მთავარი,სიახლეები

მარიუპოლში 14 წლის სპორტსმენი დედასთან ერთად დაიღუპა – „რუსული მშვიდობა კლავს“

29.04.2022
მარიუპოლში 14 წლის სპორტსმენი დედასთან ერთად დაიღუპა – „რუსული მშვიდობა კლავს“

მარიუპოლში 14 წლის უკრაინელი სპორტსმენი, ძალოსანი ალინა პერეგუდოვა დედასთან ერთად დაიღუპა რუსეთის დაბომბვის შედეგად. ინფორმაციას დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ფიზიკური კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი ავრცელებს.

„პუტინის ჯარების კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა პერსპექტიული სპორტსმენი დონეცკიდან ალინა პერეგუდოვა, რომელიც დაიღუპა ქალაქ მარიუპოლში მტრის ჭურვების შედეგად.

ალინა იყო ოლიმპიური რეზერვის ბავშვთა და ახალგაზრდული სპორტული სკოლის მოსწავლე ძალოსნობაში და დონეცკის პროფესიული სპორტული კოლეჯის სტუდენტი.

გასულ წელს მან ეროვნულ ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა და მომავალში უმაღლესი დონის შეჯიბრებების მოგებას ისწრაფოდა…

ალინასთან ერთად რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლში მოკლეს დედამისიც“ – წერს დეპარტამენტი.

მოზარდი სპორტსმენის დაღუპვას ეხმიანება მარიუპოლის რადაც.

„რუსული მშვიდობა“ კლავს. ალინა უკრაინის ეროვნული ნაკრების კანდიდატი სპორტსმენი იყო. გასულ წელს მან ეროვნულ ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედლები, მაგრამ მოვიდა „რუსული მშვიდობა“, რომელმაც იგი „გაათავისუფლა“ მომავლისგან.

მარიუპოლი და მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს რუსეთის დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ! ამ დანაშაულს ვერ დამალავთ და ვერ გაამართლებთ,“ – წერს მარიუპოლის რადა.

არ ვრცელდება ინფორმაცია მოზარდისა და დედამისის დაღუპვის ზუსტი თარიღის შესახებ.

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია. ქალაქში მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფას აქვს ადგილი. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში მარხავენ და ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ.

ქალაქში, რუსეთის დანებების შესახებ ულტიმატუმის  მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებენ უკრაინელი ჯარისკაცები – პოლკი „აზოვი“ და უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა. ისინი, ძირითადად, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ქარხნის ბუნკერებს თავს აფარებს მშვიდობიანი მოსახლეობაც, ათასობით ადამიანი, რომელთა გამოყვანაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ამავე თემაზე: 

ღამით რუსეთმა მარიუპოლზე 50 ავიადარტყმა განახორციელა – პოლკი “აზოვი”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: