რუსებს წლობით დაკავებული პოზიციები დავაკარგვინეთ, საგიჟეთი მოვაწყვეთ – ქართველი მებრძოლი

ავთო ქაჯაია იმ ქართულ ოცეულშია, რომელმაც, როგორც თავად ამბობენ, რამდენიმე დღის წინ დონეცკში რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ავთო „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ შეტევის შედეგად რუსებმა წლების განმავლობაში დაკავებული პოზიციები დაკარგეს.

„ეს იყო ყველაზე მაგარი ბრძოლა, რაც ყოველთვის მემახსოვრება. ნამდვილი საგიჟეთი მოვაწყვეთ, რა გავაკეთეთ ან რამ გადაგვარჩინა, ბიჭებს ახლაც გვიკვირს. იდეალურად დაგეგმილი შტურმი იყო, ოცეულის შეტევა რუსების რამდენიმეწლიან გამაგრებულ პოზიციებზე, ეს ისტორია ყველაზე მეტად დამამახსოვრდება,“ – გვეუბნება ავთო ქაჯაია.

ამ წარმატებული ოპერაციის შემდეგ ავთო და მისი თანამებრძოლები საავადმყოფოში მოხვდნენ. როგორც ავთო გვეუბნება, რუსებმა 7 მაისს, დღის ოთხ საათზე, აკრძალული იარაღი გამოიყენებს მათ წინააღმდეგ, რის შემდეგაც ქართველი მებრძოლები მოიწამლნენ და ახლა ათი მებრძოლი, მათ შორის, ავთო ქაჯაიაც, ჰოსპიტალში  მკურნალობს.

სიმპტომები დაახლოებით ისეთივეა, რაზეც უფრო ადრე გოსტომელში მებრძოლი ქართველები საუბრობდნენ. 14 აპრილს ისინიც მსგავსი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ.

რით მოიწამლნენ, ჯერ მებრძოლებს ინფორმაცია არ აქვთ. როგორც ავთო ქაჯაია გვეუბნება, ამ ეტაპზე კვლევები მიმდინარეობს.

ავთო ქაჯაიას თქმით, რუსებმა ისევ გამოიყენეს აკრძალული იარაღი. მოიწამლა ათი ქართველი მებრძოლი.

ავთო ქაჯაია  უკრაინაშია მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ის პოლონეთში, ემიგრაციაში იმყოფებოდა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„ოთხი წელია პოლონეთში ვარ, მანამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი 15 წელი. გაჭირდა საქართველოში ცხოვრება, ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წამოსვლა. ომი როცა დაიწყო, წამოვედი უკრაინაში“, – გვითხრა მან.

დონეცკში ჩატარებულ ამ ოპერაციას ავთო ქაჯაი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრძოლად აფასებს.

„ორდღიანი ძლიერი შეტაკებები გვქონდა, მთელი პოზიციები წავართვით რუსებს, ისეთი პოზიციები, სადაც რამდენიმე წელია გამაგრებულები იყვნენ. ჩვენ, ქართველების ოცეულმა, ავიღეთ ეს პოზიციები, გავუნადგურეთ ცოცხალი ძალა და ახლა უკრაინელებმა დაიკავეს ეს პოზიციები.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოზიციების დაკავება, რადგან ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილია და უკრაინელები ვერ ახერხებდნენ დაკავებას.

სიგიჟეები ჩავიდინეთ, გადარეულები შევვარდით და დავცხეთ რუსებს. შეტევაზე ვიყავით. ალყაშიც მოვყევით, მაგრამ გავარღვიეთ ალყა და გამოვედით. მართალია, ცხრა მებრძოლი დაგვეჭრა, ერთი ტყვიით, რვა კი ჭურვის ნამსხვრევებით, მაგრამ მსხვერპლის გარეშე გამოვედით“, – გვითხრა ავთომ.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის ცდილობს სტრატეგიული ადგილების დაკავებას – ცდილობს გადაკეტოს მთავარი გზები, ავტობანები, „ამიტომ ამ ბრძოლის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინელებისთვის.“

ოცეულში მებრძოლი ყველა ქართველი ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. ყველა მათგანს სამხედრო გამოცდილება აქვს. „ერთი ჩინელიც არის ჩვენს ჯგუფში, ექიმია და ძალიან გვეხმარება“, – ამბობს ავთო ქაჯაია.

ავთო ამბობს, რომ ალყის გარღვევა და პოზიციების დაკავება მათი პროფესიული მოქმედებაა, თუმცა გამართლებაზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული.

„ეს ბრძოლაც ტყეებში იყო, ჩასაფრებული იყვნენ რუსები, თუმცა გავანადგურეთ. არც ისე რთულია რუსების დამარცხება.“

მებრძოლებს ბოლო პერიოდში ძალიან ეხმარება  შეიარაღება, რომელსაც უკრაინა დასავლელი მეგობარი ქვეყნებისგან იღებს. „ალბათ ამის დამსახურებაა ის, რომ დიდი ხანია ცაზე რუსული ავიაცია არ დაგვინახავს“, – ამბობს ავთო.

ავთოს თქმით, გადამწვარი ტყეები და სახლები – ეს არის რუსული კვალი. „იმალებიან მიწაში, როგორც თხუნელები, ლოთები და სასტიკები. ომის ყველა წესს არღვევენ, პირველ რიგში იმას, რომ არ უნდა მოკლან ბავშვები და ქალები, არ გააუპატიურონ ისინი. არ დახოცონ მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა რუსებისთვის არანაირი კანონი და წესი არ არსებობს. ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი. ნამდვილი ღორები არიან.

ალბათ არასდროს დამავიწყდება ის, როგორ გადაატარეს პურის რიგში მდგომ ქალებს და ბავშვებს ავტომატის ჯერი. მაშინ ორი ბავშვი დაიღუპა. სადისტები არიან, სამხედროებს ვერ ერევიან და ბავშვებს კლავენ“, – გვეუბნება ავთო ქაჯაია.

მებრძოლის თქმით, ისინი ახლა უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვიან, რადგან რუსეთი ოკუპანტია: „რაც ჩვენ გაგვიკეთა, არასდროს დამავიწყდება. ყველგან, სადაც კი რუსები გაისვრიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ქართველი მებრძოლებიც იქ ვიქნებით. ბევრი მეგობარი მოგვიკლეს აფხაზეთში, შემდეგ 2008 წელს, აგვისტოს ომში, მე იქაც ვიბრძოდი და ყველგან ვიბრძვი ოკუპანტების წინააღმდეგ.“

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა 4 ადამიანი

დღეს, 9 მაისს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის გაყინული ვალუტა უკრაინის აღდგენას მოხმარდეს – დისკუსია ევროკავშირში

ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გაყინული უცხოური ვალუტის რეზერვების ჩამორთმევა და უკრაინისთვის გადაცემა აღდგენის პროცესისთვის, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალ Financial Times-თან ინტერვიუში. ბორელმა გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი და აღნიშნა, რომ თუკი აშშ-მ ავღანეთში ძალაუფლების თალიბების ხელში გადასვლის შემდეგ მილიარდობით დოლარი ჩამოართვა ავღანეთის ცენტრალურ ბანკს, მაშინ ეს რუსეთის გაყინული რეზერვების შემთხვევაშიც უნდა იყოს.

„ჩვენ ჯიბეებში გვაქვს ფული და ვიღაცამ უნდა ამიხსნას, რატომ არის ეს კარგი ავღანური ფულის შემთხვევაში და არ არის კარგი რუსული ფულისთვის,“ – უთხრა გამოცემას ბორელმა.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის აღდგენის საკითხი დასავლეთში აქტიურად განიხილება და არსებობს დისკუსიები იმაზეც, თუ როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში რუსეთმა. გაყინული აქტივების ჩამორთმევის იდეას ოფიციალური ბრიუსელი ჯერ არ გამოხმაურებია.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კითხვა მაგიდაზე: ვინ გადაიხდის უკრაინის რეკონსტრუქციისთვის?“ – თქვა ბორელმა.

აღნიშნულ საკითხზე ევროპული აბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გამოცემა „ინტერფაქსმა“ კითხვა 5 მაისს დაუსვა. მიშელის თქმით, ის, როგორც პროფესიით იურისტი, მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა. ეს, თავის მხრივ, საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული:

„პირადად მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აქტივების გაყინვა, არამედ მათი კონფისკაციის შესაძლებლობის შექმნა, რათა გამოყენებული იყოს ქვეყნის აღდგენის პროცესში. თუმცა როგორც პროფესიით იურისტმა ვიცი და ვაღიარებ, რომ იურიდიული დონე არც ისე მარტივია. ევროკავშირის მასშტაბით 27 სამართლებრივი სისტემაა და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში ამას სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ამას დრო სჭირდება, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ მე დავავალე საბჭოს იურიდიულ სამსახურს მოამზადოს რამდენიმე შესაძლო იდეა, კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად, სამართლებრივი გადაწყვეტის მოსაძებნად, რაც შესაძლებელს გახდის ევროკავშირის ან მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ სანქცირებული ადამიანების აქტივების კონფისკაციას“.

როგორც „როიტერსი“ რუსულ  RIA-ზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ თქვა, რომ ბორელის ინიციატივა არის „სრული უკანონობა“ და თუ მიიღებენ, ეს დააზარალებს ევროპას.

„ისინი (ზომები) დარტყმას მიაყენებენ თავად ევროპელებს, თანამედროვე ფინანსურ სისტემას და ძირს გამოუთხრიან ნდობას ევროპისა და მთლიანობაში დასავლეთის მიმართ“, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო RIA გრუშკოს დღევანდელ განცხადებას.

„როიტერსის“ ცნობითვე, რუსეთის ელიტის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინადადების პასუხად რუსეთის ყველა მაღალჩინოსანმა დეპუტატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მოსკოვმა უნდა ჩამოართვას დასავლეთის მოქალაქეებს საკუთრებაში არსებული ქონება.

28 აპრილს ბაიდენმა უკრაინის მხარდასაჭერად კონგრესს სთხოვა 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა, ასევე, აშშ-ის სახელმწიფოსთვის რუსი ოლიგარქების მეტი აქტივების დაპატიმრებისა და მათი კონფისკაციის უფლების მინიჭება, რათა შემოსული თანხა უკრაინას გადაეცეს.

ჯოზეფ ბორელის იდეას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა გზა სამართლიანობის აღდგენის, რადგან მისი სიტყვებით ევროკავშირისთვის ნედლეულის მიყიდვით აფინანსებს რუსეთი თავის ომს უკრაინაში.

„დანგრეული ინფრასტრუქტურა და ქალაქები – ვიღაცამ უნდა გადაიხადოს. მასობრივი მკვლელობების დასაფინანსებლად რუსეთი აგროვებდა რეზერვებს ევროკავშირისთვის ნედლეულის მიყიდვით. ჯოზეფ ბორელის რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევის წინადადება არის სამართლიანობის აღდგენის საშუალება,“ – წერს პოდოლიაკი.

უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა და ბომბავს მის ქალაქებს, ანადგურებს ინფრასტრუქტურას და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას.

სად არის ალისას დედა? – 4 წლის ბავშვი დედის გარეშე დაბრუნდა ფილტრაციის ბანაკიდან

მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების ბოლო ევაკუაციის დროს რუსმა ჯარისკაცებმა დედა და 4 წლის შვილი დააშორეს – ინფორმაციას ტელეგრამზე ავრცელებს პოლკი „აზოვი“ , რომლის მებრძოლებიც ამჟამად „აზოვსტალში“ არიან გამაგრებული.

გუშინ, 8 მაისს, 4 წლის ალისა რუსული ფილტრაციის ბანაკის გავლის შემდეგ დედის გარეშე ჩავიდა ზაპოროჟიეში, დედის ადგილსამყოფელი კი უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ალისას დედა სამხედრო ექიმია.

„ვთხოვთ, მსოფლიო საზოგადოებას ჩაერიოს და შვილი დედას დაუბრუნონ“ – წერს პოლკი „აზოვი“.

ალისას შესახებ წერს უკრაინელი ჟურნალისტი ნატალია ნაგორნაც, რომელმაც ბავშვი აზოვსტალიდან ზაპოროჟიეში ჩასულ ავტობუსში მარტო მყოფი შენიშნა.

„ავტობუსში, რომელიც აზოვსტალიდან ზაპოროჟიეში ჩამოვიდა, უკანა სავარძელზე პატარა გოგო იწვა. ჯერ ვერ ვიცანი, გვერდით მყოფ გოგოს ვთხოვე მასთან საუბრის ნებართვა. მაგრამ ეს არ იყო დედამისი. ეს იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც დასთანხმდა გოგონა მის გვერდით ყოფილიყო, რადგან დედამისი ტყვედ აიყვანეს.

…ოთხი წლის ბავშვის დედა დედის დღეს მოიპარეს“ – წერს ჟურნალისტი.

ალისა ავტობუსში. ფოტო: ნატალია ნაგორნა/facebook

მოგვიანებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვმა ზაპოროჟიეში დედის გარეშე მიაღწია, დაადასტურა ზლატა ნეკრასოვამ, Zaporozhye OVA-ს ხელმძღვანელის მოადგილემ. მან ალისა სახლში წაიყვანა და ინსტაგრამზე ალისასთან ერთად ვიდეოც გამოაქვეყნა.

„ბავშვი ჩემთანაა, სახლში. მოვა სპეციალური სამსახური, გავაფორმებთ ყველა საჭირო დოკუმენტს და დაათვალიერებენ, რა პირობებში ცხოვრობს ბავშვი. თუ მოვლენ ნათესავები [მას ბიძა ჰყავს], მას გადავცემთ. გვაქვს კონტაქტი ნათესავებთან, ველით, როდის მოვლენ“ – ამბობს ნეკრესოვა.

4 წლის ალისა ცნობილი გახდა 17 აპრილს გამოქვეყნებული ვიდეოთი, რომელიც „აზოვმა“ გაავრცელა. ვიდეოში ბუნკერში, სიბნელეში მყოფი პატარა გოგო ამბობდა, რომ უნდოდა ევაკუაცია, სახლში ყოფნა და ბებია სვეტას უთვლიდა მოკითხვას.

19 აპრილს უკრაინის საფეხბურთო კლუბ „შახტარის“ ფეხბურთელები სტამბულში, ამხანაგურ მატჩზე სტადიონზე გავიდნენ მაისურით, რომელზეც ალისას ფოტო იყო და მისი სიტყვები: „სახლში მინდა დაბრუნება“. უკრაინელ ფეხბურთელებს სურდათ ალისას ისტორიით ეჩვენებინათ, რა ხდებოდა მარიუპოლში.

ბავშვისა და დედის დაშორების შესახებ BBC Ukraine-მ უკრაინის ვიცე-პრემიერს, ირინა ვერეშჩუკს, სთხოვა კომენტარი, თუმცა მას ამ დრომდე არაფერი უთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით.

„მადლობა“ – უკრაინელი მოხალისეების აქცია ბათუმში

დღეს, 9 მაისს, ბათუმში უკრაინელმა მოხალისეებმა მადლიერების აქცია გამართეს და ქალაქში იმ დაწესებულებებში მივიდნენ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით უკრაინელებს ეხმარებიან.

უკრაინელმა მოხალისეებმა მათ კარზე მადლობის სტიკერები მიაკრეს წარწერებით – „ერთად გამარჯვებისთვის”, „გულიდან გულამდე“ და „მადლობა“.

„მოვინახულებთ ყველა აფთიაქს, რომლებიც უფასოდ გასცემდნენ მედიკამენტებს, ყველა რესტორანს, რომლებიც ლტოლვილებს უფასოდ კვებავენ, ყველა სასტუმროს, სადაც უკრაინელებს უფასოდ იტოვებდნენ, საქართველოს ფოსტას, რომელიც ამანათებს უკრაინაში უფასოდ აგზავნიდა და სხვა დაწესებულებებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს უკრაინის ბრძოლაში ამ ომში,“ – წერენ მოხალისეები.

„ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ და გვინდა პირადად გადავუხადოთ მადლობა ამ კომპანიებს, მათ თანამშრომლებს და კარზე მადლობის სტიკერი მივაკრათ, რათა ყველა გამვლელმა დაინახოს, რამდენი ადამიანი გაერთიანდა უკრაინის ომის წინააღმდეგ…

ეს აქცია ერთდღიანი არ იქნება, ჩვენ დღეს დავიწყეთ და გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენ არ შემოვივლით ყველა დაწესებულებას და კომპანიას, რომლებიც უკრაინას ან უკრაინელებს დაეხმარნენ,“ – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი აქტივისტი, ლენურა მელგაზიევა, რომელიც ბათუმში 2014 წლიდან ცხოვრობს.

უკრაინელი მოხალისეები ამბობენ, რომ ბათუმში ასეთი დაწესებულება ბევრია, თუმცა ჯერ კიდევ მუშაობენ სიის დაზუსტებაზე.

კრემლისტურ lenta.ru-ზე პუტინი და ომი გააკრიტიკეს – „დროზე დასქრინე, სანამ წაუშლიათ“

დღეს, 9 მაისს, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი გამოცემის Lenta.ru-ს ვებგვერდზე გამოჩნდა კრიტიკული სათაურები პუტინისა და რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შესახებ. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა გამოცემის ორმა თანამშრომელმა აიღო – წერს „ბიბისის“ რუსული რედაქცია.

„ბიბისის“ ცნობით, რედაქტორებმა სწრაფად წაშალეს ეს მასალები, მაგრამ ვებგვერდების ქეშირებულ მონაცემებში ინახება გამოცემის პირველი გვერდი, სადაც ჩანს სათაურები: „რუსეთმა მთლიანად გაანადგურა მარიუპოლი“, „პუტინმა იცრუა უკრაინაში რუსეთის გეგმების შესახებ“, „რუსეთი თავისი ჯარისკაცების ცხედრებს უკრაინაში ტოვებს“, „რუსეთის არმია აღმოჩნდა ქურდების და მაროდიორების არმია“ და ა.შ.

სტატიების დასაწყისში, აღწერაში ეწერა: „ეს მასალა არ არის შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, მისი გამოქვეყნებისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შავ დღეს დააყრის გამოცემას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დროზე დასქრინე, სანამ წაუშლიათ“. მასალების ქეშირებული ვერსია ამ დროისთვისაც ხელმისაწვდომია.

სტატიების პოსტსკრიპტუმში აღნიშნული იყო, რომ ამ მასალებზე პასუხისმგებლობას იღებდა გამოცემის ეკონომიკის და გარემოს განყოფილებების ხელმძღვანელი ეგორ პოლიაკოვი და ამავე განყოფილებების რედაქტორი ალექსანდრა მიროშნიკოვა.

Lenta.ru-ს მთავარმა რედაქტორმა ვლადიმერ ტოდოროვმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.

ბერძნულ ტანკერებს რუსული ნავთობი გადააქვთ სანქციების მიუხედავად – მედია

გერმანული მედიის ცნობით, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებს კვლავ გადააქვთ ნედლი ნავთობი რუსეთიდან სანქციების მიუხედავად.

ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთმა Die Welt-მა გაავრცელა საზღვაო გამოცემა Lloyd’s List-ზე დაყრდნობით.

Lloyd’s-ის ცნობით, აპრილში 190-მა ტანკერმა დატოვა რუსეთის პორტები – პრიმორსკი, ნოვოროსიისკი, უსტ-ლუგა და სანკტ-პეტერბურგი და მათგან 76 საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი იყო.

საბერძნეთმა გაასამმაგა თავისი წილი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში წინა წელთან შედარებით – წერს Die Welt-ი.

აპრილის ბოლოს ბერძნულმა ტანკერმა Nissos Rhenia-მ როტერდამის პორტში რუსული ნავთობი ჩატვირთა და სინგაპურში გაემგზავრა, ნათქვამია Lloyd’s-ის ანგარიშში. გერმანული გამოცემა წერს, რომ მეტი ტანკერი მიემართება ინდოეთისკენ, ჩინეთისა და სამხრეთ კორეისკენ და ნავთობის ტანკერებით ტვირთის გადაზიდვის ტარიფები უკვე გაიზარდა 230 პროცენტით უკრაინაში ომის გამო.

ევროპის პორტები ოფიციალურად დაკეტილია რუსული გემებისთვის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში.

_________________

ფოტოზე: რუსული ნავთობტანკერი Ust Luga. ფოტო: EPA-EFE/OLE BERG-RUSTEN NORWAY OUT

226 ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 226 ბავშვი დაიღუპა და 414-ზე მეტი დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 139 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, კიევში – 116 და ხარკოვში – 99.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, სადაც ახლაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 

უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1635 სასწავლო დაწესებულება. მათგან 126 მთლიანად განადგურდა.

______________

ფოტოზე: უკრაინა, კრამატორსკი დაბომბვის შემდეგ. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

ამ ომის ერთადერთი მიზეზი რუსეთის ავადმყოფური იმპერიული ამბიციებია – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კიდევ ერთხელ საუბრობს უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე და აცხადებს, რომ „რუსეთის ავადმყოფური იმპერიული ამბიციების გარდა სხვა რაციონალური მიზეზები არ არსებობდა“.

მისი თქმით, რამდენადაც არც ნატოს ქვეყნები აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას და არც უკრაინა გეგმავდა ყირიმზე შეტევას, რუსი ჯარისკაცები კვდებიან არა საკუთარი ქვეყნის დასაცავად, არამედ სხვა ქვეყნის ოკუპაციისთვის.

„მოდი, ისევ ვთქვათ. ნატოს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას. უკრაინა ყირიმზე თავდასხმას არ აპირებდა. რუსი სამხედროები კვდებიან არა თავიანთი ქვეყნის დასაცავად, არამედ სხვისი ოკუპირების მცდელობისთვის. რუსეთის ავადმყოფური იმპერიული ამბიციების გარდა, სხვა რაციონალური მიზეზები არ არსებობდა ამ ომისთვის,“ – წერს პოდოლიაკი.

დღეს, 9 მაისს, რუსეთში მოსკოვი მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღინიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს. აღლუმზე რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს თავის სამხედრო აღჭურვილობასა და არმიის ნაწილს, როგორც ქვეყნის ღირსებისა და ძლიერების სიმბოლოს.

რუსული „რია ნოვოსტის ცნობით“, მოსკოვში გამარჯვების აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა. როგორც მედია იუწყება, მოსკოვში აღლუმის საავიაციო ნაწილის გაუქმება ცუდ ამინდს უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

ზელენსკიმ მედლით დააჯილდოვა „პატრონი“, ცნობილი გამნაღმელი ძაღლი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცისთვის მედლით დააჯილდოვა ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლი, სახელად „პატრონი“, რომელმაც, უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, 200-მდე ნაღმი აღმოაჩინა.

ჯილდო ასევე გადაეცა „პატრონის“ მფლობელს, სამოქალაქო დაცვის სამსახურის მაიორ მიჰაილო ილიევს.

ზელენსკიმ „პატრონი“ დააჯილდოვა კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თანდასწრებით, რომელიც 8 მაისს კიევში იმყოფებოდა.

ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

„პატრონი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში „მუშაობს“. მისი საქმე ნაღმების აღმოჩენაა, რასაც იგი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, თავს შესანიშნავად ართმევს.

ამავე თემაზე: 

„პატრონი“ – უკრაინის ყველაზე ცნობილი ძაღლი

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოძრაობა დროებით ჩერდება – მიკროავტობუსების მარშრუტი იცვლება

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დროებით იცვლება ამ ქუჩით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსების მარშრუტები.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუჩაზე იზღუდება მსუბუქი ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

სამარშრუტო მიკროავტობუსები: N24, N29, N31, N34, N36 და N40 იმოძრავებენ გორგასლის ქუჩით, ხოლო გორგასლის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსები: N20, N21, N25, N27, N39, N42, N49 და N56 – პუშკინის ქუჩით.

მერიის ცნობით, ფარნავაზ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება და ქუჩის მონაკვეთები ეტაპობრივად გადაიკეტება.

„ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთს სავარაუდოდ ამოეწურა ზუსტი დამიზნების იარაღი – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უახლესი მონაცემებით, რომელიც 9 მაისს გამოქვეყნდა, რუსეთს თავდაპირველად მხარდაჭერილი და საჯაროდ გაცხადებული სტრატეგია – რუს სამხედროებს მხოლოდ წერტილოვანი დაბომბვები განეხორციელებინათ და მაქსიმალურად აეცილებინათ კოლატერალური ზიანი, ზუსტი დამიზნების იარაღის მარაგების ამოწურვის გამო ვერ სრულდება. ეს იმიტომ, რომ ომი გაგრძელდა იმაზე დიდხანს, ვიდრე ამას რუსეთი მოელოდა.

ზუსტი დამიზნების იარაღის გარეშე დარჩენილი რუსეთი ძველ, ნაკლებად სანდო, ნაკლებად ზუსტ და ადვილად შესაჩერებელ იარაღს იყენებს. სწორედ ამიტომ იგი განურჩევლად ბომბავს უკრაინის დაბებსა და ქალაქებს. ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთს სავარაუდოდ გაუჭირდება გახარჯული ზუსტი დამიზნების იარაღის ჩანაცვლება ახლო მომავალში.

ბრიტანული დაზვერვის ანალიზის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ომმა აჩვენა ამ უკანასკნელის სისუსტეები დიდ მასშტაბზე ზუსტი დამიზნების დარტყმების განხორციელების თვალსაზრისით.

„უკრაინაში შეჭრის დაწყებისას, რუსეთმა საჯაროდ წაახალისა წერტილოვანი დაბომბვისა და კოლატერალური ზიანის შეზღუდვის შესაძლებლობა, განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქები დაცულები იქნებოდნენ დაბომბვისგან.

თუმცა იმის გამო, რომ კონფლიქტი რუსეთის ომამდელ მოლოდინს მიღმა გრძელდება, რუსეთის ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის მარაგი სავარაუდოდ სრულიად ამოიწურა.

ამან აიძულა ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ დაძველებული საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც ნაკლებად საიმედოა, ნაკლებად ზუსტი და ადვილად შესაჩერებელია. რუსეთს, სავარაუდოდ, გაუჭირდება იმ ზუსტი დამიზნების იარაღის შეცვლა, რომელიც უკვე ამოწურა“.

მოსკოვში გამარჯვების აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა – პესკოვი

რუსული „რია ნოვოსტის ცნობით“, მოსკოვში გამარჯვების აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა. როგორც მედია იუწყება, მოსკოვში აღლუმის საავიაციო ნაწილის გაუქმება ცუდ ამინდს უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„კითხვაზე, გაუქმდა თუ არა მოსკოვში აღლუმის საავიაციო ნაწილი, პესკოვმა დადებითად უპასუხა“, – წერს რია ნოვოსტი.

ასევე გაუქმდა საავიაციო აღლუმები სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, სამარასა და მურმანსკში.

დღეს რუსეთში ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს აღნიშნავენ.

9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, ტრადიციულად, რუსეთის არმიის სამხედრო აღლუმი იმართა, რომელშიც სატანკო კოლონები, სარაკეტო დანადგარები, სამხედრო თვითმფრინავები და ათასობით ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას.

___

24 თებერვალს რუსულმა არმიამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია წამოიწყო.

უკრაინის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაანადგურეს რუსეთის არმიის 199 თვითმფრინავი, 158 ვერტმფრენი და 377 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მილიონობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ათასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა.

___

მთავარი ფოტო: 2020 წელი, საჰაერო აღლუმი მოსკოვში

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 25 650 ადამიანი
  • ტანკი – 1 145 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 764 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 513 ერთეული
  • MLRS – 185 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87 ერთეული
  • თვითმფრინავი – 199 ერთეული
  • ვერტმფრენი – 158 ერთეული
  • გემი/ნავი – 12 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 377
  • სპეციალური აღჭურვილობა – 41
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 94

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წუხელ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 157 თვითმფრინავი
  • 116 ვერტმფრენი
  • 768 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 298 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 933 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 336 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 411 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 758 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 2 თვე ოკუპანტების გარემოცვაში მარტო – 9 წლის ბიჭმა მშობლებთან დაბრუნება მოახერხა

უკრაინის ერთ-ერთ რეგიონში, ზაპოროჟიეს მახლობლად, 9 წლის ბავშვმა ორი თვე საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, მშობლების გარეშე გაატარა – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ამ დროისთვის ბავშვმა რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოსვლა მოახერხა.

9 წლის ბიჭმა მშობლების გარეშე ორი თვე გაატარა ოკუპანტების გარემოცვაში, სადაც განუწყვეტლივ ისროდნენ. ის სარდაფში შორეულ ნათესავებთან ერთად იმალებოდა.

ბიჭის დედა ცხრა თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც რუსებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელ სტეპოვოეს მიმართულებით სროლები დაიწყეს. ისე მოხდა, რომ ბიჭის მამამ ცოლი სამშობიაროში გადაიყვანა, საშა კი ნათესავებთან გაუშვა. მაგრამ როდესაც მის წასაყვანად დაბრუნდა, ყველა საევაკუაციო დერეფანი ჩაკეტილი დახვდა. საბოლოო ჯამში ბიჭის მშობლები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე აღმოჩნდნენ, ხოლო ბავშვი – რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩარჩა.

„ჩვენ ყოველ დღეს ვურეკავდით. იყო ცრემლი, ტირილი. მე ვიძახდი, რომ „ფეხით წავალ“. ისტერიკა მქონდა… მისი წამოყვანა კი შეუძლებელი იყო“, – მოუყვა ჟურნალისტებს ბიჭის დედა, რომელმაც მეორე შვილზე ორი თვის წინ იმშობიარა.

ასეთ ვითარებაში მყოფ სასოწარკვეთილ ოჯახს მოხალისეთა გუნდი დაეხმარა. მგზავრობის დროს, მთელ გზაზე, ბიჭს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელიდან ხელში გადასცემდნენ. ასე გამოიყვანეს ის საომარი ზონიდან.

ახლა საშა ეჩვევა მშვიდ გარემოში ცხოვრებას და მშობლებს ახალშობილ დაზე ზრუნვაშიც ეხმარება. ოჯახი ამ ეტაპზე ცხოვრობს აფთიაქში, რომელიც დევნილების საცხოვრებლად არის გადაკეთებული.

აზოვის მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილს ნიშნავს – ოფიცერი აზოვსტალიდან

დღეს, 8 მაისს, აზოვსტალიდან მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს „აზოვის“ პოლკის ოფიცრებმა, სადაც ბევრ საკითხთან ერთად პოლკის  გადარჩენის ვერსიები განიხილეს.

აზოვის პოლკის დაზვერვის ოფიცრის, ილია სამოილენკოს თქმით, პოლკის მებრძოლებისთვის დანებება სიკვდილის ტოლფასია. მისი თქმით, რუსები ავრცელებენ პროპაგანდისტულ ვიდეოებს, სადაც უკრაინელ სამხედროებს დანებების შემთხვევაში ღირსეულ მოპყრობას ჰპირდებიან, თუმცა შემდეგ მათ კლავენ.

ოფიცრის თქმით, ამ სიტუაციაში მათთვის არსებობს რამდენიმე ვარიანტი. პირველია დაყარო იარაღი და დაელოდო სიკვდილს, მეორე – დაივიწყო მოვალეობა, დადებული ფიცი და სცადო გაქცევა.

სამოილენკოს თქმით, ზუსტად ეს გააკეთა საზღვაო ქვეითთა ​​36-ე ბრიგადის მეთაურმა – მან უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე და სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების მცირე ჯგუფთან ერთად, პოზიციების გარღვევა და უკრაინულ ჯართან შეერთება ქალაქიდან გაქცევით სცადა.

მან აღნიშნა, რომ ახლა მარიუპოლში მყოფი სამხედროები უკრაინის პოზიციებიდან 100 კმ-ზე უფრო შორს იმყოფებიან, ამიტომ გარღვევა შეუძლებელია.

ოფიცირის თქმით, გარდა ამისა, არსებობს მესამე ვარიანტიც – დაყარო იარაღი და ჩაბარდე. სამოილენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლის მცველებისთვის მტერზე ჩაბარება დაუშვებელია.

„მეოთხე ვარიანტი კი – ერთადერთი გზაა, რომელიც სიცოცხლის გარანტიას ისე გაძლევს, რომ არ შეგრცხვეს – ეს არის ბრძოლა. ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვიცოდით, რომ აზოვის პოლკს არ ჰქონდა გადარჩენის შანსი, თუ ტყვედ ჩავარდებოდა. დანებება მიუღებელია, რადგან მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია. თითოეული ტყვე რუსეთის ფედერაციისთვის პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის რესურსია“, – განმარტა სამოილენკომ.

სამოილენკომ გაიხსენა, რომ აზოვის ერთ-ერთი მებრძოლი მეტსახელად „დენი“ აპრილის ბრძოლების დროს ტყვედ ჩავარდა.

„ის უგონო მდგომარეობაში იყო, ჯგუფი ქალაქში რუსმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს. შემდეგ რუსულმა პროპაგანდამ გადაიღო ვიდეო, რომ თითქოს უკრაინელი ჯარისკაცები იარაღს ყრიან და ნებდებიან“, – თქვა მან.

შემდგომში ოკუპანტებმა ის დაახრჩვეს, ფოტო კი სამხედროს დედას გაუგზავნეს.

ოფიცრის თქმით, რუსები ავრცელებენ პროპაგანდისტულ ვიდეოებს ჩაბარების მოწოდებით და სამხედრო ტყვეების ღირსეულ მოპყრობას ჰპირდებიან, მაგრამ შემდეგ მათ კლავენ.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ჟენევის კონვენციის დარღვევაა.

„ეს რუსებისთვის დამახასიათებელია. ჩვენ ვიცოდით, რომ აზოვის პოლკის მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილს ნიშნავს, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს ამის ნათელი მტკიცებულება – მტერი არაადამიანურად იქცევა და არღვევს ომის ყველა კანონს“, – ხაზგასმით აღნიშნა სამოილენკომ.

ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხოლოდ 8 ვეტერანია ცოცხალი

ბათუმში, მეორე მსოფლიოს ომში მონაწილე მხოლოდ 8 ვეტერანია ცოცხალი. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, ხვალ, 9 მაისს, მერია ომის 8 ვეტერანს და ასევე ომის ვეტერანების 5 ოჯახს 400-400 ლარს გადასცემს.

მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო, როდესაც ნაცისტური გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. გერმანია საბჭოთა კავშირში, რომლის შემადგენლობაში საქართველოც შედიოდა, 1941 წლის 22 ივნისს შეიჭრა.

1945 წლის 7 მაისს ქალაქ რეიმსში გერმანიამ, რომელსაც წარმოადგენდა ვერმახტის გენერალი ალფრედ იოდლი, ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას. დოკუმენტი ძალაში მეორე დღეს, 8 მაისს, შევიდა. მეორე მსოფლიო ომი ევროპაში დამთავრდა.

საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იოსებ სტალინს სურდა ხაზი გაესვა ნაციზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლზე. ამიტომ 8 მაისს ბერლინში, საბჭოთა კავშირის შტაბ-ბინაში, 7 მაისს გაფორმებული კაპიტულაციის იდენტურ დოკუმენტს კიდევ ერთხელ მოეწერა ხელი.

გერმანიის მხრიდან უსიტყვო კაპიტულაციას ხელი ვერმახტის (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელწოდება 1935-1945 წლებში) გენერალ-ფელდმარშალმა, ვილჰემ კაიტელმა მოაწერა საბჭოთა კავშირის წინაშე. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით მეორე მსოფლიო ომში გერმანიის შეიარაღებული ძალების მოქმედება ოფიციალურად შეწყდა, 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე.

მოსკოვის დროით საბჭოთა კავშირში უკვე 9 მაისი იყო.

მოკავშირეები – აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და ახლა უკვე უკრაინაც, ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ.

ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები – რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო კი – 9 მაისს.

თანამედროვე ისტორიკოსების თქმით, რადგანაც ქართული სახელმწიფოს იდენტობა დასავლურია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს უნდა აღინიშნოს.

 

8 თუ 9 მაისი – როდის უნდა აღვნიშნოთ ნაციზმის დამარცხება?

შეერთებული შტატების პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკვე უკრაინის ქალაქ უჟგოროდში იმყოფება. მას უკრაინის პირველი ლედი, ელენა ზელენსკა დახვდა.

უკრაინაში ჯილ ბაიდენის ვიზიტის შესახებ პირველად ინფორმაციებს უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ჯილ ბაიდენმა თქვა, რომ მას სურს დედის დღე გაატაროს უკრაინელ დედებთან და მათ შვილებთან ერთად.

ჯილ ბაიდენი უკვე ეწვია უჟგოროდის სკოლას, სადაც თავს აფარებენ დევნილები ქვეყნის იმ რეგიონებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

„არიან ჯარისკაცები, ვინც ოჯახის გამო წუხს, მაგრამ არა მე“ – აზოვის პოლკის ოფიცრების პრესკონფერენცია 

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში თავშეფარებულმა მებრძოლებმა დღეს, 8 მაისს, პრესკონფერენცია გამართეს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლს 24 თებერვლის შემდეგ იცავენ, ბლოკადაში არიან. რუსეთის შეიარაღებული ძალები განუწყვეტლივ ბომბავს აზოვსტალის ტერიტორიას.

პრესკონფერენციის ტრანსლაცია უკრაინულმა გამოცემა „Hromadske“-მ უზრუნველყო.  ჟურნალისტების კითხვებს „აზოვსტალის“ ბუნკერიდან აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და დაზვერვის ოფიცერი ილია სამოილენკო პასუხობდა.

ილია სამოილენკო დაადასტურა ღალატის ამბავი და თქვა, რომ რუს სამხედროებს „აზოვსტალის“ რუკები ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა.

სამოლიენკოს თქმით, გარდა სამხედროებისა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სხვადასხვა გვირაბებში, სავარაუდოდ ისევ არიან სამოქალაქო პირები.

„ზოგი გვირაბი ჩამონგრეულია და ხალხის გადასარჩენად ნანგრევების გათხრა გვიწევს. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ არ ვართ გაწვრთნილები მაშველებად, არ გვაქვს შესაბამისი ტექნიკა და გვიჭირს ამის კეთება. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა გადავარჩინოთ,“ – თქვა ილია სამოლიენკომ.

კითხვაზე, თუ აქვს კონტაქტი საკუთარ ოჯახთან, სამოლიენკომ თქვა, რომ ოჯახს ყოველდღე ელაპარაკება და ისინი კარგად არიან.

„მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე მათთან კონტაქტი არ არის უმთავრესი საზრუნავი. მე ჩვენს დანაყოფზე და ბრძოლაზე ვღელავ ყველაზე მეტად. არიან ჯარისკაცები, რომლებიც ოჯახის გამო ყველაზე შეწუხებულები არიან, მაგრამ არა მე,“ – თქვა დაზვერვის ოფიცერმა.

მორიგი კითხვა დაჭრილებს შეეხებოდა. რამდენი დაჭრილი ჯარისკაცი გყავთ და რამდენი დაიღუპა შესაბამისი სამედიცინო დახმარების არ არსებობის გამო? – ჰკითხეს მას.

„ჩვენი ექიმების წყალობით ბრძოლის ველზე დაჭრილი და საველე ჰოსპიტალში გადმოყვანილი მებრძოლების 95% გადარჩა. ასობით არიან, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ისინი იღუპებიან ოპერაციის თუ პირველადი დახმარების შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესში, ისეთი თანმდევი დაავადებებისგან, როგორიცაა მაგალითად პნევმონია. ასევე ჩვენ არ გვაქვს სამედიცინო აღჭურვილობა, რაც საჭიროა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მსგავსი ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა, დიდი ნაწილი კი არც არასდროს გვქონია. ასე რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაჭრილების ევაკუაცია“, – თქვა კითხვის პასუხად ილია სამოილენკომ.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა აზოვის პოლკს რუსი სამხედრო ტყვეები „აზოვსტალში“ და რამდენი, სამოილენკომ უპასუხა, რომ რამდენიმე ჰყავდათ და გაცვალეს.

„ისინი ძირითადად იღუპებიან ან იჭრებიან რუსული ბომბებისგან, ამიტომ ბევრი ტყვე არ გვყავს,“ – თქვა ილია სამოლიენკომ.

მისივე თქმით, „აზოვსტალში“ არიან ქალი სამხედროებიც და ისინი კარგად უმკლავდებიან იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც არიან.

ჟურნალისტებმა დაზვერვის ოფიცერს ჰკითხეს, თუ რომელ ქვეყანას მიმართავენ ევაკუაციისთვის და ვისგან ელიან დახმარებას.

„ახლა ვხედავთ, რომ ბევრი პეტიცია ვრცელდება ჩვენი გადარჩენის მოთხოვნით. ადამიანებს სურთ დაგვეხმარონ, მაგრამ არ იციან როგორ. სინამდვილეში ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დახმარება, გარდა რუსეთის და მისი მოკავშირეებისა. ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მოგვცეს ევაკუირების პროცესში უსაფრთხოების გარანტია. მნიშვნლობა არ აქვს, რომელი ქვეყანა იქნება ეს“, –  უპასუხა ილია სამოილენკომ.

ილია სამოილენკოს თქმით, „აზოვსტალის“ მებრძოლები ხედავენ უპრეცედენტო  საინფორმაციო მხარდაჭერას მსოფლიო მედიაში, უხარიათ, რომ ხალხი მათ ცნობს და ენდობა.

„ჩვენ მარიუპოლში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მეომრები ვართ და მიჩვეული ვართ პრობლემების გადაწყვეტას ბრძოლის ველზე. ესაა ჩვენი საქმე. დანარჩენი პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლების საქმეა და მათ ვენდობით. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს, ხელისუფლების დახმარება, ვხედავთ ხალხის და მედიის უდიდეს მხარდაჭერას, განცხადებებს მედიაში და მადლიერები ვართ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რეალური ნაბიჯები.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, დარწმუნებული ვარ არავინ ელოდა, რომ ამდენ ხანს გავძლებდით, მაგრამ ჯერ კიდევ ვიბრძვით… ჩვენ გვესმის, რომ მთელ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და არ ვცდილობთ ფოკუსის ჩვენზე გადმოტანას, მიუხედავად ამისა ჩვენ შევაჩერეთ მტრის დიდი ძალა და ვწევთ დიდ წინააღმდეგობას. ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, რაც ქვეყნის დაცვაა,“ – თქვა ილია სამოილენკომ.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ოპერაცია: დაჭრილების  და დანარჩენი სამხედროების ევაკუირება.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელ ქვეყანაში სურთ ევაკუაცია, მესამე ქვეყანაში თუ უკრაინაში, დაზვერვის ოფიცერი ილია სამოილენკო ამბობს: „იდეალურ მდგომარეობაში უკრაინაში დარჩენა გვირჩევნია, მაგრამ არჩევანის პოზიციაში არ ვართ. ასე რომ ნებისმიერ ვარიანტზე, რაც უსაფრთხო იქნება, თანახმა ვართ. რადგან ერთხელაც დასრულდება ომი და რუსული არმიის ის წარმომადგენლები, როლებიც ომის დანაშაულებს სჩადიან გასამართლდებიან, ჩვენ კი ამ პროცესში აუცილებლად შევიტანთ ჩვენს წვლილს“.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა არის ყველაზე მძიმე ბრძოლის დროს, ილია სამოილენკომ თქვა, რომ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილის ნახვა: „როდესაც ტანკიდან ესვრიან, სამოქალაქო ადამიანებს. ადამიანს უმიზნებენ და ესვრიან მაგალითად გრადებს. ეს ამ ადამიანს ანადგურებს, მისი სხეულის ნაწილები ფრინავს ჰაერში. და შენ, შორიდან ვერაფერს აკეთებ. ეს და კიდევ ბევრი ბინძური რამ ხდება ომში, რაც რთული გასაგებია. ამიტომ მესამე მხარის ტერიტორიაზე გადაყვანაზეც თანახმა ვართ. მეორე მხრივ რუსებს შეუძლიათ დაგვხოცონ და, უბრალოდ, მორჩეს. რაც საფრთხეა უკრაინის და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის… მაგრამ გვჯერა, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ამას არ დაუშვებენ. თქვენი საინფორმაციო მხარდაჭერის იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ითამაშონ მესამე მხარის, მედიატორი როლი“.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო დღეს გაიმართება

დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება იმ პირთა სასამართლო პროცესი, რომლებიც ორი დღის წინ აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

„კონკრეტულად დოკუმენტები არ ჩაგვბარებია, თუ რის საფუძველზე დააკავეს. რამდენადაც ზოგადად ცნობილია, ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და გინებას, უწმაწური სიტყვებით მიმართვას პოლიციელისადმი.

სტანდარტულად რასაც აკეთებენ ხოლმე. ამ დაკავების მიზანი არ ყოფილა მართლწესრიგის საკითხის დაცვა. იქ იყო მთავარი, აქცია დაშლილიყო, ეს ხალხი დაეკავებინათ და შემდგომ რას მოედავებოდნენ იურიდიულად, ეს უკვე კაბინეტებში დაწერეს. რეალურად რასაც ედავებიან, ეს ფაქტი არ მომხდარა და ეს ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ.

6 მაისის ღამეს აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა. მათ შორის 2 ქალი, რომლებიც დაკავებიდან რამდენიმე საათში, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გუშინ, 7 მაისს, გაიმართა 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი. გათავისუფლებულთა შორის იყო ბათუმის მერობის კანდიდატი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე, ასევე იყვნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები – ლევან ანთაძე, გია აბულაძე და ბათუმის საკრებულოს წევრები – რეზო ხარაზი, ლაშა კილაბერია, მამუკა ქობულაძე, ნოდარ დუმბაძე, ილო ჯინჭარაძე.

მოსამართლემ ისინი დროებით გაათავისუფლა და მათი სასამართლო 23-24 მაისს ჩანიშნა.

კიდევ 11 დაკავებულის პროცესი დღეს გაიმართება. ყველა დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

მთავარ ფოტოზე: ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე და გია აბულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის დროს / ფოტო: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე:

ბათუმში პოლიციამ აქციაზე კარვები დაშალა, დააკავეს 10-მდე პირი

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 25 500 ადამიანი
  • ტანკი – 1 130 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 741 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 509 ერთეული
  • MLRS – 179 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 86 ერთეული
  • თვითმფრინავი – 199 ერთეული
  • ვერტმფრენი – 156 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 961 ერთეული
  • გემი/ნავი – 12 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 360
  • სპეციალური აღჭურვილობა – 39
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 92

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 156 თვითმფრინავი
  • 116 ვერტმფრენი
  • 765 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 297 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 927 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 335 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 393 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 746 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„რუსეთს ახლა აქვს ორი გზა, რასაც შეიძლება დაადგეს ოპერატიული პაუზის შემდეგ,“ – საკუთარ ვარაუდს გვიზიარებს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე: დაკავებული ტერიტორიების დაცვა, თუ ახალი იერიში?

ზოგი გენერალი დააკავეს, ზოგიც გაუშვეს, ყველა დონის მეთაური ხედავს, რომ შეიძლება დაისაჯოს – ინტერვიუ 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 9 მაისიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მაისის 21 საათიდან 9 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ზოგან დროგამოშვებით მცირე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 18-23 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 1-6, დღისით 5-10 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში; ზოგან მცირე წვიმა, ხილვადობა: კარგი, ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ (2-3 ბალი);

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 და 11 მაისს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

უშედეგო ოპერაციებს სხვა ორგანოებს ვეღარ შევწირავ – მომეხმარეთ, მინდა ვიცოცხლო I ვიდეო

32 წლის არჩილ შაქარიშვილს ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. მან დაზიანება იმ დროს მიიღო, როდესაც მამის გადარჩენას ცდილობდა, რომელსაც სატვირთო მანქანამ გადაუარა სახლის წინ.

ფეხების დაზიანების შემდეგ არჩილს გულის პრობლემებიც შეექმნა. მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს ბათუმში, თუმცა მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა.

„თებერვალში ინფარქტი მივიღე, შემდეგ უკვე გამირთულდა მდგომარეობა. კლინიკაში გულის უკმარისობა დამიდგინდა, ამიტომ ხელოვნურ ჟანგბადზე ვიყავი დამოკიდებული.

არასტაბილური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც გამომწერეს სახლში, 3 დღის შემდეგ ისევ დამძიმდა ჩემი მდგომარეობა და ისევ მოვხვდი კლინიკაში.

აღმოჩნდა, რომ პლევრაში დიდი რაოდენობით სითხე მქონდა დაგროვილი, თუმცა ვერ ამოიღეს. მთელი სხეული შემიშუპდა. მაძლევდნენ მედიკამენტებს, რომლებსაც შეშუპება უნდა ჩაეცხრო, თუმცა არაფერი მშველოდა.

არჩილ შაქარიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ოპერაცია 21 მარტს გამიკეთეს და ელენთა ამომაჭრეს, თითქოს ამას უნდა ჩაეცხროა შეშუპება, მაგრამ ისევ გართულდა მდგომარეობა.

ექიმი ჩემს მეგობრებს ეუბნებოდა, რომ გულის გადანერგვა იყო საჭირო. დედაჩემი ემიგრაციაში იყო გერმანიაში, როცა ჩამოვიდა, გადავწყვიტეთ, თურქეთში წავსულიყავი სამკურნალოდ. „მედიკალ პარკში“ 5 პროფესორი დამხვდა და 5 დღეში ხუთივე ორგანოზე არსებული ანთება ჩააქრეს“, – ამბობს არჩილი.

მან სწორედ თურქი ექიმებისგან გაიგო, რომ არც ელენთის ამოკვეთა იყო აუცილებელი. „ტყუილად ამოუღიათო – მითხრეს. მინდოდა დოკუმენტი მოეცათ, მაგრამ კოლეგიალობის გამო თავი შეიკავეს.

აქ 5 მედიკამენტს მაძლევდნენ, თურქეთში მითხრეს, რომ აქედან 2 საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან ეს მედიკამენტები იწვევდნენ სწორედ შეშუპებას. მინდოდა აქაური კლინიკებისთვის მეჩივლა, მაგრამ ახლა ჩემს ჯანმრთელობაზე ვფიქრობ და ჯერჯერობით ვერ ვახერხებ“, – გვეუბნება არჩილი.

სახელმწიფო უცხოეთში მკურნალობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აფინანსებს, თუ ქვეყანაში კონკრეტული ოპერაციის გაკეთება ვერ ხერხდება. გულის ოპერაციის გაკეთება ჯანდაცვის სამინისტრომ არჩილ შაქარიშვილს საქართველოში შესთავაზა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაუფინანსებდნენ ოპერაციას, თუმცა, როგორც არჩილი ამბობს, ის ექიმებს ვეღარ ენდობა.

არჩილის დედა ემიგრანტია, ის საქართველოში შვილის გადასარჩენად დაბრუნდა.

„თბილისში ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში როცა ოპერაცია გამიკეთეს, თურქეთში ორი წლის წინ გაკეთებული ანგიოგრაფიით იხელმძღვანელეს და ახალი არ გადამიღეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალურად არაფერი ჰქონდათ ჩატარებული და 8-8 ნაკერი ტყუილად დამადეს მუცელზე.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს მივწერე და შემდეგ ოპერაციის ფული აღარ გადამახდევინეს, იმ ექიმს კი, ვინც ოპერაცია გამიკეთა, ერთი თვით ლიცენზია შეუჩერეს.

ამიტომ არ ვენდობი ქართველ ექიმებს. როცა ფეხებზე მქონდა პრობლემა, არც მაშინ მიმკურნალეს სათანადოდ და ამპუტაცია დამჭირდა. კუჭი მაწუხებდა და ბრმა ნაწლავი ამომჭრეს, ახლა გულის უკმარისობა მქონდა და ელენთა ამომჭრეს.

ფეხები მოჭრილი, ყველაფერი მოჭრილი… მგონი აღარ მაქვს სამარჩიელოდ დრო, რომ არასწორ და უშედეგო ოპერაციებს კიდევ სხვა ორგანოები შეეწიროს“, – გვეუბნება არჩილ შაქარიშვილი.

ახლა მას სასწრაფოდ ესაჭიროება გულზე შუნტირება. ექიმებს ოპერაცია 20 მაისისთვის აქვთ დაგეგმილი, არჩილს კი საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. მისთვის ახლა 1 ლარსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩილი დედასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. დედა ამბობს, რომ მთელი დანაზოგი შვილის მკურნალობას მოახმარა, ახლა ის არსად მუშაობს, ოჯახს კი სხვა შემოსავალი არ აქვს, გარდა არჩილის შშმ პირის პენსიისა.

„ოპერაცია 110 ათასი ლირა ჯდება, რაც დაახლოებით 25 ათასი ლარია. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, იქნება ეს თქვენი გამოცემის მკითხველი, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, 1 ლარიც რომ გადმორიცხოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.

ჯერ მხოლოდ 32 წლის ვარ, მინდა სიცოცხლე გამიხანგრძლივდეს და შევძლო ნორმალური ცხოვრება“, – ამბობს არჩილი.

მისი თქმით, თურქეთში ექიმები 100-პროცენტიან გარანტიას აძლევენ, რომ ოპერაცია წარმატებული იქნება და ამის შემდეგ ის ნორმალურ ცხოვრებას შეძლებს.

„12 წელია საავადმყოფოდან საავადმყოფოში დამყავს ჩემი შვილი, ბევრი არასწორი მკურნალობის გამო ხედავთ რა დღეშია ის. გემუდარებით, დაგვეხმარეთ“, – ამბობს არჩილის დედა.

მისი თქმით, არჩილმა ბევრ რამეს გაუძლო და იმედი აქვს, რომ ხალხის თანადგომით, მისი ცხოვრება შეიცვლება.

___

მკითხველების თხოვნით ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომრებს დახმარების მსურველთათვის:
#GE59TB7647745061100028 – თიბისი [მიმღები არჩილ შაქარიშვილი]
#GE66LB0211119229960000 – ლიბერთი [მიმღები არჩილ შაქარიშვილი]
#GE42BG0000000534094761 – საქართველოს ბანკი [მიმღები ბადრი მგელაძე]

____

ზოგი გენერალი დააკავეს, ზოგიც გაუშვეს, ყველა დონის მეთაური ხედავს, რომ შეიძლება დაისაჯოს – ინტერვიუ 

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მუდმივად აკვირდება ფრონტს უკრაინაში, დარწმუნებულია, რომ რუსი გენერლები გადაწყვეტილებებს ომის მეორე ფაზაზე საერთოდ ვეღარ იღებენ, რადგან მათ რისკი აშინებთ და მხოლოდ „ინერციით მიდიან“.

„რუსეთს ახლა აქვს ორი გზა, რასაც შეიძლება დაადგეს ოპერატიული პაუზის შემდეგ,“ – საკუთარ ვარაუდს გვიზიარებს გადამდგარი გენერალი: დაკავებული ტერიტორიების დაცვა, თუ ახალი იერიში?

ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, 9 მაისის შემდეგ რუსეთმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს და ხელახლა დაიწყოს იერიში. „ხორცის მანქანაში გაატარებს ასეთ შემთხვევაში ჯარებს და მაინც ვერაფერს მიაღწევსო“, – დარწმუნებულია გადამდგარი გენერალი. ამიტომაც, მას უფრო რეალური ჰგონია, რომ პუტინი 9 მაისის შემდეგ დაკავებული ტერიტორიიდან ფეხს აღარ მოიცლის. ბუნებრივია, იქამდე, ვიდრე უკრაინა კონტრდარტყმისთვის არ იქნება მზად.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ის ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რატომ გაუჭირდათ რუსებს ამ დრომდე აზოვსტალის აღება? ბრიტანული დაზვერვა ამბობს იმას, რაც თქვენ აღნიშნეთ ჩვენთან ინტერვიუში კვირის დასაწყისში, რომ აზოვსტალზე რუსეთისგან შეტევის გაძლიერება 9 მაისს უკავშირდება. 

გაუჭირდათ, რადგან მნიშვნელოვანია აზოვსტალის რთული მდებარეობა და ბრძოლის სახე, რაც მიწისქვეშ არის საჭირო. მოგეხსენებათ, აზოვსტალი არის გაშლილი 11 ათას კვადრატულ მეტრზე და გვირაბების ჯამური სიგრძე 23 კილომეტრია, სხვადასხვა ადგილას ამოდის ეს გვირაბი ქალაქში, 3 – 4 სართულზე ჩადის მიწის ქვეშ,  გვირაბების სიგანე ზოგიერთ შემთხვევაში 2 მეტრია. ბუნებრივია, ამ მოცემულობაში ბრძოლა მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, ხელოვნებას და შესაბამის აღჭურვილობას.

გარდა ამისა, როცა მიწისქვეშ იბრძვი, არ გაქვს საცეცხლე დარტყმა. უმთავრესია აქ ის, რომ მებრძოლები, რომლებიც აზოვსტალში იბრძვიან, ისევ ბრძოლისუნარიანი არიან – ეტყობათ გადაღლა, მაგრამ ისინი სიკვდილისთვისაც მზად არიან. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ ფრონტის შედეგი დამოკიდებულია ახლა მარაგებზე. მე არ ვიცი, რა მარაგები აქვთ იქ შემორჩენილი უკრაინელებს – საკვების, მედიკამენტების, საბრძოლო მასალის. არის ინფორმაცია, რომ ეს მარაგი შემცირებულია და ამას ემატება დაჭრილები, ვნახეთ, რომ ცელოფნებით აქვთ ჭრილობები გადახვეული. დღესვე რომ ჩაბარდნენ და გამოვიდნენ თეთრი ალმით, ეს ერთი წამით არ დააქვეითებს მათ გმირობას. ფაქტია, შეუძლებელი შეძლეს.

რუსებს უნდათ წაიტრაბახონ 9 მაისს, რომ აი, დენაციფიკაცია მოვახდინეთო, მაგრამ, მგონი, გაუჭირდებათ ამის გაკეთება. ორი დღე დარჩა და ჩახოცავენ იქ უამრავ რუს სამხედროს, რომ ამ მიზანს მიაღწიონ.

  • რა ჩანს დონბასის ბრძოლებიდან? პენტაგონის ინფორმაციით, რუსებმა ვერ მიაღწიეს წარმატებას, რასაც ამ დროისთვის ელოდნენ და ეს დიდწილად განსაზღვრა უკრაინელების წინააღმდეგობამ. 

წინა ორი დღე ნაკლები ინტენსივობა ჰქონდათ და ყურადღება ჰქონდათ გადატანილი კომუნიკაციის ზონაში დარტყმებზე – რკინიგზის კვანძებსა და ხიდებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ორი დღის შემდეგ კი, განაახლეს შეტევები და, როგორც ჩანს, აპირებენ გადავიდნენ ჩრდილოეთიდან სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებაზე. ეს იქნება საშუალო ალყა, მაგრამ ჯერ აქამდე ვერ მიდიან. შედარებით იოლი იქნება ლიმანის მიმართულება, რომ იქ დაჯგუფება მოაქციონ მცირე ალყაში.

  • ეს რა ტაქტიკაა, რა მიზანს შეიძლება მიაღწიოს ამით რუსეთმა? „მზარდი და გაუწონასწორებელი, მაგრამ არა – არარსებული“ – ეს პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის 6 მაისს გაკეთებული შეფასებაა. 

რუსები ცდილობენ ტაქტიკური ტომრების შექმნას, რომ ჩამოატეხონ პატარ-პატარა დაჯგუფებები უკრაინას… როგორც ვხედავთ, ლუგანსკის საზღვარზე ფაქტობრივად გასულები არიან 85 პროცენტით, დონეცკი – 60 პროცენტი. ეს პატარ-პატარა, ლოკალური წარმატება აქვთ მხოლოდ და ცხადია, რომ უკრაინის ეშელონირებული თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას ვერ ახერხებენ. ეს ტაქტიკა ფიტავს რუსებს და არა უკრაინელებს. ვფიქრობ, რუსები მალე აიღებენ ოპერატიულ პაუზას, რომ რაღაც შეცვალონ თავიანთ მოქმედებაში.

  • თქვენი აზრით, რუსეთის გენშტაბი ამ ოპერატიული პაუზის შემდეგ რას შეცვლის

ვერ გეტყვით, რას შეიძლება გეგმავდეს რუსეთის გენშტაბი, რადგან რასაც ვუყურებ, ძალიან უნიჭოდ აკეთებენ ყველაფერს. აბსოლუტურად  არანაირი სიახლე, არანაირი მოქნილობა არ ჩანს… მე მაინც მათ ადგილას ვიფიქრებდი, რომ დიდ ალყებს შეეშვან და ერთ მიმართულებაზე გავაკეთებდი კონცენტრირებას, მაგალითად, მიკოლაევი-დნესტრისპირეთის მიმართულებით, ან კრივოი-რიგის, რომ ზაპოროჟიე მოეწყვიტათ უკრაინისთვის.

  • „უნიჭოდ“ – ამბობთ თქვენ რუსული არმიის მისამართით. რა გადაწყვეტილებებმა გაგიჩინათ ეს შეფასება? 

აი, აბსოლუტურად ვერაფერს აკეთებენ, მონოტონურად არიან და ინერციით მოქმედებენ. ვერცერთი ცრუ მანევრი, ოპერატიული მანევრი, ყურადღების გადატანა, მიმართულების მოულოდნელი შეცვლა, ახალი ტაქტიკის გამოყენება, რამე სიახლე მაინც… 19 აპრილს თქვენთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რაც ვისაუბრე, მას შემდეგ არაფერი შეუცვლიათ.

ჩანს, როგორ ხდება მოხალისეების შეგროვება, დანაყოფების შევსება და რიტორიკა. ჩანს, რომ მათ არ უნდათ რისკის გაღება და ინერციით მიდიან, მერე ცდილობენ, წარმოქმნილი პირობები წარმოაჩინონ თავის სასარგებლოდ.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გახდა დემოტივატორი რუსული არმიისთვის? 

ჩემი აზრით, პასუხისმგებლობის თავზე აღება არავის სურს, რადგან შიგნით მიდის გენერლების დაბარება, ზოგი გაუშვეს, ზოგიც დააკავეს, ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ხდება ზუსტად, მაგრამ ფაქტია ეს შიდაუწყებრივი დაპირისპირება. ეს მოტივაციას უკარგავს ყველა დონის მეთაურს, რადგან ხედავს, რომ შესაძლოა დაისაჯოს. გარდა ამისა, რუსული არმია გადაიღალა ამდენი წარუმატებლობით, დროული როტაციაც ვერ ხერხდება, მოკლედ, ბევრი ფაქტორია.

  • საერთოდ გამორიცხავთ, რომ რუსები მიაღწევენ რამე წარმატებას უკრაინაში რომელიმე მიმართულებით? 

ჩემი აზრით, რუსეთი უკრაინაში ვერ მიაღწევს ხელშესახებ წარმატებას და ის იქნება უფრო პროპაგანდისტების იმედად, რომ რამე გააფორმონ წარმატებად, როგორც ახლა ლავროვი ამბობს, რომ მათი ამოცანაა მხოლოდ დონეცკი-ლუგანსკი და მეტი არაფერი სურთ.

  • უშვებთ, რომ ოპერატიული პაუზის შემდეგ რუსეთმა საყოველთაო მობილიზება გამოაცხადოს და ახალი მიმართულებით წამოიწყოს შეტევა? 

რუსეთს ახლა აქვს ორი გზა: პირველი არის ის, რომ ცდილობს, როგორ გამოვიდეს ომიდან და როგორ დაასრულოს ეს ომი, მარიუპოლი საბოლოოდ დაიქვემდებაროს და აი, ამ დაკავებული ტერიტორიების დაცვა დაიწყოს. ეს პუტინს მისცემს საშუალებას, ამ პირობებში ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს და შეინარჩუნოს სამხედრო რესურსებიც.

მეორე ვარიანტია, რომ ბოლომდე იბრძოლოს, მობილიზაციაც გამოაცხადოს და ბოლომდე ხორცის მანქანაში გაატაროს ჯარები. ამ შემთხვევაში ის მაინც ვერ მიაღწევს მიზანს და აერევა ქვეყნის შიგნითაც სიტუაცია.  ეს არის ორი სცენარი, თუ არ ჩავთვლით ბირთვული ომის დაწყებას, რაც ნაკლებრეალურია.

  • რომელ ვერსიას აირჩევს პუტინი, თქვენი აზრით?

რუსეთზე რამეს პროგნოზირება რთულია, პუტინის თავში დიდი დომხალი ტრიალებს. თუკი ვინმეს საღი აზრი აქვს, უნდა უთხრას, რომ ამ მომენტში მაინც გაჩერდეს, ანუ პირველ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი არის ამ სიტუაციას ყველაზე მისადაგებული და ლოგიკური რუსეთისთვის.

  • ამასობაში უკრაინა გაძლიერდა. თქვენი დაკვირვებით, რა დრო დასჭირდება უკრაინას ძლიერი კონტრდარტყმისთვის? 

უკრაინამ უნდა მოახდინოს დროულად საკუთარი ძალების აკუმულირება და გადაჯგუფება. ვფიქრობ, რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება მას. რამდენიმე პირობა უნდა შეიქმნას ოპერატიული კონტრდარტყმისთვის: მოწინააღმდეგე უნდა იყოს შეჩერებული, მას უნდა ჰყავდეს მეორე ეშელონიც შემოყვანილი ბრძოლაში, რეზერვები არ უნდა ჰქონდეს, მოწყვეტილი უნდა იყოს ამ ძალებს, მნიშვნელოვანი ზარალი უნდა ჰქონდეს და ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამ დროს, შენ უნდა გქონდეს შესაბამისი ძალა.

  • ამერიკული ჰაუბიცები, ასევე „შტორმერის“ ჯავშანტექნიკა ბრიტანეთიდან – რამდენად ცვლის ეს სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის სამხედრო ძალას? 

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგივე „ჯეპარდების“ მიღება, ვინაიდან ესაა ჰაერსაწინააღმდეგო, საზენიტო თვითმავალი ქვემეხების სისტემა, რომელიც ფაქტობრივად ჯავშანტექნიკას იცავს. ასევე, მისაბმელიანი ჰაუბიცები M 777  ეფექტურია იმისთვის, რომ კონტრსაბატალიონო ბრძოლა მოუგოს 152-მილიმეტრიან რუსულ ჰაუბიცებს. წარმოიდგინეთ, მისი სროლის სიშორე 5 კილომეტრზე მეტია და სიზუსტეც გაცილებით მაღალია.

ხანძარი ბათუმში

ბათუმში, ორბელიანის ქუჩაზე ხანძარი იყო. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ბათუმში / 7.05.2022 / გურამ მურვანიძის ფოტო

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეთა ძიორითადი მოთხოვნაა განისაზღვროს და გასაჯაროვდეს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს ბინები უნდა გადასცენ.

ამასთან, ისინი მოითხოვენ დაუყოვნებლივ გაფორმდეს ოჯახებთან ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ბინებს მიიღებენ.

„მთავრობა 580 ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს ამ ეტაპზე და შემდეგი ეტაპიც იქნებაო, მოვითხოვთ, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს ყველა კატეგორიის ოჯახთან. ასევე ვითხოვთ ექსპერტიზა ჩაუტარდეს იმ კორპუსებსაც, რომლებიც შენდება – მათი ხარისხის დასადგენად. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან აქციას განვაახლებთ და შესაძლოა გზაც კი გადავკეტოთ“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარინა ბერიძე.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა აქცია ბათუმში / 7.05.2022

აქციაზე მახინჯაურში, ჰორტენზიის, ასევე ჯინჭარაძის ქუჩაზე მცხოვრებლებიც იმყოფებიან და აჭარის ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალდნენ.

მახინჯაურში მცხოვრებლების თქმით, მათ წერილობით მიმართეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ / ფოტო: დეპარტამენტში გაგზავნილი წერილიდან

7 მაისს მთავრობის სახლთან აქცია, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა რამდენიმე დღის წინ დააანონსეს.

აქციამდე 2 დღით ადრე კი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, ის უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება და ოჯახები ამ დასახლებაში ეტაპობრივად მიიღებენ ბინებს“.

სამინისტროს ინფორმაციით, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართობების გადაცემისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 მაისს გაიმართა:

„კრიტერიუმები უზრუნველყოფს უსახლკარო მოწყვლადი ოჯახებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე და მათ ეტაპობრივ დაკმაყოფილებას ობიექტურობის და სამართლიანობის პრინციპის დაცვით. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა გამოცხადებული კოვიდ პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად მიმდინარეობდა, მშნებლობა დასასრულს უახლოვდება. პირველ ეტაპზე 3 საცხოვრებელი კორპუსი შენდება [582 ბინა]“.

გასული წლის ბოლოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდებოდა. სამინისტროში მაშინ ისიც აღნიშნეს, რომ იმ დროისთვის „კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე“ იყო.

„პანდემიის გამო საკმაოდ ბევრჯერ შევფერხდით“ – გვითხრეს მაშინ მშენებელ კომპანიაში.


„ოცნების ქალაქში“ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე 338-მდე პირი ჩაწერეს ერთ მისამართზე – ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ 2 აპრილის არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ ეს მოწყვლადი ჯგუფის გამოყენებაა სასურველი შედეგის მისაღებად და საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა. 

არჩევნების შემდეგ, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა აქცია 17 აპრილს გამართეს.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობისგან მოითხოვეს აქ მცხოვრები ოჯახების ადგილზე რეგისტრაცია – დამისამართება, „ოცნების ქალაქში“ ბინის მიმღებთა კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტური ინფორმაციის მიწოდება და უკვე აშენებული კორპუსების ექსპერტიზის დასკვნა უსაფრთხოებაზე.

აქციის მონაწილეებმა მაშინ აღნიშნეს, რომ აჭარის მთავრობასთან არჩევნების შემდეგ აღარ ჰქონიათ კომუნიკაცია: „თავის საქმეს იკეთებენ, ხალხის საქმე არაა გაკეთებული“ .

ვრცლად ამ თემაზე:

რა მოითხოვეს დღეს მთავრობისგან „ოცნების ქალაქში“ – აქცია

ბათუმის მერია ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, მიწას 5,4 მილიონ ლარად ყიდის

ბათუმის მერია ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთს და მასზე მდებარე ნაგებობებს 5,4 მილიონ ლარად ყიდის.

ელექტრონული აუქციონი, სადაც ბიჯი 200 ათასი ლარია, უკვე გამოცხადებულია და ის 25 მაისს დასრულდება.

ქობულეთი / ტერიტორია, რომელსაც ბათუმის მერია ყიდის / ფოტო აუქციონიდან

ქონება, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მერია აუქციონზე ყიდის, ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა №40-ში მდებარეობს. გასაყიდი მიწის ნაკვეთის ფართობი 12 506 კვ.მ, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების [მათ შორის მრავალსართულიანი დაუსრულებელი შენობის] საერთო ფართობი – 9 127 კვ.მ-ია.

ელექტრონული აუქციონი პირობითაა გამოცხადებული, თუმცა, ერთადერთი პირობა – მომავალი მყიდველის მიერ თანხის გადახდას ეხება.

კონკრეტულად, აუქციონზე შეძენილი ქონების საპრივატიზებო საფასური გამარჯვებულმა სრულად უნდა გადაიხადოს შემდეგ ვადებში:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის პირველი 30% – ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში;
  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის მეორე 30% – ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში;
  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი 40% [„ბე“-ს თანხის გამოკლებით] – ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში;

„ბე“, აუქციონის პირობით, 1 620 000 ლარითაა განსაზღვრული.

ქობულეთი / ტერიტორია, რომელსაც ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის [შემოსაზღვრულია წითელი ხაზით]
აღნიშნული ქონება ბათუმის მერიამ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში 2021 წლის ივლისში შეიტანა.

 

ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერების კოლონაა გაჩერებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერების კოლონაა გაჩერებული.

თვითმხილველის თქმით, ტრაილერები დაახლოებით 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე დგანან [ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით], თუმცა, გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში, მათი მხრიდან რაიმე შეზღუდვა გზებზე გადაადგილებაში დაწესებული არ არის: „შესაძლოა ტრაილერები საპატრულო პოლიციამ გააჩერა“.

რატომაა კოლონა გაჩერებული შემოვლთ გზაზე – „ბათუმელები“ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.

ტრაილერების კოლონა ქობულეთის შემოვლით გზაზე / 7.05.2022

ბათუმში აქციაზე 25 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს.

„ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა.

სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა საგზაო მოძრაობა, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის აღდგენა.

პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.

დაკავებულთაგან 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში აქცია, 6 მაისს, რუსთაველის უნივერსიტეტის შენობასთან დაიწყო, შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს და კარვები გაშალეს.

ბათუმში პოლიციამ აქციაზე კარვები დაშალა, დააკავეს 10-მდე პირი

მასწავლებლების დეფიციტის გამო სათანადო განათლება 15 ათასმა მოსწავლემ ვერ მიიღო – აუდიტი დისტანციურ სწავლებაზე

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებლების დეფიციტის გამო, „არსებობს რისკი, რომ 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15 000-მა მოსწავლემ“.

„მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“,  რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში 309 ერთეული მასწავლებლის ვაკანსია ვერ შეივსო სხვადასხვა მიზეზით.“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „COVID-19-ის პანდემიამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა: აუცილებელი გახდა სასწავლო პროცესის ვირტუალურ სივრცეში გადატანა და დისტანციური ფორმატის შემოღება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყოფილი იყო საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვა.“

აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე: 

[crosslist]

  • „ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ხელი არ მიუწვდება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე − კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას ასეთი მოსწავლეების რაოდენობის შესახებ;
  • დისტანციური სწავლების განსახორციელებლად სამინისტრომ ერთ-ერთ საშუალებად გამოიყენა პლატფორმა Microsoft Teams, რომლის ლიცენზიების შესყიდვა დაიწყო 2019 წელს. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაბალი იყო მოსწავლეების მიერ ბონუს ლიცენზიების ათვისების მაჩვენებელი − 42%, ხოლო მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ აუთვისებელი იყო ფასიანი ლიცენზიების 17,5% და 10%. ლიცენზიების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის, გააქტიურების გეგმისა და მონიტორინგის მექანიზმების ნაკლებობის პირობებში იქმნება რესურსის არაპროდუქტიულად გამოყენების რისკები;
  • 2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლიდან დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული უნარების განსავითარებლად. მიუხედავად ამისა, პანდემიამდე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო 15 000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ს შეადგენს;
  • დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ფორმად გამოყენებულ იქნა საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“. ტელესკოლის გაკვეთილები სრულად არ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა სავალდებულო საგანს. შესაბამისად, ის მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ ტელესკოლით იღებენ განათლებას, კონკრეტულ საგნებში, შესაძლოა, დარჩნენ საგაკვეთილო პროცესის მიღმა;
  • პროექტის განმახორციელებელი უწყებები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას ტელესკოლის ნახვადობის სტატისტიკის შესახებ სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით, რაც აფერხებს პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესს;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები, რათა მომავალმა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს განათლების სისტემას.
  • არ არის დანერგილი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის გრძელვადიანი ეფექტებისა და დისტანციური სწავლების შედეგების პოტენციური გავლენის შეფასებას განათლების სისტემაზე. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან ჩანს, რომ პანდემიის მოკლევადიანი ეფექტები ნეგატიურად აისახა მოსწავლეთა შედეგებზე. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევის შედეგებიც მიუთითებს უარყოფით გავლენაზე. აღნიშნული ხაზს უსვამს საგანგებო გეგმის შემუშავების მნიშვნელობას;
  • მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“,  რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. ცენტრის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში 309 ერთეული მასწავლებლის ვაკანსია ვერ შეივსო სხვადასხვა მიზეზით. არსებობს რისკი, რომ აღნიშნული დეფიციტის გავლენით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15,000-მა მოსწავლემ;
  • „დისტანციური სწავლების“ ქვეპროგრამის განხორციელება, დაახლოებით, 4-ჯერ − 4,5-ჯერ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსითაა შესაძლებელი და შეუძლია უფრო მეტი დეფიციტური კადრის მოძიება, რაც გაზრდის მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას, იმ შემთხვევებში, როდესაც რეგიონებში კვალიფიციური კადრის მივლინება შეუძლებელია.“

[/crosslist]

აუდიტის შედეგად გაცემულია რეკომენდაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის.

[toggle title=”რეკომენდაციების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

რეკომენდაცია N1:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისათვის, სამინისტრომ უზრუნველყოს იმ მოსწავლეების იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ კომპიუტერსა და ინტერნეტზე, სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში კი განისაზღვროს მოწყვლადი ჯგუფებისათვის დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გზები.

რეკომენდაცია N2:
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას 

რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, ლიცენზიების შესყიდვა მოხდეს საჭიროების შეფასების საფუძველზე. მასწავლებლების/ადმინისტრაციული პერსონალისა და მოსწავლეების მიხედვით, ათვისების საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით შემუშავდეს შესყიდული ლიცენზიების გააქტიურების გეგმა/გრაფიკი და შესაბამისად, განხორციელდეს მისი შესრულების უწყვეტი მონიტორინგი.

რეკომენდაცია N3:
სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს

მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების შეუფერხებლად მიწოდებისა და დისტანციური სწავლების სათანადოდ განხორციელების მიზნით, შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები საინფორმაციო/კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა უნარებში და მათი გადამზადება განხორციელდეს კონკრეტული მიმართულებების მიხედვით.

რეკომენდაცია N4:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 

მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია პროექტ „ტელესკოლის“ აუდიტორიის შესახებ, გაანალიზდეს სტატისტიკური მონაცემები რელევანტური პარამეტრების მიხედვით და შეფასდეს მიზნის მიღწევის მაჩვენებლები. პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სრული მოცვა.

რეკომენდაცია N5:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

გაუთვალისწინებელი მოვლენების ზეგავლენის შემცირებისა და სისტემის სათანადოდ მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდეს საგანგებო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ის ღონისძიებები და მათზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების უწყვეტობასა და მდგრადობას. ამასთანავე, პროგნოზისა და ანალიზის საფუძველზე შეფასდეს დისტანციური სწავლების შედეგები, მოსალოდნელი გავლენა და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N6:
რეკომენდაცია ცენტრსა და სამინისტროს

ყველა მოსწავლის ზოგადი განათლებით სათანადოდ უზრუნველყოფისა და რესურსების პროდუქტიული გამოყენების მიზნით, სისტემის სხვადასხვა ერთეულის  კოორდინაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ იქნეს ყველა ის სკოლა და საგანი, სადაც არ არის პედაგოგი ან კვალიფიციური კადრის დეფიციტია. იმ პირობებში, როდესაც არ არის მივლინებული მასწავლებელი, ასეთ საგნებში სათანადო პირობების უზრუნველყოფით, განხორციელდეს დისტანციური სწავლება.

[/toggle]

 

სახელმწიფო აუდიტმა ანგარიში – „დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში“, 2022 წლის 6 მაისს გამოაქვეყნა. ანგარიში ძირითადად მოიცავს 2020-21 წლებს.

ამავე თემაზე:

ისევ დისტანციური სწავლება და ტელესკოლა

 

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მაისის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 25 100 ადამიანი
  • ტანკი – 1 122 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 713 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 509 ერთეული
  • MLRS – 172 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 84 ერთეული
  • თვითმფრინავი – 199 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 934 ერთეული
  • გემი/ნავი – 11 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 341
  • სპეციალური აღჭურვილობა – 38
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 90

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 152 თვითმფრინავი
  • 112 ვერტმფრენი
  • 762 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 295 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 895 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 333 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 364 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 716 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის გარემოება დაასახელა, თუ რა შემთხვევაში დაკარგავს აზრს რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკება.

ამავე თემაზე:

არის თუ არა აზოვის პოლკი ნეონაცისტური?

ბრძოლაში განადგურებულია რუსეთის საუკეთესო ტანკი T-90M – ბრიტანეთის დაზვერვა

„რუსეთის ყველაზე თანამედროვე ტანკებიდან სულ მცირე ერთი T-90 M განადგურებულია. T-90M-ს, რომელიც რუსეთის არმიამ 2016-ში წარადგინა, მოდერნიზებული დაცვის, ცეცხლის მართვისა და სანავიგაციო სისტემები აქვს“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე, 7 მაისის განახლებაში.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის საუკეთესოდ აღჭურვილ დანაყოფებს დაახლოებით 100 T-90M ჰყავთ.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ომი უკრაინაში რუსეთის ბრძოლისუნარიან დანაყოფებს დიდ ზიანს აყენებს, ეს დანაკარგები კი ხელს უშლის რუსეთის წინსვლას.

„რუსეთს საგრძნობლად დიდი დრო და ფინანსები დასჭირდება, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ თავისი სამხედრო ძალების აღადგინოს. მოდერნიზებული და თანამედროვე ტექსნიკის შეცვლა და განახლება განსაკუთრებით რთული იქნება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე“.

გუშინდელ, 6 მაისის განახლებაში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ აზოვსტალის გაუვნებლებისა და მარიუპოლის სრულად აღებისთვის რუსეთის განახლებული ძალისხმევა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია 9 მაისის – გამარჯვების დღის მოახლოებასთან და პუტინის სურვილთან – გამოაცხადოს სიმბოლური გამარჯვება უკრაინაში.

მთავარი ფოტო: T-90M/armyrecognition.com

ბათუმში პოლიციამ აქციაზე კარვები დაშალა, დააკავეს 10-მდე პირი

ბათუმის საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა კარვები დაშალეს, დააკავეს 10-მდე აქციის მონაწილე, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან.

“ჩვენ განვმარტეთ,  რომ აღარ იყო აქციაზე ის რაოდენობა, ქუჩა გადაკეტილი ყოფილიყო ისევ,”- უპასუხეს პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ენმ-დან ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც ადგილზე რჩება.

აჭარის მთავრობის სახლის წინ პოლიციელებმა 6 მაისის საღამოს 10-მდე კარავი დაშალეს.

რატომ იყო სამართლიანი კარვების დაშლა, როცა, მაგალითად, 2020 წელს ამავე ადგილას იყო კარვები გაშლილი “თავისუფლების კვარტალში” და გადაკეტილი იყო ქუჩა დაახლოებით 5 თვე? – ვკითხეთ დავით მაღრაძეს, პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, მან ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვა.

აქციის მონაწილეები პოლიციელებმა იმ დროს დააკავეს, როცა მათ კარვების ქუჩიდან გატანაზე უარი თქვეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ბათუმში, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებდნენ, ვიდრე ეს მოთხოვნა არ შესრულდებოდა.

შსს-ს პრესცენტრიდან ჯერ არ მოუწოდებიათ ინფორმაცია დაკავების შესახებ.

საპოტესტო აქციის ადგილი კარვების დარბევის შემდეგ

რატომ გადაწყვიტა მარნეულელმა ბიჭმა სტუდენტობა ბათუმში

„არ აქვს მნიშვნელობა  ვინ ვართ – ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები თუ სომხები. მე ვფიქრობ, ყველამ, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო ენა“, – ამბობს ჰადი ბადირხანოვი.

20 წლის ჰადი ბადირხანოვი მარნეულიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. მან ბსუ-ში პროგრამით  – 4+1 ჩააბარა. იგი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლას ივლისის ბოლოს ამთავრებს.

მას სამომავლოდ მუშაობა საჯარო სამსახურში უნდა, სწავლის გაგრძელებას ბსუ-ში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე აპირებს.

ჰადი გვიყვება, რომ ძალიან მოსწონს ბოლო წლებში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტივიზმი და თავადაც ცდილობს აქტიურობას.

„მე მხარს ვუჭერ კამპანიას – „მასწავლე ქართული ენა უფასოდ“. მინდა, რომ ამ კამპანიას კარგი შედეგი ჰქონდეს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ამ კამპანიის მხარდასაჭერად იქნება საჭირო“, – ამბობს ჰადი.

ჰადის სწავლის ყოველწლიური გადასახადი ბსუ-ში 2250 ლარია. მისი თქმით, სწავლის საფასურის გადახდაში მშობლები ეხმარებიან.

კითხვაზე, რატომ არჩია ბათუმში სწავლის გაგრძელება, ჰადი პასუხობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარნეულთან ახლოსაა დედაქალაქი, მაინც არასდროს სდომებია თბილისში ცხოვრება და იქ სწავლა, რადგან უყვარს ბათუმი და ახარებს, რომ აქ ზღვაცაა.

ჰადი ბსუ-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. მისი თქმით, საერთო საცხოვრებელში 20-მდე ქართველი და 4 აზერბაიჯანელი ცხოვრობენ და ერთმანეთს ყველაფერში ეხმარებიან, ერთად მეცადინეობენ, თამაშობენ და ა.შ.

ჰადი მიიჩნევს, რომ მათთვის, ვისაც არ აქვს სწავლის საფასურის გადახდის საშუალება, სწავლა უფასო უნდა იყოს. 

მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები, შუახნის და ხანდაზმული აზერბაიჯანელები შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ მათთვის ქართული ენის ცოდნა არ არის აუცილებელი, მაგრამ მისი შეფასებით, ამ საკითხისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდებს – ისინი მიიჩნევენ, რომ ქართული ენის სწავლა აუცილებელია.

ჰადის ოჯახი ქალაქ მარნეულში ცხოვრობს. გვიყვება, რომ მარნეულში სკოლაში სწავლობდა ქართულს და სკოლაში ქართულ ენაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ის და მისი მეგობრები.

ჰადის თქმით, მარნეულში მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. გვიყვება, რომ მარნეულის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, მართალია, თავის სარჩენად ბოსტნეული მოჰყავთ, მაგრამ მათ დიდ ნაწილს მიწის მცირე ნაკვეთები აქვთ.

„ერთ ოჯახში 5 ოჯახის წევრი მაინც ცხოვრობს და პატარა მიწის ნაკვეთზე ვერაფერს ახერხებენ” – ამბობს ჰადი. მან ასევე გვითხრა, რომ მარნეულს წყლის პრობლემასაც აწუხებს  და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყალი საერთოდ არ არის, რაც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

მოძრაობას ჩავუდგები სათავეში – მიხეილ სააკაშვილის ძმა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა, დღეს, 6 მაისს ბათუმში განაცხადა, რომ სათავეში ჩაუდგება მოძრაობას, რომელიც საქართველოს ქალაქებს მოიცავს.

„ოჯახის სახელით ვიღებ პასუხისმგებლობას, ჩავუდგე მოძრაობას, რომლის მიზანი იქნება მიშა გვყავდეს ჯანმრთელი

მიშა არის ციხეში, მისი ადგილი იქ არ არის. ეს არის რუსი ოლიგარქის „დამსახურება“, რომელმაც წაართვა მას სიცოცხლის უფლება და ჩვენ დავიცავთ მას ბოლომდე.

გუშინწინ დავაანონსე აქცია თბილისში მთავრობის სასახლესთან და პირობა მივეცი მოქალაქეებს, რომ ვიბრძოლებთ მიშას ჯანმრთელობისთვის. ეს არის დასაწყისი ჩვენი ბრძოლის, ბათუმი ითვლება თავისუფლების სიმბოლოდ, თქვენ უნდა დაგვიდგეთ გვერდზე, აქედან წავალთ ზუგდიდში, ქუთაისში, ყველა ქალაქში…

ჩვენ ვითხოვთ მიშას ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებას, იცოცხლოს.

დარწმუნებული ვარ, ყველა ქალაქი შემოგვიერთდება და გაიმართება დიდი აქცია“ – განაცხადა აქციაზე გიორგი სააკაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ბათუმის აღმშენებლობა მისი ძმის დამსახურებაა“.

დღეს, 6 მაისს, ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება. აქცია, რომლის სლოგანია „მიშას არ მოგაკვლევინებთ“, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო.

ზუსტად 18 წლის წინ ეს ადგილი იყო აჭარის ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება, ამიტომაც, დღეს, 6 მაისს გამართულ აქციას ეს სიმბოლური დატვირთვაც აქვს.

წერილი, რომლის გაგზავნა ევროკავშირისთვის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია

„ჩვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დაფუძნებულია დემოკრატიულ და ჰუმანისტურ ფასეულობებზე. გვჯერა, რომ საქართველოს მომავლის ქვაკუთხედია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სასიცოცხლო ვექტორი ევროკავშირისკენ არის მიმართული“, – ეს არის ნაწყვეტი წერილიდან, რომლის გაგზავნა ევროკავშირისთვის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ge2eu.com  – ესაა ახლად შექმნილი ვებგვერდი, საიდანაც წერილის გაგზავნაა შესაძლებელი.

წერილზე ხელის მოწერით საქართველოს მოქალაქეები ადასტურებენ თავიანთ სურვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

„წერილის მიზანია, დავანახოთ ევროკავშირს ჩვენი ხალხის – საზოგადოების ერთსულოვნება, მტკიცე გადაწვეტილება და მისწრაფება საქართველოს ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად,“ – ნათქვამია საიტზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო ტექსტში.

წერილი შეიძლება გაიგზავნოს როგორც ინდივიდუალურად, ვებგვერდზე მოცემული ფორმის საშუალებით, ასევე ჯგუფურად, ხელმოწერების შეგროვებით.

რაც შეეხება წერილის შინაარსს, მასში მოკლედ არის მოთხრობილი საქართველოს ისტორიის 200 წელი, რუსეთის მიერ ოკუპაცია  და საბჭოთა ტირანიისგან თავის დაღწევა. წერილის ადრესატები კი არიან ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები.

 

მთავარი ფოტო: eumetsat

Exit mobile version