განათლება,მთავარი,სიახლეები

აქ ყველა ბავშვი ბედნიერია – რა ნახა ქართველმა პედაგოგმა ნორვეგიულ სკოლაში

28.04.2022 • 5049
აქ ყველა ბავშვი ბედნიერია –  რა ნახა ქართველმა პედაგოგმა ნორვეგიულ სკოლაში

თამთა ჯიჯავაძე „სამოქალაქო განათლების“ მასწავლებელია ამერიკულ საერთაშორისო უმაღლეს სკოლა-კოლეჯში „პროგრესში“. ის ამჟამად ნორვეგიაში იმყოფება და ეცნობა ნორვეგიული სახალხო სკოლის მოდელს.

„ბათუმელებთან“ თამთა ამბობს, რომ რთულია შეცვალო ზრდასრული ადამიანების ღირებულებები და აზრები, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ იმუშაოს სკოლაში, ბავშვებთან, რადგან სწორედ ისინი შექმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

„მუშაობა რომ დავიწყე, მალევე მოვხვდი ამ პროექტში. პროგრამა არის ხანგრძლივი და კომპლექსური, ბევრ კომპონენტს მოიცავს, მაგრამ ძირითადი თემა არის სკოლებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ ვაქციოთ სკოლა დემოკრატიულად,“ – ამბობს თამთა.

პროექტში საქართველოდან სულ 6 მასწავლებელია ჩართული. პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობასაც. პროგრამას სამი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს – ნორვეგია, ესპანეთი და ჩეხეთი.

„რამდენიმე მასწავლებელმა ჩეხეთში გაიარა ეს კომპონენტი, მე და კიდევ ორი მასწავლებელი კი ესპანეთში გავივლით პროგრამის ამ ნაწილს.

თეორიულ ნაწილში მასწავლებლები ეცნობიან ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე, მეთოდებზე. ერთ-ერთი კომპონენტია დაკვირვება სასწავლო სისტემაზე.

პროგრამის მესამე ნაწილი ითვალისწინებს სკოლის დირექტორთან ერთად ვიზიტს და ამ ნაწილს გავდივარ ახლა ნორვეგიაში, რომ ერთად ვნახოთ და დავაკვირდეთ როგორ მუშაობს აქ სკოლის ადმინისტრაცია, როგორი ურთიერთობაა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, როგორ თანამშრომლობენ ისინი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას, როგორი დემოკრატიული კულტურა აქვთ აქ და რა შეიძლება წავიღოთ აქედან ჩვენს სკოლაში, რომ შემდეგ ჩვენთანაც დავნერგოთ და განვახორციელოთ.

ამ პროგრამაში განათლების სამინისტროს წარმომადგენელიც მონაწილეობს და აკვირდება პროცესებს,“ – ამბობს თამთა ჯიჯავაძე.

სკოლა ნორვეგიაში, სადაც თამთა პროგრამითაა მიწვეული.

სკოლა, სადაც ამჟამად თამთა იმყოფება, კერძოა, თუმცა არაკომერციული. თუმცა მოსწავლეები სწავლის საფასურის ნაწილს მაინც იხდიან. სკოლა ტიპური საჯარო სკოლისგან განსხვავებულია. „ეს არც ევროპული high school-ს და არც ჩვენს სკოლებს ჰგავს. არის შუალედური რგოლი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, მას სახალხო სკოლებს (Folk High School) უწოდებენ.

ჩვენ ვართ Sund Folkehøgskole-ში, რომელიც 1868 წელს არის დაარსებული. თავიდან ამ სკოლებს სასულიერო სკოლების ფუნქცია ჰქონდა, თუმცა წლების შემდეგ შეიცვალეს პროფილი და თავისუფალი სტილის სკოლებად ჩამოყალიბდნენ. მათ თავისუფალი აზროვნების სკოლებსაც ეძახიან. ეს არის სკოლა, სადაც არც კურიკულუმები არსებობს, არც ნიშნებს წერენ, არც გამოცდებია. აქ სასწავლო პროგრამა იმის მიხედვით დგება, თუ რა აინტერესებს მოსწავლეს. ნორვეგიაში 80-ზე მეტი ასეთი სკოლაა და ყველას თავისი პროგრამა აქვს.

როგორც ვთქვი, სახალხო სკოლა ერთგვარი რგოლია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. როცა მოსწავლე ამთავრებს სკოლას და არ სურს სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს ან ჯერ კიდევ ინტერესების აღმოჩენის პროცესშია და სურს დარწმუნდეს საკუთარ ინტერესებში, არჩევანს სწორედ სახალხო სკოლაზე აჩერებს.

მოსწავლეები ერთად ცხოვრობენ აქ, სადაც არ ტარდება ტრადიციული გაკვეთილები, არის თავისუფალი გარემო და სწავლობენ იმას, რაც ძალიან მოსწონთ. პროგრამაც მოსწავლეების ინტერესების მიხედვით დგება. წინასწარ გაწერილი კურიკულუმი არ არსებობს.

განსხვავებული მიმართულებები აქვთ. მაგალითად, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ექნებოდათ ასეთი პროგრამა, „სპორტული თევზაობა“. ძალიან მაინტერესებს რას ასწავლიან აქ. სავარაუდოდ იქნება ეკოლოგია, ოკეანის ცხოვრება, რაც უკავშირდება ზღვას, რადგან ნორვეგია ოკეანესთანაა და ზღვის კულტურა მაღალ დონეზეა აქ. ამ პატარა სოფელში ყველა ოჯახს აქვს თავისი ნავი. სავარაუდოდ მათი კულტურის გამო აქვთ ეს პროგრამაც. ასევე აქვთ street food-ის პროგრამა, სადაც ალბათ კერძების მომზადებას ასწავლიან. აქვთ, მაგალითად, სოლიდარობის კურსი და უკრაინის ამბებიდან გამომდინარე დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობა და გააკეთეს. ბევრი საინტერესო კურსი აქვთ,“ – გვითხრა თამთამ.

Sund Folkehøgskole-ი, ნორვეგიაში.

მოსწავლეებს შეუძლიათ აქ შეისწავლონ ხელსაქმე – ქსოვა, ქარგვა. ისტორიული ტანსაცმლის ქსოვა შეუძლიათ ისწავლონ და რაც მთავარია, როგორც თამთა ამბობს, ახალგაზრდები სკოლაში სწავლობენ როგორ იყვნენ თავისუფლები, როგორ განვითარდნენ პიროვნულად, აღმოაჩინონ თავიანთი თავი, მიიღონ სიამოვნება.

„ყველა ბავშვი ბედნიერია, ვისაც გავესაუბრეთ. როცა ვკითხე, თუ რას შეცვლიდნენ სკოლაში, მიპასუხეს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სურთ, რადგან ძალიან დიდი ხნის სკოლაა და ეს ისედაც იცვლება.

რეალურად, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არანაირი ბარიერი არ არსებობს. არც დირექტორსა და მოსწავლეებს შორის, არის ძალიან თავისუფალი, ჯანსაღი გარემო. იგრძნობა გუნდურობა. მაგალითად, ხედავ, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს სადილის დროს, როგორ აქვთ გადანაწილებული როლები, რომ ვიღაც დღეს არის მორიგე და ჭურჭელი უნდა გარეცხოს. ვიღაც იქ სხვა რამეს აკეთებს და მთელი სკოლა – იქნება ეს დირექტორი, მასწავლებელი, მოსწავლე თუ სხვა, შეთანხმებულად ცხოვრობს და მუშაობს. სკოლაში 90-მდე მოსწავლე სწავლობს და 10 მასწავლებელი ჰყავთ,“- გვეუბნება თამთა.

რა გამოცდილება შეიძლება წამოიღონ ქართველმა მასწავლებლებმა ნორვეგიული სკოლიდან? – ვკითხეთ მას. თამთა ამბობს, რომ მას იდეები აქვს სკოლის თვითმმართველობასთან დაკავშირებით და სწორედ ამ მიმართულებით მოინიშნა იდეები. „წელს შევქმენით თვითმმართველობა ჩვენს სკოლაში და ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრი რამეა დასახვეწი. მინდა, მოსწავლეები უფრო აქტიურად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მასწავლებლებთან ერთად დასხდნენ, იმსჯელონ და ზემოდან არ იყოს ხოლმე მითითებები. აქ ჰორიზონტალური მმართველობის ფორმა აქვთ არჩეული და არა ვერტიკალური, როგორც ჩვენთან. ეს ძალიან კარგია.

დემოკრატიის პრობლემა ჩვენს სკოლაში შესაძლოა უფრო ნაკლებია, ვიდრე, ვთქვათ, საჯარო სკოლებში, სადაც ყველამ ის უნდა აკეთოს, რასაც დირექტორი იტყვის. ვფიქრობ, ეს კომპონენტი ჩვენს სკოლებში შესაცვლელია,“ – ამბობს თამთა.

სამუშაო გარემო სკოლაში

ნორვეგიული სახალხო სკოლების ხიბლი სწორედ ისაა, რომ მოსწავლეები იმის კეთებას სწავლობენ, რაც მათ ძალიან მოსწონთ და უნდათ. „როცა არ არის რაღაცის კეთება ვალდებულება, მთელი მონდომებით სწავლობ, სულით და გულით,“ – ამბობს თამთა.

ამ სკოლების მიზანიც არის უფრო მეტად განვითარდნენ ბავშვები, სხვადასხვა უნარი გამოიმუშაონ, თავიანთი ინტერესის სფეროები აღმოაჩინონ. „თუ მოსწავლეს უყვარს ჯაზი, ის აქ სწავლობს როგორ დაუკრას ჯაზბენდთან ერთად. მაგალითად, ყველა პარასკევს მოსწავლეები თვითონ გეგმავენ ღონისძიებებს. ამ პარასკევს ფოლკლორის საღამო ჰქონდათ, მოიწვიეს მუსიკოსები და მთელი ღამე იყო ცეკვა და სიმღერა.

ხვალ street food-ის დღეა, აპირებენ მოამზადონ კერძები და გაყიდონ. ცხოვრებისეულ რაღაცებს სწავლობენ. ის, რაც შეიძლება ყველა ადამიანს დასჭირდეს. აქ ყველაფერი არის ჰარმონიაში, რადგან არავის ემუქრებიან ნიშნით ან ჩაჭრით, რომ ატესტატს ვერ აიღებს ან დიპლომს, ამიტომ არის სწავლა უფრო პროდუქტიული. მაგალითად, მე რომ ფიზიკას ვსწავლობდი, როცა არ მაინტერესებდა (ეს ალბათ მასწავლებლის ბრალი იყო), არ უნდა მესწავლა, რადგან ამაში ვკარგავდი დროს. იმას სწავლობენ, რაც უნდათ, ეს არის ამ სკოლის ხიბლი,“ – გვეუბნება თამთა.

თამთა ჯიჯავაძე ნორვეგიულ სკოლაში

როგორც თამთა ამბობს, რა თქმა უნდა, მსგავსი მოდელის სკოლებიდან ყველაფრის გადმოღება ქართულ სკოლებში ვერ მოხერხდება, თუმცა რადგან ამ კუთხით სკოლებში რეფორმის პროცესია, შესაძლოა გარკვეული იდეები გაუჩნდეთ სამომავლოდ და  ნელ-ნელა ქართული სკოლებიც გადავიდნენ უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ მმართველობაზე.

„ვფიქრობ, სამომავლოდ, კარგი იქნება, თუ ჩვენი სასკოლო სისტემაც გადავა ჰაისქულის მოდელზე და ცხრა კლასის მერე ბავშვები ისწავლიან იმას, რაც სურთ, მომავალში ისწავლონ უნივერსიტეტებში და დარჩენილი 3 წელი სწორედ ამ მიმართულებით განვითარდნენ.

მთავარია, სკოლებში იყოს ტოლერანტული, თანამშრომლობითი გარემო და მასწავლებლებიც ღირებულებების მიხედვით შეირჩნენ, რადგან, ჩემი აზრით, რასისტი მასწავლებელი „სამოქალაქო განათლებას“ არ უნდა ასწავლიდეს. მე ვიცნობ ასეთ მასწავლებელს.

არც დირექტორს უნდა აქცევდეს სამინისტრო მარწუხებში და ემუქრებოდეს მოხსნით, თუ არ გააკეთებს იმას, რასაც მიუთითებს. სამწუხაროდ, დღეს სისტემა პოლიტიკური ნიშნით იყენებს სკოლას და არა იმისთვის, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს,“ – ამბობს თამთა.

ნორვეგიიდან დაბრუნების შემდეგ თამთა აპირებს იქ მიღებული გამოცდილება კოლეგებს გაუზიაროს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: