ნეტგაზეთი • RU

„არიან ჯარისკაცები, ვინც ოჯახის გამო წუხს, მაგრამ არა მე“ – აზოვის პოლკის ოფიცრების პრესკონფერენცია 

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში თავშეფარებულმა მებრძოლებმა დღეს, 8 მაისს, პრესკონფერენცია გამართეს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლს 24 თებერვლის შემდეგ იცავენ, ბლოკადაში არიან. რუსეთის შეიარაღებული ძალები განუწყვეტლივ ბომბავს აზოვსტალის ტერიტორიას.

პრესკონფერენციის ტრანსლაცია უკრაინულმა გამოცემა „Hromadske“-მ უზრუნველყო.  ჟურნალისტების კითხვებს „აზოვსტალის“ ბუნკერიდან აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და დაზვერვის ოფიცერი ილია სამოილენკო პასუხობდა.

ილია სამოილენკო დაადასტურა ღალატის ამბავი და თქვა, რომ რუს სამხედროებს „აზოვსტალის“ რუკები ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა.

სამოლიენკოს თქმით, გარდა სამხედროებისა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სხვადასხვა გვირაბებში, სავარაუდოდ ისევ არიან სამოქალაქო პირები.

„ზოგი გვირაბი ჩამონგრეულია და ხალხის გადასარჩენად ნანგრევების გათხრა გვიწევს. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ არ ვართ გაწვრთნილები მაშველებად, არ გვაქვს შესაბამისი ტექნიკა და გვიჭირს ამის კეთება. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა გადავარჩინოთ,“ – თქვა ილია სამოლიენკომ.

კითხვაზე, თუ აქვს კონტაქტი საკუთარ ოჯახთან, სამოლიენკომ თქვა, რომ ოჯახს ყოველდღე ელაპარაკება და ისინი კარგად არიან.

„მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე მათთან კონტაქტი არ არის უმთავრესი საზრუნავი. მე ჩვენს დანაყოფზე და ბრძოლაზე ვღელავ ყველაზე მეტად. არიან ჯარისკაცები, რომლებიც ოჯახის გამო ყველაზე შეწუხებულები არიან, მაგრამ არა მე,“ – თქვა დაზვერვის ოფიცერმა.

მორიგი კითხვა დაჭრილებს შეეხებოდა. რამდენი დაჭრილი ჯარისკაცი გყავთ და რამდენი დაიღუპა შესაბამისი სამედიცინო დახმარების არ არსებობის გამო? – ჰკითხეს მას.

„ჩვენი ექიმების წყალობით ბრძოლის ველზე დაჭრილი და საველე ჰოსპიტალში გადმოყვანილი მებრძოლების 95% გადარჩა. ასობით არიან, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ისინი იღუპებიან ოპერაციის თუ პირველადი დახმარების შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესში, ისეთი თანმდევი დაავადებებისგან, როგორიცაა მაგალითად პნევმონია. ასევე ჩვენ არ გვაქვს სამედიცინო აღჭურვილობა, რაც საჭიროა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მსგავსი ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა, დიდი ნაწილი კი არც არასდროს გვქონია. ასე რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაჭრილების ევაკუაცია“, – თქვა კითხვის პასუხად ილია სამოილენკომ.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა აზოვის პოლკს რუსი სამხედრო ტყვეები „აზოვსტალში“ და რამდენი, სამოილენკომ უპასუხა, რომ რამდენიმე ჰყავდათ და გაცვალეს.

„ისინი ძირითადად იღუპებიან ან იჭრებიან რუსული ბომბებისგან, ამიტომ ბევრი ტყვე არ გვყავს,“ – თქვა ილია სამოლიენკომ.

მისივე თქმით, „აზოვსტალში“ არიან ქალი სამხედროებიც და ისინი კარგად უმკლავდებიან იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც არიან.

ჟურნალისტებმა დაზვერვის ოფიცერს ჰკითხეს, თუ რომელ ქვეყანას მიმართავენ ევაკუაციისთვის და ვისგან ელიან დახმარებას.

„ახლა ვხედავთ, რომ ბევრი პეტიცია ვრცელდება ჩვენი გადარჩენის მოთხოვნით. ადამიანებს სურთ დაგვეხმარონ, მაგრამ არ იციან როგორ. სინამდვილეში ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დახმარება, გარდა რუსეთის და მისი მოკავშირეებისა. ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მოგვცეს ევაკუირების პროცესში უსაფრთხოების გარანტია. მნიშვნლობა არ აქვს, რომელი ქვეყანა იქნება ეს“, –  უპასუხა ილია სამოილენკომ.

ილია სამოილენკოს თქმით, „აზოვსტალის“ მებრძოლები ხედავენ უპრეცედენტო  საინფორმაციო მხარდაჭერას მსოფლიო მედიაში, უხარიათ, რომ ხალხი მათ ცნობს და ენდობა.

„ჩვენ მარიუპოლში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მეომრები ვართ და მიჩვეული ვართ პრობლემების გადაწყვეტას ბრძოლის ველზე. ესაა ჩვენი საქმე. დანარჩენი პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლების საქმეა და მათ ვენდობით. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს, ხელისუფლების დახმარება, ვხედავთ ხალხის და მედიის უდიდეს მხარდაჭერას, განცხადებებს მედიაში და მადლიერები ვართ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რეალური ნაბიჯები.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, დარწმუნებული ვარ არავინ ელოდა, რომ ამდენ ხანს გავძლებდით, მაგრამ ჯერ კიდევ ვიბრძვით… ჩვენ გვესმის, რომ მთელ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და არ ვცდილობთ ფოკუსის ჩვენზე გადმოტანას, მიუხედავად ამისა ჩვენ შევაჩერეთ მტრის დიდი ძალა და ვწევთ დიდ წინააღმდეგობას. ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, რაც ქვეყნის დაცვაა,“ – თქვა ილია სამოილენკომ.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ოპერაცია: დაჭრილების  და დანარჩენი სამხედროების ევაკუირება.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელ ქვეყანაში სურთ ევაკუაცია, მესამე ქვეყანაში თუ უკრაინაში, დაზვერვის ოფიცერი ილია სამოილენკო ამბობს: „იდეალურ მდგომარეობაში უკრაინაში დარჩენა გვირჩევნია, მაგრამ არჩევანის პოზიციაში არ ვართ. ასე რომ ნებისმიერ ვარიანტზე, რაც უსაფრთხო იქნება, თანახმა ვართ. რადგან ერთხელაც დასრულდება ომი და რუსული არმიის ის წარმომადგენლები, როლებიც ომის დანაშაულებს სჩადიან გასამართლდებიან, ჩვენ კი ამ პროცესში აუცილებლად შევიტანთ ჩვენს წვლილს“.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა არის ყველაზე მძიმე ბრძოლის დროს, ილია სამოილენკომ თქვა, რომ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილის ნახვა: „როდესაც ტანკიდან ესვრიან, სამოქალაქო ადამიანებს. ადამიანს უმიზნებენ და ესვრიან მაგალითად გრადებს. ეს ამ ადამიანს ანადგურებს, მისი სხეულის ნაწილები ფრინავს ჰაერში. და შენ, შორიდან ვერაფერს აკეთებ. ეს და კიდევ ბევრი ბინძური რამ ხდება ომში, რაც რთული გასაგებია. ამიტომ მესამე მხარის ტერიტორიაზე გადაყვანაზეც თანახმა ვართ. მეორე მხრივ რუსებს შეუძლიათ დაგვხოცონ და, უბრალოდ, მორჩეს. რაც საფრთხეა უკრაინის და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის… მაგრამ გვჯერა, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ამას არ დაუშვებენ. თქვენი საინფორმაციო მხარდაჭერის იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ითამაშონ მესამე მხარის, მედიატორი როლი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან