მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არ მოსწონს მოზარდს, როცა მის ცხოვრებაში ზედმეტად ვერევით – რჩევები მშობლებს

27.09.2022 • 1874
რატომ არ მოსწონს მოზარდს, როცა მის ცხოვრებაში ზედმეტად ვერევით – რჩევები მშობლებს

მოზარდობის, ე.წ. თინეიჯერობის წლები ზრდასრულობისკენ გარდამავალი ეტაპია. ამ დროს მოზარდებს მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა ამ პერიოდში უფროსები ხშირად უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომლებიც კიდევ უფრო ართულებენ მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას.

ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ შვილის მოზარდობის ასაკი მშობლებისთვისაც კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს.

  • მოზარდობის ასაკში ბავშვები დიდი გამოწვევების წინაშე დგებიან, მაგრამ რა გამოწვევის წინაშე დგება მშობელი ამ დროს?

ზოგადად მშობლებს ძალიან უჭირთ გამოეთხოვონ თავიანთი შვილების ბავშვობას და უჭირთ თვალი გაუსწორონ იმას, რომ მათი შვილები იზრდებიან, დამოუკიდებლები ხდებიან, შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, განვითარება, რაღაც პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა და ა.შ., ანუ შეუძლიათ მშობლებისგან დამოუკიდებლად, სრულფასოვანი არსებობა.

ეს ცოტა არალოგიკურადაც ჟღერს, მაგრამ ასეა, მშობლებს უჭირთ გამოეთხოვონ თავიანთი შვილების ბავშვობას და მათზე დამოკიდებულებას, ამიტომ ეს კრიზისი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც ეხებათ, შესაბამისად ეს მშობლების კრიზისული ასაკიც არის.

მშობლები მიჩვეულები არიან, რომ სწორედ ისინი ზრუნავენ სრულად თავიანთ შვილებზე დაბადებიდან, იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ბავშვი იზრდება და მას ნელ-ნელა უყალიბდება უნარ-ჩვევები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, მიხედოს საკუთარ თავს და გაიზარდოს. 

ზოგჯერ მშობელს უჭირს შეამჩნიოს როდის დადგა დრო, როცა ბავშვს თავად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და რომ მშობლის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში ძველებური სიხშირით და ინტენსივობით აღარ არის საჭირო. ამიტომ ხდება, რომ მშობლები ხშირად ცდილობენ ისევ ჩაერიონ მოზარდების პრობლემებში, თვითონ მოაგვარონ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – დაუკაკუნებლად შევიდნენ მათ ოთახებში, შეიჭრნენ შვილების პირად სივრცეში ისე, რომ არც კი ჰკითხონ ნებართვა თავიანთ მოზარდ შვილებს.

ნებისმიერი სირთულის დროს, უმჯობესია მშობელი თავად კი არ ჩაერიოს ამ პრობლემის მოგვარებაში, არამედ ჰკითხოს მოზარდს, თვითონ როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარების გზას, რაში ჭირდება მას დახმარება და შვილთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება მომდევნო ქმედების შესახებ.

  • მოზარდების მშობლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ შვილის პირადი ცხოვრების შესახებ ყველაფერი უნდა იცოდნენ. როგორ დავიცვათ ზღვარი და არ დავარღვიოთ შვილის პირადი სივრცე?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დრო, როცა ბავშვი გამოეყოფა მშობლებს, ამ დროს თითქოს უხილავი ჭიპლარი გაიჭრება ხოლმე მშობელსა და შვილს შორის. ის, როგორც ზრდასრული ადამიანი, ისე იწყებს არსებობას – ჯერ არის ზრდასრული, თუმცა იწყებს.

ის ექსპერიმენტირებს და ამას იწყებს პირველ რიგში იმით, რომ აშენებს ავტონომიას მშობლისგან, ვისზეც აქამდე იყო დამოკიდებული. 

დაბადებიდან რამდენიმე ასეთ გამოყოფას ახორციელებს ბავშვი და ეს არის ერთ-ერთი საბოლოო გამოყოფა.

ეს ავტონომია არა მხოლოდ ემოციური და წარმოსახვითია, არამედ ფიზიკურიც. მას უკვე აღარ მოსწონს, როცა მის ოთახში შევდივართ, მის ნივთებს ხელს ვკიდებთ, მის ცხოვრებაში ვიქექებით, ვხვდებით მის მეგობრებს და ვკითხულობთ მის ამბავს.

ამ ავტონომიის აშენების მცდელობას ჩვენ უნდა ვცეთ პატივი, რადგან ეს არის განვითარების ეტაპი – ნორმალური, ადეკვატური განვითარების ნიშანი. ეს ასეც უნდა ხდებოდეს, ადამიანი უნდა გამოეყოს მშობელს და დაიწყოს სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრება, გაუჩნდეს პასუხისმგებლობის განცდა, დაიწყოს საკუთარ თავზე ზრუნვა და ა.შ. 

თუმცა იმისთვის, რომ მოვახდინოთ სხვადასხვა საშიში ქცევის პრევენცია, ჩვენ მასთან ერთად უნდა ვიყოთ.

ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში უნდა დავიწყოთ მასთან ადეკვატური, სწორი ენით საუბარი, რომ კონტაქტი გვქონდეს და ამ ასაკში უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობა, სადაც ბავშვმა იცის, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებთანაც ნებისმიერ თემაზე საუბარი შეუძლიათ; ჩვენ არ ვსჯით იმის გამო, რასაც ის ფიქრობს; ჩვენ არ უარვყოფთ მას, რასაც არ უნდა აკეთებდეს; რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას – ის მაინც ჩვენი შვილია, გვიყვარს და მიღებულია. მას ამის გარანტია უნდა ჰქონდეს.

შესაბამისად, შვილი კი მოგვშორდება ცოტათი, მაგრამ ვინარჩუნებთ მის ნდობას და თუ ის რაღაც გაუგებრობაში, სახიფათო გარემოებაში მოხვდება, ის ჩვენთან მოვა და არ დაიწყებს სხვა ადამიანის ძებნას დახმარებისთვის.

  • როგორი უნდა იყოს უფროსების რეაქცია, როცა მოზარდი აკეთებს იმას, რაც დაუშალეს და როგორ უნდა დაითანხმონ უფროსებმა მოზარდები გარკვეული წესების შესრულებაზე? 

დასჯა [რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ფიზიკურ დასჯას] დღევანდელი პოზიტიურ მშობლობაში გამოიყენება, მაგრამ ის აუცილებლად შევსებულია წახალისებით.

ჩვენ ვიყენებთ წახალისებისა და დასჯის მეთოდს, სადაც ითვლება, რომ წახალისება დაახლოებით ოთხჯერ მეტი მაინც უნდა იყოს, ვიდრე სასჯელი. ამ მეთოდს ჩვენ დაბადებიდანვე ვრთავთ აღზრდაში და ბავშვი უკვე მიჩვეულია, რომ როდესაც რაღაც აკრძალულს აკეთებს, ამისთვის იღებს სასჯელს – მაგალითად, ჩამოერთმევა პლანშეტი, იმ დღეს ვეღარ წავა გასართობ ცენტრში და ა.შ. ხოლო როცა კარგ, სასურველ ქცევას ახორციელებს, ჩვენგან იღებს ჯილდოს შექების, მოფერების ან თუნდაც საჩუქრის სახით. 

მშობლები ხშირად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ გააკონტროლონ მოზარდი ან სასურველი ქცევა მიიღონ ბავშვებისგან, შესაძლოა ხანდახან მოსყიდვასაც ჰქონდეს ადგილი, ანუ ფული შესთავაზონ იმისთვის, რომ მან რაღაც გააკეთოს ან სადღაც არ წავიდეს. როცა მშობლები მოზარდისგან ვერ იღებენ ისეთ ქცევას, როგორიც მათ სურთ, ზოგჯერ სასჯელს და უკიდურეს ზომებსაც მიმართავენ.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსყიდვით და ფიზიკური სასჯელით ვერც არასწორი ქცევის შეჩერება მოხდება და არც პოზიტიური, სასურველი ქცევის წახალისება. ასე ბავშვს მხოლოდ იმას ვასწავლით, რომ რაღაც გააკეთოს, რათა ფული მიიღოს, ან რაღაც არ გააკეთოს იმიტომ, რომ ეშინია ჩვენი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წესები, რომელიც დაბადებიდანვე ჰქონდათ დაწესებული (რუტინული წესები, მაგალითად: ხელების დაბანა, კბილების გამოხეხვა და ა.შ.) მოზარდებთან, ასაკის შესაბამისად განახლდეს. მაგალითად – სახლში მოსვლის დრო. სასურველია, გადაწყვეტილება იმაზე, თუ რომელ საათამდე იქნება მოზარდი გარეთ, მშობელმა და ბავშვმა მიიღონ ერთად. 

ერთად მიღებულ გადაწყვეტილებას და დაწესებულ წესებს უფრო მეტად სცემს პატივს ბავშვი, ის ცდილობს უფრო შეასრულოს ასეთი პირობა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

მაგრამ თუ მაინც ირღვევა ეს პირობა, მოზარდი შესაბამისად იღებს სასჯელს, რა თქმა უნდა, არა ფიზიკური სახით. ასევე, სასჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგრძნობინებდეს იმას, რომ ის აღარ არის სასურველი. სასჯელი შეიძლება შემოიფარგლოს რაღაც შეზღუდვით – სადღაც აღარ გაშვებით, რაღაცის აღარ ყიდვით, რაღაცის აღარ მიცემით, რაღაცაზე ნების აღარ დართვით. წახალისება კი უნდა იყოს რამდენჯერმე უფრო მეტი. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: