მთავარი,სიახლეები

რუსეთმა დონბასში მცირე წარმატებას მიაღწია, თუმცა დიდი დანაკარგის ფასად – ბრიტანეთის დაზვერვა

29.04.2022 • 3293
რუსეთმა დონბასში მცირე წარმატებას მიაღწია, თუმცა დიდი დანაკარგის ფასად – ბრიტანეთის დაზვერვა

„უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო დონბასში რუსეთის ჯარმა წინ მხოლოდ მცირედით წაიწია და ეს მძიმე დანაკარგებად დაუჯდა“, – ასე აფასებს გუშინდელი ბრძოლის შედეგებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება ტვიტერზე 29 აპრილის განახლებას აქვეყნებს.

დაზვერვის ინფორმაციით, დონბასისთვის ბრძოლა რუსეთის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. მოსკოვის გაცხადებული მიზანია, მოიპოვოს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე.

„ამ ოლქებში განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიდიოდა ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში, რუსეთის არმია ცდილობდა წინ წაწევას იზიუმის სამხრეთით სლოვიანსკამდე“.

ომის რუკაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქვეყნებს, ჩანს, რომ 27-28 აპრილის ბრძოლების შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთით გაიზარდა ტერიტორია, რომელსაც რუსეთის არმია აკონტროლებს. რუკა 28 აპრილის მდგომარეობას ასახავს.

ომის რუკა 28 აპრილის მდგომარეობით. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

გუშინდელ, 28 აპრილის განახლებაში, ბრიტანეთის თავდაცვა რუსეთის ფლოტის მდგომარეობაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ დღეისთვის შავ ზღვაში რუსეთის 20-მდე სამხედრო გემია, მათ შორის, წყალქვეშა ხომალდები.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: