მთავარი,სიახლეები

„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია“ – სტრასბურგის ექსმოსამართლე „უკრაინის საქმეზე“ მუშაობს

28.04.2022 • 1219
„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია“ – სტრასბურგის ექსმოსამართლე „უკრაინის საქმეზე“ მუშაობს

„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრად შეარჩიეს. ეს ჯგუფი უკრაინის პროკურატურას უნდა დაეხმაროს, ომის დანაშაულისთვის რუსეთს პასუხი რომ აგებინოს.

ნონა წოწორია ამბობს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს, რადგან სამხედრო საიდუმლოებაა.

რამდენად მოხერხდება რუსეთის დასჯა სამართლებრივად და რას გააკეთებს ევროსაბჭოს მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი? – „ბათუმელებმა“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ნონა, შეუდგა საქმიანობას ევროსაბჭოს მიერ უკრაინის გენერალური პროკურატურის მხარდასაჭერად შექმნილი ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის წევრად თქვენ შეგარჩიეს?

ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით უკრაინის გენერალურ პროკურორს და პირველადი რჩევები გაგვეწია მისთვის. დეტალებზე, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა მტკიცებულებების შეგროვება. როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ისე ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმეების საწარმოებლად.

ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნა უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევის პროგრამის ფარგლებში. ამ თემაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შორის. ასევე იყო თანმდევი მოლაპარაკებები, რომელიც გაიმართა გენერალურ პროკურორსა და ევროსაბჭოს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის დირექტორს შორის. ეს იყო თხოვნა, რომელიც მომდინარეობდა უკრაინიდან და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაქცია ევროსაბჭოდან.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სამხედრო ნაწილში არსებობს დიდი კოალიცია და ეხმარებიან უკრაინას, ისე სამართლებრივ ნაწილში ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და სახელმწიფო. ჩვენი საექსპერტო ჯგუფი ერთ-ერთი ჯგუფია. სხვა აქტორებიც არიან, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, კონკრეტულად კი, პროკურატურას გამოძიებაში. მიმდინარე ომის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ გამოძიების მასშტაბი ძალიან დიდია. ეს არის ჯგუფური ძალისხმევა იმისთვის, რომ სამართლებრივი დახმარება გაეწიოს უკრაინას.

  • თქვენ როგორ შეგარჩიეს ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრად?

მე დამიკავშირდნენ ევროსაბჭოდან. მითხრეს, რომ ასეთი ჯგუფი იქმნებოდა და თუ ვიქნებოდი დაინტერესებული, მიმეღო მონაწილეობა მის საქმიანობაში. ზოგადად, მე ვარ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ის, რომ დამიკავშირდნენ, თუმცა ეს დიდად არ მიკვირს – არცთუ ბევრი ადამიანია, რომელსაც ევროსასამართლოში ომის საქმის განხილვაში მიუღია მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმე იყო პირველი, რომელიც ევროსასამართლომ განიხილა, როგორც მუდმივმოქმედმა სასამართლომ. მანამდე ევროსასამართლოს არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ კონვენციის მოქმედება განეხილა აქტიური საომარი  მოქმედებების ფაზის დროს. ადამიანების საკმაოდ ვიწრო წრეა, ვისაც ჰქონდა შეხება ამ საქმის განხილვასთან. მე, პრაქტიკულად, დასაწყისიდან ბოლომდე ვიყავი მასში ჩართული, რაც ძალიან მძიმე საქმე იყო.

2008 წელს ევროსასამართლოს მოსამართლედ განწესებიდან, მალე მოხდა ომი. დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და 10 წელი მას მივყვებოდი. მე მხოლოდ ბოლო ეტაპზე არ ვმონაწილეობდი. განსაკუთრებული იყო ჩემთვის ის ეტაპი, როდესაც მოწმეთა დაკითხვა ხდებოდა ევროსასამართლოში. შესაძლებელია, ამ ფაქტორმაც იმუშავა.

გარდა ამისა, დიდი ხნის განმავლობაში ევროსასამართლოში უკრაინის საქმეების განმხილველი ერთპიროვნული მოსამართლე ვიყავი.

შემომთავაზეს და რასაკვირველია დავთანხმდი. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგვიძლია, უნდა გავაკეთოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საქმის კეთება ბრიტანელ ადვოკატთან, ჯერემი მაკბრაიდთან ერთად, რომელიც ცნობილი ექსპერტია ევროკონვენციის და სისხლის სამართლის პროცესში. ამ მიმართულებით იგი ცნობილი სახელმძღვანელოს ავტორია.

  • რა არის ამ ჯგუფის კონკრეტული ამოცანა უკრაინაში?

ჩვენი ამოცანაა, უკრაინის გენერალურ პროკურატურას მივაწოდოთ სტრატეგიული რჩევები რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც შეიძლება ეხებოდეს ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სამართლის საკითხებს. ჩვენ უშუალოდ მტკიცებულებების შეგროვებაში, ან მათ დამაგრებაში არ მივიღებთ მონაწილეობას. ამ პროცესში, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს, შესაძლოა, უამრავი კითხვა წარმოიშვას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ სამართლებრივ რჩევებს მივაწვდით გენერალურ პროკურატურას.

შესაძლოა, მოგვიწიოს შემთხვევის ადგილზე ჩასვლაც. გააჩნია, როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ დღის წესრიგში ჯერ ეს საკითხი არ დგას.

  • თქვენი მუშაობა რამდენად დაეხმარება ჰააგის ტრიბუნალს, სადაც პუტინი უნდა გასამართლდეს?

ამ ეტაპზე იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც აღნიშნულია ევროსაბჭოს პრესრელიზში. აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, დანაშაულები ხდება ყოველდღიურად და დრო უჩვენებს უკრაინის მთავრობას, როგორ იქნება სტრატეგიულად უფრო სწორი, რომ ეს საქმეები აწარმოოს.

ჩვენი ფოკუსი არის ევროსასამართლო, რომელიც მოგეხსენებათ, არ არის ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების განმხილველი მთავარი სასამართლო. ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეროგატივაა. თუმცა, არის საკითხები, რომელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული სამართლის ურთიერთგადაკვეთაშია.

  • რამდენად ხერხდება მტკიცებულებების მოგროება, რომ უკრაინამ დაადასტუროს სამხედრო დანაშაული. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, რუსეთი აქტიურად ცდილობს ომის დანაშაულის დაფარვას და კვალის წაშლას.

თავს შევიკავებ, რომ დეტალები გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ გამოწვევა ძალიან დიდია, რადგან საომარი მოქმედებები ქვეყნის [უკრაინა] ზომიდან გამომდინარე ფართო ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ საქმეების გამოძიებაზე ძალიან მძიმე შრომაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ომი კარგად დოკუმენტირებული ომია. ზღვა მასალაა მოპოვებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არც გვინახავს, რადგან გარკვეული ნაწილი სამხედრო საიდუმლოებაა და უშიშროების მიზნებიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი გავრცელება. თუმცა, როცა დადგება სამართლებრივი რეაგირების დრო, ბევრი დამატებითი მასალა უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.

ვიცი ის, რომ რამდენიმე დღის წინ ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის საგამოძიებო ჯგუფი ისევ ჩავიდა უკრაინაში. მათი ხშირი ჩასვლა ადგილზე და მტკიცებულებების შეგროვება უმნიშვნელოვანესია. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ქვეყანამ გაუწია ფინანსური დახმარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისს, რომ მათ შეძლონ გამოძიების წარმოება. როგორც მახსოვს, პროკურორის მოწოდებას ფინანსური დახმარების გაწევაზე  ერთ-ერთი პირველი ბრიტანეთის მთავრობა გამოეხმაურა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: