მთავარი,სიახლეები

„2 ბავშვი მყავს, უკვე გათბობაა საჭირო“ – სოციალურად დაუცველები ბათუმში შეშას ითხოვენ

10.11.2022 • 1466
„2 ბავშვი მყავს, უკვე გათბობაა საჭირო“ – სოციალურად დაუცველები ბათუმში შეშას ითხოვენ

„მერიაში მითხრეს, თუ გვექნება, მოგცემთო. თუ-ზე დაიტოვება შეშის ამბავი?!“ – კითხულობს ბათუმში მცხოვრები თამარ არძენაძე. ის სოციალურად დაუცველია და ბათუმის მერიისგან უფასოდ ერგება შეშა.

„რამდენი ხნის წინ დავწერე განცხადება, მივაკითხე კიდეც და მითხრეს, ამ ეტაპზე არ გვაქვს შეშაო. პატარები მყავს ბავშვები, ორი ბავშვი მყავს, უკვე სიცივეებია და საჭიროა გათბობა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამარ არძენაძემ.

სოციალურად დაუცველი ლელა გოგიტიძის თქმით კი, ბათუმის მერიას შეშით მომარაგებაზე წერილობით 18 ოქტომბერს მიმართა.

„შარშან, მაგალითად, არ მოგვცეს საერთოდ, უშეშოდ დავრჩით.

ერთი მანქანა შეშა 600 – 700 ლარი ღირს. გასულ წელს ჩემით ვიშრომე და ისე მოვიტანე. წელს ისევ ვერ გვეუბნებიან პასუხს,“ – ამბობს ზაზა კიკნაძე, ლელა გოგიტიძის მეუღლე.

„ზამთრის სეზონის დაწყებამდე თითოეულ ოჯახს ეტაპობრივად გადაეცემა 2 კბმ შეშა,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესცენტრში.

შეშით მომარაგების პრობლემის მიუხედავად, ბათუმის მერიაში არ ადასტურებენ, რომ შეშა არ აქვთ. აქ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ყველაზე დაბალი ქულების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს უკვე მიაწოდეს შეშა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: