კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ისტორიული სახლი, რომლის გადასარჩენადაც მერიამ ფული დახარჯა და ახლა ლპება

10.11.2022 •
ისტორიული სახლი, რომლის გადასარჩენადაც მერიამ ფული დახარჯა და ახლა ლპება

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიულ სახლს, რომლის ნაწილიც 9 წლის წინ დაიწვა, ისევ აწვიმს. არა და სახლის ნაწილი მერიამ სწორედ გადარჩენის მიზნით გამოისყიდა კერძო პირებისგან. ბათუმში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც  ისტორიული სახლი თუ ძეგლიც კი, უსახურავობის გამო „გახდა არამდგრადი“ და შემდეგ ის დაანგრიეს. ნანგრევებზე კი მაღლივი კორპუსები ააშენეს.

მშენებელი კომპანიები, რომლებიც მომავალში მშენებლობის მიზნით კვარტალურ გეგმებს ამუშავებენ, შესაბამის კვლევებს უკვეთენ სპეციალისტებს, რომ შემდეგ ის მერიას წარუდგინონ. კვარტალური განაშენიანების გეგმა მოიცავს კვარტლის განაშენიანების საერთო ხედვას, არსებულის ანალიზს და საექსპერტო კვლევას რამდენიმე მიმართულებით.

ასეთ კვლევებში ხშირად ვხდებით სპეციალისტების დასკვნებს კონკრეტულ შენობებთან დაკავშირებით, რამდენად მდგრადია მათი კონსტრუქციული ნაწილი და ექვემდებარება თუ არა აღდგენას. უარყოფითი დასკვნების შემთხვევაში ხშირად გვხვდება ექსპერტების განმარტება, რომ შენობას მოუვლელობა, განსაკუთრებით კი წლების განმავლობაში უსახურავოდ დატოვება აზიანებს. როცა შენობაში წვიმს – ეს მას გადარჩენის შანსს არ უტოვებს.

კანონი ითვალისწინებს მესაკუთრისთვის დაჯარიმებასაც კი, თუ ასეთ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მასზე სათანადო მოპყრობა მესაკუთრეს კანონით ევალება, კონტროლი კი შესაბამისი სახელმწიფო უწყების მოვალეობაა. 

სტატუსის მქონე შენობის გასხვისებისას სახელმწიფო ვალდებულია შემძენს ცალკე გაუფორმოს ხელშეკრულება, სადაც დეტალურად გაიწერება ძეგლის მოვლა-პატრონობის პირობები. თუმცა, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ფორმალურ ხასიათს ატარებს და თავად სახელმწიფო უწყებები ძეგლების დაცვით დიდად არ იწუხებენ თავს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძეგლი კერძო საკუთრებაში არ არის და სწორედ სახელმწიფო უწყების ბალანსზეა. გაცილებით უარესადაა საქმე ისტორიული სახლების შემთხვევაში, როცა მათ მხოლოდ ძეგლის ზონა იცავს და არა სტატუსი.

სწორედ მსგავს შენობებს შორისაა გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი, რომლის მეორე სართულიც ბათუმის მერიამ  გამოისყიდა. ყოფილი მერი ლაშა კომახიძე თავის დროზე აცხადებდა, რომ მერიაში ეს გადაწყვეტილება შენობის გადარჩენის მიზნით მიიღეს.

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიულ სახლში ისევ წვიმს. მერიის დაპირება, რომ ამ სახლს გადაარჩენდა დაპირებად დარჩა. ეს ერთ-ერთია მერიის პროექტებიდან, რომელიც ვერ შესრულდა.

თუმცა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა და შენობის ინტერიერს წვიმა ასველებს, პირველი სართული კი, რომელიც ისევ კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით, შედარებით მოვლილია.

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია, ორსართულიანია – ძველი ბათუმის განაშენიანების ნაწილია. მის ირგვლივ სახლებს შენარჩუნებული აქვთ ძველი სიმაღლეები, ქუჩას კი – ძველი იერ-სახე. ამ სახლს დაახლოებით ცხრა წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და შიდა ნაწილი დაიწვა, რის შემდეგაც მესაკუთრეებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს.

ბათუმის მერია სახლის ცხრავე მესაკუთრეს შეუთანხმდა: ისინი მერიის საბინაო ფონდის ბინებით დააკმაყოფილეს, საკუთარი ფართობების დათმობის სანაცვლოდ.

გამსახურდიას #11

2018 წელს საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერდა, რომ მერია სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებდა, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერ-სახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნებოდა. როგორც ჩანს, მერიამ დაინტერესებული ინვესტორი ვერ იპოვა და მის გადარჩენაზე თავადაც არ იზრუნა.

ასე გამოიყურება გამსახურდიას #11 ახლა

მსგავსი სახლის ფოტო, რომელიც ნიუ ორლეანშია გადაღებული, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ბაჩუკი ჩხეიძემ გამოაქვეყნა წარწერით: „ზუსტად ასეთი შენობა გვაქვს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, რომელიც შეგნებულად ნადგურდება.“

მსგავსი სახლი ნიუ ორლეანში

ბაჩუკი ჩხეიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ძეგლებს იცავს და მთავრობისა და მერიის პოლიტიკას აკრიტიკებს, ის საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობს. მის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერენ, რომ მათთვის სამწუხაროა, რომ ქალაქმა ძველი იერ-სახე და ისტორიული განაშენიანება ვერც ერთ ნაწილში სრულად ვერ შეინარჩუნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: