მთავარი,სიახლეები

„უკრაინაში მინდა დაბრუნება, ველოდები ომი დამთავრდეს“ – მე-20 სკოლის მოსწავლე უკრაინიდან

11.11.2022 • 1500
„უკრაინაში მინდა დაბრუნება, ველოდები ომი დამთავრდეს“ – მე-20 სკოლის მოსწავლე უკრაინიდან

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულ სექტორზე, ომის გამო იძულებით გადაადგილებული 900 უკრაინელი ბავშვი სწავლობს. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით 100 უკრაინელი მოსწავლე სკოლამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე, მაისის თვეში მიიღო. ახლა კი უკრაინულ სექტორზე ყველა საფეხურის კლასია გახსნილი პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით.

მე-20 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა დავითაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით ამაღელვებელი ომსგამოქცეულ ბავშვებთან შეხვედრის პირველი დღე იყო.

„ძალიან საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი იყო ბავშვებთან პირველი შეხვედრა. ყველაფერს ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებმა თავი კარგად იგრძნონ ჩვენ სკოლაში. მხარდაჭერაც განათლების სამინისტროსგან დიდია, შედეგად კი უკრაინელი მოსწავლეები ჩვენთან იღებენ ხარისხიან განათლებას მშობლიურ ენაზე – იმ სახელმძღვანელოებით, რითაც უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ.

განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ბუქები გადასცა, რაც მათ ეხმარება უფრო აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში“, – ამბობს თეა დავითაძე.

თეა დავითაძე, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

მისივე თქმით, სკოლამ გამოაცხადა კონკურსი და შეარჩია ისეთი პედაგოგები, ვისაც უკრაინულ სკოლაში მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა.

„ჩვენი მასწავლებლები ახლაც, ჩვენთან მუშობის პარალელურად, ონლაინ ასწავლიან უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ სკოლაში მუშაობა მათთვის არის დამატებითი შემოსავლის წყარო“, – ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ალექსანდრე უკრაინის მოქალაქეა, მისი ქართველი მშობლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. ბიჭი მშობლებმა ხარკოვის ოლქიდან, ველიკი ბურნუკიდან ჩამოიყვანეს.

ალექსანდრე ქართულად კარგად საუბრობს. თავიდან ძალიან გაუჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, თუმცა ახალ სკოლაში, როგორც გვეუბნება, უკვე ბევრი მეგობარი ჰყავს და სირთულეებიც გადალახა.

ბევრი ბავშვი გავიცანი, უკრაინელებიც, ქართველებიც, ბევრს ვსაუბრობთ და ბევრ დროს ვატარებთ ერთად. თავისუფალ დროს ბულვარში ვსეირნობ და ჩემს უკრაინელ მეგობრებს ველაპარაკები ყოველ საღამოს ტელეფონით, ისინი სხვადასხვაგან არიან ახლა წასული. ომის ამბებზე არ ყვებიან, არ სურთ ცუდი ამბების გახსენება, ომის ცუდი ისტორიები აქვთ“, – ამბობს ალექსანდრე, რომელიც მეათე კლასში სწავლობს.

ალექსანდრე – ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლე

გვეუბნება, რომ ქართული ენის გაკვეთილზე თუ ვინმე რამეს ვერ იგებს, ეხმარება: სიტყვების წარმოთქმაში, თარგმნასა და წერა-კითხვაში.

მარიტაც მეოცე სკოლის მოსწავლეა, უკრაინიდან მარტში ჩამოვიდა. დედა უკრაინელი ჰყავს, მამა ქართველი. ქართული მარიტამაც კარგად იცის და გვესაუბრება.

საქართველოში ომამდეც ხშირად ჩამოდიოდა, თითქმის ყოველ ზაფხულს და ასე ისწავლა ენა:

„არ გამჭირვებია ქართულ სკოლაში გადმოსვლა, უკრაინელი მასწავლებლები გვყავს, ძალიან კარგად გვასწავლიან. საქართველოში ადრეც დავრჩენილვარ დიდი ხნით. მთელი ექვსი თვით დავრჩი ერთხელ და წერა-კითხვა ჩემით ვისწავლე.

ოდესიდან ვართ, ოდესას არ ბომბავენ, იქ სიმშვიდეა, მაგრამ მაინც სახიფათოა და წამოვედით. ოდესის სკოლებში ჩემი კლასელები ახლა ონლაინ სწავლობენ, დისტანციურად.

ძალიან მინდა უკრაინაში დაბრუნება. ველოდები დღეს, როცა ომი დამთავრდება“, – ამბობს მარიტა, რომელიც ასევე მეათე კლასელია.

მარიტა – ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლე

ომის გამო იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად სკოლამ დიდი ძალისხმევა გასწია მცირე დროში პროცესის ორგანიზებისთვის. ამ პროცესში საკუთარი რესურსით არასამთავრობო სექტორიც ჩაერთო.

მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision Georgia-მ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი საკანცელარიო ნივთები გადასცა საჩუქრად. World Vision Georgia არტთერაპიის კურსსაც ატარებს და ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევს ლტოლვილებს.

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლეები

მე-20 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გვეუბნება, რომ უკრაინულ სექტორზე არაერთი ბავშვია, ვისაც საცხოვრებლიდან სკოლამდე მოსვლის პრობლემა აქვს. თეა დავითაძის თქმით, სასკოლო ტრანსპორტის აუცილებლობის ინიციატივა მშობლებისგან წამოვიდა. თეა დავითაძემ ამ საჭიროების შესახებ განათლების სამინისტროს აცნობა და, მისი თქმით, ახლა დგინდება ბავშვების მისამართები, სადაც შესაძლოა სასკოლო ტრანსპორტმა იმოძრაოს სამომავლოდ.

„არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც დაინიშნოს ეს ტრანსპორტი. მშობლების ინიციატივა მე სამინისტროს მივაწოდე“, – ამბობს თეა დავითაძე.

მისი თქმით, სკოლაში განსაკუთრებით სახალისო იყო განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი დიდი სპორტული ღონისძიება, რაშიც ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეებმა ერთად მიიღეს მონაწილეობა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს, დამეგობრდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

სამომავლოდ ისევ ვგეგმავთ ერთობლივი სპორტული ღონისძიებების მოწყობას. თუ აქამდე მეოცე სკოლას სკოლებს შორის სპორტულ შეჯიბრებებზე ქართველი ბავშვები წარადგენენ, ახლა უკრაინელი და ქართველი ბავშვები ერთად იასპარეზებენ ჩვენი სახელით.

გარდა იმისა, რომ ხარისხიანი განათლების მიღება უნდა შეძლონ, სკოლის მიზანია, ამ ბავშვებმა მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი ჩვენთან“, – ამბობს თეა დავითაძე.

აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სულ 1200 უკრაინელი ბავშვი სწავლობს კერძო და საჯარო სკოლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: