მთავარი,სიახლეები

15 წლის უკრაინელი ბიჭი ბათუმში მუშაობს, მის ოჯახს ბინის და საკვების ფული სჭირდება

28.04.2022
15 წლის უკრაინელი ბიჭი ბათუმში მუშაობს, მის ოჯახს ბინის და საკვების ფული სჭირდება

15 წლის ილია ფშებელსკი უკრაინიდან ბათუმში 22 მარტს ჩამოვიდა დედასთან და 5 წლის დასთან ერთად.

„კიევიდან ჩამოვედით. დაბომბვებს ერთი თვის წინ გამოვექეცით. რთულია ამაზე ლაპარაკი. დედა დამეხმარა მომეძებნა სამსახური ბათუმში. მოხალისედ მუშაობდა დედა ბათუმში და იქ  გაიგო ვაკანსიის შესახებ. ახლა რესტორანში ვმუშაობ, მიმტანად. კიევში ვმუშაობდი ომის დაწყებამდე, დასვენების დღეებში მზარეულის დამხმარე ვიყავი, დღეში 200 გრივნას გამოვიმუშავებდი.

მუშაობა შესაძლებლობაა. როცა საკუთარი ფული გაქვს, დედას აღარ სთხოვ და შენით ყიდულობ, რაც გჭირდება“, – ამბობს ილია.

რესტორანში, სადაც ილია დასაქმდა, ის ყველაზე უმცროსი თანამშრომელია ასაკით. ამბობს, რომ სამსახურში ძალიან კარგად მიიღეს და როცა სტუმრები იგებენ, რომ უკრაინიდანაა, დიდ თანაგრძნობას გამოხატავენ.

15 წლის ილია ფშებელსკი უკრაინიდან ბათუმში 22 მარტს ჩამოვიდა დედასთან და 5 წლის დასთან ერთად. ბათუმში ის მიმტანად დასაქმდა

„ჩვენს რესტორანში ძირითადად რუსები და ბელორუსები დადიან, ქართველები – ნაკლებად. არ მიჭირს მუშაობა. უკრაინაშიც ხომ ვმუშაობდი და მიჩვეული ვარ. ჩემი ერთი მეგობარი პოლონეთშია, ორმა უკრაინიდან ვერ გამოაღწია ოჯახთან ერთად. მასწავლებელი ვიცი, რომ ცოცხალია, მაგრამ სად არის, არ ვიცი. ჩემი კლასელების უმრავლესობა დასავლეთ უკრაინას აფარებს თავს“, – ამბობს ილია.

ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ 15 წლის ილია მხოლოდ ერთ ნაცნობს შეხვდა აქ შემთხვევით ხარკოვიდან.

ილია დედასთან და 5 წლის დასთან ერთად ცხოვრობს ბათუმში ქირით. ილიას დედა ამბობს, რომ მან არ იცის, როგორ და რით უნდა გადაიხადოს ბინის ქირა ერთი თვის შემდეგ.

ილიას 5 წლის დასაც ბაღში სიარული სჭირდება. ილიას დედა გვეუბნება, რომ გოგო კერძო ბაღმა 1 თვით უსასყიდლოდ მიიღო, თუმცა რამდენიმე დღეში ერთი თვე იწურება და ბავშვი ბაღის გარეშე რჩება.

საუკეთესო შემთხვევაში 15 წლის ილიამ მიმტანობით ბინის ქირისთვის საჭირო თანხის გამომუშავებაც უნდა შეძლოს და 5 წლის დისთვის ბაღის თანხაც უნდა შეაგროვოს.

ილიას მამა უკრაინაში ქვეყანას იცავს.

ბიჭს ომის შესახებ ლაპარაკი არ სურს. ამბობს, რომ ამაზე საუბარი ძალიან რთულია. მისმა ოჯახმა ერთი კვირა გაატარა ბუნკერში.

ოჯახი კიევში, ობოლონის რაიონში ცხოვრობდა. როცა კიევის დაბომბვა დაიწყო, ისინი იმ დღესვე ირპენისკენ წავიდნენ, თან არაფერი წაუღიათ იმ იმედით, რომ ყველაფერი 2-3 დღეში დასრულდებოდა და სახლში დაბრუნდებოდნენ.

ილიას დედა, ანია იხსენებს, რომ როცა რკინიგზის სადგურში მივიდნენ, ბოთლი წყალიც კი არ ჰქონდათ თან, არც ტანსაცმელი. ირპენში ბუნკერში იმალებოდნენ. როცა ლვოვის დაბომბვა დაიწყო, ილიას დედამ გადაწყვიტა, ბავშვები სასწრაფოდ გაეყვანა უკრაინიდან.

„ბუნკერში საშინელება იყო. არ მინდა გახსენება. ეს იყო დღეები, როცა ირპენს და ბუჩას ბომბავდნენ. ტყეებში რუსი დივერსანტები დარბოდნენ, ერთი შეხედვით, ჩვენნაირი ადამიანები.

მერე როგორღაც ჩერნოვციში წავედით და ჩავსხედით სტამბოლის ავტობუსში. ერთ დღე-ღამეში ჩავედით. ვიყიდეთ ბილეთი ბათუმამდე და ჩამოვაღწიეთ“, – იხსენებს ილიას დედა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: