მთავარი,სიახლეები

8 000 ბრიტანელი ჯარისკაცი შეუერთდება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ევროპაში – მედია

29.04.2022 • 2041
8 000 ბრიტანელი ჯარისკაცი შეუერთდება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ევროპაში – მედია

დიდი ბრიტანეთი 8000-მდე სამხედროს გაგზავნის აღმოსავლეთ ევროპაში მასშტაბურ წვრთნებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ მედია წერს.

წვრთნები, რომლის ფარგლებშიც ამ ზაფხულს ათობით ტანკი განლაგდება ქვეყნებში, დაწყებული ფინეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიამდე, იქნება ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბაზირება/დისლოცირება ევროპაში. „გარდიანის“ ცნობით, წვრთნებს შეუერთდება ათიათასობით ჯარისკაცი ნატოდან და გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ალიანსიდან, რომელშიც შედიან ფინეთი და შვედეთი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გეგმა დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა, მაგრამ თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გაფართოვდა – წერს „ინდეფენდენთი“.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ერთობლივი ძალების ბაზირება დროებითია, მაგრამ ნატოს მოკავშირეები განიხილავენ, გააფართოონ თუ არა მათ მიერ განლაგებული სამხედრო ძალები როტაციის საფუძველზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში – ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. „ეს დისკუსიები სავარაუდოდ გაგრძელდება ესპანეთში ნატოს სამიტზე, რომელიც 29 ივნისს უნდა დაიწყოს“, – წერს გამოცემა.

„გარდიანს“ მოჰყავს  დიდი ბრიტანეთის საველე არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ რალფ ვუდისეს ციტატა: „დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის დაცვასა და რუსული აგრესიის შეკავებაში. ბრიტანეთის არმიის წვრთნების სერია ფუნდამენტურია ორივესთვის. განლაგების მასშტაბები, ბრიტანული არმიის პროფესიონალიზმთან, წვრთნასთან და სისწრაფესთან ერთად, შეაკავებს აგრესიას ისეთი მასშტაბით, რომელიც ევროპაში ამ საუკუნეში არ უნახავთ“.

განცხადება იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს, გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა დასავლეთის სამიზნეებზე თავდასხმების პერსპექტივა და თქვა, რომ თუ ქვეყნები ჩაერევიან უკრაინის საკითხში, შურისძიება იქნება „ელვისებური სისწრაფის“.

ოპერაცია მაისში დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის ჯარები, რომლებიც სწავლებას ჩაატარებენ ესტონეთ-ლატვიის საზღვარზე ნატოს 18 000 ჯარისკაცთან ერთად, საფრანგეთისა და დანიის სამხედრო ძალების ჩათვლით.

_______________________________

ფოტოზე: დიდი ბრიტანეთის სამხედრო პერსონალი, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: