მთავარი,სიახლეები

ექიმმა გვითხრა, რომ „ზარინით“ ვართ მოწამლულები – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

14.04.2022
ექიმმა გვითხრა, რომ „ზარინით“ ვართ მოწამლულები – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქიმიური ნივთიერება „ზარინით“ არიან მოწამლულები და ამის შესახებ მათ ექიმმა დღეს განუცხადა. ნადიმ ხმალაძემ 5 აპრილს დაწერა: „რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი, ქიმიური მოწამლვა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში“.

„აქამდე მხოლოდ ჩვენი ვარაუდი გვქონდა, სიმპტომებიდან გამომდინარე და დღეს უკვე ექიმმა დაგვიდასტურდა, რომ ჩვენი მოწამვლა გამოიწვია ნივთიერება „ზარინმა“, რომელიც სხვა ნივთიერებასთან იყო ასევე ნარევი. თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალურ დასკვნას არ გვაძლევენ“, – გვითხრა ნადიმ ხმალაძემ.

უკრაინაში წასული 57 წლის მებრძოლის თქმით, როცა გოსტომელში იმყოფებოდნენ, მაშინ იგრძნეს თავი ცუდად. „იქ ორი მებრძოლი იმ დღეს დაიღუპა, როცა მოვიწამლეთ. ჩვენი 14-კაციანი ჯგუფიდან კი მხოლოდ 6 ადამიანს გვქონდა მოწამვლის სიმპტომები. 5 დღის განმავლობაში ჰოსპიტალში ვიწექით. ეს სიმპტომები მაინც არ წავიდა, ახლაც ცუდად ვგრძნობ თავს, ამიტომ გვითხრეს, რომ ისევ უნდა გავაგრძელოთ ჰოსპიტალში მკურნალობა“.

ნადიმ ხმალაძის თქმით, მას აღენიშნება თვალების წვა, კუჭის ტკივილი, სიმწარის შეგრძნება ყელში.

„ვაჟა ცეცაძეს სტკივა შიდა ორგანოები. დღეს უნდა გადაგვიყვანონ ჰოსპიტალში, რაზეც ცეცაძე გვეწინააღმდეგება, მაგრამ იძულებით უნდა წავიყვანოთ“, – გვითხრა ნადიმ ხმალაძემ.

ვაჟა ცეცაძე უკრაინაში, კონკრეტულად კი ქალაქ ირპინთან იბრძოდა.

____

ზარინი არის უფერო, უსუნო ქიმიური სითხე, რომელიც ნერვიული აგენტების რიცხვშია, რის გამოც ის გამოიყენება ქიმიურ იარაღად.  მისი მცირე დოზით შესუნთქვაც კი იწვევს ადამიანის დაღუპვას.

2018 წელს ნერვული აგენტით რუსებმა მოწამლეს ყოფილი ჯაშუში და მისი შვილი სკრიპალები. ის, რომ სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს, დაადასტურა ბრიტანეთის პოლიციამაც.

ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას. ნერვულ აგენტს განეკუთვნება ცნობილი საწამლავი ზარინის გაზი, რომელიც ბოლო წლებში სირიაში არაერთხელ გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

____

აქ წაიკითხეთ ინტერიუ ნადიმ ხმალაძესთან:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/398549/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: