მთავარი,სიახლეები

რატომ გაუშვეს აჭარის ტელევიზიიდან გადაცემის წამყვანი

29.04.2022 • 2800
რატომ გაუშვეს აჭარის ტელევიზიიდან გადაცემის წამყვანი

აჭარის ტელევიზიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს. კულინარული გადაცემა „უცხო სუნელის“ ავტორსა და წამყვანს, ალეკო თხილაიშვილს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუშინ, 28 აპრილს ჩააბარეს.

„სასამართლოს მივმართავ, რადგან ვფიქრობ, რომ არასამართლიანია ის, რის გამოც მე გამათავისუფლეს სამსახურიდან,“  – უთხრა „ბათუმელებს“ ალეკო თხილაიშვილმა.

ფირუზ ბოლქვაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ალეკო თხილაიშვილი სამსახურიდან  კანონის შესაბამისად გათავისუფლდა.

ალეკო თხილაიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მის გათავისუფლებას წინ უძღოდა საყვედური, რომელიც დაუმსახურებლად მიიღო.

„ტელევიზიასთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ამის მიხედვით, როგორც მე მაქვს ტელევიზიისთვის გარკვეული რაოდენობის გადაცემების ჩაბარების ვალდებულება, მაუწყებელსაც აქვს ვალდებულება, მე უზრუნველმყოს სამუშაო გარემოთი, ინვენტარი იქნება ეს თუ სხვა.

სამუშაო პირობებზე რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. 6 წელია ეს გადაცემა გადის ეთერში. 14 სეზონი გავიდა. მე-15 სეზონია ახლა. ყველა მაყურებელმა გადასარევად იცის, რომ ტყე-ღრე დავძვრები, ხან რომელ რესტორანს ვეხვეწები – შენთან გადავიღებ, ხან  რომელს. სტუდიას რომ თავი დავანებოთ, არანაირი გარემოპირობა არ მქონია ამ ექვსი წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ყიდულობდნენ პროდუქტს. უღრმესი მადლობა ამისთვის, გულწრფელად. მეტი არაფერი ხელშეწყობა მე არ მქონია.

იანვრის მერე არის საუბარი, რომ გადაცემისთვის უზრუნველყონ ერთი ნივთის შეძენა, მაგრამ დღემდე არაა შეძენილი. აქედან გამომდინარე ჩავარდა ორი გადაცემა, რომელსაც მედავებოდნენ. ამას გარდა, დამემართა კოვიდი, რომელიც გადავიტანე თავისი გართულებებით. 22 დღე სახლიდან ვერ გამოვდიოდი. შესაბამისად, ამანაც გარკვეულწილად რაღაც როლი ითამაშა.

როდესაც გადაცემების ჩავარდნაზე მოკვლევა დაიწყო, დავწერე ახსნა-განმარტება. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ჩემი ბრალეულობა არ იყო, მაინც გამომიცხადეს საყვედური,“ – ამბობს ალეკო თხილაიშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საყვედური გამოუცხადეს, განერვიულდა და ტელევიზიაში იყვირა.

„როცა საყვედურის შესახებ გავიგე, ვიყვირე, გავბრაზდი და ვიხმაურე. ეს ერთ-ერთმა დასაქმებულმა ქალბატონმა მიიღო საკუთარ თავზე. არადა, ამ ქალბატონს საერთოდ არ მიემართებოდა. შევედი და დავუსვი კითხვა – შენ გგონია, რომ ეს საყვედური ნორმალურია-მეთქი? ამას მოჰყვა ისტერიკა. მერე მითხრეს თანამშრომლებმა, ტირისო. შევედი ისევ და ვუთხარი – შენთვის მე კონკრეტულად შეურაცხყოფა არ მომიყენებია, ეს იცოდე-მეთქი.

დისციპლინური წარმოება დაიწყო ამის შემდეგ. კომისიის არც ერთ წევრს ჩემთვის არანაირი კითხვა არ დაუსვამს. არც წერილი მიმიღია, რომ მოკვლევა მიდის. ჩვეულებრივად მივიღე ბრძანება გათავისუფლებაზე. გუშინ, 28 აპრილს, გამათავისუფლეს,“ – უთხრა ალეკო თხილაიშვილმა „ბათუმელებს“.

თანამშრომლის გათავისუფლებას განცხადებით გამოეხმაურა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაუწყებელი უკვე ყოფილ თანამშრომელს, ალეკო თხილაიშვილს, ქალი თანამშრომლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს:

„[ალეკო თხილაიშვილი] სამუშაო ოთახში შეუვარდა ქალ თანამშრომელს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, რა დროსაც საჭირო გახდა სამართალდამცავების გამოძახება.  რის შემდეგაც ქალს, რომელიც გახდა შეურაცხყოფის ადრესატი, შექმნილი ჰქონდა მძიმე ემოციური ფონი და მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა შესაბამისი რეაგირება,“ – ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

ასევე, მაუწყებლის სახელით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ფირუზ ბოლქვაძემ.

„მის გათავისუფლებას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება მაუწყებელში მომხდარ უსიამოვნო ფაქტთან დაკავშირებით. მან გარკვეული წინა დისციპლინარული პროცესის გამო პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვები გამოიყენა კონკრეტული თანამშრომლის მისამართით. შესაბამისად დისციპლინურმა კომისიამ ჩაატარა ყველა შესაბამისი პროცედურა ამასთან დაკავშირებით და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება,“ – თქვა ფირუზ ბოლქვაძე.

„ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, რა უძღოდა წინ დისციპლინურ წარმოებას, რის შემდეგაც ალეკო თხილაიშვილი სამსახურიდან გაუშვეს.

„პირველი საყვედური დაკისრებული უფლებამოვალეობების შეუსრულებლობისთვის გამოეცხადა. წინა დისციპლინარული წარმოება უკავშირდებოდა ამას, რასაც მოჰყვა შემდეგში კონკრეტული თანამშრომლის შეურაცხყოფა ამ თანამშრომლის მიერ,“ – გვითხრა ფირუზ ბოლქვაძემ.

კითხვაზე, ასრულებდა თუ არა ტელევიზია თანამშრომლის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ფირუზ ბოლქვაძე პასუხობს:

„ტელევიზიას ყველა თანამშრომლის წინაშე აქვს აღებული ვალდებულებები. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამშრომლები ითხოვენ კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად რაღაც დამატებით რესურსებს. თუ ეს რესურსი იმ მომენტისთვის ფიზიკურად არ არსებობს, ან მისი მიწოდება ვერ ხერხდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში იქცეს საფუძვლად ვინმესთვის, რომ მან არ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.

ის გადაცემებს აკეთებდა მანამდეც. მანამდე არ ყოფილა გადაცემების მომზადების პრობლემა. თუ ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ის, რასაც ითხოვდა, მაშინ როგორ ახერხებდა ის გადაცემების მომზადებას და ჩაბარებას? და რატომ ვერ მოხერხდა ეს მას შემდეგ, რაც დააყენა ეს მოთხოვნა?“

დღეს, 29 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიულმა პროფკავშირებმა და მასში გაწევრიანებულმა ჟურნალისტებმა მაუწყებლის წინ მდუმარე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ჟურნალისტები ტელევიზიიდან კიდევ ერთი თანამშრომლის წასვლას აპროტესტებდნენ. აქციაზე, ასევე, შეაგროვეს ხელმოწერები.

მაუწყებლის ჟურნალისტები მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ და მოითხოვენ დაინიშნოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც მაუწყებელში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: