„წარმოვიდგენ ჩემს ოჯახს ერთ-ერთ იმ სახლში, რომელიც ახლა დანგრეულია. ვხედავ, როგორ გარბიან ჩემი შვილიშვილები პანიკაში, ოჯახის ნაწილი საბოლოოდ დაიღუპა… ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში. ომი ბოროტებაა. ომი არანაირად არ არის მისაღები 21-ე საუკუნეში“, – თქვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დღეს უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ვიზიტისას. ის უკრაინაში მოსკოვიდან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა.
ბოროდიანკა, ქალაქი, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს, რუსული თავდასხმის შედეგად განადგურდა.
გუტერეში უკრაინაში დღეს ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპინში იმყოფებოდა. ბუჩაში ვიზიტის დროს მან მოუწოდა რუსეთს, ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) უკრაინაში მისი [რუსეთის] შეჭრის დროს განხორციელებული შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში. კრემლი უარყოფს რაიმე მონაწილეობას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებში, ბუჩადან გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალას კი „ფეიკად“ აფასებს.
„მე სრულად ვუჭერ მხარს ICC-ს და მივმართავ რუსეთის ფედერაციას, ითანამშრომლოს ICC-თან. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ომის დანაშაულებზე, არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ყველაზე საშინელი დანაშაული თავად ომია“, – თქვა მან ბუჩაში ვიზიტისას, სადაც რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ასობით დაღუპული და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს.
სამშაბათს, 26 აპრილს, გუტერეში გაემგზავრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისთვის, რათა განეხილა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი.
გაეროს ცნობით, შეხვედრის შედეგად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „პრინციპში დათანხმდა“ გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში, წერს CNN-ი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან გამართულ პრესკონფერენციაზე გუტერეშმა თქვა, რომ მან წამოაყენა ინიციატივა, შეიქმნას რუსეთის, უკრაინისა და გაეროს ოფიციალური პირების „ჰუმანიტარული საკონტაქტო ჯგუფი“, რათა მოძებნონ შესაძლებლობები უსაფრთხო დერეფნების გახსნისთვის საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტით და გარანტირებული იყოს ამ დერეფნების ეფექტურობა.
გუტერეშის ვიზიტებს მოსკოვსა და კიევში წინ უძღოდა 25 აპრილს უკრაინის მიმართვა გაეროსა და წითელ ჯვრის მიმართ, ჩართულიყვნენ „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში.
ჯერ კიდევ 5 აპრილს გაეროს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან გაეროს სთხოვა, დაეკისრებინა რუსეთისთვის პასუხისმგებლობა და უზრუნველეყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
„გაქვთ 2 გზა – ან გააძევეთ რუსეთი გაეროდან, როგორც ომის წყარო, რათა მან არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად.
მეორე ვარიანტია საკუთარი თავის გაუქმება. თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა“, – განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.
________________
ფოტოზე: გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ბოროდიანკაში. ფოტო: EPA-EFE/Laurence Figa-Talamanca