მთავარი,სიახლეები

უკრაინა ხერსონში დიდ გამარჯვებას უახლოვდება – ISW

11.11.2022
უკრაინა ხერსონში დიდ გამარჯვებას უახლოვდება – ISW

ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია და ახლა ხერსონში უკრაინა უახლოვდება უდიდეს გამარჯვებას, რომელიც უკანასკნელი არ იქნება – ასე აფასებს ბოლო 24 საათში ოლქში შექმნილ ვითარებას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

როგორც დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, უკრაინელი სამხედრო პირები და სატელიტური კადრები სოციალური მედიიდან ადასტურებენ, რომ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ჯარებმა ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმატებას მიაღწიეს და ზოგიერთ რაიონში 7 კილომეტრით წაიწიეს წინ.

„რუსები ჯერჯერობით შედარებით ორგანიზებულად გადიან, უკრაინის ჯარები კი მოსალოდნელ წარმატებას აღწევენ რუსეთის არმიასთან ხარკოვის მსგავსი შეტაკების გარეშე“, – აღნიშნავს ISW.

ექსპერტები კიდევ ერთხელ მიუთითებენ, რომ უკრაინელების მიერ აგვისტოს ბოლოდან დაწყებულმა დარტყმებმა ეფექტიანად გაანადგურა რუსეთის მომარაგების ქსელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, რამაც აიძულა რუსეთის არმია, უკან დაეხია და შესაძლებელი გამხდარიყო ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლება.

„რუსეთის ძალების გაყვანა გარკვეულ დროს მოითხოვს, ბრძოლები სავარაუდოდ მთელ ხერსონის ოლქში გაგრძელდება, რადგან უკრაინის არმია მიიწევს წინ და გზადაგზა ხვდება წინასწარ მომზადებულ რუსულ თავდაცვით პოზიციებს, განსაკუთრებით ქალაქ ხერსონის გარშემო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ISW -ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • ISW-ის შეფასებით, ზოგიერთი პროგნოზის მიუხედავად, უკრაინაში ბრძოლები ზამთრის გამო არ შეჩერდება;
  • უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ შეანელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას;
  • უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე;
  • რუსეთის ძალებმა შეტევები განახორციელეს ბახმუტთან, ავდეევკასთან და დასავლეთ დონეცკის მიდამოებში;
  • რუსეთის ძალებმა დაიწყეს თავდაცვითი ფორტიფიკაციის მეორე ხაზის მშენებლობა უკრაინის სამხრეთსა და ყირიმში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: