავიდეს. თუმცა ეს საკითხი მაინც მწვავედ დგას… ასევე კულტურული მემკვიდრეობა – ის, რომ ბათუმს იდენტობა შეუნარჩუნდეს და სიცოცხლისუნარიანობა არ დაეკარგოს, არ მოხდეს ქალაქის მუზეუმიფიცირება, მაგრამ შევინარჩუნოთ იერ-სახე.

  • ფიქრობთ, რომ ამის შანსი ისევ არის?

მართალია, ბევრ ადგილას უკვე აღარ არის ამის შანსი და ბევრად უარესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ, შესაძლოა კიდევ უფრო უარესიც. შესაბამისად, მთავარია, შეჩერდეს ეს პროცესები და ყველამ გაიაზროს, რომ ადგილობრივი იერ-სახე ეს არის ქალაქის მიმზიდველობა. მთავარი მიზანია, რომ ცხოვრების ხარისხი შემოსულ ინვესტიციებთან ერთად მაღალი იყოს და პირიქით არ მოხდეს. ჯერჯერობით ახალი ინვესტიციები მხოლოდ მყისიერ შედეგს გვაძლევს ეკონომიკური მაჩვენებლებით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში…

  • თქვენ ჩააბარეთ პირველი ეტაპის სამუშაოები და გვეუბნებით, რომ ის 900 გვერდია, ანუ მის დამუშავებას დრო სჭირდება. ვიდრე ეს ყველაფერი დასრულდება, დიდ დრო გავა. შემდეგ განხილვა-დამტკიცების ეტაპი გაიწელება. რა მექანიზმი გეგულებათ, რომ გენგეგმის შექმნას აზრი არ დაეკარგოს? 

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ეს ძალიან პრობლემური საკითხია. იმის მიუხედავად, რომ შემდეგი ეტაპი სწორედ დროებითი შეზღუდვებია [დროებითს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ სანამ გენგეგმა მუშავდება და კონცეფციამდე მივალთ] მანამდე სასურველია გარემო სტაბილურად შენარჩუნდეს. თუ შეიცვალა გარემო, რომელიც ვიკვლიეთ, შესაბამისად, ის კვლევა ჩვენთვის აღარ იქნება ინფორმაციული.

როდესაც ვლაპარაკობთ კონკრეტულ ნებართვებზე, სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პროცესები შევაჩეროთ – იძულებულები ვართ, მანამდე გაცემული ნებართვები ჩავთვალოთ, რომ ის აშენებულია. ჩვენი კვლევა მათ შორის მოიაზრებდა გაცემული ნებართვების გადახედვას და იმ მოცულობების ჩათვლას, რომ შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში ქალაქი რამდენად გაიზრდება.

  • რადგან ასეა, ხომ არ გაქვთ რჩევა ბათუმის მერისთვის, რომ ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვები შემოიღოს?

ჩვენ გვაქვს არქიტექტურის სამსახურთან კომუნიკაცია, თვითონაც იციან, რომ შემდეგი ეტაპი არის დროებითი შეზღუდვები: ახალი გაცემული ნებართვები, როგორც ასეთი, აღარ ფიქსირდება. ძველი გაცემული ნებართვებია და რამდენიმე ახლა იწყებს მოქმედებას. ამას, ფაქტობრივად, ვერ ცვლიან ისინი. ჩვენი მითითებაც არის, რომ სანამ გენერალური გეგმა მუშავდება, მანამ თავი შეიკავონ, ან განხილვისას ჩვენ დაგვიძახონ.

მეორეც, როცა საუბარია, რომ ნებართვა გაცემულია ისეთ ზონაში, რომელიც შეუსაბამოა და გაცემული ისეთ ადგილას, რაც გარემოს დაცვით, ან კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ხვდება, ამ შემთხვევაში გენერალური გეგმა განიხილავს მიწათმონაცვლეობის, ალტერნატიული კომპრომისების სივრცეს. ესეც ჩვენი კვლევების საკითხია, ამაზე დავაფიქსირებთ ჩვენს პროფესიულ მოსაზრებას, გვექნება საჯარო განხილვები, კერძო და საჯარო განხილვები, მათ შორის დამკვეთთანა. მთავარია, რომ ისეთ კომპრომისს მივაღწიოთ, რომ ეს რეალისტური იყოს და ამის მართვითი ხელსაწყოები არსებობდეს.

თუ ვადაგასულ ნებართვებზეა საუბარი, რაღაც შეგვიძლია, მაგრამ თუ ნებართვა მოქმედია, ეს მთლიანად მუნიციპალიტეტზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია დასაბუთებულად ვთქვათ, რომ ეს აქ არ უნდა იყოს, მაგრამ მუნიციპალიტეტს რამდენად  შეუძლია სასამართლოში წავიდეს…

  • ხდება ხოლმე, როცა უცებ გამოჩნდება კომპანია, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტულ ნაკვეთზე აქვს მშენებლობის ნებართვა ხუთი ან მეტი წლის წინ გაცემული და იწყება აპელირება, რომ კანონით აქვს ააშენოს რაღაც შენობა. ამ დროს ჩნდება ეჭვი იმაზე, თუ რამდენად ნამდვილია ეს ნებართვა. ამის კონტროლი შესაძლებელია?

ნებართვების აღრიცხვის სისტემა რამდენჯერმე შეიცვალა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენ მუნიციპალიტეტს უზარმაზარი ცხრილი გამოვართვით. საარქივო მასალების გარდა გადამოწმების საშუალება არ არსებობს – ამ ყველაფრის გაციფრულება მხოლოდ ახლა დაიწყო. შესაბამისად, ძალიან რთულია გადამოწმება ხუთი წლის წინ რა ხდებოდა და როგორ.

ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ტენდენციურად, დაახლოებით რამდენი ნებართვა გაიცა, მაგრამ კონკრეტული პროექტების განხილვისთვის უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი. ყოველწლიურად 15 000-მდე ნებართვაა გაცემული, მაგრამ ყველა არ არის სამშენებლო, მათ შორის არის სარესტავრაციო, სარემონტო…

„ქინდერში“ შესაძლოა ისევ სალმონელა იყოს, სააგენტომ კომპანიას პროდუქციის ამოღება დაავალა

სურსათის ეროვნული სააგენტო შოკოლად „ქინდერის“ კიდევ ერთი საეჭვო პარტიის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

სააგენტოს ცნობით, მიიღეს შეტყობინება ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველოში შემოტანილი „ქინდერის“ ნაწილი, სავარაუდოდ ასევე დაბინძურებულია Salmonella Typhimurium-ით. კერძოდ საუბარია „ქინდერ სიურპრიზსა“ და „ქინდერის“ შოკოლადების ნაკრებზე (KINDER SCHOKOBONS,  KINDER SORPRESA MAXI).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება, ხოლო ბაზარზე გატანილი პროდუქციის ამოღება და დასაწყობება და, ასევე, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორთან  ჩატარდება არაგეგმური ინსპექტირება. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.

ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან.

ამის გამო „ქინდერის“ შოკოლადი სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოითხოვეს.

ჯარისკაცები არა, რუსეთიდან ჩვენთან დაქირავებული მკვლელები მოვიდნენ – ხარკოველი ქალი

46 წლის ნატალია იარიში ხარკოვში, ჩრდილოეთ სალტიკოვის რაიონში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ მისი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია რუსულმა ბომბდამშენმა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები ნატალიამ თავად გადაიღო და „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.

ნატალია ხარკოვიდან გვიყვება, რა მდგომარეობაა ახლა ქალაქში, რა ინტენსივობით და რა დროს იბომბება ქალაქი, როგორ ახერხებენ გადარჩენას და როგორია ხალხის განწყობა ხარკოვში, ქალაქში, რომელიც ყოველდღე იბომბება და რომელიც რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა ამ ომში.

კორპუსის ბინაში ნატალია ოჯახის შვიდ წევრთან და ხუთ ძაღლთან ერთად რჩება ინტენსიური დაბომბვის პირობებში. გვეუბნება, რომ სარდაფში დამალვას აზრი არ აქვს, რადგან ხარკოვს უმძლავრეს ბომბებს უშენენ და თუ აფეთქებენ კორპუსს, ფეთქდება სარდაფებიც.

ხარკოველი ქალის მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ.

ნატალია იაროში, ხარკოვი:

ვცხოვრობდით მშვიდად მარიუპოლშიც, ხარკოვშიც, ჩერნიგოვში, იზიუმში, ხერსონში, მელიტოპოლში, ირპენში, გოსტომელში, ბუჩაში, ბერდიანსკში და სხვა ქალაქებსა და სოფლებში. მუშაობდა მაღაზიები, აფთიაქები, კინოთეატრები, კაფე-რესტორნები.

ვისაც რა ენაზე სურდა, იმ ენაზე ლაპარაკობდა, ვუყურებდით იმ ფილმებს და ვკითხულობდით იმ წიგნებს, რაც გვსურდა: უკრაინულად, ინგლისურად, რუსულად, გერმანულად და ა.შ.

ვაშენებდით სახლებს, თავისუფლად ვყიდულობდით და ვყიდდით ბინებს, ვარემონტებდით ახალ სახლებს და ვმოგზაურობდით, დავდიოდით დასასვენებლად და როცა ვბრუნდებოდით, მომდევნო შვებულების დღეებს ვგეგმავდით წინასწარ. ცხადია, ვიღაცები ალბათ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ კიდეც, მაგრამ მერე რიგდებოდნენ.

დავდიოდით ფეხბურთის მატჩებზე, ვთესავდით ხორბალს და კარტოფილს, ძაღლებს და ბავშვებს ყოველ საღამოს ვასეირნებდით პარკებში, დავდიოდით აგარაკებზე და მდინარის ნაპირებზე გვიყვარდა ჩამოსხდომა, გვქონდა გეგმები და ოცნებები.

ყოველი წლის 31 დეკემბერს შამპანურით სავსე ჭიქებით ვულოცავდით ერთმანეთს ახალი წლის დადგომას და საუკეთესო წელს ვუსურვებდით. ვუსურვებდით ერთმანეთს ახლობლებისა და ოჯახის წევრების ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას…

თუმცა 24 დეკემბერს უკრაინას თავს დააცხრნენ „მოძმე გამათავისუფლებლები“ დიადი მისიით. ეს მისია – „ნაცისტებისგან გათავისუფლება“ საკუთარ თავებს მათ თავად მოუგონეს.

ვინ სთხოვდა? რომელი ნაციონალისტებისგან უნდა გვიხსნან? გაუგებარია. და აი, ასე, „რუსულმა სამყარომ“ იზრუნა, რომ მილიონობით უკრაინელი გაეთავისუფლებინა ყველაფრისგან:

სახლებისგან, ბინებისა და აგარაკებისგან, გეგმებისა და მომავლისგან. შეჩვეული და ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი ცხოვრებისეული სიამეებისგან. სითბოსგან, სახლებში შუქისგან. ონკანიდან წამოსული ცხელი წყლისგან, მშვიდი ცხოვრების და ტკბილი ძილისგან.

გაგვათავისუფლეს სიხარულის და ღიმილისგან, საყვარელი ცხოველებისგან. საკუთარ ქალაქში მშვიდად სეირნობის შესაძლებლობისგან, თავისუფლად გადაადგილებისგან.

ისინი ახლა თავგამოდებით ათავისუფლებენ მარიუპოლს, ხარკოვს, იზიუმს, ხერსონს, სიცოცხლისგან ათავისუფლებენ დიდი სიხარულით ამ ქალაქების მცხოვრებლებს.

ჩვენს ქალაქში სიმშვიდე აღარსადაა, გვბომბავენ 24 საათის განმავლობაში, დღისით და შუაღამისას, განსაკუთრებით ღამით, საღამოს ექვსი საათიდან დილის ექვსამდე. სახლში ვართ. სარდაფში ჩასვლას აზრი არ აქვს. აქ არ არის საიმედო და გამაგრებული სარდაფები. როცა კორპუსს უშენენ, თუ ჩამოინგრა, ინგრევა სარდაფებიც.

მძლავრ ბომბებს იყენებენ ხარკოვში, კორპუსებს სარდაფებიანად ანგრევს.

ჯერჯერობით გვაქვს გაზი, შუქი და წყალი, მაგრამ ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით სალტაკში, ვინც ვერ დატოვა ეს რეგიონი, ქუჩაში ამზადებენ საკვებს, სროლების ქვეშ. ამ დროს ზოგი კვდება.

ჰუმანიტარულ დახმარებას უდაბურ ადგილებში არიგებენ, იყო შემთხვევები, როცა ხალხი დაშავდა. ცვიოდა ბომბები პროდუქტის დარიგებისას, რომ პანიკა დაეთესათ ხალხში და მსხვერპლი ყოფილიყო.

ხალხი ცდილობს ჰუმანიტარული პროდუქტების რიგში დიდხანს არ დარჩეს, ეს ძალიან საშიშია.

ქალაქს ჩვენი ხელისუფლება მართავს, მაგრამ ცა არ არის დაკეტილი და გვბომბავენ ისე, როგორც და როცა სურთ. ბომბდამშენები მოფრინავენ კასპიის ზღვის, ყირიმის მხრიდან. ისვრიან სხვადასხვაგვარ ბომბებს.

თუ ცა არ დაიკეტება, არაფერს არ აქვს აზრი. ვერასდროს გამოიცნობ, საიდან და რას დაბომბავენ. ქალაქს ჩვენ ვაკონტროლებთ, მაგრამ რა აზრი აქვს ამას, როცა ცა ღიაა?

ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ მოხალისეები, მიაქვთ საკვები ადამიანებთან და ცხოველებთან. ბევრმა წასულმა დატოვა ქალაქში ცხოველები, დატოვეს მოხუცებიც, რომლებსაც რიგ შემთხვევაში, არ სურდათ ქალაქის დატოვება, რიგ შემთხვევაში კი, ვერ შეძლეს მათი წაყვანა.

მოხალისეების საქმიანობა ძალიან სახიფათოა, სროლებში გადაადგილდებიან და ცდილობენ ყველას დაეხმარონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იყო შემთხვევები, როცა ფოსტას დაარტყეს, ცდილობენ ისე გააკეთონ, რომ ხარკოვამდე ვერ მოაღწიოს ჰუმანიტარულმა დახმარებამ. ხალხში პანიკას თესავენ და აიძულებენ, ყველამ დატოვოს ქალაქი.

მიუხედავად ამ მცდელობისა, ხარკოვის მცხოვრებთა 70% ქალაქს არ ტოვებს. ხალხი ცდილობს ერთმანეთზე იზრუნოს, ცდილობენ ყურადღება მიაქციონ მარტო დარჩენილ მოხუცებს, მათ, ვინც ამ ომში ყველაზე უმწეო და დაუცველია.

ხარკოვში გარიზონტის, პატიხატას, პიტიხატას რაიონი, ჩრდილოეთ სალტაკი, პრაქტიკულად სრულადაა განადგურებული. ახლა იქ მხოლოდ ნანგრევებია. კასეტური ბომბებით გაანადგურეს ყველაფერი.

ხარკოვის ახლომახლო მდებარე გარეუბნები ძალიან დაზარალდა. ბომბების ნაწილი ცვივა და არ ფეთქდება. განადგურებულია ქალაქის შემოგარენში თითქმის ყველა სახლი. თითქმის ვერ ნახავთ დაუნგრეველ სახლს და აქედან ხალხი ევაკუირებულია.

არ გვაქვს არც ერთი დილა, საღამო და შუადღე, როცა არ გვბომბავენ. სულ თვითმფრინავების გრგვინვის ხმა ისმის. ვერტმფრენები და ბომბდამშენები დაფრინავენ ყოველდღე ბელარუსისა და რუსეთის, კერძოდ, ბელგოროდის მხრიდან.

ძალიან იტანჯება ქალაქგარეთ მდებარე სოფლების მოსახლეობა. ცერკუნის, ლიცის და კაზაჩელოპანის სოფლები, მათ არც ჰუმანიტარული დახმარება აქვთ, საკვების და წყლის გარეშე არიან. უმრავლესობა სარდაფებში იმალება და ეს სოფლები რუსების მიერაა ოკუპირებული, მათ გასათავისუფლებლად ბრძოლები მიდის.

ხალხი ძალიან იტანჯება. სარდაფებში მშივრები, გაყინულები და შეშინებულები სხედან, მათ შორის ბევრი ბავშვი და მოხუცია.

მათი ნაწილი რუსებს რუსეთში, ბელგოროდში გადაჰყავთ, მაგრამ იქ არ ტოვებენ. მიჰყავთ მრავალსაათიან დაკითხვებზე ფილტრაციის ბანაკებში და მერე სახალინზე, ჩრდილოეთში უშვებენ.

აქ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან ჯარისკაცები არ ჩამოსულან. ჩამოვიდნენ დაქირავებული მკვლელები, რომლებიც აუპატიურებენ და კლავენ ბავშვებსა და ქალებს, მოროდიორობენ და მოპარულ ნივთებს რუსეთში ეზიდებიან. ჯარისკაცები ასე არ იქცევიან. ჯარისკაცებმა საკუთარი ქვეყანა და მიწა უნდა დაიცვან. ეს დაქირავებული მკვლელები კი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რასაც აკეთებენ.

ჩემი ქმარი ეროვნებით რუსია, მე უკრაინელი ვარ. ჩემი შვილებიც ნახევრად რუსები არიან. ჩემი ქმრის ნათესავების ნახევარზე მეტი რუსეთში, ბელგოროდში ცხოვრობენ და მხარს არ გვიჭერენ, არ თანაგვიგრძნობენ, რუსული ტელევიზიებისგან არიან ზომბირებულები.

ხარკოვში მცხოვრებმა რუსების ძალიან დიდმა ნაწილმა, მათ შორის, ჩემმა ქმარმაც, ვინც ადრე რუსეთის მხარდამჭერი იყო, აზრი რადიკალურად შეიცვალა.

ხარკოვის რუსულენოვანი მოსახლეობა გაოგნებულია, ისინი ამას არ ელოდნენ – არ ესმით, როგორ შეიძლება რუსეთი ასე მზაკვრულად დასხმოდა თავს ხარკოვს, უკრაინას, სადაც მათი ნათესავები, მეგობრები, ახლობლები ცხოვრობენ. ყველა უკრაინის მხარესაა. რუსეთის ვერაგობას ყველასთვის აეხადა ფარდა.

ხარკოვის შემოგარენში, რუსების მიერ ოკუპირებული სოფლების მცხოვრებლები უარს ამბობენ რუსულ ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებაზე და წვავენ პროდუქტებს. ისინი რუსებისგან ნებისმიერი სახის დახმარებასა და რუსეთში გადასვლაზე უარს ამბობენ. ვინც მიჰყავთ, მიჰყავთ ძალით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 16-ჯერ დაგვბომბეს, ზანზარებს სახლები, ფანჯრები, მთელი ქალაქი.

სახლში ახლა შვიდნი ვართ: მე, ჩემი შვილები, მეუღლე. ჩემი ბიჭი შშმ პირია, მყავს 15 წლის გოგო, 78 წლის ინსულინდამოკიდებული დედა.

ჩვენთანაა ჩემი დაც მეუღლესთან ერთად, მათი უბანი სრულად განადგურდა და ჩვენთან გადმოვიდნენ.

ვალეს საბაჟო 25 მაისამდე იკეტება

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 25 მაისამდე ვალეს საბაჟო იკეტება. საბაჟოს დაკეტვის მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება,” – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც თურქეთის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სამცხე-ჯავახეთის მხრიდან, თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთა შესაძლებელია „კარწახის“ საბაჟო გამშვები პუნქტის საშუალებით, რომელიც გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.

___________________

ფოტო: ვალეს საბაჟო პუნქტი/შემოსავლების სამსახური

პუტინი და ზელენსკი დათანხმდნენ G20-ის სამიტზე მიწვევას – Bloomberg

უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები დათანხმდნენ ინდონეზიის პრეზიდენტის მიწვევას „დიდი ოცეულის“ (G20) 2022 წლის სამიტზე, რომელიც კუნძულ ბალიზე  15-16 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სამიტზე ორივე პრეზიდენტის მიწვევა ხაზს უსვამს იმ დელიკატური ბალანსის დაცვის მცდელობას, რასაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა – ინდონეზია ცდილობს, როგორც G20-ის სამიტის წლევანდელი მასპინძელი.

რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყანაა. სხვა წევრების დამოკიდებულება მოსკოვისადმი, მისი უკრაინაში წარმოებული ომის შესახებ გაყოფილია.

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ პანდემია და უკრაინის ომი გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკის აღდგენაზე. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მან პუტინი და ზელენსკი სამიტზე ინდივიდუალური სატელეფონო ზარებით მიიწვია.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ თქვა, დაესწრება თუ არა სამიტს პუტინი პირადად. „ბლუმბერგი“ წერს, რომ პესკოვმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: „სანამ რუსეთი ემზადება ბალიზე დაგეგმილი სამიტისთვის, ნაადრევია დეტალების განხილვა“.

„გამოვთქვი ჩემი იმედი, რომ შესაძლებელია ომის მალე დასრულება და მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობიანი გადაწყვეტის პროგრესირება. გვესმის, რომ G20-ს შეუძლია გლობალური ეკონომიკის აღდგენაში კატალიზატორი იყოს,“ – ციტირებს „ბლუმბერგი“ ინდონეზიის პრეზიდენტის სიტყვებს.

უკრაინა არ არის „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყანა. თუმცა სამიტის მასპინძელ ქვეყანას შეუძლია მოიწვიოს სხვა არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელი დამკვირვებლის როლში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურ შეხვედრებს ვერ დაესწრებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მანამდე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის G20-იდან გარიცხვას, თუმცა ამას მკაცრად ეწინააღმდეგება ჩინეთი და სხვა რამდენიმე ქვეყანა.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, აშშ და მისი პარტნიორები, მას შემდეგ რაც ოფიციალური ჯაკარტა არ დათანხმდა არ მოეწვია რუსეთი სამიტზე, ცდილობდნენ ინდონეზიაზე უკრაინის მოწვევის მიზნით ზეწოლას. გამოცემა წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა სამიტს დაესწრონ ის წევრი ქვეყნები, რომლებმაც მძიმე სანქციები დაუწესეს რუსეთს, მათ შორის – აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

„ინდონეზიას სურს „დიდი ოცეულის“ გაერთიანება. არ დავუშვებთ გახლეჩას. გლობალური ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გასაღები მშვიდობა და სტაბილურობაა,“ – განაცხადა ჯოკო ვიდოდომ.

2014 წელს, რუსეთის მიერ კრემლის ანექსიასთან დაკავშირებით, რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს.

_________________

ფოტოზე: ზელენსკი, მაკრონი და პუტინი. 2019 წელი, სამიტი საფრანგეთში. ფოტო: PA-EFE/ALEXEI NIKOLSKY

 

როგორი უნდა იყოს უსაფრთხო გზა სკოლისკენ – მერია სახელმძღვანელოს ქმნის სკოლებისთვის

როგორი უნდა იყოს სკოლასთან უსაფრთხო მისასვლელი, ამაზე ბათუმის მერია სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს GIZ-ის [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] დახმარებით გამოსცემს და განათლების სამინისტროს და რესურსცენტრებს გადასცემს.

ბათუმში 25 საჯარო სკოლიდან 12 სკოლასთან მისასვლელი სავალალო მდგომარეობაშია.

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დღეს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასთან მივიდა, მოსწავლეებს ზებრა-გადასასვლელი მოახატვინა და ფოტოებიც გადაიღო. როგორც მერიაში ამბობენ, „დამონტაჟდა დროებითი ბარიერები და საგანგებო ნიშნები“.

ბათუმის მერიას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, შესწავლილი აქვთ თუ არა ყველა სკოლასთან მისასვლელი და როდის დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა ამ კითხვაზე მერიაში კონკრეტულად ვერ გვიპასუხეს.

„საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელოს შემუშავებას სკოლებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხო გზა სკოლამდე.

გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, GIZ-თან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული და ისინი გვეხმარებიან, აკვირდებიან პროცესებს, თავიანთი მეთოდოლოგიით შეიმუშავებენ სახელმძღვანელოს და გადმოგვცემენ,“ – გვითხრა მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენელმა, რუსუდან ჟოჟაძემ.

როგორც იგი ამბობს, საპილოტე პროგრამას ეწოდება „უსაფრთხო გზა სკოლისაკენ“ და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოიხატა მე-14 საჯარო სკოლასთან ზებრა-გადასასვლელი.

მე-14 სკოლა ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანშია, სადაც ავტომანქანები ინტენსიურად მოძრაობენ. სკოლასთან ახლოს არ არის შუქნიშანი, ზებრა-გადასასვლელი კი დიდი ხანია წაშლილი იყო.

ამ პრობლემაზე საინიციატივო ჯგუფი „არ გადადო“ მუშაობდა, რომლის წევრებიც ამბობენ, რომ ბათუმში არსებული 25 სკოლიდან 12 სკოლასთან მისასვლელი  სავალალო მდგომარეობაშია.

წელს, 12 თებერვალს, „არ გადადოს“ აქტივისტებმა მერიის წინ პერფორმანსიც მოაწყვეს  და პროექტორით ვიდეო მერიის ფასადზე გაუშვეს, სადაც სკოლების მისასვლელთან არსებული მდგომარეობა იყო ნაჩვენები.

ამ სკოლების მისასვლელებთან არ არის გამაფრთხილებელი ნიშანი, ე.წ. მწოლიარე პოლიციელი და ზებრები წაშლილია ან საერთოდ არ არის.

იანვარ-მარტში თავშესაფარი 364-მა უცხოელმა მოითხოვა, მათი უმრავლესობა უკრაინელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე. მათი უმრავლესობა, 126 პირი, უკრაინის მოქალაქეა.

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია:

  • უკრაინის – 126
  • თურქეთის – 52
  • ირანის – 31
  • რუსეთის – 21
  • იორდანიის – 19
  • ავღანეთის – 17
  • ეგვიპტის – 16 და სხვა, სულ 33 ქვეყნის მოქალაქე.
  • 8 პირის მოქალაქეობა დაუდგენელია, ხოლო 3 – მოქალაქეობის არმქონეა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ თვეში 194 უცხოელს სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი. მათ შორის ეგვიპტის – 49, ერაყის – 12, თურქეთის – 40, იორდანიის – 25, ირანის – 89, ნიგერიის – 16, რუსეთის – 18 მოქალაქეს.

შსს-ს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან გაძევებული იქნა 40 უცხოელი.

უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკა  [2022 წლის იანვარი-მარტი / მოქალაქეობის მიხედვით]:

საქართველოდან 2022 წლის იანვარ-მარტში გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა /წყარო: შსს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად კი, 2021 წელს საქართველო 80 351-მა მოქალაქემ დატოვა.

იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში დაბრუნდა 39 526 მოქალაქე, რომელიც ემიგრაციაში იყო.

 

რატომ გაუშვეს აჭარის ტელევიზიიდან გადაცემის წამყვანი

აჭარის ტელევიზიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს. კულინარული გადაცემა „უცხო სუნელის“ ავტორსა და წამყვანს, ალეკო თხილაიშვილს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუშინ, 28 აპრილს ჩააბარეს.

„სასამართლოს მივმართავ, რადგან ვფიქრობ, რომ არასამართლიანია ის, რის გამოც მე გამათავისუფლეს სამსახურიდან,“  – უთხრა „ბათუმელებს“ ალეკო თხილაიშვილმა.

ფირუზ ბოლქვაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ალეკო თხილაიშვილი სამსახურიდან  კანონის შესაბამისად გათავისუფლდა.

ალეკო თხილაიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მის გათავისუფლებას წინ უძღოდა საყვედური, რომელიც დაუმსახურებლად მიიღო.

„ტელევიზიასთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ამის მიხედვით, როგორც მე მაქვს ტელევიზიისთვის გარკვეული რაოდენობის გადაცემების ჩაბარების ვალდებულება, მაუწყებელსაც აქვს ვალდებულება, მე უზრუნველმყოს სამუშაო გარემოთი, ინვენტარი იქნება ეს თუ სხვა.

სამუშაო პირობებზე რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. 6 წელია ეს გადაცემა გადის ეთერში. 14 სეზონი გავიდა. მე-15 სეზონია ახლა. ყველა მაყურებელმა გადასარევად იცის, რომ ტყე-ღრე დავძვრები, ხან რომელ რესტორანს ვეხვეწები – შენთან გადავიღებ, ხან  რომელს. სტუდიას რომ თავი დავანებოთ, არანაირი გარემოპირობა არ მქონია ამ ექვსი წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ყიდულობდნენ პროდუქტს. უღრმესი მადლობა ამისთვის, გულწრფელად. მეტი არაფერი ხელშეწყობა მე არ მქონია.

იანვრის მერე არის საუბარი, რომ გადაცემისთვის უზრუნველყონ ერთი ნივთის შეძენა, მაგრამ დღემდე არაა შეძენილი. აქედან გამომდინარე ჩავარდა ორი გადაცემა, რომელსაც მედავებოდნენ. ამას გარდა, დამემართა კოვიდი, რომელიც გადავიტანე თავისი გართულებებით. 22 დღე სახლიდან ვერ გამოვდიოდი. შესაბამისად, ამანაც გარკვეულწილად რაღაც როლი ითამაშა.

როდესაც გადაცემების ჩავარდნაზე მოკვლევა დაიწყო, დავწერე ახსნა-განმარტება. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ჩემი ბრალეულობა არ იყო, მაინც გამომიცხადეს საყვედური,“ – ამბობს ალეკო თხილაიშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საყვედური გამოუცხადეს, განერვიულდა და ტელევიზიაში იყვირა.

„როცა საყვედურის შესახებ გავიგე, ვიყვირე, გავბრაზდი და ვიხმაურე. ეს ერთ-ერთმა დასაქმებულმა ქალბატონმა მიიღო საკუთარ თავზე. არადა, ამ ქალბატონს საერთოდ არ მიემართებოდა. შევედი და დავუსვი კითხვა – შენ გგონია, რომ ეს საყვედური ნორმალურია-მეთქი? ამას მოჰყვა ისტერიკა. მერე მითხრეს თანამშრომლებმა, ტირისო. შევედი ისევ და ვუთხარი – შენთვის მე კონკრეტულად შეურაცხყოფა არ მომიყენებია, ეს იცოდე-მეთქი.

დისციპლინური წარმოება დაიწყო ამის შემდეგ. კომისიის არც ერთ წევრს ჩემთვის არანაირი კითხვა არ დაუსვამს. არც წერილი მიმიღია, რომ მოკვლევა მიდის. ჩვეულებრივად მივიღე ბრძანება გათავისუფლებაზე. გუშინ, 28 აპრილს, გამათავისუფლეს,“ – უთხრა ალეკო თხილაიშვილმა „ბათუმელებს“.

თანამშრომლის გათავისუფლებას განცხადებით გამოეხმაურა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაუწყებელი უკვე ყოფილ თანამშრომელს, ალეკო თხილაიშვილს, ქალი თანამშრომლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს:

„[ალეკო თხილაიშვილი] სამუშაო ოთახში შეუვარდა ქალ თანამშრომელს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, რა დროსაც საჭირო გახდა სამართალდამცავების გამოძახება.  რის შემდეგაც ქალს, რომელიც გახდა შეურაცხყოფის ადრესატი, შექმნილი ჰქონდა მძიმე ემოციური ფონი და მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა შესაბამისი რეაგირება,“ – ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

ასევე, მაუწყებლის სახელით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ფირუზ ბოლქვაძემ.

„მის გათავისუფლებას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება მაუწყებელში მომხდარ უსიამოვნო ფაქტთან დაკავშირებით. მან გარკვეული წინა დისციპლინარული პროცესის გამო პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვები გამოიყენა კონკრეტული თანამშრომლის მისამართით. შესაბამისად დისციპლინურმა კომისიამ ჩაატარა ყველა შესაბამისი პროცედურა ამასთან დაკავშირებით და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება,“ – თქვა ფირუზ ბოლქვაძე.

„ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, რა უძღოდა წინ დისციპლინურ წარმოებას, რის შემდეგაც ალეკო თხილაიშვილი სამსახურიდან გაუშვეს.

„პირველი საყვედური დაკისრებული უფლებამოვალეობების შეუსრულებლობისთვის გამოეცხადა. წინა დისციპლინარული წარმოება უკავშირდებოდა ამას, რასაც მოჰყვა შემდეგში კონკრეტული თანამშრომლის შეურაცხყოფა ამ თანამშრომლის მიერ,“ – გვითხრა ფირუზ ბოლქვაძემ.

კითხვაზე, ასრულებდა თუ არა ტელევიზია თანამშრომლის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ფირუზ ბოლქვაძე პასუხობს:

„ტელევიზიას ყველა თანამშრომლის წინაშე აქვს აღებული ვალდებულებები. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამშრომლები ითხოვენ კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად რაღაც დამატებით რესურსებს. თუ ეს რესურსი იმ მომენტისთვის ფიზიკურად არ არსებობს, ან მისი მიწოდება ვერ ხერხდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში იქცეს საფუძვლად ვინმესთვის, რომ მან არ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.

ის გადაცემებს აკეთებდა მანამდეც. მანამდე არ ყოფილა გადაცემების მომზადების პრობლემა. თუ ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ის, რასაც ითხოვდა, მაშინ როგორ ახერხებდა ის გადაცემების მომზადებას და ჩაბარებას? და რატომ ვერ მოხერხდა ეს მას შემდეგ, რაც დააყენა ეს მოთხოვნა?“

დღეს, 29 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიულმა პროფკავშირებმა და მასში გაწევრიანებულმა ჟურნალისტებმა მაუწყებლის წინ მდუმარე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ჟურნალისტები ტელევიზიიდან კიდევ ერთი თანამშრომლის წასვლას აპროტესტებდნენ. აქციაზე, ასევე, შეაგროვეს ხელმოწერები.

მაუწყებლის ჟურნალისტები მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ და მოითხოვენ დაინიშნოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც მაუწყებელში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ.

უკრაინელმა ქალმა ევაკუაციაზე უარი თქვა, რადგან ძაღლი ვერ მიჰყავდა

კიევის ოლქში მცხოვრები მოხუცი ქალი, რომელმაც ძაღლი შარფში გაახვია, სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა.

უკრაინელი მარია ეფიმოვა გორენკიდან სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოთი გახდა ცნობილი, რომელშიც ჩანს, როგორ ჰყავს მარიას შეფუთული ძაღლი თავსაფარში. იგი ასე იცავდა ძაღლს ბომბების ხმისგან.

უკრაინული გამოცემის, „უნიანის“ ცნობით, რუსული ნაღმის ნამსხვრევები მარიას ეზოში დაეცა, მაგრამ  ქალმა საყვარელი ძაღლის, ბონიას გარეშე ევაკუაციაზე უარი თქვა, დარჩა სახლში და დაბომბვას საყვარელ ცხოველთან ერთად გადაურჩა.

„ის ჩემთვის შვილივითაა და ძალიან მეცოდებოდა. არ შემიძლია აღგიწეროთ, როგორი ჭკვიანია… როგორც კი სროლა იწყება, ჩემი ცრემლების ლოკვას იწყებს,“ – ამბობს მარია.

მარიას შვილიშვილი დონბასში იბრძვის უკრაინის დასაცავად, მისი ცოლ-შვილი უცხოეთში წავიდა ლტოლვილად. ქალი ამბობს, რომ ძალიან ენატრება ოჯახი.

მარიას ძაღლი, 4 წლის ბონია, დაბომბვისას შიშისგან გაჭაღარავდა.

მარია და ბონია. კადრი „უნიანის“ ვიდეომასალიდან

„მარიას სახლის სახურავი ჭურვმა დააზიანა, მაგრამ ქალი არ წუწუნებს, უხარია, რომ სახლი ცოტათი მაინც გადარჩა.

მაისში მარია 80 წლის გახდება. ის გაზაფხულის დასრულებას ელოდება, თუმცა არა დაბადების დღის გამო – მარიას კარტოფილის დათესვა უნდა,“ – წერს „უნიანი“.

 

8 000 ბრიტანელი ჯარისკაცი შეუერთდება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ევროპაში – მედია

დიდი ბრიტანეთი 8000-მდე სამხედროს გაგზავნის აღმოსავლეთ ევროპაში მასშტაბურ წვრთნებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ მედია წერს.

წვრთნები, რომლის ფარგლებშიც ამ ზაფხულს ათობით ტანკი განლაგდება ქვეყნებში, დაწყებული ფინეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიამდე, იქნება ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბაზირება/დისლოცირება ევროპაში. „გარდიანის“ ცნობით, წვრთნებს შეუერთდება ათიათასობით ჯარისკაცი ნატოდან და გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ალიანსიდან, რომელშიც შედიან ფინეთი და შვედეთი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გეგმა დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა, მაგრამ თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გაფართოვდა – წერს „ინდეფენდენთი“.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ერთობლივი ძალების ბაზირება დროებითია, მაგრამ ნატოს მოკავშირეები განიხილავენ, გააფართოონ თუ არა მათ მიერ განლაგებული სამხედრო ძალები როტაციის საფუძველზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში – ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. „ეს დისკუსიები სავარაუდოდ გაგრძელდება ესპანეთში ნატოს სამიტზე, რომელიც 29 ივნისს უნდა დაიწყოს“, – წერს გამოცემა.

„გარდიანს“ მოჰყავს  დიდი ბრიტანეთის საველე არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ რალფ ვუდისეს ციტატა: „დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის დაცვასა და რუსული აგრესიის შეკავებაში. ბრიტანეთის არმიის წვრთნების სერია ფუნდამენტურია ორივესთვის. განლაგების მასშტაბები, ბრიტანული არმიის პროფესიონალიზმთან, წვრთნასთან და სისწრაფესთან ერთად, შეაკავებს აგრესიას ისეთი მასშტაბით, რომელიც ევროპაში ამ საუკუნეში არ უნახავთ“.

განცხადება იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს, გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა დასავლეთის სამიზნეებზე თავდასხმების პერსპექტივა და თქვა, რომ თუ ქვეყნები ჩაერევიან უკრაინის საკითხში, შურისძიება იქნება „ელვისებური სისწრაფის“.

ოპერაცია მაისში დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის ჯარები, რომლებიც სწავლებას ჩაატარებენ ესტონეთ-ლატვიის საზღვარზე ნატოს 18 000 ჯარისკაცთან ერთად, საფრანგეთისა და დანიის სამხედრო ძალების ჩათვლით.

_______________________________

ფოტოზე: დიდი ბრიტანეთის სამხედრო პერსონალი, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

მივიღეთ სარაკეტო კომპლექსი C-300, ჩვენ თვითონ დავხურავთ ცას – უკრაინის სარდლობა

„ჩვენ ვაგრძელებთ ცის დახურვას რუსული საფრთხისგან“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ფეისბუქზე. უწყების ცნობით, უკრაინამ Zenit C-300 სარაკეტო კომპლექსი მიიღო პარტნიორი ქვეყნებისგან:

„სამხრეთ საჰაერო სარდლობის სარაკეტო ძალებმა მიიღეს C-300 სარაკეტო კომპლექსი პარტნიორი ქვეყნებიდან, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას სამხრეთ რეგიონში.

C-300 ეფექტურად მუშაობს რუსი ოკუპანტების ობიექტების დიდი ნაწილის წინააღმდეგ და შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150-მდე კილომეტრის მანძილზე. ამავე დროს, არ აქვს მნიშვნელობა რა სიმაღლეზე დაფრინავს სამიზნე – 10 მეტრის თუ 27 კილომეტრის სიმაღლეზე.

აღნიშნული კომპლექსი უკვე ასრულებს საბრძოლო ამოცანებს. ეს დასაწყისია, გაგრძელება იქნება“.

საზენიტო სარაკეტო სისტემა С-300 შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და 1979 წლიდან გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან უკრაინა ცის დახურვას სთხოვდა ნატოს, თუმცა ნატომ ამაზე უარი თქვა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა თავად დახურავს ცას.

„ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უკვე გვაქვს. ჩვენ თვითონ დავხურავთ ცას“, – თქვა მან.

 

სამ თვეში 1 მილიონ 516 500 კვ.მეტრი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა – საქსტატი

2022 წელს 3 თვეში საქართველოში  შესაბამისმა სამსახურებმა 2229 სამშენებლო ნებართვა გასცეს. ეს ჯამში 1 მილიონ 516 500 კვ.მეტრის ფართობის მშენებლობას ითვალისწინებს. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი  წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტია. ნებართვების რაოდენობა კი 15,4 პროცენტით გაიზარდა.

ნებართვების 83.8 პროცენტი ქვეყნის 5 რეგიონზე ნაწილდება. 53 პროცენტი თბილისზე მოდის, 11 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.4 პროცენტი – იმერეთზე, 7.1 პროცენტი – ქვემო ქართლზე, აჭარაში კი 5.3 პროცენტია.

2022 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით გამოიკვეთა ასევე ტენდენცია, რომ 2022 წელს დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური
საცხოვრებელი კომპლექსების პროექტები.

თბილისი ლიდერობს ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების პროცენტული განაწილების მიხედვითაც.

2022 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიუღიათ 545 900 კვ.მეტრი ფართობის 552 ობიექტი, ფართობი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 59.7 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ობიექტების რაოდენობას, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფოგრაფიკა

 

დასრულებული  მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 33.5 პროცენტი – თბილისზე, 13.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთზე, 10.5 პროცენტი – ქვემო ქართლზე.

მარიუპოლში 14 წლის სპორტსმენი დედასთან ერთად დაიღუპა – „რუსული მშვიდობა კლავს“

მარიუპოლში 14 წლის უკრაინელი სპორტსმენი, ძალოსანი ალინა პერეგუდოვა დედასთან ერთად დაიღუპა რუსეთის დაბომბვის შედეგად. ინფორმაციას დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ფიზიკური კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი ავრცელებს.

„პუტინის ჯარების კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა პერსპექტიული სპორტსმენი დონეცკიდან ალინა პერეგუდოვა, რომელიც დაიღუპა ქალაქ მარიუპოლში მტრის ჭურვების შედეგად.

ალინა იყო ოლიმპიური რეზერვის ბავშვთა და ახალგაზრდული სპორტული სკოლის მოსწავლე ძალოსნობაში და დონეცკის პროფესიული სპორტული კოლეჯის სტუდენტი.

გასულ წელს მან ეროვნულ ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა და მომავალში უმაღლესი დონის შეჯიბრებების მოგებას ისწრაფოდა…

ალინასთან ერთად რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლში მოკლეს დედამისიც“ – წერს დეპარტამენტი.

მოზარდი სპორტსმენის დაღუპვას ეხმიანება მარიუპოლის რადაც.

„რუსული მშვიდობა“ კლავს. ალინა უკრაინის ეროვნული ნაკრების კანდიდატი სპორტსმენი იყო. გასულ წელს მან ეროვნულ ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედლები, მაგრამ მოვიდა „რუსული მშვიდობა“, რომელმაც იგი „გაათავისუფლა“ მომავლისგან.

მარიუპოლი და მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს რუსეთის დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ! ამ დანაშაულს ვერ დამალავთ და ვერ გაამართლებთ,“ – წერს მარიუპოლის რადა.

არ ვრცელდება ინფორმაცია მოზარდისა და დედამისის დაღუპვის ზუსტი თარიღის შესახებ.

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია. ქალაქში მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფას აქვს ადგილი. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში მარხავენ და ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ.

ქალაქში, რუსეთის დანებების შესახებ ულტიმატუმის  მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებენ უკრაინელი ჯარისკაცები – პოლკი „აზოვი“ და უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა. ისინი, ძირითადად, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ქარხნის ბუნკერებს თავს აფარებს მშვიდობიანი მოსახლეობაც, ათასობით ადამიანი, რომელთა გამოყვანაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ამავე თემაზე: 

ღამით რუსეთმა მარიუპოლზე 50 ავიადარტყმა განახორციელა – პოლკი “აზოვი”

„სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“ – ბათუმში საპროტესტო აქციები იწყება

„მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“ – ამ მოთხოვნით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

საპროტესტო აქციები 6 მაისს დაიწყება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე.

„მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს… პირველი აქცია გაიმართება 6 მაისს, აჭარის რევოლუციის დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სწორედ იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო აჭარაში ვარდების რევოლუცია. სწორედ რევოლუციის მთავარ მონაპოვარზე რევანშის განხორციელებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან.

——————–

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.

კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ის საქართველოში 29 სექტემბერს შემოვიდა.

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა 50 დღე იშიმშილა.

„ოცნებასთან“ დაკავშირებული ღვინის კომპანიები ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ – გამჭვირვალობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2021 წელს ღვინის კომპანიებზე სახელმწიფომ 107 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდია გასცა. 80 კომპანიიდან 31 კომპანია „ქართული ოცნების“ მოქმედ ან ყოფილ წევრებს ეკუთვნით ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან.

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ 31 კომპანიაზე 30 343 512 ლარი გაიცა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22 პროცენტია.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სუბსიდიის მიმღები კომპანიები ასევე იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“, სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად, უპროცენტო აგროსესხებით და ამავდროულად, პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2016-2021 წლების განმავლობაში მათ 3 626 420 ლარი გაიღეს“, – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თავის მიმოხილვაში, რომელსაც ჰქვია „რთველი და არჩევნები – რთვლის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მიმოხილვა“.

ამავე წყაროს მიხედვით, გამარტივებული შესყიდვები მიიღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.

„მისი ცოლის ძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის „ვაინ კახეთმა“ 550 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის ღვინის მარანმა „ქინძმარაულმა“ – 150 000 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ – „რთველისმა“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით  57 368 ლარი მიიღო.

ჯამურად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა 800 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა მიიღეს“.

„გამჭვირვალობა საქართველოს“ მოკვლევით, 900 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო 9 დღის დაარსებულმა კომპანიამ, შპს „დი ჯი ელმა“, რომლის მესაკუთრე თამარ ალუღიშვილი დედოფლისწყაროელი ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველია.

სუბსიდიის მიმღები 5 მსხვილი კომპანია დაკავშირებულია კომპანია „ბოლერო ენდ კომპანისთან“, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კარიჭაშვილია. ჯამურად ამ კომპანიებმა მიიღეს 6 მილიონზე  მეტი ლარი. ვახტანგ კარიჭაშვილი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია და მასთან ერთად  ფლობს კომპანიას ბრიტანეთში.

ჯამურად 2 მილიონზე მეტი ლარი მიიღო სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ და შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“, – წერს TI.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები უკავშირდება ზაალ დუგლაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს „ქართული ოცნებიდან“.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან ჩაიბარებდა 1000 ტონაზე მეტ ყურძენს. ამ ხელოვნური  ბარიერის გამო მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს“.

კვლევის მიხედვით, 2021 წელს მთავრობამ ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია რთველზე. სუბსიდიის მიზეზად მან ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დაასახელა.

ამ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვა.

პარლამენტის წევრთან, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებული კომპანიები

სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“

TI კვლევის მიხედვით, სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 1 342 509 ლარი მიიღო. ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით დუგლაძეა, წევრები კი – ეკატერინე დუგლაძე (დავით დუგლაძის ძმის, პარლამენტის ხაშურის და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ დუგლაძის მეუღლე) და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი არიან.

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ ღვინის სააგენტოდან სუბსიდიის სახით მიიღო 759 988 ლარი მიიღო.

„კომპანიას 23-23 პროცენტიანი წილით ფლობენ დავით დუგლაძე, ზაალ დუგლაძე (რომელმაც ამ კომპანიაში თავისი წილი ძმაზე გაასხვისა), ალექსანდრე ივანიშვილი და მალხაზ ყანჩაველი. 8 პროცენტის მფლობელია გიორგი კაპანაძე, რომელსაც ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის  მოქალაქეობა აქვს. კომპანიის დირექტორია დავით დუგლაძე.

დავით დუგლაძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. 2016-2020 წლებში მან 155 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. 2012 წელს მას 60 000 ლარი ჰქონდა შეწირული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“; ზაალ დუგლაძემ 2016-2020 წლებში (ვიდრე დეპუტატი გახდებოდა) მმართველ პარტიას 115 000 ლარი მისცა; მალხაზ ყანჩაველმა 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 105 000 ლარი შესწირა“, – წერს TI.

შეღავათიანი აგროკრედიტი – დამატებითი სარგებელი სახელმწიფოსგან

ზემოთჩამოთვლილი კომპანიები, გარდა იმისა, რომ იღებენ საბიუჯეტო სუბსიდიებს, მონაწილეობენ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და იგებენ გამარტივებულ შესყიდვებს. ისინი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების აქტიური ბენეფიციარები არიან და დაფინანსებას იღებენ ისეთი პროგრამებიდან, როგორებიცაა „აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სააგენტო გასცემს თანხებს სესხის საპროცენტო განაკვეთების დასაფარად.

სააგენტოს მიერ 2013-2021 წლებში იმ ღვინის კომპანიებზე გაცემული თანადაფინანსება, რომლებიც ამავდროულად სახელმწიფო სუბსიდიითაც სარგებლობენ და „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

ასე გამოიყურება ღვინის მარნები, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტით:

ღვინის მარნები, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტით:

TI სახელმწიფოს აძლევს რეკომენდაციას, რომ უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შეისწავლოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული გამარტივებული ტენდერები და მოახდინონ მათზე რეაგირება.

ასევე უნდა შეისწავლოს ყურძენში შაქრის მზომი მოწყობილობების შესყიდვის გამჭვირვალობა და აუცილებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელებს აღნიშნული ხელსაწყოების შესყიდვა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.

„აუცილებელია, რომ თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შემსყიდველმა – შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.

ღვინის სააგენტომ პროცესი უნდა წარმართოს გამჭვირვალედ  და თანხებზე წვდომა ჰქონდეს მცირე მარნებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ბრუნვა აქვთ“, – ამბობს TI.

ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია ღვინის სააგენტომ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა საჭიროა თანხების ორ ნაწილად ხარჯვა, „როდესაც მცირე ნაწილს გასცემს სააგენტო, თანხის უდიდეს ნაწილს კი რიცხავს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ანგარიშზე“.

ესპანურმა გემმა უკრაინისთვის 200 ტონა იარაღი ჩაიტანა პოლონეთში

ესპანეთის საზღვაო ძალების ლოჯისტიკური ხომალდი „ისაბელი“ პოლონეთში, გდინიას პორტში შევიდა.

ესპანურმა გემმა დახმარება ჩაიტანა უკრაინის არმიისთვის – 200 ტონა იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა. ინფორმაციას ესპანური და პოლონური მედია ავრცელებს.

ეს არის ესპანეთის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება. მედიის ცნობით, იარაღის გარდა ტვირთში შედის 30 სატვირთო და 10 მსუბუქი გამავლობის მანქანა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი 21 აპრილს ჩავიდა უკრაინაში. იგი რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ქალაქში, ბოროდიანკაშიც იმყოფებოდა.

„შოკირებული ვართ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებითა და სისასტიკით. ჩვენ უკრაინელ ხალხს მარტო არ დავტოვებთ“, – განაცხადა სანჩესმა იმავე დღეს.

წარუმატებლობის გამო, რუსეთმა შესაძლოა ლიბიიდან უკრაინაში „ვაგნერელები“ გადაიყვანოს – მედია

რუსეთს ლიბიიდან თავისი დაქირავებული მებრძოლების ნაწილი გამოჰყავს და შესაძლოა, ისინი უკრაინაში გადაიყვანოს – ინფორმაციას უკრაინული მედია, გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, გამოცემის წყაროები დასავლეთსა და სირიაში იუწყებიან, რომ თავიდან რუსეთი არ გეგმავდა ლიბიაში თავისი კონტინგენტის შემცირებას, თუმცა უკრაინაში წარუმატებლობის გამო გადაწყვეტილების გადახედვა მოუწია.

მედიის ცნობით, რუსეთმა უკვე გამოიყვანა ლიბიიდან კერძო სამხედრო დაჯგუფება „ლიგის“, ყოფილი „ვაგნერის“, 200 წევრი, ასევე ათასი სირიელი მებრძოლი. თუმცა ლიბიაში კვლავ რჩება რუსეთის 5 ათასი დაქირავებული სამხედრო.

რამდენიმე დღის წინ, NATO-ს მაღალი რანგის თანამდებობის პირზე დაყრდნობით, „რადიო თავისუფლების“ უკრაინის ბიურო წერდა, რომ რუსეთი ათასზე მეტი „ვაგნერელის“ დონბასში გადასროლას გეგმავდა. ალიანსში ვარაუდობდნენ, რომ მოსკოვი სამხედროებს სირიიდან ან აფრიკიდან გამოიყვანდა.

„უნიანის“ ცნობით, „ვაგნერის“ წევრები უკრაინაში უკვე არიან, ისინი, რამდენი დღის წინ, ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე წარუმატებელ შტურმში მონაწილეობდნენ.

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, რომელიც დაქირავებული სამხედროებისგან შედგება, უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ის პრორუს სეპარატისტებს ეხმარებოდა.

დაჯგუფება 2015 წლიდან მონაწილეობს სირიის ომში, აქტიურობდნენ მოზამბიკში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. 2021 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, BBC აღნიშნავდა, რომ დაჯგუფება ლიბიაში სამხედრო დანაშაულებთან და რუსეთის არმიასთანაა დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, „ვაგნერი“ ლიბიაში 2019 წელს გამოჩნდა და 2019-2020 წლებში იქ მისი 1 000-მდე წევრი იბრძოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა 2014 წლამდე, დაახლოებით 10 ათასი ადამიანს მაინც ჰქონია ერთჯერადი კონტრაქტი „ვაგნერთან“.

ჯერ კიდევ 2018 წელს, სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სირიაში თავისი დაქირავებული მებრძოლების გადასაყვანად საქართველოს საჰაერო სივრცესაც იყენებდა. როსტოვიდან მიმავალი თვითმფრინავი სირიაში ოთხი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეები გავლით ხვდებოდა.

—-

უკრაინის აღმოსავლეთი რუსეთისთვის სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, სრულად მოიპოვონ კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე. დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 27-28 აპრილს ამ ტერიტორიებზე განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიდიოდა, თუმცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ უმნიშვნელოდ წაიწიეს წინ.

___

მთავარი ფოტო: უნიანის ტელეგრამარხი

ახალი მონაცემები რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 23 000 ადამიანი
  • ტანკი – 986 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 418 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 435 ერთეული
  • MLRS – 151 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 73 ერთეული
  • თვითმფრინავი – 189 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 695 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 229
  • სპეციალური აღჭურვილობა – 31
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 142 თვითმფრინავი
  • 111 ვერტმფრენი
  • 634 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 278 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 638 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 304 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 175 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 467 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დონბასში რუსეთის ჯარმა წინ მხოლოდ მცირედით წაიწია და ეს მძიმე დანაკარგებად დაუჯდა“, – ასე აფასებს გუშინდელი ბრძოლის შედეგებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა დაიცავს თავს ყველა საშუალებით, მათ შორის, თუ ამას გადაწყვეტს, დაარტყამს რუსეთის სამხედრო საწყობებსა და ბაზებსაც.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით $33 მილიარდი გამოყოს და რუსი ოლიგარქების ქონების გაყინვისთვის ახალი საშუალებები გამოძებნოს.

ამავე თემაზე:

ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა – არახამია

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 აპრილის 21 საათიდან 30 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-2 მაისს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 29 აპრილის მონაცემები

29 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 148  ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარაში – 5, იმერეთში – 27, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 7, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში -3, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 296 ადამიანი. 

 

რუსეთმა დონბასში მცირე წარმატებას მიაღწია, თუმცა დიდი დანაკარგის ფასად – ბრიტანეთის დაზვერვა

„უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო დონბასში რუსეთის ჯარმა წინ მხოლოდ მცირედით წაიწია და ეს მძიმე დანაკარგებად დაუჯდა“, – ასე აფასებს გუშინდელი ბრძოლის შედეგებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება ტვიტერზე 29 აპრილის განახლებას აქვეყნებს.

დაზვერვის ინფორმაციით, დონბასისთვის ბრძოლა რუსეთის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. მოსკოვის გაცხადებული მიზანია, მოიპოვოს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე.

„ამ ოლქებში განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიდიოდა ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში, რუსეთის არმია ცდილობდა წინ წაწევას იზიუმის სამხრეთით სლოვიანსკამდე“.

ომის რუკაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქვეყნებს, ჩანს, რომ 27-28 აპრილის ბრძოლების შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთით გაიზარდა ტერიტორია, რომელსაც რუსეთის არმია აკონტროლებს. რუკა 28 აპრილის მდგომარეობას ასახავს.

ომის რუკა 28 აპრილის მდგომარეობით. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

გუშინდელ, 28 აპრილის განახლებაში, ბრიტანეთის თავდაცვა რუსეთის ფლოტის მდგომარეობაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ დღეისთვის შავ ზღვაში რუსეთის 20-მდე სამხედრო გემია, მათ შორის, წყალქვეშა ხომალდები.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.

საქართველოს მთავრობამ სანქციებზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფოგრაფიკას ბიძინა ივანიშვილის ნათესავების რუსულ ბიზნესკავშირებზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ აჩვენა, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქის, ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია გვთავაზობს მკაცრი სანქციების დაწესებას მის [ივანიშვილის] წინააღმდეგ. ყველა პრორუსი ოლიგარქი აღმოჩნდება „დეოლიგარქიზაციის“ წინაშე“ – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

25 თებერვალს უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ დასავლეთში პირადი სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდა.

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი უბრალოდ კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მათი რიტორიკის – რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების არაღიარებისა და რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების მიზეზი,“ – დაწერა არახამიამ ტელეგრამის არხზე.

ამავე თემაზე: 

ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა – არახამია

გარიგება ბევრი ფულით – რატომ ვერ შეასრულა „ეიარ მერიდიანსმა“ მთავრობასთან აღებული ვალდებულება

დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობამ შპს „ეიარ მერიდიანსის“ ვალდებულებებში ცვლილებას დაუჭირა მხარი. მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიისთვის საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობაა. კომპანია ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვასთან ახლოს, მრავალფუნქციურ კომპლექსს – White Sails-ს, იგივე „თეთრ იალქნებს“ აშენებს.

კომპლექსი ზღვასთან ახლოს, ზღვისა და ბულვარის ხედით ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და ექვს აპარტ-ოტელს, ჯამში 600 აპარტამენტს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯბარებს მოიცავს.

„ეიერ მერიდიანსის“ კომპლექსის პროექტის რენდერი

„ეიარ მერიდიანსისთვის“ საინვესტიციო ვალდებულების შეცვლის საკითხი სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ კომპანიამ ვალდებულებების ნაწილი შეასრულა და რიგ ვალდებულებებში ცვლილებას, კონკრეტულად კი – „ვალდებულებების დაყოფას ითხოვს“.

გარდა იმისა, რომ კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადა მისცეს, კომპანიამ მიიღო თანხმობა, აუქციონზე შეძენილი ქონება რამდენიმე საკადასტრო ერთეულად დაყოს.

მინისტრმა სხდომაზე თქვა ისიც, რომ კომპანიას ახალი ინვესტორი შემოჰყავს და კონკრეტულ ვალდებულებებს სწორედ ეს ახალი ინვესტორი აიღებს: „უნდა, რომ მას დაეკისროს ვალდებულების ნაწილი“.

ვინ არის ახალი ინვესტორი და რა გარიგება შედგა ინვესტორებს შორის, ამაზე მთავრობის სხდომაზე არ უსაუბრიათ. თუმცა, „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ამ გარიგებით შპს „ეარ მერიდიანსმა“ არამხოლოდ ვალდებულებები გაყო, არამედ რამდენიმე მილიონიც მიიღო.

კერძოდ, ვიდრე ხელშეკრულებაში ცვლილებას მოითხოვდნენ, კომპანიის 28 პროცენტი 3 მილიონ ლარად გაყიდეს.

თავდაპირველი შეთანხმებით, რომელიც ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდეგ, 2015 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „ეარ მერიდიანსთან“ გააფორმა, კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება 2019 წელს უნდა დაესრულებინა.

შპს „ეიარ მერიდიანსმა“ 3 ჰექტარამდე ფართობი ზღვასთან ახლოს 2 მილიონ 91 000 დოლარად [1 კვადრატული მეტრი 100 დოლარად] და 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებების შესრულების პირობით იყიდა. შპს „ეარ მერიდიანსს“ ელექტრონული ვაჭრობის დროს კონკურენტი არ ჰყოლია და მხოლოდ ერთი ბიჯის დადება მოუწია.

შპს „ეიარ მერიდიანსი“ საქართველოში 2015 წელს დააფუძნეს, ანუ იმავე წელს, როცა აჭარის მთავრობასთან 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და  დირექტორი რაფიყ კაიტამბა იყო 2018 წლამდე.

2018 წელს საჯარო რეესტრის ამონაწერში ასახული ცვლილების მიხედვით, კომპანიის წილებს რუსეთის ორი მოქალაქე და რუსეთ-საქართველოს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი ინაწილებენ.

2019 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრედ რუსეთის ოთხ მოქალაქესთან ერთად  შპს „ვალენტინი“ დაფიქსირდა –  კომპანია 28,8 პროცენტის მფლობელია. სწორედ შპს „ვალენტინზე“ გადაანაწილა ვალდებულებები „ეიარ მერიდიანსმა“.

შპს „ვალენტინს“ კომპანიის 28,8 პროცენტი „ეიარ მერიდიანსის“ დირექტორმა, რაფიყ კაიტამბამ მიჰყიდა თავისი 58.42 პროცენტიდან. რეესტრში ასახული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ 3 მილიონ 190 000 ლარი გადაიხადა. დოკუმენტებშივე ასახულია ისიც, რომ ამ დროს რაფიყ კაიტამბას საკუთრებაში არსებული 58.42 პროცენტი მშენებელი კომპანიის, შპს „ანაგის“ სასარგებლოდ ჰქონდა დაგირავებული. „ანაგი“ წილების გაყიდვის წინააღმდეგ არ წასულა იმ პირობით, რომ კომპანიის მომსახურების საფასურს დაუფარავდნენ.

კომპანიის დარჩენილი წილები რაფიყ კაიტამბამ გაცილებით ადრე, 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაასხვისა.

შპს „ვალენტინის“ 50 პროცენტს ვასილ წერეთელი ფლობს, 25/25 პროცენტის მფლობელები არიან ლევან კალინინი და ზურაბ აბესაძე.

„წარმოვიდგენ ჩემს ოჯახს დანგრეულ სახლში“ – გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

„წარმოვიდგენ ჩემს ოჯახს ერთ-ერთ იმ სახლში, რომელიც ახლა დანგრეულია. ვხედავ, როგორ გარბიან ჩემი შვილიშვილები პანიკაში, ოჯახის ნაწილი საბოლოოდ დაიღუპა…  ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში. ომი ბოროტებაა. ომი არანაირად არ არის მისაღები 21-ე საუკუნეში“, – თქვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დღეს უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ვიზიტისას. ის უკრაინაში მოსკოვიდან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა.

ბოროდიანკა, ქალაქი, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს, რუსული თავდასხმის შედეგად განადგურდა.

გუტერეში უკრაინაში დღეს ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპინში იმყოფებოდა.  ბუჩაში ვიზიტის დროს მან მოუწოდა რუსეთს, ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) უკრაინაში მისი [რუსეთის] შეჭრის დროს განხორციელებული შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში. კრემლი უარყოფს რაიმე მონაწილეობას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებში, ბუჩადან გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალას კი „ფეიკად“ აფასებს.

„მე სრულად ვუჭერ მხარს ICC-ს და მივმართავ რუსეთის ფედერაციას, ითანამშრომლოს ICC-თან. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ომის დანაშაულებზე, არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ყველაზე საშინელი დანაშაული თავად ომია“, – თქვა მან ბუჩაში ვიზიტისას, სადაც რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ასობით დაღუპული და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს.

სამშაბათს, 26 აპრილს, გუტერეში გაემგზავრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისთვის, რათა განეხილა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი.

გაეროს ცნობით, შეხვედრის შედეგად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „პრინციპში დათანხმდა“ გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში, წერს CNN-ი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან გამართულ პრესკონფერენციაზე გუტერეშმა თქვა, რომ მან წამოაყენა ინიციატივა, შეიქმნას რუსეთის, უკრაინისა და გაეროს ოფიციალური პირების „ჰუმანიტარული საკონტაქტო ჯგუფი“, რათა მოძებნონ შესაძლებლობები უსაფრთხო დერეფნების გახსნისთვის საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტით და გარანტირებული იყოს ამ დერეფნების ეფექტურობა.

გუტერეშის ვიზიტებს მოსკოვსა და კიევში წინ უძღოდა 25 აპრილს უკრაინის მიმართვა გაეროსა და წითელ ჯვრის მიმართ, ჩართულიყვნენ „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში.

ჯერ კიდევ 5 აპრილს გაეროს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან გაეროს სთხოვა, დაეკისრებინა რუსეთისთვის პასუხისმგებლობა და უზრუნველეყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

„გაქვთ 2 გზა – ან გააძევეთ რუსეთი გაეროდან, როგორც ომის წყარო, რათა მან არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად.

მეორე ვარიანტია საკუთარი თავის გაუქმება. თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა“, – განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.

________________

ფოტოზე: გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ბოროდიანკაში. ფოტო: EPA-EFE/Laurence Figa-Talamanca

„ხშირად ვარ მშიერი, შემწეობასაც არ მაძლევენ“ – მარტოხელა ეტლით მოსარგებლე ქობულეთიდან

„უკვე 11 წელია, ეტლს ვარ მიჯაჭვული, ცალ ფეხში უკვე ვგრძნობ ძალას, მაგრამ ექიმთან ხომ უნდა მივიდე, რომ მითხრას, ოპერაცია მიშველის თუ ვერა?… საჭმლის ფულიც არ მაქვს ხშირად, მშიერი ვარ. მინდა გავიარო, მაგრამ სოციალური დახმარებაც მომიხსნეს. მარტო ვცხოვრობ, არ მკითხოთ, როგორ ვახერხებ ამას,“ – ამას ლევან მჟავანაძე ამბობს, რომელიც ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ცხოვრობს.

ლევან მჟავანაძე 44 წლისაა. ის პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და პენსიის გარდა შემოსავალი არ აქვს. ეტლით მოსარგებლე პირი სოციალურ შემწეობას ითხოვს, რომ ექიმებთან მისვლა შეძლოს.

„დაახლოებით 4 წლის წინ შემიწყვიტეს სოციალური დახმარება. ბოლოს, ამ წლის იანვარში შემამოწმეს და ისევ მაღალი ქულები მოვიდა, რას წერენ, არ ვიცი… მხოლოდ სახლია აქ, ისიც ურემონტო და 2500 კვადრატი მიწა, რომელსაც მე ვერ დავამუშავებ, მოვიდეს ვინმე და ნახოს. რა ნახეს აქ, რით უნდა ვიარსებო? დღესაც მეზობლებმა მომიტანეს ფლავი და ლობიო, მეზობლად ბიცოლა გარდაიცვალა და სამძიმარზე რომ სადილებს აკეთებენ, ის მომიკითხეს,“ – გვიყვება ლევან მჟავანაძე. მისი თქმით, ცოლი თურქეთში მუშაობს უკვე მესამე წელია, შვილს კი, მეზობელ სოფელში ზრდიან ბებია და ბაბუა.

„ბიჭი გვყავს 14 წლის, საუკეთესო მოსწავლეა, ზენითის სკოლაშია, იქ წაიყვანეს ბებიამ და ბაბუამ, მე როგორ მიმეხედა, აბა?

მხოლოდ პენსია მაქვს პირველი კატეგორიის – 275 ლარი. პენსიის ფულსაც ბანკი მიქვითავს, რადგან სესხი მაქვს გამოტანილი. თვეში რეალურად 185 ლარს ვიღებ.

11 წლის წინ დავზიანდი, ტყეში შეშას ვამზადებდი და ხის ქვეშ მოვყევი… აღარაფერი მახსოვს. მითხრეს, რომ მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი. მერე რეანიმობილით გადამიყვანეს თბილისის რესპუბლიკურში და იქ გამიკეთეს ოპერაცია, რკინები მქონდა ყველგან, 6 თვე პირაღმა ვიწექი, ერთხელაც გვერდულად არ დამიძინია. ახლა ეტლით გავდივარ, მაგრამ ესეც მიჭირს,“ – გვითხრა ლევან მჟავანაძემ.

„არ ცხოვრობს ეს კაცი მარტო, ასეა, ხშირად მალავენ ოჯახის წევრებს,“ – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის ფილიალის ხელმძღვანელმა, თემურ ჭანტურიშვილმა. მისი მტკიცებით, ეტლით მოსარგებლე პირი სახელმწიფოსგან პენსიას იღებს, ხოლო მასთან ერთად დეკლარაციაში ოჯახის ქალი წევრიც ფიქსირდება, რომელიც სავარაუდოდ მისი ცოლია და შრომისუნარიანია.

„უფრო მეტად ქალი არ არის აქეთ… თურქეთში დადიოდა, ბოლო ინფორმაცია არ ვიცი,“ – გვითხრა ზვიად თამაზაშვილმა, ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა სოფელ ხუცუბანში. მასაც ვკითხეთ, მარტო ცხოვრობს თუ არა ეტლით მოსარგებლე ადამიანი.

„ეს ქალი საბავშვო ბაღში მუშაობდა დამლაგებლად და მერე თურქეთში წავიდა, ასე უფრო ვარჩენ ოჯახსო. პანდემიის დროს ვნახე ბოლოს. წელს არ მინახავს ოჯახში, მაგალითად,“ – გვითხრა ზვიად თამაზაშვილმა.

„ბათუმელები“ სოფელ ხუცუბანში მცხოვრებ კიდევ ერთ პირს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, ლევან მჟავანაძე მარტო ცხოვრობს და მას მეზობლები ეხმარებიან. ხუცუბანში მცხოვრები ადამიანის თქმით, ლევან მჟავანაძის ცოლი თურქეთიდან პერიოდულად ჩამოდის და დაახლოებით ერთი კვირა ჩერდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოში უარყვეს ისიც, რომ ლევან მჟავანაძის ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა სოციალურ შემწეობას, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ შეუწყვიტეს.

„ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის სოციალურ შემწეობას არ იღებდა,“ – გვითხრა თემურ ჭანტურიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის ფილიალის ხელმძღვანელმა. ის დაგვპირდა, რომ პირადად შეამოწმებდა ლევან მჟავანაძის ოჯახს და ამას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა სოფელ ხუცუბანში კი, ის დაადასტურა, რასაც ეტლით მოსარგებლე ამბობს.

„კი, დაახლოებით 3 – 4 წლის წინ შეუწყდა სოციალური დახმარება. მერე რატომ ვერ მოხერხდა მისი აღდგენა, არ ვიცი. შესაძლოა, რადგან ცოლი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, ამიტომაც მოხდა, ვერ გეტყვით,“ – აღნიშნა ზვიად თამაზაშვილმა „ბათუმელებთან“.

„მას გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება, მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ფარგლებში მისცეს 200 ლარი, სარეზერვო ფონდიდან გამოიყო ასევე თანხა,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში. აქ ერთჯერად დახმარებაზე გააკეთეს აქცენტი, რაზეც ეტლით მოსარგებლე ლევან მჟავანაძეც გვესაუბრა და არა პრობლემის სისტემურად მოგვარებაზე, როცა ამ პირობებში მყოფ ადამიანს სახელმწიფო, ფაქტობრივად, არაადამიანურ პირობებთან პირისპირ ტოვებს სისტემური მხარდაჭერის გარეშე.

„კი, მირიან ქათამაძეც დამეხმარა რამდენჯერმე თავისი ჯიბიდან,“ – გვიყვება ისევ ლევან მჟავანაძე. – „ამ ბოლოს როცა შევეხმიანე, მითხრა, აღარ ვარ ქობულეთის მერიაშიო… ზაალ მიქელაძე პარლამენტარი გახდა და აღარ პასუხობს ჩემს ტელეფონს. ქობულეთის ახალმა მერმაც გამომიგზავნა პროდუქტები, დაუბარებია თან სოფლის დეპუტატისთვის, ჩემი ჯიბიდან ვეხმარებიო.

მე კი არავინ მინდა ასე შევაწუხო. სოციალური დამინიშნონ, რომ ექიმებამდე მივიდე.

ელექტროეტლიც კი არ მაქვს, ჩვეულებრივ ეტლით ვმოძრაობ. ელექტრონული ეტლი მირიან ქათამაძის მერობის დროს ვიღაც ბიზნესმენს აყიდინეს ჩემთვის, სამ თვეში გაფუჭდა, მერე სოფელში გარდაიცვალა ერთი ინვალიდი ბიჭი და იმის ეტლი ამომიტანეს, ისიც გაფუჭდა. ვითხოვ, ეზოს გასავლელი მაინც მომიწყონ, რომ ეტლი არ დაზიანდეს, დამპირდნენ, მაისში მოვალთო და ვნახოთ,“ – დაასრულა ლევან მჟავანაძემ.

„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია“ – სტრასბურგის ექსმოსამართლე „უკრაინის საქმეზე“ მუშაობს

„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრად შეარჩიეს. ეს ჯგუფი უკრაინის პროკურატურას უნდა დაეხმაროს, ომის დანაშაულისთვის რუსეთს პასუხი რომ აგებინოს.

ნონა წოწორია ამბობს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს, რადგან სამხედრო საიდუმლოებაა.

რამდენად მოხერხდება რუსეთის დასჯა სამართლებრივად და რას გააკეთებს ევროსაბჭოს მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი? – „ბათუმელებმა“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ნონა, შეუდგა საქმიანობას ევროსაბჭოს მიერ უკრაინის გენერალური პროკურატურის მხარდასაჭერად შექმნილი ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის წევრად თქვენ შეგარჩიეს?

ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით უკრაინის გენერალურ პროკურორს და პირველადი რჩევები გაგვეწია მისთვის. დეტალებზე, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა მტკიცებულებების შეგროვება. როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ისე ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმეების საწარმოებლად.

ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნა უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევის პროგრამის ფარგლებში. ამ თემაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შორის. ასევე იყო თანმდევი მოლაპარაკებები, რომელიც გაიმართა გენერალურ პროკურორსა და ევროსაბჭოს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის დირექტორს შორის. ეს იყო თხოვნა, რომელიც მომდინარეობდა უკრაინიდან და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაქცია ევროსაბჭოდან.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სამხედრო ნაწილში არსებობს დიდი კოალიცია და ეხმარებიან უკრაინას, ისე სამართლებრივ ნაწილში ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და სახელმწიფო. ჩვენი საექსპერტო ჯგუფი ერთ-ერთი ჯგუფია. სხვა აქტორებიც არიან, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, კონკრეტულად კი, პროკურატურას გამოძიებაში. მიმდინარე ომის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ გამოძიების მასშტაბი ძალიან დიდია. ეს არის ჯგუფური ძალისხმევა იმისთვის, რომ სამართლებრივი დახმარება გაეწიოს უკრაინას.

  • თქვენ როგორ შეგარჩიეს ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრად?

მე დამიკავშირდნენ ევროსაბჭოდან. მითხრეს, რომ ასეთი ჯგუფი იქმნებოდა და თუ ვიქნებოდი დაინტერესებული, მიმეღო მონაწილეობა მის საქმიანობაში. ზოგადად, მე ვარ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ის, რომ დამიკავშირდნენ, თუმცა ეს დიდად არ მიკვირს – არცთუ ბევრი ადამიანია, რომელსაც ევროსასამართლოში ომის საქმის განხილვაში მიუღია მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმე იყო პირველი, რომელიც ევროსასამართლომ განიხილა, როგორც მუდმივმოქმედმა სასამართლომ. მანამდე ევროსასამართლოს არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ კონვენციის მოქმედება განეხილა აქტიური საომარი  მოქმედებების ფაზის დროს. ადამიანების საკმაოდ ვიწრო წრეა, ვისაც ჰქონდა შეხება ამ საქმის განხილვასთან. მე, პრაქტიკულად, დასაწყისიდან ბოლომდე ვიყავი მასში ჩართული, რაც ძალიან მძიმე საქმე იყო.

2008 წელს ევროსასამართლოს მოსამართლედ განწესებიდან, მალე მოხდა ომი. დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და 10 წელი მას მივყვებოდი. მე მხოლოდ ბოლო ეტაპზე არ ვმონაწილეობდი. განსაკუთრებული იყო ჩემთვის ის ეტაპი, როდესაც მოწმეთა დაკითხვა ხდებოდა ევროსასამართლოში. შესაძლებელია, ამ ფაქტორმაც იმუშავა.

გარდა ამისა, დიდი ხნის განმავლობაში ევროსასამართლოში უკრაინის საქმეების განმხილველი ერთპიროვნული მოსამართლე ვიყავი.

შემომთავაზეს და რასაკვირველია დავთანხმდი. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგვიძლია, უნდა გავაკეთოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საქმის კეთება ბრიტანელ ადვოკატთან, ჯერემი მაკბრაიდთან ერთად, რომელიც ცნობილი ექსპერტია ევროკონვენციის და სისხლის სამართლის პროცესში. ამ მიმართულებით იგი ცნობილი სახელმძღვანელოს ავტორია.

  • რა არის ამ ჯგუფის კონკრეტული ამოცანა უკრაინაში?

ჩვენი ამოცანაა, უკრაინის გენერალურ პროკურატურას მივაწოდოთ სტრატეგიული რჩევები რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც შეიძლება ეხებოდეს ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სამართლის საკითხებს. ჩვენ უშუალოდ მტკიცებულებების შეგროვებაში, ან მათ დამაგრებაში არ მივიღებთ მონაწილეობას. ამ პროცესში, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს, შესაძლოა, უამრავი კითხვა წარმოიშვას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ სამართლებრივ რჩევებს მივაწვდით გენერალურ პროკურატურას.

შესაძლოა, მოგვიწიოს შემთხვევის ადგილზე ჩასვლაც. გააჩნია, როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ დღის წესრიგში ჯერ ეს საკითხი არ დგას.

  • თქვენი მუშაობა რამდენად დაეხმარება ჰააგის ტრიბუნალს, სადაც პუტინი უნდა გასამართლდეს?

ამ ეტაპზე იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც აღნიშნულია ევროსაბჭოს პრესრელიზში. აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, დანაშაულები ხდება ყოველდღიურად და დრო უჩვენებს უკრაინის მთავრობას, როგორ იქნება სტრატეგიულად უფრო სწორი, რომ ეს საქმეები აწარმოოს.

ჩვენი ფოკუსი არის ევროსასამართლო, რომელიც მოგეხსენებათ, არ არის ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების განმხილველი მთავარი სასამართლო. ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეროგატივაა. თუმცა, არის საკითხები, რომელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული სამართლის ურთიერთგადაკვეთაშია.

  • რამდენად ხერხდება მტკიცებულებების მოგროება, რომ უკრაინამ დაადასტუროს სამხედრო დანაშაული. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, რუსეთი აქტიურად ცდილობს ომის დანაშაულის დაფარვას და კვალის წაშლას.

თავს შევიკავებ, რომ დეტალები გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ გამოწვევა ძალიან დიდია, რადგან საომარი მოქმედებები ქვეყნის [უკრაინა] ზომიდან გამომდინარე ფართო ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ საქმეების გამოძიებაზე ძალიან მძიმე შრომაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ომი კარგად დოკუმენტირებული ომია. ზღვა მასალაა მოპოვებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არც გვინახავს, რადგან გარკვეული ნაწილი სამხედრო საიდუმლოებაა და უშიშროების მიზნებიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი გავრცელება. თუმცა, როცა დადგება სამართლებრივი რეაგირების დრო, ბევრი დამატებითი მასალა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.

ვიცი ის, რომ რამდენიმე დღის წინ ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის საგამოძიებო ჯგუფი ისევ ჩავიდა უკრაინაში. მათი ხშირი ჩასვლა ადგილზე და მტკიცებულებების შეგროვება უმნიშვნელოვანესია. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ქვეყანამ გაუწია ფინანსური დახმარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისს, რომ მათ შეძლონ გამოძიების წარმოება. როგორც მახსოვს, პროკურორის მოწოდებას ფინანსური დახმარების გაწევაზე  ერთ-ერთი პირველი ბრიტანეთის მთავრობა გამოეხმაურა.

15 წლის უკრაინელი ბიჭი ბათუმში მუშაობს, მის ოჯახს ბინის და საკვების ფული სჭირდება

15 წლის ილია ფშებელსკი უკრაინიდან ბათუმში 22 მარტს ჩამოვიდა დედასთან და 5 წლის დასთან ერთად.

„კიევიდან ჩამოვედით. დაბომბვებს ერთი თვის წინ გამოვექეცით. რთულია ამაზე ლაპარაკი. დედა დამეხმარა მომეძებნა სამსახური ბათუმში. მოხალისედ მუშაობდა დედა ბათუმში და იქ  გაიგო ვაკანსიის შესახებ. ახლა რესტორანში ვმუშაობ, მიმტანად. კიევში ვმუშაობდი ომის დაწყებამდე, დასვენების დღეებში მზარეულის დამხმარე ვიყავი, დღეში 200 გრივნას გამოვიმუშავებდი.

მუშაობა შესაძლებლობაა. როცა საკუთარი ფული გაქვს, დედას აღარ სთხოვ და შენით ყიდულობ, რაც გჭირდება“, – ამბობს ილია.

რესტორანში, სადაც ილია დასაქმდა, ის ყველაზე უმცროსი თანამშრომელია ასაკით. ამბობს, რომ სამსახურში ძალიან კარგად მიიღეს და როცა სტუმრები იგებენ, რომ უკრაინიდანაა, დიდ თანაგრძნობას გამოხატავენ.

15 წლის ილია ფშებელსკი უკრაინიდან ბათუმში 22 მარტს ჩამოვიდა დედასთან და 5 წლის დასთან ერთად. ბათუმში ის მიმტანად დასაქმდა

„ჩვენს რესტორანში ძირითადად რუსები და ბელორუსები დადიან, ქართველები – ნაკლებად. არ მიჭირს მუშაობა. უკრაინაშიც ხომ ვმუშაობდი და მიჩვეული ვარ. ჩემი ერთი მეგობარი პოლონეთშია, ორმა უკრაინიდან ვერ გამოაღწია ოჯახთან ერთად. მასწავლებელი ვიცი, რომ ცოცხალია, მაგრამ სად არის, არ ვიცი. ჩემი კლასელების უმრავლესობა დასავლეთ უკრაინას აფარებს თავს“, – ამბობს ილია.

ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ 15 წლის ილია მხოლოდ ერთ ნაცნობს შეხვდა აქ შემთხვევით ხარკოვიდან.

ილია დედასთან და 5 წლის დასთან ერთად ცხოვრობს ბათუმში ქირით. ილიას დედა ამბობს, რომ მან არ იცის, როგორ და რით უნდა გადაიხადოს ბინის ქირა ერთი თვის შემდეგ.

ილიას 5 წლის დასაც ბაღში სიარული სჭირდება. ილიას დედა გვეუბნება, რომ გოგო კერძო ბაღმა 1 თვით უსასყიდლოდ მიიღო, თუმცა რამდენიმე დღეში ერთი თვე იწურება და ბავშვი ბაღის გარეშე რჩება.

საუკეთესო შემთხვევაში 15 წლის ილიამ მიმტანობით ბინის ქირისთვის საჭირო თანხის გამომუშავებაც უნდა შეძლოს და 5 წლის დისთვის ბაღის თანხაც უნდა შეაგროვოს.

ილიას მამა უკრაინაში ქვეყანას იცავს.

ბიჭს ომის შესახებ ლაპარაკი არ სურს. ამბობს, რომ ამაზე საუბარი ძალიან რთულია. მისმა ოჯახმა ერთი კვირა გაატარა ბუნკერში.

ოჯახი კიევში, ობოლონის რაიონში ცხოვრობდა. როცა კიევის დაბომბვა დაიწყო, ისინი იმ დღესვე ირპენისკენ წავიდნენ, თან არაფერი წაუღიათ იმ იმედით, რომ ყველაფერი 2-3 დღეში დასრულდებოდა და სახლში დაბრუნდებოდნენ.

ილიას დედა, ანია იხსენებს, რომ როცა რკინიგზის სადგურში მივიდნენ, ბოთლი წყალიც კი არ ჰქონდათ თან, არც ტანსაცმელი. ირპენში ბუნკერში იმალებოდნენ. როცა ლვოვის დაბომბვა დაიწყო, ილიას დედამ გადაწყვიტა, ბავშვები სასწრაფოდ გაეყვანა უკრაინიდან.

„ბუნკერში საშინელება იყო. არ მინდა გახსენება. ეს იყო დღეები, როცა ირპენს და ბუჩას ბომბავდნენ. ტყეებში რუსი დივერსანტები დარბოდნენ, ერთი შეხედვით, ჩვენნაირი ადამიანები.

მერე როგორღაც ჩერნოვციში წავედით და ჩავსხედით სტამბოლის ავტობუსში. ერთ დღე-ღამეში ჩავედით. ვიყიდეთ ბილეთი ბათუმამდე და ჩამოვაღწიეთ“, – იხსენებს ილიას დედა.

აქ ყველა ბავშვი ბედნიერია – რა ნახა ქართველმა პედაგოგმა ნორვეგიულ სკოლაში

თამთა ჯიჯავაძე „სამოქალაქო განათლების“ მასწავლებელია ამერიკულ საერთაშორისო უმაღლეს სკოლა-კოლეჯში „პროგრესში“. ის ამჟამად ნორვეგიაში იმყოფება და ეცნობა ნორვეგიული სახალხო სკოლის მოდელს.

„ბათუმელებთან“ თამთა ამბობს, რომ რთულია შეცვალო ზრდასრული ადამიანების ღირებულებები და აზრები, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ იმუშაოს სკოლაში, ბავშვებთან, რადგან სწორედ ისინი შექმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

„მუშაობა რომ დავიწყე, მალევე მოვხვდი ამ პროექტში. პროგრამა არის ხანგრძლივი და კომპლექსური, ბევრ კომპონენტს მოიცავს, მაგრამ ძირითადი თემა არის სკოლებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ ვაქციოთ სკოლა დემოკრატიულად,“ – ამბობს თამთა.

პროექტში საქართველოდან სულ 6 მასწავლებელია ჩართული. პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობასაც. პროგრამას სამი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს – ნორვეგია, ესპანეთი და ჩეხეთი.

„რამდენიმე მასწავლებელმა ჩეხეთში გაიარა ეს კომპონენტი, მე და კიდევ ორი მასწავლებელი კი ესპანეთში გავივლით პროგრამის ამ ნაწილს.

თეორიულ ნაწილში მასწავლებლები ეცნობიან ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე, მეთოდებზე. ერთ-ერთი კომპონენტია დაკვირვება სასწავლო სისტემაზე.

პროგრამის მესამე ნაწილი ითვალისწინებს სკოლის დირექტორთან ერთად ვიზიტს და ამ ნაწილს გავდივარ ახლა ნორვეგიაში, რომ ერთად ვნახოთ და დავაკვირდეთ როგორ მუშაობს აქ სკოლის ადმინისტრაცია, როგორი ურთიერთობაა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, როგორ თანამშრომლობენ ისინი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას, როგორი დემოკრატიული კულტურა აქვთ აქ და რა შეიძლება წავიღოთ აქედან ჩვენს სკოლაში, რომ შემდეგ ჩვენთანაც დავნერგოთ და განვახორციელოთ.

ამ პროგრამაში განათლების სამინისტროს წარმომადგენელიც მონაწილეობს და აკვირდება პროცესებს,“ – ამბობს თამთა ჯიჯავაძე.

სკოლა ნორვეგიაში, სადაც თამთა პროგრამითაა მიწვეული.

სკოლა, სადაც ამჟამად თამთა იმყოფება, კერძოა, თუმცა არაკომერციული. თუმცა მოსწავლეები სწავლის საფასურის ნაწილს მაინც იხდიან. სკოლა ტიპური საჯარო სკოლისგან განსხვავებულია. „ეს არც ევროპული high school-ს და არც ჩვენს სკოლებს ჰგავს. არის შუალედური რგოლი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, მას სახალხო სკოლებს (Folk High School) უწოდებენ.

ჩვენ ვართ Sund Folkehøgskole-ში, რომელიც 1868 წელს არის დაარსებული. თავიდან ამ სკოლებს სასულიერო სკოლების ფუნქცია ჰქონდა, თუმცა წლების შემდეგ შეიცვალეს პროფილი და თავისუფალი სტილის სკოლებად ჩამოყალიბდნენ. მათ თავისუფალი აზროვნების სკოლებსაც ეძახიან. ეს არის სკოლა, სადაც არც კურიკულუმები არსებობს, არც ნიშნებს წერენ, არც გამოცდებია. აქ სასწავლო პროგრამა იმის მიხედვით დგება, თუ რა აინტერესებს მოსწავლეს. ნორვეგიაში 80-ზე მეტი ასეთი სკოლაა და ყველას თავისი პროგრამა აქვს.

როგორც ვთქვი, სახალხო სკოლა ერთგვარი რგოლია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. როცა მოსწავლე ამთავრებს სკოლას და არ სურს სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს ან ჯერ კიდევ ინტერესების აღმოჩენის პროცესშია და სურს დარწმუნდეს საკუთარ ინტერესებში, არჩევანს სწორედ სახალხო სკოლაზე აჩერებს.

მოსწავლეები ერთად ცხოვრობენ აქ, სადაც არ ტარდება ტრადიციული გაკვეთილები, არის თავისუფალი გარემო და სწავლობენ იმას, რაც ძალიან მოსწონთ. პროგრამაც მოსწავლეების ინტერესების მიხედვით დგება. წინასწარ გაწერილი კურიკულუმი არ არსებობს.

განსხვავებული მიმართულებები აქვთ. მაგალითად, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ექნებოდათ ასეთი პროგრამა, „სპორტული თევზაობა“. ძალიან მაინტერესებს რას ასწავლიან აქ. სავარაუდოდ იქნება ეკოლოგია, ოკეანის ცხოვრება, რაც უკავშირდება ზღვას, რადგან ნორვეგია ოკეანესთანაა და ზღვის კულტურა მაღალ დონეზეა აქ. ამ პატარა სოფელში ყველა ოჯახს აქვს თავისი ნავი. სავარაუდოდ მათი კულტურის გამო აქვთ ეს პროგრამაც. ასევე აქვთ street food-ის პროგრამა, სადაც ალბათ კერძების მომზადებას ასწავლიან. აქვთ, მაგალითად, სოლიდარობის კურსი და უკრაინის ამბებიდან გამომდინარე დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობა და გააკეთეს. ბევრი საინტერესო კურსი აქვთ,“ – გვითხრა თამთამ.

Sund Folkehøgskole-ი, ნორვეგიაში.

მოსწავლეებს შეუძლიათ აქ შეისწავლონ ხელსაქმე – ქსოვა, ქარგვა. ისტორიული ტანსაცმლის ქსოვა შეუძლიათ ისწავლონ და რაც მთავარია, როგორც თამთა ამბობს, ახალგაზრდები სკოლაში სწავლობენ როგორ იყვნენ თავისუფლები, როგორ განვითარდნენ პიროვნულად, აღმოაჩინონ თავიანთი თავი, მიიღონ სიამოვნება.

„ყველა ბავშვი ბედნიერია, ვისაც გავესაუბრეთ. როცა ვკითხე, თუ რას შეცვლიდნენ სკოლაში, მიპასუხეს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სურთ, რადგან ძალიან დიდი ხნის სკოლაა და ეს ისედაც იცვლება.

რეალურად, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არანაირი ბარიერი არ არსებობს. არც დირექტორსა და მოსწავლეებს შორის, არის ძალიან თავისუფალი, ჯანსაღი გარემო. იგრძნობა გუნდურობა. მაგალითად, ხედავ, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს სადილის დროს, როგორ აქვთ გადანაწილებული როლები, რომ ვიღაც დღეს არის მორიგე და ჭურჭელი უნდა გარეცხოს. ვიღაც იქ სხვა რამეს აკეთებს და მთელი სკოლა – იქნება ეს დირექტორი, მასწავლებელი, მოსწავლე თუ სხვა, შეთანხმებულად ცხოვრობს და მუშაობს. სკოლაში 90-მდე მოსწავლე სწავლობს და 10 მასწავლებელი ჰყავთ,“- გვეუბნება თამთა.

რა გამოცდილება შეიძლება წამოიღონ ქართველმა მასწავლებლებმა ნორვეგიული სკოლიდან? – ვკითხეთ მას. თამთა ამბობს, რომ მას იდეები აქვს სკოლის თვითმმართველობასთან დაკავშირებით და სწორედ ამ მიმართულებით მოინიშნა იდეები. „წელს შევქმენით თვითმმართველობა ჩვენს სკოლაში და ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრი რამეა დასახვეწი. მინდა, მოსწავლეები უფრო აქტიურად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მასწავლებლებთან ერთად დასხდნენ, იმსჯელონ და ზემოდან არ იყოს ხოლმე მითითებები. აქ ჰორიზონტალური მმართველობის ფორმა აქვთ არჩეული და არა ვერტიკალური, როგორც ჩვენთან. ეს ძალიან კარგია.

დემოკრატიის პრობლემა ჩვენს სკოლაში შესაძლოა უფრო ნაკლებია, ვიდრე, ვთქვათ, საჯარო სკოლებში, სადაც ყველამ ის უნდა აკეთოს, რასაც დირექტორი იტყვის. ვფიქრობ, ეს კომპონენტი ჩვენს სკოლებში შესაცვლელია,“ – ამბობს თამთა.

სამუშაო გარემო სკოლაში

ნორვეგიული სახალხო სკოლების ხიბლი სწორედ ისაა, რომ მოსწავლეები იმის კეთებას სწავლობენ, რაც მათ ძალიან მოსწონთ და უნდათ. „როცა არ არის რაღაცის კეთება ვალდებულება, მთელი მონდომებით სწავლობ, სულით და გულით,“ – ამბობს თამთა.

ამ სკოლების მიზანიც არის უფრო მეტად განვითარდნენ ბავშვები, სხვადასხვა უნარი გამოიმუშაონ, თავიანთი ინტერესის სფეროები აღმოაჩინონ. „თუ მოსწავლეს უყვარს ჯაზი, ის აქ სწავლობს როგორ დაუკრას ჯაზბენდთან ერთად. მაგალითად, ყველა პარასკევს მოსწავლეები თვითონ გეგმავენ ღონისძიებებს. ამ პარასკევს ფოლკლორის საღამო ჰქონდათ, მოიწვიეს მუსიკოსები და მთელი ღამე იყო ცეკვა და სიმღერა.

ხვალ street food-ის დღეა, აპირებენ მოამზადონ კერძები და გაყიდონ. ცხოვრებისეულ რაღაცებს სწავლობენ. ის, რაც შეიძლება ყველა ადამიანს დასჭირდეს. აქ ყველაფერი არის ჰარმონიაში, რადგან არავის ემუქრებიან ნიშნით ან ჩაჭრით, რომ ატესტატს ვერ აიღებს ან დიპლომს, ამიტომ არის სწავლა უფრო პროდუქტიული. მაგალითად, მე რომ ფიზიკას ვსწავლობდი, როცა არ მაინტერესებდა (ეს ალბათ მასწავლებლის ბრალი იყო), არ უნდა მესწავლა, რადგან ამაში ვკარგავდი დროს. იმას სწავლობენ, რაც უნდათ, ეს არის ამ სკოლის ხიბლი,“ – გვეუბნება თამთა.

თამთა ჯიჯავაძე ნორვეგიულ სკოლაში

როგორც თამთა ამბობს, რა თქმა უნდა, მსგავსი მოდელის სკოლებიდან ყველაფრის გადმოღება ქართულ სკოლებში ვერ მოხერხდება, თუმცა რადგან ამ კუთხით სკოლებში რეფორმის პროცესია, შესაძლოა გარკვეული იდეები გაუჩნდეთ სამომავლოდ და  ნელ-ნელა ქართული სკოლებიც გადავიდნენ უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ მმართველობაზე.

„ვფიქრობ, სამომავლოდ, კარგი იქნება, თუ ჩვენი სასკოლო სისტემაც გადავა ჰაისქულის მოდელზე და ცხრა კლასის მერე ბავშვები ისწავლიან იმას, რაც სურთ, მომავალში ისწავლონ უნივერსიტეტებში და დარჩენილი 3 წელი სწორედ ამ მიმართულებით განვითარდნენ.

მთავარია, სკოლებში იყოს ტოლერანტული, თანამშრომლობითი გარემო და მასწავლებლებიც ღირებულებების მიხედვით შეირჩნენ, რადგან, ჩემი აზრით, რასისტი მასწავლებელი „სამოქალაქო განათლებას“ არ უნდა ასწავლიდეს. მე ვიცნობ ასეთ მასწავლებელს.

არც დირექტორს უნდა აქცევდეს სამინისტრო მარწუხებში და ემუქრებოდეს მოხსნით, თუ არ გააკეთებს იმას, რასაც მიუთითებს. სამწუხაროდ, დღეს სისტემა პოლიტიკური ნიშნით იყენებს სკოლას და არა იმისთვის, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს,“ – ამბობს თამთა.

ნორვეგიიდან დაბრუნების შემდეგ თამთა აპირებს იქ მიღებული გამოცდილება კოლეგებს გაუზიაროს.

რუსმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეში 61 ტონა ხორბალი მოიპარეს – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 61 ტონა ხორბალი მოიპარეს.

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 აპრილს შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა ფიზიკური ძალადობის მუქარით გაძარცვეს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის ფილიალი ქალაქ კამიანკა-დნიპროვსკაში. ოკუპანტებმა 61 ტონა ხორბალი, სატვირთო მანქანები და ფილიალის სხვა ქონება მიითვისეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

24 თებერვალს რუსეთი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით დაესხა თავს უკრაინას. 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში იბომბება და ნადგურდება ქალაქები და სოფლები. დაფიქსირდა რუსი ჯარისკაცების მიერ მოსახლეობის ძარცვის არაერთი შემთხვევა.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი 10 ლარი იქნება

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების ფასი იზრდება. პირველი მაისიდან ბაღში შესვლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 8 ლარის ნაცვლად 10 ლარი იქნება, უცხოელებისთვის კი – 20 ლარი.

ბოტანიკურ ბაღში შესვლის ბილეთის ფასი იზრდება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვისაც. თუ აქამდე მოსწავლე 1 ლარად შედიოდა ბაღში, ახლა 2 ლარის გადახდა მოუწევს, სტუდენტი კი 2 ლარის ნაცვლად 5 ლარს გადაიხდის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რას უკავშირდება ტარიფების ცვლილება, ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ბაღს ბევრი ხარჯი აქვს, საკუთარი შემოსავლებით ხდება ინფრასტრუქტურის განახლება და მოვლა, ამიტომ გაიზარდა დათვალიერების ფასიც.

თუმცა ადმინისტრაციაში იმასაც ამბობენ, რომ შეღავათიანი პაკეტი საკმაოდ ბევრ ჯგუფზე გავრცელდება. მათ შორის: შშმ პირებზე, სამხედროებზე, სოციალურად დაუცველ პირებსა და პენსიონერებზე.

„სრულ ინფორმაციას სერვისებსა და პაკეტებთან დაკავშირებით მალე გამოვაქვეყნებთ ჩვენს გვერდზე“ – გვითხრეს ადმინისტრაციაში.

ბოტანიკური ბაღი ყოველი თვის პირველ რიცხვში უფასო იქნება უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

ადმინისტრაციის თქმით, ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება მნიშვნელოვან დღესასწაულებზე.

ადმინისტრაციის განცხადებით, ტარიფების ცვლილება შეთანხმებულია ბათუმის მერიასთან.

____________________

„პუტინ ხუილოს“ დაძახებიდან 1 თვის შემდეგ დამაჯარიმა პოლიციამ“ – რა გადაწყვიტა მოსამართლემ

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაამართლა „სირცხვილიას“ აქტივისტი თამარ კურატიშვილი, რომელმაც ბათუმში პირველ მარტს გამართულ აქციაზე ამბობდა: „პუტინ ხუილო“.

საინტერესო ამ შემთხვევაში ისაა, რომ თამარ კურატიშვილი აქციაზე არ დაუკავებიათ, მაგრამ პოლიციელებმა მას ამ აქციიდან დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი.

„28 მარტს, აქციაზე დაკავებული ლუკა და ანდრია ფენების სასამართლო პროცესზე მოწმედ დამიბარეს და იქ ვთქვი, რომ ყველა ვსკანდირებდით ტაფებით და ჩამჩით ხელში: „პუტინ ხუილო“. პოლიციელმა მითხრა, ჰოდა, თუ იძახდი, შეგიდგენთ ოქმსო…“ – ამბობს თამარ კურატიშვილი.

ძმები ლუკა და ანდრია ფენები სასამართლომ 600-600 ლარით დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისთვის. ისინი ბათუმში პირველ მარტის აქციაზე დააკავეს, რომელშიც თამარ კურატიშვილიც მონაწილეობდა. ძმები ფენების შემთხვევაში პოლიციამ სასამართლოში წარადგინე ვიდეო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ისინი აგინებდნენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. თამარ კურატიშვილი კი, აქციაზე პუტინს აგინებდა.

ძმები ფენების გასამართლების შემდეგ, თამარ კურატიშვილს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიედავა პოლიცია.

„მიხარია, რომ მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და დაიცვა გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. თითქმის ამოწურული მქონდა იმედი და გაოცებული დავრჩი ამ გადაწყვეტილებით,“ – გვითხრა თამარ კურატიშვილმა.

„ეს მუხლი ამბობს, რომ უნდა ირღვეოდეს საზოგადოებრივი წესრიგი, ფეისბუქლაივის მიხედვით კი, რომელიც სასამართლოში მტკიცებულების სახით იყო წარდგენილი, თამარ კურატიშვილი იყო აქციის მონაწილე და არ ჩანს, რომ ის ვინმეს გადაეკიდა, მისი ქმედება ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში. ამ აქციაზე არავის დაურღვევია საზოგადოებრივი წესრიგი, რასაც პოლიცია ამტკიცებდა,“ – გვითხრა ირმა აბაშიძემ, რომელიც საია-ს იურისტია და სასამართლოში თამარ კურატიშვილის ინტერესებს იცავდა.

Exit mobile version