მთავარი,სიახლეები

ბახმუტთან რუსეთის შეტევას წარმატება ვერ ექნება – ინტერვიუ გენერალთან

11.11.2022 • 1240
ბახმუტთან რუსეთის შეტევას წარმატება ვერ ექნება – ინტერვიუ გენერალთან

„გააჩნია, ვინ როგორ უპოვის მოწინააღმდეგეს სუსტ მხარეს,“ – მიიჩნევს გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც ომს აქტიურად აკვირდება. მას ვკითხეთ, რა შესაძლებლობა გააჩინა ხერსონში რუსების უკან დახევამ უკრაინელებისთვის?

„არა მგონია, რომ ერთიანი ნახტომით რაღაც დიდი ოპერაცია დაიწყოს უკრაინელების მხრიდან, რადგან ზამთარი ყოველთვის ართულებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას…“ – გვითხრა გენერალმა და განმარტა, რატომ აწყობთ ახლა უკრაინელებს „ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატება“. მისი დაკვირვებით, ამ ეტაპზე უკრაინელებმა სწორად უნდა განსაზღვრონ, რა არის რუსების „სუსტი წერტილი“ და ისე დაგეგმონ მორიგი სვლა.

„ბათუმელებმა“თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის ყოფილ მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვლადიმერ, ხერსონში რუსების უკანდახევის შემდეგ, რამდენად გაჩნდა შესაძლებლობა, უკრაინელებმა ამ ზამთარშივე შეცვალონ ომის სურათი?

რთული სათქმელია. ზოგადად, ანალიზს ჩვენ ღია წყაროებზე დაყრდნობით ვაკეთებთ, რასაც მოვიძიებთ, თუმცა შიგნით როგორია ოპერაციული დინამიკა, ამის განსაზღვრა რთულია, როცა არ ხარ მონაწილე. ერთი შეხედვით, რასაც ვუყურებ, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, არის ის, რომ ინიციატივა არის უკრაინის მხარეს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, თუმცა მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რუსების ეს უკანდახევა არის ოპერატიულ-ტაქტიკური გადაჯგუფების პროცესი.

ამ ტერიტორიის დაცვა რუსებისთვის ბევრ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით ასევე რთულდებოდა ფრონტის ხაზზე მყოფი ქვედანაყოფების უწყვეტი მომარაგება. ამით ისარგებლეს, რა თქმა უნდა, უკრაინელებმა და პირობები შექმნეს მაქსიმალურად იმისთვის, რომ რუსები გასულიყვნენ, მათ უკვე მდინარს გასწვრივ მოაწყვეს პოზიციები. რუკას რამდენადაც ვუყურებ, ეს ტერიტორიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ძალების ეკონომია გაკეთდეს.

ამჯერად უკრაინამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს ალბათ ფრონტის სხვა მიმართულებებზე, სადაც არის რუსების აქტივობა, მაგალითად, ხარკოვის, ან ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, რომ გამოთავისუფლებული ძალები არ მიმართოს მისთვის მისაღებ მიმართულებაზე უკვე ამ ახალ რეალობაში. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ დავაკვირდებით, რუსების აქტივობა ძირითადად უფრო შეიმჩნევა ოპერაციის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზე, ამიტომაც, სადაც აქვთ მათ ძირითადი ძალისხმევა, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ამ მიმართულებებს სარეზერვო კომპონენტებით გააძლიერებენ.

  • მაგალითად, იგივე ბახმუტის მიმართულება, რომლის აღებას რუსები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ? 

დიახ, შესაძლოა, ეს იყოს ბახმუტიც. შესაძლებელია, რომ რუსებმა გამოთავისუფლებული ძალები მიმართონ ამ მიმართულებით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატება ჰქონდეთ, რადგან ის საარტილერიო შესაძლებლობები, საჰაერო თავდასხმის შესაძლებლობები, რომელიც უკრაინელების ხელშია, მორალურ-ფსიქოლოგიურ უპირატესობასთან ერთად, ეს მაძლევს წინაპირობას ვივარაუდო, რომ რუსეთის შეტევას წარმატება ვერ ექნება.

ზამთრის პირობებში, როდესაც ძალიან ღარიბად არის აღჭურვილი თბილი შესაძლებლობებით რუსეთის არმია, ზამთარი დადებითად ვერ იმოქმედებს, როგორც რუსების ოპერატიულ შესაძლებლობაზე, ასევე მათ მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

არა მგონია, რომ ერთიანი ნახტომით რაღაც დიდი ოპერაცია დაიწყოს უკრაინელების მხრიდან იმიტომ, რომ ზამთარი ყოველთვის ართულებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მაგრამ ვნახოთ, რთულია პროგნოზის გაკეთება.

  • თქვენ  ნაკლებად ელით რუსების წარმატებას შეტევის კუთხით. რა ძალა რჩება ამ მოცემულობაში რუსეთს თავდაცვისთვის, იგივე მდინარის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ახლა ისინი გამყარდნენ?  

თავდაცვას ისინი უფრო იოლად შეძლებენ, რადგან მდინარე იძლევა ამის შესაძლებლობას, როგორც ბუნებრივი ბარიერი.

მეორეა ის, რომ მდინარის ფორსირება ასე ადვილად ვერ მოხდება, საინჟინრო მოწყობილობაა საჭირო, თუ კალაპოტის ფონი არ არის ძალიან მაღალი, შესაძლებელია გადასასვლელების მოძებნა, თუმცა იმ ადგილებში, სადაც ახლა გამაგრდნენ, მდინარის ძალიან ფართო ყელებია და ნაკლებად სავარაუდოა, იქ მექანიზებული, ან მოტორიზებული ქვედანაყოფების გადასროლა.

  • თუმცა უკრაინელებს აქვთ IRIS T, რასაც შეუძლია რუსეთია ავიაციისგან უკრაინის ტერიტორიის საიმედო დაცვა, ასევე უკრაინას მიაწოდეს ხიდის გამდები Biber-ის ტიპის 16 ტანკი და პონტონური ხიდის მოსაწყობი 10 მანქანა. 

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსების არსენალში არის ის ირანული უპილოტო საშუალებები. იცით როგორ არის: საინჟინრო ოპერაციის ჩატარებას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ამ შემთხვევაში კი, ეს ცოტა რთული იქნება იმიტომ, რომ მალულად ამის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია.

IRIS T – ებით ვერ დაიცავს თავს ამ დროს უკრაინა საცეცხლე ზემოქმედებისგან? 

რეაქტიული არტილერიითაც შესაძლებელია ზემოქმედება, მხოლოდ უპილოტო და საავიაციო შესაძლებლობა არ არის საკმარისი. შესაძლებელია, ჭურვებით მოხდეს გადებული ხიდების განადგურება… გამოიყენება ზოგადად ოპერატიული მოულოდნელობის ეფექტი, თუმცა დღეს ეს გამორიცხულია, როცა მაქსიმალური ყურადღებაა ამ კონკრეტულ მიმართულებაზე.

თანაც ერთი კი არა, მრავალი გადასასვლელი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამანევრო ქვედანაყოფები გადაიყვანო ისეთი რაოდენობით, რომ მერე თავად ალყაში არ მოხვდე.

ჩემი აზრით, თუ რაღაც ოპერაციას ჩაატარებენ უკრაინელები, ეს უნდა იყოს სინქრონში დიდ საერთო ოპერაციასთან, მხოლოდ ერთი მიმართულებაზე ნაკლებად წარმომიდგენია მე.

  • „უკრაინელები, რომლებიც ირიბ შეტევას, ლოჯისტიკის დასუსტებას და რუსებისთვის შიგნიდან ძირის გამოთხრის ტაქტიკას ამჯობინებენ, შეეცდებიან სხვა რაიონებში ეძებონ შესაძლებლობები სამხრეთიდან რუსების გასადევნად,“ – მიიჩნევს ავსტრალიელი გადამდგარი გენერალი, მიკ რაიანი. უშვებთ ასეთი სტრატეგიით მოვლენების განვითარებას?

მეც ამას ვგულისხმობდი დაახლოებით, როცა სინქრონზე ვსაუბრობდი. უკრაინელებმა სუსტი წერტილები უნდა მოუნახონ რუსებს, მდინარეზე გადასვლა კი, რაც თქვენ ახსენეთ, სუსტი წერტილი ვერ იქნება ამ ეტაპზე, ან შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაც კომპლექსური ოპერაცია უნდა იყოს. მხოლოდ ერთ მიმართულებაზე რომ განხორციელდეს შეტევა, ეს არ იქნება მომგებიანი. ეს სერიოზულ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული. ეს უნდა იყოს სხვა გეოგრაფიულ მდებარეობასთან  სინქრონიზაციაში.

ახლა იმიტომ დაიხიეს რუსებმა უკან, რომ ლოჯისტიკური ხაზები იყო ფაქტობრივად მოშლილი, ყველა გადმოსასვლელი უკვე ცეცხლის ქვეშ იყო, ფიზიკურად ვეღარ ახერხებდნენ საკმარისი რაოდენობის საბრძოლო ტყვია-წამლის და ლოჯისტიკური შესაძლებლობების დროულად მიწოდებას. ყველა გადასასვლელი იბომბებოდა უკრაინელების სამხედრო შენაერთების მიერ. ჩრდილოეთის მიმართულებაზეც რუსებმა ამიტომ დაიხიეს უკან, რომ სატანკო კოლონები გაჩერდა, საწვავი გაუთავდათ, არ ჰქონდათ საკმარისი უზრუნველყოფა.

  • თქვენი დაკვირვებით, არსებობს იმის წინაპირობა, რომ ამჯერადაც ისევ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის პრობლემები შეუქმნან რუსებს, თუ უკანდახევა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული? 

მაინცა და მაინც გაშლილი აღარ არის ფრონტის ხაზი, ისეთი, როგორიც იყო ადრე. რაც უფრო ვიწროვდება ფრონტის ხაზი, ეს უზრუნველყოფის კომპონენტი აღარ არის ისეთი აქტუალური… სიღრმეში კი, დაზვერვის საქმიანობაზეა დამოკიდებული, როგორ მოხდება ამ ლოჯისტიკური ცენტრების იდენტიფიცირება და მისი განადგურება უპილოტო სარაკეტო სისტემით, ან სხვა საშუალებებით.

ზამთარში, ზოგადად, გართულებულია ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, მაგრამ კონტრშეტევითი ოპერაციები დამოკიდებული იქნება სადაზვერვო ინფორმაციაზე – თუ ოპერატიული ინფორმაცია იძლევა ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას, მას ხელიდან არავინ გაუშვებს. ნებისმიერ საომარი ოპერაციის წარმოებას სჭირდება სწორი სადაზვერვო ინფორმაცია.

ზამთარში თოვლია, ჭყაპია, გადაადგილება რთულდება, თუმცა თუ დაზვერვა გვეუბნება, რომ არსებობს რესურსი, ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებენ. ეს დამოკიდებულია ასევე კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე, რელიეფზე, ამინდზე, პირობებზე, რაც დაგეგმარების პროცესში განიხილება.

  • ხერსონში რუსების უკანდახევამ რა სახის სამხედრო უპირატესობა მისცა უკრაინას? 

ამ მოცემულობაში უკრაინელებს შეუძლიათ, ძალები დაზოგონ და დაიცვან  ტერიტორია, რაც დაიკავეს, ასევე გამოთავისუფლებული ძალები მიმართონ სხვა მიმართულებაზე, თუნდაც შეტევით პოზიციებზე, ბახმუტი იქნება ეს თუ სხვა მიმართულება, თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად.

ორივე მხარეს ახლა შეუძლია გააძლიეროს თავდაცვა და ორივეს შეუძლია, რომ გააძლიეროს შეტევაც. გააჩნია, ვინ როგორ უპოვის მოწინააღმდეგეს ძლიერ და სუსტ მხარეს. დაგეგმარების დროს ყოველთვის უნდა სცადო, მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები ამოიცნო, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ამოცნობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ როდესაც საკუთარ სისუსტეებს ვპოულობთ, შემდეგ მის გაძლიერებას ვცდილობთ. ასევე შეიძლება, გააძლიერო ზემოქმედება მოწინააღმდეგის სუსტ მხარეზე.

  • თქვენი დაკირვებით, რა არის რუსეთის ყველაზე სუსტი მხარე ამჯერად? 

ყველაფერი სუსტი აქვთ, რა გითხრათ. რომ ვიმსჯელოთ ომის წარმოებაზე სამ განზომილებაში: ხელოვნება, მეცნიერება, ფილოსოფია, სამივე კომპონენტში პრინციპების იგნორირებით ხდება მათი მხრიდან სამხედრო ოპერაციების წარმოება, რაღაც გამოასწორეს კიდეც, მაგალითად, ცეცხლის მართვის პროცესი, მაგრამ მთლიანობაში არა.

  • მაშინ რის იმედი აქვს პუტინს? „დაუმარცხებლად გასვლა“ – ასეთი სინონიმი მოუძებნეს ხერსონის დატოვებას რუსმა პროპაგანდისტებმა, რომლებიც ცდილობენ, რუსეთის სარდლობის გადაწყვეტილება გაამართლონ. 

შედეგი სახეზეა და ახლა რაც სურთ, ის დაარქვან. მე ერთადერთი შიში მაქვს, რომ რუსეთმა მასობრივი დაზიანების შეიარაღება არ გამოიყენოს: ბირთვული, ქიმიური, ან რადიაციული. მე უფრო ეს წუხილი მაქვს….

  • თუმცა რუსეთს უთხრეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება შესაბამისი პასუხი. რა რესურსი დარჩათ რუსებს არსებული ტექნიკით? რუსეთს დიდი დისტანციის შეიარაღების მარაგი ცოტა აქვთ, მაგრამ მეტის მიღება ისევ ირანისგან სურთ.

ისევ სამ განზომილებას რომ დავუბრუნდეთ, მეცნიერების ნაწილია ტექნოლოგიური შესაძლებლობები. არა მხოლოდ ის, თუ რა შეიარაღებით არის, მთავარია, ინსტიტუციურად როგორ ახდენ დაგეგმარებას და აღსრულებას, დაცვა და კონტროლი…

უკრაინელებს აქვთ ქვედანაყოფების მიერ ამოცანის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობა, ვიდრე რუსებს, სადაც ყველაფერი ცენტრალიზებულია. უკრაინაში მეთაურებს აქვთ მეტნაკლები დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

  • ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის მისაწვდომი გახდება ყირიმისკენ მიმავალი „სახმელეთო ხიდის“ სამი საკვანძო გზა, რომლებზეც რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტები გადის – რამდენად იზრდება ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობა?

არა მგონია, რომ ყირიმის დაბრუნება ასე სწრაფად მოხდეს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის იქ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელიც მაინცა და მაინც პროუკრაინული განწყობისა არ არის. არაკონვენციური ომის წარმოების დროს კი, როცა იწყება წინააღმდეგობის მოძრაობა, მეტი ადამიანური რესურსი მიაქვს.

მე ჯერ სხვა ტერიტორიებზე მექნებოდა ფოკუსირება, თუმცა, ცხადია, ეს უკრაინის გენერალიტეტის გადასაწყვეტია.

  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ყირიმის ხიდზე სამუშაოებს განაგრძობს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ხიდის სრულად აღდგენას 2023 წლის სექტემბრამდე მოახერხებს.

არა მგონია ასე იყოს, რადგან სამხედრო ინჟინერიის გამოყენებით შესაძლებელია მისი აღდგენა. ვფიქრობ, ეს ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

  • შშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი, $400-მილიონიანი პაკეტის შესახებ. სამხედრო დახმარება ითვალისწინებს უკრაინისთვის დამატებით Phoenix Ghost-ის 1100 დრონის გადაცემას, ასევე, აშშ დააფინანსებს Hawk-ის ანტისარაკეტო სისტემის შეკეთებას. რამდენად გაიზარდა უკრაინის სამხედრო რესურსი ისე, რომ მან ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა შეძლოს?

რასაც ვუყურებ, აქტიურად შედის უკრაინაში შეიარაღება. სიმართლე გითხრათ, ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა უკრაინის ინტერესი არ არის, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატება უფრო აწყობთ, რადგან სიღრმის შექმნის შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას, როგორც ლოჯისტიკური პრობლემები, ისე ე.წ. ტომრები, რასაც აქტიურად იყენებდნენ ფინეთის ომის დროს – ორივე მიმართულებით ეჭრებოდათ გზა.

უმთავრესი ახლა ისაა, რომ უკრაინელებს აქვთ ფსიქოლოგიური და მორალური უპირატესობა, რასაც ხშირად გადამწყვეტი როლი აქვს ომის წარმოებაში.

თუმცა ოპერატიული პროცესი თავისებურია, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: რა მომენტში ვინ მიიღებს უპირატესობას, კაციშვილმა არ იცის. ამ ეტაპზე უპირატესობა უკრაინელების მხარესაა ოპერატიული დაგეგმარების სისწორის კუთხით და ვნახოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: