მთავარი,სიახლეები

8 თუ 9 მაისი – როდის უნდა აღვნიშნოთ ნაციზმის დამარცხება?

26.04.2022 • 2814
8 თუ 9 მაისი – როდის უნდა აღვნიშნოთ ნაციზმის დამარცხება?

2022 წლის 8 მაისს ევროპა 77-ედ იზეიმებს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და ნაციზმის დამარცხებას. ერთი დღის შემდეგ, 9 მაისს, საქართველო რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად აღნიშნავს ნაციზმზე გამარჯვებას.

მოქალაქეთა ჯგუფი პეტიციით ითხოვს საქართველოს მთავრობამ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების თარიღი 9 მაისის ნაცვლად 8 მაისით შეცვალოს. ხელისუფლება დუმს.

„ბათუმელები“ ორ ისტორიკოსს ესაუბრა. ორივე ამბობს, რომ საქართველომ ევროპის მსგავსად ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისი უნდა გამოაცხადოს, რადგან ისტორიულად ეს თარიღია სწორი. თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა დროში, როდის უნდა შეიცვალოს თარიღი.

  • ისტორიული ფაქტი – როდის მოაწერა ხელი გერმანიამ კაპიტულაციაზე

1945 წლის 7 მაისს, ქალაქ რეიმსში, გერმანიამ, რომელსაც წარმოადგენდა ვერმახტის გენერალი ალფრედ იოდლი, ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას. დოკუმენტი ძალაში მეორე დღეს, 8 მაისს შევიდა.

საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იოსებ სტალინს სურდა ხაზი გაესვა ნაციზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლზე. ამიტომ, 8 მაისს, ბერლინში, საბჭოთა კავშირის შტაბ-ბინაში, 7 მაისს გაფორმებული კაპიტულაციის იდენტურ დოკუმენტს კიდევ ერთხელ მოეწერა ხელი.

1945 წლის 7 მაისი, გენერალი ალფრედ იოდლი ხელს აწერს უსიტყვო კაპიტულაციას. ფოტო: ვიკიპედია

გერმანიის მხრიდან უსიტყვო კაპიტულაციას ხელი ვერმახტის (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელწოდება 1935-1945 წლებში) გენერალ-ფელდმარშალმა, ვილჰემ კაიტელმა მოაწერა საბჭოთა კავშირის წინაშე. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით მეორე მსოფლიო ომში გერმანიის შეიარაღებული ძალების მოქმედება ოფიციალურად შეწყდა, 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე.

მოსკოვის დროით საბჭოთა კავშირში უკვე 9 მაისი იყო.

ვილჰემ კაიტელი ხელს აწერს უსიტყვო კაპიტულაციას. ფოტო: ვიკიპედია

მოკავშირეები – აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და ახლა უკვე უკრაინაც, ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები – რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო კი – 9 მაისს.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ რადგანაც ქართული სახელმწიფოს იდენტობა დასავლურია, სწორია ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნოს 8 მაისს.

  • რას ითხოვენ საქართველოს მოქალაქეები პეტიციებით

18 აპრილს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გაავრცელა პეტიცია, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღმნიშვნელი დღის შეცვლას ითხოვენ. პეტიციას 25 აპრილის მდგომარეობით 607 ხელმომწერი ჰყავს.

„რადგან რუსეთი ისტორიას და თარიღებს იყენებს ე.წ. „რუსული მსოფლიოს“ იდეოლოგიურ ინსტრუმენტად, მნიშვნელოვანია მკაცრად განვსაზღვროთ ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიციაზეა საქართველო, რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს.

საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს,“ – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

მსგავსი პეტიცია შეიქმნა 2019 წელსაც. პეტიციის ავტორები ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ითხოვდნენ თარიღის ცვლილებას.

  • რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა 9 მაისს საბჭოთა კავშირისთვის და აქვს – მისი მემკვიდრე, რუსეთისთვის

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან პირველი ოცი წელი, სანამ ტრავმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, გამარჯვების დღის აღნიშვნა პომპეზურად არ ხდებოდა.

ირაკლი ხვადაგიანი

ცივი ომის პერიოდში, 1965 წლიდან, ბრეჟნევის გადაწყვეტილებით 9 მაისი გამოცხადდა არასამუშაო დღედ და „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ აღნიშვნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ ყველა რესპუბლიკაში ზარ-ზეიმით დაიწყეს.

„1965 წლიდან ეს თარიღი უფრო და უფრო ჩნდება აგიტაცია-პროპაგანდის მთავარ იარაღად. ეს დღემდე ინერციით გრძელდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა ამ დღის აღნიშვნა 9 მაისს და არა 8 მაისს, მაშინ როცა დასავლეთი და მთელი მსოფლიო ევროპაში გამარჯვებას ზეიმობს ამ დღეს“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ 9 მაისი იყო საბჭოთა სახელმწიფოს იდენტობის სიმბოლო, როგორც თარიღი და დღეს არის პუტინის რუსეთის იდენტობის სიმბოლო.

„9 მაისი არის დღე, როცა იმპერიულ დიდებას წარმოაჩენდა საბჭოთა სახელმწიფო და დღეს იმავეს ცდილობს რუსეთის დღევანდელი იმპერია, როდესაც ატარებს აღლუმებს. პატიჟებს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს და აჩვენებს სამხედრო ძლიერებას.

დანარჩენი ცივილიზებული სამყარო ამ თარიღს აღნიშნავს 8 მაისს. და ჩვენ რა გვინდა? ვიყოთ საბჭოთა და შემდეგ პუტინის რუსეთის იდენტობის სიმბოლოს ნაწილი, თუ გვინდა, რომ ვიყოთ დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი? ძალიან მარტივია არჩევანი“.

  • აზრთა სხვადასხვაობა ისტორიკოსებში

ისტორიკოსი ბექა კობახიძე 2019 წელს შედგენილი პეტიციის ავტორთაგან ერთ-ერთია. სამი წლის შემდეგ მას განსხვავებული პოზიცია აქვს. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სახელმწიფოს იდენტობა არის დასავლური და ქვეყანა მიისწრაფვის დასავლეთისკენ, მართებული იქნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნოს 8 მაისს, მაგრამ სანამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ცოცხლები არიან, ეს თარიღი არ უნდა შეიცვალოს.

ბექა კობახიძე

„სწორია ასე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომის ვეტერანები, უკვე 77 წელია ამ დღეს აღნიშნავენ 9 მაისს. ჩვენ მათ ვერ ავუხსნით, იცით, რისთვისაც თქვენ იბრძოლეთ და ამდენი წელი აღნიშნავდით, ეს არის არასწორი თარიღი და სწორია 8 მაისი. ამას ვერ ავუხსნით 90 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის, ყველაზე ღირებული ამ თარიღში უნდა იყოს არა პოლიტიკა, არამედ ადამიანები.

მანამდე სანამ ერთი ომის ვეტერანი მაინც არის ცოცხალი, ვფიქრობ, რომ ეს დღე მაინც 9 მაისს უნდა აღვნიშნოთ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, მაგრამ მომავალში, ეს თარიღი უნდა შეიცვალოს და გადმოვიდეს 8 მაისს. მაგრამ არა მათ სიცოცხლეში,“ – ამბობს ბექა კობახიძე.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი კი ფიქრობს, რომ აღარ ღირს თარიღის ცვლილების გადადება.

„ცოტა ცივად და უხეშად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ იგივე ვეტერანების ნაწილს რომ ჰკითხოთ, ალბათ საბჭოთა კონსტიტუციის აღდგენასაც დაუჭერენ მხარს. მოლოტოვ- რიბენტროპის პაქტის არსებობასაც კი უარყოფენ. რასაც ვეტერანი ფიქრობს, ის დიდად არ უნდა იყოს სახელმძღვანელო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების დროს.

საზოგადოებასაც უნდა ესმოდეს, რომ მიუხედავად მათი დამსახურებისა, მათი საბრძოლო ღვაწლისა, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ინდულგენციაა, რითაც მათ შეუძლიათ განუსაზღვრონ მთელ საზოგადოებას რაღაც. მესმის, რომ ემოციურად ეს შეიძლება არ იყოს მისაღები ზოგიერთი მათგანისთვის,“ – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

  • უკრაინის რადა ნაციზმზე გამარჯვების დღის შეცვლას აპირებს

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. 19 აპრილს უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც საუბარია 9 მაისის ნაცვლად 8 მაისის აღნიშვნაზე, როგორც ნაციზმზე გამარჯვების დღეზე.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს უკვე ჰქონდა მსგავსი მომენტი, როცა თარიღის ცვლილება ნაკლებ მტკივნეული და გასაგები იქნებოდა ომის ვეტერანებისთვისაც, თუმცა მაშინ მმართველმა ძალამ პოლიტიკური ნება ვერ გამოიჩინა.

„უკრაინაში დღეს მიმდინარეობს ომი. ამ ვითარებაში, როცა მთელი ქვეყანა იბომბება და ეს შეეხო მათ შორის, ომის ვეტერანებსაც [იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ამ ომში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიც დაიღუპნენ], მე ვფიქრობ, რომ ომის ვეტერანებისთვისაც სიღრმისეულად გასაგებია ის ამბავი, რომ 9 მაისს რომ პუტინი აღნიშნავს წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, იმავე დღეს არ უნდა აღინიშნებოდეს ეს დღე კიევში.

საქართველოს წლების მანძილზე არ უწარმოებია საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი სამუშაო, რაც უმტკივნეულოს გახდიდა ამ თარიღის ცვლილებას და გასაგებს გახდიდა, მათ შორის, ომის ვეტერანებისთვისაც.

სამწუხაროდ, „საგანმანათლებლო როლი“ უკრაინაში ითამაშა რუსულმა რაკეტებმა. თუ ჩვენ გვინდოდა ამის გაკეთება, თარიღის ცვლილება, ამისი დრო იყო 2008 წლის შემდეგ, 2009 წლის 8 მაისიდანვე, უნდა გაგვეკეთებინა ეს და ამას წინ უნდა წასძღოლოდა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი სამუშაო. მაგრამ ახლა რომ ჩვენ პარლამენტის ერთი გადაწყვეტილებით ტექნიკურად შევცვალოთ ეს და დავაწესოთ 8 მაისი, მე მკითხველსაც დავუსვამ ამ კითხვას – რამდენად გასაგები იქნება ეს ომის ვეტერანებისათვის?!

მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ეს გასაგები“.

ისტორიკოსი თვლის, რომ თარიღის შეცვლას წინ უნდა უძღოდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ამ ტიპის ცვლილების განსახორციელებლად. მათ შორის, ცვლილება უნდა შევიდეს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში.

მთავარი ფოტო: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ბათუმში, გმირთა ხეივანში. 9 მაისი, 2016 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: