მთავარი,სიახლეები

მტერი უკრაინას საჩუქრებს არ ჩუქნის – ზელენსკი ხერსონიდან გასვლაზე

10.11.2022 • 1013
მტერი უკრაინას საჩუქრებს არ ჩუქნის – ზელენსკი ხერსონიდან გასვლაზე

ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანებას საღამოს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებულები, რადგან რუსეთი უკრაინას საჩუქრებს არ უკეთებს.

„უნდა გვესმოდეს: არავინ არსაიდან უბრალოდ არ გადის, თუ ძალას არ გრძნობს. მტერი ჩვენ საჩუქრებს არ გვიკეთებს, „კეთილი ნების ჟესტებს“. ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვიბრძვით. და როდესაც იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ თითოეული ნაბიჯი – ეს ყოველთვის არის მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ეს ყოველთვის არის ჩვენი გმირების დაკარგული სიცოცხლე. ამიტომაც ჩვენ წინ მივიწევთ ძალიან ფრთხილად, ყოველგვარი ემოციის, ყოველგვარი ზედმეტი რისკის გარეშე,“ – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი დასძენს, რომ უკრაინა აუცილებლად გაათავისუფლებს ხერსონსაც, კახოვკასაც, დონეცკსაც და სხვა ქალაქებსაც და ეს უკრაინის არმიის ძალისხმევისა და სიმამაცის შედეგი იქნება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

შოიგუს ბრძანებიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა და სხვა თანამდებობის პირებმა რუსეთის გადაწყვეტილების მიზნებზე ეჭვები გამოთქვეს და უკრაინის საზოგადოებას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია შეიარაღებული ძალების მოქმედებებთან დაკავშირებით.

„უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. ქალაქში რჩება რუსული დაჯგუფებების სერიოზული ნაწილი, რეგიონში ექაჩებიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ტერიტორიების გათავისუფლებისას ეყრდნობა დაზვერვის ინფორმაციას და არა დადგმულ სატელევიზიო განცხადებებს,“ – დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: