რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 80 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 2 840 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 5 742 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 1 837 ერთეული [+8]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 206 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 507 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 295 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 160 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 176 ვერტმფრენი
  • 2 498 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 569 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 887 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 577 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 202 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბახმუტთან რუსეთის შეტევას წარმატება ვერ ექნება – ინტერვიუ გენერალთან

საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

წელს ბათუმი ახალ ნაძვის ხესაც იყიდის, რისთვისაც ცალკე 968 387 ლარი დაიხარჯება. ამას გასართობ თუ სხვა ღონისძიებების ხარჯებსაც თუ დავუმატებთ, ქალაქი საახალწლო დღეებში, მთლიანობაში, 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს.

მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქის გაფორმების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 993 ათასი ლარით გამოაცხადა.

სამუშაოები მოიცავს მთავარი ნაძვის ხისა და ასევე სხვადასხვა დეკორაციების მონტაჟს, ასევე მათ დემონტაჟსა და დასაწყობებას.

ქალაქს 833 სხვადასხვა დეკორატიული კონსტრუქციით და 16 000 გირლიანდით გააფორმებენ. კონკრეტულ მისამართებს და სამონტაჟო კონცეფციას კი, მიმწოდებელს, მერიის სამმართველო წერილობით აცნობებს.

საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმების სამუშაოები [მონტაჟი და დემონტაჟი]
ქალაქის გაფორმება 2022 წლის 26 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო კონსტრუქციების დემონტაჟი – 2023 წლის 16 თებერვლამდე.

ტენდერში გამარჯვებულმა „შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი, ასევე დაზიანებული (რომელიც ექვემდებარება შეკეთებას შემდგომში გამოყენების შესაძლებლობით) და შემდგომში გამოსაყენებლად უვარგისი ყველა საახალწლო აქსესუარის რაოდენობრივი ჩამონათვალი“ მერიის სამმართველოს უნდა წარუდგინოს 2023 წლის 1-ლი მარტის ჩათვლით.

ამასთან, „ყველა დაზიანებული, მაგრამ რემონტს დაქვემდებარებული და შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი საახალწლო აქსესუარის შეკეთება შემდგომი დასაწყობებით უნდა განხორციელდეს 2023 წლის 25 მარტის ჩათვლით.“

ტენდერის ფარგლებში მერია ახალ დეკორაციებსაც შეიძენს:

შესასყიდი კონსტრუქციების ესკიზი და რაოდენობა

ახალშესყიდული მანათობელი კონსტრუქციების საგარანტიო ვადა არანაკლებ 2 წელი უნდა იყოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება.

მთავარი ფოტო: ბათუმი, ევროპის მოედანი / 25.12.2021

წელს ბათუმის მერია ახალ საახალწლო ნაძვის ხესაც იყიდის. შესაბამისი ხელშეკრულება მერიის სამმართველოს, ცალკე, 968 387 ლარზე აქვს გაფორმებული.

ამ თემაზე:

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

ოკუპანტებმა ხერსონიდან თითქმის 15 000 ხელოვნების ნიმუში მოიპარეს – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ისე როგორც სხვა შემთხვევებში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაძარცვეს ხერსონის რეგიონიც. „უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის სპეციალურ ოპერატიულ ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხერსონიდან ოკუპირებულ სიმფეროპოლში ჩავიდა ოთხი სატვირთო მანქანა, რომლებშიც მოთავსებული იყო ხელოვნების ნიმუშები – ძვირფასი ექსპონატები და სხვა გაძარცვული ნივთებით.

„ჩვენი იატაკქვეშა მოძრაობის მონაცემების მიხედვით, რუსებმა ნივთები გაიტანეს ალექსეი შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის ხელოვნების მუზეუმიდან. მუზეუმს ასევე აქვს ფილიალი ნოვა კახოვკაში“, – ციტირებს „უკრაინსკა პრავდა“ სპეციალურ ოპერატიულ ძალებს.

მუზეუმის ფონდის კოლექციაში იყო მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია – XVII საუკუნის და XX საუკუნის დასაწყისის ხატწერის ნიმუშები, XIX საუკუნის მეორე ნახევრის და XX საუკუნის დასაწყისის უკრაინელი ხელოვანების ნამუშევრები. ასევე თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები.

საერთო ჯამში, მუზეუმის ფონდიდან, ისევე როგორც ხერსონის რეგიონის სხვა კულტურული დაწესებულებებიდან, თითქმის 15 000 ექსპონატი იქნა გატანილი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ანა მალიარის ინფორმაციით კი, ქალაქის დატოვებამდე რუსებმა გაანადგურეს ქალაქის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა: „ხერსონის ოლქის არქივიდან ამოღებულია ყველა საარქივო მასალა, მათ შორის XVIII და XIX საუკუნეების დოკუმენტები“.

ქალაქი ხერსონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუშინ, 11 ნოემბერს, დატოვეს. ხერსონი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც საოკუპაციო ძალებმა ომის დაწყების პირველივე კვირას დაიპყრო. ხერსონი ოკუპირებული იყო რვა თვეზე მეტი ხანი.

___

მთავარი ფოტო: შოვკუნენკოს სახელობის ხერსონის ხელოვნების მუზეუმი

ერთადერთი გამოსავალი გაერთიანებაა – 3 ოპოზიციური პარტია ბათუმში მოქალაქეებს შეხვდა

დღეს 12 ნოემბერს, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, „მეტი თავისუფლება-გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“, ბათუმში, სასტუმრო „მერიდიანში“  მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა ევროინტეგრაციის თემაზე.

აღნიშნული პარტიის ხელმძღვანელების განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული პუნქტები და საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, აუცილებელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდეს.

„პროევროპული საზოგადოების გაერთიანების გარეშე კი ეს შეუძლებელია“-ამბობს ოპოზიცია.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი ისტორიული შესაძლებლობა, კარიც ღია და ევროპარლამენტარებმაც დიდი კამპანია დაიწყეს საქართველო მხარდასაჭერად, მაგრამ თუ ჩვენ შევედით ამ კარში, თავისით, ციდან და ჰაერიდან არ ჩამოვარდება სტატუსი.

გზას რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, არ მიგვიყვანს ევროპისკენ, ეს არის გზა რუსეთისკენ“-ამბობს გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ხელმძღვანელი.

ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე დღეს ბათუმში მოქალაქეებს შეხვდნენ

მისი თქმით, ამ შეხვედრების მიზანია გამოაფხიზლოს საზოგადოება და დაიწყოს ერთიანი დიდი პროცესი იმისთვის რომ რუსეთისკენ მიმავალი საქართველო ისევ ევროკავშირისკენ შემობრუნდეს, „რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისი აზრით, ამის მოხერხება შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციური ძალების გაერთიანებით. „და ამის ერთ-ერთი მაგალითია დღევანდელი დღეც“-ამბობს ის.

მისი თქმით, საქართველოს 85 პროცენტი პროევროპელია, „ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ეს ადამიანები გავაერთიანოთ და პრორუსული უმცირესობის ანუ „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლება დავუბრუნოთ პროევროპელ უმრავლესობას.

ასეთი შეხვედრებით, უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით შემოვივლით მთელ საქართველოს. ეროვნული ერთობა კი მოგვიტანს დიდ გამარჯვებას“- ამბობს ვაშაძე.

ზურა გირჩი ჯაფარიძე ბათუმში ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრობს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციას შეხვედრები ჰქონდა ბრიუსელში, სადაც ითქვა, რომ საქართველო ვერც მომავალ წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რადგან „ქართული ოცნება“ არა თუ არ ასრულებს 12-პუნქტიან დავალებას, არამედ აქვს რეგრესი.

„თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს ეს ქვეყანა გადავა კიდევ უფრო არაპროგრესული ქვეყნების კატეგორიაში და კიდევ უფრო ნაკლებად საინტერესო გახდება სხვებისთვისაც.

საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების საუკუნოვანი ოცნება ვერ შესრულდება და დავრჩებით რუსეთის ჭაობში, რაც არის კატასტროფა“-ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმი, ოპოზიციას ბრიუსელში გაერიანებისკენ მიანიშნეს.

„ისინი ადრეც გვეკითხებოდნენ თუ რაში იყო გამოსავალი და სამწუხაროდ, აქამდე არც ჩვენ გვქონა ამ კითხვაზე პასუხი. დღეს კი გვგონია, რომ გამოსავალი არის ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც რაღაც ტიპის გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ყველა იმ ორგანიზაციას ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის ამ ქვეყნაში, მათი ადგილი არის ამ ერთობაში.

ოპოზიციის შეხვედრა მოქალაქეებთან ბათუმში.

ჩვენ გვაქვს მხოლოდ 2 არჩევანი – ან ქვეყანა შედის რუსულ ჭაობში, ან ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ“-ამბობს ჯაფარიძე.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დღეს „ქართული ოცნება“ ადგას ღალატის გზას და ასრულებს რუსულ დაკვეთას.

„ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. „ქართული ოცნება“ რეალურად პრორუსია და სამწუხაროდ, თავის პროევროპელობას რეალურად ჯერ კიდევ ყიდის საზოგადოებაში.

ევროპასა და აზიას შორის იყო ერთდადერთი გზა რომელიც გადიოდა რუსეთის მიმართულებით და რომლითაც გადიოდა ნავთობი, გაზი ევროპისკენ, უკრაინაში ომის გამო ყველა საზღვარი დაეკეტა რუსეთს. შესაბამისად, ევროპიდან აზიისკენ და პირიქით, ტრანსპორტირება ვეღარ ხდება რუსეთის გავლით.

როცა გერმანიის კანცლერი ამბობს, „ჩვენ ვერ ავაშენებთ საერთო სახლს რუსეთთან“, ეს არის რუსეთის დასასრული. ამიტომ ერთადერთი ალტერნატიული გზა გადის საქართველოზე და დღეს რუსეთი სწორედ ამ გზის გადაკეტვას ცდილობს, „ქართული ოცნება“ კი ამ სურვილის შესრულებაში ეხმარება“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

„დროას“ ხელმძღვანელის ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს არა მარტო ქვეყნის თავისუფლების გადარჩენა გვიწევს, არამედ საბჭოთა კავშირის ნარჩევების საბოლოოდ ამოძირკვის პროცესიც მიდის, რაც ასევე უნდა გამოვიყენოთ.

„ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა, რომელ სფეროშიც არ უნდა შევიხედო არის საბჭოთა წარსული. საბჭოთა კავშირი ტექნიკურად დაინგრა მაგრამ ბოლომდე არ დანგრეულა მისი შიგთავსი, მისი შინაარსი, სასამართლო სისტემაც კი გვყავს საბჭოური თავისი არსით და აი, ამ საბჭოური ნაშთების ამოძირკვაა ჩვენი ისტორიული ამოცანაც.

რადგან როცა ჩვენმა წინაპრებმა ლანგრით გადმოგცეს დამოლუკიდებლობა, მას გაძლიერება, შენარუნება და განვითარება სჭირდება“-ამბობს ის.

ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს უკრაინის ომმა ევროპის კარის გახსნამ საქართველო დააყენა  არა მარტო ამ ისტორიული ამოცანის, არამედ იმის წინაშეც თუ რომელ კარში შევა ქვეყანა.

„ევროპა თუ ომი“ ეს ჰქონია თურმე მთავარი დილემა ჩვენს ქვეყანას, ასე აყენებს საკითხს „ქართული ოცნება“, მაშინ როცა ასეთი დილემა საერთოდ არ არსებობს.

ევროპა არის მშვიდობა, განვითარება, უსაფრთოების გარანტრია, მაგრამ ამ მახინჯი ფსევდო დილემის თავსმოხვევა მაინც მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე და ჩვენ ეს ნათლად უნდა ავუხსნათ საზოგადოებას“-ამბობს ხოშტარია.

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 6 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო 2 ცეცხლსასროლი იარაღი.

ამავე ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ლ.კ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1999 წელს დაბადებული რ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ რ.რ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ,,აკს“-ის და „აკმ”-ის მოდელების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 30 ვაზნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1959 წელს დაბადებული ზ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო “აკს 74”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, გამომშრალი „მარიხუანა“.

1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ხ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო რევოლვერი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად – 1962 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. სამართალდამცველებმა გ.შ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ხერსონის დაკარგვა რუსეთისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანია – ბრიტანეთის დაზვერვა

ხერსონი იყო ერთადერთი რეგიონული დედაქალაქი, რომელიც რუსებმა თებერვლის შემდეგ დაიკავეს, შესაბამისად, იქიდან გასვლა სერიოზული რეპუტაციული ზიანს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ სირთულეების საჯარო აღიარებას, რომლებსაც რუსეთის ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე წააწყდნენ – ასე აფასებს ბრიტანეთის დაზვერვა ხერსონიდან რუსეთის არმიის გასვლას და ოლქის დასავლეთ ნაწილის უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნებას.

უწყება ადასტურებს, რომ უკრაინამ უკვე დაიბრუნა დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დიდი ნაწილი და ქალაქ ხერსონსაც უკრაინის ძალები აკონტროლებენ.

დაზვერვა ეჭვით ხვდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 11 ნოემბრის განცხადებას, რომ რუსეთის ძალების მარცხენა სანაპიროზე გადასვლის პროცესი გამოცხადებიდან ორ დღეში დასრულდა.

„როგორც ჩანს, გაყვანის პროცესი რუსეთმა სინამდვილეში ბევრად ადრე, დაახლოებით 22 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც რუსეთის მიერ დანიშნული საოკუპაციო ხელისუფლება მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდა.

სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავისი არმიის ნაწილი როგორც სამოქალაქო მოსახლეობა ისე გაიყვანა ხერსონიდან,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 12 ნოემბრის რელიზში და დასძენს, რომ ოფიციალური რუსული წყაროების ცნობით, ოლქის დასავლეთ ნაწილი 80 000-მა მოქალაქემ დატოვა.

უწყება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის არმიამ გასვლისას დააზიანა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები, რათა ხელი შეეშალა უკრაინელთა წინსვლისთვის. დაზვერვის ვარაუდით, რუსები კვლავ ცდილობენ მარჯვენა სანაპიროზე დარჩენილი დანაყოფების ევაკუაციას უკეთ გამაგრებულ პოზიციებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაყვანის პროცესი 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 5 საათისთვის დასრულდა, გაიყვანეს 20 000 რუსი სამხედრო და გადაიტანეს 3,500 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ხერსონის დასავლეთ ნაწილს სრულად გათავისუფლებულად მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც (ISW), რომელიც დარწმუნებულია, რომ უკრაინის ძალები მალე გაათავისუფლებენ ყველა იმ რაიონსაც, რომელიც ჯერ კიდევ რჩება რუსების კონტროლქვეშ.

__________________________

მთავარ ფოტოზე: რუკა, რომელზეც ღია ყვითელი ფერით მონიშნულია ახლახან გათავისუფლებული ტერიტორია ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში/War Mapper

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 80 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 2 838 ერთეული [+24]
  • ჯავშანტექნიკა – 5 730 ერთეული [+34]
  • საარტილერიო სისტემა – 1 829 ერთეული [+12]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 506 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 279 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 160 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 175 ვერტმფრენი
  • 2 492 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 550 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 886 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 574 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 187 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი ომში ადამიანურ დანაკარგებზე: უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]დასავლეთ ხერსონი ფაქტობრივად მთლიანად გათავისუფლებულია – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ბახმუტთან რუსეთის შეტევას წარმატება ვერ ექნება – ინტერვიუ გენერალთან

დასავლეთ ხერსონი ფაქტობრივად მთლიანად გათავისუფლებულია – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ხერსონის დასავლეთ ნაწილს სრულად გათავისუფლებულად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ძალები მალე გაათავისუფლებენ ყველა იმ რაიონსაც, რომელიც ჯერ კიდევ რჩება რუსების კონტროლქვეშ.

როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინის არმია ფაქტობრივად ასრულებს ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლებას, რუსებმა კი ამ ტერიტორიის დატოვებით მისი შენარჩუნების შესაძლებლობა დაკარგეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიის უკან დახევა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე დასრულდა.

ISW-ის მონაცემებით, ის რუსი სამხედროები, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე დარჩნენ, სავარაუდოდ დაფანტულები არიან ოლქის მასშტაბით და ტერიტორიიდან გაღწევას ცდილობენ. ინსტიტუტის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსებმა შესაძლოა დნეპრის მარჯვენა მხარეს პატარა პარტიზანული ჯგუფებიც დატოვეს.

„უცნობია, რამდენი რუსი სამხედრო რჩება დასავლეთ სანაპიროზე. რუსული წყაროები მიუთითებდნენ, რომ უკან დახევა სამ დღეს გრძელდებოდა და გაიყვანეს 20 000 რუსი სამხედრო და გადაიტანეს 3,500 ერთეული სამხედრო ტექნიკა,“ – წერს ISW.

ინსტიტუტი აქვეყნებს სატელიტურ ფოტოებსაც, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსებმა გასვლისას ხერსონთან არსებული ხიდები გაანადგურეს, მათ შორისაა ანტონოვსკის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები უშუალოდ ხერსონთან, ნოვა-კახოვკას დამბის ხიდი და მდინარე ენგულეცზე გამავალი ხიდი დარივკაში.

სატელიტური ფოტოები ასევე აჩვენებს, რომ რუსეთის ჯარებმა მოაწყვეს თავდაცვის პირველი და მეორე ხაზი დნეპრის სამხრეთით და სავარაუდოდ, თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას განაგრძობენ მდინარის მარცხენა სანაპიროზეც.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • 11 ნოემბერს უკრაინის ძალებმა სერიოზულ ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს ხერსონის ოლქში და უახლოეს დღეებში ოლქის დასავლეთ ნაწილზე კონტროლს გაიმყარებენ;
  • რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ლუგანსკის ოლქში უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებაზე და ურტყამდნენ ლოგისტიკურ კვანძებს;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა შეტევებს ბახმუტის, ავდეევკისა და უგლედარის გარშემო;
  • უკრაინის არმიამ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა რუსეთის არმიის თავშეყრის ადგილებზე ზაპოროჟიეს ოლქში;
  • „ვაგნერის“ ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი განაგრძობს პარალელური სამხედრო სტრუქტურების შექმნას ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში;
  • უსამართლოდ ჩატარებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში სოციალურ დაძაბულობას ზრდის;
  • უკრაინელი პარტიზანები განაგრძობდნენ თავდასხმეს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებაზე.

უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ბენქსის გრაფიტი გამოჩნდა

უკრაინაში, ქალაქ ბოროდიანკაში ცნობილი სთრით არტისტის, ბენქსის გრაფიტი გამოჩნდა.

ბენქსიმ, რომელიც 20 წელზე მეტია პოპულარულ ანონიმ არტისტად რჩება, დღეს, 12 ნოემბერს თავის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა გრაფიტი წარწერით: „ბოროდიანკა. უკრაინა“.

უკრაინული მედია წერს, რომ გრაფიტი ბოროდიანკაში, დანგრეულ სახლზე რამდენიმე დღის წინ შენიშნეს.

თავდაპირველად ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ბრიტანელმა ფოტოჟურნალისტმა და რეპორტიორმა, ედ რემმა, რომელიც Getty Images-თვის მუშაობს უკრაინაში.

ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ერთ ფოტოზე გრაფიტი ასახავს, როგორ ამარცხებს ბავშვი ძიუდოს ფორმაში გამოწყობილ კაცს. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძიუდოში შავი ქამრის მფლობელია და იგი მაისში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) საპატიო პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„მაინტერესებს, ეს ბენქსია თუ იმიტაცია?“ – დაწერა მან ინსტაგრამზე და ბენქსის ოფიციალური გვერდი მონიშნა. ედ რემმა სულ სამი გრაფიტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა ბოროდიანკიდან.

ფოტო: Ed Rem/instagram

მოგვიანებით ბენქსიმ სამი გრაფიტიდან ერთის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – ბოროდიანკა.

ბოროდიანკა, ქალაქი, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს, რუსული თავდასხმის შედეგად ომის პირველ დღეებში, რუსეთის თავდასხმის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა.

ბახმუტთან რუსეთის შეტევას წარმატება ვერ ექნება – ინტერვიუ გენერალთან

„გააჩნია, ვინ როგორ უპოვის მოწინააღმდეგეს სუსტ მხარეს,“ – მიიჩნევს გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც ომს აქტიურად აკვირდება. მას ვკითხეთ, რა შესაძლებლობა გააჩინა ხერსონში რუსების უკან დახევამ უკრაინელებისთვის?

„არა მგონია, რომ ერთიანი ნახტომით რაღაც დიდი ოპერაცია დაიწყოს უკრაინელების მხრიდან, რადგან ზამთარი ყოველთვის ართულებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას…“ – გვითხრა გენერალმა და განმარტა, რატომ აწყობთ ახლა უკრაინელებს „ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატება“. მისი დაკვირვებით, ამ ეტაპზე უკრაინელებმა სწორად უნდა განსაზღვრონ, რა არის რუსების „სუსტი წერტილი“ და ისე დაგეგმონ მორიგი სვლა.

„ბათუმელებმა“თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის ყოფილ მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვლადიმერ, ხერსონში რუსების უკანდახევის შემდეგ, რამდენად გაჩნდა შესაძლებლობა, უკრაინელებმა ამ ზამთარშივე შეცვალონ ომის სურათი?

რთული სათქმელია. ზოგადად, ანალიზს ჩვენ ღია წყაროებზე დაყრდნობით ვაკეთებთ, რასაც მოვიძიებთ, თუმცა შიგნით როგორია ოპერაციული დინამიკა, ამის განსაზღვრა რთულია, როცა არ ხარ მონაწილე. ერთი შეხედვით, რასაც ვუყურებ, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, არის ის, რომ ინიციატივა არის უკრაინის მხარეს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, თუმცა მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რუსების ეს უკანდახევა არის ოპერატიულ-ტაქტიკური გადაჯგუფების პროცესი.

ამ ტერიტორიის დაცვა რუსებისთვის ბევრ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით ასევე რთულდებოდა ფრონტის ხაზზე მყოფი ქვედანაყოფების უწყვეტი მომარაგება. ამით ისარგებლეს, რა თქმა უნდა, უკრაინელებმა და პირობები შექმნეს მაქსიმალურად იმისთვის, რომ რუსები გასულიყვნენ, მათ უკვე მდინარს გასწვრივ მოაწყვეს პოზიციები. რუკას რამდენადაც ვუყურებ, ეს ტერიტორიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ძალების ეკონომია გაკეთდეს.

ამჯერად უკრაინამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს ალბათ ფრონტის სხვა მიმართულებებზე, სადაც არის რუსების აქტივობა, მაგალითად, ხარკოვის, ან ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, რომ გამოთავისუფლებული ძალები არ მიმართოს მისთვის მისაღებ მიმართულებაზე უკვე ამ ახალ რეალობაში. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ დავაკვირდებით, რუსების აქტივობა ძირითადად უფრო შეიმჩნევა ოპერაციის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზე, ამიტომაც, სადაც აქვთ მათ ძირითადი ძალისხმევა, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ამ მიმართულებებს სარეზერვო კომპონენტებით გააძლიერებენ.

  • მაგალითად, იგივე ბახმუტის მიმართულება, რომლის აღებას რუსები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ? 

დიახ, შესაძლოა, ეს იყოს ბახმუტიც. შესაძლებელია, რომ რუსებმა გამოთავისუფლებული ძალები მიმართონ ამ მიმართულებით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატება ჰქონდეთ, რადგან ის საარტილერიო შესაძლებლობები, საჰაერო თავდასხმის შესაძლებლობები, რომელიც უკრაინელების ხელშია, მორალურ-ფსიქოლოგიურ უპირატესობასთან ერთად, ეს მაძლევს წინაპირობას ვივარაუდო, რომ რუსეთის შეტევას წარმატება ვერ ექნება.

ზამთრის პირობებში, როდესაც ძალიან ღარიბად არის აღჭურვილი თბილი შესაძლებლობებით რუსეთის არმია, ზამთარი დადებითად ვერ იმოქმედებს, როგორც რუსების ოპერატიულ შესაძლებლობაზე, ასევე მათ მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

არა მგონია, რომ ერთიანი ნახტომით რაღაც დიდი ოპერაცია დაიწყოს უკრაინელების მხრიდან იმიტომ, რომ ზამთარი ყოველთვის ართულებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მაგრამ ვნახოთ, რთულია პროგნოზის გაკეთება.

  • თქვენ  ნაკლებად ელით რუსების წარმატებას შეტევის კუთხით. რა ძალა რჩება ამ მოცემულობაში რუსეთს თავდაცვისთვის, იგივე მდინარის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ახლა ისინი გამყარდნენ?  

თავდაცვას ისინი უფრო იოლად შეძლებენ, რადგან მდინარე იძლევა ამის შესაძლებლობას, როგორც ბუნებრივი ბარიერი.

მეორეა ის, რომ მდინარის ფორსირება ასე ადვილად ვერ მოხდება, საინჟინრო მოწყობილობაა საჭირო, თუ კალაპოტის ფონი არ არის ძალიან მაღალი, შესაძლებელია გადასასვლელების მოძებნა, თუმცა იმ ადგილებში, სადაც ახლა გამაგრდნენ, მდინარის ძალიან ფართო ყელებია და ნაკლებად სავარაუდოა, იქ მექანიზებული, ან მოტორიზებული ქვედანაყოფების გადასროლა.

  • თუმცა უკრაინელებს აქვთ IRIS T, რასაც შეუძლია რუსეთია ავიაციისგან უკრაინის ტერიტორიის საიმედო დაცვა, ასევე უკრაინას მიაწოდეს ხიდის გამდები Biber-ის ტიპის 16 ტანკი და პონტონური ხიდის მოსაწყობი 10 მანქანა. 

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსების არსენალში არის ის ირანული უპილოტო საშუალებები. იცით როგორ არის: საინჟინრო ოპერაციის ჩატარებას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ამ შემთხვევაში კი, ეს ცოტა რთული იქნება იმიტომ, რომ მალულად ამის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია.

IRIS T – ებით ვერ დაიცავს თავს ამ დროს უკრაინა საცეცხლე ზემოქმედებისგან? 

რეაქტიული არტილერიითაც შესაძლებელია ზემოქმედება, მხოლოდ უპილოტო და საავიაციო შესაძლებლობა არ არის საკმარისი. შესაძლებელია, ჭურვებით მოხდეს გადებული ხიდების განადგურება… გამოიყენება ზოგადად ოპერატიული მოულოდნელობის ეფექტი, თუმცა დღეს ეს გამორიცხულია, როცა მაქსიმალური ყურადღებაა ამ კონკრეტულ მიმართულებაზე.

თანაც ერთი კი არა, მრავალი გადასასვლელი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამანევრო ქვედანაყოფები გადაიყვანო ისეთი რაოდენობით, რომ მერე თავად ალყაში არ მოხვდე.

ჩემი აზრით, თუ რაღაც ოპერაციას ჩაატარებენ უკრაინელები, ეს უნდა იყოს სინქრონში დიდ საერთო ოპერაციასთან, მხოლოდ ერთი მიმართულებაზე ნაკლებად წარმომიდგენია მე.

  • „უკრაინელები, რომლებიც ირიბ შეტევას, ლოჯისტიკის დასუსტებას და რუსებისთვის შიგნიდან ძირის გამოთხრის ტაქტიკას ამჯობინებენ, შეეცდებიან სხვა რაიონებში ეძებონ შესაძლებლობები სამხრეთიდან რუსების გასადევნად,“ – მიიჩნევს ავსტრალიელი გადამდგარი გენერალი, მიკ რაიანი. უშვებთ ასეთი სტრატეგიით მოვლენების განვითარებას?

მეც ამას ვგულისხმობდი დაახლოებით, როცა სინქრონზე ვსაუბრობდი. უკრაინელებმა სუსტი წერტილები უნდა მოუნახონ რუსებს, მდინარეზე გადასვლა კი, რაც თქვენ ახსენეთ, სუსტი წერტილი ვერ იქნება ამ ეტაპზე, ან შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაც კომპლექსური ოპერაცია უნდა იყოს. მხოლოდ ერთ მიმართულებაზე რომ განხორციელდეს შეტევა, ეს არ იქნება მომგებიანი. ეს სერიოზულ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული. ეს უნდა იყოს სხვა გეოგრაფიულ მდებარეობასთან  სინქრონიზაციაში.

ახლა იმიტომ დაიხიეს რუსებმა უკან, რომ ლოჯისტიკური ხაზები იყო ფაქტობრივად მოშლილი, ყველა გადმოსასვლელი უკვე ცეცხლის ქვეშ იყო, ფიზიკურად ვეღარ ახერხებდნენ საკმარისი რაოდენობის საბრძოლო ტყვია-წამლის და ლოჯისტიკური შესაძლებლობების დროულად მიწოდებას. ყველა გადასასვლელი იბომბებოდა უკრაინელების სამხედრო შენაერთების მიერ. ჩრდილოეთის მიმართულებაზეც რუსებმა ამიტომ დაიხიეს უკან, რომ სატანკო კოლონები გაჩერდა, საწვავი გაუთავდათ, არ ჰქონდათ საკმარისი უზრუნველყოფა.

  • თქვენი დაკვირვებით, არსებობს იმის წინაპირობა, რომ ამჯერადაც ისევ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის პრობლემები შეუქმნან რუსებს, თუ უკანდახევა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული? 

მაინცა და მაინც გაშლილი აღარ არის ფრონტის ხაზი, ისეთი, როგორიც იყო ადრე. რაც უფრო ვიწროვდება ფრონტის ხაზი, ეს უზრუნველყოფის კომპონენტი აღარ არის ისეთი აქტუალური… სიღრმეში კი, დაზვერვის საქმიანობაზეა დამოკიდებული, როგორ მოხდება ამ ლოჯისტიკური ცენტრების იდენტიფიცირება და მისი განადგურება უპილოტო სარაკეტო სისტემით, ან სხვა საშუალებებით.

ზამთარში, ზოგადად, გართულებულია ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, მაგრამ კონტრშეტევითი ოპერაციები დამოკიდებული იქნება სადაზვერვო ინფორმაციაზე – თუ ოპერატიული ინფორმაცია იძლევა ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას, მას ხელიდან არავინ გაუშვებს. ნებისმიერ საომარი ოპერაციის წარმოებას სჭირდება სწორი სადაზვერვო ინფორმაცია.

ზამთარში თოვლია, ჭყაპია, გადაადგილება რთულდება, თუმცა თუ დაზვერვა გვეუბნება, რომ არსებობს რესურსი, ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებენ. ეს დამოკიდებულია ასევე კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე, რელიეფზე, ამინდზე, პირობებზე, რაც დაგეგმარების პროცესში განიხილება.

  • ხერსონში რუსების უკანდახევამ რა სახის სამხედრო უპირატესობა მისცა უკრაინას? 

ამ მოცემულობაში უკრაინელებს შეუძლიათ, ძალები დაზოგონ და დაიცვან  ტერიტორია, რაც დაიკავეს, ასევე გამოთავისუფლებული ძალები მიმართონ სხვა მიმართულებაზე, თუნდაც შეტევით პოზიციებზე, ბახმუტი იქნება ეს თუ სხვა მიმართულება, თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად.

ორივე მხარეს ახლა შეუძლია გააძლიეროს თავდაცვა და ორივეს შეუძლია, რომ გააძლიეროს შეტევაც. გააჩნია, ვინ როგორ უპოვის მოწინააღმდეგეს ძლიერ და სუსტ მხარეს. დაგეგმარების დროს ყოველთვის უნდა სცადო, მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები ამოიცნო, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ამოცნობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ როდესაც საკუთარ სისუსტეებს ვპოულობთ, შემდეგ მის გაძლიერებას ვცდილობთ. ასევე შეიძლება, გააძლიერო ზემოქმედება მოწინააღმდეგის სუსტ მხარეზე.

  • თქვენი დაკირვებით, რა არის რუსეთის ყველაზე სუსტი მხარე ამჯერად? 

ყველაფერი სუსტი აქვთ, რა გითხრათ. რომ ვიმსჯელოთ ომის წარმოებაზე სამ განზომილებაში: ხელოვნება, მეცნიერება, ფილოსოფია, სამივე კომპონენტში პრინციპების იგნორირებით ხდება მათი მხრიდან სამხედრო ოპერაციების წარმოება, რაღაც გამოასწორეს კიდეც, მაგალითად, ცეცხლის მართვის პროცესი, მაგრამ მთლიანობაში არა.

  • მაშინ რის იმედი აქვს პუტინს? „დაუმარცხებლად გასვლა“ – ასეთი სინონიმი მოუძებნეს ხერსონის დატოვებას რუსმა პროპაგანდისტებმა, რომლებიც ცდილობენ, რუსეთის სარდლობის გადაწყვეტილება გაამართლონ. 

შედეგი სახეზეა და ახლა რაც სურთ, ის დაარქვან. მე ერთადერთი შიში მაქვს, რომ რუსეთმა მასობრივი დაზიანების შეიარაღება არ გამოიყენოს: ბირთვული, ქიმიური, ან რადიაციული. მე უფრო ეს წუხილი მაქვს….

  • თუმცა რუსეთს უთხრეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება შესაბამისი პასუხი. რა რესურსი დარჩათ რუსებს არსებული ტექნიკით? რუსეთს დიდი დისტანციის შეიარაღების მარაგი ცოტა აქვთ, მაგრამ მეტის მიღება ისევ ირანისგან სურთ.

ისევ სამ განზომილებას რომ დავუბრუნდეთ, მეცნიერების ნაწილია ტექნოლოგიური შესაძლებლობები. არა მხოლოდ ის, თუ რა შეიარაღებით არის, მთავარია, ინსტიტუციურად როგორ ახდენ დაგეგმარებას და აღსრულებას, დაცვა და კონტროლი…

უკრაინელებს აქვთ ქვედანაყოფების მიერ ამოცანის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობა, ვიდრე რუსებს, სადაც ყველაფერი ცენტრალიზებულია. უკრაინაში მეთაურებს აქვთ მეტნაკლები დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

  • ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის მისაწვდომი გახდება ყირიმისკენ მიმავალი „სახმელეთო ხიდის“ სამი საკვანძო გზა, რომლებზეც რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტები გადის – რამდენად იზრდება ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობა?

არა მგონია, რომ ყირიმის დაბრუნება ასე სწრაფად მოხდეს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის იქ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელიც მაინცა და მაინც პროუკრაინული განწყობისა არ არის. არაკონვენციური ომის წარმოების დროს კი, როცა იწყება წინააღმდეგობის მოძრაობა, მეტი ადამიანური რესურსი მიაქვს.

მე ჯერ სხვა ტერიტორიებზე მექნებოდა ფოკუსირება, თუმცა, ცხადია, ეს უკრაინის გენერალიტეტის გადასაწყვეტია.

  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ყირიმის ხიდზე სამუშაოებს განაგრძობს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ხიდის სრულად აღდგენას 2023 წლის სექტემბრამდე მოახერხებს.

არა მგონია ასე იყოს, რადგან სამხედრო ინჟინერიის გამოყენებით შესაძლებელია მისი აღდგენა. ვფიქრობ, ეს ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

  • შშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი, $400-მილიონიანი პაკეტის შესახებ. სამხედრო დახმარება ითვალისწინებს უკრაინისთვის დამატებით Phoenix Ghost-ის 1100 დრონის გადაცემას, ასევე, აშშ დააფინანსებს Hawk-ის ანტისარაკეტო სისტემის შეკეთებას. რამდენად გაიზარდა უკრაინის სამხედრო რესურსი ისე, რომ მან ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა შეძლოს?

რასაც ვუყურებ, აქტიურად შედის უკრაინაში შეიარაღება. სიმართლე გითხრათ, ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა უკრაინის ინტერესი არ არის, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატება უფრო აწყობთ, რადგან სიღრმის შექმნის შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას, როგორც ლოჯისტიკური პრობლემები, ისე ე.წ. ტომრები, რასაც აქტიურად იყენებდნენ ფინეთის ომის დროს – ორივე მიმართულებით ეჭრებოდათ გზა.

უმთავრესი ახლა ისაა, რომ უკრაინელებს აქვთ ფსიქოლოგიური და მორალური უპირატესობა, რასაც ხშირად გადამწყვეტი როლი აქვს ომის წარმოებაში.

თუმცა ოპერატიული პროცესი თავისებურია, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: რა მომენტში ვინ მიიღებს უპირატესობას, კაციშვილმა არ იცის. ამ ეტაპზე უპირატესობა უკრაინელების მხარესაა ოპერატიული დაგეგმარების სისწორის კუთხით და ვნახოთ.

კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ

  • დააკმაყოფილებს თუ არა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში აშენებული მრავალბინიანი კორპუსი უსაფრთხო საცხოვრებლის სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებს?
  • დაექვემდებარება თუ არა ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული პროექტები 41-ე დადგენილებას, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტანდარტს ადგენს? 

ამ კითხვებზე ბათუმის მერიისგან მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც კოდექსში შესაბამისი ცვლილების დამტკიცების პროცესში და ვერც მაშინ, როცა ეს ცვლილება სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

კანონში ცვლილების თანახმად, ბათუმის მერმა „ავარიული სახლების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო უფლება პროექტი რიგი მოთხოვნების უგულებელყოფით შეითანხმოს, რასაც სხვა შემთხვევაში კოდექსი ითხოვს. პროგრამის ამ ფორმით განხორციელებაში დიდ რისკებს ხედავენ, როგორც ურბანისტები, ასვე უფლებადამცველები.

„განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც, რითაც სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო,“ – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიციამ ამ ცვლილებებს კორუფციისთვის პირდაპირი გზის გახსნა უწოდა. შენიშვნები „ოცნებასაც“ ჰქონდა, თუმცა უფრო ტექნიკური ხასიათის. ურბანისტებმა კი გადაწყვეტილება შეაფასეს, როგორც „განუკითხაობის დაკანონება“.

საკონსტიტუციო სასამართლომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფაზე დღემდე არ განუხილავს.

  • განაცხადები

სანამ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვას გადაწყვეტს, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში ახალ ეტაპზე გადავიდა. კონკრეტულმა კომპანიებმა მერიაში უკვე ოფიციალურად დააფიქსირეს ინტერესი კონკრეტული მისამართების მიმართ. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ისევ ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე უჭირავთ თვალი.

„ბათუმელებმა“  მერიაში შესული განაცხადები შეისწავლა.

  • იმედაშვილის #10

ბათუმში, იმედაშვილის #10-ში ფიზიკური პირი, სელმან იაკობაძე ოთხი ავარიული სახლის ათვისების ნაცვლად, 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. მან ბათუმის მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადით მიმართა და პროექტიც წარუდგინა.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ბიზნესმენს აქ მშენებლობა დიდი ხანია აქვს დაგეგმილი. მან მერიას წარუდგინა 2018 წლის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელიც შპს „რასე ბილდინგის“ დაკვეთით შპს „BCW“-ს ჩაუტარებია [„რასე ბილდინგიც“ სელმან იაკობაძის კომპანიაა].

მერიაში გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, მშენებელს ოთხი საკადასტრო ერთეულის, ჯამში 1669 კვ.მეტრის ათვისება სურს. პროექტი მოიცავს არამხოლოდ იმედაშვილის #10-ს, არამედ იმედაშვილის ქუჩის #8, 10, 10ა- სა და 12-ს.

საგულისხმოა ისიც, რომ სამშენებლოდ მონიშნულ ტერიტორიას მცირე ზომის ინდივიდუალური სახლები ესაზღვრება. აქ 15 სართულიანი კორპუსის მშენებლობის შემდეგ მათი საცხოვრებელი გარემო მკვეთრად გაუარესდება.

მონიშნულია სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია – როგორც დოკუმენტებშია მითითებული, მშენებელი აქ 52.60 მ სიმაღლის მშენებლობას გეგმავს.

მშენებელი მერს წერს, რომ მიწის ნაკვეთის გამოყენებისა და განაშენიანების პირობების განსაზღვრის მიზნით კვლევა დაუკვეთა. გარდა ამისა, მან მერიას წარუდგინა დამოუკიდებელი ექსპერტის, რევაზ კახიძის დასკვნა სახლების მდგრადობაზე. ექსპერტი თავის დასკვნაში წერს, რომ შენობები ბარაკული ტიპის, ამორტიზებული და უსახურია.

დოკუმენტების მიხედვით, საკვლევი და მიმდებარე ტერიტორია ძირითადად მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. ასევე, განთავსებულია საზოგადოებრივი დანიშნულების მცირე ობიექტები.

მშენებელი მერიას თავად წერს: „ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით.“

პროექტი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას ითვალისწინებს, თუმცა რამდენად აქვს დაცული სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით არ ირკვევა.

 

რენდერი – იმედაშვილის #10
  • გორგილაძის #49 / ხიმშიაშვილის #8

შპს „შათეს 22“-ის დირექტორი, შალვა ჯინჭარაძე ბათუმის მერს წერს, რომ ავარიული სახლების პროგრამა მისი კომპანიისთვის მოტივატორია ქალაქის ორ ცენტრალურ ადგილზე მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად. კომპანიას ხიმშიაშვილის #8 და გორგილაძის #49 აინტერესებს. ამასთან, კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, გორგილაძის #49-ში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა შეუძლებელია 47-ში რეგისტრირებულ ნაკვეთთან გაერთიანების გარეშე:

ამონარიდი კომპანიის მიმართვიდან

ამ ეტაპზე კომპანია მერიას ხიმშიაშვილის #8-ში დაგეგმილი პროექტის განხილვას სთხოვს. ავარიულ სახლებს გორგილაძის ქუჩის მხრიდან ხუთსართულიანი მრავალბინიანი კორპუსი ესაზღვრება. მშენებელი მერს წერს, რომ ამ  სახლის ათვისებაც უნდოდა, თუმცა მოსახლეობა წინააღმდეგია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხიმშიაშვილის #8-ში 566 კვ.მეტრზე ოთხი ავარიული შენობაა. კომპანია აქ 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს დამატებით ერთი ტერასული სართულით.

მონიშნულია ხიმშიაშვილის #8

კომპანიის ინფორმაციით, ხიმშიაშვილის #8-ში არსებული ავარიულის სახლების დემონტაჟის ხარჯზე დაგეგმილია 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სარდაფში 9 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგით. პირველ სართულზე კომერციულ ფართობებს განათავსებენ.

ხიმშიაშვილის #8 – ლურჯი ზოლით მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

კომპანია მერიას ასევე ატყობინებს, რომ პროექტირებისას გათვალისწინებულია 41-ე დადგენილების მოთხოვნები სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით: „შენობას გააჩნია 2 კიბის უჯრედი და ლიფტი გათვლილია საკაცის მომსახურებაზე.“

თუმცა საინტერესოა კომპანია როგორ ახერხებს 566 კვ. მეტრზე 12-სართულიანი შენობის დაგეგმვას ისე, რომ შენობაში ორი კიბის უჯრედი და ორი ლიფტი მოაწყოს, როგორც ამას უსაფრთხოების წესები ითხოვს.

ამონარიდი კომპანიის მიმართვიდან.
„ფარნავაზ მეფის მხრიდან მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი საკადასტრო საზღვრის კიდეზე. შესაბამისად, ამ მხრიდან შენობა დასმულია მომიჯნავე საკადასტრო საზღვრიდან სეისმიური მანძილის გათვალისწინებით (20-40სმ). გორგილაძის ქუჩის მხრიდან შენობა მაქსიმალურად შეწეულია სამეზობლო საზღვრიდან 3.80-5.00 მეტრით, ასევე უკანა ეზოს სიღრმეა 5 მეტრი. შესაბამისად მაქსიმალურად არის დაცული მიჯნის ზონები… ბინებში დაცულია ინსულაციის და განათებულობის ნორმები.“    

რენდერი – ხიმშიაშვილის ქუჩა #8

შპს „შათეს“ 80 პროცენტს შალვა ჯინჭარაძე ფლობს, კომპანიის 20 პროცენტი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, მედეა ვასაძის საკუთრება. თავისი წილებიც კომპანიაში მას მართვაში სწორედ შალვა ჯინჭარაძისთვის აქვს გადაცემული [შალვა ჯინჭარაძე მედეა ვასაძის მეუღლეა.]

  • ბარათაშვილის ქუჩა #4

შპს „გორგი“ ავარიული სახლების დემონტაჟის ხარჯზე მშენებლობას ბარათაშვილის #4-ში, ცირკის შენობის უკან გეგმავს. კომპანიამ მერიას 687კვ.მეტრზე 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის პროექტით და კ2 კოეფიციენტის, 7.0-მდე გაზრდის თხოვნით მიმართა.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია – შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სად შეიძლება ჰქონდეს აქ 12-სართულიან კორპუსს ეზო?

კომპანია მერიას წერს: „აჭარის მთავრობის და მერიის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ამორტიზებული შენობის ჩანაცვლება თანამედროვე ნაგებობით და მოქმედი სამშენებლო-სახანძრო ნორმების სრული დაცვით.“

საგულისხმოა, რომ 41-ე დადგენილება სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად ორი კიბის უჯრედის მოწყობას ითხოვს.  მოახერხებს კომპანია 687 კვ.მეტრზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას? – ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს.

რენდერი: საპროექტო შენობა ბარათაშვილისა და მელაძის ქუჩების მხრიდან
რენდერი: ირაკლი აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების მხრიდან

კომპანია მერიას წერს, რომ ჯამში 25 ავტომანქანისთვის შეძლებს ავტოსადგომის მოწყობას. ეს, ცხადია, 12-სართულიანი კორპუსისთვის საკმარისი არ იქნება.

შპს „გორგის“ 50 პროცენტს ჯემალ პატარიძე ფლობს, 25 პროცენტის მფლობელი შაქრო ზაქარაძეა, დარჩენილ 25 პროცენტს კი რუსეთის მოქალაქე ანდრეი კუზმინი.

წერეთლისა და იმედაშვილის ქუჩების კვეთა

შპს „მალდ ჯგუფი“ წერეთლისა და იმედაშვილის ქუჩების კვეთაში, 766 კვ.მეტრზე 17-სართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. აქ არსებულ ორსართულიან სახლს ფასადზე აქვს წარწერა, რომ ის 1941 წელს არის აშენებული.

კომპანია მერიას წერს, რომ „აჭარის მთავრობის და მერიის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ამორტიზებული შენობის ჩანაცვლება თანამედროვე ნაგებობით და მოქმედი სამშენებლო-სახანძრო ნორმების სრული დაცვით.“ ასევე ატყობინებს, რომ სახლის მესაკუთრესთან „შეთანხმება მიღწეულია“.

კომპანიას კოეფიციენტის გზარდა 11.0-მდე სურს. ავტოპარკინგისთვის კი  მხოლოდ 20 ადგილს გაითვალისწინებს.

„მალდ ჯგუფის“ 100 პროცენტი რევაზ ანანიძის საკუთრებაა.

იმედაშვილის #19 ავარიული სახლების ნუსხაშია
იმედაშვილის #19- რენდერი

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც მერიამ მოგვაწოდა, უწყებაში კიდევ ორი განაცხადია შესული. „ბათუმელებს“ ასევე აქვს ინფორმაცია, კიდევ რამდენიმე პროექტზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მერიაში ჯერ არ შესულა.

მერიაში განმარტეს, რომ უკვე შესული პროექტების შესწავლა ჯერ არ დასრულებულა და ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება. „ბათუმელები“ სტატიას დაგეგმილ პროექტებზე უახლეს მომავალშიც გამოაქვეყნებს.

რა ელის ხულოში, დიდაჭარაში მდებარე ჭადრაკის სახლს – მერიის პასუხი

რა ელის ხულოს სოფელ დიდაჭარაში 1985 წელს აგებულ ჭადრაკის ხის სახლს, რომელიც დაზიანებულია? – ხულოს მერიის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათთვის ცნობილია დიდაჭარის ჭადრაკის სახლის ამორტიზებული მდგომარეობის შესახებ.

„ჩვენს გვყავს დიდაჭარაში წარმომადგენელი, შესაბამისი სამსახურიც ინფორმირებულია და ვიცით, როგორც წარმომადგენლისგან, ასევე მოსახლეობისგან ჭადრაკის სახლის მდგომარეობა. ჩვენც არაერთხელ ვნახეთ ეს შენობა.

ხულოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული დიდაჭარის ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა 2023 წლის განმავლობაში, თუ ბიუჯეტში გაჩნდება შესაბამისი თანხა, ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებით და ა.შ., რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხიც განიხილება.

შენობის რეაბილიტაცია ალბათ ადგილზე მოხდება, გადატანის გარეშე“, – ამბობენ ხულოს მერიის პრესსამსახურში.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზამთარში ჭადრაკის სწავლების პროცესს, რომელიც ჯერ ისევ დიდაჭარის ჭადრაკის სახლში გრძელდება, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო შეფერხების საშიშროება არ ელის:

„დიდაჭარაში საკმაოდ კარგი ადმინისტრაციული შენობა გვაქვს, სადაც სხვადასხვა სივრცეა. ერთი ოთახი დაეთმობა ჭადრაკს და ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელოთ მეცადინეობა“, – გვითხრეს ხულოს პრესსამსახურში.

_______________________

ამავე თემაზე:

დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს

დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს

186 მოკლული ქალი – რატომ ვერ აჩერებს სახელმწიფო ფემიციდს

სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ერთი შეცდომაც კი, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში, უპატიებლად უნდა შეფასდეს – ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

ამავე სასამართლომ უპატიებლად შეაფასა პოლიციის, პროკურატურის უმოქმედობა, რამაც 2014 წელს ახალგაზრდა ქალის – მარიამ წივწივაძის მკვლელობა გამოიწვია. 33 წლის ლექტორი მოძალადე ქმარმა უნივერსიტეტის დერეფანში მოკლა.

საქმე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ აჩვენებს, თუ რამდენად მიუტევებელია, როცა სამართალდამცავი ორგანოები გულგრილობას იჩენენ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ და არ რეაგირებენ.

მსხვერპლი ქალი შვიდი თვის განმავლობაში სისტემატურად ატყობინებდა პოლიციას, რომ საფრთხე ელოდა ქმრისგან, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და მოითხოვდა პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას. პირველი განაცხადის დროს, პოლიციელმა ქალს აუხსნა, რომ არ შეეძლო მისი ქმრის დაპატიმრება, რადგან მისი (ქმრის) ძალადობრივი საქციელის თვითმხილველი პოლიცია არ ყოფილა და მხოლოდ იმიტომ, რომ მას მოკვლით ემუქრებოდა, „მაშინ როცა ფიზიკურად არ დასხმია თავს“, მოძალადეს ვერ დააკავებდა.

პოლიციელმა ქალს ურჩია პრობლემის მოსაგვარებლად ძმებისთვის მიემართა და „ძვლების დამტვრევით“ ეძიათ მასზე შური.

პოლიციამ ვერც მაშინ შეაფასა სათანადოდ საფრთხე, როცა ქმარი ახალგაზრდა ქალს სამსახურში მივარდნითა და ხელყუმბარით აფეთქებით დაემუქრა.

სტრასბურგის სასამართლომ „უპატიებელი“ უწოდა სახელმწიფო უწყებების უმოქმედობას, რის შედეგადაც 33 წლის ქალი მოკლეს

ევროპული სასამართლო გაოცებულია იმით, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გამოიყენეს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი შემაკავებელი ზომა მოძალადესთან მიმართებაში, მათ შორის არც შემაკავებელი ორდერი, რომელიც პოლიციას დაუყოვნებლივ შეეძლო გამოეცა.

„პოლიციის უმოქმედობა კიდევ უფრო მიუტევებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ჩათვლით, იყო მთავარი სისტემური პრობლემა ქვეყანაში“ – ამბობს ევროპის სასამართლო. მისი შეფასებით, ახალგაზრდა მოკლულ ქალთან მიმართებაში სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენეს „იმ ნაბიჯების გადადგმის ხანგრძლივი უუნარობა,“ რასაც რეალურად შეეძლო ტრაგიკული შედეგის შეცვლა ან ზიანის შემცირება.

„აღმაშფოთებელი უგულებელყოფით“ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ გამოიჩინეს განსაკუთრებული მზრუნველობა მოკლული ქალის მიმართ, რისი კულმინაციაც მისი სიკვდილი იყო.

2014 წელს საქართველოში 33 ქალი მოკლეს.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ „სისტემის მარცხად“ შეფასებულმა საქმემ სახელმწიფოს ვერც მომდევნო წლებში ასწავლა რაიმე, რადგან 2014-დან 2022 წლის ჩათვლით საქართველოში 186 ქალი მოკლეს, 129-ჯერ კი ქალის მკვლელობა სცადეს.

  • რატომ ვერ ხდება დანაშაულის პრევენცია?

„ჩვენი კანონმდებლობა ძალიან კარგად განსაზღვრავს, რას ნიშნავს პრევენცია“, – ამბობს შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გოგა ხატიაშვილი „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, კანონი კონკრეტულად თვლის იმ ღონისძიებებს, რაც კარნახობს სახელმწიფოს, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს პრევენცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე.

გოგა ხატიაშვილი

„პრევენცია არის ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ძალადობის აღკვეთისკენ, დამნაშავეთა დასჯისკენ, მათი ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლთა რეაბილიტაცია-ადაპტაციისკენ.

სამწუხაროდ, ეს ღონისძიებები ან საერთოდ არ სრულდება პრაქტიკაში, ან სრულდება ძალიან ფრაგმენტულად“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

ფემიციდის პრევენცია მსხვერპლი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასაც გულისხმობს, რასაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.

„მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო მსხვერპლი იძულებულია არ ისაუბროს ძალადობაზე ან დაგვიანებით მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს დასახმარებლად.

გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, შესაძლოა მსხვერპლმა განაცხადოს, რომ არ აქვს პრეტენზია მოძალადის მიმართ, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო. თუ გვინდა, რომ მსხვერპლმა სამუდამოდ დააღწიოს თავი ძალადობრივ გარემოს, ეს მათი ეკონომიკური გაძლიერების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

ხატიაშვილის თქმით, ფემიციდი, როგორც წესი, არ ხდება სპონტანურად, მანამდე მიმდინარეობს ქალის დაქვემდებარება სხვადასხვა ფორმით. „ხდება ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, ფემიციდი კი ამ ყველაფრის კულმინაციაა“, – ამბობს ხატიაშვილი.

მისი აზრით, პოლიტიკის სისუსტეს ასევე განაპირობებს ისიც, რომ სახელმწიფოს არ აქვს ყოვლისმომცველი და ერთიანი კოორდინირებული ხედვა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

  • გენდერულად ნაკლებად მგრძნობიარე სასამართლო

„პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან არასათანადო ძალისხმევის გაღების გარდა, ხშირად სასამართლოც ლოიალურია დამნაშავეების მიმართ და არ ხდება სათანადო სიმძიმის აღკვეთი ღონისძიებების და სასჯელის გამოყენება, რაც იქნება ერთგვარი გარანტორი იმისა, რომ ბრალდებული აღარ გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას“, – გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოსამართლეებს გენდერული მგრძნობელობა აკლიათ? – გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ასეა და ხშირად მოსამართლეებიც კი, ისევე როგორც პოლიციელები, წინასწარი განწყობით და სტერეოტიპებით მოქმედებენ, რაც განაპირობებს შეცდომებს.

ამის შესახებ გვესაუბრება ეკა მუზაშვილიც, „საფარის“ იურისტი აჭარაში, რომელიც საუბრობს კონკრეტულ შემთხვევებზე, როცა მოსამართლემ, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მოძალადე მაინც გაათავისუფლა გირაოთი.

ეკა მუზაშვილი

„ამჟამად ორი ასეთი საქმე მაქვს, როცა სასამართლომ გირაოთი გამოუშვა ძალადობაში ბრალდებული და მან ამის შემდეგ ისევ ჩაიდინა დანაშაული, სასამართლომ ისევ გამოუშვა გირაოთი და მხოლოდ დანაშაულის მესამედ ჩადენის შემდეგ დააკავეს მოძალადე“, – ამბობს ეკა მუზაშვილი.

ის ისეთ შემთხვევასაც იხსენებს, როცა მოძალადემ ნახევარ წელიწადში დააგროვა ორი ნასამართლობა. მოძალადე მუდმივად აკითხავდა მსხვერპლს სახლში, სამსახურში და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

„წარმოიდგინეთ, დაშორდით ადამიანს და ის ყოველდღე გხვდებათ სახლთან, სამსახურთან, გთხოვს, რომ შეურიგდე, გეუბნება – „რა პასუხს გასცემ შვილებს?“ და ასე შემდეგ.

ოთხი შემაკავებელი ორდერი გამოიცა ამ პერიოდში, მაგრამ მაინც არ მიიღო სასამართლომ ამ პირის დაკავების გადაწყვეტილება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ რა პრობლემაა, თუკი ვიღაცას ვიღაც უყვარს და სადღაც დახვდება“, – ამბობს ადვოკატი.

რა არგუმენტი აქვს მოსამართლეს, როცა დამნაშავეს გირაოთი ათავისუფლებს? – ვკითხეთ ადვოკატს. ეკა მუზაშვილი ამბობს, რომ სწორედ არგუმენტების სიმწირეა პრობლემა სასამართლოს მხრიდან.

„როცა არაერთი დანაშაული აქვს ადამიანს ოჯახში ჩადენილი და სასამართლო პროცესზეც კი ეტყობა აგრესია, ისედაც უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომ ეს პირი დანაშაულს გაიმეორებს. თუმცა ამ რისკებს მაინც ვერ აფასებს“ – ამბობს ის. 

მუზაშვილის თქმით, სასამართლოსგან განსხვავებით, პროკურატურა უფრო იღებს ზომებს და ოჯახში ძალადობაზე ხშირად ითხოვს პატიმრობას, „მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეც შაბლონური გამოდის, რადგან პატიმრობას როცა ითხოვ, მეტი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინო, რისი მოძიება ნამდვილად შეუძლია პროკურატურას, მაგრამ არ ცდილობენ.

თუმცა პროკურატურამ ის მიდგომა მაინც დაამკვიდრა, რომ ძალადობაზე – იქნება ეს ხელის მოჭერა, თმაში მოქაჩვა თუ დარტყმა, ითხოვს პატიმრობას“, – ამბობს ეკა მუზაშვილი.

ანა თავხელიძე

სასამართლოს მხრიდან რისკის ვერშეფასების პრობლემაზე საუბრობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძეც.

„ჩვენს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა მოსამართლეს გირაო გამოუყენებია აღკვეთ ღონისძიებად, თუმცა მსხვერპლთან მიახლოება, ტელეფონით კომუნიკაცია არ აუკრძალავს მოძალადისთვის და ამის შემდეგ ისევ გრძელდებოდა მსხვერპლზე ძალადობა.

აქამდე არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ შეცდომებზე ვერ სწავლობს სასამართლო და თუკი, აქამდე გირაოთი გამოსულმა რომელიმე მოძალადემ ფემიციდი არ ჩაიდინა, ესეც შემთხვევითობა ან იღბალია“, – ამბობს ანა თავხელიძე.

იურისტის თქმით, არც ერთი სამართალდამცავი უწყება რისკებს არ აზღვევს. შესაბამისად, არ აანალიზებს, არ აფასებს იმას, თუ რომელ რგოლში იყო ჩავარდნა, რა ვერ შეაფასა სწორად პოლიციამ, პროკურატურამ ან მოსამართლემ.

„ბათუმელებმა“ ქვეყანაში მოქმედ ყველა სასამართლოს მიმართა წერილობით და მოითხოვა გირაოთი გათავისუფლებული იმ პირების სტატისტიკური მონაცემები, ვინც ფემიციდი ჩაიდინა. სასამართლოებმა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და  მიზეზად დაასახელეს, რომ „აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება მოითხოვს დიდ დროს და რესურსს, რაც სასამართლოს არ გააჩნია“.

ანა თავხელიძის თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის სტამბოლის კონვენციით, სახელმწიფო ვალდებულია დეტალურად დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები, აწარმოოს კვლევები, შეაფასოს არსებული მდგომარეობა და ამის შემდეგ თქვას, რამდენად ეფექტურია არსებული მექანიზმები ფემიციდის შესაჩერებლად, რა ბარიერებს აწყდებიან შესაბამისი უწყებები და რამდენად მწვავეა პრობლემა.

8 მარტი, 2018 წელი. აქცია ზუგდიდში. ფოტო: ცაბუნია ვართაგავა

„შსს ამბობს, რომ დანერგა რისკის შეფასების მექანიზმი, თუმცა ფაქტია, რომ ეს მექანიზმი არ არის ეფექტური ფემიციდის შემთხვევების ზრდიდან გამომდინარე. სახელმწიფო, ისე, რომ არ სწავლობს ამ პრობლემას, ქაოსურად მუშაობს ფემიციდის პოლიტიკაზე.

ამ პოლიტიკის არაეფეტურობის კიდევ ერთი მაგალითია ახალგაზრდა ქალის საქმე, რომელიც საიამ და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) წაიღეს სტრასბურგში 2018 წელს.

ეს არის შემთხვევა, როცა მსხვერპლმა, მარიამ წივწივაძის მსგავსად, 16-ჯერ მიმართა პოლიციას ყოფილი მეუღლისგან თავის დაცვის მიზნით, „თუმცა სახელმწიფო ორგანოებმა მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს“, – წერს საია.

საბოლოოდ ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს, მას სხეულზე ყოფილი მეუღლის მიერ მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა, მოძალადეს კი მსჯავრი დაედო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

ევროპულ სასამართლოში საია და EHRAC-ი ამტკიცებდნენ, რომ გარდაცვლილ ქალთან მიმართებაში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.

სახელმწიფომ ვერ დაიცვა ქალი განგრძობადი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან მეუღლის/ყოფილი მეუღლის მხრიდან, არ გამოიძია თვითმკვლელობამდე მიყვანა ფემიციდის თვალთახედვით, დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არ გაითვალისწინა გენდერულად სენსიტიური მიდგომები და საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებები“, – წერს საია.

სწორედ ასეთი გარემოებები შეაფასა სტრასბურგის სასამართლომ „უპატიებლად“, როდესაც სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის შედეგად დაიკარგა სიცოცხლე ან საჯარო მოხელის ან დაწესებულების გულგრილობის ან შეცდომის შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ქალი.

  • ელექტრონული ზედამხედველობა, როგორც ფემიციდის პრევენციის მექანიზმი

2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, რაც მანამდე არ არსებობდა ქვეყანაში. ზედამხედველობის ეს ფორმა გამოიყენება მაშინ, როცა მოძალადეზე გაცემულია შემაკავებელი ორდერი და მას აკრძალული აქვს მსხვერპლთან მიახლოება, რადგან არსებობს ძალადობის გამეორების რეალური საფრთხე.

ელექტრონულ ზედამხედველობას მოძალადეზე აწესებს პოლიცია, მსხვერპლის თანხმობით.

„როცა ზედამხედველობის ეს სისტემა გააკეთა შსს-მ, მაშინ მეც ამ უწყებაში ვიყავი და კანონპროექტზეც მომიწია მუშაობა. გაეროს ქალთა ორგანიზაციაც დაგვეხმარა ამ პროექტის განხორციელებაში, მაგრამ პრაქტიკაში რომ შევხედოთ, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

ჩემი ინფორმაციით, 2020-2021 წლებში მხოლოდ 21 პირის მიმართ იყო გამოყენებული ეს ზომა“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი. ეს მაშინ, როცა ამ წლებში საქართველოში ფემიციდის 40 შემთხვევა იყო.

ხატიაშვილის აზრით, ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობას შესაძლოა ჰქონდეს ორი მიზეზი. პირველი, ეს არის მსხვერპლის თანხმობა ელექტრონულ სამაჯურზე, რაზეც ხშირად უარს ამბობს თავად მსხვერპლი და მეორე – ეს არის რისკების შეფასების ინსტრუმენტთან დაკავშირებული ხარვეზები.

„პირველი მიზეზის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლს პოლიციელმა სათანადოდ აუხსნას, თუ რას გამოიწვევს ელექტრონული სამაჯურის გამოუყენებლობა, რა რისკებთანაა ეს დაკავშირებული.

საფრთხის რეალურობას აფასებს პოლიციელი, რისკების შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე.

რისკის შეფასების ინსტრუმენტი არის კითხვების ჩამონათვალი. მსხვერპლს შესაძლოა არ ესმოდეს კითხვის შინაარსი და შესაძლოა ეს იყოს უარის თქმის საფუძველი მსხვერპლის მხრიდან, ამიტომ მხოლოდ ტექნიკურად ამ შეკითხვების დასმა საკმარისი არ არის“, – ამბობს გოგა.

მისი თქმით, თუ რისკის შეფასების ინსტრუმენტს აქვს ხარვეზები, ეს არის დროულად გადასახედი, რადგან ელექტრონული ზედამხედველობა პოლიციელის ხელში არის პრაქტიკული ბერკეტი, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

ხატიაშვილის თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შემდეგ მინიმუმამდე დავიდა როგორც ფემიციდის შემთხვევები, ასევე ფემიციდის მცდელობა.

უნდა დადგეს თუ არა იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ შეაფასა რისკი და არ მიიჩნია საჭიროდ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება? – ვკითხეთ მას. ხატიაშვილის თქმით, პოლიციელთა მხრიდან გადაცდომები ან მათ მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადების ფაქტები უნდა შეისწავლოს შესაბამისმა უწყებამ, რაც ფემიციდის შემთხვევებში, ფაქტობრივად, არ ხდება საქართველოში.

პოლიციელისა, პროკურატურის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან რისკების ვერშეფასების შედეგი იყო ის, როცა 2021 წელს, ქობულეთში, 14 წლის მოზარდმა, რომელიც ფსიქოლოგიური, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, თავი მოიკლა.

ანა თავხელიძის თქმით, ეს ფაქტიც ფემიციდის შემთხვევად უნდა განვიხილოთ, „რადგან ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანა სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობამ გამოიწვია“.

პარლამენტარ თამარ კორძაიას თქმით, დღეს არსებული სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფემიციდის მოტივით ჩადენილი მკვლელობის გამო დამნაშავე დაისაჯოს ძალიან მკაცრად. თუმცა შესაბამისი უწყებების არაეფექტურად მოქმედების გამო, ძალადობა ხშირად სრულდება ფემიციდით.

  • „შენი სიჩუმე კლავს“… „არ დახუჭო თვალი“

„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ფემიციდს უნდა ვებრძოლოთ, ეს ვერ მოხდება მხოლოდ პოლიციისა და პროკურატურის დონეზე, არამედ კომპლექსურად უნდა დაიწყოს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა“, – გვითხრა გოგა ხატიაშვილმა.

მისი აზრით, რადგან ფემიციდი რეალურად ეს არის გენდერული უთანასწორობის პროდუქტი – როცა კაცი ქალს აღიქვამს დაქვემდებარებულად და ცდილობს მოიპოვოს მასზე უფლებები, ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ერთობლივი ბრძოლა.

ფემიციდის საწინააღმდეგო აქცია თბილისში/2020 წელი. ფოტო: „ნეტგაზეთი“

„არც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უნდა გვესმოდეს ისეთი შეფასებები, რაც პირდაპირ ან ირიბად ახალისებს ქალების ჩაგვრას, მათ დისკრიმინაციას. ამიტომ საჭიროა ცნობიერების ამაღლების კამპანია, როგორც პრევენციის ერთ-ერთი ნაწილი.

მაგრამ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მაშინ აქვს აზრი, თუ ეს კამპანია ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას, მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების განხორციელებას და ასე შემდეგ.

მე არ ვაკნინებ არც ერთი სახელმწიფო უწყების ძალისხმევას, თუმცა ცნობიერების ამაღლებაზე, ინფორმირებულობაზე, ერთი რომელიმე უწყების ძალისხმევა ვერ იქნება საკმარისი. ის ღონისძიებები, რომლებსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით, არის სუსტი და ფრაგმენტული, ამიტომ ვერ ვაღწევთ პრევენციას“, – ამბობს ხატიაშვილი.

მიმდინარე წელს საქართველოს პროკურატურამ ფემიციდის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო – მოამზადა 7 ვიდეორგოლი და გამოფინა 38 ბილბორდი, მათ შორის, დაამზადეს 15 ციფრული ბილბორდი. რამდენიმე ქალაქში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მოქალაქეებთანაც.

თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სახელმწიფოს ამ კამპანიისთვის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. კლიპებისა და ბილბორდების დამზადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ დააფინანსა, რისთვისაც $28,612 გამოყვეს.

საელჩოს ინფორმაციით, ბილბორდები საქართველოს მასშტაბით უნდა განთავსდეს, კლიპები კი სატელევიზიო ეთერში გადის.

„ერთ კამპანიას გააკეთებენ სოციალური ქსელის საშუალებით ან დაამზადებენ სატელევიზიო რეკლამას და ეს ჰგონია სახელმწიფოს მთელი ამბავი. ფრაგმენტული, ერთჯერადი კამპანიები კეთდება ძირითადად და სტრატეგიულად დაგეგმილი, კომპლექსური ხედვა ამასთან დაკავშირებით არ არის.

ამ კლიპებსაც ხშირად არაკვალიფიციური ადამიანები ამზადებენ და არც სამიზნე  ჯგუფებია სწორად შერჩეული. კამპანიებს არ ახასიათებს პერმანენტულობა, ამიტომაც არ აქვთ ძალადობის მსხვერპლებს ინფორმაცია არც სახელმწიფო სერვისებსა და არც იმაზე, საჭიროების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ“, – ამბობს იდა ბახტურიძე, ორგანიზაციის – „ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენელი.

იდა ბახტურიძე

მისი აზრით, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ერთიანი სტრატეგია მნიშვნელოვანია, რადგან ანტიფემიციდური ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს ყველგან, სადაც კი ადამიანებს ხელი მიუწვდებათ.

„იქნება ეს სავაჭრო ცენტრები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, აფთიაქები თუ სხვა, რადგან მხოლოდ ტელევიზიაში დატრიალებული კლიპი ეფექტს ვერ მოგვცემს.

როცა ადამიანი დახმარებას ითხოვს, ყველა უწყება უნდა იყოს მობილიზებული, დღეს არც ერთია და არც მეორე“, – ამბობს იდა ბახტურიძე.

2020-2021 წლებში ანუ პანდემიის დროს საქართველოში ფემიციდის 40 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა სამართალდამცავი უწყებები ირწმუნებოდნენ, რომ ოჯახში ძალადობაზე მიმართვიანობა შემცირებული იყო.

„შემცირებული იყო იმიტომ, რომ მსხვერპლი ვერ აღწევდა პოლიციამდე. კარანტინი იყო, არ მოძრაობდა ტრანსპორტი და ეს არ ნიშნავს, რომ ქალებზე არ ძალადობდნენ“, – ამბობს იდა ბახტურიძე.

მისი აზრით, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქალების ბრძოლა.

„მე მგონია, რომ კაცებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რადგან ის, რაც ხდება, არის მათი შესაცვლელიც.

სამწუხაროა, რომ ქალების მკვლელობები დღემდე ვერ გახდა საზოგადოებისთვის პრიორიტეტული და ვერ გამოიწვია საზოგადოების ემპათია. ფაქტია, რომ ამ სიტუაციის გარდატეხა რეალური უნდა გახდეს“, – ამბობს იდა ბახტურიძე.

საპროტესტო აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ბათუმი. 2016 წელი. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

2014 წლიდან დღემდე ანუ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ფემიციდის სტატისტიკის წარმოება დაიწყო, ფემიციდის შედეგად დაობლებული რამდენი ბავშვი განთავსდა სახელმწიფო ზრუნვაში ან დარჩა მეურვის მზრუნველობის ქვეშ, უცნობია.

„ბათუმელებმა“  მხოლოდ ბოლო ორი წლის მონაცემები მოიპოვა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნვაში 20 არასრულწლოვანი ბავშვი გაიყვანეს. ამ წლებში საქართველოში 31 ქალი მოკლეს.

ამ ოციდან, როგორც ბავშვზე ზრუნვის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, 3 ბავშვი მინდობით აღზრდაში განთავსდა, 11 ბავშვზე დაწესდა მეურვეობა/მზრუნველობა, ხოლო 6 ბავშვთან დაკავშირებით სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ განუსაზღვრავს ზრუნვის ფორმა.

____________

მთავარ ფოტოზე: „წითელი ფეხსაცმელები“ – აქცია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, ბრიუსელი, 2019 წელი. ფოტო: EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ

„უკრაინაში მინდა დაბრუნება, ველოდები ომი დამთავრდეს“ – მე-20 სკოლის მოსწავლე უკრაინიდან

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულ სექტორზე, ომის გამო იძულებით გადაადგილებული 900 უკრაინელი ბავშვი სწავლობს. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით 100 უკრაინელი მოსწავლე სკოლამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე, მაისის თვეში მიიღო. ახლა კი უკრაინულ სექტორზე ყველა საფეხურის კლასია გახსნილი პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით.

მე-20 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა დავითაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით ამაღელვებელი ომსგამოქცეულ ბავშვებთან შეხვედრის პირველი დღე იყო.

„ძალიან საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი იყო ბავშვებთან პირველი შეხვედრა. ყველაფერს ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებმა თავი კარგად იგრძნონ ჩვენ სკოლაში. მხარდაჭერაც განათლების სამინისტროსგან დიდია, შედეგად კი უკრაინელი მოსწავლეები ჩვენთან იღებენ ხარისხიან განათლებას მშობლიურ ენაზე – იმ სახელმძღვანელოებით, რითაც უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ.

განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ბუქები გადასცა, რაც მათ ეხმარება უფრო აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში“, – ამბობს თეა დავითაძე.

თეა დავითაძე, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

მისივე თქმით, სკოლამ გამოაცხადა კონკურსი და შეარჩია ისეთი პედაგოგები, ვისაც უკრაინულ სკოლაში მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა.

„ჩვენი მასწავლებლები ახლაც, ჩვენთან მუშობის პარალელურად, ონლაინ ასწავლიან უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ სკოლაში მუშაობა მათთვის არის დამატებითი შემოსავლის წყარო“, – ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ალექსანდრე უკრაინის მოქალაქეა, მისი ქართველი მშობლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. ბიჭი მშობლებმა ხარკოვის ოლქიდან, ველიკი ბურნუკიდან ჩამოიყვანეს.

ალექსანდრე ქართულად კარგად საუბრობს. თავიდან ძალიან გაუჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, თუმცა ახალ სკოლაში, როგორც გვეუბნება, უკვე ბევრი მეგობარი ჰყავს და სირთულეებიც გადალახა.

ბევრი ბავშვი გავიცანი, უკრაინელებიც, ქართველებიც, ბევრს ვსაუბრობთ და ბევრ დროს ვატარებთ ერთად. თავისუფალ დროს ბულვარში ვსეირნობ და ჩემს უკრაინელ მეგობრებს ველაპარაკები ყოველ საღამოს ტელეფონით, ისინი სხვადასხვაგან არიან ახლა წასული. ომის ამბებზე არ ყვებიან, არ სურთ ცუდი ამბების გახსენება, ომის ცუდი ისტორიები აქვთ“, – ამბობს ალექსანდრე, რომელიც მეათე კლასში სწავლობს.

ალექსანდრე – ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლე

გვეუბნება, რომ ქართული ენის გაკვეთილზე თუ ვინმე რამეს ვერ იგებს, ეხმარება: სიტყვების წარმოთქმაში, თარგმნასა და წერა-კითხვაში.

მარიტაც მეოცე სკოლის მოსწავლეა, უკრაინიდან მარტში ჩამოვიდა. დედა უკრაინელი ჰყავს, მამა ქართველი. ქართული მარიტამაც კარგად იცის და გვესაუბრება.

საქართველოში ომამდეც ხშირად ჩამოდიოდა, თითქმის ყოველ ზაფხულს და ასე ისწავლა ენა:

„არ გამჭირვებია ქართულ სკოლაში გადმოსვლა, უკრაინელი მასწავლებლები გვყავს, ძალიან კარგად გვასწავლიან. საქართველოში ადრეც დავრჩენილვარ დიდი ხნით. მთელი ექვსი თვით დავრჩი ერთხელ და წერა-კითხვა ჩემით ვისწავლე.

ოდესიდან ვართ, ოდესას არ ბომბავენ, იქ სიმშვიდეა, მაგრამ მაინც სახიფათოა და წამოვედით. ოდესის სკოლებში ჩემი კლასელები ახლა ონლაინ სწავლობენ, დისტანციურად.

ძალიან მინდა უკრაინაში დაბრუნება. ველოდები დღეს, როცა ომი დამთავრდება“, – ამბობს მარიტა, რომელიც ასევე მეათე კლასელია.

მარიტა – ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლე

ომის გამო იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად სკოლამ დიდი ძალისხმევა გასწია მცირე დროში პროცესის ორგანიზებისთვის. ამ პროცესში საკუთარი რესურსით არასამთავრობო სექტორიც ჩაერთო.

მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision Georgia-მ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი საკანცელარიო ნივთები გადასცა საჩუქრად. World Vision Georgia არტთერაპიის კურსსაც ატარებს და ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევს ლტოლვილებს.

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლეები

მე-20 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გვეუბნება, რომ უკრაინულ სექტორზე არაერთი ბავშვია, ვისაც საცხოვრებლიდან სკოლამდე მოსვლის პრობლემა აქვს. თეა დავითაძის თქმით, სასკოლო ტრანსპორტის აუცილებლობის ინიციატივა მშობლებისგან წამოვიდა. თეა დავითაძემ ამ საჭიროების შესახებ განათლების სამინისტროს აცნობა და, მისი თქმით, ახლა დგინდება ბავშვების მისამართები, სადაც შესაძლოა სასკოლო ტრანსპორტმა იმოძრაოს სამომავლოდ.

„არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც დაინიშნოს ეს ტრანსპორტი. მშობლების ინიციატივა მე სამინისტროს მივაწოდე“, – ამბობს თეა დავითაძე.

მისი თქმით, სკოლაში განსაკუთრებით სახალისო იყო განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი დიდი სპორტული ღონისძიება, რაშიც ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეებმა ერთად მიიღეს მონაწილეობა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს, დამეგობრდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

სამომავლოდ ისევ ვგეგმავთ ერთობლივი სპორტული ღონისძიებების მოწყობას. თუ აქამდე მეოცე სკოლას სკოლებს შორის სპორტულ შეჯიბრებებზე ქართველი ბავშვები წარადგენენ, ახლა უკრაინელი და ქართველი ბავშვები ერთად იასპარეზებენ ჩვენი სახელით.

გარდა იმისა, რომ ხარისხიანი განათლების მიღება უნდა შეძლონ, სკოლის მიზანია, ამ ბავშვებმა მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ჩვენთან“, – ამბობს თეა დავითაძე.

აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სულ 1200 უკრაინელი ბავშვი სწავლობს კერძო და საჯარო სკოლებში.

არ იბრძოლოთ, ჩვენ ამას მივიღებთ მეგობრობად – უკრაინის მიმართვა ბელარუს სამხედროებს 

უკრაინის გენშტაბი ბელარუსი და რუსი სამხედროებისადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ვიდეო ბელარუსთა მიმართ შეტყობინებით იწყება, რომ მათ, ვისაც იძულებით გაგზავნიან უკრაინაში საომრად და არ შეეძლებათ, ამ ბრძანებას წინააღმდეგობა გაუწიონ,  უკრაინის არმია ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს.

„როგორც კი უკრაინის საზღვარს გადმოკვეთთ, ჩააქრეთ ტექნიკა, გაჩერდით დანაყოფთან ერთად, აწიეთ თეთრი დროშა და დაელოდოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობასთან შეხვედრას. თუ თქვენ უარს იტყვით უკრაინელთა მკვლელობაზე, ჩვენ ამას მივიღებთ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის გამოვლინებად და მადლობელი ვიქნებით ამისთვის,“ – ნათქვამია ვიდეოში.

უკრაინის გენშტაბი გარანტიას აძლევს ბელარუს სამხედროებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ მაშინვე უვნებლად დააბრუნებენ ბელარუსში, ხოლო თუ ბელარუსში დაბრუნებაზე უარს იტყვიან, უზრუნველყოფენ მათ უკრაინაში დარჩენას და სამხედრო დასახლებებში ცხოვრებას.

ამის შემდეგ, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ და სად შეინახება მათი იარაღი და ტექნიკა, როგორ და სად იცხოვრებენ უკრაინაში დარჩენილი ბელარუსი სამხედროები, რომ მათ ექნებათ შესაბამისი კვება, სამედიცინო მომსახურება, ასევე, თავისუფალი წვდომა ტელეფონთან და ინტერნეტთთან ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად.

უკრაინის გენშტაბი ბელარუს სამხედროებს ჰპირდება, რომ ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებს იარაღსაც და ტექნიკასაც და ისე გაამგზავრებს ბელარუსში.

ვიდეოს მეორე ნაწილი უკვე რუს სამხედროებს ეხება. მათ გენშტაბი ახსენებს, რომ მათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის, ორი ვარიანტი აქვთ: ტყვედ ჩაბარება ან სიკვდილი.

ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინა რუს სამხედროებსაც ჰპირდება, რომ შეუნარჩუნებს სიცოცხლეს და დაიცავს ჟენევის კონვენციას, რომლის თანახმადაც ტყვეები მიიღებენ სამართლებრივ და სამედიცინო დახმარებას, ხოლო სამშობლოში დაბრუნება ომის დასრულების შემდეგ ან ტყვეთა გაცვლის გზით შეეძლებათ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საზღვარზე უკრაინა კედელს აშენებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, კირილ ტიმოშენკოს თქმით, თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობა სწორედ ბელარუსიდან მომავალი საფრთხის გამო დაიწყო. მისი ინფორმაციით, სამუშაოები რამდენიმე სასაზღვრო ოლქში მიმდინარეობს და 11 ნოემბრისთვის კედელი უკვე 3 კილომეტრის სიგრძეზეა აშენებული.

„თხრილი, მიწაყრილი და რკინაბეტონის კედელი ეკლიანი მავთულით. სამუშაოები გრძელდება და ეს ყველაფერი არ არის. დეტალებს არ გავახმაურებ. საფორტიფიკაციო ნაგებობები შენდება რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებშიც“, – ამბობს ტიმოშენკო.

რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსის ჩართვის საფრთხეზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები და უწყებები ყოველ ჯერზე ამას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევენ. ომში ბელარუსის არმიის ჩართვის განზრახვა არაერთხელ უარყო თავად ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, თუმცა მან არ უარყო, რომ მისი ქვეყანა ამ ომში მისი პირველი დღეებიდან მონაწილეობს სხვადასხვა ფორმით – სწორედ ბელარუსიდან დაიწყო რუსეთის არმიამ ჩრდილოეთის მხრიდან უკრაინაზე შეტევა და მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიას დღემდე იყენებს უკრაინის დასაბომბად.

„მე კარი არ გამომიჯახუნებია“ – ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას არასდროს უთქვამს უარი რუსეთთან და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე. თუმცა ვერ ხედავს მოსკოვის სურვილს, მშვიდობას კიევის პირობებით დათანხმდეს.

„მე კარი არ გამომიჯახუნებია. მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან სალაპარაკოდ, მაგრამ სხვა რუსეთთან. ისეთთან, რომელიც ნამდვილად მზადაა მშვიდობისთვის. ისეთთან, რომელიც მზადაა აღიაროს, რომ ოკუპანტია,“ – უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა CNN-ს.

ზელენსკი დასძენს, რომ სამართლიანობის აღსადგენად, ის კვლავაც მოითხოვს უკრაინის ყველა ტერიტორიის, მათ შორის 2014 წელს ანექსირებული ყირიმის დაბრუნებას:

„ჯერჯერობით მე ასეთი განცხადებები რუსეთის ფედერაციისგან არ მომისმენია – არც პუტინისგან და არც ვინმე სხვისგან.“

რამდენიმე დღის წინ გამოცემა Politico წერდა, რომ მისი წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან და კერძოდ, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე თავისი ხისტი პოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობების შემდეგ შედარებით შეარბილა.

მოგვიანებით, „უკრაინსკა პრავდასთან“ კომენტარებში, რამდენიმე მაღალჩინოსანმა დიპლომატიური წრეებიდან მსგავსი ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები არ ცდილობენ უკრაინის იძულებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდეს.

როგორც სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, ვაშინგტონ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ მოსკოვი უკრაინასთან სალაპარაკოდ მზადაა. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით კი, მოლაპარაკებების საკითხი უკრაინაზეა დამოკიდებული.

არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას – პოდოლიაკი

„არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას, გჯეროდეთ უკრაინის“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ქალაქ ხერსონიდან რუსული არმიის გასვლას ეხმიანება.

„თებერვალში ზოგიერთი ფიქრობდა, რომ უკრაინის არმია „სამ დღეზე“ მეტ ხანს ვერ გაძლებდა. ამ დროისთვის: დაიცვა კიევი, გაათავისუფლა სამი რეგიონი, მოახდინა ხარკოვის დეოკუპაცია და მივიდა ხერსონთან. ბოლო ცხრა თვემ ყველას უნდა ასწავლოს: არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას, გჯეროდეთ უკრაინის“.

BBC-ის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქ ხერსონს „თითქმის სრულად აკონტროლებს”.

11 ნოემბერს სოციალურ ქსელებში ვრცელდება უკრაინელი ჯარისკაცების ვიდეოები და ფოტოები ხერსონის სხვადასხვა რაიონიდან, ისევე როგორც ქალაქ ხერსონის მთავარი მოედნიდან, სადაც ჩანს, როგორ აღმართავენ უკრაინის დროშებს და აღნიშნავენ რუსული არმიის ტერიტორიიდან გასვლას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

__________

მთავარი ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი; „დოიჩე ველე“.

“აჭარაბეთ არენა” აცხადებს აუქციონს კომერციულ ფართებზე

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული დანიშნულების ფართების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით აუქციონი მიმდინარეობს.

300კვ/მ-დან 900 კვ/მ-მდე  კომერციული ფართების,  საპარკინგე სივრცეებისა  და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა ამჯერად  40% ფასდაკლებით მოხდება. საპარკინგე სივრცე 19 375 კვ/მ მოიცავს და  სტადიონის ირგვლივ 800-მდე ავტომანქანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა.

ლედმონიტორი აჭარაბეთ არენის გარე პერიმეტრზე სინემა პარკის მოსაწყობადაა განკუთვნილი.

გასული აუქციონების შედეგად სტადიონის პანორამული რესტორანი და რამდენიმე კომერციული ფართი უკვე გაიცა იჯარით.

ელექტრონული აუქციონები 6 სხვადასხვა კომერციულ ფართზეა გამოცხადებული. ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე: Eauction.ge. აუქციონებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

აშშ-მ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა – Reuters

შეერთებული შტატები აღარ განიხილავს რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად – აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთს 20 წლის წინ მინიჭებული სტატუსი ჩამოართვა.

ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის ხელისუფლების უხეშმა და ფართო ჩარევამ ეკონომიკაში სერიოზული გავლენა მოახდინა ფასწარმოქმნასა და დანახარჯებზე.

მოკვლევის შემდეგ შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი აღარ შეიძლება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად ჩაითვალოს.

„ის უნდა გადაკვალიფიცირდეს არასაბაზრო ეკონომიკის ქვეყნად, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ შეერთებული შტატების კანონის მიზნების შესაბამისად“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიანიჭა.

პირველი ადგილი მაგიდის ჩოგბურთში – ქედელი სტუდენტის კიდევ ერთი წარმატება

ბსუ-ს სტუდენტმა ლინდა ჩიკვაიძემ 7 ნოემბერს I ადგილი მოიპოვა „საქართველოს უნივერდიადა 2022“-ზე, მაგიდის ჩოგბურთის ინდივიდუალურ თამაშში.

„საქართველოს უნივერდიადა 2022“ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრია.

ლინდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მე-3 კურსზე სწავლობს. მან გვითხრა, რომ „საქართველოს უნივერდიადა 2022“-ში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტში შესთავაზეს.

„რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან დიდი ხანია არ მიმიღია ასეთ ტურნირებზე მონაწილეობა. თამაში თბილისში, ვარდების ბაღში ჩატარდა. სულ  4 თამაში მქონდა. ფინალი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქე შემხვდა. რაღაც მოლოდინი მქონდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირველ ადგილს არ ველოდი“.

ლინდა ქედის სოფელ ვაიოდანაა. მაგიდის ჩოგბურთს ბავშვობიდან თამაშობს.

„მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, მეოთხე თუ მეხუთე კლასში. ჩემი ძმები დადიოდნენ მაგიდის ჩოგბურთზე. მეც ძალიან მომინდა  მეთამაშა და მართლაც, ბატონმა იოსებმა, დიდი სიამოვნებით მიმიღო და მავარჯიშებდა,“ – იხსენებს თავის პირველ გაკვეთილებს ლინდა.

იოსებ მახაჭაძე სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი და ქედის სასპორტო სკოლის მწვრთნელია მაგიდის ჩოგბურთში. ლინდას თქმით, მისი დამსახურებაა, რომ სოფელ ვაიოში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას მიუღწევია ამ სპორტში სხვადასხვა დროსა და კატეგორიაში წარმატებისთვის.

შემდეგ ლინდა ბათუმის სპორტის სასახლეშიც ჩამოდიოდა სავარჯიშოდ სხვა ტრენერებთან. 2018-2019 წლებში 2-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ის ვაიოს სოფლის 3 მოსწავლესთან გუნდურად ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატზეც მაგიდის ჩოგბურთში, სადაც 24 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავეს.

ლინდას თქმით, მას შემდეგ, რაც სტუდენტი გახდა, შედარებით ნაკლები დრო რჩება მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ: „როცა თავისუფალი დრო მაქვს, აუცილებლად ვთამაშობ უნივერსიტეტში და ხანდახან ბათუმში სპორტის სასახლეშიც დავდივარ სავარჯიშოდ“.

ახალგაზრდა სპორტსმენის დაკვირვებით, ბსუ-ში ძალიან ბევრ ახალგაზრდას აინტერესებს მაგიდის ჩოგბურთი, რადგან დარბაზი ყოველთვის სავსე ხვდება. მას უნდა, რომ უნივერსიტეტში გაუმჯობესდეს მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო დარბაზის ინფრასტრუქტურა:

„რადგან ახლა ხარისხიანი არ არის და ბავშვები ვერ ახერხებენ თამაშს. მე ჩემი ჩოგანი მაქვს. ჩემი ჩოგნით ვთამაშობ, მაგრამ სხვები ვერ ახერხებენ, რაც ძალიან ცუდია. იქნებ მოხერხდეს ამისთვის თანხის გამოყოფა, რომ გაუმჯობესდეს [მდგომარეობა]. ძალიან კარგი იქნებოდა კიდევ ერთი სათამაშო მაგიდის დამატება. ახლა მხოლოდ ერთი მაგიდა დგას. თამაშის მსურველი სტუდენტები კი ბევრნი ვართ. შესაბამისად, სულ რიგია და ხანდახან სტუდენტები საერთოდ ვერ ახერხებენ თამაშს.

თუ სივრცეს გაზრდიან, მაგიდას, ჩოგნებს დაამატებენ და რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანი ბურთები თუ გვექნება, სტუდენტები ნორმალურად თამაშს შევძლებთ,“ –  გვითხრა ლინდამ.

როგორც ლინდა გვიყვება, მაგიდის ჩოგბურთში ბოლოს მიღწეული წარმატების შემდეგ მაშინვე თავის პირველ მასწავლებელს, იოსებ მახაჭაძეს დაურეკა სოფელში:

„აბა, სხვა რას უნდა მოველოდე ჩემი გოგოსგან“ –  ზუსტად ასე მითხრა. ახლა დაგეგმილი გვაქვს, რომ ვაიოს ახალგაზრდებს შევხვდე და გავუზიარო ჩემი ამბავი, როგორ მოვდივარ 2012 წლიდან დღემდე [მაგიდის ჩოგბურთში]“- ამბობს ლინდა.

ლინდას უნდა, რომ ისევ იაქტიუროს სპორტის ამ სახეობაში და ზაფხულში, სწავლის დასრულების შემდეგ, ბათუმის სპორტის სასახლეში აქტიურ ვარჯიშს გეგმავს.

„ბათუმელები“ სოფელ ვაიოში მაგიდის ჩოგბურთის მწვრთნელს, იოსებ მახაჭაძესაც ესაუბრა. მან გვითხრა, რომ მაგიდის ჩოგბურთში ახლა 14 მოსწავლე ჰყავს სოფელ ვაიოში და ახალი თაობაც ძალიან პერსპექტიულია ამ სპორტში. ვაიოელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს2021-2022 წლებშიც  აჭარის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში და ახლა წყალტუბოს პირველობისთვის ემზადებიან, რომელიც 2-3 დეკემბერს გაიმართება.

რა შემთხვევაში მიიღებს ძალადობის მსხვერპლი ქალი 10 ათას ლარს – ახალი დადგენილება

„თუ დანაშაულის ჩამდენი პირისგან შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში,“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებაში, რომელიც 2022 წლის პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში.

ამ დადგენილებით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია 10 ათასამდე ლარი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. მსხვერპლი კომპენსაციას მას შემდეგ მიიღებს, როცა ჯერ სამოქალაქო წესით ძალადობისთვის მსჯავრდებულ კაცს ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვენ.

ეს წესი ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე. ჯანმრთელობის დაზიანებად განიხილება ფსიქიკური ტანჯვით მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანიც.

რა პერიოდში შეიძლება მოითხოვოს ქალმა სახელმწიფოსგან კომპენსაცია, თუ მოძალადე კაცი სასამართლოს მიერ დაკისრებულ ზიანს არ აანაზღაურებს?

„ზიანის ანაზღაურება შეუძლებლად ჩაითვლება, თუ კომპენსაციის მოთხოვნით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვის დროისთვის, მაგრამ არაუადრეს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 6 თვისა (მოცემული ვადის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება სააღსრულებო წარმოების შეჩერების პერიოდი), ვერ მოხდა ზიანის ანაზღაურება ასანაზღაურებელი თანხის არანაკლებ 40%-ით მაინც,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარით.

კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარს უარი უთხრეს 25 ათასის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა.

სააგენტოს ბულვარმა 2022 წლის 2 ნოემბერს მიმართა და ტენდერის გარეშე გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით მოითხოვა. ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძეა.

სააგენტომ ბულვარს 2022 წლის 4 ნოემბერს მოსთხოვა – დაეზუსტებინა წარმოდგენილი ინფორმაცია.

„ბულვარის ადმინისტრაციის დაზუსტება არასრულყოფილია და, შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მომართვაში დასმულ საკითხზე“, – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის განკარგულებაში.

ამავე განკარგულებაში ასევე აღნიშნულია: „განუხილველი დარჩეს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მომართვა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ.“

რას აპირებს ბულვარი?

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლაშა მიქელაძეს, 2022 წლის 2 ნოემბერს გამოცემული აქვს ბრძანება, რომლის მიხედვითაც:

  • ბულვარის ფინანსებისა და შესყიდვების სამსახურს დაევალა, შესყიდვის „გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება 25 000 ლარის ფარგლებში შეათანხმოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და უზრუნველყოს შესყიდვებისთვის აუცილებელი სხვა პროცედურების განხორციელება“;
  • იმავე სამსახურს ასევე დაევალა „ზემოაღნიშნული თანხმობის მიღების შემდგომ განახორციელოს ქანდაკება – „სიყვარული ძნელიას“ დამზადება-მონტაჟისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

გელა წულაძემ ბულვარს შესთავაზა ესკიზი ქანდაკების, რომელსაც ჰქვია „სიყვარული მძიმეა“; ბულვარის ადმინისტრაციაც შესყიდვების სააგენტოდან ითხოვდა თანხმობას ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ მონტაჟზე, გამარტივებული წესით;

ლაშა მიქელაძის ბრძანებაში კი, „სიყვარული“ ხან „ძნელია“, ხან „მძიმეა“:

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მიქელაძის, 2022 წლის 2 ნოემბერს გამოცემული ბრძანებიდან

საბოლოოდ, ბულვარისთვის „ძნელი“ აღმოჩნდა შესყიდვების სააგენტოდან მიეღო თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მიდის მსჯელობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა გზით წავლენ – კონკურსის თუ ტენდერის, ჯერ მიღებული არ არის.

„ესკიზს, რომელიც უკვე არსებობს, აქვს ექსკლუზიური საავტორო უფლება, ჩვენ სწორედ ამიტომ მივმართეთ პირდაპირ შესყიდვაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, [ქანდაკების] დადგმაზე ეს არ იყო საკმარისი. ახლა ვმსჯელობთ, წავალთ კონკურსის თუ ტენდერის კუთხით. ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ეს გადადის უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. ახლა თანხმობა რომ ყოფილიყო, ქანდაკების დადგმა წელს ესწრებოდა“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

 

[toggle title=„ბულვარის დაზუსტებული პასუხების სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

ბულვარის დაზუსტებული პასუხები

„გთხოვთ, ერთი სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოთ სისტემის SMP მოდულში გენერირებული კითხვარის მე-3, მე-4 და მე-6 ველებში წარმოდგენილი ინფორმაცია, კერძოდ, რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება და რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად, ასევე, რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე მომსახურების გაწევა.“ – მისწერეს ბულვარის ადმინისტრაციას შესყიდვების სააგენტოდან 2022 წლის 4 ნოემბერს.

აღნიშნული ველები ბულვარმა დააზუსტა [გთავაზობთ დაზუსტებულ პასუხებს კითხვარზე]:

3. რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

ბულვარის პასუხი: ქანდაკების ესკიზზე „სიყვარული მძიმეა“ ავტორის გელა წულაძის მიერ წარმოდგენილია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობა N8756. მოწმობის თანახმად განმცხადებელს წარმოადგენს გელა წულაძე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9-1 მუხლის (ნაწარმოების დეპონირება) თანახმად: – ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად /საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ასევე გელა წულაძის მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ, ერთი მხრივ, გელა წულაძე, ხოლო მეორე მხრივ შპს „ლიბერტე“, დირექტორი გელა წულაძე. ხელშეკრულების 1-ელი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის თანახმად: საქპატენტის დეპონირებით გაცემული მოწმობის N8756 მიხედვით მიღებული საავტორო უფლება ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“, ხელშეკრულების თანახმად, საავტორო უფლება გადაეცა შპს „ლიბერტეს“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობით N8756 დგინდება, რომ „სიყვარული მძიმეა“ – ქანდაკების ესკიზზე ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნია გელა წულაძეს, რომელმაც აღნიშნული უფლება ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შპს „ლიბერტეს“.

4. რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

ბულვარის პასუხი: ახალი ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“ წარმოადგენს ერთგვარ გაგრძელებას ბათუმის ბულვარში განთვასებული მოქანდაკე გელა წულაძის „სიყვარულის სერიად“ წოდებული რამდენიმე თანამედროვე სკულპტურისა, როგორიცაა „ვარიაცია სიყვარულზე 1“; „ვარიაცია სიყვარულზე 2“; „ვარიაცია სიყვარულზე 3“; „ყირამალა“, რომლებიც ბულვარის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათადაა ქცეული უკვე ათწლეულზე მეტია, უფრო მეტიც, ისინი არა მარტო ბულვარის, მთლიანად ბათუმის სიმბოლოებად იქცნენ და ხშირად გვხდებიან სხვადასხვა ტურისტული გზამკვლევისა და რუკის გარეკანზე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გვეთანამშრომლა იმავე ავტორისგან შექმნილი ახალი ქანდაკების „სიყვარული მძიმეას“ შესყიდვაზე, რაც მოგვცემს საშუალებას, ბათუმის ბულვარში გელა წულაძის ავტორობით უკვე არსებული ქანდაკებების ანსამბლი კიდევ უფრო გამდიდრდეს და შეიქმნას ახალი მიმზიდველი ატრაქცია.

ვინაიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობით N8756 დადგინდა, რომ გელა წულაძე წარმოადგენს „სიყვარული მძიმეას“ ქანდაკების ესკიზის ავტორს, ხოლო წარმოდგენილი ხელშეკრულებით გელა წულაძემ საქპატენტის დეპონირებით გაცემული მოწმობის N8756 საფუძველზე საავტორო უფლება ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“, ორმხრივად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შპს ლიბერტეს, რომლის დირექტორი თავად „სიყვარული მძიმეას“ ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძეა. ქანდაკება „სიყვარული მძიმეა“ წარმოადგენს ავტორის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და მხოლოდ მას გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება, განახორციელოს ახალი ქანდაკების ესკიზის მიხედვით შესაბამისი მოწყობის სამუშაოები. ასევე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებს წარმოადგენს: სკულპტურის, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და მსგავსი ნაწარმოები. კანონი განსაზღვრავს ნაწარმოების ავტორის პირად არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტით ანიჭებს ავტორს ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ქანდაკების ესკიზის ავტორი და შესაბამისად ექსკლუზიური პირი, მიიჩნევს, რომ ქანდაკება, უნდა შესრულდეს და მოეწყოს პირადად მის მიერ და ამ მოსაზრებას ასაბუთებს იმით, რომ ესკიზი წარმოადგენს მის ნამუშევარს და ინტელექტუალურ საკუთრებას, ამიტომაც სხვა პირის მიერ ქანდაკების მოწყობა ვერ იქნება მართებული.

6. აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

ბულვარის პასუხი:  არა

* [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

ბულვარის პასუხი:“სიყვარული მძიმეა”-ს ქანდაკების ესკიზის მიხედვით ქანდაკების დამზადების შესრულების ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9-1 მუხლის (ნაწარმოების დეპონირება) შესაბამისად ფლობს ქანდაკების ავტორი – გელა წულაძე, რომელმაც შპს “ლიბერტე”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აღნიშნული უფლებამოსილება გადასცა შპს “ლიბერტე”-ს, რომლის დირექტორსაც წარმოადგენს “სიყვარული მძიმეა”-ს ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძე, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს, როგორც ახალი ქანდაკება “სიყვარული მძიმეა” ესკიზის შექმნა ასევე მისი მოწყობის სამუშაოს განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

* [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

ბულვარის პასუხი: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების მოწმობის N8756 მიხედვით და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავდროულად, სხვა პირის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტი ვერ იქნება იმ საავტორო ქანდაკებების გაგრძელება (ე.წ. „სიყვარულის სერიის“ ქანდაკებები) რომლებიც ბულვარში არსებობენ უკვე ათწლეულზე მეტია, არ დაუკარგავთ აქტუალურობა და დღემდე აღფრთოვანებაში მოყავთ ბაღის ვიზიტორები. რაც შეეხება ქანდაკების სამუშაოების შესრულებას, რადგანაც ქანდაკების ესკიზი წარმოადგენს ავტორის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, რომლითაც ავტორი გადმოსცემს თავის სუბიექტურ ხედვას შესაბამისად, სხვა პირის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურება აცდენილი იქნება ქანდაკების საავტორო ხასიათთან.

დაზუსტების შემდეგ:

„სააგენტო განმარტავს, რომ წარმოდგენილი დაზუსტებით კვლავ გაურკვეველია სამუშაოების განხორციელებაზე რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება და რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად.

ამასთან, ვერ დგინდება რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე სამუშაოების შესრულება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული დაზუსტება არასრულყოფილია და შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მომართვაში დასმულ საკითხზე.“ – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 8 ნოემბრის განკარგულებაში.

წყარო: შესყიდვების პორტალი

[/toggle]

მთავარი ფოტო: „სიყვარული მძიმეა“ / ფოტომონტაჟი / გელა წულაძის ესკიზიდან

 

გელა წულაძის მიერ ბულვარის ადმინისტრაციაში გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკულპტურის დადგმა სასურველია „ბულვარის შიდა ხეივანში, კერძოდ, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე ერთ-ერთ მწვანე სივრცეში“.

ამ თემაზე:

რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ნოემბრის 21 საათიდან 12 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

13-14 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ნოემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 79 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
  • ტანკი – 2 814 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 5 696 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 1 817 ერთეული [+12]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 505 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 259 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 159 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 174 ვერტმფრენი
  • 2 486 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 511 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 885 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 569 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 166 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი ომში ადამიანურ დანაკარგებზე: უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინა ხერსონში დიდ გამარჯვებას უახლოვდება – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

20-ზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა! – უკრაინის გმირი

რუსეთი სარაკეტო თავდასხმებით უკრაინელთა გატეხას ცდილობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების მიზანი მოსახლეობის მებრძოლი სულის გატეხაა.

„10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების მთელი სერია განახორციელა. დღეისთვის, ამ თავდასხმებმა ტალღისებრი ხასიათი მიიღო,“ – წერს უწყება 11 ნოემბრის რელიზში და აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს, უკანასკნელი ყველაზე მასშტაბური შეტევისას, რუსეთმა პირველად ამოიღო მიზანში ჰიდროელექტროსადგურები.

„თავდასხმებმა სერიოზულად დააზიანა გადამცემი ხაზები და ელექტროსადგურები. დენის დაგეგმილი თუ მოულოდნელი გათიშვები უკრაინის ქალაქებში, განსაკუთრებით კი კიევში, ყოველდღიურ ამბად იქცა,“ – დაზვერვა მიუთითებს, რომ ქსელის დაზიანება ავტომატურად იწვევს წყლისა და გათბობის პრობლემებს, რაც ზამთრის პირობებში განსაკუთრებით მძიმედ დააწვება უკრაინის მოსახლეობას.

უწყების შეფასებით, რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგოქსელებსა და სადგურებზე სრულიად დისპროპორციული ზომაა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მას მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს:

„რუსეთი უპირატესობას ანიჭებს არა სამხედრო, არამედ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ სამიზნეებზე დარტყმას. ეს ცხადად მიუთითებს, რომ ამით ის უკრაინის მოსახლეობის საბრძოლო სულის გატეხას ცდილობს“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება დაზვერვა ხერსონიდან ჯარების გაყვანის შესახებ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფასებდა. უწყების აზრით, ხერსონის დასავლეთი ნაწილის„დაკარგვა“ რუსეთს ძალიან შეუშლის ხელს თავისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში – შექმნას სახმელეთო ხიდი ოდესამდე.

ხერსონის აღებით უკრაინა ყირიმისკენ მიმავალ გზებზე საცეცხლე კონტროლს მოიპოვებს – FT

ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიისა და შორსმოქმედი შეიარაღებისთვის მისაწვდომი გახდება ყირიმისკენ მიმავალი „სახმელეთო ხიდის“ სამი საკვანძო გზა, რომლებზეც რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტები გადის.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Financial Times-ის სტატიაშია საუბარი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ასევე მოხვდება რუსეთის ლოგისტიკური ობიექტები და საბრძოლო მასალების საწყობები. ისინი აღმოჩნდება იმ მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემების მიღწევის ზონაში, რომლებსაც უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან იღებს.

გამოცემა კონკრეტულად არ ასახელებს, რომელ გზებზეა ლაპარაკი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის, სერგეი კუზანის თქმით, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო სამხედრო თვალსაზრისით მართლაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.

„ის საცეცხლე კონტროლის საშუალებას გვაძლევს ყირიმიდან მომავალ გზებზე, რომლებსაც მომარაგების ხაზებად იყენებენ რუსები. ეს იქნება უდიდეს დარტყმა რუსეთის ძალებზე,“ – ამბობს კუზანი.

FT-ი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის ყირიმთან სიახლოვემ შესაძლოა იძულებული გახადოს რუსეთი, უფრო მეტი ძალა გადაისროლოს სამხრეთში ოკუპირებული ნახევარკუნძულის მისადგომების დასაცავად.

გუშინ მოსკოვმა ოფიციალურად გამოაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. სერგეი შოიგუმ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილიდან, მათ შორის, ქალაქ ხერსონიდან, რუსეთის არმიის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის ბრძანება გასცა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სატელევიზიო განცხადებებს არ ენდობა და ხერსონში დაწყებულ კონტრშეტევის ოპერაციას თავისი გეგმით, დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე განაგრძობს.

9 პირი დააკავეს და 37 პასუხისგებაში მისცეს უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციისთვის 1 თვეში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოქალაქე, რომლის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა ჯამში 65 780 ლარის ღირებულების 14 950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 25 380 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 34 ფაქტი, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 37 პირი, რომელთაგანაც 9 დაკავებულ იქნა.

უკრაინა ხერსონში დიდ გამარჯვებას უახლოვდება – ISW

ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია და ახლა ხერსონში უკრაინა უახლოვდება უდიდეს გამარჯვებას, რომელიც უკანასკნელი არ იქნება – ასე აფასებს ბოლო 24 საათში ოლქში შექმნილ ვითარებას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

როგორც დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, უკრაინელი სამხედრო პირები და სატელიტური კადრები სოციალური მედიიდან ადასტურებენ, რომ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ჯარებმა ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმატებას მიაღწიეს და ზოგიერთ რაიონში 7 კილომეტრით წაიწიეს წინ.

„რუსები ჯერჯერობით შედარებით ორგანიზებულად გადიან, უკრაინის ჯარები კი მოსალოდნელ წარმატებას აღწევენ რუსეთის არმიასთან ხარკოვის მსგავსი შეტაკების გარეშე“, – აღნიშნავს ISW.

ექსპერტები კიდევ ერთხელ მიუთითებენ, რომ უკრაინელების მიერ აგვისტოს ბოლოდან დაწყებულმა დარტყმებმა ეფექტიანად გაანადგურა რუსეთის მომარაგების ქსელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, რამაც აიძულა რუსეთის არმია, უკან დაეხია და შესაძლებელი გამხდარიყო ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლება.

„რუსეთის ძალების გაყვანა გარკვეულ დროს მოითხოვს, ბრძოლები სავარაუდოდ მთელ ხერსონის ოლქში გაგრძელდება, რადგან უკრაინის არმია მიიწევს წინ და გზადაგზა ხვდება წინასწარ მომზადებულ რუსულ თავდაცვით პოზიციებს, განსაკუთრებით ქალაქ ხერსონის გარშემო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ISW -ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • ISW-ის შეფასებით, ზოგიერთი პროგნოზის მიუხედავად, უკრაინაში ბრძოლები ზამთრის გამო არ შეჩერდება;
  • უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ შეანელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას;
  • უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე;
  • რუსეთის ძალებმა შეტევები განახორციელეს ბახმუტთან, ავდეევკასთან და დასავლეთ დონეცკის მიდამოებში;
  • რუსეთის ძალებმა დაიწყეს თავდაცვითი ფორტიფიკაციის მეორე ხაზის მშენებლობა უკრაინის სამხრეთსა და ყირიმში.

ისტორიული სახლი, რომლის გადასარჩენადაც მერიამ ფული დახარჯა და ახლა ლპება

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიულ სახლს, რომლის ნაწილიც 9 წლის წინ დაიწვა, ისევ აწვიმს. არა და სახლის ნაწილი მერიამ სწორედ გადარჩენის მიზნით გამოისყიდა კერძო პირებისგან. ბათუმში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც  ისტორიული სახლი თუ ძეგლიც კი, უსახურავობის გამო „გახდა არამდგრადი“ და შემდეგ ის დაანგრიეს. ნანგრევებზე კი მაღლივი კორპუსები ააშენეს.

მშენებელი კომპანიები, რომლებიც მომავალში მშენებლობის მიზნით კვარტალურ გეგმებს ამუშავებენ, შესაბამის კვლევებს უკვეთენ სპეციალისტებს, რომ შემდეგ ის მერიას წარუდგინონ. კვარტალური განაშენიანების გეგმა მოიცავს კვარტლის განაშენიანების საერთო ხედვას, არსებულის ანალიზს და საექსპერტო კვლევას რამდენიმე მიმართულებით.

ასეთ კვლევებში ხშირად ვხდებით სპეციალისტების დასკვნებს კონკრეტულ შენობებთან დაკავშირებით, რამდენად მდგრადია მათი კონსტრუქციული ნაწილი და ექვემდებარება თუ არა აღდგენას. უარყოფითი დასკვნების შემთხვევაში ხშირად გვხვდება ექსპერტების განმარტება, რომ შენობას მოუვლელობა, განსაკუთრებით კი წლების განმავლობაში უსახურავოდ დატოვება აზიანებს. როცა შენობაში წვიმს – ეს მას გადარჩენის შანსს არ უტოვებს.

კანონი ითვალისწინებს მესაკუთრისთვის დაჯარიმებასაც კი, თუ ასეთ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მასზე სათანადო მოპყრობა მესაკუთრეს კანონით ევალება, კონტროლი კი შესაბამისი სახელმწიფო უწყების მოვალეობაა. 

სტატუსის მქონე შენობის გასხვისებისას სახელმწიფო ვალდებულია შემძენს ცალკე გაუფორმოს ხელშეკრულება, სადაც დეტალურად გაიწერება ძეგლის მოვლა-პატრონობის პირობები. თუმცა, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ფორმალურ ხასიათს ატარებს და თავად სახელმწიფო უწყებები ძეგლების დაცვით დიდად არ იწუხებენ თავს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძეგლი კერძო საკუთრებაში არ არის და სწორედ სახელმწიფო უწყების ბალანსზეა. გაცილებით უარესადაა საქმე ისტორიული სახლების შემთხვევაში, როცა მათ მხოლოდ ძეგლის ზონა იცავს და არა სტატუსი.

სწორედ მსგავს შენობებს შორისაა გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი, რომლის მეორე სართულიც ბათუმის მერიამ  გამოისყიდა. ყოფილი მერი ლაშა კომახიძე თავის დროზე აცხადებდა, რომ მერიაში ეს გადაწყვეტილება შენობის გადარჩენის მიზნით მიიღეს.

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიულ სახლში ისევ წვიმს. მერიის დაპირება, რომ ამ სახლს გადაარჩენდა დაპირებად დარჩა. ეს ერთ-ერთია მერიის პროექტებიდან, რომელიც ვერ შესრულდა.

თუმცა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა და შენობის ინტერიერს წვიმა ასველებს, პირველი სართული კი, რომელიც ისევ კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით, შედარებით მოვლილია.

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია, ორსართულიანია – ძველი ბათუმის განაშენიანების ნაწილია. მის ირგვლივ სახლებს შენარჩუნებული აქვთ ძველი სიმაღლეები, ქუჩას კი – ძველი იერ-სახე. ამ სახლს დაახლოებით ცხრა წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და შიდა ნაწილი დაიწვა, რის შემდეგაც მესაკუთრეებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს.

ბათუმის მერია სახლის ცხრავე მესაკუთრეს შეუთანხმდა: ისინი მერიის საბინაო ფონდის ბინებით დააკმაყოფილეს, საკუთარი ფართობების დათმობის სანაცვლოდ.

გამსახურდიას #11

2018 წელს საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერდა, რომ მერია სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებდა, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერ-სახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნებოდა. როგორც ჩანს, მერიამ დაინტერესებული ინვესტორი ვერ იპოვა და მის გადარჩენაზე თავადაც არ იზრუნა.

ასე გამოიყურება გამსახურდიას #11 ახლა

მსგავსი სახლის ფოტო, რომელიც ნიუ ორლეანშია გადაღებული, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ბაჩუკი ჩხეიძემ გამოაქვეყნა წარწერით: „ზუსტად ასეთი შენობა გვაქვს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, რომელიც შეგნებულად ნადგურდება.“

მსგავსი სახლი ნიუ ორლეანში

ბაჩუკი ჩხეიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ძეგლებს იცავს და მთავრობისა და მერიის პოლიტიკას აკრიტიკებს, ის საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობს. მის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერენ, რომ მათთვის სამწუხაროა, რომ ქალაქმა ძველი იერ-სახე და ისტორიული განაშენიანება ვერც ერთ ნაწილში სრულად ვერ შეინარჩუნა.

„2 ბავშვი მყავს, უკვე გათბობაა საჭირო“ – სოციალურად დაუცველები ბათუმში შეშას ითხოვენ

„მერიაში მითხრეს, თუ გვექნება, მოგცემთო. თუ-ზე დაიტოვება შეშის ამბავი?!“ – კითხულობს ბათუმში მცხოვრები თამარ არძენაძე. ის სოციალურად დაუცველია და ბათუმის მერიისგან უფასოდ ერგება შეშა.

„რამდენი ხნის წინ დავწერე განცხადება, მივაკითხე კიდეც და მითხრეს, ამ ეტაპზე არ გვაქვს შეშაო. პატარები მყავს ბავშვები, ორი ბავშვი მყავს, უკვე სიცივეებია და საჭიროა გათბობა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამარ არძენაძემ.

სოციალურად დაუცველი ლელა გოგიტიძის თქმით კი, ბათუმის მერიას შეშით მომარაგებაზე წერილობით 18 ოქტომბერს მიმართა.

„შარშან, მაგალითად, არ მოგვცეს საერთოდ, უშეშოდ დავრჩით.

ერთი მანქანა შეშა 600 – 700 ლარი ღირს. გასულ წელს ჩემით ვიშრომე და ისე მოვიტანე. წელს ისევ ვერ გვეუბნებიან პასუხს,“ – ამბობს ზაზა კიკნაძე, ლელა გოგიტიძის მეუღლე.

„ზამთრის სეზონის დაწყებამდე თითოეულ ოჯახს ეტაპობრივად გადაეცემა 2 კბმ შეშა,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესცენტრში.

შეშით მომარაგების პრობლემის მიუხედავად, ბათუმის მერიაში არ ადასტურებენ, რომ შეშა არ აქვთ. აქ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ყველაზე დაბალი ქულების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს უკვე მიაწოდეს შეშა.

20-ზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა! – უკრაინის გმირი

სამხედრო მფრინავი, ევგენი სოლოვიოვი უკრაინის ცოცხალი გმირია. გმირის წოდება მფრინავს უკრაინის პრეზიდენტმა 14 ოქტომბერს მიანიჭა ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის.

სოლოვიოვმა ოკუპანტებისგან მიტაცებული ტერიტორიის 100 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია ვერტმფრენით, მარიუპოლელებისთვის მედიკამენტები, საბრძოლო მასალები რომ მიეწოდებინა. იქიდან კი დაჭრილები უსაფრთხოდ გამოიყვანა.

ამ დავალებების შესასრულებლად ოკუპირებულ მარიუპოლში შეღწევის მისი პირველი მცდელობა კრახით დასრულდა: ვერტმფრენს ოკუპანტებმა საბრძოლო რაკეტა ესროლეს, ვერტმფრენის ძრავა გაითიშა, მაგრამ არ აფეთქებულა. ევგენი გადარჩა.

სოლოვიოვს საბრძოლო მისიის ასობით ფრენა აქვს შესრულებული, მათ შორის ოკუპირებულ მარიუპოლსა და კუნძულ ზმეინზე.

უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი უკრაინის ცოცხალი გმირის მონათხრობს აქვეყნებს:

  • ევგენი სოლოვიოვი, უკრაინის გმირი
„დეიდებმა, მეზობლებმა, ნათლიებმა ფაქტობრივად მტრის გადაადგილების და მოძრაობის ინტერაქტიული რუკა შექმნეს ინტერნეტით“

 

ყველაფერს ვისროდით, რისი სროლაც კი შესაძლებელი იყო. ომის პირველი რამდენიმე კვირა ისე ვიბრძოდით, როგორც არავინ. ომის ტაქტიკის ყველა წესი დავარღვიეთ.

24 თებერვალს, ღამით, როცა რუსები შემოიჭრნენ, ხერსონის ოლქში გაგვიშვეს. პირველ რიგში საბრძოლო ტექნიკა უნდა დაგვეცვა განადგურებისგან. არცერთი ჩვენი ვერტმფრენი, რომელიც საბრძოლო დავალებებს ასრულებდა, არ დაზიანებულა ტექნიკის გადატანისას.

მერე ჩვენმა ვერტმფრენებმა სახმელეთო ჯარების საჰაერო მხარდაჭერის ამოცანების შესრულება დაიწყეს.

წარმოუდგენლად გაერთიანდა ხალხი, ადგილობრივები, ხერსონელები ვიყავით ყველანი. დეიდებმა, მეზობლებმა, ნათლიებმა ფაქტობრივად მტრის გადაადგილების და მოძრაობის ინტერაქტიული რუკა შექმნეს ინტერნეტით! ასე იყო ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირველივე წუთიდან. ყველა გვწერდა და გვირეკავდა. ჩვენ ვიღებდით მნიშვნელოვანი ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს მუდმივად, ვინ მოვიდა, ვინ საით წავიდა. ვამუშავებდით ამ ინფორმაციას და შესაბამის დანაყოფებს გადავცემდით.

მაგალითად, მტრის ტანკების დიდი კოლონა რომ ნიკოლაევისკენ წავიდა მისი სოფლის გავლით, მამიდამ მაცნობა. ამის შემდეგ გავფრინდით მათ „მოსაძებნად“.

ჩვენ კარგად ვიცოდით ხერსონის ოლქის ყველა გზა, რა თქმა უნდა, დაზვერვისგანაც ვიღებდით ცნობებს, მაგრამ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ხალხისგან მოდიოდა.

პირველ კვირებში ხერსონის ოლქში მტერს დიდი დანაკარგი ჰქონდა – ათობით ტექნიკა და ოკუპანტების ასობით ცოცხალი ძალა.

 

„როგორ ფიქრობ, რამდენის სიცოცხლე ღირს შენს ერთ სიცოცხლედ?“

 

მარიუპოლში ფრენა, ნიშნავდა მტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 100 კილომეტრის სიღრმეში შეღწევას და ხალხისთვის დახმარების მიწოდებას. ეს, უბრალოდ, რთული არ ყოფილა. ეს ძალიან რთული იყო.

ფრენებს მარიუპოლში არმიის ავიაციის მეთაური ასრულებდა თავიდან. როცა პირველად მომცეს ეს დავალება, მივხვდი, რომ დავთანხმებოდი ძალიან მამაცი უნდა ვყოფილიყავი ან ძალიან სულელი. პირდაპირ ვთქვი გულწრფელად, რომ არც ასეთი მამაცი ვიყავი და არც ასეთი სულელი, რაზეც მეთაურმა მკითხა:

„როგორ ფიქრობ, რამდენის სიცოცხლე ღირს შენს ერთ სიცოცხლედ, როგორ აფასებ?“. როცა საკუთარ თავს იგივე ვკითხე ყველაფერს მივხვდი, ღირდა რისკის გაწევა.

ამის შემდეგ ორჯერ გავფრინდი მარიუპოლში. ქალაქში შეღწევის პირველი მცდელობისას რაკეტა გვესროლეს და მოგვარტყეს. რაკეტა ძრავს მოხვდა, მაგრამ არ აფეთქდა. ძრავი გაჩერდა, შემობრუნება მოვახერხე. რაკეტა რომ აფეთქებულიყო, ადგილზე დავიწვებოდი.

 

„ოცზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა!

 

მეორედ უკვე შევაღწიეთ ბლოკირებულ მარიუპოლში და ხალხს მედიკამენტები, საბრძოლო მასალა მივაწოდეთ, გამოვიყვანეთ დაჭრილები, მაგრამ ჩვენი ოთხი ვერტმფრენიდან სამი დაბრუნდა, ერთი ვეღარ…

დღემდე მაქვს კავშირი ადამიანებთან, ვინც მარიუპოლიდან გავიყვანე, მიმოწერა გვაქვს სოციალურ ქსელებში, სულ მადლობას მიხდიან. ოცზე მეტი დაჭრილის გამოყვანა მოვახერხე. ღირდა თუ არა რისკის გაწევა? ღირდა!

არავისთვის მითქვამს, რომ მარიუპოლში ვაპირებდი გაფრენას, კონფიდენციალურობა მკაცრად იყო დაცული.

როცა გავფრინდი თან წავიყვანე ახალგაზრდა ბიჭებიც, მათთვის ეს პირველი ნაბიჯები იყო. ისინი ჯოჯოხეთში მიფრინავდნენ საკუთარი ნებით მარიუპოლის დასაცავად.

მარიუპოლიდან დაბრუნების შემდეგ, ერთ კვირაში კუნძულ ზმეინზე გაფრენის დავალება მივიღე. „რატომ ისევ მე?“ – თავში ეს სულ აზრი მიტრიალებდა. სახიფათო თავგადასავალს ჰგავდა ყველაფერი. ჩვენ იქ ერთი დანაყოფი ხომ უკვე დაკარგული გვყავდა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი იყო კუნძული ზმეინი.

არაერთხელ ყოფილა სიტუაცია, როცა არ მესმოდა კონკრეტული ამოცანის მნიშვნელობა, მაგრამ როცა დრო მოვიდა და საერთო სურათი დავინახე, ყველაფერი დალაგდა.

ევგენი სოლოვიოვი, უკრაინის გმირი

წარმოუდგენლად ერთიანია მფრინავების დანაყოფი. ჩვენ ყველა ერთად ვგეგმავთ ოპერაციებს, ერთად ვიძინებთ, ერთად ვჭამთ, ვბრუნდებით დავალებებიდან, ერთად ვხარობთ პატარა და დიდი გამარჯვებებით, ერთად ვწუხვართ, როცა ვინმეს ვკარგავთ. ხშირად ჩვენი ცხოვრება ერთმანეთზეა დამოკიდებული…

ბევრმა საზღვარგარეთ მომუშავე უკრაინელმა მფრინავმა დაარღვია ათიათასობით ღირებულების უცხოური კონტრაქტი, დაბრუნდნენ უკრაინის დასაცავად, მაგალითად, 60 წლის პაველ მუდრმა. პილოტისთვის ეს საკმაოდ დიდი ასაკია, მას ხუთი ათას საათზე მეტი ხნით ფრენის გამოცდილება აქვს.

 

„რაზე ვოცნებობ გამარჯვების შემდეგ? ცოლ-შვილთან ერთად დაძინებაზე, ჩემს კატასთან ჩახუტებაზე, ისევ სახლში ყოფნაზე“

 

ვერტმფრენებს, განსაკუთრებით პირველ კვირებში უწევდათ სწრაფად გადაადგილება, ხშირად ვიცვლიდით ადგილს, ამ ხნის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ მშიერი. ყველგან ჩვენი ხალხი გვხვდებოდა. ხალხი სანგრის გათხრას გვთავაზობდა, ვპასუხობდით, რომ ვერტმფრენებით ვიყავით და სანგრები არ გვჭირდებოდა. გვეუბნებოდნენ: გვითხარით, რაში დაგეხმაროთ, რაში გამოგადგებითო. საიდანღაც ბებოები მოდიოდნენ პელმენებით, ჭამეთო.

უყურებ ამ ხალხს და ძალა გეძლევა, სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ, ისეთი.

ცნობიერებას საზოგადოება აყალიბებს. როცა გარშემო ყველა თავის საქმეს აკეთებს, უკვე მშვენივრად გესმის, რატომ რისკავ სიცოცხლეს, გესმის რა და როგორ უნდა გააკეთო. 24 თებერვლამდე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ უკრაინელები ასე გაერთიანებულები და ასეთი პატრიოტები არიან!“.

სამხედრო ოჯახიდან ვარ. ბაბუაც მფრინავი იყო, ავღანეთში იბრძოდა, მამა კი საავიაციო ტექნიკის ინჟინერი. ბიძაც ბორტინჟინერია. სამწუხაროდ, მამა და ბაბუა აღარ არიან ცოცხლები. მათი დამსახურებაა მფრინავი რომ გავხდი, მინდა მჯეროდეს, რომ ჩემით იამაყებდნენ.

რაზე ვოცნებობ გამარჯვების შემდეგ? ცოლ-შვილთან ერთად დაძინებაზე, ჩვენს კატასთან ჩახუტებაზე, ისევ სახლში ყოფნაზე.


წყარო: Armyinform

ფოტოები: უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ის გვერდიდან

სამი ფოტო 1905 წლის ბათუმიდან | ფოტოამბავი

ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტოარქივში 3 ფოტო იძებნება, რომელიც 1905 წლით არის დათარიღებული. ორი ფოტო ბათუმის ბაზარშია გადაღებული, ერთ ფოტოზე კი ცნობილი მწერალი, დავით კლდიაშვილია გამოსახული ოფიცრების ჯგუფთან ერთად.

ფოტოზე „თურქული ბაზარია“, რომელიც დღევანდელი ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარეობდა, მოედანზე. ფოტოები ერთი და იმავე ადგილზეა გადაღებული, ჩანს ფეხსაცმლის მწმენდავები, სავარაუდოდ, გამყიდველი – თეთრი წინსაფრით, ფოტოატელიეს აბრა, კაცები და ბავშვები.

ბათუმის ბაზარი. 1905 წელი. ფოტო: ივერიელი
ბათუმის ბაზარი. 1905 წელი. ფოტო: ივერიელი

ამ ფოტოზე კი დავით კლდიაშვილს ხედავთ [ზედა რიგში მარცხნიდან მეორე] ოფიცრებთან ერთად. ცნობილი მწერალი იმ ხანად ბათუმში მსახურობდა.

დავით კლდიაშვილი ოფიცრებთან ერთად ბათუმში

1905 წლის ნოემბერში, ზუსტად 117 წლის წინ ბათუმში ერთი დრამატული ამბავი მოხდა. იმ წლის 28 ნოემბერს თურქულ ბაზარში ქუჩაში ვიღაცას ერთი კაზაკისთვის თოფი წაურთმევია, მოკლე ხანში კი კაზაკების რაზმი ბაზარში შეიჭრა, დახლებს დაერივნენ და მოვაჭრეების ხიშტებით ჩეხვა დაიწყეს. 11 ადამიანი დაიღუპა მაშინ. ბათუმში იმავე საღამოს მიტინგი გაიმართა, რომლის მოთხოვნაც იყო, სასწრაფოდ გაეყვანათ კაზაკები ბათუმიდან. აქციები, დაპირისპირება და სროლა ბათუმში მაშინ სამ დღეს გაგრძელდა, გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობაც, თუმცა კაზაკები ქალაქიდან არ გაუყვანიათ.

ამ ამბის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემულ წიგნში „ბათომი“, რომლის ავტორი შოთა გუჯაბიძეა.

ხომ არ გაუარესდება კლინიკებში მომსახურების ხარისხი? – დაფინანსების ახალი წესი

საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი – DRG მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ მოდელით ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ერთსა და იმავე სერვისზე ყველა კლინიკაში ერთი და იგივე ფასი იქნება. შესაბამისად, პაციენტები თანაგადახდის პროცენტს თანაბარი პრინციპით გადაიხდიან.

DRG-ი შეეხება მხოლოდ ჰოსპიტალურ მომსახურებას, ამბულატორიულ პირობებში ის არ მოქმედებს. ვახტანგ კალოიანი, ექიმი და პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში DRG მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს – DRG-ის უშუალოდ პროგრამაში/სოფტში არასათანადო მომზადება და სამართლიანი ფასის შესახებ სამინისტროს მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება. „ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც, იმედია, დიდ პრობლემას არ შექმნის და ამ საკმაოდ კარგი მეთოდის კომპრომეტირებას არ მოახდენს“, – ამბობს ის.

DRG-ი სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე (ხელოვნურ ინტელექტზე) დაყრდნობით აჯგუფებს დიაგნოზებს და მასთან დაკავშირებულ ჩარევებს მსგავსების მიხედვით, ანუ თუ ერთსა და იმავე დიაგნოზს სჭირდება მსგავსი ინტერვენციები და ერთნაირი რესურსი იხარჯება ამისთვის, ეს მოხდება DRG-ის ერთ ჯგუფში და დადგინდება გარკვეული ფასი. აქედან გამომდინარე კლინიკებს აღარ აქვთ იმის ინტერესი, რომ გამოიყენონ ზედმეტი რესურსი. გრძელვადიან პერსპექტივაში DRG-ი იძლევა ჯანდაცვის რესურსის ეფექტური გამოყენების საშუალებას და ეს უნდა მოხმარდეს ისევ პაციენტს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

  • ბატონო ვახტანგ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს საქართველოში გადახდის DRG მოდელის ამოქმედებას?

ზოგადად, DRG-ი არის ანაზღაურების წესი ჯანდაცვის სამინისტროს, ანუ თანხის გადამხდელსა და შემსრულებელს – იგივე საავადმყოფოს შორის და ის ძალიან პროგრესული ნაბიჯია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის იმ (ჩემი აზრით, არაეფექტური) დიზაინით დაწყება, რაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, DRG-ის გარეშე იყო დიდი შეცდომა, რაც გამოიხატება თანხის არაეფექტურ ხარჯვაში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება კარგია.

DRG-ს, ზოგადად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი ის აქვს, რომ ჰოსპიტლები დაინტერესებულნი არიან, რაც შეიძლება სწრაფად გაწერონ პაციენტი და მეორე: ძალიან იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი – ანუ აუცილებელი ხდება იმ პერსონალის დამატება, რომელიც კარგად ფლობს კოდების სისტემას, ე.წ. კოდინგის და ბილინგის სპეციალისტები, რომლებიც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად დასჭირდება ჰოსპიტლებს. ეს, თავისთავად, ზრდის არაპირდაპირ და ბიუროკრატიულ ხარჯებს. მოკლედ, დანერგვის ტექნოლოგიურად შესრულება არ არის მთლად გამართული.

მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია: წინა სისტემა იყო ტარიფებზე დაფუძნებული, ანუ კონკრეტული სერვისისთვის იყო კონკრეტული ტარიფი. ჩვენ დაახლოებით 10 000-მდე სხვადასხვა კოდი შეგვიგროვდა სისტემის ფარგლებში. არაერთგვაროვანი იყო ბაზარი. როდესაც პაციენტი მიდიოდა ერთ კლინიკაში, მაგალითად, ბრმანაწლავის ოპერაციისთვის, იქ შეიძლებოდა ფასი ყოფილიყო 1000 ლარი, როცა სხვა კლინიკაში ჩარევის ფასი იქნებოდა 2000 ლარი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იყო დადგენილი გარკვეული სატარიფო არეალი, როდესაც ვსაუბრობდით თანაგადახდაზე, ერთ შემთხვევაში თანაგადახდა 10% იქნებოდა 100 ლარი, სხვა შემთხვევაში თანაგადახდის 10% შეიძლება ყოფილიყო 500 ლარი, რაც ძალიან დამაბნეველია. ამ შემთხვევაში სისტემა ერთგვაროვანი ხდება. ყველა სერვისს თავისი ინტერვენციებისა და დიაგნოზის შესაბამისად აქვს თავისი ფასი.

რაც შეეხება საქართველოს თავისებურებას, პრობლემას ჩვენ ვხედავთ იმპლემენტაციაში, ანუ დანერგვის იმ წესში, რაც გადაწყვიტა სახელმწიფომ, მაგალითად, DRG-ის ფასებს, კოეფიციენტს, DRG-ის თითოეული დიაგნოზის წონას, ერთპიროვნულად წყვეტს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არ არის მიღებული პრაქტიკა.

როგორც წესი, DRG-ის კომისიაში არიან სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები – თავად ფულის გადამხდელი, ანუ სახელმწიფო თუ ფონდი (გააჩნია როგორი სისტემაა), ჰოსპიტლის წარმომადგენლები, ექიმთა ასოციაციების წარმომადგენლები და პაციენტის უფლებადამცველები, რომლებიც ყველა სადავო შემთხვევას, DRG-ში ფასების ცვლილებას და ა.შ. წყვეტენ მხოლოდ კონსენსუსის წესით.

პოლიტიკურად მოტივირებული თუ მხოლოდ ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები არ მიიღება არც სპონტანურად და არც ბიუროკრატიულ რეჟიმში. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია.

ყოველ სახელმწიფოს აქვს ინტერესი (ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს), რომ ნაკლები დახარჯოს. ეს ბუნებრივი ინტერესია, მაგრამ უნდა არსებობდეს ამისი სისტემური გამაწონასწორებელი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება პაციენტების, ექიმების და მათ შორის ჰოსპიტლის ინტერესები: ჰოსპიტლის გამართული მუშაობის გარეშე შეუძლებელია პაციენტმა მიიღოს შესაბამისი დახმარება.

სამართლიანი ფასი არის აბსოლუტურად პირობითი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ყოველთვის შეუძლია გადაწყვიტოს თავისი სურვილით, რას და როგორ აკეთებს. ამიტომაც ჩვენ ვთლით, რომ ეს საკმაოდ სახიფათო გადაწყვეტილებაა. და მეორე, უზარმაზარი ტექნიკური წუნი, თვითონ DRG-ის სოფტში/პროგრამაში მომზადება – იმპლემენტაცია ყველგან და ყოველთვის იჭერს 1 წელს, ჩვენთან ეს 2 თვედ არის განსაზღვრული. გვგონია, რომ ეს შეცდომაა და ძალიან ბევრ პრობლემას გამოიწვევს შემდეგ.

ასევე საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს ერთ ნაწილზე – სამინისტრო კი გვეუბნება, რომ პაციენტებს ხარჯი უმცირდებათ რეალურად, მაგრამ ეს კარგად არის დასათვლელი, რადგან არის ნოზოლოგიები და კოდები, სადაც პირიქით ხდება – პაციენტს გადასახდელი ეზრდება. შესაბამისად, ეს საკითხი აუცილებლად კარგად არის დასამუშავებელი და ჯობდა, რომ მანამდე დამუშავებულიყო, ვიდრე ამას დანერგავდნენ.

  • კლინიკებში მომსახურების ხარისხის დაკლების რისკი არსებობს?

რა თქმა უნდა, თუ დაბალი, არარეალისტური ფასი/ფასები იქნა განსაზღვრული, ეს აისახება ან ძალიან გაზრდილ ხარჯებზე, ან ხარისხზე. ამის შემადგენელი ნაწილი, ექიმის პროფესიული ცოდნის გარდა, არის ინფრასტრუქტურა, მედიკამენტები, სახარჯი მასალა, კვლევები – ეს ფული ღირს. თუ ეს თანხა არ იქნება ადეკვატური, შესაბამისი მხარდაჭერა და სერვისიც არ იქნება. არასამართლიან ფასში იგულისხმება არა მხოლოდ [განსაზღვრული] დაბალი ფასი, არამედ რიგ შემთხვევებში მაღალიც, რაც პრობლემას შექმნის.

  • ითქვა, რომ ეს მედპერსონალის ანაზღაურებაზე ნეგატიურად აისახება, თუმცა მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ DRG-ი სვამს ერთ ანაზღაურებას და ის, თუ როგორ გადაანაწილებს თანხას კლინიკა შიგნით, უკვე შიდა მენეჯმენტის საკითხია. თუ ექიმი მეტად მაღალკვალიფიციურია, მას თავისუფლად შეიძლება ჰქონდეს უფრო მაღალი ანაზღაურება. მედპერსონალის ანაზღაურებაზე როგორ აისახება DRG-ი?

DRG-მა უნდა გააჩინოს სწორი სტიმულები, დაბალანსების საშუალებას უნდა იძლეოდეს ეს პროგრამა, თუ, ვთქვათ, ყველა კოდი წამგებიანია, ყველა ნოზოლოგია, ეს პრობლემაა… რა თქმა უნდა, შანსი უნდა იყოს იმისა, რომ პატარა, შედარებით ნაკლებხარჯიანმა ოპერაციებმა დააბალანსოს დიდი ჩარევები, რომლებიც მსოფლიოში არსად რენტაბელური არ არის. მედიცინაც ხომ ის არის, რომ ფინანსურად არ იღებ მარტო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამის მინიმუმ ტექნიკური საშუალება უნდა გქონდეს.

აქ მთავარი საკითხია ტექნიკური პირობა – სახარჯი მასალა, მედიკამენტები და კვლევები ჰქონდეთ ჰოსპიტლებს შეუზღუდავი. სამედიცინო და ტექნიკური პერსონალის ხელფასი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ამის (მე მესმის, ჯანდაცვის სამინისტრო აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ექიმები არიან ფულის მოყვარული, საშინელი ხალხი). მთელი არსი ზუსტად ისაა, რომ ხელფასი მცირე ნაწილია იმ ხარჯების, რაც ჩვენ გვინდა, რომ ადეკვატური გვქონდეს. მთავარია მედიკამენტები, სახარჯი მასალა, კვლევები, ამის საშუალება უნდა ჰქონდეს ჰოსპიტალს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის გარანტიებიც შეიქმნას DRG სისტემის ამოქმედებასთან ერთად. პირველი, რაც უკვე ხორციელდება, ეს არის დაკვირვება და მეთვალყურეობა ყველაზე ბაზისურ ინდიკატორებზე. რა არის ეს ინდიკატორები – დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა როგორ შეიცვალა DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ინტერესი, რომ პაციენტი კლინიკაში დაყოვნდეს  სანამ მას სჭირდება და არა ნაკლები დროის განმავლობაში. ასევე გამოსავალი, მაგალითად, რეჰოსპიტალიზაცია – თუ კლინიკა პაციენტს ძალიან ადრე გამოწერს, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ის უკან დაბრუნდება, ან იმავე, ან სხვა კლინიკაში. ეს არ არის მისაღები პრაქტიკა და ამდენად, ეს არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში – თამარ გაბუნია.

ერდოღანი ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ქალაქ ხერსონიდან, „პოზიტიურ და მნიშვნელოვან ნაბიჯად“ აფასებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

სააგენტო Anadoly-ს ცნობით, ერდოღანმა უზბეკეთში გაფრენამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვა საკითხებთან ერთად ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და „მარცვლეულის დერეფანზეც“ ისაუბრა.

ერდოღანის თქმით, ანკარა არ წყვეტს თავის ძალისხმევას „კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად“.

„ზუსტი თარიღის თქმა, როდის დასრულდება კონფლიქტი, ცხადია, შეუძლებელია. თუმცა რუსეთის ბოლო გადაწყვეტილება ხერსონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პოზიტიური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რამდენად ეფექტიანად მუშაობს „მარცვლეულის დერეფანი“, ერდოღანმა უპასუხა, რომ ეს საკითხი მან პრეზიდენტ პუტინთან ბოლო სატელეფონოს საუბრისას განიხილა.

„ჩვენ ახლა ვაკვირდებით ამ პროცესს, თუმცა რომ არ გვქონოდა ურთიერთნდობა და პატივისცემა, ცხადია, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოხერხდებოდა. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო პოზიტიურ შედეგებს, მათ შორის ამ (მარცვლეულის) საკითხში,“ – თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ თუ პუტინი G20-ის სამიტს დაესწრება, მასთან პირადად შეხვედრისა და საუბრის საშუალება მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები დიალოგს ტელეფონით განაგრძობენ.

თურქეთის პრეზიდენტმა არაერთხელ შესთავაზა მხარეებს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში შუამავალი გამხდარიყო.

ცნობილია, რომ ერდოღანი მუდმივად ინარჩუნებს კავშირს როგორც პუტინთან, ისე უკრაინის ხელისუფლებასთან.

„მარცვლეულის შეთანხმების“ გარდა ერდოღანი ჩართული იყო უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლის პროცესში.

„რუსები ნაღმავენ ყველაფერს: ბინებს, კანალიზაციას“ – პოდოლიაკი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

„რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსული არმია ქალაქ ხერსონს დატოვებამდე ნაღმავს.

„რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რის დანაღმვაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები“, დატოვა ნანგრევები და წავიდა“ , – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მონაცემებში, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიის ხერსონის დასავლეთ ნაწილში დარჩენა რუსეთის ლოგისტიკურ კვანძებზე უკრაინელთა თავდასხმებმა გახადა შეუძლებელი.

„გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, უკრაინაში რუსეთის ძალების მთავარსარდალმა, დაადასტურა, რომ არმია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვით პოზიციებზე გადავა და გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად მომარაგების პრობლემები დაასახელა,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

უწყების ცნობით, გასვლისას რუსეთის ძალებმა რამდენიმე ხიდი დააზიანეს და, სავარაუდოდ, ტერიტორიაც დანაღმეს.

შოიგუს ბრძანებიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა და სხვა თანამდებობის პირებმა რუსეთის გადაწყვეტილების მიზნებში ეჭვები გამოთქვეს და უკრაინის საზოგადოებას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია შეიარაღებული ძალების მოქმედებებთან დაკავშირებით.

ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანებას 9 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებულები, რადგან რუსეთი უკრაინას საჩუქრებს არ ჩუქნის.

როგორ ამართლებენ ხერსონის „ჩაბარებას“ რუსი პროპაგანდისტები – დაუმარცხებელი გასვლა

„დაუმარცხებლად გასვლა“ – ასეთი სინონიმი მოუძებნეს ხერსონის დატოვებას რუსმა პროპაგანდისტებმა, რომლებიც უკვე მეორე დღეა გულმოდგინედ ცდილობენ, რუსეთის სარდლობის გადაწყვეტილება გაამართლონ.

მას შემდეგ, რაც სერგეი შოუგუმ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის ჯარების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის ბრძანება გასცა, რუსეთის საინფორმაციო სივრცე ორად გაიყო – რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მარცხად მოიხსენიებდა, ომის მომხრე საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი კი, მათ შორის პრიგოჟინი და კადიროვი, სუროვიკინის „მანევრს“ იწონებდნენ და მას რთულ, მაგრამ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ ნაბიჯს უწოდებდნენ.

„სრულად ვეთანხმები ბატონი პრიგოჟინის აზრს სუროვიკინის გადაწყვეტილებზე. ევგენი ვიქტორევიჩმა ძალიან ზუსტად შენიშნა, რომ სუროვიკინმა, ფაქტობრივად, ალყაში მყოფი ათასობით ჯარისკაცი გადაარჩინა. აწონ-დაწონა ყველაფერი და რთული, მაგრამ სწორი არჩევანი გააკეთა ხმამაღალი განცხადებებისთვის გაღებულ უაზრო მსხვერპლსა და ჯარისკაცების ფასდაუდებელ სიცოცხლეს შორის,“ – დაწერა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რომელიც მანამდე გამუდმებით აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო სარდლობას სუსტი მოქმედებების გამო და „სატანისტებზე“ დაუნდობელ შეტევას მოითხოვდა.

კადიროვის, ისევე როგორც სხვების, ერთ-ერთ აქცენტად გამოიკვეთა ისიც, რომ თითქოს ხერსონთან დაკავშირებით შეცდომები რუსეთის სარდლობამ ჯერ კიდევ სუროვიკინამდე დაუშვა, გენერალს კი „სამწუხაროდ, ასეთი რთული მემკვიდრეობა დახვდა.“

სუროვიკინის მხარდამჭერები მის მიერ დასახელებულ მიზეზს იმეორებენ – ხერსონი რთული მონაკვეთია, რომელსაც არ ჰქონდა ძლიერი ზურგი და რომელშიც შეუძლებელი იყო სტაბილური მომარაგება.

„ასე რომ, არაა საჭირო ლაპარაკი ხერსონის „ჩაბარებაზე“. როგორც წესი, „აბარებენ“ მებრძოლებიანად, სუროვიკინი კი სამხედროებზეც ზრუნავს და ამავე დროს, სტრატეგიულად უფრო მომგებიან პოზიციებსაც იკავებს – მომგებიანს და უსაფრთხოს,“ – დასძენს კადიროვი და ტელეგრამზე გამოქვეყნებულ თავის „სიტყვას“ მადლობით ამთავრებს. – „გმადლობთ, სერგეი ვლადიმიროვიჩ, რომ ბიჭებს უფრთხილდებით!“

ზოგიერთი რუსი მიმომხილველი ცდილობს, ხერსონიდან რუსეთის არმიის გასვლა უკრაინის მარცხადაც კი წარმოაჩინოს.

„მათ ხერსონის აღება ვერ შეძლეს. ეს ნათელია. არანაირი ბრძოლა არ ყოფილა ხერსონისთვის. როგორც გენერალმა თქვა, ერთი სამხედროც კი არ დაღუპულა ხერსონისთვის ბრძოლაში,“ – ეს ვლადისლავ შურიგინის ფრაზაა, სამხედრო მიმომხილველის, რომელმაც ხერსონიდან გასვლის გადაწყვეტილება Соловьёв Live-ის ეთერში შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ის ვერ განსჯის სამხედროებს, რადგან მათაც და გენერალ სუროვიკინსაც მოქალაქეებზე მეტი ინფორმაცია აქვთ და მათი საქციელი სწორედ ამ ინფორმაციითაა განპირობებული.

თუმცა შურიგინი ვერც იმას უარყოფს, რომ დასავლეთ ხერსონში დარჩენის შემთხვევაში, რუსეთის არმიას სრული განადგურება ელოდა.

„იმის ლოდინი, როდის დაიწყებდნენ მთელი ძალით შეტევას და ომს ძალის გამოცლამდე, რომლის დროსაც ჩვენ უბრალოდ ამოგვეწურებოდა საბრძოლო მასალები და მათ შევსებასაც ვეღარ შევძლებდით – ეს ყველაზე უარესი ვარიანტია. ეს აღარ იქნებოდა ის, რომ უკრაინელები ხერსონს აიღებდნენ, არამედ უამრავი ტყვე და მიტოვებული ტექნიკა,“ – ამბობს შურიგინი.

თავად გადაცემის წამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი კი სუროვიკინის გადაწყვეტილების ასახსნელად ისტორიას მიმართავს:

„ისტორიული ანალოგი უნდა მოვიყვანოთ. 1942 წელს ხარკოვიდან დავიხიეთ უკან და შემდეგ იყო სტალინგრადის ბრძოლა. და იქიდან წავედით შეტევაზე. გავათავისუფლეთ ყველა დარჩენილი ტერიტორია. არაა მარტივი, მაგრამ გენერალმა სუროვიკინმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, შეენარჩუნებინა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების სიცოცხლე.“

„დანამდვილებით ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება არავისთვის მარტივი არ ყოფილა. არც მათთვის, ვინც ის მიიღო და არც მათთვის, ვისაც ესმოდა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც ლოცულობდა, ასე არ მომხდარიყო. ალტერნატივა ერთი იყო – შიშველ სტეპებში ჩაგვეწვინა სამხედროები, მობილიზებულთა ცხედრებით მოგვეფინა იქაურობა და გაგვეხსნა გზა ყირიმისკენ. ნუთუ ასე უკეთესი იქნებოდა?“ – წერს კიდევ ერთი რუსი სატელევიზიო სახე მარგარიტა სიმონიანი.

პროპაგანდისტთა კიდევ ერთი აქცენტი სწორედ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრებაა, რაც, მათი მტკიცებით, ბევრად სტრატეგიული იქნება, ვიდრე ქალაქ ხერსონის შენარჩუნება, მით უმეტეს მაშინ, თუ რუსეთის არმია დნეპრზე არსებულ და დარჩენილ ყველა გადასასვლელს ააფეთქებს.

„შემდეგი ნაბიჯი მასირებული დარტყმა უნდა იყოს დნეპრის გადასასვლელებზე. 25-ზე მეტი ხიდია. მდინარის სიგანე – 800 მეტრია. ამის შემდეგ უკრაინის ძალები მოწყვეტილები აღმოჩნდებიან“, – ამბობს ანდრეი ლუგავოი, რუსეთის დუმის დეპუტატი. – „როგორც ადრეც ვამბობდი, ასევე აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ დარტყმები უკრაინის, კიევის ენერგოინფრასტრუქტურაზე, დავთესოთ ქაოსი და პანიკა მოწინააღმდეგის ზურგში. ზამთრის პერიოდში ჩვენ ძალას გამოვაცლით ზელენსკის დანაშაულებრივ რეჟიმს და იმ არმიასაც, რომელსაც ის დნეპრის სანაპიროზე მიატოვებს. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ბოლომდე გავანადგურებთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა აღარავის ჰქონდეს შანსი იფიქროს, რომ ზამთარში კომფორტულად იქნება. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, ვისთან არიან.“

რუს პროპაგანდისტთა მორიგი გამოკვეთილი მიმართულება ხერსონიდან გასვლის ჰუმანურ ჟესტად წარმოჩენაა – ამ საუბრისას ნაკლებია აქცენტი ალყაში მოქცეულ არმიაზე, ლოგისტიკურ პრობლემებზე, მარცხენა სანაპიროს სტრატეგიულობაზე, სამაგიეროდ, წინ მოდის ზრუნვა მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედროებზე. რუსი სენატორის, ანდრეი ტურჩაკის მტკიცებით, რუსეთს განა ბრძოლისუნარიანობა ან ნება არ ეყო, არამედ უბრალოდ ხერსონში მარიუპოლის გამეორება არ სურდა.

„დღევანდელი მანევრის მთავარი მიზანი მოსახლეობისა და პირადი შემადგენლობის დაცვაა. ყველას გვახსოვს მარიუპოლი და არამხოლოდ. ამის გამეორება დაუშვებელია. ჩვენ გვჭირდება დრო და მოთმინება – რაც ყოველთვის გვეხმარება გამარჯვებაში. ძალა, ნებისყოფა და საბრძოლო განწყობა – საკმარისზე მეტი გვაქვს.“

როგორი ძალა, ნებისყოფა და საბრძოლო განწყობა აქვთ თავად ხერსონიდან მიმავალ რუს სამხედროებს, ამის საჩვენებლად და საზოგადოების განწყობის ასამაღლებლად რუსული ტელეგრამარხები ორი ჯარისკაცის ვიდეოს ავრცელებენ. სამხედროები, სავარაუდოდ, ბორანზე დგანან და დნეპრზე გადადიან.

„ძალიან რთულია, ძალიან მწარეა, მაგრამ იმედი გვაქვს, დავბრუნდებით. ახლა გვესმის, რატომ ხდება ის, რაც ხდება. ქალაქის დაცვა ასეთი მომარაგების პირობებში უბრალოდ სიგიჟე იქნებოდა,“ – ამბობენ სამხედროები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

ხერსონი, უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, ისევე როგორც მთლიანად ოლქი, რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში დაიკავეს. აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში კი, უკრაინის არმიამ ხერსონის გასათავისუფლებლად კონტრშეტევა დაიწყო.

როგორც სამხედრო ექსპერტები, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რუსეთის არმიის ხერსონიდან გასვლა უკრაინის არმიის კარგად დაგეგმილმა სამხედრო კამპანიამ განაპირობა.

ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ ბოლო თვეებში უკრაინის ჯარები თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ ოპერაციას აწარმოებდნენ – მთელი ოლქის მასშტაბით ურტყამდნენ რუსეთის ძალების თავშეყრის ადგილებს, სამხედრო ობიექტებსა და ლოგისტიკურ კვანძებს, რათა დასავლეთ სანაპიროზე რუსული პოზიციების შენარჩუნება შეუძლებელი გაეხადათ.

Exit mobile version