მთავარი,სიახლეები

პირველი ადგილი მაგიდის ჩოგბურთში – ქედელი სტუდენტის კიდევ ერთი წარმატება

11.11.2022 • 1551
პირველი ადგილი მაგიდის ჩოგბურთში – ქედელი სტუდენტის კიდევ ერთი წარმატება

ბსუ-ს სტუდენტმა ლინდა ჩიკვაიძემ 7 ნოემბერს I ადგილი მოიპოვა „საქართველოს უნივერდიადა 2022“-ზე, მაგიდის ჩოგბურთის ინდივიდუალურ თამაშში.

„საქართველოს უნივერდიადა 2022“ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრია.

ლინდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მე-3 კურსზე სწავლობს. მან გვითხრა, რომ „საქართველოს უნივერდიადა 2022“-ში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტში შესთავაზეს.

„რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან დიდი ხანია არ მიმიღია ასეთ ტურნირებზე მონაწილეობა. თამაში თბილისში, ვარდების ბაღში ჩატარდა. სულ  4 თამაში მქონდა. ფინალი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქე შემხვდა. რაღაც მოლოდინი მქონდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირველ ადგილს არ ველოდი“.

ლინდა ქედის სოფელ ვაიოდანაა. მაგიდის ჩოგბურთს ბავშვობიდან თამაშობს.

„მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, მეოთხე თუ მეხუთე კლასში. ჩემი ძმები დადიოდნენ მაგიდის ჩოგბურთზე. მეც ძალიან მომინდა  მეთამაშა და მართლაც, ბატონმა იოსებმა, დიდი სიამოვნებით მიმიღო და მავარჯიშებდა,“ – იხსენებს თავის პირველ გაკვეთილებს ლინდა.

იოსებ მახაჭაძე სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი და ქედის სასპორტო სკოლის მწვრთნელია მაგიდის ჩოგბურთში. ლინდას თქმით, მისი დამსახურებაა, რომ სოფელ ვაიოში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას მიუღწევია ამ სპორტში სხვადასხვა დროსა და კატეგორიაში წარმატებისთვის.

შემდეგ ლინდა ბათუმის სპორტის სასახლეშიც ჩამოდიოდა სავარჯიშოდ სხვა ტრენერებთან. 2018-2019 წლებში 2-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ის ვაიოს სოფლის 3 მოსწავლესთან გუნდურად ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატზეც მაგიდის ჩოგბურთში, სადაც 24 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავეს.

ლინდას თქმით, მას შემდეგ, რაც სტუდენტი გახდა, შედარებით ნაკლები დრო რჩება მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ: „როცა თავისუფალი დრო მაქვს, აუცილებლად ვთამაშობ უნივერსიტეტში და ხანდახან ბათუმში სპორტის სასახლეშიც დავდივარ სავარჯიშოდ“.

ახალგაზრდა სპორტსმენის დაკვირვებით, ბსუ-ში ძალიან ბევრ ახალგაზრდას აინტერესებს მაგიდის ჩოგბურთი, რადგან დარბაზი ყოველთვის სავსე ხვდება. მას უნდა, რომ უნივერსიტეტში გაუმჯობესდეს მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო დარბაზის ინფრასტრუქტურა:

„რადგან ახლა ხარისხიანი არ არის და ბავშვები ვერ ახერხებენ თამაშს. მე ჩემი ჩოგანი მაქვს. ჩემი ჩოგნით ვთამაშობ, მაგრამ სხვები ვერ ახერხებენ, რაც ძალიან ცუდია. იქნებ მოხერხდეს ამისთვის თანხის გამოყოფა, რომ გაუმჯობესდეს [მდგომარეობა]. ძალიან კარგი იქნებოდა კიდევ ერთი სათამაშო მაგიდის დამატება. ახლა მხოლოდ ერთი მაგიდა დგას. თამაშის მსურველი სტუდენტები კი ბევრნი ვართ. შესაბამისად, სულ რიგია და ხანდახან სტუდენტები საერთოდ ვერ ახერხებენ თამაშს.

თუ სივრცეს გაზრდიან, მაგიდას, ჩოგნებს დაამატებენ და რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანი ბურთები თუ გვექნება, სტუდენტები ნორმალურად თამაშს შევძლებთ,“ –  გვითხრა ლინდამ.

როგორც ლინდა გვიყვება, მაგიდის ჩოგბურთში ბოლოს მიღწეული წარმატების შემდეგ მაშინვე თავის პირველ მასწავლებელს, იოსებ მახაჭაძეს დაურეკა სოფელში:

„აბა, სხვა რას უნდა მოველოდე ჩემი გოგოსგან“ –  ზუსტად ასე მითხრა. ახლა დაგეგმილი გვაქვს, რომ ვაიოს ახალგაზრდებს შევხვდე და გავუზიარო ჩემი ამბავი, როგორ მოვდივარ 2012 წლიდან დღემდე [მაგიდის ჩოგბურთში]“- ამბობს ლინდა.

ლინდას უნდა, რომ ისევ იაქტიუროს სპორტის ამ სახეობაში და ზაფხულში, სწავლის დასრულების შემდეგ, ბათუმის სპორტის სასახლეში აქტიურ ვარჯიშს გეგმავს.

„ბათუმელები“ სოფელ ვაიოში მაგიდის ჩოგბურთის მწვრთნელს, იოსებ მახაჭაძესაც ესაუბრა. მან გვითხრა, რომ მაგიდის ჩოგბურთში ახლა 14 მოსწავლე ჰყავს სოფელ ვაიოში და ახალი თაობაც ძალიან პერსპექტიულია ამ სპორტში. ვაიოელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს2021-2022 წლებშიც  აჭარის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში და ახლა წყალტუბოს პირველობისთვის ემზადებიან, რომელიც 2-3 დეკემბერს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: