მთავარი,სიახლეები

„რუსები ნაღმავენ ყველაფერს: ბინებს, კანალიზაციას“ – პოდოლიაკი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

10.11.2022
„რუსები ნაღმავენ ყველაფერს: ბინებს, კანალიზაციას“ – პოდოლიაკი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

„რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, რუსული არმია ქალაქ ხერსონს დატოვებამდე ნაღმავს.

„რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რის დანაღმვაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები“, დატოვა ნანგრევები და წავიდა“ , – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მონაცემებში, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიის ხერსონის დასავლეთ ნაწილში დარჩენა რუსეთის ლოგისტიკურ კვანძებზე უკრაინელთა თავდასხმებმა გახადა შეუძლებელი.

„გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, უკრაინაში რუსეთის ძალების მთავარსარდალმა, დაადასტურა, რომ არმია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვით პოზიციებზე გადავა და გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად მომარაგების პრობლემები დაასახელა,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

უწყების ცნობით, გასვლისას რუსეთის ძალებმა რამდენიმე ხიდი დააზიანეს და, სავარაუდოდ, ტერიტორიაც დანაღმეს.

შოიგუს ბრძანებიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა და სხვა თანამდებობის პირებმა რუსეთის გადაწყვეტილების მიზნებში ეჭვები გამოთქვეს და უკრაინის საზოგადოებას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია შეიარაღებული ძალების მოქმედებებთან დაკავშირებით.

ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანებას 9 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებულები, რადგან რუსეთი უკრაინას საჩუქრებს არ ჩუქნის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: