მთავარი,სიახლეები

გარიგება ბევრი ფულით – რატომ ვერ შეასრულა „ეიარ მერიდიანსმა“ მთავრობასთან აღებული ვალდებულება

28.04.2022 • 2124
გარიგება ბევრი ფულით – რატომ ვერ შეასრულა „ეიარ მერიდიანსმა“ მთავრობასთან აღებული ვალდებულება

დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობამ შპს „ეიარ მერიდიანსის“ ვალდებულებებში ცვლილებას დაუჭირა მხარი. მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიისთვის საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობაა. კომპანია ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვასთან ახლოს, მრავალფუნქციურ კომპლექსს – White Sails-ს, იგივე „თეთრ იალქნებს“ აშენებს.

კომპლექსი ზღვასთან ახლოს, ზღვისა და ბულვარის ხედით ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და ექვს აპარტ-ოტელს, ჯამში 600 აპარტამენტს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯბარებს მოიცავს.

„ეიერ მერიდიანსის“ კომპლექსის პროექტის რენდერი

„ეიარ მერიდიანსისთვის“ საინვესტიციო ვალდებულების შეცვლის საკითხი სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ კომპანიამ ვალდებულებების ნაწილი შეასრულა და რიგ ვალდებულებებში ცვლილებას, კონკრეტულად კი – „ვალდებულებების დაყოფას ითხოვს“.

გარდა იმისა, რომ კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადა მისცეს, კომპანიამ მიიღო თანხმობა, აუქციონზე შეძენილი ქონება რამდენიმე საკადასტრო ერთეულად დაყოს.

მინისტრმა სხდომაზე თქვა ისიც, რომ კომპანიას ახალი ინვესტორი შემოჰყავს და კონკრეტულ ვალდებულებებს სწორედ ეს ახალი ინვესტორი აიღებს: „უნდა, რომ მას დაეკისროს ვალდებულების ნაწილი“.

ვინ არის ახალი ინვესტორი და რა გარიგება შედგა ინვესტორებს შორის, ამაზე მთავრობის სხდომაზე არ უსაუბრიათ. თუმცა, „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ამ გარიგებით შპს „ეარ მერიდიანსმა“ არამხოლოდ ვალდებულებები გაყო, არამედ რამდენიმე მილიონიც მიიღო.

კერძოდ, ვიდრე ხელშეკრულებაში ცვლილებას მოითხოვდნენ, კომპანიის 28 პროცენტი 3 მილიონ ლარად გაყიდეს.

თავდაპირველი შეთანხმებით, რომელიც ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდეგ, 2015 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „ეარ მერიდიანსთან“ გააფორმა, კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება 2019 წელს უნდა დაესრულებინა.

შპს „ეიარ მერიდიანსმა“ 3 ჰექტარამდე ფართობი ზღვასთან ახლოს 2 მილიონ 91 000 დოლარად [1 კვადრატული მეტრი 100 დოლარად] და 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებების შესრულების პირობით იყიდა. შპს „ეარ მერიდიანსს“ ელექტრონული ვაჭრობის დროს კონკურენტი არ ჰყოლია და მხოლოდ ერთი ბიჯის დადება მოუწია.

შპს „ეიარ მერიდიანსი“ საქართველოში 2015 წელს დააფუძნეს, ანუ იმავე წელს, როცა აჭარის მთავრობასთან 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და  დირექტორი რაფიყ კაიტამბა იყო 2018 წლამდე.

2018 წელს საჯარო რეესტრის ამონაწერში ასახული ცვლილების მიხედვით, კომპანიის წილებს რუსეთის ორი მოქალაქე და რუსეთ-საქართველოს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი ინაწილებენ.

2019 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრედ რუსეთის ოთხ მოქალაქესთან ერთად  შპს „ვალენტინი“ დაფიქსირდა –  კომპანია 28,8 პროცენტის მფლობელია. სწორედ შპს „ვალენტინზე“ გადაანაწილა ვალდებულებები „ეიარ მერიდიანსმა“.

შპს „ვალენტინს“ კომპანიის 28,8 პროცენტი „ეიარ მერიდიანსის“ დირექტორმა, რაფიყ კაიტამბამ მიჰყიდა თავისი 58.42 პროცენტიდან. რეესტრში ასახული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ 3 მილიონ 190 000 ლარი გადაიხადა. დოკუმენტებშივე ასახულია ისიც, რომ ამ დროს რაფიყ კაიტამბას საკუთრებაში არსებული 58.42 პროცენტი მშენებელი კომპანიის, შპს „ანაგის“ სასარგებლოდ ჰქონდა დაგირავებული. „ანაგი“ წილების გაყიდვის წინააღმდეგ არ წასულა იმ პირობით, რომ კომპანიის მომსახურების საფასურს დაუფარავდნენ.

კომპანიის დარჩენილი წილები რაფიყ კაიტამბამ გაცილებით ადრე, 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაასხვისა.

შპს „ვალენტინის“ 50 პროცენტს ვასილ წერეთელი ფლობს, 25/25 პროცენტის მფლობელები არიან ლევან კალინინი და ზურაბ აბესაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: