მთავარი,სიახლეები

პუტინი და ზელენსკი დათანხმდნენ G20-ის სამიტზე მიწვევას – Bloomberg

29.04.2022 •
პუტინი და ზელენსკი დათანხმდნენ G20-ის სამიტზე მიწვევას – Bloomberg

უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები დათანხმდნენ ინდონეზიის პრეზიდენტის მიწვევას „დიდი ოცეულის“ (G20) 2022 წლის სამიტზე, რომელიც კუნძულ ბალიზე  15-16 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სამიტზე ორივე პრეზიდენტის მიწვევა ხაზს უსვამს იმ დელიკატური ბალანსის დაცვის მცდელობას, რასაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა – ინდონეზია ცდილობს, როგორც G20-ის სამიტის წლევანდელი მასპინძელი.

რუსეთი „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყანაა. სხვა წევრების დამოკიდებულება მოსკოვისადმი, მისი უკრაინაში წარმოებული ომის შესახებ გაყოფილია.

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ პანდემია და უკრაინის ომი გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკის აღდგენაზე. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მან პუტინი და ზელენსკი სამიტზე ინდივიდუალური სატელეფონო ზარებით მიიწვია.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ თქვა, დაესწრება თუ არა სამიტს პუტინი პირადად. „ბლუმბერგი“ წერს, რომ პესკოვმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: „სანამ რუსეთი ემზადება ბალიზე დაგეგმილი სამიტისთვის, ნაადრევია დეტალების განხილვა“.

„გამოვთქვი ჩემი იმედი, რომ შესაძლებელია ომის მალე დასრულება და მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობიანი გადაწყვეტის პროგრესირება. გვესმის, რომ G20-ს შეუძლია გლობალური ეკონომიკის აღდგენაში კატალიზატორი იყოს,“ – ციტირებს „ბლუმბერგი“ ინდონეზიის პრეზიდენტის სიტყვებს.

უკრაინა არ არის „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყანა. თუმცა სამიტის მასპინძელ ქვეყანას შეუძლია მოიწვიოს სხვა არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელი დამკვირვებლის როლში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურ შეხვედრებს ვერ დაესწრებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მანამდე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის G20-იდან გარიცხვას, თუმცა ამას მკაცრად ეწინააღმდეგება ჩინეთი და სხვა რამდენიმე ქვეყანა.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, აშშ და მისი პარტნიორები, მას შემდეგ რაც ოფიციალური ჯაკარტა არ დათანხმდა არ მოეწვია რუსეთი სამიტზე, ცდილობდნენ ინდონეზიაზე უკრაინის მოწვევის მიზნით ზეწოლას. გამოცემა წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა სამიტს დაესწრონ ის წევრი ქვეყნები, რომლებმაც მძიმე სანქციები დაუწესეს რუსეთს, მათ შორის – აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

„ინდონეზიას სურს „დიდი ოცეულის“ გაერთიანება. არ დავუშვებთ გახლეჩას. გლობალური ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გასაღები მშვიდობა და სტაბილურობაა,“ – განაცხადა ჯოკო ვიდოდომ.

2014 წელს, რუსეთის მიერ კრემლის ანექსიასთან დაკავშირებით, რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს.

_________________

ფოტოზე: ზელენსკი, მაკრონი და პუტინი. 2019 წელი, სამიტი საფრანგეთში. ფოტო: PA-EFE/ALEXEI NIKOLSKY

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: