ნეტგაზეთი • RU

„ოცნებასთან“ დაკავშირებული ღვინის კომპანიები ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ – გამჭვირვალობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2021 წელს ღვინის კომპანიებზე სახელმწიფომ 107 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდია გასცა. 80 კომპანიიდან 31 კომპანია „ქართული ოცნების“ მოქმედ ან ყოფილ წევრებს ეკუთვნით ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან.

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ 31 კომპანიაზე 30 343 512 ლარი გაიცა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22 პროცენტია.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სუბსიდიის მიმღები კომპანიები ასევე იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“, სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად, უპროცენტო აგროსესხებით და ამავდროულად, პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2016-2021 წლების განმავლობაში მათ 3 626 420 ლარი გაიღეს“, – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თავის მიმოხილვაში, რომელსაც ჰქვია „რთველი და არჩევნები – რთვლის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მიმოხილვა“.

ამავე წყაროს მიხედვით, გამარტივებული შესყიდვები მიიღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.

„მისი ცოლის ძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის „ვაინ კახეთმა“ 550 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის ღვინის მარანმა „ქინძმარაულმა“ – 150 000 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ – „რთველისმა“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით  57 368 ლარი მიიღო.

ჯამურად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა 800 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა მიიღეს“.

„გამჭვირვალობა საქართველოს“ მოკვლევით, 900 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო 9 დღის დაარსებულმა კომპანიამ, შპს „დი ჯი ელმა“, რომლის მესაკუთრე თამარ ალუღიშვილი დედოფლისწყაროელი ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველია.

სუბსიდიის მიმღები 5 მსხვილი კომპანია დაკავშირებულია კომპანია „ბოლერო ენდ კომპანისთან“, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კარიჭაშვილია. ჯამურად ამ კომპანიებმა მიიღეს 6 მილიონზე  მეტი ლარი. ვახტანგ კარიჭაშვილი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია და მასთან ერთად  ფლობს კომპანიას ბრიტანეთში.

ჯამურად 2 მილიონზე მეტი ლარი მიიღო სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ და შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“, – წერს TI.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები უკავშირდება ზაალ დუგლაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს „ქართული ოცნებიდან“.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან ჩაიბარებდა 1000 ტონაზე მეტ ყურძენს. ამ ხელოვნური  ბარიერის გამო მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს“.

კვლევის მიხედვით, 2021 წელს მთავრობამ ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია რთველზე. სუბსიდიის მიზეზად მან ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დაასახელა.

ამ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვა.

პარლამენტის წევრთან, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებული კომპანიები

სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“

TI კვლევის მიხედვით, სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 1 342 509 ლარი მიიღო. ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით დუგლაძეა, წევრები კი – ეკატერინე დუგლაძე (დავით დუგლაძის ძმის, პარლამენტის ხაშურის და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ დუგლაძის მეუღლე) და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი არიან.

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ ღვინის სააგენტოდან სუბსიდიის სახით მიიღო 759 988 ლარი მიიღო.

„კომპანიას 23-23 პროცენტიანი წილით ფლობენ დავით დუგლაძე, ზაალ დუგლაძე (რომელმაც ამ კომპანიაში თავისი წილი ძმაზე გაასხვისა), ალექსანდრე ივანიშვილი და მალხაზ ყანჩაველი. 8 პროცენტის მფლობელია გიორგი კაპანაძე, რომელსაც ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის  მოქალაქეობა აქვს. კომპანიის დირექტორია დავით დუგლაძე.

დავით დუგლაძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. 2016-2020 წლებში მან 155 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. 2012 წელს მას 60 000 ლარი ჰქონდა შეწირული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“; ზაალ დუგლაძემ 2016-2020 წლებში (ვიდრე დეპუტატი გახდებოდა) მმართველ პარტიას 115 000 ლარი მისცა; მალხაზ ყანჩაველმა 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 105 000 ლარი შესწირა“, – წერს TI.

შეღავათიანი აგროკრედიტი – დამატებითი სარგებელი სახელმწიფოსგან

ზემოთჩამოთვლილი კომპანიები, გარდა იმისა, რომ იღებენ საბიუჯეტო სუბსიდიებს, მონაწილეობენ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და იგებენ გამარტივებულ შესყიდვებს. ისინი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების აქტიური ბენეფიციარები არიან და დაფინანსებას იღებენ ისეთი პროგრამებიდან, როგორებიცაა „აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სააგენტო გასცემს თანხებს სესხის საპროცენტო განაკვეთების დასაფარად.

სააგენტოს მიერ 2013-2021 წლებში იმ ღვინის კომპანიებზე გაცემული თანადაფინანსება, რომლებიც ამავდროულად სახელმწიფო სუბსიდიითაც სარგებლობენ და „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

ასე გამოიყურება ღვინის მარნები, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტით:

ღვინის მარნები, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტით:

TI სახელმწიფოს აძლევს რეკომენდაციას, რომ უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შეისწავლოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული გამარტივებული ტენდერები და მოახდინონ მათზე რეაგირება.

ასევე უნდა შეისწავლოს ყურძენში შაქრის მზომი მოწყობილობების შესყიდვის გამჭვირვალობა და აუცილებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელებს აღნიშნული ხელსაწყოების შესყიდვა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.

„აუცილებელია, რომ თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შემსყიდველმა – შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.

ღვინის სააგენტომ პროცესი უნდა წარმართოს გამჭვირვალედ  და თანხებზე წვდომა ჰქონდეს მცირე მარნებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ბრუნვა აქვთ“, – ამბობს TI.

ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია ღვინის სააგენტომ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა საჭიროა თანხების ორ ნაწილად ხარჯვა, „როდესაც მცირე ნაწილს გასცემს სააგენტო, თანხის უდიდეს ნაწილს კი რიცხავს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ანგარიშზე“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com