მთავარი,სიახლეები

არ იბრძოლოთ, ჩვენ ამას მივიღებთ მეგობრობად – უკრაინის მიმართვა ბელარუს სამხედროებს 

11.11.2022 • 942
არ იბრძოლოთ, ჩვენ ამას მივიღებთ მეგობრობად – უკრაინის მიმართვა ბელარუს სამხედროებს 

უკრაინის გენშტაბი ბელარუსი და რუსი სამხედროებისადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ვიდეო ბელარუსთა მიმართ შეტყობინებით იწყება, რომ მათ, ვისაც იძულებით გაგზავნიან უკრაინაში საომრად და არ შეეძლებათ, ამ ბრძანებას წინააღმდეგობა გაუწიონ,  უკრაინის არმია ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს.

„როგორც კი უკრაინის საზღვარს გადმოკვეთთ, ჩააქრეთ ტექნიკა, გაჩერდით დანაყოფთან ერთად, აწიეთ თეთრი დროშა და დაელოდოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობასთან შეხვედრას. თუ თქვენ უარს იტყვით უკრაინელთა მკვლელობაზე, ჩვენ ამას მივიღებთ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის გამოვლინებად და მადლობელი ვიქნებით ამისთვის,“ – ნათქვამია ვიდეოში.

უკრაინის გენშტაბი გარანტიას აძლევს ბელარუს სამხედროებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ მაშინვე უვნებლად დააბრუნებენ ბელარუსში, ხოლო თუ ბელარუსში დაბრუნებაზე უარს იტყვიან, უზრუნველყოფენ მათ უკრაინაში დარჩენას და სამხედრო დასახლებებში ცხოვრებას.

ამის შემდეგ, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ და სად შეინახება მათი იარაღი და ტექნიკა, როგორ და სად იცხოვრებენ უკრაინაში დარჩენილი ბელარუსი სამხედროები, რომ მათ ექნებათ შესაბამისი კვება, სამედიცინო მომსახურება, ასევე, თავისუფალი წვდომა ტელეფონთან და ინტერნეტთთან ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად.

უკრაინის გენშტაბი ბელარუს სამხედროებს ჰპირდება, რომ ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებს იარაღსაც და ტექნიკასაც და ისე გაამგზავრებს ბელარუსში.

ვიდეოს მეორე ნაწილი უკვე რუს სამხედროებს ეხება. მათ გენშტაბი ახსენებს, რომ მათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის, ორი ვარიანტი აქვთ: ტყვედ ჩაბარება ან სიკვდილი.

ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინა რუს სამხედროებსაც ჰპირდება, რომ შეუნარჩუნებს სიცოცხლეს და დაიცავს ჟენევის კონვენციას, რომლის თანახმადაც ტყვეები მიიღებენ სამართლებრივ და სამედიცინო დახმარებას, ხოლო სამშობლოში დაბრუნება ომის დასრულების შემდეგ ან ტყვეთა გაცვლის გზით შეეძლებათ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საზღვარზე უკრაინა კედელს აშენებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, კირილ ტიმოშენკოს თქმით, თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობა სწორედ ბელარუსიდან მომავალი საფრთხის გამო დაიწყო. მისი ინფორმაციით, სამუშაოები რამდენიმე სასაზღვრო ოლქში მიმდინარეობს და 11 ნოემბრისთვის კედელი უკვე 3 კილომეტრის სიგრძეზეა აშენებული.

„თხრილი, მიწაყრილი და რკინაბეტონის კედელი ეკლიანი მავთულით. სამუშაოები გრძელდება და ეს ყველაფერი არ არის. დეტალებს არ გავახმაურებ. საფორტიფიკაციო ნაგებობები შენდება რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებშიც“, – ამბობს ტიმოშენკო.

რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსის ჩართვის საფრთხეზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები და უწყებები ყოველ ჯერზე ამას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევენ. ომში ბელარუსის არმიის ჩართვის განზრახვა არაერთხელ უარყო თავად ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, თუმცა მან არ უარყო, რომ მისი ქვეყანა ამ ომში მისი პირველი დღეებიდან მონაწილეობს სხვადასხვა ფორმით – სწორედ ბელარუსიდან დაიწყო რუსეთის არმიამ ჩრდილოეთის მხრიდან უკრაინაზე შეტევა და მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიას დღემდე იყენებს უკრაინის დასაბომბად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: