მთავარი,სიახლეები

ხერსონის დაკარგვა რუსეთისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანია – ბრიტანეთის დაზვერვა

12.11.2022 • 1629
ხერსონის დაკარგვა რუსეთისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანია – ბრიტანეთის დაზვერვა

ხერსონი იყო ერთადერთი რეგიონული დედაქალაქი, რომელიც რუსებმა თებერვლის შემდეგ დაიკავეს, შესაბამისად, იქიდან გასვლა სერიოზული რეპუტაციული ზიანს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ სირთულეების საჯარო აღიარებას, რომლებსაც რუსეთის ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე წააწყდნენ – ასე აფასებს ბრიტანეთის დაზვერვა ხერსონიდან რუსეთის არმიის გასვლას და ოლქის დასავლეთ ნაწილის უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნებას.

უწყება ადასტურებს, რომ უკრაინამ უკვე დაიბრუნა დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დიდი ნაწილი და ქალაქ ხერსონსაც უკრაინის ძალები აკონტროლებენ.

დაზვერვა ეჭვით ხვდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 11 ნოემბრის განცხადებას, რომ რუსეთის ძალების მარცხენა სანაპიროზე გადასვლის პროცესი გამოცხადებიდან ორ დღეში დასრულდა.

„როგორც ჩანს, გაყვანის პროცესი რუსეთმა სინამდვილეში ბევრად ადრე, დაახლოებით 22 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც რუსეთის მიერ დანიშნული საოკუპაციო ხელისუფლება მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდა.

სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავისი არმიის ნაწილი როგორც სამოქალაქო მოსახლეობა ისე გაიყვანა ხერსონიდან,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 12 ნოემბრის რელიზში და დასძენს, რომ ოფიციალური რუსული წყაროების ცნობით, ოლქის დასავლეთ ნაწილი 80 000-მა მოქალაქემ დატოვა.

უწყება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის არმიამ გასვლისას დააზიანა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები, რათა ხელი შეეშალა უკრაინელთა წინსვლისთვის. დაზვერვის ვარაუდით, რუსები კვლავ ცდილობენ მარჯვენა სანაპიროზე დარჩენილი დანაყოფების ევაკუაციას უკეთ გამაგრებულ პოზიციებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაყვანის პროცესი 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 5 საათისთვის დასრულდა, გაიყვანეს 20 000 რუსი სამხედრო და გადაიტანეს 3,500 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ხერსონის დასავლეთ ნაწილს სრულად გათავისუფლებულად მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც (ISW), რომელიც დარწმუნებულია, რომ უკრაინის ძალები მალე გაათავისუფლებენ ყველა იმ რაიონსაც, რომელიც ჯერ კიდევ რჩება რუსების კონტროლქვეშ.

__________________________

მთავარ ფოტოზე: რუკა, რომელზეც ღია ყვითელი ფერით მონიშნულია ახლახან გათავისუფლებული ტერიტორია ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში/War Mapper

გადაბეჭდვის წესი


ასევე: