მთავარი,სიახლეები

როგორი უნდა იყოს უსაფრთხო გზა სკოლისკენ – მერია სახელმძღვანელოს ქმნის სკოლებისთვის

29.04.2022
როგორი უნდა იყოს უსაფრთხო გზა სკოლისკენ – მერია სახელმძღვანელოს ქმნის სკოლებისთვის

როგორი უნდა იყოს სკოლასთან უსაფრთხო მისასვლელი, ამაზე ბათუმის მერია სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს GIZ-ის [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] დახმარებით გამოსცემს და განათლების სამინისტროს და რესურსცენტრებს გადასცემს.

ბათუმში 25 საჯარო სკოლიდან 12 სკოლასთან მისასვლელი სავალალო მდგომარეობაშია.

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დღეს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასთან მივიდა, მოსწავლეებს ზებრა-გადასასვლელი მოახატვინა და ფოტოებიც გადაიღო. როგორც მერიაში ამბობენ, „დამონტაჟდა დროებითი ბარიერები და საგანგებო ნიშნები“.

ბათუმის მერიას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, შესწავლილი აქვთ თუ არა ყველა სკოლასთან მისასვლელი და როდის დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა ამ კითხვაზე მერიაში კონკრეტულად ვერ გვიპასუხეს.

„საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელოს შემუშავებას სკოლებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხო გზა სკოლამდე.

გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, GIZ-თან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული და ისინი გვეხმარებიან, აკვირდებიან პროცესებს, თავიანთი მეთოდოლოგიით შეიმუშავებენ სახელმძღვანელოს და გადმოგვცემენ,“ – გვითხრა მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენელმა, რუსუდან ჟოჟაძემ.

როგორც იგი ამბობს, საპილოტე პროგრამას ეწოდება „უსაფრთხო გზა სკოლისაკენ“ და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოიხატა მე-14 საჯარო სკოლასთან ზებრა-გადასასვლელი.

მე-14 სკოლა ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანშია, სადაც ავტომანქანები ინტენსიურად მოძრაობენ. სკოლასთან ახლოს არ არის შუქნიშანი, ზებრა-გადასასვლელი კი დიდი ხანია წაშლილი იყო.

ამ პრობლემაზე საინიციატივო ჯგუფი „არ გადადო“ მუშაობდა, რომლის წევრებიც ამბობენ, რომ ბათუმში არსებული 25 სკოლიდან 12 სკოლასთან მისასვლელი  სავალალო მდგომარეობაშია.

წელს, 12 თებერვალს, „არ გადადოს“ აქტივისტებმა მერიის წინ პერფორმანსიც მოაწყვეს  და პროექტორით ვიდეო მერიის ფასადზე გაუშვეს, სადაც სკოლების მისასვლელთან არსებული მდგომარეობა იყო ნაჩვენები.

ამ სკოლების მისასვლელებთან არ არის გამაფრთხილებელი ნიშანი, ე.წ. მწოლიარე პოლიციელი და ზებრები წაშლილია ან საერთოდ არ არის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: