მთავარი,სიახლეები

ისევ დისტანციური სწავლება და ტელესკოლა

31.08.2021 • 1612
ისევ დისტანციური სწავლება და ტელესკოლა

ახალი სასწავლო წელი საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეორედ, 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს. დღეს გაირკვა, რომ სწავლა სკოლის შენობებში არც წელს განახლდება. შესაბამისად, სასწავლო პროცესი სკოლებში დისტანციურად წარიმართება. ისევ დისტანციური სწავლება და ტელესკოლა – რა დავხარჯეთ და რა მივიღეთ ამ ახალი პროდუქტისთვის.

„სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ს ქვემოთ და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ აიცრება, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

რა შეიცვლება წელს დისტანციური სწავლების მოდელში, უფრო ზუსტად კი, რა სახით განაახლებს ტელესკოლა მუშაობას? – განათლების სამინისტროსგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

სამინისტროს „ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების იმ პლატფორმების ჩამონათვალში აქვს შეტანილი, რომლებსაც სკოლებს სთავაზობს.

„ტელესკოლის“ მიზანი

„ტელესკოლის“ მიზანი თავდაპირველად იმ მოსწავლეების დისტანციურ სწავლაში ჩართულობა იყო, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერნეტი, შესაბამისი ტექნიკა და სხვა, რის გამოც ისინი ვერ ერთვებოდნენ ონლაინსწავლებაში. „ტელესკოლას“ უნდა ჩაენაცვლებინა ონლაინგაკვეთილები იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობები არიან.

გასულ წელს სკოლებში სწავლა ნახევარ მილიონზე მეტმა მოსწავლემ ვეღარ გააგრძელა. „2020 წელს პანდემიის გამოცხადებისთანავე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც დღეს „ტელესკოლის“ სახელით არის ცნობილი.

პროექტის მიზანი იყო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსწავლეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან, რაც შეუძლებელს ხდიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლას. პროექტი 2020 წლის 30 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პლატფორმაზე გაეშვა ეთერში“, – აღნიშნულია „პირველი არხის“ ანგარიშში.

განათლების სამინისტროს თავის 2020 წლის ანგარიშში „ტელესკოლის“ მიზანი არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად არც ის, თუ რამდენად მიაღწია პროექტმა მიზანს.

სამინისტრომ პროექტი ზოგადად ასე შეაფასა: „ტელესკოლამ“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა ჰქონდა თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალება მისცა, ენახა საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავდა.“

„მიზანი ამ პროექტის, რამდენადაც მესმის იყო ის, რომ ბავშვები, ვისაც უწევდა დისტანციურად განათლების მიღება, მაგრამ არ ჰქონდათ ინტერნეტი ან აღჭურვილობა სახლში, მათთვის შექმნილიყო დამატებითი რესურსი. რამდენად გამოიყენეს ამ ბავშვებმა ეს არ ვიცით, არ მინახავს ისეთი კვლევა, რომელიც ამას აჩვენებდა. ის კი ვიცით, რომ ინტერნეტის აღჭურვილობა არ ჰქონდა რამდენიმე ათეულ ათას ბავშვს, ან ჰქონდა და იშვიათად იყენებდა. ამ მოსწავლეებიდან რამდენი სარგებლობდა ტელესკოლის გაკვეთილებით ეს მონაცემები, მე სამწუხაროდ არ მაქვს“, – ამბობს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია.

„რამდენად გამოიყენეს კონკრეტულად მოწყვლადმა ჯგუფებმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ეს პროექტი და ვისთვისაც ეს ერთ-ერთი გზა იყო გაკვეთილების ჩატარების – არავინ არ ზომავს. ესენი არიან ადამიანები, ვისაც არ ჰქონდათ წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან. მე არ მაქვს არც ის ინფორმაცია, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა წვდომა ტელევიზორთან.

ერთი რამ ფაქტია, რომ ტელესკოლის ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად ხდებოდა… ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფი – ვისთვისაც პრობლემატური იყო ონლაინსწავლება – ეთნიკური უმცირესობები. საგნების მეტი ნაწილი ამ ჯგუფებისთვის იყო ხელმიუწვდომელი. მიზანს რა მიზნითაც შეიქმნა, რეალურად ვერ მიაღწია“, – ამბობს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე.

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარის, ირინა ხანთაძის თქმით, ტელესკოლა ვერ იქნებოდა ჩამნაცვლებელი ინსტრუმენტი სასწვლო პროცესის და ეს გამოჩნდა კიდეც იმით, რომ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობის მოსწავლეები იყვნენ ინტენსიურად ჩართული – ვინც ადევნებდა თვალყურს.

„თუ ჩვენ ტელესკოლას მიზნად დავუსახავთ, რომ იგი იყოს ჩამნაცვლებელი სასწავლო პროცესის ან მისი უწყვეტობის გარანტია და ა.შ. ეს აბსოლუტურად არამართებული მიზანი იქნებოდა. ტელესკოლა, როგორც სასწავლო პროცესის ჩამნაცვლებელი ინსტრუმენტი არ მგონია იყოს ეფექტიანი. ზოგადად, სკეპტიკურად ვუყურებ ამ ფორმით სასწავლო პროცესის მიწოდებას.

მაგრამ თავისი როლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, რიგ შემთხვევაში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, ან მოტივირებული მოსწავლეებისთვის დამატებითი რესურსების მიწოდების კუთხით, თავისი ფუნქცია, რა თქმა უნდა შეასრულა – ესეც ჩვენი სუბიექტური დაკვირვებაა. ჩვენი ბოლო კვლევაც კოვიდის გავლენების შესახებ გვაჩვენებს, რომ განსაკუთრებული ზემოქმედება სასწავლო პროცესზე „ტელსეკოლას“ არ ჰქონია.

2020 წლის ნოემბერში სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგებით ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ტელესკოლის გამოყენების მაჩვენებელი ასეთია:

სამინისტროს ამ მაჩვენებლით არ ჩანს რა პრინციპით ჩატარდა მოკვლევა და კონკრეტულად რომელი ჯგუფი სარგებლობდა „ტელესკოლით“.

სამინისტროსგან 2021 წლის მარტში ოფიცილაურად გამოითხოვა „ბათუმელებმა“ დეტალური ინფორმაცია „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით, მათ შორის ვინ და რამდენი უყურებდა ტელეგაკვეთილებს.

სამინისტრომ პასუხი, ისიც ასევე ზოგადი, ორი თვის დაგვიანებით მოგვაწოდა.

„2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა პერიოდში მიმდინარეობდა სკოლის ადმინისტრაციის გამოკითხვა მათი მოსწავლეების დისტანციური სწავლების პროცესში პროექტ „ტელესკოლის“ ყურებადობასთან დაკავშირებით.

გამოკითხვებში სხვადასხვა პერიოდისთვის სხვადასხვა სკოლა იღებდა მონაწილეობას, თუმცა 2020-2021 სასწავლო წელი დისტანციური/ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობდა, ხშირად იცვლებოდა სწავლების ფორმატი და რიგ შემთხვევებში სწავლა წყდებოდა წერტილოვნად, ამდენად „ტელესკოლის“ პროექტის ყურებადობა და პოპულარობა იზომება „პირველი არხი-განათლების“ მიერ“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

„ბათუმელებმა“ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდანაც გამოითხოვა, თუმცა მაუწყებელმა ჩვენს წერილს არ უპასუხა.

პირველი არხის 2020 წლის ანგარიშში კი, „ტელესკოლის“ ყურებადობასთან დაკავშირებით მხოლოდ ესაა აღნიშნული:

„მიმდინარე წლის შეფასება არ ხდებოდა სატელევიზიო რეიტინგებით, თუმცა, არაერთი ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ტელეგაკვეთილები მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს სოციალურ ქსელის სტატისტიკაც, რადგან მილიონობით ნახვა აქვს გაკვეთილებს, როგორც საიტზე 1tv.ge, ასევე, ფეისბუქ და იუთუბ არხებზე.“

ამ ინფორმაციით მაინც გაუგებარი რჩება, კონკრეტულად რა კატეგორიის მოსწავლეები უყურებდნენ ტელეგაკვეთილებს.

ქეთი ცერცვაძე, მათემატიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი განათლების სამინისტროში, რომელიც მონაწილეობდა ამ პროექტში ამბობს, რომ მოწყვლადი ჯგუფების გამოსავლენად სკოლების დირექტორებთან პანდემიის დასაწყისშივე დააგზავნეს გუგლის დოკუმენტი, რომ დაეწერათ ვის არ ჰქონდა ტექნოლოგიები, აღრიცხვა უნდა გაკეთებულიყო… რამდენ ადამიანს არ ჰქონდა ტექნიკა, რომ მერე დაგეგმილიყო, როგორ მიეწოდებინათ კომპიუტერები.

„ტელესკოლის“ მიზანი იყო, ამ გამოკითხვების, მოწყვლადების განსაზღვრა – ტექნიკის მიწოდების ორგანიზებამდე ტელევიზორში მაინც რომ ეყურებინათ ბავშვებს გაკვეთილებისთვის, ჩამორჩენა რომ არ ჰქონოდათ… თუ ტელევიზორიც არ ჰქონდა და კომპიუტერიც, ამას დირექტორი ალბათ ეტყოდა თავის რესურსცენტრს და ამაზე უნდა ყოფილიყო აუცილებლად რეაგირება, რადგან ეს კვლევა მათ დაევალათ… თავის დროზე, როცა გაკეთდა „ტელესკოლა“, მასწავლებელიც ვიყავი და ჩემი აზრით, ძალიან დადებითი როლი ჰქონდა, სანამ მასწავლებლები გადაეწყობოდნენ და ონლაინ სასწავლო უნარებს აითვისებდნენ,“ – ამბობს ქეთი ცერცვაძე.

ქეთი ცერცვაძე, კადრი ტელესკოლიდან

მისივე თქმით, გაკვეთილები 8 დღეში დაიგეგმა, „8 თვეში რომ დაგვეგეგმა კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა… იმ პერიოდში ასეთი ჩაწერილი, გამზადებული გაკვეთილები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თვითონ მასწავლებლებიც ძალიან კარგად იყენებდნენ – შეეძლოთ ეს ვიდეო გაეშვათ და შემდეგ უკვე განმტკიცება მომხდარიყო… მასწავლებლები ითხოვდნენ და ვუგზავნიდით ამ პრეზენტაციებს. მოსწავლეებისთვისაც იყო მისაღები და ძალიან დადებითი იყო, მე ასე მგონია.“

სიმონ ჯანაშიას თქმით, სატელევიზიო პროგრამების გაშვება, ზოგადად ტელესკოლა, არ არის ეფექტური გზა დისტანციური სწავლების, მაგრამ კიდევ უფრო არაეფექტური ხდება, თუ არ აქვს მხარდაჭერა ტელეგაკვეთილებს სკოლების მხრიდან. მაგალითად, მასწავლებლები თუ არ უკავშირდებიან ბავშვებს.

ამასთან, კიდევ უფრო არაეფექტური იქნება ტელეგაკვეთილები, თუ ბავშვებს არ აქვთ დამატებითი მასალები, ისეთი საშუალებები, რომელსაც გამოიყენებდნენ ტელესკოლასთან ერთად.

„ჩვენთან, როგორც ვიცი, ასეთი მასალები არ გაგზავნილა და არც სკოლებისთვის ყოფილა კონკრეტული რეკომენდაციები. ჩვენთან, უბრალოდ, არაფერი გაკეთებულა გარდა იმისა, რომ ტელევიზიით გაუშვეს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, „იყო უცნაური გადაწყვეტილებებიც, მაგალითად როცა გადაცემა –  ქართულის გაკვეთილები – მასწავლებლის ნაცვლად მიყავდა პოლიტიკოსს, ტელევიზიის დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს. როგორ გადაწყვიტა ტელევიზიამ საკუთარი დირექტორისთვის მიეცა გადაცემები, ან რატომ იყო ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ ვიცი. ეს უფრო ძალაუფლების არასწორად გამოყენებას ჰგავს ტელევიზიის შიგნით, ვიდრე რესურსების მოზიდვის საუკეთესო გადაწყვეტილება“.

სიმონ ჯანაშია

ტელესკოლა არსებული სახით არის გარკვეული რესურსი, თუმცა, სიმონ ჯანაშიას განცხადებით, ცუდია, როდესაც ამ რესურსს იყენებენ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის.

„სახელმწიფო ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, აი თუ არ გჯერათ არსებობს რესურსი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ. ეს არ არის პასუხისმგებლობიანი მიდგომა. პასუხისმგებლიანი მიდგომა იქნებოდა, როცა რესურსის დანერგვაშიც იღებ მონაწილეობას და პასუხისმგებლობას იღებ იმაში, რომ ეს რესურსი შესაბამისად გამოიყენო შემდგომ. ჩემი აზრით, სახელმწიფოს არა უბრალოდ უნდა ეთქვა, რომ აი, ვისაც ინტერნეტი არ აქვს გამოეყენებინა სხვა რესურსი, არამედ უნდა ეზრუნა მაქსიმალურად, რომ ყველას, ვისაც არ აქვს ინტერნეტი, ჰქონოდა ინტერნეტი. ეს არ გააკეთა და წელიწად-ნახევრის შემდეგ თქვეს, რომ ფასდაკლებაზე მოილაპარაკეს პროვაიდერებთან, მაგრამ რეალურად იმუშავა თუ არა ამან, არც ეს ვიცით“, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშიას თქმით, არსებული რეგულაციები უშლის ხელს სკოლებს საკუთარი რესურსები თავისუფლად გამოიყენონ, ანუ ბევრ სკოლას უჭირს იმ ფულის გამოყენება, რომელიც მათ რჩებათ:

„თუნდაც ის, რომ სკოლები კომუნალურების თანხებს ზოგავდნენ, ასევე ჰქონდათ ლაბორატორიებში კომპიუტერები, მაგრამ ვერ გადასცემდნენ იმ ბავშვებს, ვისაც არ ჰქონდა – ეშინოდათ, რომ ვერ მოახერხებდნენ ამის ოფიციალურად გაფორმებსას. ამას სჭირდებოდა მხოლოდ ინსტრუქციები, თუ როგორ გამოეყენებინა სკოლებს რესურსები“.

„ცალკე საკითხია პროდუქციის ხარისხი, რასაც ტელევიზიით უშვებდნენ. მე რასაც ვუყურე, იქ სხვადასხვაგვარი მიდგომა იყო, მაგალითად იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ნამდვილად ითვალისწინებდნენ თუნდაც ასაკობრივ თავისებურებებს, იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ნაკლებად ითვალისწინებდნენ. ზოგი უფრო მეტად იყენებდა თვალსაჩინოებებს, ზოგი – ნაკლებად…

ამასთან ნაკლია ისიც, რომ ნაკლები კოორდინაციაა სკოლასთან [პროგრამასთან]. ჩანს, რომ არათანაბრად მოქმედებენ. ზოგიერთი მასწავლებელი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გადასცეს მოსწავლეს ერთ გაკვეთილში და მეორე გაკვეთილში შეიძლება მასწავლებელი უფრო ცდილობდეს, რაც შეიძლება სიღრმეში წავიდეს. შეიძლბა აუხსნას ერთი საკითხი და არა რამდენიმე საკითხი… ასეთი არაკოორდინირებული საკითხებიც იყო… მერე იყო დაგვიანება უმცირესობების თემებზე გადაცემების დაწყებაში“, – ამბობს სიმონ ჯანაშია

ქეთი ცერცვაძე კი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ მესამე ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ასწავლიან მასწავლებლებს როგორ დაგეგმონ კურიკულუმი და მოარგონ თავიანთ სასკოლო ცხოვრებას, ანუ როგორ გამოიყენონ:

„პანდემია რომ დაიწყო, 2400 სკოლაში ეს ტრენინგები არ იყო ჩატარებული. ახლა მიდის ეს რეფორმა და მაქსიმალურად ვეცადეთ, არ გაჩერებულიყო და ონლაინტრენინგებით გაგძელებულიყო. მთავარი ის არის, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს სასწავლო გეგმა – წიგნს კი არ გაყვეს, აი ვთქვათ პირდაპირ, სარჩევით, არამედ მთელი წელი დაგეგმოს და ეს წიგნი ერთ-ერთ რესურსად გამოიყენოს“.

ქეთი ცერცვაძის თქმით, როცა პანდემია დაიწყო, მასწავლებლების უმეტესობა იმ პერიოდში მიყვებოდა წიგნს. წიგნებში კი ავტორებს ყველას სხვადასხვანაირად აქვს აწყობილი, ზოგი ერთ თემას პირველ სემესტრში ასწავლის, ზოგი იგივე თემას მეორე სემესტრში, ზოგი შუაში, ამიტომ „ტელესკოლაში“ მაგალითად, მათემატიკაში, ძალიან გაუჭირდათ ზუსტად იმ თემების შერჩევა, რაც ვთქვათ, თებერვალში ისწავლება:

„ვეცადეთ კურიკულუმიდან შეგვერჩია მთავარი სასწავლო თემები და იმაზე ჩაგვეწერა. რეკომენდაცია გვქონდა გადაამეორებინეთ, მაგრამ თავად მასწავლებლებს ის უნარი და შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, რომ მათ კურიკულუმი ასეთ მოცემულობაში გადაგეგმონ რაღაცნაირად, ეს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლა სწავლობენ და ახლა იყენებენ წარმატებულად…

ეს იყო გამოწვევა, რომ ვინც პირდაპირ წიგნს მიყვებოდა, შეიძლბა ისეთი ტელეგაკვეთილი ჩავწერეთ, რომელის ახსნაც მას ერთი თვის შემდეგ უწევდა. შეიძლება გავლილიც კი იყო ეს თემა. ზოგმა გადაგეგმვა გააკეთა და იგივე მასალა გადაამეორებინა, ზოგმა მერე ახსნა და მერე გამოიყენა ეს რესურსი. პანდემიაში ეს მასწავლებლის გადასაწყვეტი იყო და ვერ შევზღუდავდით, რადგან მისთვისაც გამოწვევა იყო“.

რა თანხა დაიხარჯა „ტელესკოლისთვის“

შალვა ტაბატაძის თქმით, მსგავსი არხის არსებობა ცუდი არ არის, თუმცა აქ არის მისი მიზანშეწონილობა, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რა ეფექტი აქვს: „კარგია, მაგრამ საკითხია, როგორ შეიძლებოდა უკეთესი პროდუქტი გაკეთებულიყო კონკრეტული მიზნისთვის იმავე თანხაში“.

პროექტის ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაცია სამინისტროსგანაც გამოვითხოვეთ და საზოგადოებრივი მაუწყებლისგანაც, თუმცა ამ უკანასკნელმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პასუხი არ გაგვცა.

განათლების სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციითა და პირველი არხის ანგარიშის მიხედვით კი, „ტელესკოლისთვის“ 2020-21 წელს მინიმუმ 1 542 129 ლარი დაიხარჯ[ებ]ა.

  • სამინისტროს მონაცემებით: „2020 წელს პროექტ „ტელესკოლის“ ბიუჯეტი შეადგენდა 719.1 ათას ლარს, რომელიც მოიცავს შრომის ანაზღაურების ხარჯების დაფინანსებას. ხოლო 2021 წელს სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ქვეპროგრამის „ტელესკოლა“ ჯამური ბიუჯეტი განისაზღვრება 357,1 ათას ლარის ოდენობით.“
  • პირველი არხის მონაცემებით: 2020 წელს ტელესკოლისთვის დაიხარჯა 465 929 ლარი.

„ასევე გაცნობებთ, რომ გამოკითხვების შედეგად პროექტი განიცდის სახეცვლილებებს, ემატება სხვადასხვა ტიპის ახალი გადაცემები და გაკვეთილები. მომავალშიც იგეგმება პროექტის განვითარება“, – მოგვწერეს განათლების სამინისტროდან.

შალვა ტაბატაძე

შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს კარგად, თუ რისთვის კეთდება ტელესკოლა:

„თუ ეს არის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის – შეიძლება კარგი მიზანია და შესაბამისად კარგი ინტერვენციაც. ანუ, უფრო კონკრეტული მიზანი და ხედვა უნდა იყოს, როგორ მოხდება ამ არხის განვითარება და მისი გამოყენება არა მხოლოდ პანდემიის პირობებში.“

„საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ტელესკოლის 2021 წლის პროგრამული განვითარების სტრატეგია სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

განათლების პოპულარიზაცია და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსის მიწოდება საზოგადოებისათვის:

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული პროგრამის და დამხმარე სასწავლო რესურსის წარმოება;

მასწავლებლებისა და მშობლებისათვის მოსწავლის პრობლემებზე ორიენტირებული სადისკუსიო სივრცის შექმნა;

შემეცნებით-საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი პროექტების მომზადება სხვადასხვა ასაკობრივი სამიზნე აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებით;

შემეცნებითი და პოპულარულ-სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების წარმოება;

ეროვნული უმცირესობებისათვის და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ადაპტირებული პროგრამების წარმოება.

შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების განვითარებისათვის საჭირო პლატფორმის შექმნა ახალგაზრდებისთვის:

საკონკურსო და სადისკუსიო პროექტების მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას და მისცემს მათ საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალებას;

ნიჭიერი სტუდენტებისათვის სივრცის შექმნა, სადაც მოხდება შემოქმედებითი, ინოვაციური და ექსპერიმენტული პროექტების განხორციელება;

სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია:

ახალგაზრდული სპორტული თოქ-შოუების მომზადება;

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და რეკომენდაციების საშუალებით;

შემეცნებითი და სასწავლო სპორტული პროექტების მოზადება;

განვითარების ეს პრინცები დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ STEM და SOFT SKILLS სწავლების სისტემებზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიური, ანალიტიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. “

„პირველი არხის“ ანგარიშიდან

„ტელესკოლა“, როგორც დამატებითი რესურსი

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე, „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ თუ განვიხილავთ ტელესკოლას როგორც დამატებით რესურსს, ამ თვალსაზრისით მან თავისი ფუნქცია დადებითად შეასრულა:

„დავინახეთ, რომ ტელესკოლა ძალიან ბევრი მასწავლებლისთვის აღმოჩნდა ინსპირაცია. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მასწავლებლები ყველაზე კარგად და ეფექტიანად სწავლობენ ერთმანეთისგან. ტელესკოლამ მისცა ძალიან ბევრ მოტივირებულ მასწავლებელს ენახა, გაეზიარებინა თავიანთი კოლეგების საქმიანობა.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი გაკვეთილი ტელესკოლის ძალიან კარგ რესურსად ჩამოყალიბდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი მასწავლებელი იყენებდა მას თავის სასწავლო პროცესში, როგორც დამატებით რესურსს – უზიარებდა თავის მოსწავლეებს და თავადაც იღებდა ინფორმაციას, საკუთარი გაკვეთილებისთვის – ნიმუშს, მაგალითს…“

„ერთი დადებითი, რაც ახლდა ამ პროექტს არის ის, რომ საზოგადოებრივ არხზე გაჩნდა განათლებაზე მიძღვნილი საეთერო დრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. სასურველია ეს რესურსი- საგანმანათლებლო არხის სახით – ძალიან კარგად იქნას გამოყენებული, საინტერესო და კარგი საგანმანათლებლო გადაცემებით დაიხუნძლოს და გამოყენებული იქნას სათანადოდ. ამ მხრივ ტელესკოლა იყო და რჩება საინტერესო პროექტად. შესაბამისად, სასურველია, რომ ის განვითარდეს. ახლა მთავარია ხარისხიანი კონტენტი დაიდოს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

სიმონ ჯანაშიაც თვლის, რომ ამ პროექტის შემთხვევაში რაც კარგია, არის ის, რომ გაჩნდა დამატებითი რესურსი:

„ეს არის დაახლოებით ისეთივე რესურსი, როგორიც არის მაგალითად სახელმძღვანელო. თავისთავად სახელმძღვანელოს არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები დასხდებიან და დაიწყებენ კითხვას, მას ყოველთვის სჭირდება დახმარება, უკუკავშირი, მასწავლებლის დახმარება. მე რაც გამიგია და ვისგანაც გამიგია ამ პროდუქტის მოხმარებაზე, ეს ის ოჯახებია, რომლებიც ისედაც დისტანციურად სწავლობდნენ. გაკვეთილები ჰქონდათ ონლაინ და დამატებით ტელესკოლასაც უყურებდნენ. მათთვის ძალიან მოსახერხებელი იყო ტელეგაკვეთილების ნახვა, რაც თავისთავად ვერ ანაცვლებს სასწავლო პროცესს.

ტელესკოლის მასწავლებლებს რაც შეეხებათ, მე ვისაც ვუყურებ, უმეტესად შეეცადდნენ, რომ რაც შეიძლება მცოდნე, რაც შეიძლება თანამედროვე, მონდომებული და მოტივირებული ხალხი მოეყვანათ და ეს ჩანს“.

„ეს ძალიან სასარგებლო რესურსია ჩვეულებრივ ინტეგრირებულ სასწავლო პროცესში, როცა ბავშვს აძლევ დავალებას, არა ვთქვათ მაინცდამაინც სახელმძღვანელოდან, არამედ ამ თემატიკას – გინდ წაიკითხე ეს, გინდა უყურე იმ გადაცემას. ეს სახელმძღვანელოებზე უკეთესი რესურსია, რადგან ესა თუ ის საკითხი უფრო თვალსაჩინოდ არის ახსნილი და უფრო ბევრჯერ იმეორებს ადამიანი აღქმას, რაც სჭირდება მოსწავლეს.

ცალკე მდგომი რესურსი შეიძლება საინტერესო იყოს განსაკუთრებით მოტივირებული ბავშვებისთვის, რომლებიც თვითონ გადაწყვეტენ და უყურებენ, მაგრამ ჩვეულებრივი სასწავლო პროცესისთვის მაინცდამაინც ეფექტური არ არის, თუ მასწავლებლები არ მიაბამენ რაღაც დავალებებს – თუ დისტანციურად ასწავლიან, მაშინ ასეთი დავალებები შეიძლება ტელეფონით მისცენ, ან სხვა ფორმით“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მათემატიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი განათლების სამინისტროში, ქეთი ცერცვაძე აცხადებს, რომ მესამე ეროვნული გეგმის ერთ-ერთ მიზანია მეტი რესურსი შეიქმნას და მასწავლებელს უთხრან, რომ ამ რესურსებს შორის წიგნი ერთ-ერთი რესურსია.

ქეთი ცერცვაძის თქმით, ტელესკოლის გაკვეთილებს, მასწავლებლები მეთოდურადაც იყენებდნენ, ამიტომ „ტელესკოლაც მგონი გამოგვივიდა, როგორც ერთ-ერთი რესურსი. გაიგზავნა რეკომენდაციები, რომ თუნდაც ურჩიეთ ბავშვებს მე-6 ში კი არის, მაგრამ მე-5 ვიდეოებს უყუროს, გაიმეოროს. მასწავლებელი უნდა ყოფილიყო სწორად ინფორმირებული, მშობელიც. იმ სკოლებში გაცილებით კარგად წავიდა ეს, სადაც სკოლის მენეჯმენტმა დააორგანიზა“.

„მათემატიკა არ არის მარტო ცარცი, ცარცს არ ვერჩი არაფერს, ხელით საწერი ხელით საწერია და ყველამ უნდა წეროს, მაგრამ თანამედროვე ბავშვებისთვის ტექნოლოგიები და ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სამყაროში გაზრდილები არიან. თუ შენ ამ ბავშვებს ეკონტაქტები მხოლოდ წარსულის ინსტრუმენტებით, წყვეტა გაქვს… თუ ახსნაში ჩართავ ტექნოლოგიებს, სიმულაციებს, ვიზუალიზაციას, რაც მათთვის აქტუალურია, ბავშვების ჩართულობა იზრდება. აი, ეს მინდოდა მეჩვენებინა ტელეგაკვეთილებით, რომ მათემატიკა არ არის მოსაწყენი“, – ამბობს ქეთი ცერცვაძე.

მისივე თქმთ, ტელეგაკვეთილები ეს არის ახალი ეროვნული გეგმის შესაბამისად შექმნილი ბაზა: „ბანკი შეიქმნა. სკოლის გარე აქტივობებიც კი არის ჩაწერილი. ფუფუნებაა – ღიად დევს ვავრცელებთ მუდმივად, მასწავლებელს შეუძლია აჩვენოს ამოცანა და დააპაუზოს, თუ ამოხსნიან, იგივე შეუძლია მშობელსაც და მოსწავლესაც კი, პაკეტები ჩაიწერა და სახლში შეუძლია მშობელს გამოიყენოს ბავშვის განვითარებისთვის.

ვეცადეთ არა ის, რომ აი პანდემია გადავაგოროთ, არამედ მაქსიმალურად ისეთი რესურსები ჩაწერილიყო, რომ მერეც გამოიყენებენ ახალი გეგმის მიხედვით. მთავარია, გამოყენება ისწავლონ“.

ის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში შეიქმნა გარკვეული რესურსი საინტერესო ტელეგაკვეთილების სახით, შალვა ტაბატაძე ამას პროექტის პოზიტიურ მხარედ აფასებს. თუმცა, ამბობს, რომ მისი გამოყენება შეიძლებოდა უფრო კარგად პანდემიის პერიოდში და შეიძლება მომდევნო პერიოდებშიც:

„ვფიქრობ, ტელესკოლა საინტერესო იყო მასწავლებელთა იმ ნაწილითვის, ვისაც წვდომა არ აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე – ანუ დაინახეს, როგორ შეიძლება უკეთესად წარმართო გაკვეთილები… მხარს ვუჭერ ამ პროექტის არსებობას. უბრალოდ, სასურველია მისი საგანმანათლებლო მნიშვნელობა უფრო სხვა კუთხითა და სხვა კონცეფციითაც განვითარდეს და არა ვთქვათ, როგორც მხოლოდ ტელეგაკვეთილები.

განათლების საკითხები დაემატოს, შესაძლოა უფრო ინოვაციური მიდგომები, უფრო მეტი ჩართულობა იყოს მასწავლებლების. მათ შორის იმის გაკეთება, თუ რა საჭიროებები აქვთ მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს. ამ პირობებზე მორგება. არა ის, რომ თბილისში რას ფიქრობენ, რა მიაწოდონ, არამედ ის, თუ რა სჭირდებათ რეალურად. ამ თვალსაზრისით ამ კონცეფციის განვითარება, ვფიქრობ, კარგი უნდა იყოს და არა მხოლოდ ის, რომ რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა აი, ეს მივაწოდოთ.“

გადაბეჭდვის წესი