აფხაზეთიდან დევნილებს გვადარებენ რუსეთიდან გამოქცეულებს – ეს ჩვენთვის ჭრილობაზე მარილია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის შემდეგ 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის მერე ადგილობრივებმა სვანეთის უღელტეხილის გავლით მიაღწია სამშვიდობოს. უღელტეხილზე  ასობით ადამიანი დაიღუპა თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით.

29 წლის შემდეგ, სოხუმიდან დევნილი ია კვაშილავა წამოსვლის ისტორიას იხსენებს. მაშინ 13 წლის იყო. ომის პირველი დღეც ახსოვს. პურის რიგში იდგა, როცა ავტომატის ჯერი რამდენჯერმე გაისროლეს, ხალხი გონს ვერ მოეგო, ვერ მიხვდნენ, უბრალოდ ვინმემ გაისროლა, თუ რამე უფრო სერიოზული დაიწყო.

ია კვაშილავას მონათხრობი:

პურის მაღაზიიდან სახლში დავბრუნდი და ვთქვი, ომი დაიწყო-მეთქი. გაოგნებულები მიყურებდნენ. ჩათვალეს, რომ რაღაც დაჯგუფებამ გაისროლა. მერე ომი მართლა დაიწყო. ჩვენი სახლის უკან, მთაზე სასროლი დანადგარები იყო დამონტაჟებული. ამ მთას ესროდნენ, ჩვენ კი ვითომც არაფერი, ვიყავით სახლში და ხან მეორე სართულზე ავდიოდით, ხან დაბლა ჩამოვდიოდით.

27 სექტემბერი იყო, სოფელ მერხელში წავედით. ეს იყო სოხუმის შემდგომი სოფელი, საიდანაც მერე უკვე გზა პირდაპირ სვანეთისკენ გრძელდებოდა. ვიცოდით, რომ მთელი სოხუმის მოსახლეობა ამ სოფელში იყო თავმოყრილი. ველოდებოდით დამაიმედებელ ინფორმაციას. ვერ ვიჯერებდით, რომ ქალაქი ოკუპირებული იყო და საშინელება გველოდა.

ჯარისკაცები გვეუბნებოდნენ: წადით, დატოვეთ სახლები, ქალები და ბავშვები მაინც წაიყვანეთო. ბიძაჩემს დიდი სატვირთო მანქანა ჰყავდა, მისაბმელიანი.

მორჩა, ჩაალაგეთ, რაც გჭირდებათ და გავდივართო – ბიძაჩემმა თქვა.

ქალები და ბავშვები ვიყავით ძირითადად. ჩავყარეთ ნივთები. რაც ხელში მოგვხვდა, გააზრებულად არაფერი წამოგვიღია, როცა გადმოვაღწიეთ სვანეთიდან გავხსენით ჩანთები. იქ იმდენი არასაჭირო ნივთი იყო… ქსოვილები, საზაფხულო ტანსაცმელი, არადა შემოდგომისპირი იდგა, წინ ზამთარი გველოდა. გვეგონა მოვდიოდით მაქსიმუმ ორი, სამი დღით. ვფიქრობდით გზად დაგვეწეოდა ამბავი და გვაუწყებდნენ, რომ ომი დასრულდა, მოლაპარაკება დაიწყო და ჩვენ შევძლებდით სახლში დაბრუნებას.

მალე ავტომობილით შეუძლებელი გახდა გზის გაგრძელება. ცუდი გზა იყო, ტალახი, აღმართები. მანქანას მისაბმელი ნაწილი მოხსნეს, მძღოლი ბიძაჩემი იყო, მანქანაში მისი შვილი და ხუთი დღის შვილიშვილი იყო. მისაბმელზე მე ვიყავი და ჩვენი ნათესავები, მეზობლები.

ჩვენი გზა 15 დღე გრძელდებოდა. ციოდა სვანეთის უღელტეხილზე, ხან წვიმდა. ბავშვებს თითქმის წელამდე გვწვდებოდა ტალახი.

საშინელებები გვხვდებოდა გზადაგზა, გვამები, ბავშვები, სისასტიკე… ემოციებისგან დაცლილი ხალხი…

ერთ რამეს ვიხსენებ სულ. ცეცხლთან ვისხედით და გზად ჩამვლელმა ჯარისკაცმა გვთხოვა ჩვენთან ღამე გაეთია, რა თქმა უნდა, დავთანხმდით, ქალებმა ჰკითხეს, როგორც ჯარისკაცს, რახან ჩვენზე მეტი რამ იცოდა, სავარაუდოდ რას ფიქრობდა, როდის სრულდებოდა ეს ყველაფერი, როდის შევძლებდით ისევ დაბრუნებას. ახლაც მახსოვს რა გაფაციცებით ველოდი ჯარისკაცის სიტყვებს. როგორ შევცქეროდი.

კაცმა თვალები დაბლა დახარა და თქვა: ალბათ ათი წელი მაინც ვერ დავბრუნდებით სოხუმშიო. ქალებს შეეცოდათ ეს კაცი. ამბობდნენ, შეიშალა საწყალი, კონტუზია აქვს ალბათ, არ არის თავის ჭკუაზეო.

ასე დაუჯერებლად ჟღერდა მაშინ სოხუმის დაკარგვა. არ დავიჯერეთ 10 წელი. თუმცა აგერ უკვე 30 წელი სრულდება და სოხუმი ისევ დაკარგულია…

მერე სვანეთის ტყის ნაწილი დასრულდა და უდაბნოს ნაწილი დაიწყო. საკმაოდ რთული იყო, მიდიოდი სიმაღლეზე, სადაც მიწა მტვრად იყო ქცეული და წინ მიმავალი ადამიანის მტვერი სახეში გეყრებოდა.

13 წლის ვიყავი. ჩვენი საახლობლო წრე ალბათ თხუთმეტიოდე ადამიანისგან შედგებოდა, ჩამოვრჩი მათ და წინსვლის ნაცვლად ფეხი უკან მისრიალებდა, ვერც ვთქვი მიშველეთ ან ხელი ჩამჭიდეთ-მეთქი, ხმას ვერ ვიღებდი.

ჩვენი ოჯახის ერთი ახლობელი კაცი იყო, თავის ბებიას მოჰყვებოდა და ჩვენთან ერთად გამოვიდა სოხუმიდან. საშველად არავისთვის დამიძახია, მაგრამ ამ კაცმა მოიხედა შემთხვევით უკან და ხელი გამომიწოდა, ამომქაჩა, ხრამში ჩასრიალებისგან გადამარჩინა.

უღელტეხილის თითქმის მწვერვალზე ვიყავით, როცა ვერტმფრენი დავინახეთ. შეგვნიშნეს, ჩვენკენ მოფრინავდნენ დასახმარებლად. მახსენდება, ჩემი 37 წლის ბიცოლა გაიძახოდა, მე არ წავალ, არსად წავალ, ვერ დაგტოვებო. ბიძაჩემს, თავის ქმარს ეუბნებოდა. ბიძაჩემი არწმუნებდა რომ უნდა წასულიყო  შვილთან და შვილიშვილთან ერთად.

ჩამოგვიყვანა ვერტმფრენმა, თავი რაღაც კლუბის შენობას შევაფარეთ. ძალიან ციოდა, შენობაში ცეცხლი ენთო, ყველაფერი იკვამლებოდა. ყველას იატაკზე გვეძინა. ვიღაცები წაკამათდნენ, ერთმა კაცმა დიდ ჭურჭელს, რაშიც ცეცხლი ენთო, ფეხი ჰკრა. ლითონის საშინელი ხმა იყო, ბიცოლაჩემმა თავი ცუდად და სწრაფად წამოწია, შვილი და შვილიშვილი მოიკითხა, სოფო და ბავშვი სად არიანო – დაიძახა.  მერე იქვე დაეცა მოწყვეტით, გონება დაკარგა. ბნელოდა, ვერ ვხვდებოდით რა მოხდა.

მე და ჩემხელა, 13 წლის ბიძაშვილი გარეთ გავვარდით და ვყვიროდით, დაგვეხმარეთ! დაგვეხმარეთ-მეთქი.

იქვე სადღაც წითელი ჯვრის მანქანა დადიოდა. შემოვიდნენ კლუბში, მაგრამ ბიცოლაჩემი უკვე გარდაცვლილიყო. 37 წლის ქალი.  ორი დღის შემდეგ ბიძაჩემიც ჩამოვიდა. მეუღლე ცოცხალი აღარ დახვდა.

მე და დედაჩემი დავრჩით მარტო. ჩემი 18 წლის ძმა აფხაზეთში დავტოვეთ, ბებია-ბაბუას ვერ დავტოვებო, მამაც იქ იყო. ძმაზე გვეუბნებოდნენ, რომ ტყვედ ჩავარდა, ნათლიაჩემსა და ბიძაჩემზეც იმავეს ამბობდნენ. მერე გავიგეთ, რომ ჩემი ძმა მართლა სომეხმა ბოევიკებმა დაატყვევეს.

ბიძაჩემი და ნათლიაჩემიც იყო აყვანილი ტყვედ. ზოგი გვეუბნებოდა, რომ აფხაზებს შეეწირა, ზოგი ამბობდა, რომ ცოცხალია და ბებია-ბაბუას იცავდა.

ჩემი ძმა ახლა რომ ჰყვება ტყვეობის ამბავს ვერ ვიჯერებ, ნუთუ ეს მართლა მოხდა-მეთქი, ვფიქრობ.

უცხო მამაკაცი ახლდათ თურმე. უბრალოდ, ფეხით გადმოდიოდა მათთან ერთად, შეეკედლა ჯგუფს და სამხედრო ზედა ეცვა.

სომეხი ბოევიკები ჩაეჭიდნენ ამ კაცს და აიძულებდნენ, გაგვიმხილე, რომლები არიან ამათგან მებრძოლებიო. მებრძოლებს შორის იყვნენ მამაჩემი, ბიძაჩემი და ჩემი ძმაც.

ნაკუწ-ნაკუწ, ცოცხალს მოაჭრეს თურმე ალაგ-ალაგ ხორცი ჩემი ძმის თვალწინ და ნახევრად ცოცხალი ხრამში გადააგდეს. ამ ბიჭს არცერთი მეომარი არ დაუსახელებია.

დღეს გავრცელდა კადრები, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს ადარებდნენ რუსეთიდან გამოქცეულ ხალხს ლარსზე, ეს ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის ჭრილობაზე მარილის მოყრასავითაა.

გული მწყდება ჩვენს საზოგადოებაზე, რადგან ჩვენ არ აღგვიქვამდნენ როგორც ადამიანებს, რომლებმაც საშინელება გამოიარეს. ვიყავით უბრალოდ „დევნილები“. არავინ ინტერესდებოდა, რა მოხდა, რა გავიარეთ, ყველა უბრალოდ გვეკითხებოდა – თქვენ დევნილი ხართ? მთელი ამხელა ტრაგიკული ამბების შემდეგ.

როცა ვხედავ რუსები როგორ მორბიან… მათ მიწას არავინ ართმევს და მაინც გამორბიან. ჩვენ კი აფხაზეთიდან ძალით გამოგვდევნეს. ჩვენივე თანამოქალაქეები გვეუბნებოდნენ: რატომ თოხებით და ბარებით არ დაიცავით თქვენი მიწა, რატომ არ დარჩით იქვეო. ახლა მე ვეკითხები ქართულ საზოგადოებას, გაბედავენ და ჰკითხავენ იმავეს რუსეთიდან გამოქცეულ დეზერტირებს? ჰკითხავენ თამამად, რატომ არ რჩებიან რუსეთში და რატომ არ იცავენ თავიანთ ღირსებას სამშობლოში ბარებით?

თავიდან აფხაზეთის თემა და მოლაპარაკებები აქტუალური იყო, ახლა აღარ. ამას აფხაზეთიდან დევნილი ყველა ადამიანი გრძნობს.

ჩვენი ამბების მსმენელი საქართველოში უკვე აღარ არის…“

სოლოვიოვი ითხოვს დახვრიტონ კომისრები, რომლებიც ომში გაწვევისას შეცდომებს უშვებენ

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის 26 სექტემბრის თოქ-შოუში რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების, Russia Today-ს და Sputnik-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსეთში, მობილიზაციის ფარგლებში, ცალკეული სამხედრო კომისრების შეცდომების გამო ომში ასაკოვან და ისეთ ადამიანებსაც იწვევენ, ვისაც მობილიზაცია არ ეხება.

შოუს წამყვანმა, სოლოვიოვმა, ეთერში განაცხადა, რომ ასეთი სამხედრო კომისრები საჯაროდ უნდა დახვრიტონ.

მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ არაკეთილსინდისიერი სამხედრო კომისრების მიერ დაშვებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს, რათა ხალხი არ გაანაწყენონ.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირველი ტალღა [მობილიზაციის] შეეხება 35 წლამდე რიგითებს, მეთაურებსა და ლეიტენანტებს, მაგრამ გაჩვენოთ რამდენი ასეთ უწყებას უგზავნიან 45-43 წლის ადამიანებს?” – თქვა მან.

„შეიძლება რომ დავხვრიტოთ ისინი?“ – იკითხა ვლადიმერ სოლოვიოვმა, – „მე მომხრე ვარ, უბრალოდ საჯაროდ გამოვიყვანდი რამდენიმე ასეთ სამხედრო კომისარს, განსაკუთრებით ერთ „ჭკვიანს“ ნოვოსიბირსკიდან… აი, უნდა აიყვანო ეს სამხედრო კომისარი ყურით და დონბასში წინა ხაზზე გაუშვა… ნიჩაბი მისცე და ჩაიმარხოს იქ თავი. იქ მისგან უფრო ნაკლები ზიანი იქნება” – თქვა წამყვანმა.

მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ მათთან, საინფორმაციო სააგენტოებში, მობილიზაციასთან დაკავშირებით ათასობით მიმართვა მიდის იმ ადამიანებისგან, ვინც ოფიციალურად არ შედის მობილიზაციის კატეგორიაში, მაგრამ უწყება მაინც მიუვიდათ.

რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ უწყება გაწვევის შესახებ არა მხოლოდ რეზერვისტებს მისდით.

დღეს, 27 სექტემბერს, რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მობილიზებული ადამიანების ნაწილი ომში წასვლამდე არც თეორიულ და არც პრაქტიკულ წვრთნებს არ გადის.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. დაღესტანში აქციები გაიმართა, სადაც მობილიზაციას აპროტესტებდნენ, ათი ათასობით ადამიანმა, ვისაც მობილიზაცია ეხება, დატოვა რუსეთი და სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, მათ შორის საქართველოშიც.

რატომ არ მოსწონს მოზარდს, როცა მის ცხოვრებაში ზედმეტად ვერევით – რჩევები მშობლებს

მოზარდობის, ე.წ. თინეიჯერობის წლები ზრდასრულობისკენ გარდამავალი ეტაპია. ამ დროს მოზარდებს მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა ამ პერიოდში უფროსები ხშირად უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომლებიც კიდევ უფრო ართულებენ მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას.

ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ შვილის მოზარდობის ასაკი მშობლებისთვისაც კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს.

  • მოზარდობის ასაკში ბავშვები დიდი გამოწვევების წინაშე დგებიან, მაგრამ რა გამოწვევის წინაშე დგება მშობელი ამ დროს?

ზოგადად მშობლებს ძალიან უჭირთ გამოეთხოვონ თავიანთი შვილების ბავშვობას და უჭირთ თვალი გაუსწორონ იმას, რომ მათი შვილები იზრდებიან, დამოუკიდებლები ხდებიან, შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, განვითარება, რაღაც პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა და ა.შ., ანუ შეუძლიათ მშობლებისგან დამოუკიდებლად, სრულფასოვანი არსებობა.

ეს ცოტა არალოგიკურადაც ჟღერს, მაგრამ ასეა, მშობლებს უჭირთ გამოეთხოვონ თავიანთი შვილების ბავშვობას და მათზე დამოკიდებულებას, ამიტომ ეს კრიზისი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც ეხებათ, შესაბამისად ეს მშობლების კრიზისული ასაკიც არის.

მშობლები მიჩვეულები არიან, რომ სწორედ ისინი ზრუნავენ სრულად თავიანთ შვილებზე დაბადებიდან, იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ბავშვი იზრდება და მას ნელ-ნელა უყალიბდება უნარ-ჩვევები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, მიხედოს საკუთარ თავს და გაიზარდოს. 

ზოგჯერ მშობელს უჭირს შეამჩნიოს როდის დადგა დრო, როცა ბავშვს თავად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და რომ მშობლის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში ძველებური სიხშირით და ინტენსივობით აღარ არის საჭირო. ამიტომ ხდება, რომ მშობლები ხშირად ცდილობენ ისევ ჩაერიონ მოზარდების პრობლემებში, თვითონ მოაგვარონ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – დაუკაკუნებლად შევიდნენ მათ ოთახებში, შეიჭრნენ შვილების პირად სივრცეში ისე, რომ არც კი ჰკითხონ ნებართვა თავიანთ მოზარდ შვილებს.

ნებისმიერი სირთულის დროს, უმჯობესია მშობელი თავად კი არ ჩაერიოს ამ პრობლემის მოგვარებაში, არამედ ჰკითხოს მოზარდს, თვითონ როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარების გზას, რაში ჭირდება მას დახმარება და შვილთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება მომდევნო ქმედების შესახებ.

  • მოზარდების მშობლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ შვილის პირადი ცხოვრების შესახებ ყველაფერი უნდა იცოდნენ. როგორ დავიცვათ ზღვარი და არ დავარღვიოთ შვილის პირადი სივრცე?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დრო, როცა ბავშვი გამოეყოფა მშობლებს, ამ დროს თითქოს უხილავი ჭიპლარი გაიჭრება ხოლმე მშობელსა და შვილს შორის. ის, როგორც ზრდასრული ადამიანი, ისე იწყებს არსებობას – ჯერ არის ზრდასრული, თუმცა იწყებს.

ის ექსპერიმენტირებს და ამას იწყებს პირველ რიგში იმით, რომ აშენებს ავტონომიას მშობლისგან, ვისზეც აქამდე იყო დამოკიდებული. 

დაბადებიდან რამდენიმე ასეთ გამოყოფას ახორციელებს ბავშვი და ეს არის ერთ-ერთი საბოლოო გამოყოფა.

ეს ავტონომია არა მხოლოდ ემოციური და წარმოსახვითია, არამედ ფიზიკურიც. მას უკვე აღარ მოსწონს, როცა მის ოთახში შევდივართ, მის ნივთებს ხელს ვკიდებთ, მის ცხოვრებაში ვიქექებით, ვხვდებით მის მეგობრებს და ვკითხულობთ მის ამბავს.

ამ ავტონომიის აშენების მცდელობას ჩვენ უნდა ვცეთ პატივი, რადგან ეს არის განვითარების ეტაპი – ნორმალური, ადეკვატური განვითარების ნიშანი. ეს ასეც უნდა ხდებოდეს, ადამიანი უნდა გამოეყოს მშობელს და დაიწყოს სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრება, გაუჩნდეს პასუხისმგებლობის განცდა, დაიწყოს საკუთარ თავზე ზრუნვა და ა.შ. 

თუმცა იმისთვის, რომ მოვახდინოთ სხვადასხვა საშიში ქცევის პრევენცია, ჩვენ მასთან ერთად უნდა ვიყოთ.

ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში უნდა დავიწყოთ მასთან ადეკვატური, სწორი ენით საუბარი, რომ კონტაქტი გვქონდეს და ამ ასაკში უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობა, სადაც ბავშვმა იცის, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებთანაც ნებისმიერ თემაზე საუბარი შეუძლიათ; ჩვენ არ ვსჯით იმის გამო, რასაც ის ფიქრობს; ჩვენ არ უარვყოფთ მას, რასაც არ უნდა აკეთებდეს; რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას – ის მაინც ჩვენი შვილია, გვიყვარს და მიღებულია. მას ამის გარანტია უნდა ჰქონდეს.

შესაბამისად, შვილი კი მოგვშორდება ცოტათი, მაგრამ ვინარჩუნებთ მის ნდობას და თუ ის რაღაც გაუგებრობაში, სახიფათო გარემოებაში მოხვდება, ის ჩვენთან მოვა და არ დაიწყებს სხვა ადამიანის ძებნას დახმარებისთვის.

  • როგორი უნდა იყოს უფროსების რეაქცია, როცა მოზარდი აკეთებს იმას, რაც დაუშალეს და როგორ უნდა დაითანხმონ უფროსებმა მოზარდები გარკვეული წესების შესრულებაზე? 

დასჯა [რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ფიზიკურ დასჯას] დღევანდელი პოზიტიურ მშობლობაში გამოიყენება, მაგრამ ის აუცილებლად შევსებულია წახალისებით.

ჩვენ ვიყენებთ წახალისებისა და დასჯის მეთოდს, სადაც ითვლება, რომ წახალისება დაახლოებით ოთხჯერ მეტი მაინც უნდა იყოს, ვიდრე სასჯელი. ამ მეთოდს ჩვენ დაბადებიდანვე ვრთავთ აღზრდაში და ბავშვი უკვე მიჩვეულია, რომ როდესაც რაღაც აკრძალულს აკეთებს, ამისთვის იღებს სასჯელს – მაგალითად, ჩამოერთმევა პლანშეტი, იმ დღეს ვეღარ წავა გასართობ ცენტრში და ა.შ. ხოლო როცა კარგ, სასურველ ქცევას ახორციელებს, ჩვენგან იღებს ჯილდოს შექების, მოფერების ან თუნდაც საჩუქრის სახით. 

მშობლები ხშირად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ გააკონტროლონ მოზარდი ან სასურველი ქცევა მიიღონ ბავშვებისგან, შესაძლოა ხანდახან მოსყიდვასაც ჰქონდეს ადგილი, ანუ ფული შესთავაზონ იმისთვის, რომ მან რაღაც გააკეთოს ან სადღაც არ წავიდეს. როცა მშობლები მოზარდისგან ვერ იღებენ ისეთ ქცევას, როგორიც მათ სურთ, ზოგჯერ სასჯელს და უკიდურეს ზომებსაც მიმართავენ.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსყიდვით და ფიზიკური სასჯელით ვერც არასწორი ქცევის შეჩერება მოხდება და არც პოზიტიური, სასურველი ქცევის წახალისება. ასე ბავშვს მხოლოდ იმას ვასწავლით, რომ რაღაც გააკეთოს, რათა ფული მიიღოს, ან რაღაც არ გააკეთოს იმიტომ, რომ ეშინია ჩვენი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წესები, რომელიც დაბადებიდანვე ჰქონდათ დაწესებული (რუტინული წესები, მაგალითად: ხელების დაბანა, კბილების გამოხეხვა და ა.შ.) მოზარდებთან, ასაკის შესაბამისად განახლდეს. მაგალითად – სახლში მოსვლის დრო. სასურველია, გადაწყვეტილება იმაზე, თუ რომელ საათამდე იქნება მოზარდი გარეთ, მშობელმა და ბავშვმა მიიღონ ერთად. 

ერთად მიღებულ გადაწყვეტილებას და დაწესებულ წესებს უფრო მეტად სცემს პატივს ბავშვი, ის ცდილობს უფრო შეასრულოს ასეთი პირობა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

მაგრამ თუ მაინც ირღვევა ეს პირობა, მოზარდი შესაბამისად იღებს სასჯელს, რა თქმა უნდა, არა ფიზიკური სახით. ასევე, სასჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგრძნობინებდეს იმას, რომ ის აღარ არის სასურველი. სასჯელი შეიძლება შემოიფარგლოს რაღაც შეზღუდვით – სადღაც აღარ გაშვებით, რაღაცის აღარ ყიდვით, რაღაცის აღარ მიცემით, რაღაცაზე ნების აღარ დართვით. წახალისება კი უნდა იყოს რამდენჯერმე უფრო მეტი. 

როცა რუსეთი შეიძლება თავს დაგვესხას, რამდენად გამოდგება ფინური მოდელი – ინტერვიუ 

„ყოვლისმომცველი“ – გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა ამ ტერმინზე ამახვილებს ყურადღებას უსაფრთხოების ე.წ. ფინეთის მოდელზე საუბრის დროს. ეს ტერმინი წერია ყველაზე ხშირად ამ დოკუმენტებშიო, გვიხსნის და დაკვირვებასაც გვიზიარებს: „მთავარია, სახელმწიფოს რესურსის მაქსიმალური ჩართულობა და მოცემულობის შექმნა, როცა სახელმწიფოს უსაფრთხოების მზადყოფნის სამსახური პრესტიჟის საქმეა.“

რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური სამხედრო მომზადება იმ დროს, როცა იცი, რომ რუსეთი შეიძლება თავს დაგესხას? – „პუტინს რომ სცოდნოდა უკრაინაში ასეთი დანაკარგები ექნებოდა, არ დაიწყებდა ამ ომს. თავდამსხმელმა უნდა დაინახოს, რომ შესაძლოა მისი რესურსი არის უპირატესი, მაგრამ თუ თავს დაგესხმება, ისე ვერ იქნება საქმე, როგორც მას სურს. მან უნდა იცოდეს, რომ ეს ძალიან ძვირი დაუჯდება,“ – თავდაჯერებულობა ეტყობა გადამდგარ გენერალს და იქვე ფინეთის ისტორიას იხსენებს, კონკრეტულად კი, 1939 წელს, როცა ასევე მცირერიცხოვანმა ფინეთმა მრავალრიცხოვანი რუსეთის შეჩერება შეძლო.

„ბათუმელები“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

  • ბატონო გიორგი, როგორ შეიქმნა უსაფრთხოების ე.წ. ფინური მოდელი და რა არის ამ კონცეფციის მთავარი პრინციპი? 

ფინეთში და ასევე სკანდინავიის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების მოდელები ძირითადად შეიქმნა ცივი ომის პერიოდში. ისინი დაფუძნებული იყო ტოტალური თავდაცვის პრინციპზე, რაც გულისხმობდა სახელმწიფოს ყველანაირი რესურსის აქტიურ გამოყენებას თავდაცვისათვის, რისთვისაც მომზადება იწყება მშვიდობიან პერიოდში.

ამჟამად, ამ ქვეყნების უსაფრთხოების დოქტრინალურ დოკუმენტებში „ტოტალური თავდაცვის“ ნაცვლად უფრო გამოიყენება ტერმინი„ყოვლისმომცველი მიდგომა“ [comprehensive approach]. აქ ძირითადი პრინციპია სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და პერსონალური რესურსის, მასობრივად ბევრი ადამიანის ჩართვა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, იმის გააზრება, რომ სახელმწიფოს დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ.

ასევე, ის რომ, ეს რესურსი ჩართულია უსაფრთხოებაში არა მხოლოდ საომარი მოქმედებების და საგანგებო მდგომარეობების, არამედ მუდმივად, მშვიდობის დროსაც.

ფინეთს აქვს ასიმეტრიული ომის გამოცდილება: მართალია, ფინეთის მოდელი შეიქმნა ცივი ომის დაწყების შემდეგ, თუმცა მანამდე, 1939 წელს, ფინეთმა საკუთარი ძალებით მოახერხა საბჭოთა აგრესიის შეჩერება. ფინეთმა გარკვეული ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია წითელ არმიას, მიაყენა მას დიდი ზიანი.

1939 წლის ომში, ფინეთის არმიასთან ერთად, პარამილიტარულმა ძალებმა ითამაშეს დიდი როლი, მაგალითად, მეტყევეებმა, რომლემაც კარგად იცოდნენ ადგილმდებარეობა და უფრო კარგად იყვნენ მომზადებული ასეთ პირობებში საბრძოლველად. მაშინ რუსეთისთვის დიდი პრობლემა შექმნა ყინვებმა, რისთვისაც ფინელები უფრო აღმოჩნდნენ მზად.

იმის მიუხედავად, რომ ცივი ომის პერიოდში ფინეთი იყო ნეიტრალური ქვეყანა და საბჭოთა კავშირთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, ის მაინც ემზადებოდა თავდაცვისათვის. ფინეთმა აირჩია ეს მოდელი და იმ წლებიდანვე დაიწყო მთელი სახელმწიფო რესურსების ჩართვა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

ვფიქრობ, ასეთი მიდგომა, ჩვენთვის მითუმეტეს, გასათვალისწინებელია.

  • ს საყოველთაობა, რასაც თქვენ გაუსვით ხაზი, რატომ არის მნიშვნელოვანი? მოსახლეობის სიმცირეა მიზეზი, რის გამოც 18-დან 60 წლამდე კაცებს ვალდებულება აქვთ სამხედრო მომზადების გარდა, ყოველწლიურად ორ-ორი კვირით გადამზადდნენ? 

ეს მიდგომა სხვა ქვეყნებსაც აქვთ, რომ ყოველწლირად გადამზადნენ რეზერვისტები, მაგალითად, აშშ-ს ეროვნულ გვარდიაშიც აქვთ ყოველთვიური შეკრებები და დიდი, საერთო შეკრებებიც კეთდება. ეს ემსახურება მომზადებას და შესაძლებლობების გადამოწმებას.

კიდევ ერთი გარემოება: ჯარში არ იბრძვიან ცალ-ცალკე, ის გუნდურობის პრინციპზეა დაფუძნებული და პერიოდულად საჭიროა, ადამიანები ერთად მოამზადონ. ამას შერწყმულობა ჰქვია ჯარის ენაზე.

ჩვენთანაც, რეზერვისტებს განსაზღვრულ დღეებში ერთად ამზადებენ, ამ დროს იკრიბებიან დანაყოფების შემადგენლობით, ხალხმა გვერდიგვერდ უნდა იბრძოლოს, ისინი მზად უნდა იყვნენ გუნდური მოქმედებებისთვის.

  • ფინეთის მოდელში ფუნდამენტური ღირებულებაა სოციალური თანასწორობა. როგორ მიაღწიეს ამას? საქართველოში, როგორც ვიცით, ლეგალურად, ფულის გადახდით თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. 

სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან პრესტიჟულია ჯარში სამსახური. ჯარგამოვლილები უპირატესობით სარგებლობენ სამოქალაქო სამსახურში მოწყობისას. ასევე პრესტიჟულია რეზერვში სამსახურიც. ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც, სადაც მსგავსი მოდელები შექმნეს, ესტონეთში, მაგალითად, შექმნილია „თავდაცვის ლიგა“ და ხალხი ამაში სიამოვნებით მონაწილეობს.

  • რა ქმნის სავალდებულო სამსახურის პრესტიჟს იგივე ფინეთში? 

ამისთვის მუშაობს სახელმწიფო, არის პროპაგანდა. ჩვენ იმედგაცრუება გვაქვს ბევრი, ამდენი წაგება ომებში ქმნის გარკვეულ კომპლექსებს. იმათ ეს კომპლექსები არა აქვთ. ამ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახური ასევე არის ერთგვარი პრივილეგია შემდეგი დასაქმების კუთხით. ჩვენთან რომ მიხვიდე და თქვა სადმე, რომ ჯარში ხარ ნამსახურები, ამას არავინ გაითვალისწინებს.

ფინეთში ქალების გაწვევა ნებაყოფლობითია, მაგრამ ძალიან ბევრი ქალი მიდის რეზერვისტად. ნორვეგიაში კი ქალები ვადიან სამხედრო სამსახურსაც გადიან. სხვათა შორის, იქ ყაზარმები, საშხაპეები და ტუალეტები ერთი აქვთ ქალებს და კაცებს.

ნორვეგია ნატოს წევრი ქვეყანაა და მისი უსაფრთხოების საკითხი ძირითადად მიბმულია ნატოზე, ეს ნატოს პასუხისმგებლობაა. ფინეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა გადანაწილებულია ქვეყნის შიგნით.

  • ანუ ნატოს წევრობის შემდეგ ფინეთსაც აღარ დასჭირდება ამ მასშტაბის ძალისხმევის გაღება? 

გააჩნია, ამ კუთხით ქვეყნის ტრადიციას და გამოცდილებას. მაგალითად, დანიაც ნატოს წევრი ქვეყანაა და იქ ფინეთის მსგავსად სამხედრო უსაფრთხოება ტოტალური თავდაცვის პრინციპებზე იყო აგებული. დანიაში 60 იანი წლებიდან აქვთ ძლიერი სამოქალაქო თავდაცვის ტრადიცია.

  • ასიმეტრიულობა ახსენეთ თქვენ რესურსებს და საფრთხეს შორის. ვიცით, რომ ფინეთის მსგავსად ჩვენც საფრთხე გვაქვს რუსეთიდან. რუსეთის მასშტაბის გათვალისწინებით, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მასობრივი სამხედრო მზადყოფნა? 

აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტია. პირველი არის ის, რომ საფრთხე არ არის მხოლოდ რუსეთი. ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი დაიშალა, ამას მოყვება თანმდევი საფრთხეები და შესაძლებელია, ლოკალურ საფრთხეების წინაშე აღმოვჩნდეთ. მეორე მომენტია ის, რაც ფინეთმა გვაჩვენა 1939 წელს – დიდი საფრთხის მიუხედავად, შეიძლება მას გაუმკლავდე, თუ მას დიდ ზიანს მიაყენებ. 2008 წლის ომის დროს რუსეთი შეაჩერა გარე ფაქტორებმა, ეს იყო ძირითადად დასავლეთის ზეწოლის შედეგი. 1939 წელს კი, რუსეთი ფინეთში
გაჩერდა იმიტომ, რომ რუსეთს ზარალი მიაყენა ფინეთმა.

ჩემი აზრით, პუტინს რომ სცოდნოდა უკრაინაში ასეთი დანაკარგები ექნებოდა, როგორც მატერიალური, ისე მორალური, პრესტიჟული, არ დაიწყებდა ამ ომს. აგრესორმა უნდა დაინახოს, რომ შესაძლოა მისი რესურსი არის აღმატებული, მაგრამ თუ თავს დაგესხმება, ისე ვერ იქნება საქმე, როგორც მას სურს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. როცა ის ამას ხედავს, დაფიქრდება, უღირს თუ არა ეს თავდასხმა.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მიდგომა: თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის.

  • რა შემთხვევაში შეიძლება ფინეთის მოდელმა იმუშაოს წარმატებით საქართველოში? თქვენ ყურადღება გაამახვილეთ საქართველოს წაგებულ ომებზე და ფსიქოლოგიურ ფაქტორზე

მუშაობა უნდა ამ ყველაფერს. აქ არ არის მხოლოდ მატერიალური მხარე, მაგრამ როცა რეზერვისტს იწვევ, მას მინიმუმ უნდა ჩააცვა, დაახურო, იარაღი მისცე, საჭმელი აჭამო. გაწვრთნა. ადამიანებს უნდათ დაიცვან საკუთარი სამშობლო, ამის საშუალება უნდა მისცეს მათ სახელმწიფომ. ზოგადად, სულ ვიმეორებ – სამხედრო ინსტრუმენტი არის ერთ-ერთი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში და ყველა ინსტრუმენტმა უნდა იმუშაოს შერწყმულად, რათა მივიღოთ სინერგიული ეფექტი.

  • რასაც ასწავლიან ჩვენთან რეზერვისტებს, ეს რამდენად განსხვავდება ფინეთის მოდელით გათვალისწინებული პროგრამისგან? 

არის საბაზისო სწავლება, რაც ყველგან დაახლოებით ერთნაირია: ელემენტარული საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია, სამედიცინო მომზადება, ფიზიკური მომზადება. შესაძლოა, ზოგჯერ შეიძლება უფრო იყოს აღსრულების პრობლემა, ზოგი კარგად ასწავლის, ზოგი – ცუდად. ფინეთის და ზოგადად ყველა ქვეყნის სამხედრო სწავლების პროგრამა მეტნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან. ძირითადად ამას ადგილობრივი
პირობები განსაზღვრავს.

მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში დაახლოებით ნახევარი წელი პოლარული ღამეებია, სიბნელე, თოვლი. ამ ქვეყანაში  ამ მოცემულობისთვის ემზადებიან, რომ სიბნელესა და თოვლში იბრძოლონ. ტაქტიკაც ამ გეოგრაფიულ მოცემულობაზეა დამოკიდებული. ისრაელში მთავარი აქცენტი სხვა რამეზეა გადატანილი. უდაბნო, ტერორისტული საფრთხე და ამ ვითარებაში როგორ უნდა გადარჩე, იქ მუდმივად უწევთ საბრძოლო
მოქმედებებში ყოფნა და მათი წლიური დატვირთვაც რეზერვისტებზეც უფრო მეტია, ვიდრე ფინეთში.

  • რა როლი აქვს ამ პროცესში აღჭურვილობას? 

ფინეთში და ზოგადად ყველგან, მაქსიმალურად ცდილობენ წვრთნების დროს შექმნან საომარი მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო, ერთია მაღალტექნოლოგიური სამხედრო აღჭურვილობა, რასაც სპეციალური ცოდნა სჭირდება და ამაზე სპეციალისტები და პროფესიონალები მუშაობენ.

რეზერვისტების და ტოტალური თავდაცვის დონეზე კი, სუბარია ძირითადად მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღის გამოყენების ცოდნაზე: ავტომატი, ტყვიამფრქვევი, ყუმბარმტყორცნი მაქსიმუმ. ასევე, სხვა, არასაბრძოლო, მაგრამ აუცილებელ აღჭურვილობაზე.

  • საქართველოში რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე წარმატებული მოდელების გაზიარება ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით? 

ჩვენთანაც, ერთადერთ და განუმეორებელ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში გვიწერია, რომ ტოტალურ თავდაცვას ეფუძნება ჩვენი სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ რა არის თვითონ ეს ტოტალური თავდაცვა, რას ნიშნავს ჩვენს მოცემულობაში, რა ტაქტიკით ვმოქმედებთ? – მე არ მინახავს მსგავსი დოკუმენტები. ეს ვერ იქნება გასაიდუმლოებული, რადგან  ყველამ უნდა ვიცოდეთ, ამის მიხედვით უნდა ვემზადებოდეთ. 2019 წლიდან ამ სფეროში აღარ ვარ და შეიძლება ახლა მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, არ ვიცი.

28-30 სექტემბერს ცხოველების ცოფზე აცრა უფასოა – გაიგეთ სად

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაური და მიკედლებული ცხოველებისთვის (ძაღლი და კატა) უფასო ვაქცინაციის აქციას მართავს.

ცხოველების აცრა 28-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, 11-დან 15 საათამდე, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან იქნება შესაძლებელი.

აჭარაში უფასო ვაქცინაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

    • ბათუმი – გოგებაშვილის 46ა – რეგიონული სამმართველოს ოფისი;
    • ხულო – შინდისის გმირების ქ. №2;
    • შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1;
    • ქედა – 26 მაისის ქ.№ 2;
    • ხელვაჩაური – მაჭახლის №23;
    • ქობულეთი – აღმაშენებლის №44.

ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცოფისგან მსოფლიოში, 59,000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრის დამსახურებით, ეს დაავადება ადამიანისთვის მომაკვდინებელი აღარ არის.

ადამიანებში ცოფის შემთხვევების 99% გამოწვეულია დაავადებულ ძაღლთან კონტაქტით.

ცოფის ნიშნები ძაღლებში: უარი საკვებისა და წყლის მიღებაზე, გაძლიერებული ნერწყვდენა, მომატებული აგრესია, მომატებული მგრძნობელობა შუქსა და ხმაურზე, ხმის ტემბრის ცვლილება (ხრინწიანი ყეფა), კოორდინაციის დარღვევა, დამბლა.

NCDC-ს ცნობით, ცოფზე საეჭვო ექსპოზიციის შემთხვევაში ჭრილობა დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს საპნით და გამდინარე წყლის უხვი რაოდენობით 15 წუთის განმავლობაში, შემდგომ დამუშავდეს იოდის შემცველი ან მსგავსი ვირუციდული საშუალებებით;

პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მისი დაყოვნება ან გადადება დაუშვებელია. ანტირაბიული ვაქცინაცია და საჭიროების შემთხვევაში, იმუნოგლობულინით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად.

სად შეიძლება აჭარაში სეზონური გრიპზე უფასოდ აცრა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რამდენიმე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას გადაეცემა, მისი პრევენციის ძირითადი საშუალება კი სეზონური ვაქცინაციაა.

უწყების ცნობით, საქართველომ უკვე შეიძინა 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა. ეს ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ რისკ ჯგუფებს, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულებს, ორგანოგადანერგილ და დიალიზზე მყოფ პირებს, ორსულებს, მედპერსონალს, სამხედროებს და სხვ. ვრცლად რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.

რისკის ჯგუფის მოქალაქეებმა ვაქცინაციისთვის უნდა მიმართონ სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს, აჭარაში ეს დაწესებულებებია:

ქედა

სს „ევექსის კლინიკები“ – ქედის კლინიკა;

ქობულეთი

სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი;
სს “ევექსის ჰოსპიტლები” – ქობულეთის ჰოსპიტალი;

ხულო

სს „ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა;

ბათუმი

  • სს საზღვაო ჰოსპიტალი;
  • სს მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი-2010;
  • შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”;
  • შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი;
  • შპს ქ.ბათუმის № 4 პოლიკლინიკა (ბათუმი);
  • შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”;
  • შპს “ბათუმის N1 პოლიკლინიკა”;
  • სს „ევექსის კლინიკები“ – ბათუმის პოლიკლინიკა;

შუახევი

სს „ევექსის კლინიკები“ – სუახევის კლინიკა;

ხელვაჩაური

შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი;

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სერვისის მისაღებად, მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

ჩაირთე სილქფესტი 28 სექტემბერს და ისარგებლე სასურველი პირობით მთელი თვე

თუ 28 სექტემბერს,  სილქფესტის აქციაში ჩაერთვებით, მთელი თვით გაიაქტიურებთ სასაუბრო, ინტერნეტ და ულიმიტო პირობებს:

  • 1 000 ადგილობრივი წუთი – 12₾
  • 50 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 20₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო ინტერნეტი – 33₾

ერთი ან რამდენიმე შეთავაზების ჩართვა შესაძლებელია: კოდით *202#,  აპლიკაციით MySilknet ან პირდაპირ საიტიდან. სილქფესტის პაკეტები შეგიძლიათ სილქნეტის ქსელში ჩართულ ნებისმიერ სხვა ნომერს გაუაქტიუროთ.

სილქფესტი აქცია ერთჯერადია. შეთავაზებული პაკეტი აქტიურია 30 დღე.

აქციაში ძალაშია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის; ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

მიწისძვრა აჭარაში – ეპიცენტრი თურქეთში, საზღვართან ახლოს იყო

დღეს, 27 სექტემბერს, თბილისის დროით 18:10 საათზე მიწისძვრა მოხდა.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ბათუმში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში იყო.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.3 (ML) მაგნიტუდა იყო.

ინფორმაცია ზუსტდება.

ამავე თემაზე: 

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები

კაცი Z-სიმბოლოიანი მაისურით ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

დღეს, 27 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ახალგაზრდა კაცი, Z სიმბოლოიანი მაისურით გადაადგილდებოდა. მაისურზე Z  სიმბოლო, გეორგიევსკის ფერებშია გამოსახული.

უცნობმა კაცმა რამდენიმე აუდიტორიაში შეიხედა.

ფოტო „ბათუმელებს“ სტუდენტმა მოაწოდა, რომელიც გამოელაპარაკა უცნობ კაცს და ჰკითხა, თუ რატომ ეცვა Z -სიმბოლოიანი მაისური და ვის ეძებდა აუდიტორიებში. უცნობმა პირმა პასუხის გარეშე, ველოსიპედით დატოვა უნივერსიტეტის ეზო.

კაცი Z-სიმბოლოიანი მაისურით, ბსუ-ს ეზოში

2022 წლის 24 თებერვლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ლათინურ ასოს “Z” პუტინის ომის სიმბოლოდ იქცა და  გამოსახულია რუსულ სამხედრო ტექნიკაზე, აღნიშნულ სიმბოლოს დღემდე აქტიურად იყენებენ რუსეთში პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის  პროპაგანდისთვის.

ბილბორდი სანკტ-პეტერბურგში. მასზე გამოსახულია “Z” სიმბოლო ე.წ. წმინდა გიორგის ორფერიანი ლენტის დიზაინით.  ფოტო: EPA

უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიებზე Z სიმბოლოს გამოსახავენ ავტომანქანებზე, შენობის ფასადებზე, აქსესუარებზე და ასე შემდეგ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აღნიშნული სიმბოლოს გამოყენება რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა.

Z -ის, როგორც „სამხედრო აგრესიის, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ხელშემწყობი სიმბოლოებისა და ატრიბუტების“ აკრძალვას, მხარი დაუჭირა მოლდოვის პარლამენტმაც.

___

მთავარი ფოტო: უცნობი პირი ბსუ-ს დერეფანში/ფოტო გადაღებულია დღეს, 27 სექტემბერს.

უკრაინაში მომზადების გარეშე გვგზავნიან – რუსი მობილიზებული

რუსეთში მობილიზებული რუსები ყოველგვარი მომზადების გარეშე, დაუყოვნებლივ გადაჰყავთ ფრონტზე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „პირველი დეპარტამენტი“ ავრცელებს.

უფლებადამცველების თქმით, მობილიზებულები „არ მონაწილეობენ წვრთნებში, არ გადიან სამედიცინო კომისიას და რაიმე სახის მომზადებას“.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებულ ვიდეოში, რომელიც უფლებადამცველებმა ორგანიზაციის ტელეგრამ არხით გაავრცელეს, მობილიზებული რუსი ახალგაზრდა კაცი საუბრობს ხერსონში მის მოსალოდნელ ტრანსფერზე – კაცი ამბობს, რომ ვარჯიშებსა და წვრთნებზე ოფიციალურად ეთქვათ უარი.

„სალამი ყველას, ხაზზეა პირველი სატანკო პოლკი. ჩვენ ოფიციალურად გვითხრეს, რომ მოსამზადებელი წვრთნები საომარი მოქმედებების ზონაში გაგზავნამდე არ გვექნება. პოლკის ოფიციალურმა მეთაურებმა დაგვიდასტურეს ეს ინფორმაცია. 29-ში ჩვენ უნდა წარვდგეთ ხერსონში. ამიტომ იფიქრეთ თავად, გადაწყვიტეთ თავად, რა ვუყოთ ამას მომავალში… არანაირი წინარე მომზადება არ არის, არც სროლაში, არც თეორიული მომზადება… არაფერი…“ – ამბობს ვიდეოში რუსი ახალგაზრდა კაცი სამხედრო ფორმაში.

რამდენად მასობრივია ასეთი შემთხვევები უცნობია.

მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, 26 სექტემბრის მონაცემებით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261-მა ათასმა კაცმა დატოვა.

___

მთავარი ფოტო: რუსი მობილიზებული, რომელიც ამბობს, რომ ყოველგვარი წვრთნების გარეშე გადაჰყავთ ფრონტის ხაზზე.

კრემლი „რეფერენდუმის“ ფონზეც კი მზადაა უკრაინასთან მოსალაპარაკებლად – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოლაპარაკების პირობები იცვლება.

„პრეზიდენტი პუტინი ამბობდა, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს მოლაპარაკების მზაობას. მაგრამ სიტუაციის შეცვლასთან ერთად, იცვლება პირობებიც, ეს არაერთხელ ვთქვით.

მაგრამ პრინციპი იგივე რჩება – სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი. მაგრამ ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებზეც [პუტინისა და ერდოღანის] ითქვა, რომ უკრაინულმა მხარემ მთლიანად დატოვა მოლაპარაკება, ამიტომაც სპეციალური ოპერაცია გრძელდება“ – თქვა პესკოვმა. მის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.

23 სექტემბერს კრემლმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის ოლქების და მელიტოპოლის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება დაიწყო ამ რეგიონებთან რუსეთთან შეერთების შესახებ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელი გახდება.

მედიის ცნობით, რუსეთმა შესაძლოა 30 სექტემბერს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული რეგიონების „ანექსია“ გამოაცხადოს.

მედვედევი უკრაინაში ბირთვულ იარაღის სროლაზე – გადაყლაპავენ ნებისმიერი იარაღის გამოყენებას

ბირთვულ იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, თავის მოსაზრებას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აქვეყნებს. ტელეგრამის პოსტში, ის სიძულვილის ენით, სექსიზმითა და შეურაცხმყოფელი ლექსიკით ესხმის თავს უკრაინისა და დასავლეთის ლიდერებს და ახსენებს რუსეთის უფლებას – გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად.

„ბაიდენი და ტრასი, სხვადასხვა მეორეხარისხოვანი ბლინკენები და სალივანები, ატლანტიკურ ნერწყვს იფურთხებიან და რუსეთისგან ითხოვენ, ხელი აიღოს „ბირთვული ღილაკიდან“. თან გაუთავებლად გვემუქრებიან „უსაშინელესი“ შედეგებით, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ჭკუით ნორჩი ლონდონელი დეიდა საერთოდაც მზადაა, ჩვენს ქვეყანასთან ბირთვული დარტყმების გაცვლა დაუყოვნებლივ დაიწყოს,“ – წერს მედვედევი.

უშიშროების საბჭოს მდივანი კიდევ ერთხელ ახსენებს დასავლეთის ლიდერებს, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ ამის საჭიროებას დაინახავს:

„კიდევ ერთხელ მიწევს შეხსენება – იმ დაყრუებულებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი ხმას ესმით. რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ ეს აუცილებელი იქნება. წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრი დაცვით. თუ ჩვენზე ან ჩვენს მოკავშირეებზე იქნება თავდასხმა მსგავსი ტიპის შეიარაღებით. ან თუ იქნება აგრესია ჩვეულებრივი იარაღით და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეექმნება.“

თუმცა მედვედევის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, NATO და ევროპა ამაზე თვალს დახუჭავს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ დავუშვათ ბირთვული იარაღის გაჩენა ჩვენდამი მტრულად განწყობილ მეზობლებთან, მაგალითად ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს NATO-ს ქვეყნები მართავენ. კიევის რეჟიმის გონებრივი შესაძლებლობებისა და პოლიტიკური ნების იმედად ყოფნა უაზრობაა, მათ მიერ წაქეზებული ქვეყნების თვითგადარჩენის ინსტინქტისა და გონიერების მცირე იმედი კიდევ შეიძლება გვქონდეს. მათ ესმით: თუ რუსეთისადმი საფრთხე გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, ჩვენ იძულებული გავხდებით, ვუპასუხოთ.

და არავის დავეკითხებით ნებართვას, არ დავიწყებთ ხანგრძლივ კონსულტაციებს. ეს ნამდვილად არაა ბლეფი.

თუმცა საქმე სხვა რამეშია. წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი იძულებულია გამოიყენოს ყველაზე საშიში იარაღი უკრაინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც აგრესიის მასშტაბური აქტი ჩაიდინა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის საშიშია. ვვარაუდობ, რომ NATO პირდაპირ არ ჩაერთვება კონფლიქტში ასეთ სიტუაციაშიც კი. ვაშინგტონის, ლონდონის, ბრიუსელის უსაფრთხოება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე არავისთვის საჭირო და მომაკვდავი უკრაინის ბედი,“ – წერს მედვედევი და დასძენს, რომ თანამედროვე შეიარაღების მიწოდება უკრაინაში დასავლეთისთვის მხოლოდ ბიზნესია, ამიტომ  „ოკეანისგაღმელი და ევროპელი დემაგოგები ბირთვული აპოკალიფსით სიკვდილს არ აპირებენ – გადაყლაპავენ ნებისმიერი იარაღის გამოყენებას მიმდინარე კონფლიქტში“.

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21 სექტემბერს, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ილაპარაკა ვლადიმერ პუტინმა. მან რუსეთის მიმართ დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკას გაუსვა ხაზი, დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და გაფრთხილებაც გაუგზავნა – „რუსეთს NATO-ზე თანამედროვე იარაღიც აქვს“ და „საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს“.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დასაცავად, რასაკვირველია, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ეს ბლეფი არაა,“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა. – „ხოლო მათ, ვინც ბირთვული საფრთხით ჩვენს დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ ქარების ვარდი შეიძლება მათკენაც შებრუნდეს.“

ქანთარიას გაზრდილი ხელფასი და ბიაფის დაფინანსება – 2 შეკითხვა აჭარის განათლების მინისტრს

„სამინისტრო მოქმედებს კანონის სრული დაცვით… ეს იყო კანონის ფარგლებში მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება,“ – გვითხრა აჭარის განთლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რატომ დანიშნა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უკონკურსოდ და ასევე, რატომ გაუორმაგა ხელფასი ნუკრი ქანთარიას, რომელიც მანამდე პარლამენტარი იყო „ქართული ოცნებიდან“?

ნუკრი ქანთარია მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა კონკურსის გარეშე დანიშნა. მისი ხელფასი 6 ათასი ლარია, მანამდე ამ პოზიციაზე ანაზღაურება 2940 ლარი იყო. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ბათუმში სტალინზე სახოტბო პიესის დადგმას გეგმავს.

რატომ არ გაითვალისწინეთ კანონის ის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს საჯარო პოზიციებზე „საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პრინციპს“ და ამ შედეგს კონკურსი უფრო უზრუნველყოფს, ვიდრე ერთპიროვნული გადაწყვეტილება? – ვკითხეთ მაია ხაჯიშვილს.

„პროცესი, რომელიც წინ უძღოდა კანდიდატურების შერჩევას, გულისხმობს არამხოლოდ კონკურსის გამოცხადებას, არამედ შესაბამის კონსულტაციებს, რაც იყო გავლილი….“, – გვიპასუხა მაია ხაჯიშვილმა.

მას შემდეგ, რაც მინისტრისგან ვერ მივიღეთ პასუხი, თუ კონკრეტულად რა არგუმენტით გაუორმაგა ხელფასი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოვებულ ნუკრი ქანთარიას, მინისტრს ვკითხეთ, მისი მინისტრობის პერიოდში კიდევ ვის გაუორმაგა, მაგალითად, ხელფასი?

„ჩვენ გვაქვს სახელფასო პოლიტიკის ზრდა კულტურის დაწესებულებებში და ამ კუთხით არაერთი დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული აჭარის მთავრობის მიერ,“ –  ვერ დაგვისახელა ხელფასის გაორმაგების კონკრეტული შემთხვევა მინისტრმა.

აჭარის კულტურის მინისტრი ასევე ვერ დაგვისახელა არგუმენტი, რის გამო თქვა სამინისტრომ უარი ბათუმის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიების – ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსებაზე?

„სამინისტროს ყველა არგუმენტი და გადაწყვეტილება მიწოდებულია საზოგადოებისთვის… მუშაობდა კომისია საკონკურსო პირობების და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად,“ – ისევ ზოგადი პასუხით სცადა  კითხვის არიდება მინისტრმა.

მაია ხაჯიშვილს შევახსენეთ, რომ წინა წლებში იგივე სამინისტრო აფინანსებდა Biaff-ს, ხოლო სამინისტრომ კინოფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე  ფული – 73 ათასი ლარი, მაგალითად, მმართველ პოლიტიკურ გუნდთან დაახლოებულ „პრაიმშოუს“ პირდაპირი წესით მისცა. მინისტრმა ეს კითხვებიც უპასუხოდ დატოვა.

10 საინტერესო ფაქტი ვალერი ზალუჟნიზე Time-ის სტატიიდან – „ომის სუნი არაფერში აგერევა“

გენერალი – ასეთი სათაურით გამოჩნდა გავლენიანი ამერიკული ჟურნალის TIME-ის ახალი ნომრის გარეკანზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი.

ჟურნალის სტატია ეყრდნობა ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ გენერლის ერთადერთი ინტერვიუა; ინფორმაციას მისი ბიოგრაფიიდან და უკრაინელი ჩინოვნიკებისა და უცხოელი სპეციალისტების კომენტარებს.

TIME წერს, რომ უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის ზალუჟნი რუსეთთან „ომის სახე“ გახდა და მასთან ერთად ასახელებს იმ უკრაინელ ოფიცრებს, რომელთა დახმარებითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევას ახერხებენ. ასეთ ოფიცრებად ჟურნალი გამოყოფს გენერალ-პოლკოვნიკ ოლექსანდრ სირსკის – უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურს, რომელიც კიევის თავდაცვას და აღმოსავლეთში კონტრშეტევას ხელმძღვანელობდა და კირილ ბუდანოვს, უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი და უკრაინელი ჟურნალისტი სევგილ მუსაიევა TIME-მა მაისში მსოფლიოს 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.

TIME-ის უახლესი სტატიიდან ვალერი ზალუჟნის შესახებ 10 მნიშვნელოვანი ფაქტი Новое Время-მ ამოკრიფა.

  1. „ნოკაუტი“: ზალუჟნი გაოცებული დარჩა, როდესაც ზელენსკიმ მას უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობა შესთავაზა.

2021 წლის ივლისში, როდესაც ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწეებისგან პირველად შეიტყო, რომ შეიძლებოდა მისთვის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ჩაებარებინათ, აღელვებულმა იკითხა: „რას გულისხმობთ?“

როდესაც უკვე ცხადი გახდა, რომ მართლაც ხდებოდა უკრაინის არმიის მთავარსარდალი, როგორც TIME-ს თავად ეუბნება, ეს მისთვის „წელს ქვევით დარტყმა კი არა, პირდაპირ ნოკაუტი აღმოჩნდა.“

ოფიციალური შეთავაზება ზალუჟნიმ პირადად ზელენსკისგან მიიღო. იხსენებს, რომ როდესაც პრეზიდენტმა დაურეკა, ლუდით ხელში ცოლის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზუსტად იმ დროს შეცვალა, როდესაც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების სერიოზული კონცენტრაცია შეინიშნებოდა და აშშ უკვე შიშობდა, რომ უკრაინა შეიძლებოდა რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის მსხვერპლის გამხდარიყო.

  1. გენერალი რუსეთის სამხედრო აგრესიას „დროის საკითხად“ მიიჩნევდა

ზელენსკისგან განსხვავებით, რომელიც სკეპტიკურად უყურებდა აშშ-ის დაზვერვის ცნობებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია გარდაუვალი იყო, ზალუჟნი იმ უკრაინელი ოფიცრების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც „ამას დროის საკითხად განიხილავდნენ,“ – წერს TIME და დასძენს, რომ მთავარსარდალმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო.

გენერალმა უფლება მისცა ოფიცრებს, ფრონტის ხაზზე (მაშინ ჯერ კიდევ გაერთიანებული ძალების ოპერაციის ფარგლებში) რუსების თავდასხმების პასუხად „ნებისმიერი ხელმისაწვდომი იარაღიდან“ გაეხსნათ ცეცხლი უფროსი მეთაურის ნებართვის გარეშე. „ჩვენ უნდა ჩაგვექრო მათში თავდასხმის სურვილი,“ – განმარტავს ზალუჟნი. – „და ასევე, კბილებიც უნდა გვეჩვენებინა.“

  1. ზალუჟნიმ საფუძვლიანად შეისწავლა რუსეთის არმიის დოქტრინა ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე.

TIME-თან საუბარში ვალერი ზალუჟნი ჰყვება, რომ ძალიან კარგად იცნობს ე.წ. „გერასიმოვის დოქტრინას“ და შეისწავლა „ყველაფერი, რაც კი  როდესმე დაუწერია“ თანამედროვე ომების შესახებ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ვალერი გერასიმოვს.

ზალუჟნიმ იქვე მიანიშნა,  რომ გერასიმოვის არმიისგან უკრაინაში „ცოტა მეტს ელოდა“.

  1. იშვიათი შემთხვევა, როდესაც ვალერი ზალუჟნი „აფეთქდა“.

ეს ამბავი, რომელზეც ვალერი ზალუჟნიმ ჟურნალისტებს მოუთხრო, თებერვლის დასაწყისში მოხდა, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიამდე ორიოდ კვირა რჩებოდა. მაშინ უკრაინამ გადაწყვიტა, ათასი სამხედროს მონაწილეობით ამბიციური სამხედრო სწავლება ჩაეტარებინა.

ძირითადი მანევრები ეხებოდა რუსეთის თავდასხმის იმიტირებას და მათი მიზანი უკრაინის თავდაცვაში ხარვეზების გამოვლენა იყო.

ზალუჟნი ამ წვრთნებს უკრაინის თავდაცვის სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტად და „გადარჩენის საუკეთესო შანსად“ მიიჩნევდა – აღნიშნავს TIME, თუმცა უკრაინის არმიის მეთაურების ნაწილი, ზალუჟნის შეფასებით, სწავლებას არასაკმარისად სერიოზულად მოეკიდა.

„მთელი საათი ვყვიროდი“, – იხსენებს ზალუჟნი. – „ავფეთქდი“.

გამოცემა დასძენს, რომ იმ მომენტში მაგიდასთან, ზალუჟნის გარშემო, ისხდნენ მასზე ასაკით უფროსი და მეტად გამოცდილი სამხედრო მეთაურები, თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისთვის კი ეს ემოციის გამოვლინების ძალიან უჩვეულო მომენტი იყო – მას ისეთი ადამიანის რეპუტაცია აქვს, რომელიც თავის „ცივსისხლიანობას“ არასდროს კარგავს.

„მე მათ ვუხსნიდი, რომ თუ ისინი ამას ვერ გაუმკლავდებიან (წვრთნების მაქსიმალურად ეფექტიანად ჩატარებას), ამისი შედეგები ჩვენ მხოლოდ სიცოცხლედ კი არა, ჩვენი ქვეყნის დაკარგვად დაგვიჯდება,“ – უთხრა ზალუჟნიმ ჟურნალისტებს.

  1. „ომის სუნი არაფერში აგერევა“ – როგორ ემზადებოდა უკრაინის არმია

ზალუჟნი ჰყვება, როგორ ემზადებოდნენ უკრაინელი სამხედრო მეთაურები რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის: გადააადგილეს და შენიღბეს სამხედრო ტექნიკა, გამოიყვანეს ჯარები და გამოიტანეს შეიარაღება ბაზებიდან. ასეთი მანევრები შეეხო თვითმფრინავებს, ტანკებს, ჯავშანტექნიკას, საზენიტო დანადგარებს, რომლებიც უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

„ომის სუნი არაფერში აგერევა და ეს სუნი უკვე ჰაერში იდგა“, – ამბობს ზალუჟნი და დასძენს, რომ თავისი სტრატეგიის დეტალებს ის საიდუმლოდ ინახავდა. – „მეშინოდა, რომ მოულოდნელობის მომენტს დავკარგავდით. ჩვენთვის აუცილებელი იყო, მოწინააღმდეგეს ეფიქრა, რომ ჩვენ კვლავაც ჩვენს ტრადიციულ ბაზებზე ვრჩებოდით, ვეწეოდით „ბალახს“, ვუყურებდით ტელევიზორს და ვპოსტავდით ფეისბუქში“.

  1. ომის დასაწყისში ზალუჟნიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორი მიზანი დაუსახა

როდესაც 24 თებერვლის დილას რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, გენერალ ზალუჟნის უკრაინის დაცვის ორი სტრატეგიული მიზანი ჰქონდა.

პირველი: შეენარჩუნებინა დედაქალაქი – „კიევი არ უნდა დაცემულიყო“.

მეორე – მოეხერხებინა ისე, რომ მტერს, შეტევის პარალელურად, რაც შეიძლება მეტი დანაკარგი განეცადა. „ყველა დანარჩენ მიმართულებაზე უნდა გვეიძულებინა ისინი (რუსები), საკუთარი სისხლი დაეღვარათ, მაშინაც კი, თუ ცალკეულ მონაკვეთებზე ეს ტერიტორიების დაკარგვას ნიშნავდა“, – განმარტავს ზალუჟნი.

ომის მეექვსე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა დაასკვნა, რომ ტაქტიკა მუშაობდა. რუსებმა ვერ შეძლეს კიევის გარშემო აეროპორტების დაკავება, თუმცა ისე ღრმად შევიდნენ ოლქის ტერიტორიაზე, რომ მათი მომარაგების ხაზი დაუცველი აღმოჩნდა.

ზალუჟნი აღნიშნავს, რომ გაოცებული დარჩა რუსეთის სარდლობის ძალიან უხეში გათვლებით. როდესაც მტერი ომის დასაწყისში უკრაინელთა მოულოდნელად ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ჯარების მომარაგების შესაძლებლობას კარგავდა, არც კი უცდია, შეტევებისადმი მიდგომა შეეცვალა. „ისინი უბრალოდ მიერეკებოდნენ თავიანთ ჯარისკაცებს სასაკლაოზე,“ – ამბობს ზალუჟნი. – „და ის სცენარი აირჩიეს, რომელიც მე ყველაზე მეტად მაწყობდა“.

  1. გენერალმა ევაკუაციაზე უარი თქვა

ამის შესახებ TIME-ს გენერალმა მარკ მილიმ უამბო, აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ზალუჟნის ამერიკელი კოლეგა აღიარებს, რომ ომის პირველ კვირებში უკრაინელთა სიმტკიცით გაოცებული დარჩა. სწორედ იმ პერიოდში უკითხავს მილის ზალუჟნისთვის, ხომ არ აპირებდა უფრო უსაფრთხო ადგილას ევაკუაციას.

„მე მას ვუპასუხე: მე თქვენი არ მესმის,“ – იხსენებს ზალუჟნი. – „ჩემთვის ომი 2014 წელს დაიწყო. არც მაშინ გავქცეულვარ და არც ახლა ვაპირებ.“

  1. ზელენსკი და ზალუჟნი – რა უნდა იცოდეს ომზე პრეზიდენტმა

როდესაც 2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა, ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ოპერატიულ შტაბს ხელმძღვანელობდა – გაერთიანებული ძალების მეთაურის პირველი მოადგილე იყო.

სწორედ მას ევალებოდა ახალი პრეზიდენტის ინფორმირება სამხედრო ოპერაციებსა და შეიარაღებული ძალების სამეთაურო სტრუქტურებზე. ზალუჟნიმ იცოდა, რომ ზელენსკის არასოდეს უმსახურია არმიაში, თუმცა მისთვის „ომის წარმოების ტაქტიკური ნიუანსების სწავლებას არ აპირებდა.“

„პრეზიდენტს სამხედრო საქმის ცოდნა ისევე სჭირდება, როგორც მედიცინის ან ხიდების მშენებლობის,“ – ამბობს ზალუჟნი და იხსენებს, რომ მის ამ მოსაზრებას, მისდა გასაოცრად, ზელენსკიც დაეთანხმა.

„ეს მისი (ზელენსკის) ერთ-ერთი ძლიერი თვისება აღმოჩნდა,“ – ამბობს TIME-თან ოლექსეი მელნიკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე. – „ზელენსკიმ მისცა თავის გენერლებს შესაძლებლობა, ემართათ მეჯლისი სამხედრო საქმეში მისი ჩარევის გარეშე“.

  1. როგორ ხედავს ზალუჟნი უკრაინის გამარჯვებას

ვალერი ზალუჟნი TIME-ს ეუბნება, რომ ის მზადაა ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლისთვის. ასევე, იმისთვისაც, რომ უკრაინის გამარჯვება ამ ომში წერტილს არ დასვამს.

„საკმარისი ვიცი რუსებზე საიმისოდ, რომ მესმოდეს, ჩვენი გამარჯვება ფინალი ვერ იქნება“. – ეუბნება ჟურნალისტებს ზალუჟნი. – „ჩვენი გამარჯვება საშუალებას მოგვცემს ამოვისუნთქოთ და შემდეგი ბრძოლისთვის მოვემზადოთ“.

  1. იუმორის გრძნობა და ონავრული ხასიათი – გენერალი მაისურსა და შორტებში

ჟურნალისტები წერენ, რომ როდესაც ზალუჟნის სამხედრო ფორმა არ აცვია, ის „უპირატესობას ანიჭებს მაისურსა და შორტებს, რომლებიც მის იუმორის გრძნობას ძალიან შეეფერება.“

ჟურნალი აღნიშნავს, რომ ამბიციური და მტკიცე მხედართმთავრის ახლანდელი იმიჯის მიუხედავად, ზალუჟნის სამხედროები ყოველთვის თავისი ხუმრობებით იცნობდნენ.

როგორც TIME  წერს, ზალუჟნი კარიერულ კიბეზე ადიოდა „ოფიცრების ახალ თაობასთან ერთად, რომლებსაც განსხვავებული ეპოქების გამოცდილება აკავშირებდათ: ისინი საბჭოთა უკრაინაში გაიზარდნენ, თუმცა საბჭოთა კავშირის სამხედრო დოგმებისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ“.

მანქანების რიგები ლარსზე – ფოტო თანამგზავრიდან

„2022 წლის 25 სექტემბრის სატელიტური ფოტოებია აჩვენებს გრძელ საცობს მანქანებისას, რომლებიც უკრაინაში ომისთვის პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ტოვებენ რუსეთს და ლარსის გამშვებ პუნქტზე საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ“, – წერს Maxar Technologies ტვიტერში და სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს.

მაქსარი კოსმოსური ტექნოლოგიებისა და დაზვერვის კომპანიაა, რომელიც სატელიტის საშუალებით იღებს თანამგზავრულ სურათებს.

დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ლარსის გამშვებ პუნქტთან შექმნილ ვითარებაზე განაცხადა, რომ „დაახლოებით 4-5 დღის წინ 5-6 ათასამდე იყო შემომსვლელები და ახლა გაიზარდა სადღაც 10 ათასამდე, 40-45 პროცენტით მოიმატა… გუშინ იყო მაგალითად 11 200 ადამიანი, გუშინწინ 10 400-მდე იყო, თუ არ ვცდები…. და არა 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი საიდან მოგაქვთ“.

რუსულმა მხარემ დღეს განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რუსეთი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთი შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დეტალურად: რუსეთი ამბობს, რომ ლარსზე სამხედრო-სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს

 

რუსული სახელმწიფო მედიის, TASS-ის თანახმად, გუშინდელი მდგომარეობით, საქართველოს საზღვარზე რუსული საბაჟო პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. რუსული TASS-ის თანახმად, ეს ინფორმაცია მათ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა, ირბეკ ტომაევმა დაუდასტურა.

ფოტო მაქსარა: თანამგზავრულ ფოტო

 

ცნობილი გახდა, რამდენმა ადამიანმა გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი მობილიზაციის შემდეგ

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 3 ახალი წევრი აირჩიეს

დღეს, 27 სექტემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე  წარდგენილ კანდიდატურებს.

ფარული კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრებად აირჩიეს ციალა შავაძე, ზაალ ზაალიშვილი და თამარ ქამადაძე.

არჩეულმა კანდიდატებმა 13-13 ხმა მიიღეს.

სხვა კანდიდატები იყვნენ: სოფიო კახაძე, დავით ფარტენაძე და სოფიო შაქარიშვილი.

არჩეული წევრები 5 წლის ვადით დარჩებიან ამ თანამდებობაზე. მათი უფლებამოსილების ვადა დაიწყება დღეიდან, ანუ 2022 წლის 27 სექტემბრიდან.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ერთი ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კომისიის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი გვარამია კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა, ორი ადგილი კომისიას კი საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილების შედეგად დაემატა.

ამავე თემაზე: 

ვინ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ უსკოს წევრობის კანდიდატებად

პუტინმა შესაძლოა უკრაინის დაპყრობილი რაიონების შეერთებაზე გამოაცხადოს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის პროგნოზით, 30 სექტემბერს, რუსეთის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შესახებ გამოაცხადებს.

„რეფერენდუმები“, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ რაიონებში მიმდინარეობს, 27 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.

„რუსეთის ლიდერები იმედოვნებენ, რომ უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების ოფიციალურად გამოცხადება საზოგადოებაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლებად წარმოჩინდება და კონფლიქტის პატრიოტული მოტივებით მხარდაჭერას გააძლიერებს,“ – აღნიშნავს უწყება 27 სექტემბრის რელიზში.

თუმცა დაზვერვის შეფასებით, ამ მიზნის მიღწევას ორი ფაქტორი შეუშლის ხელს – ერთი, რომ ქვეყანაში საზოგადოება უკეთაა ინფორმირებული რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო წარუმატებლობებზე და მეორე – გასულ კვირაში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების გამო დაწყებული მღელვარება იმატებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი მობილიზაციის გამო ძალიან მალე წააწყდება ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ პრობლემებს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის არმიას არ ჰყოფნის ინსტრუქტორები ახალწვეულთა გასაწვრთნელად: „სამხედრო ინსტრუქტორების ნაკლებობა და სიჩქარე, რომლითაც რუსეთმა მობილიზაცია დაიწყო, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გაწვეული სამხედროების დიდი ნაწილი ფრონტზე მინიმალური მომზადებით გაემგზავრება და, სავარაუდოდ, ძალიან სწრაფად გამოიფიტება.“

ბათუმის მერიამ „ოცნების ქალაქის“ განაშენიანების კონცეფცია განაახლა

ბათუმის მერიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და სკრინინგის განცხადების განახლებული დოკუმენტაცია წარადგინა.

სააგენტომ ბათუმის მერიის მიერ ადრე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, 2022 წლის აგვისტოში შეწყვიტა და მერიას შენიშვნები გადაუგზავნა.

სააგენტო, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად, ამჯერად, მერიის მიერ ხელახლა წარდგენილ კონცეფციასა და სკრინინგის განცხადებას განიხილავს.

„აღნიშნული სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@nea.gov.ge“ – აცხადებს სააგენტო.

„ოცნების ქალაქი“  ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში [ფ. ხალვაშის ქ. 188] მდებარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სოციალური სახლი უკვე შენდება, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ბინებით სრულად უზრუნველყოფა კი, სწორედ ამ განაშენიანების გეგმის განხორციელებაზეა დამოკიდებული.

განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული.

რა შენიშვნები მისცა სააგენტომ ბათუმის მერიას „ოცნების ქალაქის“ განაშენიანების დოკუმენტებთან დაკავშირებით, ნახეთ ამ ბმულზე:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

 

მობილიზებული რუსები რეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი ამბობს, რომ დაზვერვის ცხელ ხაზზე რეკავენ რუსები, რომლებიც მობილიზაციის ფარგლებში სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და ინტერესდებიან, როგორ უნდა ჩაბარდნენ ტყვედ უკრაინას.

„ახლა ძალიან ბევრი მოგვმართავს ცხელ ხაზზე, ახალმობილიზებული რუსები და ისინიც, ვინც ჯერ არ გაუწვევიათ. რეკავენ და ამბობენ: „თუ გამიწვევენ, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა ჩავბარდე?“ – თქვა იუსოვმა ტელემარათონის ეთერში.

დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, მობილიზებულ სამხედროებს ძალიან დაბალი მოტივაცია და შესაბამისი ფსიქოემოციური მდგომარეობა აქვთ. მსგავს სიტუაციაში არიან ყირიმელები და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მცხოვრებლები.

იუსოვის ინფორმაციით, რუსები მობილიზაციის რამდენიმე ტალღას გეგმავენ. დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებში რუსებმა უკვე გაიწვიეს ყველა, ვისი გაწვევაც შეეძლოთ, დარჩენილია მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ჯანმრთელობა სამხედრო სამსახურის საშუალებას არ აძლევს ან ისინი, ვინც რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დაწესებულებებში მუშაობენ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, უკრაინის სამხრეთში, რუსებმა გამოაცხადეს, რომ გეგმავენ „მოხალისეთა ბატალიონების“ შექმნას, თუმცა „პუტინსაც და რუსეთის სარდლობასაც სინამდვილეში ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის იარაღის დარიგების ეშინიათ“.

„ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია“ რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო. პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თქმით, იგეგმება 300 000 კაცის გაწვევა.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტები აქციები დაიწყო, ქვეყნის საზღვრებს კი მასობრივად მიაწყდნენ მოქალაქეები, რომლებსაც მობილიზაციისთვის თავის არიდება სურთ.

250 ათასი რუსი არ შემოსულა, ტყუილია – გომელაური ლარსის ვითარებაზე

დღეს, 27 სექტემბერს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შექმნილ მდგომარეობაზე, სადაც რუსეთის მოქალაქეების რამდენიმე კილომენტრიანი რიგი დგას, რომლებიც საქართველოში შემოსვლას ცდილობენ.

ჟურნალისტებმა გომელაურს ჰკითხეს, განიხილება თუ არა საზღვრის ჩაკეტვის საკითხი და როგორ აპირებენ მდგომარეობის გაკონტროლებას.

„250 ათასი ადამიანის შემოსვლა, არასწორია, ტყუილია. მაგდენი არ შემოსულა, საიდან მოაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ 5-6 ათასამდე იყო შემომსვლელები და ახლა გაიზარდა სადღაც 10 ათასამდე, 40-45 პროცენტით მოიმატა. გუშინ იყო მაგალითად 11 200 ადამიანი, გუშინწინ 10 400-მდე იყო, თუ არ ვცდები. და არა 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი საიდან მოგაქვთ“, – ამბობს გომელაური.

რუსული სახელმწიფო მედიის, TASS-ის თანახმად, გუშინდელი მდგომარეობით, საქართველოს საზღვარზე რუსული საბაჟო პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. რუსული TASS-ის თანახმად, ეს ინფორმაცია მათ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა, ირბეკ ტომაევმა დაუდასტურა.

ტომაევის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 23,3%-ით მეტია გასულ საანგარიშო კვირასთან შედარებით.

ვრცლად: ცნობილი გახდა, რამდენმა ადამიანმა გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი მობილიზაციის შემდეგ

საქართველოს შს მინისტრის თქმით, ორი მოსაზრება არსებობს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე. „ერთი ნაწილი ითხოვს, რომ შემოვუშვათ ეს ადამიანები, რომ არ წავიდნენ და არ მოკლან უკრაინელები. მეორე ნაწილი ამბობს, რომ არ შემოვუშვათ. ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომელი უნდათ – შემოვუშვათ თუ არ შემოვუშვათ ეს ადამიანები?“ – ამბობს გომელაური.

კითხვაზე, გაიზრდება თუ არა კრიმინალი მიგრანტების შემოსვლასთან ერთად, გომელაური ამბობს, რომ „შესაძლოა გაიზარდოს, შესაძლოა – არა“.

პიკზე ვართ უკვე, ვცდილობთ გავფილტროთ და ამაში უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება“, – განაცხადა მან.

___

დღეს, 27 სექტემბერს, რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რუსეთი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთი შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

___________________________

ამავე თემაზე:

ლარსთან რუსი მიგრანტების რიგებია, რას არ აკეთებს მთავრობა – ინტერვიუ პარლამენტართან

ბათუმის ბულვარი კოლონადების რესტავრაციას გეგმავს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია კოლონადების რესტავრაციას გეგმავს. რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას კი, ბულვარი ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 ათას 550 ლარია გამოყოფილი. ბათუმის ძველ ბულვარში არსებული კოლონადები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ტექნიკური დავალების მიხედვით, პროექტირებისას, სხვადასხვა დეტალების გათვალისწინების პარალელურად, უნდა მომზადდეს:

  • არქიტექტურული ანაზომები ლოკალურ დაზიანებათა დატანით;
  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ტექნიკური ანგარიშის, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება [გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შეფასება, სინჯების ლაბორატორიული ანალიზი, ანალიზის შედეგების დამუშავება და დასკვნების მომზადება];
  • სახელოვნებათმცოდნეო კვლევა ჩასატარებელ სამუშაოთა დასაბუთებით;
  • რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი უნდა მომზადდეს ძეგლზე ჩატარებული კვლევის პროექტის რეკომენდაციებისა და დასკვნების გათვალისწინებით;
  • კვლევების შედეგად ძეგლის გამოვლენილი მდგომარეობის ანალიზზე დაყრდნობით საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების მეთოდოლოგიის და მასალების განსაზღვრა და სხვა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 4 ოქტომბერს დაიწყება და 7 ოქტომბერს დასრულდება.

მიმწოდებელმა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ბულვარის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის ვადაში [ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით].

მიმწოდებელი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, რომელიც გაცემული უნდა იქნას „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ.

ამავე თემაზე:

მფრინავი ბავშვები ბორბლებზე ბათუმის სკეიტპარკიდან [Video]

 

მთავარი ფოტო: კოლონადები / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 57 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 2 306 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 4 881 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 1 378 ერთეული [+9]
  • MLRS – 331 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 175 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 261 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 224 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 977 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 241 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 730 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 131 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 304 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 094 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 377 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 118ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 847 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 423 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 909 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მე ვერ ვირჩევ, როდის მოვკვდები, მაგრამ ვირჩევ, როგორ ვიცხოვრო – მებრძოლი ცნობილი ფოტოდან

რუსეთი ეცდება, უკრაინელები უკრაინის წინააღმდეგ ომში წაიყვანოს – ISW

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეცდება, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირება 1 ოქტომბრამდე ან ოქტომბრის პირველ რიცხვებშივე მოასწროს, რათა უკრაინის მოქალაქეების მობილიზაცია შეძლოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).

სწორედ ამ დროს იწყება რუსეთში საშედგომო გაწვევა.

„კრემლი, დიდი ალბათობით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მოაქცევს რუსეთის გაწვევის ციკლში, ეცდება გააფართოვოს იძულებითი მობილიზაცია და უკრაინის მოქალაქეები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში წაიყვანოს,“ – ნათქვამია ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში.

ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამჟამად, სამართლებრივი კრიტერიუმებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს პუტინის ბრძანება არ ეხებათ.

„როგორც „რუსეთის მოქალაქეები“, ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 18-დან 27 წლამდე უკრაინელი კაცები, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, სამხედრო სამსახურში წასვლის უფლებას მიიღებენ,“ – მიუთითებენ ექსპერტები.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, ზოგიერთი უკრაინელი უკვე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია. როგორც სევასტოპოლის „გუბერნატორმა“ 25 სექტემბერს განაცხადა, ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში უკვე 2 ათასი ადამიანი „გაიწვიეს”.

„რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება იძულებით და უკანონოდ ახდენს მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეების მობილიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – მიუთითებს ISW.

ინსტიტუტის ინფორმაციით, ოკუპირებული რაიონებიდან 35 წლამდე კაცებს გასვლა შეეზღუდათ, მელიტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლებამ კი მიიღო ბრძანება, 10 ოქტომბრამდე შექმნას 3 000-კაციანი „მოხალისეთა ბატალიონი“.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი ჯერ კიდევ გუშინდელ ანგარიშში წერდა, რომ რუსეთში მობილიზაცია ვერ მოახდენს გავლენას ომის მიმდინარეობაზე 2022 წელს და სავარაუდოდ, ვერ მოახდენს დრამატულ გავლენას ვერც რუსეთის შესაძლებლობაზე, 2023 წელსაც შეინარჩუნოს თავისი საბრძოლო ოპერაციების ახლანდელი დონე.

ISW-ის შეფასებით, მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული რუსი რეზერვისტების მომზადების ხარისხი – ძალიან დაბალი, მათი საბრძოლო მოტივაცია კი კიდევ უფრო უარესი იქნება.

21 სექტემბრიდან რუსეთში „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია“ დაიწყო. პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თქმით, ბრძანება 300 000 კაცს შეეხება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტები აქციები დაიწყო, ქვეყნის საზღვრებს კი მასობრივად მიაწყდნენ მოქალაქეები, რომლებსაც მობილიზაციისთვის თავის არიდება სურთ.

ლარსთან რუსი მიგრანტების რიგებია, რას არ აკეთებს მთავრობა – ინტერვიუ პარლამენტართან

ლარსთან რუსეთიდან საქართველოში შემომავალი ავტომანქანების კოლონა არ წყდება. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ომში გაწვევას დაქვემდებარებული ასაკის მოქალაქეები რუსეთიდან გაქცევას ცდილობენ.

საქართველოს მოქალაქეები შფოთავენ, ხელისუფლება კი არ განმარტავს, რა რისკები ახლავს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას ქვეყანაში და მუშაობს თუ არა საემიგრაციო პოლიტიკაზე. რატომ არ იკრიბება უშიშროების საბჭო და რას გამოიწვევს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მიგრაცია საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტარს, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრს, თეონა აქუბარდიას ესაუბრა.

  • ქალბატონო თეონა, რას ფიქრობთ ლარსის გამშვებ პუნქტთან შექმნილი მდგომარეობაზე, რა ტიპის საფრთხეებს უქნის ეს ქვეყანას, უნდა გვქონდეს შფოთვის საფუძველი თუ არა?

რა თქმა უნდა. ის, რომ სრული იგნორირება ხდება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის, ეს ამ მოცემულ ეტაპზე ძალიან ნათელია. თუ აქამდე რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ე.წ ტურისტებზე გვქონდა ღელვა, ახლა უკვე მიგრანტების კრიზისია.

რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაახლოებით 5 ათასი მანქანა და დაახლოებით 115 ათასი ადამიანია ქვეყნიდან გასული. ეს იმაზე მეტია, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული სამხედრო ძალა [ჯარისკაცების რაოდენობა].

ეს ამბავი საფრთხეა იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რუსეთი როგორ იყენებს ხოლმე მიგრანტების კრიზისს სათავისოდ, იყო ეს სირიის სამოქალაქო ომის დროს თუ ბელარუსის საზღვართან მიგრანტების კრიზისი.

შესაბამისად, დღევანდელი ინფორმაცია, რაც ФСБ -მ გაავრცელა, რომ მიდიან საზღვართან იმისთვის, რომ ლტოლვილების შეჭრა აღკვეთონ საქართველოს საზღვართან, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ რეაგირება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მხრიდანაა და საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს არ დგამს.

მეორეს მხრივ, ვინ არის გარანტორი, რომ რუსეთი ამ პროცესს არ გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ?!

  • რა ფორმით შეიძლება გამოიყენოს?

საუბარია კაცებზე, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებიან, რომელთაც შესაბამისი სამხედრო სამსახური აქვთ მოხდილი და გაურბიან მობილიზაციას.

ამ ვითარებაში, ნორმალური ქვეყანა რომ გვქონდეს, უნდა იკრიბებოდეს საემიგრაციო პოლიტიკის საბჭო, უნდა იგეგმებოდეს შემდგომი ნაბიჯები, კოორდინირება უნდა ხდებოდეს, იხილებოდეს ყველა სავარაუდო სცენარი, იგეგმებოდეს საპასუხო ზომები, ეს უნდა იყოს განხილვის თემა, მაშინ იქნებოდა პროცესი ნორმალური, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ვერ ვხედავთ.

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ სრულიად ჩაკეტეს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი. ფინეთიც კეტავს, როცა გაჩნდა მიგრანტების ნაკადი, ჩვენ კი ვდგავართ და ველოდებით პუტინის ბრძანებას, რომელიც იტყვის, რომ არ გაუშვათ 18-60 წლამდე სამხედრო რეზერვისტებიო.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ აკეთებს პუტინი ამას, ის ელოდება მოწინააღმდეგეთა ტალღა გავიდეს ქვეყნიდან? თუ რას გათვლები აქვს, როგორ ფიქრობთ?

რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეთა გასვლა არის პუტინის ინტერესში, რადგან ჩვენი პარტნიორები ღიად მოუწოდებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მობილიზაციას, შიგნით იბრძოლონ რეჟიმის შესაცვლელად, რაც რა თქმა უნდა, პუტინის ინტერესი არ არის.

ჩვენ ასევე ვნახეთ პროცესები, რომელიც დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში – დაღესტანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები, სადაც დედებიც აქტიურად არიან ჩართული მობილიზაციის წინააღმდეგ, მოვუსმინეთ არაერთ ინტერვიუს, სადაც ჩეჩენი მოქალაქეები ღიად აცხადებენ, რომ მათ არ უშვებენ საზღვარზე.

ამიტომ, ეს საკითხი უნდა იყოს განხილვის თემა უსაფრთხოების საბჭოს შიგნით, მათ უნდა შეაფასონ რისკები და არა ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენც გაგვაჩნია ამის კომპეტენცია და აქედან გამომდინარე უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება.

საუბედუროდ, საქართველოს მთავრობის სირაქლემას პოზიცია კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას და უფრო მოწყვლადს ქმნის მას.

არავინ იფიქროს, რომ რუსეთს ხელი აქვს აღებული საკუთარ მიზნებზე, რომ საქართველო დააბრუნოს რუსეთის გავლენის ქვეშ, რადგან რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, ანექსიის პროცესს, იტაცებს ადამიანებს და ცოტა ხნის წინ, რეფერენდუმის საფრთხე გვქონდა ცხინვალში.

ამ ვითარებაში არ ვიცით, როდის დასჭირდება რუსეთს პატარა წარმატების მიღწევა საქართველოს სახით, ეს არის პუტინის ხელში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე და მთავარი კითხვის ნიშანი დგას აქ – ზრუნავს ხელისუფლება ამ ყველაფერზე?

სახელმწიფო ინსტიტუტები, სადაც ამ ყველაფრის განხილვა უნდა მიმდინარეობდეს, არ ფუნქციონირებს. გომელაური არის მთავარი მრჩეველი პრემიერის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და პრემიერი არის მთავარი პასუხისმგებელი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ისინი კი გაურბიან ამ პასუხისმგებლობას და ინსტიტუტებს არ ამუშავებენ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ დუმს ხელისუფლება? იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაში ხედავს ეკონომიკურ სარგებელს, როგორც მთელი ზაფხულის განმავლობაში საუბრობდნენ ამაზე, თუ სხვა მიზეზია?  

რა მოტივიც არ უნდა ამოძრავებდეს, ეს არის შიში რუსეთთან მიმართებაში თუ სხვა რამ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ცალსახა.

ოკუპაცია სხვა კი არაფერია – ეს არის პოლიტიკური წინააღმდეგობის გაწევის უნარის მოშლა ხელისუფლების მხრიდან.

უშიშროების საბჭოს მოწვევა, ეს არის კონკრეტული პოლიტიკის დაგეგმვის ინსტრუმენტი, მექანიზმი, რომელიც ყველა ქვეყანას გააჩნია, ომია თუ მშვიდობა, ეს ყველაფერი ჩვეულებისამებრ ხდება. კანონში გვიწერია, რომ 3 თვეში ერთხელ იკრიბება უწყება, უსაფრთხოების საბჭო, პრემიერი, მუდმივი წევრები და მსჯელობენ, თათბირობენ, რეკომენდაციას აძლევენ პრემიერს.

დღეს ეს ყველაფერი მოშლილია. ამათ ჰგონიათ, რომ ომი უნდა მოხდეს, რომ უშიშროების საბჭო მოიწვიონ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ინსტიტუტები საერთოდ არ ფუნქციონირებს, სადღაც სხვაგან ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენ შეგვიძლია ვიმარჩიელოთ, ბიძინა ივანიშვილს ურეკავენ ტელეფონზე, ღარიბაშვილს თუ სხვას. ეს უკვე პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

  • თქვენ, როგორც პარლამენტის წევრს თუ გქონიათ საუბარი უშიშროების საბჭოს მოწვევაზე და რა პასუხი მიიღეთ?

არაერთი განცხადება გავაკეთე, წინა სამშაბათსაც გავაკეთე განცხადება, თუ რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო. ასევე მოვუწოდე მთავრობას უკრაინაში უკანონო რეფერენდუმზე რეაგირება ჰქონოდათ, რადგან ერთი სიტყვაც არ თქმულა მთავრობის მხრიდან ამაზე. რუსული ანექსია არ არის შორს, ცალკე მდგომი ამბავი, მთელმა მსოფლიომ დაგმო ეს პროცესი და საქართველოს მთავრობა დუმს, ისევე როგორც დუმს ბიჭვინთის ანექსიაზე.

ჯერ კიდევ ომის დაწყების დროიდან ჩვენ გვქონდა ინიციატივა და მივმართეთ კომიტეტის თავმჯდომარეს წერილობით, რომ სუს-ის უფროსის მოწვევის საკითხი განეხილა კომიტეტზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლაზე მოგვესმინა უწყების პოზიცია, გვემსჯელა უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რაც არ მოხდა.

ნებისმიერ კრიტიკულ კითხვაზე, რომელიც ამ ომიდან გამომდინარე საქართველოს უსაფრთხოებას უკავშირდება, პასუხია – „ომი გინდათ?“, რაც არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში.

  • რადგან რუსეთთან უვიზო რეჟიმი გვაქვს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, მაგალითად, აქვთ თუ არა აქ შემომსვლელ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები, რამდენ ხანს ეყოფათ ეს რესურსები, რამდენი ხნით აპირებენ დარჩენას და ასე შემდეგ. ხომ არ იქცევიან ეს ადამიანები ქვეყნისთვის ტვირთი? ამ შემთხვევაში რა ტიპის რისკები ემუქრება, თქვენი აზრით, ქვეყანას?

მე ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეები არ უნდა გავაიგივოთ ევროპელ ტურისტებთან, იმიტომ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ძალა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შესაძლოა ძალიან ბევრი სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანი იყოს. ამის დადგენა სუს-ის კომპეტენციაა, რასაც მაინც და მაინც კარგად ვერ უძღვება, ჩემი აზრით.

გადასახედია ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების დაყოვნების ხანგრძლივობაც. ჩვენ გვაქვს 365 დღე განსაზღვრული მათთვის, როცა სომხეთს, რომელიც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, 180 დღე აქვს დაწესებული. მეორეა ბინადრობის მოწმობის მიღება ქონების შეძენის საფუძველზე, რომელიც თანაბარია ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის. ვფიქრობ, აქაც უნდა დიფერენცირება ისევ და ისევ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე პრობლემურია ის ბიზნესები, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები არეგისტრირებენ საქართველოში.

არცერთ ამ საკითხზე არ შეკრებილა უშიშროების საბჭო და არ უმსჯელია. არ განხილულა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რადგან ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვისაუბროთ, რადგან სახელმწიფო უწყებებმა უნდა გაცვალონ ეს ინფორმაცია ერთმანეთში, მაგრამ ასე არ ხდება დღეს.

ერთადერთი, რაც გვითხრა გომელაურმა, იყო, რომ ოპერატიულ თათბირებს ატარებენ, რაც არის სრული ჩამოშლა, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოებას.

  • თუ გვაქვს რაიმე ლიმიტი, რამდენი მიგრანტი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ და თუ გადავაჭარბეთ გარკვეულ ზღვრულ რაოდენობას, რას მოგვცემს ეს?

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში წერია, რომ  31 ივლისის მდგომარეობით, დაახლოებით რუსეთის და ბელორუსიის 65 ათასი მოქალაქე  დარჩა საქართველოში ერთთვიანი ტურისტული ვადის გასვლის შემდეგ.

მას შემდეგ რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო მეტი მოაწყდა საქართველოს. აქედან გამომდინარე, რა ვითარებაა ლარსის გამშვებ პუნქტზე, ამის ანალიზი უნდა ჰქონდეს მთავრობას და იყოს განხილვის საგანი. ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ შემოდიან მიგრანტები და არის რიგები, მეტი არაფერი.

  • ითქვა ისიც, რომ საქართველოში, ძირითადად რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები შემოდიან. „არ შემოვუშვათ?“ – ამბობს მთავრობა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?   

პრობლემა არის სწორედ ეს, რომ არ ვიცით, ვინ შემოდის. მაგალითად ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა გამოაცხადა, რომ მათი მოქალაქეები, ვინც მიიღებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას, დაისჯებიან შესაბამისი კანონმდებლობით. ჩვენ გვყავს მილიონამდე ქართველი რუსეთის ფედერაციაში, რაიმე განცხადება გააკეთა მთავრობამ ამაზე? ან 65 ათასიდან რამდენია ქართველი, ვიცით?

თუ საკითხი ასე დგას, მაშინ შეგვიძლია რეფერენცია გაკეთდეს ქართველებზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და შემოვუშვათ ისინი, რომლებიც გამოურბიან ამ ომს.

  • ჩვენ ვხედავთ ლარსზე ავტომანქანების კოლონას, უკონტროლო რაოდენობის მიგრანტების შემოსვლა თუ გამოიწვევს საქალაქო ინფრასტრუქტურის გადატვირთვას?

მთავრობა ამას უყურებს როგორც შემოსავლის წყაროს. ის „ეკონომიკური აღმავლობა“, რაზეც პრემიერი საუბრობს ხოლმე, სწორედ ამით არის განპირობებული.

ჩვენ არ უნდა შევხედოთ ამ ადამიანებს როგორც ტურისტებს, ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები და აქედან ზოგს შესაძლოა ჰქონდეს ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების განზრახვა. არიან ის რუსები, რომლებიც ამართლებენ 2008 წლის ომს და საქართველოს უყურებენ, როგორც საკუთარი გავლენის მქონე ქვეყანას.

რუსოფობია, რომელიც დაგვიანონსა კობახიძემ, აქ არაფერ შუაშია. პირიქით, ეს განცხადება იყო დამხმარე რუსეთისთვის, რადგან მისი მოქალაქეების დაცვის საბაბით ახლაც შეუძლია გამოუშვას რუსეთმა ჯარი საქართველოში.

სხვა პრობლემებს რაც შეეხება, იქნება ეს სატრანსპორტო კოლაფსი თუ სხვა, უკვე მეორეხარისხოვანია, რადგან პირველადი მნიშვნელობა აქვს ეროვნულ უსაფრთხოებას, დანარჩენი არის თანმდევი შედეგი.

ნებისმიერი შემთხვევა უნდა იყოს განხილვის და პოლიტიკის შემუშავების საგანი. „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას კი ვხედავთ როგორია ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში.

  •  მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თქვა: „ვიმოდოვნებ საქართველო კვლავ მიიღებს რუსეთსა და ბელარუსში ჩაგვრას გამოქვეულებს“, როგორ ფიქრობთ, თქვენი აზრით, ეს დაეხმარება უკრაინას?

მე არ მაქვს ეს განცხადება მოსმენილი, თუმცა, უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. რა თქმა უნდა, პარტნიორმა ქვეყნებმა შესაძლებელია რჩევა მოგვცენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ქვეყნების შეცვლილ დამოკიდებულებას და პოლიტიკას რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ომის შემდეგ მათ ქვეყნებში ჩაკეტილია საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურიზმის მიზნითაც.

იმიტომ რომ გრძნობენ მომატებულ საფრთხეს და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ პრიზმიდან უნდა ამოდიოდეს. მით უმეტეს მაშინ, როცა მიგრანტების მოზღვავებული რაოდენობაა ლარსის საზღვარზე.

  • პირადად თქვენ მომხრე ხართ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედების თუ მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებაც საკმარისია?

არა მგონია ახლა სავიზო რეჟიმი რაიმეს ცვლიდეს, ვფიქრობ სავიზო რეჟიმი დაგვიანებულია, როდესაც მიგრანტების მოზღვავებაზეა ლაპარაკი და არა ტურისტებზე.

ახლა სავიზო რეჟიმი არაფერს აღარ შეცვლის, მაგრამ რეგულაციების გამკაცრებაზე უნდა დაიწყოს საუბარი და რუსეთის მოქალაქეებს უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში დაყოვნების ვადები.

  • თუ წავიდა ინერციით ეს პროცესი და არ გადადგა მთავრობამ შემხვედრი ნაბიჯები, რა შედეგს მივიღებთ საბოლოოდ?

მე მაინც მგონია, რომ ისევ და ისევ პუტინი იქნება „მაშველი რგოლი“ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან სავარაუდოდ, მამაკაცებისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან მობილიზაციას, საზღვარს ჩაკეტავს და ეს იქნება საბოლოო ჯამში გამოსავალი ამ ვითარებიდან. საქართველოს მთავრობამ ისიც კი ვერ გაბედა, რომ განეხილა ეს ვითარება. ამიტომ, მე უფრო ამას ველოდები, ვიდრე იმას, რომ რაღაც რეაგირება მოჰყვება მთავრობის მხრიდან.

სხვა შემთხვევაში, რისკები გაზრდილია, რაზეც რეაგირება აუცილებელია.

თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ირანელი ქალების სპექტაკლი გაუქმდა

„ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ ასე ქვია ირანული თეატრალური ჯგუფის, „პრაქისის“ ერთსაათან წარმოდგენას, რომლის რეჟისორიც ქამელია ღაზალია. სპექტაკლი თბილისის თეატრალურ ფესტივალზე უნდა ეჩვენებინათ, თუმცა ირანში განვითარებული მოვლენების გამო სპექტაკლი გაუქმდა, მსახიობები ირანიდან ვერ ჩამოდიან.

სპექტაკლი – „ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ თეატრის კრიტიკოსის, დავით ბუხრიკიძის წერილის მიხედვით დიდი წარმატებით უჩვენეს ევროპის კულტურის დღეებზე გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში.

„2019 წელს კი ლამის ტრიუმფით ჩაიარა ირანული დასის გასტროლებმა მილანის სახელოვანი „პიკოლო თეატრის“ სცენაზე.

რეჟისორი სამი თაობის ირანელი ქალების – ბებიის, დედისა და ქალიშვილის ტკივილებსა და დრამას, აქრომატულ სცენურ გარემოში გვიხატავს. ნაცრისფერის, შავისა და თეთრის მონაცვლეობა და ლამის გამუდმებული თოვა სცენაზე ზუსტად გადმოსცემს ატმოსფეროს, რომელშიც ქალების შიში, უიმედობა, სიყვარული თუ სიძულვილი ერთმანეთს ენაცვლება“, – წერს დავით ბუხრიკიძე სპექტაკლის შესახებ.

რეჟისორი ქამელია ღაზალი ამბობს, რომ „ამ ქალებისა არასოდეს არავის ესმოდა. ეს ის ხმაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იმალებოდა თოვლისა და სიცივის ქვეშ;  ხმა, რომლის ექოსიც კი გვეშინოდა… ეს ქალის ხმაა“.

ირანელმა მსახიობმა ქალმა თბილისის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებს წერილობით აცნობა, რომ ვერ ჩამოდიან:

„ირანში ახლა ინტერნეტი არ არის, საბედნიეროდ ხანდახან VPN-ს ვპოულობ Wi-Fi რომ ჩავრთო, მაგრამ არ ვიცი სანამდე მექნება ამაზე წვდომა, ძალიან ვწუხვართ, ერთმანეთსაც კი ვერ ვპოულობთ, რადგან ხანდახან მობილური ტელეფონიც არ მუშაობს“, – წერია მსახიობის მიერ მოწერილ წერილში.

თბილისის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით მაყურებლებს ამ სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების დაბრუნება მარჯანიშვილის თეატრის სალაროში შეუძლიათ. ონლაინ შეძენილი ბილეთები კი დაბრუნდება საიტიდან biletebi.ge

„ფესტივალი მხარს უჭერს ირანელი ქალების თავგანწირვას სინათლისთვის, მომავლისთვის, თავისუფლებისა და პერსპექტივისთვის!“ წერია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანელი რეჟისორის სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში უნდა გამართულიყო.


მთავარ ფოტოზე: სცენა სპექტაკლიდან: „ქალი ვარ, გესმის ჩემი!”

„ძალიან შეიცვალა“ – სერგეი ვოლინას და ძმის მდგომარეობაზე

ტყვეობიდან გათავისუფლებული 36-ე ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას და ტატიანა ხარკო ამბობს, რომ მისი ძმა ტყვეობაში ისე შეიცვალა, რომ ბევრი ვეღარც ცნობს.

„ძალიან შეიცვალა, ძალიან გახდა. ვეღარ ცნობენ. ფოტოების ქვეშ კომენტარებს წერენ: სადაა ვოლინა? ვხედავ, რომ თვითონაც შოკშია. შოკშია, რომ დაბრუნდა, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით,“ – უთხრა ტატიანამ Суспільне-ს.

მისი თქმით, ვოლინა გათავისუფლებას არ ელოდა.

„მითხრა, რომ ბოლო წუთამდე არ ესმოდა, სად მიჰყავდათ. როდესაც უკვე თურქეთის მიწაზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დაინახეს, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ ჯოჯოხეთი დასრულდა,“ – ამბობს ტატიანა, რომელიც ძმას გათავისუფლების შემდეგ ორჯერ ელაპარაკა ტელეფონით.

ტატიანა იმ სამხედრო ტყვეებსაც შეხვდა, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ უკრაინაში.

„აზოვსტალის“ მეთაურები პრეზიდენტს ზელენსკისთან პირდაპირი ჩართვის დრო, ცენტრში სერგეი ვოლინსკი, ვოლინა/კადრი ვიდეოდან

„ზოგიერთმა 60 კილოგრამიც კი დაიკლო. ყველამ ვნახეთ მიხაილო დიანოვის ფოტო, საზღვაო ქვეითის. უმძიმეს მდგომარეობაშია,“ – თქვა ტატიანამ.

22 სექტემბრის ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 215 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის 108 – „აზოვის“ მებრძოლია. „აზოვსტალის“ 5 მეთაური ახლა თურქეთში იმყოფება, ისინი იქ ომის დამთავრებამდე დარჩებიან. უკრაინელებთან ერთად გაათავისუფლეს 10 უცხოელი, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

ტყვეები უკრაინამ 55 რუს სამხედროში და პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქში, ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალა.

მთავარ ფოტოზე: სერგეი ვოლინსკი, ვოლინა

500 ლარით დააჯარიმეს კლინიკა ბავშვის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის

ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება გარდაცვლილი ბავშვის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გამო 500 ლარით დააჯარიმეს.

საქმეს გარდაცვლილი ბავშვის მშობლის მიმართვის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სწავლობდა.

მშობელი დავობდა, რომ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელმა ერთ-ერთ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, რა დროსაც გაამჟღავნა მისი აწ უკვე გარდაცვლილი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.

„სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბავშვის პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამჟღავნების მიზანი იყო სამედიცინო დაწესებულების ინტერესების დაცვა, რადგან ბავშვის მშობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან ხდებოდა არაზუსტი ინფორმაციის გაჟღერება. ამდენად, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან სატელევიზიო კომენტარის გაკეთების მიზანი იყო დაეცვა სამედიცინო დაწესებულება მის მიმართ გაჟღერებული არაზუსტი ინფორმაციისგან და საზოგადოებისთვის მიეწოდებინა რეალური ინფორმაცია თუ რამ გამოიწვია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება.

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, პაციენტს დაბადებიდან ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება, რომლებმაც ერთობლიობაში გამოიწვიეს შემდგომში ბავშვის გარდაცვალება,“ – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განმარტებითვე, მოკვლევის დროს სამედიცინო დაწესებულებამ ვერ დაასაბუთა მისი ინტერესებისა და რეპუტაციის დაცვისათვის რატომ იყო საჭირო გარდაცვლილი არასრულწლოვანი ბავშვის  ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დეტალური (მათ შორის სრული დიაგნოზების, გადატანილი დაავადებების და ა.შ.) ინფორმაციის გამჟღავნება და რატომ არ იქნებოდა საკმარისი ზოგადი მითითება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის სამედიცინო დაწესებულება კანონდამრღვევად სცნო.

მე ვერ ვირჩევ, როდის მოვკვდები, მაგრამ ვირჩევ, როგორ ვიცხოვრო – მებრძოლი ცნობილი ფოტოდან

ფოტოზე ჩანს კაცი, გაბურძგნილი თმითა და წვერით, სახეს ღიმილი და მოლურჯო-მომწვანო თვალები უნათებს. ცალ ხელში, რომელიც შეხვეულ-ჩამოკიდებული აქვს და ზედ რკინის აპარატი უკეთია, ჭიქა უჭირავს, მეორეში – კოვზი და თან ფოტოგრაფს ორ თითს უჩვენებს –  გამარჯვების ნიშანს.

ეს კაცი მიხაილო დიანოვია, რომელიც უკრაინამ პირველად მაშინ გაიცნო, როდესაც ევაკუაციამდე ორიოდ დღით ადრე, დმიტრო კოზაცკის „აზოსვტალში“ გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა. იმ დროს „აზოვსტალში“ უკვე აღარც მედიკამენტები იყო, აღარც საკვები და აღარც გადარჩენის იმედი.

მიხაილოს ფოტო მედიაში და სოციალურ ქსელებში მეორედ უკვე რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ტყვეობიდან მისი დაბრუნების შემდეგ გავრცელდა.

ძვლებამდე გამხდარია, დაზიანებული ხელი უმძიმეს მდგომარეობაში აქვს, ქუთუთოები ისე აქვს დასიებული, ლამის მთელ სახეს უფარავს – რომ არა ღიმილი და უცნაურად განათებული მოლურჯო-მომწვანო თვალები, რომლებიც ახლა კიდევ უფრო დიდი უჩანს, შეიძლება ვერ იცნოთ, რომ ეს სწორედ ის კაცია, დმიტრო კოზაცკის ცნობილი ფოტოდან.

საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის სერჟანტი, 42 წლის მიხაილო დიანოვი ბას-გიტარისტია. ტერნოპილში დაიბადა, მუსიკალური სკოლაც იქ დაამთავრა, ფორტეპიანოს განხრით – ოცნებობდა მუსიკოსობაზე, სცადა უამრავი სხვადასხვა საქმე, თუმცა საბოლოოდ, საკუთარი თავი არმიაში იპოვა.

„არ გამკვირვებია, როდესაც მიშა არმიაში წავიდა. სულ საკუთარ თავს ეძებდა, იცოდა, რომ დღეს შეიძლებოდა აქ ყოფილიყო, ხვალ კი რადიკალურად სხვანაირ ადგილას და სხვა საქმე ეკეთებინა,“ – იხსენებს მისი კოლეგა და მეგობარი ვლადიმირ გავრილიუკი.

18 წელია მეგობრობენ. ოდესღაც ერთად მუშაობდნენ სავაჭრო აგენტებად. ბოლო წლებში, ვლადიმირს უცხოეთში სამკურნალოდ ჰყავდა შვილი, რომელსაც ლეიკემია აქვს.

„მიშა ყოველთვის ძალიან გვეხმარეობდა. ფრონტიდანაც მირეკავდა, ჩვენს ამბავს კითხულობდა. მეუბნებოდა, მე ვიბრძოლებ, შენ ბავშვს მიხედე. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთო.

ვლადიმირი ჰყვება, რომ მიხაილომ ბევრი სამსახური გამოიცვალა, ხან ადმინისტრატორი იყო, ხან აგენტი, ხან რა და ხან რა, „მერე კი რაღაც მომენტში თქვა, რომ არაფერი ამ საქმეებიდან მისი არ იყო“ და არმიაში წავიდა.

„აბსოლუტური სმენა აქვს. მუსიკოსის კარიერაზე ოცნებოდა, ბას-გიტარისტობაზე. შემოქმედებითი ადამიანია, ყველა გაოცდა, როდესაც საომრად წავიდა,“ – იხსენებს მიხაილოს კიდევ ერთი მეგობარი იგორ შვედიკი, რომელსაც მასთან მუსიკა აკავშირებდა. – „ტერნოპილის როკ-კლუბში დავდიოდით, ჯერ კიდევ ნახევრად საბჭოთა კავშირი იყო და მიწისქვეშეთში ვუკრავდით.“

მიხაილო დიანოვი/ფოტო: ფეისბუქიდან

მიხაილოს უმცროსი და ოლენა ჰყვება, რომ ძმა ღირსების რევოლუციის შემდეგ ძალიან შეიცვალა, – „მაშინ მიხვდა, რომ ეს ბრძოლა არც დღეს დამთავრებოდა და არც ხვალ.“

მაშინ წავიდა მიხაილო ფრონტზე მოხალისედ. ჯერ 79-ე ბრიგადაში მოხვდა, შემდეგ კი 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითი გახდა. მარიუპოლთან მსახურობდა.

„როდესაც ჩემი ძმის ფოტო დავინახე, ტელეფონი ხელიდან გამივარდა,“ – იხსენებს ოლენა დმიტრო კოზაცკის ფოტოს.

მის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, ოლენამ უცხო ნომრიდან შეტყობინება მიიღო – სწერდნენ, რომ მიხაილო ცოცხალი იყო. მანამდე, თითქმის მთელი თვის განმავლობაში, ძმაზე არაფერი გაეგო.

24 თებერვლის შემდეგ მიხაილო ყოველდღე რეკავდა ან მოკლე შეტყობინებებს გზავნიდა – „ცოცხალი ვარ“, „ყველაფერი კარგადაა“, 5 მარტის შემდეგ კი კავშირი გაწყდა.

„8 აპრილს დაურეკა ჩემს ქმარს, თუმცა არ უთქვამს, სად იყო. შემდეგ 14 აპრილს დარეკა და მაშინ გავიგეთ, რომ „აზოვსტალში“ იყო. ვერ გადმოვცემ, როგორი ხმა ჰქონდა, ბოლო ძალებს იკრებდა, რომ დაგვლაპარაკებოდა,“ – ამბობს ოლენა.

მაშინ გაიგეს, რომ დაჭრილი იყო – ორივე ფეხში, მარჯვენა ხელის ძვალი კი მთლიანად დამსხვრეული ჰქონდა.

უკრაინული გამოცემა Hromadske მიხაილოს მკითხველისთვის უკეთ გასაცნობად მის 2020 წლის 6 თებერვლის ფეისბუქ სტატუსს იხსენებს:

„მე შეიძლება მოვკვდე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას – ეს ჩემი არჩევანი არაა, მაგრამ ჩემი არჩევანია – როგორ ვიცხოვრებ. თუ გარშემო რაიმე ცუდი ხდება, შეიძლება არაფერი გააკეთო, ან გააკეთო რამე. არაფრის კეთება მე უკვე ვცადე“.

„მე დავბრუნდი“ – დაწერა რამდენიმე დღის წინ მიხაილომ ფეისბუქზე და ყველა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ

მიხაილო დიანოვი ერთ-ერთია იმ 215 ადამიანს შორის, რომლებიც რუსეთის ტყვეობიდან 22 სექტემბერს ღამით გაათავისუფლეს.

„აზოვსტალის“ მცველები, უკრაინის მხარეს მებრძოლი ათი უცხოელი, პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი და 5 მეთაური – დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი „ვოლინა“, სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო უკრაინამ პუტინის ახლობელ ოლიგარქში, ვიქტორ მედვედჩუკში და 55 რუს სამხედრო ტყვეში გაცვალა.

მიხაილო დიანოვი ამჟამად კიევის სამხედრო ჰოსპიტალშია. როგორც მისმა დამ, ოლენამ „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, ჯერჯერობით მისთვის ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია.

„პირველ რიგში, წონაში უნდა მოიმატოს. ეს ახლა მთავარია, რადგან მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა ოპერაციის გაკეთების საშუალებას. შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის. ახლა ცოტა უნდა მოძლიერდეს“, – ამბობს ოლენა და დასძენს, რომ მიხაილომ ტყვეობაში თავისი ნორმალური წონის 30% დაკარგა.

ტყვეობაში ყოფნისას მიხაილოსთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, მეტიც, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რადგან ოლენას თქმით, მას ხელიდან „აზოვსტალში“ დაყენებული აპარატიც მოხსნეს:

„აპარატი ხელიდან ბრტყელტუჩათი მოხსნეს, ყოველგვარი ნარკოზის, ყოველგვარი გაყუჩების გარეშე – ჟანგიანი ბრტყელტუჩათი. ხელიდან ეს მეტალი ასე გამოძრეს… ასეთი იყო მათი დახმარება“.

სოციალურ ქსელებში მიხაილოს ფოტოს გამოქვეყნებისა და დახმარებისკენ მოწოდების შემდეგ, ტყვეობიდან დაბრუნებული მებრძოლის სამკურნალოდ უკრაინელებმა ერთ საათში რამდენიმე მილიონი გრივნა შეაგროვეს.

_____

მთავარ ფოტოზე: მიხაილო დიანოვი “აზოვსტალში”/ დმიტრო კოზაცკის ფოტო

„ამას ვეღარ გააკონტროლებს რუსეთი“ – ინტერვიუ დაუმორჩილებლობაზე დაღესტანში

„რუსეთი თუ სადმე ფეთქდება, ეს არის ჩრდილოეთ კავკასია,“ – ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ახლა დაღესტანში აგორებულ დაუმორჩილებლობის პროცესს აკვირდება. ის არ გამორიცხავს, რომ ჩეჩნეთის მსგავსად, პროტესტი რუსეთმა დაღესტანშიც „ჩააცემენტოს“, თუმცა კონფლიქტოლოგის დაკვირვებით, რუსეთის დაშლის შანსი გაზრდილია.

რას აჩვენებს დაუმორჩილებლობა დაღესტანში და რა შეიძლება მოხდეს, თუკი რუსეთმა იქ გაჩენილი საპროტესტო მუხტი ვერ ჩაახშო? – „ბათუმელებმა“ კონფლიქტოლოგთან, პროფესორ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო პაატა, თქვენი დაკვირვებით, რა სახეს იღებს დაუმორჩილებლობის ტალღა დაღესტანში და საითკენ მიდის ეს პროცესი? 

ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი, სტიქიური პროტესტი. რუსეთის მოქალაქეები, მნიშვნელობა არა აქვს, დაღესტანია ეს თუ ჩუკოტკა, არ ელოდნენ, რომ ეს ნამდვილი იყო, მათთვის ახლა დაიწყო 24 თებერვალი. მათთვის სტაბილური განწყობა იყო მნიშვნელოვანი: ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, არ ვერევით პუტინის საქმეებში და პუტინიც არ ერევა ჩვენს საქმეებში, კანონებს ვარღვევ, პატარა კორუფციაა, ყველა კარგად ვართ და ომი სირიაში იქნება? – სირია იყოს, საქართველო იყოს, უკრაინა იყოს. თუ პუტინს აქვს საშუალება, რომ სპეცოპერაცია განახორციელოს, განახორციელოს. მთავარია, მე არ შემეხოს.

ახლა შეეხოთ ომი პირველად. ახლა მიხვდნენ, რომ რასაც ლაპარაკობდა აქამდე ლიბერალური ელიტა, აკრძალული პრესა, თურმე მართლები იყვნენ – მართლა ომი ყოფილა, თურმე ეს ჩემს შვილებს ეხება, მეც მეხება და გაჩნდა სპონტანური, ველური პროტესტი. დაღესტანში იმიტომ გამოიკვეთა ასე ცალსახად, რომ ეს კავკასიაა და კავკასიელები უფრო ემოციურები არიან, ვიდრე, მაგალითად, ჩუკოტკა, სადაც პროტესტის ნიშნად დაიწყეს ცეკვები. პროტესტი არის დღეს მთელ რუსეთში. ვხედავთ, რომ იარაღით შევარდა ადამიანი გაწვევის პუნქტში და ესროლა გაწვევის ხელმძღვანელს.

არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი. მოსალოდნელია, რომ რუსული რეპრესიული მანქანა, რომელიც საკმაოდ ძლიერია, ჩაახშობს ამ პროტესტს, რომელიც არის უფრო სპონტანური და არ არის ორგანიზებული. დააპატიმრებენ ადამიანებს, მერე გამოუშვებენ სახლში და ეტყვიან, რომ ხმა არ უნდა ამოიღოს.

  • შესაძლებლად მიგაჩნიათ ამ მოცემულობაში ჩაახშონ ეს დაუმორჩილებლობა დაღესტანში? 

მაგალითად, ნავალნი ციხეშია, მაგრამ მის მიერ წამოწყებული პროტესტი დღემდე გრძელდება, რადგანაც ეს პროტესტი ორგანიზებულია. ორგანიზებული პროტესტი, ბუნებრივია, უფრო საშიშია, როგორც ნაკვერჩხალი, რომელიც ნელ-ნელა ღვივდება. დაღესტნის პროტესტი კი, არის სპონტანური, ველური, რომლის მართვაც გარედან უფრო იოლია. თუ ეს პროტესტი გახდება ორგანიზებული და მის მართვას ვინმე ჩაუდგება სათავეში, გააჩნია, როგორ დაგეგმავენ, მაგრამ ამის წინააღმდეგ წასვლა უფრო რთული იქნება…

მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ლიდერებს. აქ უფრო ჩანს დედა, რომელიც იცავს თავის შვილს, ან ქმარს.

  • თუმცა მუსლიმმა შეიხებმა დაღესტანში აბდულაჰ კოსტეკელმა და უმარ სასითლელმა დაღესტნელ მუსლიმებს მობილიზაციისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს. ეს რას აჩვენებს? 

ხვალ შესაძლებელია, სხვა ლიდერებმა პირიქით თქვან. ესეც აჩვენებს ამ სპონტანურობას.

  • რამდენად შეიძლება ამ პროტესტს ჰქონდეს ჯაჭვური რეაქცია და, მაგალითად, ჩეჩნეთშიც გააქტიურდეს საპროტესტო მოძრაობა? 

ჩეჩნეთში უკვე კარგა ხანია ჩაჩუმებულია ყველაფერი – იქ კადიროვი აკონტროლებს სიტუაციას. ჩეჩნეთში პოტენციურ ლიდერებს თავი აქვთ მოჭრილი, გაყარეს ქვეყნიდან, ან მოკლეს. გარდა ამისა, ჩეჩნეთი მონოეთნიკურია, იქ მხოლოდ ჩეჩნები არიან, დაღესტანში კი, 60-მდე სხვადასხვა ეთნიკური და ენობრივი ჯგუფია.

  • როგორ აისახება ეს დაღესტანში გაჩენილ დაუმორჩილებლობაზე? ცნობილია, რომ ყველაზე აქტიურად პროტესტს გამოხატავს ყუმიხური ჯგუფი, რომელიც თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფია და მათ აქამდეც ჰქონდათ დაპირისპირება ხუნძებთან, რომლებიც კომისარიატებსა და პოლიციაში, ადმინისტრაციაში მუშაობენ. 

დიახ, ამ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება არსებობს და ასეთ მომენტებში სკდება ხოლმე. როგორც აღნიშნეთ, დაღესტნის ძალოვან უწყებებში ძირითადად ხუნძები მუშაობენ.

ერთი და იგივე სოციალური პრობლემა შესაძლებელია სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფში სხვადასხვაგვარად აღიქვან, მაგალითად, საქართველოშიც შეიძლება კახეთში სხვაგვარად დაინახონ კონკრეტული პრობლემა, ვიდრე ჯავახეთში. ამიტომაც, ხელისუფალი ვალდებულია ფრთხილად იყოს, როცა ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფში სხვადასხვაგვარად ირეკლავენ. ეს არ არის მტრული განწყობა, ეს არის სხვადასხვანაირი ხედვა.

ასე ხდება დაღესტანშიც: გაწვევა ხდება მთელ რუსეთში, მაგრამ ადგილზე ადამიანი, რომელიც თავისი კარმიდამოს იქეთ არ იყურება, ფიქრობს, რომ მისი შვილი განსაკუთრებულად გაიწვიეს. თანაც, აქ აშკარად ჩანს, რომ მთავარია არა ხარისხი, არამედ რაოდენობა. ჩანს, რომ ამ ადამიანებს ამზადებენ არა ომისთვის, არამედ ხორცსაკეპი მანქანისთვის. ამ ხალხს არავითარი სხვა სახის სამხედრო ამოცანის შესრულება არ შეუძლია. ამორალურზე ამორალურია, რასაც ახლა რუსეთის ხელისუფლება აკეთებს: იმის ნაცვლად, რომ ძალები გამოეყვანა უკრაინიდან და დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მოუმზადებელ არმიას აგებებს კარგად გაწვრთნილ და მოტივირებულ უკრაინას.

  • ჩანს, რომ დაღესტნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ხშირად აქცენტი კეთდება რუსეთზე და არა ერთმანეთს შორის დაპირისპირება. რა ბერკეტი აქვს დღეს რუსეთს, რომ ჩაახშოს ეს პროტესტი? 

ვფიქრობ, რუსეთი ჩაახშობს მაინც ამ პროტესტს. გათვლა აქვთ, რომ ორი-სამი კვირა იქნება პროტესტი და შემდეგ ჩაცხრება, დააჩოქებენ ყველას.

რუსეთს, ვფიქრობ, რომ აქვს უფრო სხვა რისკი – როცა ეს ხალხი აღმოჩნდება ფრონტის წინა ხაზზე ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ისინი დაიწყებენ გაქცევას, ჩაბარებას, შეიძლება მეთაურების მკვლელობებიც დაიწყოს, რაც ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის არმიაში. ფრონტზე მოხდება სერიოზული გარღვევები რუსეთის საწინააღმდეგოდ, რადგან ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი მოტივაცია. ფულიც არ არის მათი მოტივაცია. ფული რომ სდომებოდათ, აქამდე წავიდოდნენ.

  • არ უშვებთ, რომ თავად დაღესტანში შესაძლოა ვეღარ ჩაახშონ პროტესტი? 

კი, ამას ვუშვებ და ამის პოტენციალიც არსებობს…მაშინ უკვე ჯაჭვური რეაქცია წავა, ეს იქნება რუსეთის ჩამოშლის პირველი ნიშნები. რუსეთი თუ სადმე ჩამოიშლება, ეს იქნება ჩრდილოეთ კავკასია, ჩრდილოეთ კავკასია არის ერთგვარი „აქილევსის ქუსლი“ რუსეთის იმპერიისთვის. ის ვერასდროს ვერ მართავდა ჩრდილოეთ კავკასიას ბოლომდე, დაწყებული კავკასიის ომებიდან. ამ კონტროლისთვის რუსეთს ყოველთვის სჭირდებოდა ბევრი ფული და ბევრი სისხლი. დღემდე ეს ასე მოდის.

მაგრამ დაღესტანში, როგორც აღვნიშნე, ვერ იქნება ერთიანი პროტესტი, როგორც ჩეჩნეთში იყო, რადგან დაღესტანში მრავალი ხალხია, აქ სპეცსამსახურები მოახერხებენ ერთმანეთზე წაკიდებას. კავკასიელების, მათ შორის ქართველების პრობლემა არის ის, რომ იოლად ვებმებით თანამოძმეებს. ვიცით, რომ რუსეთი ასე მართავდა სიტუაციას ქართულ-ოსურ კონტექსტში, ან სომხეთი-აზერბაიჯანის კონტექსტში, მერე შემოდის რუსეთი, როგორც მაშველი და სამშვიდობო ძალა. აქაც გააჩნია, როგორ იმუშავებენ რუსეთის სპეცსამსახურები.

ჩრდილოეთ რესპუბლიკის სხვა რესპუბლიკებში ახლა მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა. თუ დაღესტანში პროტესტი ვერ ჩაახშეს, მაშინ ის, როგორც ცეცხლი გადაედება სხვა რესპუბლიკებს და შესაძლოა ვეღარ გააკონტროლოს რუსეთმა სიტუაცია. პრობლემა მხოლოდ დაღესტნის პროტესტი არ არის. ზოგადად არის, მაგრამ მას აქვს რესურსი, ჩაახშოს ეს პროტესტი. თუ გადავიდა ეს პროტესტი სხვა რესპუბლიკებზე, მაშინ შესაძლოა ვეღარ გამოძვრეს და ვეღარ უშველის, მაშინ უკვე კი არ უნდა ჩაახშოს, არამედ გაიქცეს, ამას ვეღარ გააკონტროლებს რუსეთი.

იგივე ჩეჩნეთში ჩაახშეს, მაგალითად, პროტესტი. იქ იყო ისეთი პროტესტი, როგორიც არ ყოფილა არასდროს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბოლოო ჯამში კი ჩააბეტონეს და ჩააცემენტეს. მერე იპოვეს კადიროვის მამა და ვიცით ყველამ, შემდეგ რაც მოხდა.

  • თუმცა დღეს კადიროვი ამბობს, რომ მობილიზაცია ჩეჩნეთს არ ეხება, გეგმა 254 %-ით შევასრულეო.  

რეალურად კადიროვმა მართლაც გაიწვია იმაზე მეტი ხალხი, რამდენიც აქვს დადგენილებით განსაზღვრული, მოამზადა, გაწვრთნა და უკრაინაში არიან. ამორალურია, მაგრამ ლოგიკა არის მის ნათქვამში. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კადიროვმა იცოდა, რაც მოხდებოდა და ასე წარმოაჩინა თავი. მან წინასწარ გააჟღერა მობილიზაციის შესახებ, რაც ესმოდა კულუარებში.

  • მანამდე კადიროვს ჰქონდა ინიციატივა, რომ რეგიონებს ცალ-ცალე მოეხდინა ძალების მობილიზება, რაზეც საბოლოოდ მოსკოვმა უარი თქვა. რას შეუშინდა რუსეთი? 

რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა იქნებოდა რუსეთისთვის და ბევრი შეშფოთდა კიდეც ამის გამო. ეს შესაძლოა საქართველოსაც შეეხოს ადრე, თუ შორეულ მომავალში.

ვგულისხმობ იმას, რომ კადიროვი ახალგაზრდა და ენერგიულია, პუტინი – ბებერი, პუტინი ამ ფორმით თუ იმ ფორმით, უფრო ადრე წავა პოლიტიკიდან, თუ ამქვეყნიდან, ვიდრე კადიროვი, რომელსაც მოუნდება იმაზე მეტი, ვიდრე ახლა აქვს, მაგალითად, კავკასიის მეფობა. ასე რომ, პუტინმა ძალიან სახიფათო ჯინი გამოუშვა ბოთლიდან კადიროვის სახით. ის თუ იქნება ცოცხალი, ის საშინელებებს დაატრიალებს კავკასიაში, ეს ირიბად შეეხება საქართველოსაც. ასე რომ, ძალიან სერიოზული მომენტია, რა ფორმით ტოვებს პუტინი კადიროვს, რომელიც არაა რუსეთის იმპერიის მეხოტბე, ის თავადაც ამბობს, რომ არის პუტინის ჯარისკაცი.

  • ინგუშეთსაც აქვს პროტესტის და წინააღმდეგობის გამოცდილება. რა ხდება ამჯერად იქ? 

ინგუშეთი ძალიან მცირერიცხოვანია და ორი მხრიდან აქვს შეტევა: ერთია ჩეჩნეთი, რომელიც ავიწროებს, მეორე მხრიდან კი აქვს ჩრდილოეთ ოსეთის პრობლემა. ინგუშეთის პრობლემა შიდა პრობლემაა ყოველთვის, ისინი გარეთ ვერ გამოდიან – რუსეთი ინგუშეთის პროტესტს ახშობს ჩეჩნეთით. ჩრდილოეთ კავკასია არის სახიფათო ბომბი რუსეთისთვის: რუსეთი თუ სადმე ფეთქდება, ეს არის ჩრდილოეთ კავკასია. სხვაგან, ყველგან კონტროლირებადი სიტუაცია აქვს. ეს უგვანი, აბსურდული, წინდაუხედავი, ამორალური ომი, რაც მოაწყო რუსეთმა, ამით მან გახსნა ყველა ჭრილობა. უკეთესი ვარიანტია, რომ რუსეთი გადარჩეს ერთიანი….

ახლა რუსეთის დაშლის შანსები უფრო მაღალია, ვიდრე ერთიანობის შენარჩუნებისა, თუმცა რუსეთის დაშლა საქართველოს პრობლემაც იქნება. ამიტომაც, მსოფლიომ უნდა უთხრას რუსეთს: დაწყნარდი, არავის არ უნდა შენი დაშლა, ოღონდ გამოიყვანე ჯარები უკრაინიდან, დაანებე თავი საერთაშორისო სისულელეების და დანაშაულების ჩადენას.

  • რა რისკები არსებობს კავკასიაში, ასევე საქართველოში, თუ რუსეთი დაიშლება? 

თუ რუსეთი დაიშლება, დაიწყება კავკასიაში შიდა ომები ტერიტორიების გამო. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან არ მაქვს არაფრის იმედი, თორემ პირიქითაც შეიძლებოდა, ანუ უფრო მეტად შეიძლებოდა კავკასიის ხალთან საერთო ენის გამონახვა, იგივე ოსებთან დალაპარაკება.

რუსეთის დაშლის შემთხვევაში, გამოწვევა იქნება დევნილები, სავარაუდოდ ბევრი ადამიანი წავა თურქეთისკენ, ისლამური სამყაროსკენ, ნაწილი დარჩება საქართველოში. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ხალხი ახლაც იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ბევრი მათგანი მართლაც პუტინს აძლევდა ხმას.

ჩემი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიიდან შემომსვლელების საერთო რაოდენობის 20 პროცენტს არ უშვებენ საქართველოში. საქართველო კავკასიელი ხალხისთვის ყოველთვის იყო საამაყო, ოსეთის და აფხაზეთის პრობლემებმა დაგვწიეს უკან, ასევე არსებობს კითხვები ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ის, რომ ჩვენთვის კავკასიელები მნიშვნელოვანი ხალხია, ადამიანურობა, ჰუმანურობა, ქრისტიანობის წინ წამოწევისთვისაც ეს კარგი მომენტია. საუბარი უნდა იწყებოდეს ამ წინადადებით: „მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც…“

„ლელო“ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს – აქცია ბათუმში

დღეს, 26 სექტემბერს, „ლელომ“ ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით აქცია გამართა.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გენო თებიძის თქმით, „ლელო“ საზღვრის  ჩაკეტვას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო ითხოვს.

„ერთი კვირის განმავლობაში უკვე რუსეთის 100 000-ზე მეტი მოქალაქეა შემოსული და ვფიქრობთ, რომ ეს არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისათვის. ძალიან ბევრი, ვინც გადმოდის თავს ეძახის დევნილს. დღეს ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე ვერ ვხედავთ რაიმე სახის საომარ მოქმედებებს. ამ ადამიანებს აქვთ რაღაც სახის განზრახვა.

„ლელოს“ აქცია ბათუმში

ძალიან დიდი ნაწილი უკრაინის მოქალაქეებისა გამოექცა იმ უბედურებას, რაც გააკეთა უკრაინაში რუსეთის სახელმწიფომ.

რუსეთის მოქალაქეების  გადმოსვლა უნდა შეჩერდეს, შემდეგ კი სახელმწიფო დონეზე გადაიხედოს ეს ყველაფერი. თუ პოლონეთი და სხვა მოწინავე ქვეყნები მოიქცნენ ასე, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება იმავეს გაკეთება“ – განაცხადა გენო თებიძემ.

კითხვაზე, უნდა ჩაიკეტოს თუ არა არა საზღვარი რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეჟიმს გაურბიან და არ უნდათ ომში წასვლა უკრაინის წინააღმდეგ, გენო თებიძე პასუხობს, რომ მათ თავიანთ ქვეყანაში უნდა აიმაღლონ ხმა და გამოხატონ პროტესტი საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ.

ბსუ-ში ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ლაბორატორია გაიხსნა

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა ევროკავშირის მხარდაჭერით.

ბსუ-ს ცნობით, პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში (ბათუმში, თბილისში – თსუ, თელავსა და ქუთაისში) ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვას.

„სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიებში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხო ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების ამაღლება დასაქმების ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა კოვიდ-19 პანდემიის პირობებში.

ამიტომ, ბსუ-ში მოქმედი აკრედიტებული პროფესიული გადამზადების კურსები – „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოება“ ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში ამ მიმართებით არსებული გამოწვევების  დაძლევის თვალსაზრისით“ – აცხადებენ ბსუ-ში.

პროექტის პირველ ეტაპზე გადამზადდა 9 ტრენერი და შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელო. ჯამში დაგეგმილია 250 მსმენელის გადამზადება. როგორც ბსუ-ში გვეუბნებიან 10 მსმენელი უკვე გადამზადდა, დანარჩენი მსურველები კი მომავალში გადამზადდებიან. კურსის დაწყების შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება.

„პროექტი შესაძლებლობას ქმნის გადამზადებული კადრები დასაქმდნენ კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებში, ფარმაცევტულ, აგრო-კვების ინდუსტრიაში და ჯანდაცვის ინსტიტუტებში. ასევე შესაძლებელია თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის სასწავლო მიზნით  გამოყენება ბიოლოგიის და მედიცინის მიმართულების სტუდენტებისათვის და ბიოსამედიცინო მიმართულების კვლევებისთვის“- აღნიშნულია ბსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან მილანისა და ტერამოს უნივერსიტეტები.

პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის სექტორული რეფორმის განმახორციელებელი პროგრამის „დასაქმების ბაზრის საჭიროებების შესაბამისი უნარების განვითარების მხარდაჭერა/უნარები სამუშაოსთვის, მე-2 ფაზა“  ნაწილს, რომლის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას ადამიანური რესურსების გაძლიერებისა და  პროფესიული უნარების განვითარების გზით.

ხის მეჩეთების ფოტოგამოფენა ბათუმის ბულვარში

დღეს, 26 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, აჭარული ხის მეჩეთების ფოტოების გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენა საღამოს 18 საათამდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

„აჭარული ხის მეჩეთები ქართული ისლამური კულტურის უნიკალური და საუკუნოვანი ნიმუშებია, რომლებსაც სჭირდებათ მოვლა, ხილვადობა და აღიარება.

ამ გამოფენის მიზანია თვალხილული გახდეს ეროვნული ქარგის ეს შეუმჩნეველი ნაწილი და წარმოჩინდეს მისი პოტენციალი აჭარის ტურისტული შესაძლებლობების განვითარებაში”, – აღნიშნავს გამოფენის ორგანიზატორი, ახალგაზრდა რეგიონული სამოქალაქო საზოგადოება „სოლიდარობის თემი“.

„სოლიდარობის თემმა“ პეტიცია მოამზადა აჭარის ხის მეჩეთების გადასარჩენად და აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა.

ფოტო გამოფენიდან. ფოტო: ჰურიე აბაშიძე

_____________________

მთავარი ფოტო გამოფენიდან. ფოტო: ჰურიე აბაშიძე.

რატომ დგას რუსული ჯავშანტექნიკა ლარსის გამშვებ პუნქტთან

დღეს, 26 სექტემბერს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, რომელზეც საქართველო-რუსეთის საზღვართან, რუსეთის მხარეს, ჯავშანჯექნიკაა ასახული. ტელეგრამზე წერენ, რომ სავარაუდოდ რუსეთი ზედა ლარსთან საგუშაგოს შექმნას გეგმავს.

რუსული გამოცემა РБК-ას ცნობით, რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტში ადასტურებენ ჯავშანტექნიკის მოძრაობას საქართველოს საზღვართან, ზედა ლარსის გამშვებ პუნქტთან.

გამოცემის ცნობით, რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჯავშანტექნიკა საზღვართან არ არის ბლოკპოსტის შესაქმნელად.

„ინფორმაცია საგუშაგოს მოწყობის შესახებ ყალბია. ჯავშანტექნიკა იქ მოძრაობს, მაგრამ არა ბლოკ-პოსტის შესაქმნელად.

ეს, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტები მოინდომებენ გაარღვიონ სასაზღვრო პუნქტი და დოკუმენტების გაფორმების და ფორმალობის გარეშე დატოვონ ქვეყანა. მხოლოდ ამ მიზნით“, – თქვა რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში РБК-სთან.

გამოცემისვე ცნობით, დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის რუსეთის მოქალაქეების გასვლაზე შეზღუდვა არ დაწესებულა.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დროისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთს ათასობით მოქალაქე ტოვებს.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რუსეთის მოქალაქეები კილომეტრიან რიგებში დგანან.

მთავრობა სამივლინებო თანხებს ზრდის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, ცვლილება შეეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს – ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის განსაზღვრული იყო 15 ლარი, ეს ნორმა გაორმაგდება და გახდება 30 ლარი. ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იქნება დაკორექტირებული და გათვალისწინებული იქნება ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებებიც. საშუალოდ 37-პროცენტიანი ზრდა იქნება, იმის მიხედვით, რა ოდენობით მოხდა ფასების ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში.

ეს იქნება 45, 60 75 დოლარის ოდენობით. იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში რა ფასებია ცხოვრების დონის მიხედვით“, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მისი თქმით, კერძო სექტორთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, თუ რის ფარგლებში არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადი~.

მობილიზაციას გაქცეული რუსები ყაზახეთში კინოთეატრში ათევენ ღამეს | ფოტო

ყაზახეთში მკვეთრად გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. ყაზახური მედია წერს, რომ ქალაქებში მკვეთრად გაიზარდა საცხოვრებელი სახლების ქირა. ქალაქ ურალსკში, ადგილობრივი გამოცემა mgorod.kz-ს ცნობით, სასტუმროები და ჰოსტელები გადაიტვირთა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებიდან მეორე დღესვე.

გამოცემა წერს, რომ ქალაქში რუსეთიდან ჩასულების ნაწილი ღამეს ათევს მანქანებსა და ქუჩებში, 24 სექტემბერს კი მობილიზაციას გაქცეული 200-მდე რუსეთის მოქალაქე ღამის გასათევად კინოთეატრმა შეიფარა.

„ხალხი მართლაც შეშინებული და დაბნეული იყო, დაახლოებით 23:00 საათიდან ხალხმა დაიწყო მოსვლა, თქვეს, რომ მთელი დღე ფეხით დადიოდნენ და ღამის გასათევს ვერ პოულობდნენ. ერთი დარბაზი გავათავისუფლეთ, მოხალისეებმა ცხელი საკვები მოიტანეს. ოთხ დარბაზში დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა“ – უთხრა ყაზახურ გამოცემას კინოთეატრის დირექტორმა.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დროისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთს ათასობით მოქალაქე ტოვებს.

_______________

ფოტო: BBC

რატომ არეკლამებს ბათუმის მერს Facebook-ზე აჭარის მთავრობის თანამდებობის პირი? – კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფეისბუკის გვერდის რეკლამირებაში აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი, გოგი ფუტკარაძეა ჩართული.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს პრობლემურია, რადგან „გაუმჭვირვალეა თავად ასეთი საქმიანობის დაფინანსების მექანიზმი და წყაროები“.

ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაცია და ბათუმის მერია „გამჭვირვალობას“ ოფიციალურ წერილებში წერენ, რომ სოციალურ ქსელებში თანამდებობის პირების ანგარიშების რეკლამისთვის თანხა არ დაუხარჯავთ.

„შესაბამისად, კითხვები ჩნდება დაფინანსების წყაროს წარმომავლობასთან დაკავშირებით“ – აცხადებს „გამჭვირვალობა“.

  • კითხვები რეკლამების ხარჯის წარმომავლობაზე

„არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას 2020 წლის 16 ივლისიდან ასრულებს. „გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, Facebook-ში მისი ოფიციალური გვერდი მეორე დღესვე, 2020 წლის 17 ივლისს შეიქმნა. Facebook-ის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ჩიქოვანის გვერდიდან სხვადასხვა ინფორმაციას 180-ჯერ გაუკეთეს რეკლამა.

„ჯამში, გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის რეკლამირებისთვის 3,200 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე არჩილ ჩიქოვანის გვერდს „ქართული ოცნება” არეკლამებდა. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიამ ამ მიზნით 2,200 აშშ დოლარამდე დახარჯა.

მოგვიანებით კი, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, ჩიქოვანის გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის რეკლამირებაში გოგი ფუტკარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი, მონაწილეობს, საკონტაქტო პირად სწორედ ფუტკარაძეა მითითებული“ – წერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი არჩილ ჩიქოვანის გვერდის შემთხვევაში იყენებს აჭარის მთავრობის ელექტრონული ფოსტის ოფიციალურ მისამართს, სამსახურის ვებგვერდადაც აჭარის მთავრობის საიტი – adjara.gov.ge-ა მითითებული.

„გოგი ფუტკარაძე მონაწილეობს მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ოფიციალური გვერდის გამოქვეყნებული მასალების რეკლამირებაშიც“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის განცხადებით, მთლიანობაში, არჩილ ჩიქოვანისა და თორნიკე რიჟვაძის ანგარიშებზე გამოქვეყნებული მასალების რეკლამირებისთვის 5,765 აშშ დოლარი დაიხარჯა. პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, ამ თანხიდან 2,177 აშშ დოლარი პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, დანარჩენი თანხის წარმომავლობა  კი დაუდგენელია.

  • რას ამბობენ ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდანაც და ბათუმის მერიიდანაც.

„გვაინტერესებდა, თუ რა თანხა დახარჯეს უწყებებმა სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდების რეკლამირების მიზნით.

მთავრობის ადმინისტრაციამ და მერიამ მოგვწერეს, რომ ამ მიზნით თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მერიას და მთავრობას რეკომენდაციას აძლევს და მოუწოდებს, რომ დროულად და ამომწურავად უპასუხონ საზოგადოებას გამოვლენილ გარემოებებზე.

კონკრეტულად:

„რატომ იხარჯება არჩილ ჩიქოვანისა და თორნიკე რიჟვაძის ფეისბუკის გვერდებზე ინტერნეტ აუდიტორიის გაზრდისთვის თანხა არა დაწესებულებათა ბიუჯეტიდან, არამედ, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან. დაუდგენელია ამ თანხის წარმომავლობაც.

ეს ფაქტი მიუთითებს რომ აჭარის  მთავრობის წარმომადგენელი ერევა ბათუმის მერის საქმიანობაში. ამგვარი პრაქტიკა წარმოაჩენს მუნიციპალიტეტსა და აჭარის მთავრობას შორის არსებულ მანკიერ ურთიერთობას, არღვევს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნებს და უგულებელყოფს თვითმმართველობის პრინციპებს.

მერის, მისი მოადგილეების, მერიის სამსახურების გამართული კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მათ შორის ინტერნეტსივრცეშიც, უნდა უზრუნველყოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ“-წერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

„ბათუმელები“ აჭარის მთავრობaს კომენტარისთვის დაუკავშირდა. თუმცა, როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე მთავრობა კომენტარს არ გააკეთებს.

„არ გაკეთდება ჩვენგან არავითარი კომენტარი საპასუხოდ, თუ რაიმე განცხადება იქნება, გაკეთდება ოფიციალურად. გოგის რაც შეეხება, ჩვენი თანამშრომელი სულ ახლახანს, უკვე აღარაა“-გვითხრეს პრესსამსახურში.

თუმცა აქ არ გვიკონკრეტებენ, როდის გაათავისუფლეს გოგი ფუტკარაძე სამსახურიდან. „სულ ახალახანს, დღეს ვერ დაგიზუსტებთ, მაგრამ დიდი ხნის ამბავიც არ არის“ – ამბობენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

Exit mobile version