მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ გენგეგმის პირველი ეტაპი ჩაიბარა – რა წერია დოკუმენტში

29.04.2022 • 3188
ბათუმის მერიამ გენგეგმის პირველი ეტაპი ჩაიბარა – რა წერია დოკუმენტში

ბათუმის მერიამ გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის პირველი ნაწილი ჩაიბარა. როგორც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში განგვიმარტეს, განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  საბაზისო მონაცემები შეაგროვა. „ასევე დასრულდა ინდიკატორების სისტემის სამუშაო ვერსიის შემუშავება. წარმოდგენილია განაშენიანების დეტალური გეგმის კვლევები – შენობების მდგომარეობა კვარტლების მიხედვით და ასე შემდეგ“, – მოგვწერეს მერიიდან.

დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. მერიაში გვითხრეს, რომ ის საკმაო მოცულობისაა, გარდა ამისა „სპეციალურ პროგრამაშია აწყობილი“.

ჩაბარებული დოკუმენტის შინაარსზე მეტი ინფორმაციის მისაღებად კომპანიის წარმომადგენელს მივმართეთ. „ბათუმელების“ კითხვებს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ტექნიკური კოორდინატორი, სოფო თოდუა პასუხობს.

  • ქალბატონო სოფო, მარტივად რომ აგვიხსნათ, რა წერია უკვე ჩაბარებულ დოკუმენტში, რა ინფორმაციას მოიცავს ის შინაარსობრივად?

გენგეგმა არის სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ქალაქი როგორ უნდა განვითარდეს. შესაბამისად, სანამ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ არსებული მდგომარეობით რა ხდება ქალაქში. რა ტენდენციებია, რა საფრთხეები არსებობს, ეს მოიცავს სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებას და არამხოლოდ არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებით მონაცემებს, არამედ გარემოსდაცვითი კუთხით რა მდგომარეობაა, კულტურულ მემკვიდრეობაში რა მდგომარეობაა, საინჟინრო მიმართულებით და ასე შემდეგ…

ყველა დარგობრივი მიმართულება, რომლებიც ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და მის განვითარებასთან მოიაზრება, ასევე, განაპირობებს ცხოვრების ხარისხს – ამ ყველაფრის კვლევა ჩატარდა დეტალურად. კვლევაზე მუშაობდნენ დარგობრივი სპეციალისტები, თითოეულ მიმართულებაზე შესაბამისი ჯგუფი მუშაობდა და შეგროვდა ინფორმაცია, რომელიც გავაანალიზეთ. ეს დოკუმენტი საჯარო იქნება. ის 940 გვერდია და ამას ემატება 140 რუკა, რომლებიც შემუშავებულია.

  • კვლევის ფარგლებში ქალაქისთვის ყველაზე მწვავედ რა საკითხები გამოიკვეთა?

ძალიან ბევრი საკითხია, თუმცა განსაკუთრებით მწვავე, რაც ბათუმისთვის მტკივნეულია და რაზეც მერიაც მუშაობს, ეს არის ავარიული და დეგრადირებული ინფრასტრუქტურა. არამარტო ქალაქის ცენტრში, არამედ გარეუბნებშიც საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა. შემდეგია ქაოსური განაშენიანება – ის, რომ ახლა უსისტემოდ ხდება ქალაქის განაშენიანება, ის, რომ ეს პროცესი ადგილობრივ ბაზარზე არ არის მორგებული და ქალაქის რესურსს გარკვეულწილად ჭამს.

გარემოსდაცვითი მიმართულებით არის ბევრი პრობლემა, მათ შორის შეუსაბამო ნაგავსაყრელი – პროექტი უკვე კეთდება, რომ ის დაიხუროს და სხვაგან გადავიდეს. თუმცა ეს საკითხი მაინც მწვავედ დგას… ასევე კულტურული მემკვიდრეობა – ის, რომ ბათუმს იდენტობა შეუნარჩუნდეს და სიცოცხლისუნარიანობა არ დაეკარგოს, არ მოხდეს ქალაქის მუზეუმიფიცირება, მაგრამ შევინარჩუნოთ იერ-სახე.

  • ფიქრობთ, რომ ამის შანსი ისევ არის?

მართალია, ბევრ ადგილას უკვე აღარ არის ამის შანსი და ბევრად უარესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ, შესაძლოა კიდევ უფრო უარესიც. შესაბამისად, მთავარია, შეჩერდეს ეს პროცესები და ყველამ გაიაზროს, რომ ადგილობრივი იერ-სახე ეს არის ქალაქის მიმზიდველობა. მთავარი მიზანია, რომ ცხოვრების ხარისხი შემოსულ ინვესტიციებთან ერთად მაღალი იყოს და პირიქით არ მოხდეს. ჯერჯერობით ახალი ინვესტიციები მხოლოდ მყისიერ შედეგს გვაძლევს ეკონომიკური მაჩვენებლებით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში…

  • თქვენ ჩააბარეთ პირველი ეტაპის სამუშაოები და გვეუბნებით, რომ ის 900 გვერდია, ანუ მის დამუშავებას დრო სჭირდება. ვიდრე ეს ყველაფერი დასრულდება, დიდ დრო გავა. შემდეგ განხილვა-დამტკიცების ეტაპი გაიწელება. რა მექანიზმი გეგულებათ, რომ გენგეგმის შექმნას აზრი არ დაეკარგოს? 

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ეს ძალიან პრობლემური საკითხია. იმის მიუხედავად, რომ შემდეგი ეტაპი სწორედ დროებითი შეზღუდვებია [დროებითს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ სანამ გენგეგმა მუშავდება და კონცეფციამდე მივალთ] მანამდე სასურველია გარემო სტაბილურად შენარჩუნდეს. თუ შეიცვალა გარემო, რომელიც ვიკვლიეთ, შესაბამისად, ის კვლევა ჩვენთვის აღარ იქნება ინფორმაციული.

როდესაც ვლაპარაკობთ კონკრეტულ ნებართვებზე, სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პროცესები შევაჩეროთ – იძულებულები ვართ, მანამდე გაცემული ნებართვები ჩავთვალოთ, რომ ის აშენებულია. ჩვენი კვლევა მათ შორის მოიაზრებდა გაცემული ნებართვების გადახედვას და იმ მოცულობების ჩათვლას, რომ შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში ქალაქი რამდენად გაიზრდება.

  • რადგან ასეა, ხომ არ გაქვთ რჩევა ბათუმის მერისთვის, რომ ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვები შემოიღოს?

ჩვენ გვაქვს არქიტექტურის სამსახურთან კომუნიკაცია, თვითონაც იციან, რომ შემდეგი ეტაპი არის დროებითი შეზღუდვები: ახალი გაცემული ნებართვები, როგორც ასეთი, აღარ ფიქსირდება. ძველი გაცემული ნებართვებია და რამდენიმე ახლა იწყებს მოქმედებას. ამას, ფაქტობრივად, ვერ ცვლიან ისინი. ჩვენი მითითებაც არის, რომ სანამ გენერალური გეგმა მუშავდება, მანამ თავი შეიკავონ, ან განხილვისას ჩვენ დაგვიძახონ.

მეორეც, როცა საუბარია, რომ ნებართვა გაცემულია ისეთ ზონაში, რომელიც შეუსაბამოა და გაცემული ისეთ ადგილას, რაც გარემოს დაცვით, ან კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ხვდება, ამ შემთხვევაში გენერალური გეგმა განიხილავს მიწათმონაცვლეობის, ალტერნატიული კომპრომისების სივრცეს. ესეც ჩვენი კვლევების საკითხია, ამაზე დავაფიქსირებთ ჩვენს პროფესიულ მოსაზრებას, გვექნება საჯარო განხილვები, კერძო და საჯარო განხილვები, მათ შორის დამკვეთთანა. მთავარია, რომ ისეთ კომპრომისს მივაღწიოთ, რომ ეს რეალისტური იყოს და ამის მართვითი ხელსაწყოები არსებობდეს.

თუ ვადაგასულ ნებართვებზეა საუბარი, რაღაც შეგვიძლია, მაგრამ თუ ნებართვა მოქმედია, ეს მთლიანად მუნიციპალიტეტზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია დასაბუთებულად ვთქვათ, რომ ეს აქ არ უნდა იყოს, მაგრამ მუნიციპალიტეტს რამდენად  შეუძლია სასამართლოში წავიდეს…

  • ხდება ხოლმე, როცა უცებ გამოჩნდება კომპანია, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტულ ნაკვეთზე აქვს მშენებლობის ნებართვა ხუთი ან მეტი წლის წინ გაცემული და იწყება აპელირება, რომ კანონით აქვს ააშენოს რაღაც შენობა. ამ დროს ჩნდება ეჭვი იმაზე, თუ რამდენად ნამდვილია ეს ნებართვა. ამის კონტროლი შესაძლებელია?

ნებართვების აღრიცხვის სისტემა რამდენჯერმე შეიცვალა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენ მუნიციპალიტეტს უზარმაზარი ცხრილი გამოვართვით. საარქივო მასალების გარდა გადამოწმების საშუალება არ არსებობს – ამ ყველაფრის გაციფრულება მხოლოდ ახლა დაიწყო. შესაბამისად, ძალიან რთულია გადამოწმება ხუთი წლის წინ რა ხდებოდა და როგორ.

ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ტენდენციურად, დაახლოებით რამდენი ნებართვა გაიცა, მაგრამ კონკრეტული პროექტების განხილვისთვის უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი. ყოველწლიურად 15 000-მდე ნებართვაა გაცემული, მაგრამ ყველა არ არის სამშენებლო, მათ შორის არის სარესტავრაციო, სარემონტო…

გადაბეჭდვის წესი


ასევე: