მთავარი,სიახლეები

„ამას ვეღარ გააკონტროლებს რუსეთი“ – ინტერვიუ დაუმორჩილებლობაზე დაღესტანში

26.09.2022 • 1321
„ამას ვეღარ გააკონტროლებს რუსეთი“ – ინტერვიუ დაუმორჩილებლობაზე დაღესტანში

„რუსეთი თუ სადმე ფეთქდება, ეს არის ჩრდილოეთ კავკასია,“ – ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ახლა დაღესტანში აგორებულ დაუმორჩილებლობის პროცესს აკვირდება. ის არ გამორიცხავს, რომ ჩეჩნეთის მსგავსად, პროტესტი რუსეთმა დაღესტანშიც „ჩააცემენტოს“, თუმცა კონფლიქტოლოგის დაკვირვებით, რუსეთის დაშლის შანსი გაზრდილია.

რას აჩვენებს დაუმორჩილებლობა დაღესტანში და რა შეიძლება მოხდეს, თუკი რუსეთმა იქ გაჩენილი საპროტესტო მუხტი ვერ ჩაახშო? – „ბათუმელებმა“ კონფლიქტოლოგთან, პროფესორ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო პაატა, თქვენი დაკვირვებით, რა სახეს იღებს დაუმორჩილებლობის ტალღა დაღესტანში და საითკენ მიდის ეს პროცესი? 

ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი, სტიქიური პროტესტი. რუსეთის მოქალაქეები, მნიშვნელობა არა აქვს, დაღესტანია ეს თუ ჩუკოტკა, არ ელოდნენ, რომ ეს ნამდვილი იყო, მათთვის ახლა დაიწყო 24 თებერვალი. მათთვის სტაბილური განწყობა იყო მნიშვნელოვანი: ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, არ ვერევით პუტინის საქმეებში და პუტინიც არ ერევა ჩვენს საქმეებში, კანონებს ვარღვევ, პატარა კორუფციაა, ყველა კარგად ვართ და ომი სირიაში იქნება? – სირია იყოს, საქართველო იყოს, უკრაინა იყოს. თუ პუტინს აქვს საშუალება, რომ სპეცოპერაცია განახორციელოს, განახორციელოს. მთავარია, მე არ შემეხოს.

ახლა შეეხოთ ომი პირველად. ახლა მიხვდნენ, რომ რასაც ლაპარაკობდა აქამდე ლიბერალური ელიტა, აკრძალული პრესა, თურმე მართლები იყვნენ – მართლა ომი ყოფილა, თურმე ეს ჩემს შვილებს ეხება, მეც მეხება და გაჩნდა სპონტანური, ველური პროტესტი. დაღესტანში იმიტომ გამოიკვეთა ასე ცალსახად, რომ ეს კავკასიაა და კავკასიელები უფრო ემოციურები არიან, ვიდრე, მაგალითად, ჩუკოტკა, სადაც პროტესტის ნიშნად დაიწყეს ცეკვები. პროტესტი არის დღეს მთელ რუსეთში. ვხედავთ, რომ იარაღით შევარდა ადამიანი გაწვევის პუნქტში და ესროლა გაწვევის ხელმძღვანელს.

არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი. მოსალოდნელია, რომ რუსული რეპრესიული მანქანა, რომელიც საკმაოდ ძლიერია, ჩაახშობს ამ პროტესტს, რომელიც არის უფრო სპონტანური და არ არის ორგანიზებული. დააპატიმრებენ ადამიანებს, მერე გამოუშვებენ სახლში და ეტყვიან, რომ ხმა არ უნდა ამოიღოს.

  • შესაძლებლად მიგაჩნიათ ამ მოცემულობაში ჩაახშონ ეს დაუმორჩილებლობა დაღესტანში? 

მაგალითად, ნავალნი ციხეშია, მაგრამ მის მიერ წამოწყებული პროტესტი დღემდე გრძელდება, რადგანაც ეს პროტესტი ორგანიზებულია. ორგანიზებული პროტესტი, ბუნებრივია, უფრო საშიშია, როგორც ნაკვერჩხალი, რომელიც ნელ-ნელა ღვივდება. დაღესტნის პროტესტი კი, არის სპონტანური, ველური, რომლის მართვაც გარედან უფრო იოლია. თუ ეს პროტესტი გახდება ორგანიზებული და მის მართვას ვინმე ჩაუდგება სათავეში, გააჩნია, როგორ დაგეგმავენ, მაგრამ ამის წინააღმდეგ წასვლა უფრო რთული იქნება…

მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ლიდერებს. აქ უფრო ჩანს დედა, რომელიც იცავს თავის შვილს, ან ქმარს.

  • თუმცა მუსლიმმა შეიხებმა დაღესტანში აბდულაჰ კოსტეკელმა და უმარ სასითლელმა დაღესტნელ მუსლიმებს მობილიზაციისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს. ეს რას აჩვენებს? 

ხვალ შესაძლებელია, სხვა ლიდერებმა პირიქით თქვან. ესეც აჩვენებს ამ სპონტანურობას.

  • რამდენად შეიძლება ამ პროტესტს ჰქონდეს ჯაჭვური რეაქცია და, მაგალითად, ჩეჩნეთშიც გააქტიურდეს საპროტესტო მოძრაობა? 

ჩეჩნეთში უკვე კარგა ხანია ჩაჩუმებულია ყველაფერი – იქ კადიროვი აკონტროლებს სიტუაციას. ჩეჩნეთში პოტენციურ ლიდერებს თავი აქვთ მოჭრილი, გაყარეს ქვეყნიდან, ან მოკლეს. გარდა ამისა, ჩეჩნეთი მონოეთნიკურია, იქ მხოლოდ ჩეჩნები არიან, დაღესტანში კი, 60-მდე სხვადასხვა ეთნიკური და ენობრივი ჯგუფია.

  • როგორ აისახება ეს დაღესტანში გაჩენილ დაუმორჩილებლობაზე? ცნობილია, რომ ყველაზე აქტიურად პროტესტს გამოხატავს ყუმიხური ჯგუფი, რომელიც თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფია და მათ აქამდეც ჰქონდათ დაპირისპირება ხუნძებთან, რომლებიც კომისარიატებსა და პოლიციაში, ადმინისტრაციაში მუშაობენ. 

დიახ, ამ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება არსებობს და ასეთ მომენტებში სკდება ხოლმე. როგორც აღნიშნეთ, დაღესტნის ძალოვან უწყებებში ძირითადად ხუნძები მუშაობენ.

ერთი და იგივე სოციალური პრობლემა შესაძლებელია სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფში სხვადასხვაგვარად აღიქვან, მაგალითად, საქართველოშიც შეიძლება კახეთში სხვაგვარად დაინახონ კონკრეტული პრობლემა, ვიდრე ჯავახეთში. ამიტომაც, ხელისუფალი ვალდებულია ფრთხილად იყოს, როცა ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფში სხვადასხვაგვარად ირეკლავენ. ეს არ არის მტრული განწყობა, ეს არის სხვადასხვანაირი ხედვა.

ასე ხდება დაღესტანშიც: გაწვევა ხდება მთელ რუსეთში, მაგრამ ადგილზე ადამიანი, რომელიც თავისი კარმიდამოს იქეთ არ იყურება, ფიქრობს, რომ მისი შვილი განსაკუთრებულად გაიწვიეს. თანაც, აქ აშკარად ჩანს, რომ მთავარია არა ხარისხი, არამედ რაოდენობა. ჩანს, რომ ამ ადამიანებს ამზადებენ არა ომისთვის, არამედ ხორცსაკეპი მანქანისთვის. ამ ხალხს არავითარი სხვა სახის სამხედრო ამოცანის შესრულება არ შეუძლია. ამორალურზე ამორალურია, რასაც ახლა რუსეთის ხელისუფლება აკეთებს: იმის ნაცვლად, რომ ძალები გამოეყვანა უკრაინიდან და დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მოუმზადებელ არმიას აგებებს კარგად გაწვრთნილ და მოტივირებულ უკრაინას.

  • ჩანს, რომ დაღესტნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ხშირად აქცენტი კეთდება რუსეთზე და არა ერთმანეთს შორის დაპირისპირება. რა ბერკეტი აქვს დღეს რუსეთს, რომ ჩაახშოს ეს პროტესტი? 

ვფიქრობ, რუსეთი ჩაახშობს მაინც ამ პროტესტს. გათვლა აქვთ, რომ ორი-სამი კვირა იქნება პროტესტი და შემდეგ ჩაცხრება, დააჩოქებენ ყველას.

რუსეთს, ვფიქრობ, რომ აქვს უფრო სხვა რისკი – როცა ეს ხალხი აღმოჩნდება ფრონტის წინა ხაზზე ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ისინი დაიწყებენ გაქცევას, ჩაბარებას, შეიძლება მეთაურების მკვლელობებიც დაიწყოს, რაც ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის არმიაში. ფრონტზე მოხდება სერიოზული გარღვევები რუსეთის საწინააღმდეგოდ, რადგან ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი მოტივაცია. ფულიც არ არის მათი მოტივაცია. ფული რომ სდომებოდათ, აქამდე წავიდოდნენ.

  • არ უშვებთ, რომ თავად დაღესტანში შესაძლოა ვეღარ ჩაახშონ პროტესტი? 

კი, ამას ვუშვებ და ამის პოტენციალიც არსებობს…მაშინ უკვე ჯაჭვური რეაქცია წავა, ეს იქნება რუსეთის ჩამოშლის პირველი ნიშნები. რუსეთი თუ სადმე ჩამოიშლება, ეს იქნება ჩრდილოეთ კავკასია, ჩრდილოეთ კავკასია არის ერთგვარი „აქილევსის ქუსლი“ რუსეთის იმპერიისთვის. ის ვერასდროს ვერ მართავდა ჩრდილოეთ კავკასიას ბოლომდე, დაწყებული კავკასიის ომებიდან. ამ კონტროლისთვის რუსეთს ყოველთვის სჭირდებოდა ბევრი ფული და ბევრი სისხლი. დღემდე ეს ასე მოდის.

მაგრამ დაღესტანში, როგორც აღვნიშნე, ვერ იქნება ერთიანი პროტესტი, როგორც ჩეჩნეთში იყო, რადგან დაღესტანში მრავალი ხალხია, აქ სპეცსამსახურები მოახერხებენ ერთმანეთზე წაკიდებას. კავკასიელების, მათ შორის ქართველების პრობლემა არის ის, რომ იოლად ვებმებით თანამოძმეებს. ვიცით, რომ რუსეთი ასე მართავდა სიტუაციას ქართულ-ოსურ კონტექსტში, ან სომხეთი-აზერბაიჯანის კონტექსტში, მერე შემოდის რუსეთი, როგორც მაშველი და სამშვიდობო ძალა. აქაც გააჩნია, როგორ იმუშავებენ რუსეთის სპეცსამსახურები.

ჩრდილოეთ რესპუბლიკის სხვა რესპუბლიკებში ახლა მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა. თუ დაღესტანში პროტესტი ვერ ჩაახშეს, მაშინ ის, როგორც ცეცხლი გადაედება სხვა რესპუბლიკებს და შესაძლოა ვეღარ გააკონტროლოს რუსეთმა სიტუაცია. პრობლემა მხოლოდ დაღესტნის პროტესტი არ არის. ზოგადად არის, მაგრამ მას აქვს რესურსი, ჩაახშოს ეს პროტესტი. თუ გადავიდა ეს პროტესტი სხვა რესპუბლიკებზე, მაშინ შესაძლოა ვეღარ გამოძვრეს და ვეღარ უშველის, მაშინ უკვე კი არ უნდა ჩაახშოს, არამედ გაიქცეს, ამას ვეღარ გააკონტროლებს რუსეთი.

იგივე ჩეჩნეთში ჩაახშეს, მაგალითად, პროტესტი. იქ იყო ისეთი პროტესტი, როგორიც არ ყოფილა არასდროს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბოლოო ჯამში კი ჩააბეტონეს და ჩააცემენტეს. მერე იპოვეს კადიროვის მამა და ვიცით ყველამ, შემდეგ რაც მოხდა.

  • თუმცა დღეს კადიროვი ამბობს, რომ მობილიზაცია ჩეჩნეთს არ ეხება, გეგმა 254 %-ით შევასრულეო.  

რეალურად კადიროვმა მართლაც გაიწვია იმაზე მეტი ხალხი, რამდენიც აქვს დადგენილებით განსაზღვრული, მოამზადა, გაწვრთნა და უკრაინაში არიან. ამორალურია, მაგრამ ლოგიკა არის მის ნათქვამში. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კადიროვმა იცოდა, რაც მოხდებოდა და ასე წარმოაჩინა თავი. მან წინასწარ გააჟღერა მობილიზაციის შესახებ, რაც ესმოდა კულუარებში.

  • მანამდე კადიროვს ჰქონდა ინიციატივა, რომ რეგიონებს ცალ-ცალე მოეხდინა ძალების მობილიზება, რაზეც საბოლოოდ მოსკოვმა უარი თქვა. რას შეუშინდა რუსეთი? 

რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა იქნებოდა რუსეთისთვის და ბევრი შეშფოთდა კიდეც ამის გამო. ეს შესაძლოა საქართველოსაც შეეხოს ადრე, თუ შორეულ მომავალში.

ვგულისხმობ იმას, რომ კადიროვი ახალგაზრდა და ენერგიულია, პუტინი – ბებერი, პუტინი ამ ფორმით თუ იმ ფორმით, უფრო ადრე წავა პოლიტიკიდან, თუ ამქვეყნიდან, ვიდრე კადიროვი, რომელსაც მოუნდება იმაზე მეტი, ვიდრე ახლა აქვს, მაგალითად, კავკასიის მეფობა. ასე რომ, პუტინმა ძალიან სახიფათო ჯინი გამოუშვა ბოთლიდან კადიროვის სახით. ის თუ იქნება ცოცხალი, ის საშინელებებს დაატრიალებს კავკასიაში, ეს ირიბად შეეხება საქართველოსაც. ასე რომ, ძალიან სერიოზული მომენტია, რა ფორმით ტოვებს პუტინი კადიროვს, რომელიც არაა რუსეთის იმპერიის მეხოტბე, ის თავადაც ამბობს, რომ არის პუტინის ჯარისკაცი.

  • ინგუშეთსაც აქვს პროტესტის და წინააღმდეგობის გამოცდილება. რა ხდება ამჯერად იქ? 

ინგუშეთი ძალიან მცირერიცხოვანია და ორი მხრიდან აქვს შეტევა: ერთია ჩეჩნეთი, რომელიც ავიწროებს, მეორე მხრიდან კი აქვს ჩრდილოეთ ოსეთის პრობლემა. ინგუშეთის პრობლემა შიდა პრობლემაა ყოველთვის, ისინი გარეთ ვერ გამოდიან – რუსეთი ინგუშეთის პროტესტს ახშობს ჩეჩნეთით. ჩრდილოეთ კავკასია არის სახიფათო ბომბი რუსეთისთვის: რუსეთი თუ სადმე ფეთქდება, ეს არის ჩრდილოეთ კავკასია. სხვაგან, ყველგან კონტროლირებადი სიტუაცია აქვს. ეს უგვანი, აბსურდული, წინდაუხედავი, ამორალური ომი, რაც მოაწყო რუსეთმა, ამით მან გახსნა ყველა ჭრილობა. უკეთესი ვარიანტია, რომ რუსეთი გადარჩეს ერთიანი….

ახლა რუსეთის დაშლის შანსები უფრო მაღალია, ვიდრე ერთიანობის შენარჩუნებისა, თუმცა რუსეთის დაშლა საქართველოს პრობლემაც იქნება. ამიტომაც, მსოფლიომ უნდა უთხრას რუსეთს: დაწყნარდი, არავის არ უნდა შენი დაშლა, ოღონდ გამოიყვანე ჯარები უკრაინიდან, დაანებე თავი საერთაშორისო სისულელეების და დანაშაულების ჩადენას.

  • რა რისკები არსებობს კავკასიაში, ასევე საქართველოში, თუ რუსეთი დაიშლება? 

თუ რუსეთი დაიშლება, დაიწყება კავკასიაში შიდა ომები ტერიტორიების გამო. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან არ მაქვს არაფრის იმედი, თორემ პირიქითაც შეიძლებოდა, ანუ უფრო მეტად შეიძლებოდა კავკასიის ხალთან საერთო ენის გამონახვა, იგივე ოსებთან დალაპარაკება.

რუსეთის დაშლის შემთხვევაში, გამოწვევა იქნება დევნილები, სავარაუდოდ ბევრი ადამიანი წავა თურქეთისკენ, ისლამური სამყაროსკენ, ნაწილი დარჩება საქართველოში. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ხალხი ახლაც იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ბევრი მათგანი მართლაც პუტინს აძლევდა ხმას.

ჩემი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიიდან შემომსვლელების საერთო რაოდენობის 20 პროცენტს არ უშვებენ საქართველოში. საქართველო კავკასიელი ხალხისთვის ყოველთვის იყო საამაყო, ოსეთის და აფხაზეთის პრობლემებმა დაგვწიეს უკან, ასევე არსებობს კითხვები ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ის, რომ ჩვენთვის კავკასიელები მნიშვნელოვანი ხალხია, ადამიანურობა, ჰუმანურობა, ქრისტიანობის წინ წამოწევისთვისაც ეს კარგი მომენტია. საუბარი უნდა იწყებოდეს ამ წინადადებით: „მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: